პატრიარქი - ეს დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები
დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საპატრიარქოში ამ წუთებში უწმინდესი აღნიშნული დელეგაციის წევრებს ხვდება. შეხვედრის დასაწყისში პატრიარქმა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს, ინარა მურლიეცეს მიმართა და მათი ვიზიტისათვის საქართველოში მადლობა გადაუხადა.
პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ლატვიის სეიმის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში ნაყოფიერი იქნება და დიდ გავლენას მოახდენს.
პატრიარქის თქმით, იგი 11 წელი იყო აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, თუმცა დღესაც არ აქვს შესაძლებლობა აფხაზეთში ჩავიდეს და იქაურ მორწმუნეებს შეხვდეს.
”თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს საშუალება საქართველოს საპატრიარქოში მიგიღოთ 5 ქვეყნის სპიკერები და ჩვენ მადლობას გიძღვნით მხარდაჭერისთვის იმ დროს, როდესაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელი აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ თქვენი ჩამობრძანებისათვის და დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას”, - განაცხადა უწმინდესმა შეხვედრაზე.