რუსული მითები ბერძნული მართლმადიდებლობის შესახებ

 

მართალია ის, რომ ბერძნები არასდროს არ აბარებენ აღსარებას, ბერძენი ქალბატონები რატომ არ იკეთებენ თავშალს ტაძარში, საიდან აქვთ მათ ტაძრებში სკამები- საბერძნეთის „მითოლოგიური“ და რეალური სულიერი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ათენში მდებარე, ყოვლადწმიდა სამების ტაძრის კლიროსის წევრი - ალექსანდრე ნოსევიჩი.

 

-         მამა ალექსანდრე! საბერძნეთში, თითქმის ყველა ტაძარში ვხედავთ სკამებს. მანდილოსნები მსახურებაზე თავდაუბურავები მიდიან, შარვლებში... ტრადიციისაგან ამგვარი გადახვევები, როგორ მოქმედებენ ბერძნული საზოგადოების სულიერ ცხოვრებაზე?

-         მართლაც, XX საუკუნეში, ბერძნულ მართლმადიდებელ ტრადიციაში დასავლური კულტურის წარმოშობის შედეგად გარკვეული ცვლილებები წარმოიქმნა: ტაძრის შიგნით გამოჩნდა სკამები (თუმცა ავღნიშნავ, რომ მონასტრებში „სტასიდები“ ყოველთვის იდგა, ხანგრძლივი ღვთისმსახურებების გამო), ქალბატონებმა შეწყვიტეს თავშალების გამოყენება და შეუძლიათ შარვლებით იარონ ტაძრებში. მაგრამ დასავლური გავლენა რუსულ ეკლესიაზე ხომ უფრო ღრმა და სერიოზულია. უბრალოდ ახლა, ამის შესახებ არ ვფიქრდებით. საბერძნეთში ამგვარმა ცვლილებებმა განდგომა არ გამოიწვია, მადლობა ღმერთს მთავარი არ დაიკარგა- მართლმადიდებელი სარწმუნოების შინაგანი გაგება.

    მოდით ნუ ვიეშმაკებთ, რუსული ღვთისმსახურება ზედმეტობებითაა გაბუქებული. ბერძნული ღვთისმსახურება უპირატესობას უბრალოებას ანიჭებს. სასულიერო დასსა და მრევლს შორის არსებულ ურთიერთობებში, სწორედ ამგვარ უბრალოებას და ერთსულოვნებას ექცევა ყურადღება. რუსეთში, მღვდელი ან მაღალი იერარქიის წარმომადგენელი გარკვეული სახის „კასტას“ წარმოადგენს, ესეიგი როდესაც ადამიანი ხდება კლიროსის წევრი, ეს მოქმედება, როგორც კანონი, განაცალკევებს მას მრევლისაგან. აქ ასეთი რამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. რა თქმა უნდა არსებობს პატივისცემა სასულიერო ხარისხის მიმართ, მაგრამ თავად სასულიერო პირობის ფაქტი, ურთიერთობებში არანაირ ბარიერს არ წარმოქმნის. ტაძარში მოსული მოდის ოჯახში. თუნდაც მან თავისი პირველი ნაბიჯები წარუმატებლად გადადგას, მაგრამ ეს არ გახლავთ იმის მიზეზი, რომ იგი შეურაცყონ ან ტაძრის კარებისაკენ მიუთითონ, რაც სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათად ხდება რუსეთში, მთელი ჩვენი გარეგნული ღვთისმოსაობის ირგვლივ. გარეგნულად ყველაფერი რიგზეა, რაც შეეხება შინაგანს, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. სწორედ რუსული გულის ჩაკეტილობა გახლავთ ყველაზე დიდი პრობლემა. ვიტყოდი რომ საბერძნეთში იყო და ახლაც არსებობს  არსებითის შეგრძნება, რაც გახსნილობაში და უბრალოებაში ადვილად ხელმისაწვდომია.

 

-         სტატისტიკის მიხედვით, რუსეთში არსებობს უზარმაზარი უფსკრული იმ ადამიანებს შორის, როლებიც საკუთარ თავებს მორწმუნეებად მიიჩნევენ და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც არ ცხოვრობენ ეკლესიური ცხოვრებით. საბერძნეთში როგორაა?

-         დავიწყოთ იქიდან, რომ საბერძნეთში ეკლესიას ჯერ კიდევ გააჩნია სახელმწიფო სტატუსი და იგი მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო და საზოგადო სტრუქტურებთან. იგი ოფიციალურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აქვს უფლებამოსილება (ხმა), საბერძნეთში მომხდარი მოვლენების შეფასების. მის ხმას ყურს უგდებენ, სახელმწიფო აპარატის წევრებიც (ხანდახან იძულებით). ამგვარად არასდროს ყოფილა რევოლუციამდელ რუსეთში. ღრმად მორწმუნე ადამიანებსა და ე.წ. „ხანდახან მომსვლელთა“ შორის არსებობს განსხვავება. საბერძნეთისათვის ეს ფაქტი იმით ღრმავდება, რომ აქ მართლმადიდებლობა ტრადიციულ სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენს და მისდამი განკუთვნილობა, თუნდაც მხოლოდ ნათლობის ფაქტით- ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ყველა ვინც თავის თავს მორწმუნედ მიიჩნევს, არსით არ გახლავთ ასეთი. მხოლოდ სულიერი რყევების, კატასტროფების, ომების, ეპიდემიების, უბედურებების მომენტებში, ადამიანთა უმეტესი ნაწილი სერიოზულად ფიქრდება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხების შესახებ. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ისინი ძალზედ დაკავებულები არიან საყოფაცხოვრებო პრობლემებით, საზოგადოებრივი არეულობებით და წუთიერი საზრუნავებით. ეკლესია ყოველთვის და ყველგან ეხმარება ადამიანებს, რომ მთლიანად და უსაშველოდ არ ჩაეფლან განუწყვეტელი ცხოვრებისეული სარბიელის წრეში. კარგად მოფიქრებული მარხვებისა და დღესასწაულების სისტემით, იგი ახსენებს ადამიანებს სხვა რეალობის შესახებ, საუკუნო სიცოცხლის შესახებ. საბერძნეთში, ტაძრები პრაქტიკულად სულ გახსნილია, განსაკუთრებით მსხვილი სამრევლოების ტაძრები. იქ მისვლა და თავისი პრობლემების გამო მღვდელმსახურთან დაკავშირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

     ყოველდღიურ ცხოვრებაში ბერძნები უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან სამღვდელო ხარისხს:  სასულიერო პირებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილს უთმობენ, თუნდაც კლიროსის წევრი ახალგაზრდა იყოს, შეუძლიათ პირდაპირ ქუჩაში, მაღაზიაში, ტრამვაიში აიღონ ლოცვა-კურთხევა. უმეტესი ნაწილი ტაძართან გავლისას ჯვარს გამოისახავს. ვიმეორებ საბერძნეთში, როგორც წესი ტაძარი არ გახლავთ მიუწვდომელი ციხესიმაგრე, რომელთან მიახლოვებაც კი საშიშია, არამედ პირველ რიგში ცოცხალი ღმერთის ტაძარი, სადაც ყველა საკუთარ თავს ოჯახის წევრად მიიჩნევს, ეკლესიურ ადამიანებთან ურთიერთობისაგან იღებს სიხარულს და არ იყუჟება ცივი გულგრილობის კედელთან. მხოლოდ ასე შეიძლება დაეხმარო ადამიანს, რომ მან სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს და სულიწმიდის ძალით სულიერი ჭრილობები განიკურნოს.

 

-         როგორია ეკლესიური ადამიანებისათვის ბერძნული სასულიერო ტრადიცია? უთანხმდება თუ არა ეს რუსულს?

-         ამ გაგებით საბერძნეთი უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება, რადგან სასულიერო ტრადიცია რუსეთში,  XX საუკუნეში ამოიძირკვა. სასულიერო მემკვიდრეობა ფაქტიურად დაიკარგა. აქ კი ეს მემკვიდრეობა შენარჩუნებულია ბიზანტიური ხანიდან. რუსეთში თანამედროვე ადამიანს თავხედობად მიაჩნია ბარძიმთან მისვლა, სპეციალური აღსარების გვერდის ავლით, ეს სინამდვილეში ეკლესიის ძველ ტრადიციას წარმოადგენს. სხვა საქმეა ზიარებისათვის ლოცვა- კურთხევის აღება სულიერი მოძღვრისაგან  და აბსოლუტრად სხვაა აღსარების ჩაბარება. აღსარებისადმი გვერდის ავლით, ბარძიმთან მიახლების დროსაც კი ადამიანს არ ძალუძს თუნდაც ფიქრით წარმოშობილი ცოდვებისაგან შეიკავოს თავი. ხოლო ლიტურგიის გარკვეულ ნაწილზე (ნახევარზე) დასწრება, ხანდახან ნაკლებზეც, აღსარების მოლოდინში და შემდეგ ზიარებისაკენ გაქცევა უკიდურესად მავნებელია იმისათვის, ვინც თავად ქრისტესთან შესახვედრად მოვიდა ტაძარში. ჯერ ერთი: ირღვევა საკრალურობა, იკარგება აღსარების, როგორც საიდუმლოს გაგება, ასევე: მორწმუნე ფატიურად არ ესწრება ლიტურგიის მსახურებას (ლიტურგიის ყველა სიტყვა ხომ უკიდურესად მნიშვნელოვანი და მაცოცხლებელია მორწმუნე ადამიანის გულისათვის!), მუდმივად იმაზე ფიქრით, თუ რა თქვას, რომ არაფერი არ დაავიწყდეს და მოასწორს ზიარება. გამოდის, რომ ორი უდიდესი მოვლენა- ზიარება და აღსარება, საღმრთო ლიტურგიაზე მოსულისათვის აღიქმება როგორც რაღაც ნახევარფორმალობა და არა როგორც საიდუმლო.

 

-         რუსეთში არსებობს წარმოდგენა, რომლის თანახმადაც საბერძნეთში არავინ არ აბარებს აღსარებას, ადამიანები მაშინ მიეახლებიან ზიარებას, როცა მოუნდებათ. ეს როგორ არის?

-         ეს ასე არ არის. სულიერმა მოძღვარმა, ადამიანის დამრიგებელმა სულიერ ცხოვრებაში (ასეთი შეიძლება იყოს ტაძრის წინამძღვარიც და მღვდელმონოზონიც), იცის ამ ადამიანის ცხოვრების ყველა მხარე, კარნახობს მას, თუ როგორ უნდა ებრძოლოს იგი განსაცდელებს, როგორ ილოცოს. აღსარება აღესრულება დაწვრილებით და არა დაუფიქრებლად და ერთი ამოსუნთქვით. სწორედ სულიერი მოძღვარი, რომელიც რეგულარულად იბარებს აღსარებას ადამიანისაგან განსაზღვრავს, თუ რამდენად ხშირად უნდა ეზიაროს აღმსარებელი და ამ საქმეზე აძლევს მას ლოცვა-კურთხევას. რუსეთიდან ჩამოსულნი და ტაძარში მსახურებაზე მყოფნი გაოცებულნი ვართ, რომ აქ არ არსებობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი აღსარების რიგში მდგარი ხალხის რიგები, გაქაფული სასულიერო პირები, რომელნიც ჩქარობენ, რომ ყველას გადააფარონ ეპიტრახილი (ოლარი). ამიტომაც, როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები მშვიდად და დინჯად, მაგრამ სამხრეთული ტემპერამენტის გარეშე მიეახლებიან ბარძიმს, გამოგვაქვს დასკვნები, რომ აქ აღსარებები საერთოდ არ არსებობს. სინამდვილეში მსურველი აღსარების ჩასაბარებლად განსაზღვრულ დღესა და საათზე მოდის ტაძარში, როდესაც მას სულიერი მოძღვარი იღებს. რა თქმა უნდა, სასულიერო პირის ნდობის ბოროტად გამოყენებაც ხდება, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი რომ ყველა კეთილსინდისიერად იქცევა, განსაკუთრებით სადღაც ტაძარში ან დიდ მონასტერში მღვდელმსახურს არ შეუძლია იცოდეს, წმიდა ბარძიმთან მისულმა ადამიანმა თქვა აღსარება თუ არა, იგი მას უბრალოდ ენდობა.

 

-         ზიარებისათვის გაცემული ლოცვა-კურთხევა ყველას ინდივიდუალურად ეძლევა?

-         რა თქმა უნდა. მოძღვრობას (მწყემსობას) მე გავეცანი საბერძნეთში. თავდაპირველად მეც ბევრ რამეს კრიტიკულად აღვიქვამდი, მაგრამ როდესაც ბერძნების სულიერი ცხოვრების რეალურ მხარეს შევხედე, ამან განმაცვიფრა. კრასნოიარსკში ასე იყო: ტაძარში მოდიოდა 200 ადამიანი აღსარების ჩაბარებისათვის. რა უნდა უთხრას მოძღვარმა ამდენ ადამიანს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში? მან კოლოსალური სამუშაო უნდა გასწიოს: უნდა გაერკვეს წვრილმანებში, რომლებიც ამ ადამიანთა გულს ეხება, უნდა გაარკვიოს, თუ რა აიძულებს ამ ადამიანს გააკეთოს ესა თუ ის მოქმედება, საქციელი, ასწავლოს სწორად ცხოვრება. ამასთან ერთად, მღვდლის თითოეულ სიტყვას ოქროს ფასი აქვს. როგორ არის შესაძლებელი 2 საათის განმავლობაში სრულფასოვნად მოხდეს 200 ადამიანისაგან აღსარების მიღება? ამიტომაც მიმართავენ საერთო აღსარებას. მაგრამ საერთო აღსარებაზე, ცოდვათა ჩამონათვალს არ მიყავს ადამიანი სინანულამდე. ხშირი აღსარების დროს, ეს უდიდესი საიდუმლო ჩვენ ნახევრად მაგიზმამდე დაგვყავს: ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ „დამნაშავეა“, მას გადააფარეს ეპიტრახილი და მორჩა. ასეთი აღსარების შემდეგ, არანაირი სულიერი ცვლილება არ ხდება ადამიანის ცხოვრებაში. აი რა არის ყველაზე ტრაგიკული.

 

-         და აქ ხდება?

-         სულიერი მოძღვრისა და აღსარებაზე მოსული ადამიანის ურთიერთობა, გახლავთ მამაშვილური ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, რომ მოძღვარი უთუოდ ფლობს სულიერ გამოცდილებას. აქ რატომ არ აძლევენ ახალხელდასხმულ სასულიერო პირს აღსარების მიღების უფლებას? იმიტომ რომ მთელი თავისი განათლებით, მთელი თავისი უნიკალური შესაძლებლობებით, იგი არ ფლობს ყველაზე მთავარს: სამოძღვრო გამოცდილებას. მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს, იკვებოს საეკლესიო სულით, გახდეს საღმრთო მადლის ჭეშმარიტი გამტარი.

 

-         რომელი კანონი მოქმედებს საბერძნეთში ხელდასხმასთან მიმართებით?

-         თავდაპირველად, ხელდასხმისათვის აუცილებელია სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია. სულიერი მოძღვარი, როგორც ვთქვი უკვე, არ გახლავთ შემთხვევითი ადამიანი, რომელსაც შენ ერთი ორჯერ ჩააბარე აღსარება, არამედ სულიერი მოძღვარი გახლავთ ის, ვინც მთელს შენ სულიერ მხარეს იცნობს. თუკი სულიერი მოძღვარი ხელს არ მოაწერს რეკომენდაციას ხელდასხმის შესახებ, ხელდასხმა შეუძლებელია. (ანუ, ფორმალურად არ მოაწერს ხელს და ვერ იტყვის: ,,მღვდელმთავარი თვითონ გაერკვიოს.’’) თუკი რამე რიგზე არ იქნება, პირველ რიგში სულიერ მოძღვარს შეეკითხებიან, თუ ვინ აღზარდა მან და ამას ძალიან მკაცრად შეეკითხებიან და მოსთხოვენ პასუხს. აქ შენარჩუნებულია საეკლესიო სასამართლოს ტრადიცია, რომელიც რუსეთში დაიკარგა. და მართლაც, სულიერ მოძღვარს პასუხისმგებლობა დაეკისრება ეპისკოპოსის წინაშე, რომ სამღვდელო კანდიდატი ყველა აუცილებელ პირობას აკმაყოფილებს და არ არსებობს ხელდასხმის ხელისშემშლელი ფაქტორები. ხელდასხმა, ვთქვათ ადამიანისა, რომელსაც ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი გააჩნდა ვინმესთან, ან განქორწინებულია, ან მეორეჯერ არის დაქორწინებული, აქ გამორიცხულია. კანონებს მკაცრად იცავენ. მომავალი სასულიერო პირის ცხოვრებაში ხომ აბსოლუტურად ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

    ასევე აუცილებელია მეუღლის ხელმოწერა, თუკი კანდიდატი დაოჯახებულია. გარდა ამისა საჭიროა 2 ადამიანის მოწმობა, რომ კანდიდატმა მართლაც ღირსეულად წარმოაჩინა თავი. ასევე ეს ამბავი ცხადდება სამრევლო ტაძარში და მასიურ საინფორმაციო საშუალებებში, ხანდახან რადიოს მეშვეობითაც, რომ ესა და ეს პიროვნება გამორჩეულია სამღვდელო ხელდასხმის კანდიდატად, ამიტომაც თუკი ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია კანდიდატთან, პირადი უთანხმოება ან მსგავსი რამ, ეს თავიდანვე უნდა ეცნობოს მღვდელმთავარს ან საეპარქიო მმართველობას. თუკი მისი მისამართით პრეტენზიები არ არსებობს, მაშინ მას დათქმულ დროს აღიყვანენ სამღვდელო ხარისხში. როგორც წესი, საბერძნეთში სამღვდელო ქიროტონიები ერთ დიდ დღესასწაულს წარმოადგენს, განსაკუთრებით თუკი კანდიდატი ადგილობრივი საზოგადოებიდან არის გამორჩეული.

 

არსებობს ასაკობრივი შეზღუდვები ხელდასხმისათვის?

-         ჩვეულებრივ 30 წლამდე მღვდელს არ აკურთხებენ. ყველაფერი, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, აღესრულება კანონების თანახმად, ძველი საეკლესიო ტრადიციის შესაბამისად. ასევე, საბერძნეთში თქვენ ვერ შეხვდებით სასულიერო პირს ანაფორის გარეშე, საერო ტანსაცმელში. ეს კანონებით იკრძალება და თუკი ასეთი ფაქტი დაფიქსირდება და შემდეგ ეს ინფორმაცია მღვდელმთავრამდე მიაღწევს, მაშინ  ასეთ დაუდევარ სასულიერო პირს სერიოზული უსიამოვნებები და სასჯელები ელოდება წინ. გარდა ამისა, საზოგადოებრივ ადგილებში მღვდლის გამოჩენა სამოქალაქო კოსტიუმით, უეჭველად ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს მოსახლეობაში, ხოლო დამნაშავე ჭორაობისა და განხილვის ობიექტი გახდება.

 

-         ხელდასხმიდან რამდენი წლის შემდეგ ეძლევა მღვდელს ნებართვა, სამწყსოს სულიერი გამოკვებისა?

-         ჩვეულებრივ 3 წელი უნდა გავიდეს, სანამ მღვდელი სულიერი მოძღვარი გახდება.

 

-         ელადის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწე ბევრი მღვდელი აღასრულებს სამოძღვრო მორჩილებას?

-         80 პროცენტი. ჩვეულებრივ, ადრე თუ გვიან ადამიანი აღწევს სულიერი ასაკის იმ სიმაღლეს, როდესაც იგი შემძლებელია გახდეს სულიერი მოძღვარი.

 

-         დაახლოებით რამდენი სულიერი ჰყავს საბერძნეთში ერთ მოძღვარს? იქნებ, ჩვენი პრობლემები იმასთანაა დაკავშირებული, რომ მღვდელი აუტანელ ტვირთს ატარებს?

-         ამ შეკითხვას თითოეული მოძღვარი თავისებურად გასცემს პასუხს. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული მღვდლის ძალაზე და ადამიანებზე, რომელნიც მოდიან მასთან ქრისტესმიერი სიყვარულის მაცხოვნებელი სიტყვისათვის.

 

-         საბერძნეთში აღსარების წესი არასდროს აღესრულება ღვთისმსახურების დროს?

-         კი, აღსარება არასდროს არ არის მოქცეული ლიტურგიის ჩარჩოებში. მისი აღსრულებისთვის გამოყოფილია განსაზღვრული დღეები. აღსარება შეიძლება გაგრძელდეს 1,2 ან 3 საათის განმავლობაშიც, ხოლო თუ საჭირო გახდა, რამდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება ადამიანი მიუბრუნდეს მოძღვართან საუბარს, მაგრამ არა ლიტურგიის დროს.

 

-         ჩვენთან მოწამე ტატიანას სახელობის ტაძარში ყოველთვის არსებობდა შესაძლებლობა, რომ რომელიმე დღეს მისულიყავი და აუჩქარებლად გეთქვა აღსარება არა ღვთისმსახურების დროს! ე.ი, ეს წესი რუსეთშიც განახლდა?

 

-         იმის სწორი გაგებით, რომ ასეთია აღსარება, ყველაფერი შესაძლებელია. რატომ არ ჩავაბაროთ აღსარება წინასწარ?! არსებობს მაგალითი, რომ ადამიანმა ერთ დღეში შესცოდოს! მაგრამ სანამ ადამიანი აღსარებიდან ბარძიმამდე მივა, იგი უკვე სჩადის ცოდვას ფიქრებით, სიტყვით, განკითხვით და მისი აღსარება პირობითი ხდება. ამიტომ საჭიროა სწორად დაისვას აქცენტები სულიერი ცხოვრების გაგებისათვის და მოპოვებულ იქნას ვაჟკაცობა, რომ ფიქრებისა და მოქმედებების გაცნობიერება მოხდეს, რაც ხელს უშლის მის ნორმალურ განვითარებას.

 

 

-         რას აძლევს ადამიანს ინდივიდუალური აღსარება, საერთო აღსარებასთან შედარებით, რომელიც ჯერ კიდევ მიღებულია რუსეთში? რატომ არის იგი ასე მნიშვნელოვანი?

-         მნიშვნელოვანია აღსარებაზე მოსულმა ადამიანმა განიცადოს, რომ მისი აღსარება არ არის სასამართლო, სადაც მას გაასამართლებენ ან გაამართლებენ, რომ იგი არ იმყოფება ტანჯვის ადგილზე, არამედ ეს გახლავთ უდიდესი საიდუმლო. ამ საიდუმლოში მას, ვნებებით განადგურებულს და ცოდვებით დასნეულებულს, ეძლევა მაკურნებელი მადლი, მადლი სულისა წმიდისა. აღსარებაზე მას, სინდისის ქენჯნით გატანჯულს, შეუძლია მიიღოს ჭეშმარიტი სიმშვიდე და მოსვენება, საკუთარ თავთან და მის ნაკლულევანებთან დაუსრულებელი ბრძოლისგან. როდესაც მოძღვარი დაჩქარების გარეშე უსმენს ადამიანს, იგი ლახავს შიშის ბარიერს, შინაგან იწროებას, რომ მონანიებისას სრულად გადაუშალოს გული სხვა ადამიანს, რომელიც აყვანილია სამღვდელო ხარისხში. იგი ენდობა მას, როგორც მამას, რომელიც გაუგებს  და დაეხმარება, რომ გაერკვეს ყველა სიძნელეში და ეჭვებში, სიკეთით დაეხმარება, უკარნახებს თუ სად არის მისი მარცხისა და წუხილის ძირი (ფესვი) და წყარო. არ უნდა გვეშინოდეს, რომ მოუსმინოთ ადამიანს! ამისათვის ელემენტარულად საჭიროა მცირე დრო, რომელიც საერთო აღსარებისას მღვდელს არ გააჩნია.

   

წყარო-

 

წმ. გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო ცენტრისთვის რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

 

მსგავსი სტატიები:

რუსული მითები წმინდა სერაფიმე საროველის შესახებ 

რატომ არის თეოლოგია მთელ მსოფლიოში მეცნიერება, ხოლო რუსეთში - არა

თომა კემპიელის „ქრისტეს მიბაძვა“ და ეგნატე ბრიანჩანინოვის „ასკეტური გამოცდილებანი“ 

 

Download
რუსული მითები ბერძნულ მართლმადიდებლობაზე
Adobe Acrobat Document 200.7 KB