რუმინეთის პატრიარქ დანიელის სააღდგომო ეპისტოლე
2017 წელი
უფლის აღდგომის დღესასწაულს პასქაც ეწოდება, რაც ქრისტეს ცოდვაზე, ჯოჯოხეთზე და სიკვდილზე გამარჯვებას წარმოაჩენს.
წმინდა პასქა არის ასევე ყოვლადწმინდა სამების სიყვარულში მარადიული ცხოვრების, მუდმივი სინათლისა და სამარადისო სიხარულის დღესასწაული.
ამიტომაა რომ აღდგომის ღამის განმავლობაში და მომდევნო ორმოცი დღის მანძილზე ვგალობთ ტროპარს: ,,ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამრთგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.’’ აგრეთვე ვგალობთ: ,,დღეს ყოველი ქვეყანა აღივსების ნათლითა შენითა, ცანი და მიწანი და ადგილნი მისნი.’’ ან- ,,იხარებდინ ცანი და იშვებდინ ქვეყანა, რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავითა თვისითა უფალმან.’’
ჩვენ ამ დღეებს ბრწყინვალეს ვუწოდებთ, მშვიდობას და სიხარულს ვიღებთ უფალ ქრსტესაგან, რათა დაივანოს სინათლემ, მშვიდობამ და სიხარულმა ჩვენ ოჯახებში და საზოგადოებაში, შეეწიოს ავადმყოფებს, ობლებს, მოხუცებს, გლახაკებს, მათ ვინც მარტოსულნი და მწუხარენი არიან. დაე ნუ დავივიწყებთ იმ რუმინელებსაც, რომლებიც უცხოეთში ბინადრობენ, დაე გვახსოვდეს ისინი ლოცვებსა და სიყვარულში.
წმინდა აღდგომის დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობასა და გამოხსნას, მშვიდობასა და სიხარულს, გიძღვნით სააღდგომო მისალოცს: ,,ქრისტე აღდგა!’’
დანიელი
რუმინეთის პატრიარქი
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა