რა არის დიდი შესვლა? როგორ ხდება, რას განასახიერებს სიმბოლურად და რა უნდა გააკეთონ ამ დროს მორწმუნეებმა?
დიდი შესვლა არის წმიდა ძღვენის გადატანა სამკვეთლოდან საკურთხეველში, წმიდა ტრაპეზზე. ამ მოქმედებას ძველად დიაკვნები აღასრულებდნენ, რომელთაც საკურთხეველში ეპისკოპოსი ელოდებოდა. VI საუკუნიდან გადასვენება ხდება სადღესასწაულოდ და სიდიადით, რადგან მღვდლებიც იღებდნენ მონაწილეობას და იმპერატორიც. ბიზანტიის მორწმუნე იმპერატორები, რათა პატივისცემა და თაყვანისცემა გამოეხატათ გარდაცვლილი იმპერატორისთვის, ლოცვით მიაცილებდნენ მღვდელმსახურებს მთელ ტაძარში. ამ სადღესასწაულო შტრიხმა მოგვცა „დიდი“-ს ხასიათი, მცირესთან შეპირისპირებით. პირველად XIV საუკუნიდან ჩნდება ეს სხვაობა წერილობით ტექსტებში.
სანამ ძღვენის გადატანა მოხდება მღვდელი ამბობს ორ ლოცვას, რომლებშიც ევედრება ღმერთს, რომ განგვწმიდოს ჩვენ ყოველი ცოდვისაგან, რათა ღირსნი ვიყოთ მონაწილეობა მივიღოთ საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოში. მკითხველი (მგალობელი) გალობს „ქერუბიმთას“ საგალობელს „რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით...“ - ჩვენ, რომელნიც საიდუმლოთ ქერუბიმებს განვასახიერებთ და ცხოველსმყოფელ წმიდა სამებას, სამწმიდაოს გალობას უგალობთ, დაე ახლა ჩვენგან შორს დაუტევოთ ყოველი ამქვეყნიური (მატერიალური) საზრუნავი, რათა შევხვდეთ ყოველთა მეუფეს, რომელიც ანგელოზების მწყობრთაგან გარშემორტყმული მოდის. ქერუბიმთა საგალობელი საღმრთო ლოიტურგიაში VI საუკუნიდან (573-574) შემოვიდა, რათა გადაეფარა ის დრო, რომელიც სჭირდება მღვდელმსახურს დიდი გამოსვლისათვის.
ამ დროს მღვდელი ნელა ამბობს ლოცვას „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“ და 50 ფსალმუნს, აკმევს წმიდა ტრაპეზს, სამკვეთლოს, კანკელის ხატებს და ერს. შემდეგ შენდობას ითხოვს ყველასაგან, აიღებს ფეშხუმს (თუ დიაკონი იმყოფება, მაშინ მას გადასცემს) და წმიდა ბარძიმს. ამ დროს - ძღვენს წინ მიუძღვიან მნათეები და სხვები (იგულისხმება სტიქაროსნები) რომელთაც უჭირავთ ჯვარი, რიპიდები და საცეცხლური, რომლითაც ხშირად აკმევენ წმიდა ძღვენს - გამოდის საკურთხევლის ჩრდილოეთ კარიდან და ხმამაღლა ამბობს: „ყოველნი ჩვენგანნი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“ - დაე ჩვენ ყველანი გაგვიხსენოს ჩვენმა უფალმა და ღმერთმა, თავის სასუფეველში მარადის, ახლა და უკუნითი უკუნისამდე, გადაკვეთს ტაძრის მთელ ნავს და ცენტრიდან დაბრუნდება აღსავლის კარში, კრძალულებით დაასვენებს ფეშხუმს და წმიდა ბარძიმს მიდა ტრაპეზზე, შებურავს მათ გადასაფარებლებით, რომელთაც დაფარნები ეწოდებათ და უკმევს მათ.
იმ დროს, როდესაც მღვდელი წმიდა ბარძიმს და ფეშხუმს დაასვენებს წმიდა ტრაპეზზე, ანუ მოათავსებს ქრისტეს ხორცს საფლავზე, როგორც იოსებმა გააკეთა, დიდი პარასკევის ერთ ტროპარს ამბობს: „შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი (გვამი) შენი და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა და შემურვილი ახალსა საფლავსა დაგდვა“.
დიდი შესვლა სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს სიარულს ვნებისაკენ, როდესაც ბეთანიიდან იერუსალიმში მიმავალი ქრისტე უკანასკნელად გამოჩნდა ერში. როგორც განმარტავს ანდიდელი თეოდორე, ეს არის საღმრთო ლიტურგიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი. შესაბამისად, ჩვენი საკუთარი მდგომარეობაც ანალოგიური უნდა იყოს. მოდის დიდების მეუფე. ქრისტე მოდის, ანგელოზთა დასთაგან გარშემორტყმული, რათა მსხვერპლად შეიწიროს. ჩვენც ამ ანგელოზებს განვასახიერებთ და აქ და ახლა უნდა დაუტევოთ ყოველი ამქვეყნიური საზრუნავი, რათა შევეგებოთ მას.
როდესაც მღვდელმსახური გაივლის, მორწმუნეები პირჯვრის გამოსახვით თაყვანს სცემენ ძღვენს. აქ ხდება გარკვეული გაუგებრობა. უამრავი მორწმუნე იჩოქება დიდი შესვლისას, რადგან ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ მღვდელმსახურებს ხელში უჭირავთ ქრისტეს ხორცი და სისხლი. წმიდა ნიკოლოზ კაბასილა შენიშნავს: ,,სხვა მნიშვნელობა აქვს დიდ შესვლას პირველშეწირულზე და სხვა მნიშვნელობა აქვს წმ. იოანე ოქროპირის წირვაზე. იქ მღვდელმსახურებს ხელში უჭირავთ ბარძიმის შიგნით არსებული ქრისტეს ხორცი და სისხლი, მაგრამ აქ პური და ღვინო ჯერ არ განწმედილა და არ გარდაქცეულა ქრისტეს სისხლად და ხორცად.’’
წყაროები: http://choratouaxoritou.gr
http://orthmad.gr
რა აზრი დევს ფრაზაში- „წმიდაა წმიდათა“?
წმიდა ნიკოლოზ კაბასილა
როდესაც მღვდელი მიუახლოვდება წმიდა ტრაპეზს და ეზიარება, სხვებსაც მოუწოდებს ზიარებისკენ. როდესაც მღვდელი დაიჭერს ხელში ცხოველმყოფელ ძღვენს და აღამაღლებს მას ყველას კი არა, არამედ მოუწოდებს მხოლოდ ღირსეულებს, რომ ეზიარონ და ამბობს ასამაღლებელს:
„წმიდაა წმიდათა“
ეს იგივეა, რომ თქვას: აჰა, ეს არის პური ცხოვრებისა. მოდით და აიღეთ, თუმცა არა ყველამ, არამედ მხოლოდ იმან, ვინც წმიდაა. რადგან წმიდა ნებადართულია მხოლოდ წმიდებისათვის. წმიდებში აქ არ მოიაზრებს აბსოლუტურად ღირსეულებს, არამედ მათაც, რომელნიც იბრძვიან, რომ უფრო მაღალ საფეხურს მიაღწიონ და მათაც, ვისაც ჯერ არ მიუღწევია ამ საფეხურისათვის. ისინი რომელნიც იბრძვიან არ ეკრძალებათ, რომ მონაწილეობა მიიღონ წმიდა საიდუმლოში, რათა ისინიც განიწმინდონ. ამ გაგებით ესენიც წმიდებად ითვლებიან.
მთელი ეკლესიაც წმიდად იწოდება. ნეტარი მოციქულიც მთელი ქრისტიანული თემისადმი მიწერილ წერილში ამბობს: „ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაისა ზიარნო“ (ებრ. 3,1). წმიდებად იწოდებიან მორწმუნეებიც, რადგან სიწმიდეს, ესეიგი ქრისტეს ხორცს და სისხლს ეზიარებიან და მისი სხეულის ნამდვილი წევრები ხდებიან. ხორცი მისი ხორცთაგანი და ძვალი მისი ძვალთაგანი.
თუ გაერთიანებულნი ვართ ქრისტეში და ვინარჩუნებთ ჰარმონიულ კავშირს მასთან ერთად, ზიარებისას ვიღებთ ქრისტეს სიწმიდეს, რომელიც არის ეკლესიის თავი და გული. მაგრამ თუკი მოვწყდებით მისი წმიდა სხეულს და ისე ვეზიარებით, ფუჭი იქნება ჩვენი მონაწილეობა წმიდა საიდუმლოში.
რა არის ის, რაც აშორებს მორწმუნეებს ქრისტეს სხეულისაგან? ჩვენი ცოდვები! დიახ ჩვენი ცოდვები ქმნიან დაბრკოლებას ქრისტესა და ჩვენს შორის და გვაშორებენ მისგან.
მაშასადამე, ყოველი ცოდვა კლავს ადამიანს?
არა ნამდვილად! მხოლოდ მომაკვდინებელი ცოდვები. თუმცა არსებობს ცოდვა, რომელიც არ არის „მომაკვდინებელი“ ამბობს მახარებელი იოანე (1 იოან. 5, 16-17).
ამიტომ, როდესაც მონათლულები არ ვარდებიან მომაკვდინებელ ცოდვებში, იმ ცოდვებში, რომლებიც აშორებენ ადამიანს ქრისტესაგან და იწვევენ მის სიკვდილს (სულიერს), არ არსებობს მათთვის (ამ მონათლულებისათვის) დაბრკოლება, რომ ეზიარონ, რადგან ისინი ეკლესიის ცოცხალ წევრებად რჩებიან, შეერთებულნი მის თავთან, ქრისტესთან.
მღვდლის ასამაღლებელზე „წმიდაა წმიდათა“, მორწმუნეები პასუხობენ:
„ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღვთისა მამისა ამინ“, ესეიგი არავის არ აქვს სიწმიდე საკუთარი თავისგან. სიწმიდე არ არის ადამიანური ღირსების საქმე! ყველა მისაგან (ღმერთისაგან) ვიღებთ სიწმიდეს როგორც სარკე, თუკი მას დავდებთ მზის ქვეშ, გაბრწყინდება და იფიქრებ, რომ ბევრ მზეს ხედავ, თუმცა ერთია მზე. ასევე ქრისტეც, თუკი ვინმეს წმიდაჰყოფს, მაინც იგი იქნება მარადის ერთი და ერთადერთი წმიდა.
წყარო: ნიკოლოზ კაბასილა, „საღვთო ლიტურგიის განმარტება“ თავი 36).
ბერძნულიდან თარგმნა იოანე (ვანო) შოშიაშვილმა