ტატიანე სირიელი

 

ტატიანე დაიბადა ,,ასირიელთა მიწაზე’’ დაახ. 120 წელს. ის წარმართი მშობლების შვილი იყო და  თავდაპირველად  წარმართული წარმოდგენების გარემოცვაში იზრდებოდა, სანამ არ შეიტყო თუ ,,რა არის ღმერთი და რა მისი ქმნილება’’, რის შემდეგაც რისტიანობაზე მოექცა. შესაძლებელია, რომ წარმართობის პერიოდში იგი მისტერიების თანაზიარიც ყოფილიყო. მოქცევის შემდეგ იგი იმდენად შემობრუნდა წარმართობისგან, რომ ყოველივე ელინურს, არა მხოლოდ სიფრთხილით, არამედ ირონიითა და მტრობით ეკიდებოდა.

 საკმაოდ რთულია მისი მწერლობითი მოღვაწეობის დროის დადგენა. ჰარნაკის მიხედვით იგი არ უნდა იყოს 165 წელზე გვიანი პერიოდის. ფუნკი უფრო მოგვიანო დროს ასახელებს. ბორდენხევერიკი  163-167 ხოლო ბარდი კი 168-179 წლებით შემოიფარგლებიან.

 მისი აპოლოგიის მეცხრამეტე თავში, ის იხსენიებს კრისკენტისა და იუსტინე ფილოსოფოსს, როგორც ცოცხლებს. ევსევი კესარიელი ტატიანეს ნაშრომის ამ ადგილს ისე გადმოგვცემს, თითქოს-და საქმე პირიქით ყოფილიყოს.

 თუკი ჩვენ დავუჯერებთ ევსევის, მაშინ აპოლოგიის დაწერას თარიღი 165 წელი უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ტატიანეს ნაშრომში იუსტინეს ლიტერატურული გავლენა არ იგრძნობა, არადა ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობაში იყვნენ. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ იუსტინეს და ტატიანეს აპოლოგიები, თითქმის თანადროულად დაიწერა.

 სხვა მხრივ თუ შევხედავთ ამ ნაშრომს, ჩვენ ვნახავთ, რომ როდესაც ტატიანე ახსენებს პერეგრინ პროტეოსს, ის გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ მან საკუთარი თავი ცოცხლად დაიწვა 165 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ტატიანე არ ახსენებს ორ იმპერატორს, არამედ ერთს. ჩვენთვის ცნობილია, რომ მარკუს ავრელიუსი ლუციუს ვერუსის თანამმართველია 161-168 წლებში. რადგან ნახსენებია ერთი მმართველი, ამიტომ დაწერის დროდ უნდა განვიხილოთ ანტონინუს პიუსის მმართველობის პერიოდი, ანუ 161 წლამდე.

 ტატიანე ბევრს მოგზაურობდა. მისი აპოლოგია სავარაუდოდ რომის გარეთაა დაწერილი, რადგან რომაულ ტრადიციებზე ის თავის მსმენელს ისე ესაუბრება, როგორც რაიმე ახალის მთქმელი. ტატიანესთვის რომი არის ,,რომეების ქალაქი’’, ან ,,დიდებული ქალაქი’’. ის აღნიშნავს, რომ ,,ქანდაკებანი, თქვენგან (ანუ ელინთაგან) იქნა ჩატანილი რომაელთათვის’’. ზოგი მკვლევარი დაწერის ადგილად საბერძნეთს ვარაუდობს.

 მკვლევარი ცანი თვლის, რომ ტატიანეს ცხოვრებაში რიგი მოვლენები ერთმანეთის მიყოლებით მოხდა: რომში ჩასვლა, იუსტინეს გაცნობა, ცინიკოს კრისკენტისთან შეხვედრა და ამ უკანასკნელის ტატიანეს წინააღმდეგ მოქმედებანი, რომიდან წამოსვლა და აპოლოგიის შედგენა. ამის შემდეგ ის ბრუნდება რომში, რჩება იქ და იუსტინეს მსმენელია მის სიკვდილამდე და თავად მოღვაწეობის რომში, როგორც მასწავლებელი.

 ირინეოს ლიონელის ცნობით, ის განუდგება ეკლესიას და ხსნის საკუთარ სკოლას - დიდასკალეონს. ეს ალბათ დაახ. 172 წელს მოხდა. თავის ენკრატისტული იდეებს, ტატიანე ალბათ დიდი ხანი ატარებდა თან. როგორც ირინეოსი აღნიშნავს, ტატიანემ ეს სატორნილეს და მარკიონის ერესებიდან იმემკვიდრევა.

 ჰარნაკის ცნობით, ტატიანეს ცნობილი ,,დიატესარონი’’ 172-180 წლების პერიოდში უნდა იყოს შედგენილი და მისი რომიდან წამოსვლის შემდეგ დაიწერა.

 ტატიანეს აღსრულების წელი უცნობია. ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, იგი 183 წლის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. მისი ნაშრომებია, აპოლოგია და ,,დიატესარონი’’, ანუ ოთხი მახარებლის ტექსტიდან შედგენილი ერთი ჰარმონიული ტექსტი.

 აპოლოგია - ეს არის მსჯელობა ქრისტიანული რელიგიის სიძველეზე და ელინთა ცთომილებებსა და ცრურწმენებზე.  ის 42 თავისგან შედგება და შინაარსით ორ ნაწილად იყოფა: პირველი ოცდაათი თავი წარმართობის მხილებასა და ქრისტიანობის დაცვას ეძღვნება, დანარჩენი ნაწილი ქრისტიანული რელიგიის სიძველეს.

 თავის მსჯელობას ტატიანე კითხვით იწყებს - ,,არის კი რომელიმე წესი ან ადათი, რომელიც ელინებმა არ ისესხეს სხვათაგან - ბარბაროსთაგან? თელმესიელები გაწაფულები იყვნენ სიზმრებზე მკითხაობაში, კარიელები მომავალს ვარკსვლავების მიხედვით იგებდნენ, ფრიგიელები და ისავრიელები ძველითგანვე იყვნენ ცნობილნი ფრინველებზე მკითხაობით. კვიპროსელები მსხვერპლის შიგნეულობაზე მკითხაობდნენ, ბაბილონელები განთქმული იყვნენ ასტრონომიით, სპარსები მაგიით, ეგვიპტელები გეომეტრიით, ფინიკიელები დამწერლობით’’.

 ამის შემდეგ ტატიანე ფილოსოფოსთა შეცდომებზე და ნაკლებზე გადადის: ,,რა ღირსეული რამე გამოიტანეთ თქვენ ფილოსოფიისგან? რომელი ბრძენთაგანი არ ჩავარდნილა ამპარტავნებაში? დიოგენე, რომელიც თავშეკავებით იკვეხნიდა ნაყროვანებით გარდაიცვალა, როდესაც მოუხარშავი პოლიპი შეჭამა. არისტიპე ფუფუნებაში ცხოვრობდა. ფილოსოფოსი პლატონი ღორმუცელობის გამო დიონისემ მონად გაყიდა . . . არისტოტელემ ალექსანდრე აღზარდა, რომელიც მეგობართა მკვლელი იყო’’ და ა.შ.

 ამ გადასახედიდან აშკარაა სხვაობა იუსტინეს და მის მოწაფე ტატიანეს შეხედულებებს შორის.  მათი მოსაზრებანი ფილოსოფიის შესახებ მკვეთრად განსხვავდება. ზოგიერთ ფილოსოფოსთა ცთომილების კრიტიკიდან გამომდინარე, ისინი სრულიად სხვადასხვაგვარად აღიქვამენ თავად ფილოსოფიას. იუსტინე ფილოსოფიაში ჭეშმარიტების სხივების ანარეკლს და ასევე ერთიანი ლოგოსის მიერ ადამიანთა გონებაში ლოგოსის (გონების, სიტყვის) დათესვას ხედავს. ტატიანეს არ სურს იხილოს ფილოსოფიაში არაფერი, გარდა სიცრუისა და ბოროტებისა. ბერძნული აზროვნების მიმართ მისი სიძულვილი უსაზღვროა.  ის არამხოლოდ ფილოსოფიას უარყოფს, არამედ მთლიანად ბერძნულ სიბრძნეს, კულტურასა და გრამატიკას.  ის უარყოფითად ეკიდება კულტურასა და მეცნიერებას. თეატრში ის გარყვნილებას ხედავს, სკულპტურა და პოეზია ასევე განადიდებენ გარყვნილებას. მეცნიერებათაგან იგი განსაკუთრებით მტრულად ეკიდება ასტრონომიას და მასში ამაოებასა და დემონთა მონაგონს ხედავს. ტატიანე, როგორც სხვა მრავალი ძველი პერიოდის მოღვაწეთაგანი, არ განარჩევს ასტროლოგიასა და ასტრონომიას. ის უარყოფს მედიცინასაც. ერთი სიტყვით ის გმობს ყოველივე ელინურს და ბერძნულ დახვეწილ ენასაც კი. ტატიანე - ტიპიური ბარბაროსია, რომელიც გაბოროტებულია კულტურული ნაციის არისტორკრატიზმზე და დახვეწილობაზე. მის პიროვნებაში - ასეთი შეხედულებებითა და ენკრატისტული გადახვევებით, ჩვენ შეგვეძლო განგვეჭვრიტა მომავალი სირიული დაუოკებელი, მწუხარებით აღვსილი ასკეტიზმის წინამორბედი აღმოსავეთის ეკლესიაში.

 ქრისტიანობის დადებითი კუთხით გადმოცემას ის მეხუთე თავიდან იწყებს სიტყვებით ,,პირველითგან იყო ღმერთი’’. ის იყო ერთი ყოველივეს შექმნამდე, ის არის ყოველივეს საფუძველი, უფრო ზუსტად კი ყოველივეს სუბსტანცია. მასში არსებობდა ხატების სახით ყოველივე და თავად სიტყვაც, მასში მყოფი. თავისი მარტივი არსების ნებით ლოგოსი გამოდის, რათა ღვთისაგან განცალკევებით იარსებოს. ამ დროს ლოგოსი ხდება მამის ,,პირველშობილი საქმე’’. ლოგოსი იშვება მამისგან ,,თანაზიარებიდან გამომდინარე’’ და არა ღვთიური არსებისგან რაიმე ნაწილის ჩამოშორებით. ამის შემდეგ ტატიანე იყენებს იმავე შედარებას, რასაც მისი მასწავლებელი წმ. იუსტინე - ცეცხლიდან ცეცხლის შობას. ლოგოსის შესახებ სწავლებაზე იუსტინეს გავლენა ტატიანეზე თვალსაჩინოა. მისი სწავლების ამ პუნქტში აშკარაა მონარქიანისტული კვალი. ტატიანე არასოდეს არ ხსენებს სიტყვა ქრისტეს თავის ნაშრომში.

 კოსმოლოგიურ სწავლებაში ტატიანე ეწინააღმდეგება ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრს, იმის შესახებ, რომ მატერია ღმერთთან თანამარადიულია. სამყარო შედგება მატერიისა და სულისგან, ხოლო ეს სული ტატიანესთვის ნივთიერია - ეს აშკარა სტოიცისტური გავლენაა. ამ სულს ის ყველგან ხედავს: ,,სულია ყოველივეში: ვარსვლავებში, ანგელოზებში, წყალში, ადამიანებში, ცხოველებში< თუმცა ის ყოველივეში ერთია, მაგრამ ის თავის თავში მოიცავს განსხვავებებს’’. მის კოსმოლოგიაში დუალიზმი იგრძნობა. ის ნივთიერებას ორ კატეგორიად ყოფს: უკეთესად და უარესად.

 სამყაროს არაფრობიდან შექმნა არის ტატიანეს საფუძველი მკვდართა აღდგომასა და მათი სხეულების აღდგენაზე ფიქრის შესახებ. ტატიანეს აზრით სამყარო შემოსაზღვრულია: ,,ცა შემოსაზღვრულია საზღვრებით’’.

 ადამიანის შესახებ სწავლებაში, ტატიანე აღნიშნავს, რომ ადამიანი არის ,,ღვთის უკვდავების ხატება’’ და იგი უკვდავებისათვის არის შექმნილი. ადამიანის შექმნისათვის შეიმნენ ანგელოზები. ყველა ამ ქმნილებათაგანი არის თავისუფალი ნების მქონე, თუმცა არ არიან ბუნებით კეთილნი, რადგან ასეთი მხოლოდ ღმერთია. მისი ღმერთის შესახებ აზროვნება მორალისტური ხასიათისაა. ადამიანებს აქვთ თავისუფალი ნება, არჩევანი. ცოდვით დაცემისას, ადამიანი განუდგა ღმერთის რჯულს და გაჰყვა სატანას. ღვთისა და მისი უკვდავების ხატებად შექმნილი ადამიანი, მას შემდეგ რაც სული გამოეყო მას, გახდა მოკვდავი.

 ტატიანე სულის ორ კატეგორიას გამოყოფს. ერთს იგი უწოდებს სულს, ხოლო მეორეს უფრო მაღლა მდგომად, ღვთის ხატებად და მსგავსებად მოიხსენიებს. ადამიანი ნაწილობრივ მატერიისგან, ხოლო ნაწილობრივ მატერიაზე ზემდგომისგან შეიქმნა. მთელი მატერია განმსჭვალულია შიდა მატერიალური სულით. სხვა არსებებისგან ადამიანი მეტყველებისა და ღვთის შეცნობის უნარით განსხვავდება.

 ,,სული თავისით უკვდავი არაა, კაცნო ელინნო, ის მოკვდავია. მაგრამ ის შეიძლება არც მოკვდეს. თუკი მან არ იცის ჭეშმარიტება, მაშინ იგი კვდება სხეულთან ერთად და მხოლოდ საყოველთაო აღდგომის დროს სხეულთან ერთად აღდგება. ადამიანში არის ღვთის სულიც, რომელიც სულთანაა შეერთებული’’.

ადამიანის სული, აქედან გამომდინარე არ არის მარტივი, არამედ შედგება ნაწილებისგან. ღვთის სული შეერთებულია ადამიანის სულთან და უკვდავებისა და ჭეშმარიტების შეცნობის თანაზიარად ხდის. სხეულისა და სულისაგან შედგენილი ადამიანი ორმაგი ხასიათისაა. ხორცი, მასთან მხსენიებულია, როგორც ..სულის ბორკილები’’. სხეული ,,შეიცავს სულს’’. თუკი ადამიანი თავის თავს ისე ინახავს, როგორც ტაძარს, მაშინ მასში მყოფობს სული.

 ცოდვით დაცემის დროს, ადამიანი განუდგა ღვთის სჯულს და გაყვა ეშმაკს. ადამიანები დაემორჩილნენ დემონებს, ხოლო მათ ადამიანებს უჩვენეს თანავარსკვლავედები, რომლის მიხედვითაც ადამიანებმა ბედის გამოცნობა დაიწყეს. ,,ბედისგანაა დამოკიდებული იქნები მოსამართლე თუ გასამართლებული, მკვლელი თუ მოკლული, მდიდარი თუ გაღარიბებული’’. სწორედ დემონები განსაზღვრავენ ბედს და მათვე ასწავლეს ადამიანებს კერპთაყვანისმცემლობა.  მისი აზრით, დედამიწაზე მყოფ ცხოველებს, დემონები ზეციურ პატივს დასდებენ, აღამაღლებენ ზეცად და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ადამიანთა ბედს განსაზღვრავენ. ხოლო ქრისტიანთათვის კი ბედს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ცოდვა, არა დაძალების და ბედის, არამედ თავისუფლების გამო მოხდა. ,,ჩვენ არ ვართ შექმნილი რათა მოვკვდეთ, არამედ ვკვდებით ჩვენი ნების გამო; ჩვენ დაგვღუპა თავისუფლებამ და თავისულად მყოფნი გავხდით მონები; ცოდვიდან გამომდინარე გავიყიდეთ. ღმერთს ცუდი არაფერი არ შეუქმნია, ჩვენ თავად წარმოვშვით ბოროტება. ხოლო როცა გამოვავლინეთ, ახლა უკვე შეგვიძლია განვაგდოთ იგი.’’

 ადამიანს შეუძლია შეინანოს და გახდეს უკეთესი. სულიწმიდასთან შეერთება არის სწორედ ხსნა. დემონებს არა აქვთ ამის იმედი. ისინი ადამიანებზე უფრო მკაცრად დაისჯებიან.

 წარმართული და ქრისტიანული რელიგიების შედარებისას, ტატიანე ელინებს მრავალი რამის გამო კიცხავს. ის განაგდებს ელინთა უხეშ ანთროპომორფიზმს და დასცინის მათ მითოლოგიას, რწმენას, ადათ-წესებს, თეატრს მსახიობებთან და გლადიატორებთან ერთად და სხვა სანახაობებსა და მანკიერებებს. ის უარყოფს წარმართთა იგავებს და ბევრ რამეში მათ მატყუარებად თვლის.

 აპოლოგიის მეორე ნაწილში, ის იცავს ქრისტიანობას მისი სიძველის მხრივ. მოსე, ტროას ომამდე 400 წლით ადრე ცხოვრობდა და ამიტომ ის ნებისმიერ ელინ მწერალზე უფრო ადრენდიელი მოღვაწეა. ელინმა და სხვა უფრო გვიანდელი პერიოდის მწერლებმა მოსესგან ისესხეს ბევრი რამე. სწორედ ამ შეხედულების გამო იყო დაფასებული ელინთა წინააღმდეგ ნაშრომი ქრისტიანულ ლიტერატურაში.

 რომიდან მესოპოტამიაში დაბრუნებული ტატიანე გაეცნო იმ დროინდელ სახარების თარგმანებს. დაახ. 173 წელს, მან შეადგინა თავისი სახარებისეული ჰარმონიული ტექსტი, რომელიც ქრონოლიგიის მიხედვით იყო დალაგებული. ეს იყო პირველი ცდა სახარების ასეთი განხილვისა. მისმა თარგმანმა მაშინვე ჰპოვა პოპულარობა სირიაში. მეოთხე საუკუნის მწერალი აფრაატი, მხოლოდ ,,დიატესარონის’’ ტექსტს იყენებდა და არ გამოჰყოდა სახარებებს ავტორების მიხედვით. ეფრემ ასურის მიერ ედესის საღვთისმეტყველო სკოლაში 360-370 წლებში წაკითხული კომენტარების საფუძველი ,,დიატესარონის’’ ტექსტია, რომელიც კანონიკური საღვთისმსახურო წიგნი იყო.ორიგინალში ,,დიატესარონი’’ არ შემოგვრჩა, მაგრამ არსებობს 1836 წელს აღმოჩენილი წმ. ეფრემ ასურის ლექციების სომხური თარგმანი, რომელიც 1876 წელს ლათინურდ ითარგმნა. 1934 წელს, სირიაში იქნა ნაპოვნი  ითარგმნა.

 დროთა განმავლობაში, ამ ნაშრომის სხვა თარგმანებით ჩანაცვლება მოხდა. მას იყენებდნენ არა მხოლოდ ტატიანეს მიმდევრები, არამედ მართლმადიდებლებიც (ნეტარი თეოდორიტეს ცნობით. მას კი ეს ნაშრომი ერეტიკულად მიაჩნდა და თავის ეპარქიაში 200 ეგზემპლარი დააწვევინა).

 ტატიანე, თავისი ჰარმონიული ტექსტის შექმნისას, სავარაუდოდ რომელიმე დასავლური კოდექსით ხელმძღვანელობდა. არაა გამორიცხული მას ხელთ ჰქონოდა აპოკრიფული ტექსტებიც, მაგრამ იგი არსად არ ცვლის ძირეულ ტექსტს. ტატიანემ ამოაგდო ქრისტეს წარმომავლობის მონაკვეთი მათეს და ლუკას სახარებიდან. შესაძლოა ეს გნოსტიკური განწყობის შედეგი ყოფილიყო, მაგრამ ალბათ მან ეს იმიტომ ქნა, რომ ვერ შეძლო ამ ორი ტექსტის ერთმანეთში ჰარმონიულად შეწყობა.

 ტექსტის ქრონოლოგიური შედგენილობა, ძირითადად იოანეს სახარებაზეა დამყარებული. ქრისტეს მიწიერი ცხოვრება სამ წელს მოიცავს, სამ პასექის დღესასწაულს უკავშირდება. თუკი მახარებლების ტექსტი ერთმანეთს ემთხვეოდა, ტატიანე, რომელიმე ერთის მონაკვეთს აიღებდა, ხოლო დანარჩენებს არ იყენებდა.

 ჰარმონიული ტექსტი ჩვენ არ შემოგვრჩა. მისი აღდგენის დროს მკვლევარები იყენებდნენ ეფრემ ასურის განმარტებებს (თუმცა ასირიული ტექსტი არ შემოგვრჩა, არსებობს მხოლოდ სომხური თარგმანი. ასევე წმ. ეფრემი ,,დიატესარონი’’ გარდა პეშიტოსაც იყენებდა), აფრატის საუბრებს (რომელიც მხოლოდ ,,დიატესარონს’’ იყენებდა), პადუანელი ეპისკოპოსი ვიქტორისათვის 545 წელს გადაწერილი ტატიანეს ოთხთავად ცნობილი ტექსტი, რომელიც ძალზედ დაზიანებული იყო, ასევე ის ახლოს იყო ვულგატის ტექსტთან და ლუკას სახარებისეული ქრისტეს წარმოშობის მონაკვეთიც შედიოდა მასში, და ასევე ,,დიატესარონის’’ არაბულ რედაქციას, რომელიც ნესტორიანელმა არაბმა ბერმა აბულ-ფარაგ-ბენ-ათიბმა (1043+) თარგმნა. ის ეყრდნობოდა გვიანდელ რედაქციას, რომელიც პეშიტოს გავლენის ქვეშ იყო, ამიტომ მისი ავტორიტეტი ეჭვის ქვეშაა( თარგმანი 1888 წელს გამოიცა).

 სავარაუდოდ ,,დიატესარონი’’ ასირიულ ენაზე იყო შედგენილი.

 ტატიანეს სხვა ნაშრომებთან დაკავშირებით - ტატიანე თავისი აპოლოგიის მეთხუთმეტე თავში ახსენებს საკუთარ ნაშრომს ცხოველების შესახებ, მეთექვსმეტეში დემონების შესახებ, ხოლო მეთოთხმეტეში ახსენებს, რომ იგი აპირებდა დაეწერა ნაშრომი <მათ წინააღმდეგ, რომლებიც საგნების ღვთაებრიობაზე ლაპარაკობნენ. კლიმენტი ალექსანდრიელიც ეყრდნობა ტატიანეს ნაშრომს სრულყოფილების შესახებ. ევსევი იცნობდა ტატიანეს შრომას პრობლემების შესახებ. არც ერთი ამ ნაშრომთაგან ჩვენ არ შემოგვრჩენია.

წყარო: Керн К.Э. (архим. Киприан) Патрология. Т.1. Свято-Сергиевский православный богословский институт в Париже. М.-Париж, 1996

 

 თარგმნა დავით ზაზაშვილმა

 

Download
ტატიანე სირიელი.pdf
Adobe Acrobat Document 252.9 KB