კონსტანტინოპოლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
+ ბართლომეოსი არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის,
ახალი რომის და მსოლიო პატრიარქი
ეკლესიის მთელ სისავსეს
მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტეს მიერ
ღმერთის წყალობით კიდევ ერთხელ გავხდით ღირსნი ვიზეიმოთ ღვთის სიტყვის ხორციელად შობის ეს უდიდესი დღესასწაული, რომელიც ქვეყანაზე იმისთვის მოევლინა რომ ჩვენთვის მოეტანა „კეთილდღეობა“,[1] ცოდვებისგან ხსნა, გავეთავისუფლებინეთ სჯულისგან და სიკვდილის მონობისგან, რათა ებოძებინა ჭეშმარიტი სიცოცხლე და უდიდესი სიხარული და „არავინ მიმიღოს იგი ჩემგან“.[2]
ვეგებებით „სრულყოფილ ღმერთს“,[3] რომელმაც „სიყვარული მოიტანა ქვეყნად“[4] და იმაზე უფრო მეტად ახლობელი გახდა „ვიდრე ჩვენ საკუთარი თავის მიმართ ვართ“.[5] სიტყვა ღმერთმა თავი დაიმდაბლა და ქმნილი სხეული შეიმოსა „გამოუთქმელი და მიუწვდომელი სიმდაბლით“.[6] „დაუტევნელი“ დაიტია ქალწულის წიაღში, უდიდესი უმცირესში შევიდა. ჩვენი სარწმუნოების ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, თუ როგორ მოხდა, რომ ზებუნებრივი ღმერთი, „ზეადამიანი გახდა ადამიანი“,[7] გამოუკვლეველ საიდუმლოდ რჩება. „ღმერთის განკაცების საიდუმლოს სიდიადე მუდამ საიდუმლოდ დარჩება“.[8]
ეს უცხო და უცნაური მოვლენა „საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან“[9] არის ადამიანის მადლისმიერი განღმრთობის საფუძველი. „და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა“.[10]
სწორედ ეს არის ადამიანისთვის უდიდესი გამომხსნელობითი ჭეშმარიტება. ქრისტეს ვეკუთვნით. ყველაფერი ქრისტეში ერთიანდება. ქრისტეში ხელახლა იძერწება ჩვენი ხრწნადი ბუნება, განახლდება ხატება და ყველა ადამიანს ეძლევა მსგვასების მოპოვების შესაძლებლობა. ღმერთის სიტყვის მიერ ადამიანის ბუნების შემოსვით, საღმრთო წინაგანგებულებით და საყოველთაო ცხონების შესაძლებლობით საფუძველი ეყრება ადამიანის მოდგმის ერთობას. მხოლოდ ადამიანი არ ცხონდება, არამედ მასთან ერთად მთელი სამყარო. როგორც პირველქმნილთა დაცემამ მთელი სამყაროს დაცემა გამოიწვია, ასევე ძის და ღმერთის სიტყვის განკაცება მიემართება მთელ ქმნილებას. „ბუნება გათავისუფლდება მაშინ, როდესაც სიბნელეში მყოფები სინათლის შვილები გახდებიან“.[11] წმინდა ბასილი დიდი მოგვიწოდებს იესო ქრისტეს შობა ვიდღესასწაულოთ როგორც „მთელი ქმნილების საერთო დღესასწაული“, როგორც „სამყაროს გამოხსნა, სამყაროს შობის დღე“. [12]
სამწუხაროდ სიტყვები „ქრისტე იშვა“ კვლავ ისმის ისეთ სამყაროში, რომელიც სავსეა ძალადობით, ანტაგონიზმით, სოციალური უთანასწორობით და ადამიანის ძირითადი უფლებების ფეხქვეშ გათელვით. 2018 წელს სამოცდაათი წელი სრულდება უმაღლესი იდეალების საყოველთაო დეკლარირებიდან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული კატასროფის შემდეგ ადამიანის უფლებები აიყვანა უმაღლეს საფეხურზე, რასაც უსიტყვოდ უნდა სცემდეს პატივს ყველა ერი და ყველა ხელისუფლება. მიუხედავად ამისა ამ დეკლარაციის დარღვევა გრძელდება. ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენება და მათი არასწორი ინტერპრეტაცია არყევენ ამ უფლებების მიმართ პატივისცემას. ვერც ადამიანის პიროვნებაზე ძალადობის გამოცდილებამ და ვერც უმაღლესი იდეალების საყოველთაო დეკლარირებამ შეაჩერა ძალადობა, ომი, ძალაუფლების გაღმერთება და ადამიანის ექსპლოატაცია. ვერც ტექნოლოგიურმა საშუალებებმა და მეცნიერების საოცარმა წინსვლამ, ვერც ეკონომიურმა პროგრესმა ვერ შეძლო სოციალური სამართლიანობის და მშვიდობის დამყარება. პირიქით, ჩვენს ეპოქაში შეძლებულთა ქონება კიდევ უფრო იზრდება და გლობალიზაცია სპობს საზოგადოებრივ ერთობას და მშვიდობას.
შეუძლებელია ეკლესიამ ყურადღება არ მიაქციოს ადმიანის პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ ამ საფრთხეებს. „ადამიანზე წმინდა არაფერია, რომლის ბუნებასაც ღმერთი ეზიარა“.[13] ჩვენ ყველანი ვიბრძვით ადამიანისთვის, თავისუფლების და სამართლიანობის დასაცავად, მაგრამ ვიცით რომ „ჭეშმარიტი მშვიდობა ღმერთისგანაა“,[14] გვჯერა, რომ ღმერთის სიტყვის განხორციელების და ადამიანის მადლისმიერი განღმთობის ზელოგიკური საიდუმლო გვიცხადებს ჭეშმარიტებას თავისუფლების და ადამიანის დანიშნულების შესახებ.
ეკლესიაში განვიცდით თავისუფლებას, ქრისტესგან, ქრისტესმიერ და ქრისტეში. ამგავრი თავისუფლების საფუძველია სიყვარული რომელიც „არა ეძიებნ თავისასა“,[15] სიყვარული „გულისაგან წმიდისა“.[16] საკუთარ თავზე დამოკიდებული და თვითკმაყოფილი ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის გარშემო მოძრაობს და ეძიებს საკუთარ კეთილდღეობას, მოყვასში იგი საკუთარი თავისუფლების შემზღუდველს ხედავს. ქრისტესმიერი თავისუფლება მიმართულია მოძმის მიმართ, მოძრაობს მოყვასის მიმართულებით და გამოვლინდება სიყვარულში. მორწმუნის საზრუნავს არ წარმოადგენს უფლებების მოპოვება, არამედ „ქრისტეს საქმეების აღსრულება“[17] სიმდაბლით და მადლიერებით.
თავისუფლების როგორც სიყვარულის და სიყვარულის როგორც თავისუფლების ქრისტესმიერი ცხოვრების ეს ჭეშმარიტება წარმოადგენს კაცობრიობის მომავლის გარანტს. ამ საღმრთო წესზე დაყრდნობილებს ძალგვიძს გავუმკლავდეთ დღევანდელობის უდიდეს გამოწვევებს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენს კეთილდღეობას ემუქრებიან, არამედ თვით კაცობრიობის სიცოცხლეს.
„ღმერთ-კაცის“ ჭეშმარიტებაზე როგორც თანამედროვე „კაც-ღმერთის“ მიმართ პასუხზე და ადამიანის დანიშნულების მაჩვენებელზე მიუთითა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდმა კრებამაც (კრეტა 2016): „მართლმადიდებელი ეკლესია თანამედროვე კაც-ღმერთის საპირისპიროდ ქადაგებს „ღემრთ-კაცს“, რომელიც წარმოადგენს ყოველივეს საბოლოო საზომს: „განღმრთობილ ადამიანზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ განკაცებულ ღმერთზე“.[18] მართლმადიდებელი ეკლესია ქადაგებს ღმერთკაცის და მისი სხეულის, ეკლესიის, გამომხსნელობით ჭეშმარიტებას, რომელიც (ეკლესია) წარმოადეგნს თავისუფალი სიცოცხლის, ჭეშმარიტი სიყვარულის,[19] მიწაზე- უკვე აღმდგარი იესო ქრისტეს სიცოცხლეში ზიარების ადგილს და საშუალებას“. [20]
ღმერთის სიტყვის განკაცება წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ ესქატოლოგიური სამეფოსკენ ისტორიულ მსვლელობას წარმართავს თვით იესო ქრისტე. რა თქმა უნდა ეკლესიის მსვლელობას ამ ესქატოლოგიური სამეფოსკენ, რომელიც არ აღესრულება ისტორიული რეალობისაგან დამოუკიდებლად, თან ახლავს დაბრკოლებებიც. ამ დაბრკოლებების მეშვეობით ეკლესია მოწმობს სიმართლის შესახებ და აღასრულებს განმწმედელ, სამწყემსო და გარდამქმნელ საქმეს. „ჭეშმარიტება არის ეკლესიის სვეტი და სიმტკიცე... ეკლესია სამყაროს სვეტია... ეს უდიდესი საიდუმლოა, სათნოების საიდუმლო“.[21]
ქრისტესმიერ ძმანო და შვილნო
ჩვენ შორის დამკვიდრებული ღმერთის სიტყვის მადლით მოდით ერთად ვიდღესასწაულოთ ქრისტეშობის ეს თორმეტი წმინდა დღე სიხარულით აღვსილებმა. ფანარიდან ყველას ვუსურვებ განკაცებულმა უფალმა და მხსნელმა ჩვენმა მოგანიჭოთ, სიმრთელე, მშვიდობა და ურთიერთსიყვარული, დაიცვას მისი წმინდა ეკლესია და დალოცოს მისი მსახურება, რათა იდიდებოდეს ყოვლადწმინდა და ყოვლადსახიერი სახელი მისი.
ქრისტეშობა 2017
ღვთის წინაშე განუწვეტლად თქვენთვის მლოცველი
კონსტანტინოპოლის ბართლომეოსი
------------------------------
[1] Γρηγορίου τοῦ Θεολόγου, Λόγος ΛΗ´, εἰς τὰ Θεοφάνια, εἴτουν τὰ Γενέθλια τοῦ Σωτῆρος, Γ’, PG 36, 313.
[2] ინ. 10, 18.
[3] ქრისტეშობის დიდი მწუხრის სადიდებელი მუხლი
[4] Νικολάου Καβάσιλα, Περὶ τῆς ἐν Χριστῷ ζωῆς, ΣΤ´, PG 150, 657.
[5] იქვე, ΣΤ´, PG 150, 660.
[6] Ἰωάννου τοῦ Δαμασκηνοῦ, Ἔκδοσις ἀκριβὴς τῆς ὀρθοδόξου πίστεως, Γ´, α´ PG 94, 984
[7] Μαξίμου τοῦ Ὁμολογητοῦ, Κεφάλαια διάφορα Θεολογικά τε καὶ Οἰκονομικὰ περὶ ἀρετῆς καὶ κακίας, ἑκατοντὰς πρώτη, ιβ´, PG 90, 1184.
[8]იქვე
[9] კოლ. 1, 26.
[10] საქმ. 4, 12.
[11] ნათლისღების იამბიკური კატავასია ხმა 8-ე.
[12] Βασιλείου τοῦ Μεγάλου, Ὁμιλία εἰς τὴν Ἁγίαν τοῦ Χριστοῦ Γέννησιν, PG 31, 1472-73.
[13] Νικολάου Καβάσιλα, Περὶ τῆς ἐν Χριστῷ ζωῆς, ΣΤ´, PG 150, 649.
[14] Ἰωάννου τοῦ Χρυσοστόμου, Εἰς τὴν πρὸς Κορινθίους Α´, Ὁμιλία Α´, α´, PG 61, 14.
[15] 1 კორ. 13, 5.
[16] 1 ტიმ. 1, 5.
[17] 12 ოქტომბრის საგალობლების ღვთისმშობლის მუხლი
[18] Ἰωάννου Δαμασκηνοῦ, «Ἔκδοσις ἀκριβὴς τῆς ὀρθοδόξου πίστεως», Γ’, β’. PG 94, 988.
[19] იხ. ეფეს. 4, 15.
[20] Ἐγκύκλιος τῆς Ἁγίας καὶ Μεγάλης Συνόδου τῆς Ὀρθοδόξου Ἐκκλησίας, § 10.
[21] Ἰωάννου τοῦ Χρυσοστόμου, Εἰς τὴν πρὸς Τιμόθεον Α´, Ὁμιλία ΙΑ´, PG 62, 554.
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ნიკო ღონღაძემ