ხალკის საღვთისმეტყველო კონფერენცია

 

2017 წლის 1-2 სექტემბერს, ხალკის ისტორიულ სემინარიაში გაიმართა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, ამერიკის მთავარეპისკოპოს მიქაელ კონსტანტინიდისის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ამერიკის მთავარეპისკოპოსი დემეტრეოსი, თეატირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი გრიგორიოსი, ბოსტონის ახლადგამორჩეული მთავარეპისკოპოსი მეთოდიუსი და მაღალი რანგის სხვა საერო თუ სასულიერო წარმომადგენლები.

სხდომა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა გახსნა, რომელმაც მოხსენების პირველ ნაწილში ქრისტიანული სამყაროსთვის ამერიკის სამიტროპოლიტოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, მეორეში კი ეკოლოგიურ პრობლემებს შეეხო, ხაზი გაუსვა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ დაწესებულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც პირველი სექტემბერი გარემოზე ზრუნვის დღედ დაწესდა, აღნიშნა რომის პაპ ფრანცისკესთან ერთად მიღებულ უახლეს რეზოლუციის მნიშვნელობა და საუბრის ბოლოს კიდევე ერთხელ მოუწოდა ადამიანებს ბუნებაზე ზრუნვისკენ.

მისი ყოვლადუწმინდესებოს შემდეგ საუბარი პრუსიის მიტროპოლიტმა ელპიდოფოროსმა განაგრძო, რომელმაც ხალხკის საღვთისმეტყველო სკოლის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

მომდევნო მოხსენება თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა- მილტიადის კონსტანტინუმ წაიკითხა, რომელმაც მთავარეპისკოპოს მიქაელის ცხოვრებისეული ეპიზოდებზე გაამახვილა ყურადღება.

            კონფერენციის ორდღიანი მსვლელობის მანძილზე ყველაზე აქტიური დისკუსია ბოსტონის ეპისკოპოს მეთოდიუსის მიერ წამოყენებულმა ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის თეოლოგიური აზრის ეხებოდა.

            სხდომა დაიხურა პრუსიის მიტროპოლიტ ელპიდოფოროსის გამოსვლით, რომელმაც მადლობა მოახსენა მოწვეულ პროფესორებსა და იერარქებს გაწეული თანამშრომლობისთვის, დადებითად შეაფასა ღონისძიების მიმდინარეობა და გამოთქვა მზადყოფნა სამომავლოდ მსგავსი კონფერენციების მასპინძლობისთვის.

 

ღონისძიების ამსახველი დამატებითი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ-Halki Theological School

 

 

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა