სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- II
ორიგენე(+254) ძველი პერიოდის ყველაზე დიდი ბერძენი თეოლოგი. ის კლიმენტი ალექსანდრიელის მოწაფე გახლდათ და როგორც მისმა ინტელექტუალურმა მემკვიდრემ, მოგვიანებით ალექსანდრიის სახელგანთქმული კატეხეტური სკოლის ხელმძღვანელობა ჩაიბარა. ცხოვრების მკაცრმა ასკეტურმა წესმა ორიგენე საბოლოოდ თვითკასტრაციამდე მიიყვანა, რადგან მან მათეს სახარებაში გაჟღერებული ქრისტეს სიტყვები წინადაცვეთის შესახებ ბუკვალურად გაიაზრა. რის შემდეგაც მისთვის ხორციელი შებილწვის საფრთხე გაქრა.
საეკლესიო დოგმატიკამ ორიგენეს ფატალურ სწავლებას ფართო გზა გაუხსნა, რომლიც ადამისა და ევას ცოდვით დაცემასა და სამოთხიდან გამოდევნას სექსუალურ დანაშაულად მიიჩნევს და ეს ცოდვა შთამომავლობას გადაეცემა. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი ახალშობილი ადამიანი მშობელთა მიერ განხორციელებული განაყოფიერების აქტის გამო ქვეყნიერებას როგორც უწმინდური და ცოდვილი ნაყოფი მოევლინება. ორი ასწლეულის შემდეგ პაპ ლეონ I-თან ზუსტად მსგავს ნააზრევს ვაწყდებით. პაპი 50-ე ფსალმუნის VII მუხლს მოიშველიებს: „რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ . პაპს მეფსალმუნის სიტყვები ისე ესმის, თითქოს ყოველ სექსუალურ შეერთებას მასთან დაკავშირებული მგრძნობელობითი სურვილის გამო მხოლოდ ცოდვილი ნაყოფის გამოღება შეუძლია.
ადამიანის სექსუალურ შესაძლებლობას ორიგენე ავადობასა და სიკვდილს მიაწერს, რომელიც პირველქმნილი ცოდვის ბოროტი შედეგია. აქედან გამომდინარე ადამიანებს ის ორ კატეგორიად ჰყოფს: ქორწინებაში მყოფები, როგორც არასრულყოფილები და დაუქორწინებლები, როგორც სრულყოფილი მდგომარეობის პატრონები.
ორიგენეს საერთო სექსუალური ეთიკა უცილობლად ერთ მთავარ დანასკვს ემყარება, რომლის მიხედვითაც მეუღლეობრივი კავშირის გარეთ განხორციელებული ყოველი სექსუალური აქტი ცოდვასთანაა თანაზიარი. მან ერთმანეთს შეურია ძველი აღთქმის კულტთა განწმენდის განწესებანი და სექსუალური პესიმიზმი, რომლის შედეგადაც ყველაფერი რაც სექსუალობასთანაა დაკავშირებული აუცილებლად ცუდი და ბინძური უნდა იყოს. საბოლოოდ ის იმ სარწმუნო წერტილამდე მივიდა, რომლის მიხედვითაც სულიწმიდა მეუღლეობრივი აქტის პროცესს განერიდება. ღვთისმსახურებამდე სექსუალურ კავშირს კი ის კატეგორიულად უარყოფდა.
მორალის ორიგენესეულმა კონცეპტმა მრავალი თანამოაზრე გაიჩინა და დოგმატურ ნააზრევთაგან განსხვავებით, თითქმის სრული საეკლესიო დოქტრინის სტატუსი შეიძინა. მისმა მოწაფემ, დიონისემ (+264), რომელიც 231 წელს ალექსანდრიაში კატეხეტური სკოლის ხელმძღვანელი გახდა და 247 წელს ამავე ქალაქის ეპისკოპოსად ეკურთხა, ყველა ქალს, რომელიც მენსტრუაციის პერიოდში იმყოფებოდა ზიარების მიღების უფლება აუკრძალა, რადგან ის, ვინც წმინდა ნაწილს მიეახლება სულითა და ხორცით განწმენდილი უნდა იყოს.
ამ კუთხით დამატებით ინფორმაციას ალექსანდრიის ეპისკოპოსი ტიმოთეოსი გვაწვდის, რომლის მიხედვითაც მენსტრუაციის პერიოდი ქალს მონათლის უფლებას არ აძლევს. ამასთანავე უქმეებზე აკრძალულია შეუღლებულ წყვილს შორის სექსუალური კავშირის დამყარება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კვირის ლიტურგიულ მსახურებაზე ზიარებაზე არ დაიშვებიან.
კართაგენელი ეპისკოპოსის კვიპრიანეს ქადაგების თანახმად, რომელიც რეალურად მას არ ეკუთვნის და სინამდვილეში ამგვარი განწესება ამ დროისათვის ჩრდილოაღმოსავლეთში არსებულ ქრისტიანულ ასკეტურ წრეებში წარმოიშვა, მღვდელმსახურს შეუღლებულ წყვილთა ყოველდღიური ზიარებას უკრძალავს. ამგვარ გარემოებაში ლოგიკური იყო, რომ სამღვდელო პირი, როგორც ღვთისმსახური, რომლისგანაც საიდუმლოთა შესრულებას ელოდები, დაუქორწინებელი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ამგვარი განწესება ეკლესიის მაღალ იერარქებს აძლევდა იმის გარანტიას, რომ სამღვდელო დასის წევრები, რომლებიც ყოველდღიურად აღასრულებდნენ საღმრთო ლიტურგიას და რამაც მეოთხე ასწლეულიდან თანდათანობით კანონის ფორმა შეიძინა, საიდუმლოს ღირსეულად აღასრულებდნენ.
საკუთარი ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მონაზონი და ეკლესიის მამა იერონიმე(+420) სხვა ალტერნატივასაც გვისახავს: „ან განუწყვეტლად ვილოცებთ და ქალწულებად დავრჩებით, ანდა შევწყვეტთ ლოცვას და ვემსახურებით ოჯახს“. ამგვარმა გააზრებამ უკვე ერთი საუკუნის შემდგომ წარმოქმნილ ცელებატობის ტრადიციას საკმაოდ მყარი თეოლოგიური საფუძველი შეუმზადა.
სექსუალობის ამგვარი საერთო დემონიზირებით ეკლესიას მეორეს მხრივ არ უნდა შეელახა და საერთოდაც არ უნდა უარეყო ქორწინების საიდუმლოს რეპუტაცია, რომელიც ახალ აღთქმაში სრულიად არაორაზროვნად ღვთისგან კურთხეულ გზადაა მიჩნეული. საეკლესიო მწერლები ქორწინებას მხოლოდ ამ ორ შემთხვევაში მიიჩნევდნენ დასაშვებად: კაცობრიობის გამრავლება და მგრძნობელობითი ნებელობის დაცხრობა.
იქედან გამომდინარე, რომ ეკლესიის ბერძენი მამა იოანე ოქროპირი, რომლის ლიტერატურული მემკვიდრეობაც სავარაუდოდ ავგუსტინეს ნაშრომებზეა დამყარებული, კაცობრიობის გამრავლების უმთავრეს მიზანს საკუთარ ეპოქაში უქვე აღსრულებულ შედეგად მიიჩნევდა და ღმერთისაგან ლეგიტიმირებულ ქორწინებით კავშირს მხოლოდ ვნებისგან თავშეუკავებელთათვის უშვებდა. მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მეორედ ქორწინება - განვასხვავებთ ერთმანეთისგან ბიგამიას(ორცოლიანობა-ორქმრიანობას) და დიგამიას(მეორენახევრის გარდაცვალების შემდგომ კვლავ შეუღლებას) - საერთოდ არ დაიშვება. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ასწლეულში ეკლესია ამგვარი განწესების საყოველთაოობას არ სცნობდა, მოგვიანებით ის მეტად სასარგებლოდ ჩაითვალა, რადგან ამით მეორედ დაქორწინებულ მამაკაცებს სამღვდელო ხარისხის მიღება აეკრძალათ.
ქორწინებითი კავშირის ერთი ასპექტი, რომელიც შეუღლების საიდუმლოს შესრულებისას დღესაც იკითხება ტაძრებში „მამაკაცებო, შიყვარეთ თქვენი ცოლები ისე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია“, ოქროპირმა მეტად საინტერესოდ განმარტა. უფრო კონკრეტულად კი ოქროპირი შეეცადა ქალთა მიმართ საკმაოდ მონური ხასიათის მოწოდება, რათა მსახურებდნენ ისინი საკუთარ მეუღლეებს ისე როგორც უფალ ქრისტეს, შეერბილებინა, ის თითქმის ეგზალტირებული სიტყვებით შეეცადა მეუღლე მამაკაცებისათვის მათი სიყვარულის ვალდებულება შეეხსენებინა: „ასევე შენც უნდა იზრუნო ცოლზე, როგორც ქრისტე ზრუნავს საკუთარ ეკლესიაზე! მას უნდა შესწირო საკუთარი სიცოცხლე, ათასად უნდა გაიყო, ყველაფერს უნდა გაუძლო და ყველაფერი აიტანო: ამ ყველაფერს თავი არ აარიდო! ... და როდესაც ხედავ, რომ ის უგულებელგყოფს, შეუფერებლად გეპყრობა და გზიზღობს, სწორედ ამ გზით, შენი სიყვარულის, მზრუნველობისა და მეგობრობის მრავალჯერადი დამტკიცებით შეძლებ მისი გულის მოგებასა და დაპყრობას... აბა ის რა ოჯახია, როდესაც ქალი კაცის წინაშე ცახცახებს?“ რამდენად სასიხარულოდ ჟღერს ამგვარი მოწოდება მრავლ მხრივ განქიქებულ ქალთათვის. მეუღლეობრივი სიყვარული და სექსუალური ლტოლვები, მოგვიანებით საკუთარ გარდაცვალებამდე 10 წლით ადრე კონსტანტინოპოლის ტახტიდან გაძევებული მღვდელი ოქროპირისთვის, როგორც სხვა მის თანამედროვე თეოლოგთათვისაც შორეულ დასკვნებამდე მიდის, სადაც მათ სექსუალობა მატად თუ ნაკლებად ძნელი შემთხევების ფონზე გაიაზრეს.
ოქროპირმა საკმაოდ განსაკუთრებული ადგილი დაიჭირა, როდესაც ადამიანური ვნებები არამხოლოდ სხეულებრივ ჭრილში დაინახა. პავლეს მიერ გადმოცემული ხორცისა და სულის ბრძოლის (გალ.5,17) პასაჟის განმარტებისას ის აღნიშნავს, რომ სხეულის ვნება არა ხორციელი, არამედ სულიერი ძალით იმართება და პავლე ხორცში „არა ფიზიკურ სხეულს, არამედ ადამიანის ბოროტ ნებას გულისხმობს“.
პავლე ფაქტობრივად სხეულებრივ საქმეებში თვლიდა სულიერ ცოდვებს, როგორც კერპთმსახურებას, ჯადოქრობას, შუღლსა და შურს და ეს ყველაფერი ოქროპირმა ზუსტად განჭვრიტა. ის ფიქრობდა, რომ როდესაც ადამინურ სხეულზე საუბრობდა, რომელიც ღმერთისგანაა შექმნილი, ამით შეიძლება უფლის წინაშე შეეცოდა. ყოველი ცოდვა საკუთარ დასაწყისს სულში იღებს და მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში სხეულში ბოლოვდება. მხოლოდ ჩვენს თანამედროვე ეპოქაში დაიწყეს თეოლოგებმა პავლეს ამგვარ თეოლოგიურ ნარატივებზე მნიშნელოვანი საღვთისმეტყველო აზრთა განვითარება.
ავტორი- აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მიხეილ ნებიერიძე
წყარო: Georg Denzler – 2000 Jahre christliche Sexualmoral; Die verbotene Lust (S.43
იხილეთ ასევე: სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- I