წმიდა იოანე შანხაელი - XX საუკუნის უდიდესი წმინდანი:
ეპისკოპოსი, ასკეტი, მლოცველი, სასწაულმოქმედი, მისიონერი
სიწმიდე ძვირად უჯდება ადამიანს. წმინდანი სრულად უბოძებს საკუთარ თავს ღმერთს: მთელი თავისი აზრებით, გრძნობებით, სურვილებით, ქმედებებით. იგი არაფერს არ იტოვებს საკუთარი თავისათვის, რადგან თავად ნებავს, რომ მხოლოდ ღვთაებრივი გააჩნდეს.
უხერხული წმინდანი
წმიდა იოანე შანხაელი (1896-1966)- ჩვენი თანამედროვე. არანაირი „სტარეცული გაჭაღარავებული დიდებული გარეგნობით“ იგი არ გამოირჩეოდა: დაბალი, შეუხედავი, სასაუბრო დეფექტით, ხშირად ფეხშიშველი. ზოგიერთი მის გარშემო მყოფი ადამიანი თავს უხერხულადაც კი გრძნობდა „ასეთი ეპისკოპოსის გამო“, ეპისკოპოსი ხომ მსხვილ ქალაქებში მსახურობდა: შანხაიში, პარიზში, ბრიუსელში, სან-ფრანცისკოში.
იგი ხშირად ფეხშიშველი დადიოდა და ერთხელაც ზემდგომთაგან ბრძანება მიიღო, რომ ფეხსაცმელი ეტარებინა. ეპისკოპოსი ატარებდა მათ წელს უკან შეკრული თასმებით. მოვიდა ახალი ბრძანება: „ფეხზე ჩაცმის“, ეპისკოპოსი მორჩილი იყო და ჩაიცვა.
წმიდა იოანე 30 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად. მას შემდეგ ლოცვა - ღმერთთან და წმინდანებთან კავშირი - მისთვის უფრო რეალური იყო, ვიდრე დანარჩენი საქმეები, ზრუნვა და განცდები მიწიერი ცხოვრებისა.
წმინდანი ლოცვაში საღვთო ნებისყოფას ეძებდა, რომლითაც ყოველ მის ქმედებას ამოწმებდა. ლოცვა, როგორც ცოცხალი კავშირი ღმერთთან და წმინდანებთან გახლდათ წმიდა იოანეს „სასწაულების“ წყარო: წმინდანი ლოცულობდა - ღმერთი უსმენდა მას.
წმიდა იოანე შანხაელის მოკლე ბიოგრაფია
ლოცვა როგორც სუნთქვა
„ჩვენ ყველა ვდგებით ლოცვაზე, ხოლო მეუფე იოანეს მასზე დადგომა არ სჭირდება: იგი ყოველთვის მასში მყოფობს...“, - ამბობდა წმინდანზე ერთ-ერთი მისი სულიერი შვილი, მღვდელმონოზონი მეთოდე.
ასე რომ ილოცო, მისცე სულს ადგილი - სხეული უნდა მოაუძლურო, ამაშია ნებისმიერი ასკეტიკის აზრი. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდა იოანე არასდროს არ წვებოდა საწოლში, ფეხზე მდგომს ეძინა და მხოლოდ რამოდენიმე საათი. ღამეს იგი ლოცვისათვის იყენებდა. ხშირად ერთმანეთში არეულ საჭმელს ჭამდა: სუპი, გარნირი, კომპოტი - რათა მიწიერი საკვები სასიამოვნოდ არ მოჩვენებოდა.
რა არის სიწმიდე
ეპისკოპოსობასთან ერთად 38 წლის ასაკში (1936 წ.) წმინდანმა არ შეცვალა ასკეტური პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ძალიან შეიცვალა: არანაირი განმარტოება, გვერდით ყოველთვის ადამიანები, მათი თხოვნები, მათი უთანხმოებანი.
ხშირად მონოზვნები, მაგალითად წმ. სერგი რადონეჟელი, რომელსაც სთავაზობდნენ ეპისკოპოსობას, მტკიცე უარს აცხადებდნენ, ეშინოდათ სიამაყის, ეშინოდათ, რომ ეს დაარღვევდა მათ მლოცველობით ცხოვრებას, ხშირად დიდი შრომის ფასად მოპოვებულს. ეპისკოპოსი ხომ იგივეა, როგორც დიდი მეთაური, ადმინისტრატორი, რომელმაც სულ მუდამ უნდა გადაწყვიტოს ადამიანებთან დაკავშირებული საკითხები.
წმ. იოანესაც არ უნდოდა, რომ ეპისკოპოსი ყოფილიყო. როგორც არგუმენტად, მას საკუთარი ენაბრგვილობაც კი მოჰყავდა, ხოლო ეპისკოპოსმა უნდა წარმართოს საუბრები და ქადაგებები. მაგრამ მას უპასუხეს, რომ მოსეც ენაბრგვილი იყო.
წმ. იოანემ ეპისკოპოსობა მიიღო, როგორც საეკლესიო მორჩილება. გარდა ამისა, მას ძალიან სჯეროდა და პატივს მიაგებდა საკუთარ სულიერ წინამძღვარს - მიტროპოლიტ ანტონ ხრაპოვიცს, რომელმაც მისცა ლოცვა - კურთხევა წმ. იოანეს მიეღო ხარისხი. თავად მიტროპოლიტი ანტონი ასე
(წმ. იოანეს საეპისკოპოსო მსახურების პირველი ადგილი იყო ჩინეთი)
ამბობდა საკუთარ მოწაფეზე: „ეს პატარა და სუსტი ადამიანი, გარეგნობით თითქმის ბავშვი, ჩვენს დროში, საერთო სულიერი მოშვებულობის დროს, ასკეტური სიმტკიცის და სიმკაცრის რაღაც სასწაულად ვლინდება....“
როდესაც წმ. იოანე ეპისკოპოსი გახდა, შენიშნეს, რომ იგი ხანდახან თავს ისულელებდა (სალოსობდა): უცნაურად გამოიყურება, „წესების გარეშე“ იქცევა და თავის უცნაურობას ვერაფრით ვერ ხსნის. ზოგიერთებს ეს აღიზიანებდა - ეპისკოპოსებისათვის შეუფერებელია, ის ხომ მეუდაბნოე არ არის, მას ადამიანები უყურებენ!
მაგრამ წმ. იოანესათვის, რომელმაც იცოდა, თუ რა უნდოდა მისგან ღმერთს, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ის, თუ როგორ უყურებდა მას ხალხი. მისი ზოგიერთი ქმედება სისულელე იყო მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს გამო - როდესაც ქრისტეს სიმართლე ყველა ადამიანურ სიმართლეზე, ჩვეულებაზე და გაგებაზე მნიშვნელოვანია.
„წმინდანს ხშირად აკრიტიკებდნენ მიღებული წესრიგის დარღვევის გამო. იგი აგვიანებდა მსახურებაზე (არა პირადი მოტივით, არამედ სნეულებისა და მომაკვდავების გამო) და ნებას არ რთავდა, რომ მის გარეშე დაეწყოთ მსახურება, ხოლო როდესაც მსახურობდა - ღვთისმსახურებები ძალზედ დიდი ხანი გრძელდებოდა. მას ჰქონდა ჩვეულება, გამოჩენილიყო სხვადასხვა ადგილას გაფრთხილების გარეშე და მოულოდნელ დროს; ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს ღამით. დროთა განმავლობაში მისი მსჯელობები ურთიერთსაწინააღმდეგოდ გამოიყურებოდა ჯანსაღი მოაზროვნისათვის, ხოლო ქმედებები - უცნაურად და იგი არ ხსნიდა მათ. - წერდა მის შესახებ სერაფიმე როუზი, რომელიც ბავშვობიდან იცნობდა მას.
- წმინდანი არ იყო უცოდველი, იგი ხანდახან არ იყო მართალი და ყოველგვარი გაჭირვების გარეშე აღიარებდა კიდეც ამას, როდესაც გაიაზრებდა, მაგრამ ჩვეულებრივ იგი მაინც მართალი იყო ხოლმე, ხოლო ზოგიერთი ქმედებების და მსჯელობების უცნაურობას, შედგომში ააშკარავებდა ღრმა სულიერი აზრი. წმ. იოანეს ცხოვრების საფუძველი უპირველესყოვლისა სულიერი იყო და თუკი ეს არღვევდა წესრიგს, მხოლოდ იმისათვის, რათა ეიძულებინა ადამიანები გამოღვიძებულიყვნენ სულიერი ძილისაგან“.
პანაშვიდი ქუჩაში
ერთხელ, როდესაც მეუფე მარსელში იმყოფებოდა, მან გადაწყვიტა აღესრულებინა პანაშვიდის მსახურება სერბი მეფის - ალექსანდრეს მკვლელობის ადგილზე. კლიროსის არც ერთმა წევრმა, ყალბი სირცხვილის გამო, არ მოინდომა მასთან ერთად მსახურება. მეუფე მარტო წავიდა. მარსელის მცხოვრებლები გაოცებულები იყვნენ მღვდელმსახურის გამოჩენით უჩვეულო სამოსით, გრძელი თმებით და ფეხშიშველ მდგომარეობაში, რომელიც ჩემოდნით და ცოცხით დაიარებოდა ქუჩებს შორის.... როდესაც მეუფემ ცოცხით დაგავა ტროტუარის მცირედი ნაწილი, მან ამოიღო ჩემოდნიდან საცეცხლური, გააცხელა იგი და დაიწყო პანაშვიდის მსახურება“, - ასე იხსენებდა წმ. იოანეს მისი ერთ ერთი სულიერი შვილი (ქალბატონი).
„არ შეიძლება იმის თქმა, რომ მეუფე ყველას საქმოსან ადმინისტრატორად დაამახსოვრდა - მოგვითხრობს დეკანოზი პეტრე პერეკრესტოვი, ავტორი წიგნისა „მეუფე იოანე - რუსული საზღვარგარეთის განმანათლებელი“, - მართალია წმ. იოანემ ააშენა რამოდენიმე ტაძარი, გახსნა თავშესაფარი, დაკავებული იყო ახალგაზრდებთან ურთიერთობით და ძალიან ბევრს ეხმარებოდა თავის სამწყსოს მთელს მსოფლიოში, მაგრამ მთავარი, რის გამოც იგი უყვართ და აფასებენ არის ის, რომ იგი იყო ნამდვილი (ჭეშმარიტი) მონოზონი, ღმერთის ერთგული.
იგი გამუდმებით ლოცულობდა, ყოველდღიურად აღასრულებდა საღმრთო ლიტურგიას (ცოტა ვინმე თუ უძლებდა ასეთ რიტმს, ამიტომაც ხშირად მეუფე მარტო მსახურობდა - თავად კითხულობდა და გალობდა მთელი მსახურების მანძილზე), ეზიარებოდა ყოველდღიურად, მკაცრად მარხულობდა - დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა ღამით, ხოლო დიდ (სააღდგომო) და საშობაო მარხვებში მხოლოდ სეფისკვერს იღებდა“.
„იმისათვის, რომ იგი არ შეექოთ, მას არ ეძინა, მსახურობდა ყოველდღიურად, თითქმის წმინდანია, - მეუფე სალოსობდა, - ასე თვლის მამა პეტრე, - იგი ხშირად აგვიანებდა ერთი საათით და უფრო დიდი ხნითაც, დადიოდა ფეხშიშველი და დაჭმუჭნულ სამოსში“.
მაგრამ ყველაფერში, რაც კი ღვთისმსახურებას ეხებოდა, მეუფე ძალზედ მკაცრი იყო საკუთარ თავთან და დანარჩენებთან. იგი არასდროს არ საუბრობდა საკურთხეველში და მსახურების შემდგომ რჩებოდა იქ რამოდენიმე საათით, იგი აღნიშნავდა: „რა რთულია მოსწყდე ლოცვას და გადაერთო მიწიერზე!
წმინდანს უთქმელი სათხოვარიც კი ესმოდა
იხსენებს ქალბატონი ლიუ, წმინდანის ერთ-ერთი სულიერი შვილი: „სან-ფრანცისკოში ჩემი მეუღლე ავტოკატასტროფაში მოხვდა, ამ დროს მეუფეს უკვე ჰქონდა მრავალი უსიამოვნება. ვიცოდი რა მისი ლოცვის ძალა, მე ვიფიქრე: „თუკი მოვიწვევდი მეუფეს, ჩემს მეუღლესთან, იგი გამოკეთდებოდა“, მაგრამ მე მეშინოდა ამის გაკეთება, რადგან მეუფე დაკავებული იყო და უცებ მოხდა ისე, რომ მეუფე თავად მოვიდა ჩვენთან, ერთ თანმხლებ პირთან ერთად, რომელმაც მოიყვანა იგი. იგი მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში იყო ჩვენთან, მაგრამ მე მწამდა, რომ ჩემი მეუღლე უკეთესად იქნებოდა. და მართლაც, მეუფის სტუმრობის შემდეგ ჩემმა მეუღლემ გამოჯანმრთელება დაიწყო.
მოგვიანებით მე შევხვდი იმ ადამიანს, რომელმაც მეუფე ჩვენთან მოიყვანა და იგი მიყვებოდა, რომ მან მეუფე აეროპორტში წაიყვანა და ამ დროს მოულოდნელად მეუფემ უთხრა მას: „ახლავე წავიდეთ ლიუსთან“. ეს ადამიანი შეწუხდა, რადგან ისინი დააგვიანებდნენ რეისზე და რომ მას აღარ შეეძლო დაბრუნება. მაშინ მეუფემ უთხრა: „თქვენ შეგიძლიათ თქვენს თავზე აიღოთ ადამიანის სიცოცხლე?“ სხვა გზა აღარ იყო და მან მოიყვანა მეუფე ჩვენთან. მეუფემ აეროპორტში არ დააგვიანა, რადგან რეისი გადადეს მის გამო“.
იშვიათად გამოჩნდება ხოლმე წმინდანი, რომელიც ერთ სახეში აერთიანებს ასეთ სხვადასხვაგვარ მსახურებებს, როგორებიცაა ეპისკოპოსობა, სალოსობა, სასწაულმოქმედება და უკიდურესი ასკეტიზმი. პავლე მოციქული წერდა სულიწმიდის ნიჭებზე: „ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, სხვას ცოდნის სიტყვა, ზოგს რწმენა, ზოგს განკურნებათა ნიჭი, ზოგს სასწაულმოქმედება, ზოგს წინასწარმეტყველება, ზოგს სულების გარჩევა, ზოგს სხვადასხვა ენები, ხოლო ზოგს ენების განმარტება“.
წმიდა იოანე შანხაელს ყველა ეს ნიჭი გააჩნდა, მათ შორის სხვადასხვა ენების ცოდნის ნიჭი“ (იგი ლიტურგიას აღასრულებდა ბერძნულ, ფრანგულ, ჰოლანდიურ, არაბულ, ჩინურ, ინგლისურ და სლავურ ენებზე). წმინდანი გახლდათ იშვიათი ასკეტი, მოსიყვარულე მწყემსი, ღვთისმეტყველი, მისიონერი, მოციქული, ობოლთა დამცველი და მკურნალი.
ეს ყოველივე ღმერთმა უბოძა წმ. იოანეს, რადგან მან მოიხვეჭა მთავარი ნიჭი- ნიჭი სიყვარულისა, რომლის გარეშეც არანაირი ძალა და ფასი არ გააჩნიათ ადამიანის ყველაზე დიდ უნარებსაც კი.
წმ. ნიკოლოზ (ველირიმოვიჩი), რომელიც წმიდა იოანეს იუგოსლავიაში ყოფნის დროს, გახლდათ მმართველი მღვდელმთავარი ოხრიდის და ჟიჩის ეპარქიის, ამბობდა მის შესახებ: „გინდათ იხილოთ ცოცხალი წმინდანი, წადით ბიტოლაში მამა იოანესთან!“ ხოლო მამა იოანე იმ დროისათვის იყო არაუმეტეს 30 წლისა.
წმინდანი საკუთარ სახლში
იხსენებს წმინდანის სულიერი შვილი (ქალბატონი) ე. ჩერტკოვა: „მე რამდენიმეჯერ ვეწვიე მეუფეს ვიზიტით, როდესაც იგი ცხოვრობდა კადეტთა კორპუსში პარიზთან ახლოს. მას ჰქონდა პატარა კელია ზემო სართულზე. კელიაში იდგა მაგიდა, სავარძელი და რამოდენიმე სკამი, ხოლო კუთხეში - ხატები და ანალოღია წიგნებით. კელიაში საწოლი არ იყო, რადგან მეუფე არ წვებოდა დასაძინებლად, არამედ ლოცულობდა მაღალ ჯოხზე დაყრდნობილი.
(წმ. იოანეს ბლოკნოტი, სადაც იგი წერდა საკუთარ აზრებს და წაკითხული წიგნებიდან მისთვის საყვარელ ციტატებს).
ხანდახან იგი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა; შესაძლებელია, როდესაც მუხლს იდრეკდა, ცოტას იძინებდა ასეთ მდგომარეობაში, იატაკზე. ხანდახან ჩვენი საუბრის დროს, მე მეჩვენებოდა, რომ იგი თვლემდა, მაგრამ როდესაც მე ვჩერდებოდი, იგი მაშინვე მეუბნებოდა: „განაგრძეთ, მე გისმენთ“.
როდესაც იგი არ მსახურობდა და სახლში იმყოფებოდა, ჩვეულებისამებრ ფეხშიშველი დადიოდა (სხეულის მოუძლურებისათვის) - ყველაზე ძლიერი თოვლის დროსაც კი. ისეც ხდებოდა, მოდიოდა ფეხშიშველი ქვიან გზაზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსიდან ტაძრამდე, რომელიც კარიბჭესთან იდგა, ხოლო კორპუსი პარკის შუაგულში იდგა, ბორცვზე. ერთხელაც მან ფეხი დაიზიანა; ექიმებმა ვერ შეძლეს მისი განკურნება და წარმოიქმნა სისხლის მოწამვლის საშიშროება. მეუფის საავადმყოფოში გადაყვანა მოგვიწია, მაგრამ იგი წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა საწოლში წოლა, თუმცა მეუფის ზემდგომთა დაჟინების შედეგად, ბოლოს და ბოლოს დათანხმდა და დაწვა საწოლში, მაგრამ თავ ქვეშ ფეხსაცმელი დაიდო, რათა არაკომფორტულად დაწოლილიყო. ჰოსპიტალის ექიმები (ფრანგები) ამბობდნენ: „თქვენ ჩვენთან წმინდანი მოიყვანეთ!“ მასთან ყოველ დილით მოდიოდა მღვდელმსახური, რომელიც აღასრულებდა საღმრთო ლიტურგიას და მეუფე ეზიარებოდა.
წმინდანთა გულმოწყალებისათვის არ არსებობს არც ელინი, არც იუდეველი
წმ. იოანე, მიუხედავად ადამიანის რწმენისა და ეროვნებისა, თანაბრად ეხმიანებოდა დახმარების მთხოვნელთ. ამის შესახებ ყველამ იცოდა და მიჰყავდათ მასთან მძიმე სნეულები, თუნდაც იგი ყოფილიყო კათოლიკე, პროტესტანტი, მართლმადიდებელი ან ნებისმიერი სხვა აღმსარებლობლის წარმომადგენელი, რადგან როდესაც წმ. იოანე ლოცულობდა, ღმერთი მოწყალებას იღებდა.
„რა ბედნიერი ხართ, რომ ასეთი ეპისკოპოსი გყავთ“
იხსენებს წმინდანის სულიერი შვილი (ქალბატონი): „პარიზის ჰოსპიტალში ერთი სნეული ქალბატონი იწვა, სახელად ალექსანდრა და მეუფე იოანეს შეატყობინეს მის შესახებ, მეუფემ დაწერა წერილი, რომ მივიდოდა და აზიარებდა ამ ქალბატონს. იწვა რა საერთო პალატაში, სადაც დაახლოებით 40-50 ადამიანი იმყოფებოდა, იგი თავს უხერხულად გრძნობდა ფრანგი ქალბატონების წინაშე, რომ მასთან მივიდოდა მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, რომელსაც წარმოუდგენლად გაცვეთილი სამოსი ეცვა და თან ფეხშიშველ მდგომარეობაში. როდესაც მეუფემ აზიარა იგი, მეზობელ საწოლზე მყოფმა ფრანგმა ქალბატონმა უთხრა მას: „რა ბედნიერი ხართ, რომ ასეთი სულიერი მოძღვარი გყავთ. ჩემი და ცხოვრობს ვერსალში და როდესაც მისი შვილები ავად ხდებიან, იგი შვილებთან ერთად ქუჩაში გადის, სადაც ყოველთვის დადის ეპისკოპოსი იოანე და სთხოვს ხოლმე მას, რომ დალოცოს მისი შვილები. დალოცვის მიღების შემდეგ ბავშვები მაშინვე იწყებენ გამოჟანმრთელებას. ჩვენ მას წმინდანს უწოდებთ“.
ხოლო პარიზის ერთ-ერთ კათოლიკურ ტაძარში, ადგილობრივი მღვდელმსახური ეუბნებოდა საკუთარი მრევლის წევრებს: „თქვენ ითხოვთ მტკიცებულებებს, თქვენ ამბობთ, რომ ახლა არ სრულდება სასწაულები, არ არსებობენ წმინდანები. რისთვის უნდა გადმოგცეთ მე თეორიული მტკიცებულებები, როდესაც დღეს დღეობით პარიზის ქუჩებში დადის წმ. იოანე ფეხშიშველი“.
მეუფე და ბავშვები
შანხაიში, სადაც წმ იოანე 1934 წელს გაგზავნილ იქნა ბელგრადიდან, დაახლოებით 20 000 რუსი ცხოვრობდა (მთელს ჩინეთში კი დაახლოებით 120 000 რუსი), რომლებიც ყველაზე მრავალრიცხოვან უცხოელთა ჯგუფს წარმოადგენდნენ ქალაქში. ეპისკოპოსმა იოანემ ქალაქის ქუჩებში უსახლკარო ობოლ ბავშვთა დიდი რაოდენობა აღმოაჩინა. 1943 წლის მარტში ჩინეთის მთავრობამ გამოსა ბრძანება, ქალთა მობილიზაციის შესახებ. ეს გახდა კიდევ ერთი მიზეზი, შანხაის ქუჩებში დიდი რაოდენობის ბავშვთა გამოჩენისა, რომლებიც მშობლების გარეშე იყვნენ დარჩენილნი. სწორედ ასეთი ბავშვებისათვის დაარსა წმ. იოანემ ობოლთა თავშესაფარი. ხშირად წმინდანი თავად ეძებდა სნეულ და მშიერ ბავშვებს შანხაის ქუჩებში.
თავშესაფარმა 1935 წლიდან 1951 წლამდე იარსება.
(წმ. იოანე ყოველდღიურად თავად სტუმრობდა სნეულებს და იგივეს ითხოვდა თავისი მღვდელმსახურებისაგან.
ამის შესახებ მათ მეუფისათვის ანგარიში უნდა ჩაებარებინათ).
1951 წელს წმინდანი მთელი თავისი სამწყსოთი და (თავშესაფარში დარჩენილი ბავშვებით) ამერიკაში გადაბარგდა. თავშესაფრის არსებობის მანძილზე სულ 3 500 ობოლი აღიზარდა მასში - მათ შორის რუსებიც და ჩინელებიც. იაპონიის მიერ ჩინეთის ოკუპაციის დროს, ხშირად ისე ხდებოდა, რომ თავშესაფარში არ მოიპოვებოდა პროდუქტი, მაშინ წმინდანი იწყებდა ლოცვას და მალევე მიდიოდნენ უცხო ადამიანები, რომელთაც მიჰქონდათ არსებობისათვის აუცილებელი პროდუქტები.
იმისათვის, რომ დაეცვა რუსები იაპონური ხელისუფლებისაგან, წმინდანმა დროებით თავისი თავი რუსული კოლონიის თავმჯდომარედ გამოაცხადა. იგი არ აქცევდა ყურადღებას სროლებს, დადიოდა ქუჩების გარშემო, რათა მოენახულებინა (მოეძებნა) სნეული ან მომაკვდავი. იაპონელი ოფიცრები სცნობდნენ მეუფეს და იყვნენ რა განცვიფრებულნი მისი სიმტკიცით და ვაჟკაცობით, ხშირად თავად უშვებდნენ მას.
(წმ. იოანე, სან-ფრანცისკოში არსებული, წმ. ტიხონ ზადონელის სახელობის თავშესაფრის ბავშვებთან ერთად ამავე თავშესაფარში იყო მისი კელია და ტაძარი, სადაც იგი აღასრულებდა ლიტყრგიას, თუკი სხვა ტაძარში იგეგმეოდა მსახურება.)
„რისი გეიმედებათ თქვენ ყველაზე მეტად?“
ერთხელ, ომის დროს, თავშესაფრის აღსაზრდელთათვის, რომელთა რიცხვიც 90 აღემატებოდა, საკვები არ მოიპოვებოდა, ხოლო მეუფემ განაგრძო ახალი ბავშვების მიყვანა თავშესაფარში. პერსონალი აღშფოთებული იყო და ერთ საღამოს მარია შახმატოვამ, თავშესაფრის ხაზინადარმა დაადანაშაულა მეუფე იმაში, რომ მოჰყავდა რა მას ახალი ბავშვები,
(ბავშვები, შანხაიში არსებული წმ. ტიხონ ზადონელის თავშესაფრიდან).
იგი აიძულებდა დანარჩენებს, რომ ეშიმშილათ. მაშინ მეუფემ ჰკითხა მას: რისი ეიმედება მას ყველაზე მეტად? მარია ალექსანდრეს ასულმა (ალექსანდროვმა) ნაწყენმა უპასუხა, რომ საერთოდ არ არსებობდა არანაირი საკვები და საჭირო იყო შვრიის ფაფა, რათა დილით ბავშვები დაეპურებინა. მეუფემ მას ნაღვლიანად შეხედა და დაიწყო ლოცვა და მეტანიების კეთება, თან ისე გულიანად და ხმაურით, რომ მეზობლებმაც კი დაიწყეს ჩივილი.
დილით მარია ალექსანდროვნა კარზე არსებულმა ზარმა გამოაღვიძა, გარეგნობით ინგლისელმა უცნობმა მამაკცამა წარუდგინა თავისი თავი ერთ-ერთი მარცვლეულის კომპანიის მუშაკად და აუწყა, რომ მათ შემორჩათ გადანახული ზედმეტი შვრია და რომ მისი სურვილია, გადასცეს ეს შვრია თავშესაფრის ბავშვებს. დაიწყეს შვრიის შემოტანა ტომრებით, ხოლო მეუფე აგრძელებდა ლოცვას, ახლა უკვე სამადლობელს.
წმიდა იოანეს საქველმოქმედო ფონდები
ფონდის სახსრებით თავშესაფრის არსებობისათვის, წმ. იოანეს მიერ სპეციალურად შექმნილი ქალთა კომიტეტი მუშაობდა, ასევე თავშესაფრის მეგობართა საზოგადოება. საკუთარი საქმიანობის შესახებ ისინი პრესის საშუალებით მოგვითხრობდნენ. გაზეთის მეშვეობით საქმეში ახალი დამხმარე ადამიანები, ქველმოქმედები და ობოლთა „ამყვანებიც“ კი ერთვებოდნენ. (იგ. შვილად აყვანა), რის გამოც რედაქციები ხშირად მოწყალების ამკრეფავის ფუნქციებსაც ასრულებდნენ, ხოლო ჟურნალისტები არა მხოლოდ აშუქებდნენ მოვლენებს, არამედ აქტიურ მონაწილეობასაც ღებულობდნენ საქველმოქმედო აქციების მომზადებაში.
იმ დროინდელი გაზეთები, თანამედროვე ინტერნეტ სოციალური ქსელების, ქაღალდის ვერსია გახლდათ. შანხაიში დილა იწყებოდა „ახალი ამბების“ გაცნობით: ვინ, ვის რა უთხრა საინტერესო, რა შესთავაზა, რა ამცნო.
ფონდების ახალი მეთოდები იქმნებოდა ჩაის დალევის დროს, თანაც პრესის წარმომადგენლების მიერ მალევე. ამ შეხვედრების შედეგები აქვე ქვეყნდებოდა გაზეთებში: „საზოგადოება შედგება 8 ქალბატონისაგან და 2 საგაზეთო რეპორტიორისაგან. ჩაის მაგიდასთან მსხდომარე საზოგადოება განიხილავს საკითხს იმის შესახებ, ახლა როგორი ფორმით არის საჭირო საზოგადოებისადმი მიმართვა, რათა „აღძრან“ იგი ახალი ქველმოქმედებისათვის, რომელიც ასე აუცილებელია, წმ. ტიხონ ზადონელის თავშესაფრისათვის, რომელსაც პატრონობდა ქალთა საზოგადოება“.
ქალთა კომიტეტი წელიწადში რამოდენიმეჯერ ატარებდა თავშესაფრისათვის სასარგებლო ბალ-მასკარადებს (წვეულებებს). წვეულებაზე შესვლა ხან ფასიანი იყო, ხან უფასო, ამ დროს შემოწირულობები გროვდებოდა „კრუშკაში“. იწვევდნენ მუსიკოსებს, მოცეკვავეებს, საესტრადო მომღერლებს - იმ წლებში შანხაიში უამრავი შემოქმედი ადამიანი ცხოვრობდა, მაგ: ცნობილი პოეტი და მომღერალი ალექსანდრე ვერტინსკი.
შეხვედრებზე ყოველთვის ეწყობოდა აუქციონები და ლატარია. ძვირფას პრიზებს თავად სტუმრები წირავდნენ უანგაროდ. გარდა მაღალი საზოგადოების საქველმოქმედო აქციებისა (ბალ-მასკარადების, აუქციონების, ლატარიის, კონცერტების), წვეულებები ეწყობოდა უბრალო ადამიანებისათვისაც, რომლისაგან ნაშოვნი თანხაც იგზავნებოდა წმ. იოანე შანხაელის სოციალურ პროგრამებზე - მაგ: საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩებზე.
ტაიფუნების მბრძანებელი
კომუნისტების სათავეში მოსვლის შემდეგ, რუსები ჩინეთიდან გარბოდნენ ფილიპინების კუნძულებზე. 1949 წელს 5 000 ტოლვილი იმყოფებოდა კუნძულ ტუბაბაოზე. მეუფე ყოველდღიურად გარშემო უვლიდა კუნძულს და თავისი ლოცვებით და ჯვრით იცავდა კუნძულს სეზონური ტაიფუნებისაგან. როდესაც რუსები პირველი ნიშნების საფუძველზე გამოთქვამდნენ საშიშროებას მოახლოებული ტაიფუნის შესახებ, თავად ფილიპინელები აბსოლუტურად მშვიდ მდგომარეობაში მყოფნი ამბობდნენ: „სანამ თქვენი წმიდა ადამიანი გარს უვლის ჩვენს კუნძულს, ჩვენ არაფერი არ დაგვემართება“.
და მართლაც: როგორც კი რუსი ტოლვილების უკანასკნელი ნაკადი გამოყვანილ იქნა, კუნძულს თავს დაესხა უძლიერესი ტაიფუნი და თითქმის მთლიანად გაანადგურა მისი მშენებლობები.
მრავალ რუს ლტოლვილს, დროებით მყოფთ ფილიპინურ კუნძულებზე და მცხოვრებთ უმძიმეს პირობებში, წარმოუდგენლად ცხელ კლიმატურ პირობებში, არ აძლევდნენ ვიზებს ამერიკაში. წმ. იოანე გაემგზავრა ვაშინგტონში, რათა ეზრუნა ამის შესახებ. საბოლოოდ მისი შუამდგომლობის შედეგად ამერიკის კონგრესმა შეცვალა კანონი რუსი ლტოლვილების შესახებ და რუსებმა შეძლეს, რომ ა.შ.შ-ში გადასულიყვნენ. რუსი ლტოლვილების ნაწილი არგენტინაში და ავსტრალიაში გაემგზავრა.
წმინდანი ბრალდებულის სკამზე
1962 წელს წმიდა იოანე გადაყავთ სან-ფრანცისკოში ადგილობრივი რუსი მრევლის დაჟინებული თხოვნის შედეგად, რომელნიც კარგად იცნობდნენ მას ჯერ კიდევ შანხაიდან: სან-ფრანცისკოში საკათედრო ტაძრის მშენებლობა შეჩერებულ იქნა მრევლს შორის არსებული უთანხმოების გამო. წმინდანმა გაარკვია საქმე, ფინანსებში და საანგარიშო დოკუმენტაციაში უწესრიგობა აღმოაჩინა და პასუხისმგებელი პირები და მოვალენი პასუხისგებაში მისცა. მოვალეებმა სინოდს გაუგზავნეს საჩივრები.
სინოდში გაგზავნილი ამ საჩივრებით, როგორც მოსახერხებელი საბაბით ისარგებლეს წმინდანის არაკეთილმოსურნეებმა: მათ წამოწიეს საკითხი სან-ფრანცისკოს კათედრაზე მისი „არაკანონიკური“ დადგინების გამო. სინოდში ბევრნი იყვნენ ისეთები, რომელთაც ეზიზღებოდათ „ბუზღუნა“ და „ჟინიანი“ ეპისკოპოსი, როგორც „არასაკმარისად დახვეწილი ღვთისმეტყველი“ ან „ცუდი ადმინისტრატორი“.
არაკეთილმოსურნეებს მთავარი რამის ეშინოდათ: ცოცხალი წმინდანი - სასწაულმოქმედი, რომელიც დაინიშნა წამყვან კათედრაზე, რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის ყველაზე ცნობილ ეპარქიაში, ითვლებოდა ყველაზე რეალურ კანდიდატად უკვე ძალზედ სნეული პირველ იერარქის ადგილის დაკავებისათვის. არაკეთილმოსურნეების საქმიანობამ თავისი ნაყოფი გამოიღო. სან-ფრანცისკოში მცხოვრები რუსული საზოგადოება აფორიაქებული გახლდათ „პარტიული ბრძოლის“ გამო. სამრევლო შეკრებებს თან სდევდა ყვირილი და შეურაცყოფა წმინდანისა და მისი მომხრეების მისამართით. წმინდანის მდევნელებს შორის ისეთებიც კი იყვნენ, რომელნიც მან კიბოსაგან და სხვა უმძიმესი სნეულებებისაგან განკურნა.
ზოგიერთი ქალი ლანძღავდა წმინდანს და ანერწყვებდნენ კიდეც მას. ერთი ქალბატონი გაფითრებული იხსენებდა, თუ როგორ შეანერწყვა ღვთისმსახურების შემდეგ, მისმა დედამ სახეზე წმინდანს, მაგრამ წმინდანის ზოგიერთი პატივისმცემელი ღიად ბრძოლობდნენ მის გამო. მაგ: იღუმენია არიადნამ ხმამაღლა, კვერთხით ხელში ამხილა ტაძარში მყოფი ყველა ის, ვინც შეურაცყოფდა ცოცხალ წმინდანს.
1962 წლის 9 ივლისს San Franсisco Examiner - ში პირველ გვერდზე გამოჩნდა ცნობა რუსი მთავარეპისკოპოსის სასამართლო პროცესის შესახებ, ასევე მისი ფოტო-სურათებიც, რომლებიც სასამრთლო დარბაზში იყო გადაღებული. პროცესი გაგრძელდა 4 დღე. სასამართლოში მეუფის გვერდზე მისი ყველაზე ახლობელი ადამიანებიც იყვნენ: მეუფე საბა ედმონტელი, ლეონტი ჩილელი, ნექტარიოს სიეტლელი და იღუმენია არიადნა. რეგულარულად მოდიოდა მამა სერაფიმე როუზი ( მაშინ წმინდანის მოწაფე ევგენი როუზი).
კათოლიკე მოსამართლე ე.ო. დეი ვერ ფარავდა თავის სიმპათიებს წმიდა იოანეს მიმართ და სან-ფრანცისკოს ისტორიის მანძილზე პირველად, მოსამართლემ ნება დართო წმინდანს, რომ ყოველი სესიის დასაწყისში ლოცვა წარმოეთქვა.
წმიდა იოანეს ბრალდების საქმე, როგორც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, შეწყვეტილ იქნა და წმინდანი განთავსუფლდა ყველა ფინანსური კორუპციის სახის ბრალდებებისაგან. ასევე სინოდშიც იძულებულნი იყვნენ, რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის პირველ იერარქის - მიტროპოლიტ ანასტასის, სან-ფრანცისკოში პირადი ვიზიტის შემდეგ, ეღიარებინათ წმინდა იოანეს სტატუსი, როგორც სან-ფრანცისკოს და დასავლეთ ამერიკის მუდმივ იერარქად.
თავად წმინდანის მოწინააღმდეგეებს ესმოდათ საკუთარი იურისიული პრეტენზიების აბსურდულობა. მათი მთავარი მიზანი გახლდათ, მორალურად გაენადგურებინათ წმინდანი. იმ დღეებში წმინდა იოანე წერდა თავის სულიერ შვილებს: „თუკი თქვენ გაიგებთ, რომ მე გარდავიცვალე, იცოდეთ, რომ მე მომკლეს“.
მაგრამ წმინდანი, კარგად იცოდა რა სულიერი ცხოვრების კანონები, არავის არ განსჯიდა. როდესაც მას შეეკითხეს, ვინ იყო დამნაშავე ამ ამბოხში, მან უპასუხა: „ეშმაკი“.
სიცოცხლის ბოლოს წმიდა იოანეზე აღსრულდა სახარებისეული 9 ნეტარების უკანასკენილი მცნება: „ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდნენ და გდევნიდნენ და სთქუან ყოველი სიტყვა ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის“.
მაგრამ ეს, რა თქმა უნდა არ უხსნიდა პირად პასუხისმგებლობას წმინდანის მოწინააღმდეგეებს საკუთარი წილი ღვარძლის და შურის გამო, რომელსაც იჩენდნენ მის მიმართ. ზოგიერთმა მათგანმა სიკვდილის წინ შეინანა და შენდობა ითხოვა თავად წმინდანისაგან, მათ მიიღეს სრული პატიება და ცოდვათა შენდობა.
„მესმის - ვიღაცის ტირილია“
სიმართლემ გაიმარჯვა, თუმცა წმინდანის უკანასკნელი წლები სავსე იყო სიმწრით ცილისწამებებით და თვალთვალით. მისი ერთ-ერთი სულიერი შვილი იხსენებდა: „ნეტარი იოანე არასდროს არ ჩიოდა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მღელვარება ჰქონდა. ერთხელაც მე მსახურებამდე მომიწია ტაძარში მისვლა. მესმის - ვიღაცის ტირილი. გაკვირვებული, ფრთხილად ავედი საფეხურებზე და დავრწმუნდი, რომ ხმები საკურთხევლიდან ისმოდა. გვერდითა კარი გაღებული იყო და მეც შევიხედე. ჩემდა გასაოცრად, მე დავინახე ნეტარი იოანეს შიშველი ფეხები ტრაპეზთან. იგი მუხლებზე იყო დაჩოქილი, თავი მოდრეკილი ჰქონდა ხელებზე და მწარედ ტიროდა! მე მაშინვე გავეცალე. შეუძლებელი იყო ამის ყურება.’’
უკანასკნელი წლები
1966 - უკანასკნელი წელი წმინდანის ამქვეყნიური ცხოვრებისა. რამოდენიმე ადამიანი ამტკიცებს, რომ წმ. იოანემ იცოდა თავისი გარდაცვალების დრო და ადგილი.
გარდაცვალების დღეს - 1966 წლის 2 ივლისს მან აღასრულა საღმრთო ლიტურგია და მსახურების შემდეგ კიდევ სამი საათის განმავლობაში საკურთხეველში ლოცულობდა. წმინდანი რამოდენიმე საათის შემდეგ, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან მლოცველი, საკუთარ ოთახში გადაიცვალა. არავითარი წინასწარი ნიშანი არ არსებობდა რაიმე ავადმყოფობის.
წმინდანი 6 დღის განმავლობაში ესვენა სასახლეში, მის სხეულს ბალზამირება არ ჩაუტარეს და მიუხედავად ძლიერი სიცხისა, გახრწნის არავითარი სუნი არ იგრძნობოდა. სან-ფრანცისკოს დამკრძალავი ბიუროს ჩინოვნიკები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ სხეულს, მაგრამ ვერავითარ ცვლილებას ვერ ხედავდნენ.
მიუხედავად სანიტარიული აკრძალვისა, სან-ფრანცისკოს მერიამ დაუშვა გამონაკლისი და ნება დართო, რომ წმინდანი დაემარხათ „ქალაქის“ ღვთისმშობლის ხატის „ყველა დაჩაგრულის სიხარული-ს“ სახელობის საკათედრო ტაძრის საძვალეში, რომელიც ააგო წმინდანმა და რომელშიც მსახურობდა.
1993 წელს მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით, სპეციალურმა კომისიამ გახსნა მისი საფლავი და წმ. ნაწილები უხრწნელი აღმოჩნდა, ხოლო 1994 წელს წმ. იოანე შანხაელი წმინდანად იქნა კანონიზირებული.
როგორ მოვინახულე მე წმ. ნაწილები
პროტოპრესვიტერი პეტრე პერეკრესტოვი, სან-ფრანცისკოს ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა ჩაგრულთა სიხარულის“ საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, წმ. იოანე შანხაელის საფლავის გახსნის და წმ. ნაწილთა აღმოყვანების მონაწილე: „ხალხმა დაიწყო მეუფე იოანეს კუბოსთან მოსვლა, როგორც ნეტარ ქსენია პეტერბურგელთან მიდიოდნენ, ჯერ კიდევ მის განდიდებამდე. თავდაპირველად ისინი უბრალოდ ლოცულობდნენ მეუფისათვის, ხოლო შემდგომ თავად მას მიმართავდნენ ლოცვაში და ტოვებდნენ მოსახსენებლებს. ძალიან ბევრი სასწაული აღესრულებოდა. მე ასე ვიტყოდი, რომ წმინდა იოანეს თაყვანისცემა და მისი განდიდება ქვევიდან მიმდინარეობდა, ხალხისაგან. შედარებით მალე დადგა საკითხი მისი კანონიზაციის შესახებ, ხოლო სან-ფრანნცისკოში გადაწყდა მისი საფლავის გახსნა და წმ. ნაწილთა აღმოყვანება.
ალბათ, უმეტეს ჩვენთაგანს არასდროს არ გაუხსნია საფლავი, ხოლო მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მღვდელმსახური ვიყავი და გულახდილად, რომ ვთქვათ, არ ვიყავი მიცვალებულთა დიდი თაყვანისმცემელი. ღამის 9 საათზე ჩვენ ეპისკოპოს ანტონის (მედვედევი) თავმჯდომარეობით ჩავედით ქვემოთ საძვალეში და დავიწყეთ პანაშვიდის მსახურების აღსრულება. სასახლე მთელი ამ დროის მანძილზე ბეტონის სარკოფაგში იყო მოთავსებული.
სასახლის სახურავის გასაღებს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავდა ერთი მღვდელმონოზონი. იგი მიუახლოვდა სასახლეს, საზეიმოდ ჩაასო გასაღები, მაგრამ სახურავი არ გაიხსნა, რადგან დაჟანგებული იყო და ბოქლომი არ მუშაობდა. მაშინ საქმეში ჩაერთო ჩვენი პროტოდიაკონი - რუსი გოლიათი, იგი 170 კილოგრამს იწონიდა და შეეცადა, რომ სახურავი ლომის (იგულისხმება ხელსაწყო) საშუალებით გაეხსნა. მაგრამ მეუფე ანტონის არ მოეწონა, რომ უკრძალველი ძალის გამოყენებით აღმოეყვანათ წმ. ნაწილები. მან შეაჩერა მამა პროტოდიაკონი, გამოისახა პირჯვარი, დახუჭა თვალები და დაიწყო 50 ფსალმუნის კითხვა, ხოლო შემდგომ აიღო სახურავი და მსუბუქად გახსნა იგი.
ჩვენ დავინახეთ წმ. იოანეს შესამოსელი, თავდაპირველად იგი თეთრი იყო, ხოლო შემდგომ გამწვანდა. სავარაუდოდ, ობი მოედო. ჩვენ შევეხეთ შესამოსელს და იგი ხელში იფშხვნებოდა, რადგან გახრწნილი იყო.
როდესაც მღვდელმსახურს ასაფლავაბენ - მის სახე იფარება საღვთისმსახურო დაფარნით, რომლითაც ჩვეულებრივ ლიტურგიის დროს ბარძიმი და ფეშხუმი იფარება. ასეთი დაფარნით იყო დაფარული წმ. იოანეს სახეც. მეუფე ანტონმა გამოისახა პირჯვარი და აღამაღლა იგი და მე გავიცანი მეუფე იოანე, პირველად ვნახე იგი. მისი სახე და მთელი მისი სხეული მთლიანად შენარჩუნდა, უხრწნელი გახლდათ - ეს იყო წმ. ნაწილები.
მეუფე ანტონმა მე ფოტოგრაფად დამნიშნა. 1993 წელს მე ვიღებდი სურათებს ფირით და ეს ფირი ამოიწურა ფოტო-აპარატში. მე გავიქეცი სახლში და როდესაც შინ შევედი ყველგან შუქი იყო ანთებული, როგორც აღდგომისას. შუაღამე იყო, დედა მელოდებოდა მე. მე შევედი ბინაში და დავიყვირე: „უხრწნელია! უხრწნელია!“ ავიღე ფირი და უკან გავიქეცი, ხოლო დედაჩემმა დაიწყო სხვებთან დარეკვა, რომ ჩვენი სიხარული ეუწყებინა.
როდესაც მე ქვემოთ დავბრუნდი, საძვალეში, მოიყვანეს სნეული ბავშვი - ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახურის ვაჟი. მეუფე ანტონმა გასცა ლოცვა-კურთხევა, რათა იგი ხელში აყვანილი მიეყვანათ და ეს ვაჟი განიკურნა. ახლა ეს ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელია, ჩემზე ნახევარი მეტრით მაღალია, რეგბისტი. მეუფის წმ. ნაწილებისათვის წინასწარ იყო გამზადებული ხის სასახლე, ჩვენ გადავასვენეთ მასში წმ. ნაწილები, დავხურეთ სასახლე და ღვთის მადიდებელნი წამოვედით იმ ადგილიდან.
რამოდენიმე თვის შემდგომ, როდესაც მეუფის კანონიზაციისათვის მასალები უკვე შეკრებილი იყო, ჩვენ კვლავ აღმოვიყვანეთ წმ. ნაწილები, რათა განგვებანა მეუფე და შეგვემოსა კვლავინდებურად. ჩვენ ახალ შესამოსელში შევმოსეთ იგი და დავტოვეთ იგი საძვალეში 1994 წლამდე, როდესაც წმ. იოანეს გარდაცვალების დღეს, მოხდა მისი განდიდება, კანონიზირება.
ეკატერინე ზაგულიაევა, სტეფანე აბრიკოსოვი, ალექსანდრე ივანოვი, ივანე სოლოვიოვი.
ფოტო სურათები აღებულია დეკანოზ პეტრე პერეკრესტოვის არქივიდან
წყარო: https://www.miloserdie.ru
თარგმნა იოანე შოშიაშვილმა