წმ. იუსტინე მოწამე და  ფილოსოფოსი

 

წმ. იუსტინე ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პიროვნებაა აპოლოგეტებს შორის. მისი  მოღვწეობა განსაკუთრებით ვრცელი და ყოვლისმომცველია. იუსტინე თავისი პერიოდის მაღალკულტურულ წრეს მიეკუთვნებოდა და საკუთარ განათლებას სრულად ახმარდა ქრისტიანობის დაცვას. თავისი ფილოსოფიური განათლებით მან წინასწარ განჭვრიტა ის პრობლემები, რომლებიც ადრე თუ გვიან ეკლესიას წინ დაუდგებოდა. მან ასევე განჭვრიტა ის საკითხები, რომლების შესახებაც აზრი მოგვიანებით განვითარდა და ქრისტიანული დოქტრინის უმთავრესი ნაწილი შეადგინა. წმ. იუსტინე მოწამე არის საინტერესო არა მხოლოდ როგორც მეორე საუკუნეში მოღვაწე აპოლოგეტი, არამედ მთლიანად საღვთისმეტყველო პრიზმიდან გამომდინარე ძალზედ საინტერესო პიროვნებაა.  მას ფილოსოფოსად იხსენიებდა ტერტულიანე, რადგან ის არა მხოლოდ განათლებით იყო ფილოსოფოსი, არამედ  ქრისტიანული ფილოსოფიის ფუძემდებლადაც ითვლება.  ზოგიერთი მკვლევარის აზრით წმ. იუსტინე მთელი თავისი ეპოქის აზროვნების წარმომაჩინებელი იყო. ის ჯერ კიდევ წარმართობაში მყოფი წარმოადგენდა იმ კატეგორიის მოაზროვნეებს, რომლებიც მთელი თავისი მონდომებით ეძიებდნენ ჭეშმარიტებას და ადრე თუ გვიან რომელიმე ქრისტიან მქადაგებელთან შეხვედრის შემდეგ ქრისტეს რჯულს იღებდნენ.  ამ პერიოდში წარმართის შეგნებულად გადასვლა ქრისტიანულ რჯულზე მართლაც რომ გმირული საქციელი იყო.

 მისი ცხოვრების შესახებ ასეთი ცნობებია დაცული: წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა დაახ. 100 წელს. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემში ეზიარა ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას (ეს ქალაქი იუდეველთა აჯანყების შემდეგ მიწასთან იყო გასწორებული და აღდგენის შემდეგ ფლავია ნეაპოლი ეწოდა). ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ვინმე ქრისტიანი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. მან იუსტინეს აუხსნა რომ სწორედ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები იყვნენ ჭეშმარიტი ფილოსოფოსები. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა (დაახ. 332-335 წწ.) და ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. ევსევი კესარიელი აღნიშნავდა რომ ეს მოქცევა აღესრულა ზღვის პირას და რადგან სიქემთან ზღვა არ არის, შესაძლოა ეს მოვლენა ეფესოში მოხდა. მოქცევის შემდგომ  არ გაუხდია ფილოსოფოსის მანტია და არ განუმოსია სიყვარული თავად ფილოსოფიის მიმართ. მან განახორციელი საღვთო გამოცხადებისა და ადამიანური ცოდნის სინთეზი. ის არ გამორიცხავდა რომ ჭეშმარიტების ანარეკლი ანტიკურ ფილოსოფიაში მოსეს გავლენა იყო და იგი წინ სწევდა სწავლებას რომ საღვთო ლოგოსი თანაზიარია ნებისმიერი ადამიანისა და ქრისტემდეც ხდებოდა რაღაც დოზით ჭეშმარიტების გამოცხადება <თუმცა ისინი ლოგოსს მაინც ვერ შეიცნობდნენ. ამ შეხედულებების გამო იგი ხშირად კრიტიკის ქვეშ ექცეოდა.

  „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის. იუსტინემ გახსნა სასწავლებელი, სადაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ასწავლიდა. წმიდანი მხურვალედ იცავდა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებას. დაახლოებით 155 წელს, როცა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა (138-161) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმ. იუსტინემ პირადად გადასცა მას „აპოლოგია“ სამი სიკვდილმისჯილი ქრისტიანის დასაცავად, სადაც დამაჯერებლად დაამტკიცა ქრისტიანობის მიმართ წაყენებული ბრალდებების სიყალბე. „აპოლოგიამ“ იმპერატორზე ისეთი დიდი გავლენა მოახდინა, რომ დევნა შეწყვიტა. აზიაში, სადაც განსაკუთრებით ავიწროებდნენ ქრისტიანებს, თავად იუსტინე გაგზავნა, რომელმაც სიხარულით ამცნო მის მცხოვრებლებს იმპერატორის გადაწყვეტილება. ეფესოში გაიმართა კამათი იუსტინესა და რაბინ ტრიფონს შორის (შესაძლოა ეს ცნობილი რაბინი ტარფონი იყო). ქრისტიანმა ფილოსოფოსმა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით, დაადასტურა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტება. ეს კამათი წმიდა იუსტინემ გადმოსცა თხზულებაში „საუბარი იუდეველ ტრიფონთან“. მეორე „აპოლოგიით“ წმიდა იუსტინემ რომის სენატს მიმართა. ეს მოხდა 161 წელს, ტახტზე მარკუს ავრელიუსის (161-180) ასვლის შემდეგ. იტალიისკენ მომავალი იუსტინე მოციქულთა მსგავსად ქადაგებდა სახარებას და თავისი ღვთივსულიერი სიტყვით მრავალს მოაქცევდა ქრისტეს სჯულზე. რომში დაბრუნებული წმიდანის მიმართ მრავალი ცრუ ბრალდება აღძრა ვინმე კრისკენტიმ, რომელიც არაერთხელ დამარცხებულა ფილოსოფოსთან კამათში და მისადმი შური უღრღნიდა სულს. წმიდა იუსტინე დააპატიმრეს და სასტიკი წამებით ამოხადეს სული კიდევ 6 მოწამესთან ერთად (+166). ზემოთ უკვე ნახსენებ თხზულებათა გარდა წმიდა მოწამე იუსტინეს ეკუთვნის: „სიტყვა ელინთა წინააღმდეგ“, „ელინთა სამხილებლად“, „სულის შესახებ“. წმიდა იოანე დამასკელმა შემოგვინახა დიდი ნაწილი მისი ჩვენამდე მოუღწეველი ნაშრომისა „აღდგომის შესახებ“. ისტორიკოს ევსევის ცნობით, წმიდანს დაუწერია წიგნები: „ყველა არსებული ერესის სამხილებლად“, „მარკიონის წინააღმდეგ“ და სხვა.

 წმ. იუსტინეს მრავალ ნაშრომზე აქვს საუბარი ევსევის, რომლებიდანაც ჩვენამდე ყველას არ მოუღწევია. ასევე არ შეიძლება მისი სახელით ცნობილი ყველა ნაშრომი მას მივაწეროთ.  წმ. იუსტინეს სახელით ცნობილი ნაშრომები სამ ნაწილად იყოფა:

1.      ავთენტური - პირველი აპოლოგია, მეორე აპოლოგია და დიალოგი ტრიფონ იუდეველთან.

2.      ნაყალბევი - ზენასა და სერენის მიმართ ეპისტოლე, მართლმადიდებელი სარწმუნოების გარდამოცემა, კითხვები და პასუხები მართლმადიდებლებს, ქრისტიანთა კითხვები წარმართებს და წარმართთა კითხვები ქრისტიანებს, არისტოტელეს აზრთა უკუგდება.

ეს ნაშრომები შეუძლებელია წმ. იუსტინეს კალამს ეკუთვნოდეს, რადგან ამ ნაშრომებში ნახსენებია ისეთი საღვთისმეტყველო ტერმინები, მოვლენათა აღწერა, ერესები და პიროვნებების სია, რომლებიც შეუძლებელია წმ. იუსტინეს პერიოდში ყოფილიყო. ასევე არ ემთხვევა ტერმინოლოგია ავთენტური ეპისტოლეებისას. ეს ნაშრომები ალბათ ქრისტიან მწერლებს ეკუთვნით, რომლებმაც თავიანთი ნაშრომის ავტორიტეტის ასაწევად წმ. იუსტინეს სახელით გააფორმეს ისინი.

 

3.      სადაო ნაშრომები - საუბრები ელინთა  მიმართ, ელინთა მიმართ შეგონებანი,ღვთის ერთმმართველობის შესახებ, აღდგომის შესახებ.

ამ სათაურებს ჩვენ ვხვდებით ევსევისთან და იოანე დამასკელთანაც, მაგრამ ტექსტი არ მოგვეპოვება, ამიტომ ამ სახელით ცნობილი სხვა ნაწარმოებები შემდგომი პერიოდის პერიფრაზია და არა იუსტინეს ნაშრომები.

წმ. იუსტინე კარგად იცნობდა წმ. წერილს. იგი იუდეველბთან კამათში ახსენებს, რომ ძვ. აღთქმის ტექსტის ზოგიერთი ადგილი, სადაც აშკარა მესიანური წინასწარმეტყველებები იყო წარმოდგენილი სპეციალურად იქნა იუდეველთა მიერ დამახინჯებული, ან შემოკლებული. მის მიერ მოყვანილი ციტატები არცერთ ბიბლიურ კოდექსში არ მოიპოვება. ზოგიერთი ავტორი იცნობს ამ ციტატებს, მაგრამ შესაძლოა ეს ციტატები გვიანდელი პერიოდის ქრისტიანულ ინტერპრეტაციას წარმოადგენდეს.

 ის ასევე იცნობს ახალი აღთქმის ტექსტსაც, რომელსაც ის ,,მოციქულთა მოგონებებს’’ უწოდებს. იგი ხშირად შეცდომით ასახელებს ამა თუ იმ სახარებისეული ციტატის ავტორს, რაც შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ ტატიანეს ,,დიატესარონის’’ მსგავსი კომპილაციური სახარებით სარგებლობდა. ის ასევე ახსენებს პეტრეს, თომას და ევიონიტების სახარებებს. შესაძლოა ის არ იცნობდა იოანეს სახარებას. აღსანიშნავია, რომ იგი საერთოდ არ ახსენებს წმ. პავლეს ეპისტოლეებს.

 საინტერესოა წმ. იუსტინეს ღვთისმეტყველებაც - ფილოსოფოსებზე დაყრდნობით იგი მამა ღმერთის დახასიათებისას გამოთქვამს ისეთ აზრს, რომლის მიხედვითაც მისთვის ღმერთი უპირველეს ყოვლისა არის კოსმოსური პრინციპი. შეუცვლელი შემოქმედი და დემიურგი. პლატონზე დაყრდნობით ის ღმერთის შეცნობას მხოლოდ გონებით აღიარებს. მისი თქმით ღმერთს სახელი არა აქვს და შეუძლებელია ჰქონდეს, რადგან თუკი მას ექნება სახელი, ესე იგი მას ვიღაცამ მასზე ზემოთ მდგომმა უწოდა სახელი. იგი ანვითარებს ფილოსოფიურ აზრს ქრისტეს სახელის გარშემო. ტერმინი ღმერთი კი ზეარსის წარმოსაჩენად იხმარება. იუსტინე გამორიცხავს აზრს რომ ღმერთი რომელიც აბრაამს, ისააკსა და იაკობს ეცხადებოდა ჰიპოსტასური მამა იყო. ის ანვითარებს აზრს ლოგოსის შესახებ.

 წმ. იუსტინე ძესთან მიმართებაში იყენებს სამ ტერმინს - ძე ღვთისას, ლოგოსს და ქრისტეს. მასთან ყველაზე ახლოს დგას ტერმინი ლოგოსი, რაც გვიჩვენებს რომ წმ. იუსტინეს სწავლებაზე დიდი გავლენა ფილონ ალექსანდრიელმა იქონია. მისი თქმით ჭეშმარიტი ძეა მხოლოდ ლოგოსი, ამიტომ მამა სხვათა მიმართ მამად იწოდება გადატანითი მნიშვნელობითი და მისი ერთადერთი ბუნებითი ძე ლოგოსია.

 ლოგოსი იშობა მამისგან, როგორც აზრი, როგორც ცეცხლი შობს ცეცხლს, მაგრამ თავად არ იშრიტება. სამყაროს შესაქმის მთავარი მოქმედი ლოგოსია. მას თავისი მარადიული არსი გააჩნია. ლოგოსს და მამას ერთი ნება აქვთ, განისხვავებიან მხოლოდ ჰიპოსტასურად, ლოგოსი არის შუამავალი სამყაროსა და მამას შორის. მამა სამყაროს ლოგოსის მიერ ეცხადებოდა, ისევე როგორც ძველი აღთქმის ისტორიაში, ასევე ანტიკური ფილოსოფიის მუშაკთა აზრებშიც.

 მასზე გავლენა სტოიკოსებისა და ფილონის გარდა იქონია იოანე მახარებლის გამოცხადებამაც. ის იცნობს გამოცხადებას, მაგრამ არ იცნობს იოანეს სახარებას.

 სულიწმიდას იუსტინე პირველ რიგში მოიაზრებს, როგორც წინასწარმეტყველურ სულს.  საერთოდ ეკლესიის ისტორიაში პნევმატოლოგიური კამათები და მსჯელობები ყველაზე ნაკლებად იყო. სულიწმიდით ცხოვრობდნენ და მისი მოქმედება ეკლესიაში აშკარად ჩანდა.

 წმ . იუსტინეს სწავლება სამებაზე სუბორდინაციიონიზმითაა გაჯერებული.

სუბორდინაციონიზმის გავლენის მიუხედავად აპოლოგეტი ქრისტეს პირდაპირ ღმერთს უწოდებს. ქრისტეს განკაცებაში იგი უდიდეს სოტერიოლოგიურ აზრს დებს და ამით კაცობრივი ბუნების განკურნებასა და გამოხსნაზე მიანიშნებს.  

 ზოგ ადგილზე ისე ჩანს, თითქოს წმ. იუსტინე ძე ღმერთს ანგელოზებს უტოლებს, თუმცა ეს ასე არ არის. მას გამოკვეთილი აქვს სწავლება ნათელისა და ბნელეთის ანგელოზების შესახებ.

 მისი აზრით ანგელოზები სულები არიან, რომლებიც მთლად არამატერიალურები არ არიან და გააჩნიათ ერთგვარი სხეული. მათი მოვალეობა ღვთისა და ადამიანის მსახურება, ადამიანებზე და ქმნილ სამყაროზე ზრუნვაა. ისინი არიან თავისუფალი ნებით, ამიტომ პასუხს აგებენ თავიანთ დაცემაზე. 

 დემონების შესახებ სწავლებაში წმ. იუსტინე სატანას უწოდებს განდგომილ გველს. ის დემონებს ხორციელ თვისებებსაც მიაწერს და დემონების გაჩენას მათ ქალებთან დაცემას უკავშირებს.  ისინი ნებისმიერ საღ აზრს ებრძვიან და თავის ცოდვილ თავს ისე განადიდებინებენ, როგორც ღმერთებს. მათ შთააგონეს ადამიანებს სოკრატეს მოკვლა, ერესების წარმოშობა, ქრისტიანთა დევნა. ქრისტიანებს მოეპოვებათ ხელმწიფება დემონებზე იესო ქრისტეს სახელის მიერ. მათი საბოლოო ხვედრი მარადიული ტანჯვაა.

 წმ. იუსტინე ანთროპოლოგიური საკითხებითაც იყო დაკავებული, თუმცა ამ საკითხის გარშემო მას პირდაპირი პასუხები არ გააჩნია, მისი ტერმინოლოგიაც სუსტია აქ.

 ის ადამიანს გონიერ ცხოველს უწოდებს. მისი სწავლება აშკარად დიქოტომისტურია - ის ადამიანში სულსა და სხეულს მოიაზრებს.  ის ზუსტად არ ასახელებს ადამიანის სულის რაობას, მაგრამ მოიაზრებს მას, როგორც ღვთიურს, უკვდავს და ზემო გონების ნაწილს. მისთვის სული არა ჰიპოსტასურია პირველ რიგში, არამედ უფრო ვიტალურ პრინციპს წარმოადგენს. სული ცხოვრების მომცემელია, რადგან ღმერთს სურს ესე, მაგრამ თუ ღმერთს მოუნდა ის ადამიანის სულის არსებობას შეწყვეტს. ის არ ცოცხლობს ისე, როგორც ღმერთი.  თუმცა იგი მაინც დასძენს მარადიული ტანჯვის შესახებ, ანუ სულის განადგურება აუცილებლობად არ მიაჩნია. სული სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებს გრძნობებს. ის აღდგომის გარდაუვალობაზეც საუბრობს და არ აქვს საკმარისი ცოდნა ღვთის ხატების შესახებ. ის ერთგან ახსენებს რომ ადამი იყო ღვთის ხატება, რომელშიც ღმერთის სუნთქვა მყოფობდა.  წმ. იუსტინე სულის თვისებად ღვთის შემეცნებას ასახელებს, რომელიც მხოლოდ გონებით ხორციელდება. ღვთის შემეცნება არა მარტო ცხოველთ, არამედ ადამიანების გარკვეულ ნაწილსაც არ შეუძლია, რადგან ეს მოსახერხებელია მხოლოდ სათნოებით სავსე ცხოვრებით. მისი სწავლებით ადამიანი შექმნილია თავისი ნების გარეშე, მაგრამ შექმნილმა სწორად უნდა გამოიყენოს თავისი თავისუფლება.

წმ. იუსტინე გარკვევით საუბრობს ქრისტეს ორ მოსვლაზე- პირველზე, რომელიც აღესრულა სიმდაბლით და ქრისტემ განტევების ვაცის მოვალეობა იტვირთა და მეორე, დიდებით. 

წმ. იუსტინე ხილიასტური მოძრაობის მიმდევარი იყო. მას მიაჩნდა რომ ქრისტეს ათასწლოვანი მეუფება დედამიწაზე მართალთათვის იერუსალიმში დადგებოდა, რის შემდეგაც სამყაროს ხანძარი გაანადგურებდა არ მოხდებოდა მისი გარდაქმნა, როგორც ამას სტოიკოსები ამტკიცებდნენ.

 წმ. იუსტინე თავის აპოლოგიებში ქრისტიანული ტრადიციის დასაცავად აღწერს ქრისტიანულ საიდუმლოებებს. აღსანიშნავია, რომ მაშინდელი ქრისტიანები მამის, იესო ქრისტეს და სულიწმიდის სახელით ინათლებოდნენ, ხდებოდა ევქარისტიული ძღვენის შეწირვა, გვაწვდის ინფორმაციას ნათლობაზე, რომელსაც ადრე განათლებასაც უწოდებდნენ. ევქარისტიული ძღვენი ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცადაა მიჩნეული.

 

 წყაროები:

Керн К.Э. (архим. Киприан) Патрология. Т.1. Свято-Сергиевский православный богословский институт в Париже. М.-Париж, 1996

Алексей Сидоров- КУРС ПАТРОЛОГИИ

 

თარგმნა დავით ზაზაშვილმა

 

Download
იუსტინე ფილოსოფოსი.pdf
Adobe Acrobat Document 216.2 KB