„აი ია“ პატრიარქს ესტუმრა

 

,,4 ივნისი, სულთმოფენობა, საპატრიარქოს ეზოში ჩვეული მყუდროება "აი ია"-ს სარეაბილიტაციო ცენტრის პატარებმა დაარღვიეს. „აი ია“ პატრიარქს ესტუმრა. შემობრძანებულ უწმინდესს მაშინვე ბავშვები შემოეხვივნენ, გაცისკროვნებული თვალებით უხმოდ ეფერებოდნენ და გვერდიდან არ შორდებოდნენ. უწმინდესმა დიდი გულისყურით მოისმინა პატარების ისტორია, პედაგოგებისგან თერაპიის მეთოდი გამოიკითხა...პატარა ნანუკა სულმოუთქმელად ყვებოდა, როგორ აჩუქა პატრიარქმა ერთი წლის წინ სამაჯური, მაშინ ნანუკა სიტყვასაც არ ამბობდა...ახლა მიკროფონსაც არ ერიდება, ლაპარაკი უნდა... ჟრიამულობენ ჩვენი პატარები. მუსიკას გაიგონებენო,- ბრძანა უწმინდესმა. დარბაზში საგალობლის საოცარი ჰარმონია დაიღვარა. პატარები დედებს დაუბრუნდნენ და მიყუჩდნენ. მუსიკისა და ლოცვის ძალა შეერთდა...ტკივილი, შიში, სიხარული, იმედი ერთმანეთში აირია და ცრემლად იქცა. ერთი ფიქრი, ერთი სურვილი იყო ამ წუთებში ყველას გულსა და გონებაში - უფალო, მიეცი ამ პატარებს მომავალი! უფალო შეგვაძლებინე ამ საქმის კეთება! კურთხევის ძალითა და მადლით დახუნძლულებმა დავტოვეთ საპატრიარქო. წინ გრძელი და რთული გზა გვაქვს ყველას ერთად გასავლელი, დალოცვილია ჩვენი საკეთებელი, დალოცვილები არიან ჩვენი ბავშვები.''

 

წყარო- FB- საქველმოქმედო ფონდი აი ია/Charity Foundation AI IA