აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სიონის საკათედრო ტაძარი მოინახულა
2017 წლის პირველ აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ეწვია სიონის საკათედრო ტაძარს, სადაც საპატიო სტუმრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს ტაძრის ისტორიული სიწმინდეები, სიონის ღვთისმშობლის ხატი და წმ. ნინოს ვაზის ჯვარი, გაეცნენ ეკლესიის ისტორიას და მოისმინეს ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ილიამ ვიცე-პრეზიდენტს ოქროს სამაჯური, ხოლო მის მეუღლეს კი თამარ მეფის ჯვრის ასლი გადასცა, ამასთანავე ბატონი მაიკ პენსი დაპირდა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, რომ გადასცემდა სამახსოვრო საჩუქრებს აშშ- ის პრეზიდენტ ბატონ დონალდ ტრამპს და მის მეუღლე მელანიას.
შეხვედრის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: ,,დღეს ჩვენ ვეწვიეთ პატრიარქს, სიონის საკათედრო ტაძარში, რომელიც საუკუნეების წინ აშენდა, ეს არის სიმბოლო ათასწლეული რწმენის, რომელიც აძლიერებდა ამ ქვეყანას. მე ასევე წმინდა წერილის ერთ-ერთი ნაწილი მახსენდება - ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში - ღმერთის რწმენა თავისუფლებაა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ ყველა ძალისხმევაში. დღეს ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი საქართველოს მიმართ და დარწმუნებული ვიქნებით, რომ ერთ-დღეს ჩვენ მოკავშირეები გავხდებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის თვალსაზრისით. ამას ვაკეთებთ რწმენით, საკუთარი თავის ნაბიჯების რწმენით, ამ ძველი მიწის ამაყი ხალხის სიძლიერის რწმენით, ჩვენი მთავარსარდლის, დონალდ ტრამპის კურსის სისწორის რწმენით, ღმერთის წყალობის რწმენით. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა და საქართველო თავისუფლები მომავალში ერთად იქნებიან”
მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა