რომის პაპი ილია მეორეს - არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა, რომელიც თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ერთმანეთს აღვუთქვით
რომის პაპი ილია მეორეს წმინდა ილია თეზბიტელის დღესასწაულს ულოცავს. "თქვენი ზეციური მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, ელიას ხსენების დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიხარულითა და სულიერი სიახლოვის განცდით ვუძღვნი თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს საუკეთესო, გულითად სურვილებს. არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა ერთურთისათვის ლოცვისა, რომელიც გასულ წელს, თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ჩვენი დაუვიწყარი შეხვედრისას ერთმანეთს აღვუთქვით. გარწმუნებთ რომ, პირნათლად ვასრულებ ამ დანაპირებს, განსაკუთრებით ამ საიუბილეო წელს, როცა საქართველოს ეკლესია ზეიმობს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრების მეორმოცე და დაბადებიდან ოთხმოცდამეხუთე, ასევე ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მეასე წლისთავს. შევთხოვ უფალს, რომ კვლავაც უხვად მოჰმადლოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პატრიარქულ მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანს. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა წმინდანის, ელიას მეოხებით კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ერთობა იესო ქრისტეში, უფლისეულო ძმაო; მსურს კვლავაც გამოვხატო თქვენდამი ღრმა სულიერი სიახლოვის გრძნობა და გიძღვნათ ძმური მშვიდობის ამბორი",- ნათქვამია წერილში.