კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბარათლომეოსი მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტესაგან.
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და ღვთისმოყვარე შვილნო: ,,სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.“ (ინ.16,33.), უდასტურებს ადამიანის მოდგმას სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი. ქრისტე აღდგა! და ჩვენც ამ წმინდა ადგილიდან ვახარებთ ყველას ახლოსა თუ შორს მყოფთ, რომლებიც იგვემებიან ამქვეყნიური განსაცდელებისაგან, მაგრამ ამავდროულად განიცდიან აღდგომის სიხარულს, სამყაროს ამ კონსტანტინეს ქალქიდან, რომ „სიცოცხლემ გაიმარჯვა“, რომელიც თრგუნავს ყოველგვარ ხრწნილებას და თვით სიკვდილსაც.
უფლმა მიწაზე ხორციელად ყოფნის დროს საკუთარ მოწაფეებს მრავალჯერ უწინასწარმეტყველა ჯვრაცმით გამოწვეული მწუხარების, ასევე მათი და მისი ყველა მიმდევრის ამ ქვეყანაზე მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ მუდამ მიუთიდებდა ერთ რამეს: „რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს.დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოეჴსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა, ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა“.(ინ.16, 20-22).
აღდგომის არაამქვეყნიური სიხარული პირველად განიცადეს ცხოვრების მომნიჭებლის საფლავთან დილით ადრე მისულმა მენელსაცხებლე დედებმა, უფლის სიტყვების მოსმენისას: „გიხაროდენ“ (მთ. 28, 9). აღდგომას ამგვარად განიცდის კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია და ღაღადებს ხმითა დიდითა: „ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“ (ფს.117, 24). უკანასკნელი მტერი, სიკვდილი, მწუხარება, გაჭირვება, ხრწნილება, სასოწარკვეთილება, განსაცდელი, ღმეთკაცი უფლის მიერ განქარდა.
მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებები ყოველ დღე გადმოსცემენ სამწუხარო ცნობებს, ტერორისტული თავდასხმების, ომების, ეკოლოგიური კატასტროფების, რელიგიური ფანატიზმისაგან გამოწვეული პრბლემების, შიმშილის, ემგრაციული პრობლემების, განუკურნავი სნეულებების, სიღატაკის, ფსიქოლოგიური წნეხის, დაუცველობის შეგრძნების, ყველა თანმხლები არასასიამოვნო მოვლენების შესახებ.
ამ ყოველდღიური განსაცდელების წინააღმდეგ, რომლებსაც ადამიანები მწუხარებით ვხვდებით, ჩვენი წმინდა ეკლესია შეგვახსენებს, რომ შეგვიძლია გავიხაროთ, რადგან უფალმა იესო ქრისტემ ამ ყველაფერს ძლია, მოიტანა სიხარული და განუსვენებს ყოველთა.
ჩვენი სიხარული ეფუძნება ქრისტეს გამარჯვების რწმენას. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ იგი სიკეთეა, რადგან ქრისტე ამქვეყნად მოვიდა: „და განვიდა ძლევითა, და სძლოსცა“. (გამოცხ. 6, 2). სამყაროში სადაც ვიცხოვრებთ ქრისტე მუდამ იქნება სინათლე, ჭეშმარიტება, სიცოცხლე, სიხარული და მშვიდობა.
ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესია ყოველდღიური განსაცდელების მიუხედავად ცხოვრობს სიხარულში, ამ ქვეყანაზე განიცდის ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლობის წმინდა ცენტრიდან, მრავალტანჯული ფანარიდან „ამ ბრწყინვალე ღამეს“ წარმოვთქვამთ ადამიანის ყოველგვარი ტკივილისა და განსაცდელის აღმომფხვრელ საუფლო სიტყვებს: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“ (ინ. 14, 18), „და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.“ (მთ. 28, 20) ეს გზავნილი ყველამ უნდა მოვისმინოთ, უნდა მოისმინოს თანამედროვე ადამიანმა და ნება მისცეს საკუთარ თავს, იხილოს უფალი რომელიც მუდამ მასთანაა. დიახ, იხილოს იგი თავის გვერდით, ამას კი მხოლოდ მაშინ შეძლებს თუ მოისმენს ღვთის სიტყვებს და აღასრულებს მათ საკუთარ ცხოვრებაში. მსოფლიო საპატრიარქო მთელ სამყაროს ახარებს, რომ სიკვდილზე გაიმარჯვა სიცოცხლემ, აღდგომის მაკურნებელმა და მიუაჩრდილებელმა სინათლემ სიბნელეზე გაიმარჯვა და მოუწოდებს ყველას განიცადონ ეს სიხარული, მოუწოდებს მათ რწმენით და იმედით წარდგნენ ქრისტეს აღდგომის, სიცოცხლის საიდუმლოს წინაშე. მოუწოდებს მათ ერწმუნონ მთელი სამყაროს სადავეების მპყრობელ, მკვდრეთით აღმდგარ უფალს, სიხარულისა და სიბრძნის უფალს.
ქრისტე აღდგა ძმანო და შვილნო, მადლი და წყალობა სიკვდილის დამთრგუნეველი და სიცოცხლის მომნიჭებელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, თქვენ ყოველთა თანა.
მკვდრეთით აღმდაგრი იესო ქრისტეს მიმართ თქვენთვის დაუცხრომელად მლოცველი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი.
ფანარი, აღდგომა 2017 წელი.
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ნიკოლოზ ღონღაძემ