როსექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- I                                                   

 

       ბოროტი ვნება

მოციქულთა ხანის მომდევნო ქრისტიანულ ლიტერატურაში ქრისტიანთაგან ქორწინების გაგების ამსახველი მასალა ძნელად მოიპოვება. ეპისკოპოსი ეგნატე ანტიოქიელი (+110) და მისი თანამოძმე პოლიკარპე სმირნელი (+156) ზემოთ ხსენებულ საკითხზე სწავლებას მცირე ზომის ეპისტოლეში გადმოგვცემენ, რომელიც მღდელმსახურთა ვალდებულებებს შეეხება. პოლიკარპეს  უნდოდა მანდილოსნებისათის მოეწოდებინა, რათა ისინი ხორცითა და სულით  საკუთარი თანამეცხედრეებით დაკმაყოფილებულიყვნენ და მამაკაცებს კი საკუთარი მეორენახევრები ჰყვარებოდათ ისე, როგორც ქრისტემ  ეკლესია შეიყვარა.

პოლიკარპემ მისთვის გამოგზავნილი ეგნატეს ეპისტოლე ფილიპელ ქრისტიანებს გაუგზავნა. თანდართულ წერილში ის ქალებს სარწმუნოებაში ცხოვრებისკენ, სიყვარულისკენ და ქალწულებისაკენ მოუწოდებს. ქალწულებისაკენ უნდა მიისწარფოდნენ ახალგაზრდებიც და ამას პოლიკარპე სრულად პავლეს სულით ანთებული ასაბუთებს: „სათნო არს, როცა კი თქვენ საკუთარ თავს ამქვეყნიური ვნებებისგან მოიზღუდავთ, რადგან ყოველი ვინც ვნებითაა აღძრული სულის წინააღმდეგ იბრძვის და ვერც მეძავი, ვერც ვნებებს დამორჩილებული და ვერც  ქალწულთა განმხრწნელი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს როცა ისინი დაუშვებელს სჩადიან“. ის მიზანდ სახავს  სრულად დისციპლინირებულ ცხოვრებას ქორწინებაში და არამეუღლეობრივი კავშირს მთლიანად უარყოფს. ეს მცირე ზომის წინადადებები ქორწინაბაზე და სექსუალობაზე იმგვარ ნარატივს შეიცავენ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ხელშეუხებელი და ტაბუდადებული უნდა ყოფილიყო.

 კვინტუს სეპტიმუს ფლორენს ტერტულიანე (+220) ეკლესიის აპოლოგეტური ტენდენციის მქონე გავლენიან მწერალთა რიცხვს განეკუთვნება. კართაგენში წარმართულ რომაულ მაღალჩინოსნის ოჯახში დაბადებული ტერტულიანე განათლებას რომში ღებულობს და უფლებათდამცველის პროფესიასაც რომშივე ეუფლება. ნათლობის შემდგომ მცირე ხანში ის კვლავ უკან, კართაგენში ბრუნდება. მოგვიანო წლებში ტერტულიანე ეთიკურ რიგორისტად გვევლინება და ეკლესიასთან განყოფაში მყოფ, მკაცრი ასკეტური ცხოვრებით გამორჩეულ მონტანისტთა სექტას შეუერთდება. მისი ამგვარი ნაბიჯი სრულიადაც ვერ ამცირებს მის უზარმაზარ გავლენას, რომელიც ყოფილმა ქრისტიანმა ტერტულიანემ ეკლესიაში დაატყო.

ქალისა და კაცის ქორწინებითი კავშირის არსს ტერტულიანე მხოლოდ შვილიერების ასპეკტით ხსნისს, რადგან ის ღვთისგან კურთხეულია, რათა განივრცოს ადამიანის მოდგმა და აივსოს ქვეყნიერება და ის სწორედ ამიტომაა ნებადართული“. ის პირველი ქრისტიანი ავტორია, რომელმაც ჩვენს დრომდე კანონიზირებული სწავლება გადმოგვცა, რომლის მიხედვითაც ქორწინების მთავარ მოტივს შვილთასხმა წარმოადგენს.

მის ნაშრომში თეატრალურ დადგმათა შესახებ შესაძლებელია ტერტულიანეს სექსუალური ხედვის ტიპური კითხვა ამოვიკითხოთ: „რომელი სურვილი შეიძლება იყოს თავად სურვილის შეზიზღებაზე უფრო ძლიერი?“ ქორწინებაში მყოფ ქალებს ის ერთგან სიფრთხილით საკუთარი ქალწულების შემწირველებად მოიხსენიებს. იმას, რომ ტერტულიანე ქორწინებით კავშირში განხორციელებული სექსუალური აქტის ვნებით შინაარსს ცოდვასთან არ აკავშირებდა, ლოგიკური გაგრძელებაა მისი დამოკიდებულებისა ყველა უკუგდებული ბუნებრივი სიამოვნებისადმი, რომელსაც ის ხშირად ახსენებდა. მისთის ყველაზე სათნოდ კი მაინც სრული თავშეკავებულობა ითლება, რადგან ამ შემთხვევაში ბოროტ ვნებას მოქმედების არანაირი საშუალება აღარ რჩება. ამგვარი დასკვნებით ის რაღათქმაუნდა არც ბიბლიას და სავარაუდოდ არც მის თანამედროვე ქრისტიან ავტორებს არ მიჰყვება, არამედ ამ შემთხვევაში კვლავ პლატონურ და სტოიკურ სააზროვნო სისტემასთან ავლენს ნათესაურ კავშირს. ამიტომაც არც თუ ისე გასაოცარია მისი მონტანისტური იდეალებით დაინტერესება, რომელთათვისაც ქალწულება დიდად ფასდებოდა და აპოკალიფტური აღსასრულის მოლოდინში, რომელიც მათი აზრით მალევე დადგებოდა, ქორწინებითი კავშირი სრულიად გამოუსადეგარ და გაუქმებად ტენდენციად დაინახებოდა. ადრეც, სანამ კათოლიკე ეკლესიის წიაღში იმყოფებოდა, ტერტულიანე საკუთარი ქალწულებრივი ცხოვრებით გამოირჩეოდა და ღმერთთან კავშირი მისთვის ყოველთვის უფრო აღმატებულად დაინახებოდა ვიდრე ქორწინებაში ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი კავშირიც სექსუალური აღტკინებისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო.

საკუთარი ჯანსაღი მოთხოვნებით, რაც ვნებისაგან დაცლილ ქორწინებით კავშირს გულისხმობდა, ტერტულიანე პირველ რიგში სამღვდელო დასს მიმართავდა, რითაც მათი ღვთის წმინდა მსახურებად დანახვა იქნებოდა შესაძლებელი. ლევიტელთა XIX თავის მეორე მუხლის („იყავით წმინდა, როგორც უფალი, თქვენი ღმერთია წმინდა“) თანახმად ის სექსუალურ კავშირს მიუღებლად მიიჩნევს. ამგვარი დამოკიდებულებიდან კი სულ მცირე მანძილი რჩებოდა იქამდე, რომ ტრაპეზის ყველა მსახურისათვის ქორწინება საერთოდ აკრძალულიყო.

თანამეცხედრის გარდაცვალების შემთხვევაში ხელმეორედ ქორწინება მხოლოდ არასასურველად მიიჩნეოდა. სწორედ ამიტომ ტერტულიანე საკუთარ მეუღლეს, იმ შემთხვევაში თუკი ის მასზე ადრე გარდაიცვლებოდა, მეორედ ქორწინებისგან თავშეკავებას ურჩევს და ყველა ქვრივისათვის სასარგებლო ტექსტს დაურთავს: „თქვენ უმეტესად ღმერთთან ქორწინება გსურთ, ღვთისთვის სათნო. თქვენ ღვთის ქალწულები ხართ. ამგვარი ცხოვრებით მასთან ერთობაში საუბრობთ უფალთან, დღე და ღამ ერთად, მას უძღვნით თავს, მისგან ითხოვთ სიხარულს როგორც სასძლო და იმარხავთ მას“.  რათა ამგვარი ცხოვრების წესი საკუთარი მეუღლისთვის უკეთ გაეცნო, ტერტულიანე თავშეკავებულებაში მცხოვრებ სხვა მრავალ, როგორც დაოჯახებულ ასევე დაუქორწინებელ ქრისტიანზე მიუთითებდა: „რამდენია ისეთი, რომელიც საკუთარ სხეულს ნათლობის შემდგომ იბეჭდავს!“ „რამდენია ისეთი, რომლებიც შეთანხმებულად ქორწინებითი კავშირისგან თავს იკავებენ და ისეთები, რომლებიც საკუთარი ვნების გამო თვითონვე მოიკვეთავენ თავს სასუფევლიდან“. ამ დროს ძნელია არ გაგვახსენდეს მათეს სახარების ცნობილი პასაჟი: რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ (მათ. 19,12).

ტერტულიანეს თანამედროვე კლიმენტი ალექსანდრიელი (+217) ბერძნულენოვან მწერალთა რიცხვს განეკუთვნება. მის სწავლებაში უმთავრესად ქრისტიანული მრწამსისა და ანტიკური ფილოსოფიის კავშირის შესაძლებლობაა წარმოდგენილი. ამ მიზნის მისაღწევად მას ორმხრივი ბრძოლის წარმოება მოუხდა: ერთის მხრივ ის უმკლავდებოდა საკუთარ თანამედროვე ავტორებს, რომელთათვისაც  შემეცნების ერთადერთ ავტორიტეტულ წყაროს მხოლოდ ბიბლია წარმოადგენდა და მერე მხარეს გნოსტიკები, რომელთა მთავარი ორიენტირი რელიგიურ შემეცნებისკენ იყო მიმართული. რადგან კლიმენტი ყოველთვის ურთიერთ შევსებისა და თანამშრომლობის პოზიციაზე რჩებოდა, ორაზროვან და საკამათო თემათა წარმოქმნა გარდაუვალი გახლდათ. ის უპირველესად სექსუალობის სფეროს შეეჯახა, სადაც გნოსისი საკუთარი რელიგიური შემეცნების პრინციპებიდან გამომდინარე ეროსის საწინააღმდეგო შეხედულებებს ატარებდა. მიწიერების გნოსტიკურმა ზიზღმა თავის თავში სხეულისადმი ზიზღიც გააერთიანა. ამგვარ აზრებს იცავდა კლიმენტი საკუთარ ნაშრომებში პაიდაგოგოსი და სტრომატები“, რითაც ასევე დასავლურ-ლათინურ თეოლოგიაზე მისი გავლენაა მინიშნებული.

მიუხედავად ამისა, საკუთარ ნაშრომებში ქორწინების შესახებ კლიმენტი იმაზე ნაკლებ შიშსა და თავშეკავებას იჩენს ვიდრე XIX საუკუნის მოღვაწე ბამბერგელი კაპლან ლორენც ჰოპფენმიულერი, რომელსაც ალექსანდრიული სკოლის ნაშრომთა გერმანულ ენაზე პირველად შესრულებული თარგმანებისათვის ვმადლობთ და რომელიც პაიდაგოგოსის მეათე თავის მეორე წიგნის კომენტარებში საკუთარ დროებას წარმოგვიდგენს, საკუთარ თავს გვაცნობს და მობოდიშებით წერს: „ამ თავიდან, მარტივად მისახვედრი მიზეზებისდა გამო, მხოლოდ ნაწყვეტებსა და ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ“.

ქორწინებაში მყოფთა მომდევნო მიზანი ბავშვები არიან“, ასე იწყებს კლიმენტი საკუთარ სიტყვას ქორწინების შესახებ და შემდეგ ახსნასაც დაურთავს: „მიწათმოქმედისთვისაც მოსავალზე ზრუნვა განაპირობებს თესლის თესვის მოტივს; გლეხისთვის მნიშვნელოვანი მოსავლის აღებაა. უფრო აღმატებული ამ შემთხვევაში მიწათმოქმედია, რომელიც მიწას ანაყოფიერებს; ერთი მიწას მოსავლის აღების მიზნით ამუშავებს, მეორე კი ქვეყნიერების შენარჩუნებაში  იღებს მონაწილეობას; ერთი საკუთარი თავისთვის თესს, მეორე კი ღვთის მორჩილებით სჩადის ამ საქმეს; რადგან ღმერთისგან გვებრძანა: „გამრავლდით!““. ამავე წიგნის პაიდაგოგოსი ქრისტიანული ცხოვრების შესავალში  კლიმენტი ჩასახვის მოტივს ქორწინების ერთადერთ არსად  და დანიშნულებად მოიხსენიებს: „სექსუალური კავშირის სხვა დანიშნულება გარდა შვილთასხმისა ბუნების საწინააღმდეგო ქმედებაა“. და ბოლოს ამატებს,რომ ქორწინებაში მყოფი წყვილი ბავშვთა გაჩენისკენ უნდა მიისწრაფოდეს და არა უკანონო და არარაციონალური სექსუალური წყურვილების დაკმაყოფილებისაკენ“.

გასაოცარი აღარაა, რომ კლიმენტი ქორწინებაში სექსუალური სიამოვნების განცდას ცოდვად მიიჩნევს. „ადამიანმა თანაცხოვრების ყოველი ბინძური ქცევისაგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, რითაც ჩვენ აღარ შევრცხვებით, რადგან არარაციონალურ ცხოველთა სექსუალური კავშირი უფრო მეტად შეესაბამება ბუნების საზოგადო წესს, ვიდრე ადამიანებს შორის კავშირი“. ნამდვილ სტოიკოსთა მსგავსად, კლიმენტიც შეზღუდვის მაქსიმუმს აწესებს: „ვნებებზე ბატონობა, უმდაბლეს ადამიანებთან დესპოტიზმი, აი ესაა უსათნოესი ბატონობა“.

 

კლიმენტი ალექსანდრიელმა მეორე საუკუნის დასასრულს მხოლოდ შვილიერებაზე ორიენტირებისა და ნებისმიერი სხვა ვნებით თავშეკავების იდეალით წყვილთათვის დაამკვიდრა ტრადიცია, რომელიც როგორც პატრისტიკულ, ასევე სქოლასტიკურ და ჩვენს თანამედროვე პერიოდშიც ძირითადი ცვლილებების გარეშე ნარჩუნდება. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ წყვილთა პირადული ცხოვრების ეს ასეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დოქტრინა არა ახალაღთქმისეული სულითაა ნაკარნახევი, არამედ ქრისტიანული ელემენტებით დატვირთულ სტოიკურ-გნოსტიკურ ნააზრევს წარმოადგენს, რომელშიც მისი პირვანდელი არსი შეუცვლელი დარჩა.

 

ავტორი- აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მიხეილ ნებიერიძე

წყარო: Georg Denzler – 2000 Jahre christliche Sexualmoral; Die verbotene Lust (S.43

 

საიტზე ასევე განთავსებულია: სექსუალური ურთიერთობა  მეუღლებრივ კავშირში და მის გარეთ

სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან- II

სექსუალური ეთიკა პავლესთან

სექსუალური ეთიკა ავგუსტინესთან

Download
სექსუალური ეთიკა ეკლესიის მამებთან-I.pdf
Adobe Acrobat Document 194.1 KB