მოციქულებრივი მამები- წმ. ეგნატე ღმერთსემოსილი, წმ. პოლიკარპე სმირნელი, პაპიას იერაპოლელი

 

მოციქულებრივ მამებად ეკლესიაში მოიხსენიებენ კლიმენტი რომაელს, ეგნატე ღმერთშემოსილს, პოლიკარპე სმირნელს და კიდევ რამოდენიმე მამას, რომლებმაც გარდამოცემის მიხედვით ქრისტეს სარწმუნოება მოციქულებისგან მიიღეს და მათ პირდაპირ მემკვიდრეებად ითვლებიან.  

            წმ. ეგნატეზე (რომელიც ასევე ღმერთშემოსილად იწოდება) ჩვენ ევსევი კესარიელის ,,საეკლესიო ისტორიიდან’’ ვიღებთ ცნობებს. ის იყო ანტიოქიის მეორე ეპისკოპოსი ევოდიოსის შემდგომ და მოწამეობრივად აღესრულა რომში იმპერატორი ტრაიანეს ზეობისას (დაახ. 98 წლიდან 117 წლამდე პერიოდში).  ევსევი კესარიელის თანახმად იგი რომში გაგზავნეს და მხეცებს დააგლეჯინეს. დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე წმიდანმა რამდენიმე ეპისტოლე დაწერა, რომლებშიც იგი ამხნევებდა მცირე აზიის ქრისტიანულ კრებულებს. ჩვენამდე მოაღწია 7-მა ეპისტოლემ, რომლებიც კანონიკურად ითვლება. ესენია: რომაელთა, ეფესელთა, მაგნეზიელთა, ტრალიელთა, ფილადელფიელთა, სმირნელთა მიმართ ეპისტოლეები და ერთი კერძო ეპისტოლე წმ. პოლიკარპე სმირნელისადმი. ამ ეპისტოლეების დაწერის დროდ მიჩნეულია დაახლოებით 110-120 წლებს შორის არსებული პერიოდი, რადგან წმიდანი არაფერს არ გვეუბნება მარკიონის წვალებაზე, რომელიც 140 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება და ასევე ის, რომ მისი სიკვდილით დასჯის მეთოდი- გარეული მხეცების მიერ დაგლეჯვა 117 წლამდე იყო პრაქტიკაში.  

 წმ. ეგნატეს ეპისტოლეები შეკრიბა და გამოსცა წმ. პოლიკარპე სმირნელმა. ასევე არსებობს წმ. ეგნატეს სახელით ცნობილი კიდევ ექვსი ეპისტოლე, რომლებიც ნაყალბევებად არიან მიჩნეულნი. ესენია: მარიამ კასობოლიელის ეპისტოლე ეგნატესადმი, მისი პასუხი ამ ეპისტოლეზე, ტარსელთა მიმართ ეპისტოლე,  ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლე, ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე და დიაკონი ერონის მიმართ ეპისტოლე. ზოგიერთ მეცნიერს ეს ნაწარმოებები აპოლინარისტულ ფალსიფიკაციად მიაჩნია.

            წმ. ეგნატეს კანონიკური ეპისტოლეები შეუფასებელია წყარო ადრექრისტიანული პერიოდის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, რადგან ამ პერიოდზე ძალზედ მცირე რამაა ცნობილი.  არსებობს გადმოცემა, რომ ბავშვი, რომელიც მაცხოვარმა თავის თავსა და თავის მოწაფეებს შორის ჩააყენა სწორედ რომ წმ. ეგნატე იყო, მაგრამ ეს აზრი ქრონოლოგიური შეუსაბამობის გამო უგულებელყოფილ იქნა (ამას ადასტურებს წმ. იოანე ოქროპირიც თავის ჰომილიებში წმ. ეგნატეს შესახებ).

 წმ. ეგნატე თავის ეპისტოლეებში იყენებს ტერმინს ,,პარი’’, რომელიც ბერძნული სიტყვა ,,პარიკიადან’’ მომდინარეობს, რაც დროებით მყოფობას აღნიშნავს.  ასე და ამგვრად მისი რომაელთა მიმართ ეპისტოლის ბუკვალური სახოლწოდება ითარგმნება როგორც ,,დროებით რომში მყოფ ღვთის ეკლესიას’’. დროთა განმავლობაში ამ სიტყვით უკვე კონკრეტულ ადგილზე მყოფი ეკლესიები აღინიშნებოდნენ. ასე რომ ამ სიტყვით აღინიშნებოდა ერთი ეკლესია, რომელიც ,,დროებით მყოფობდა’’ ანდა ,,მოგზაურობდა’’ რომში, ანტიოქიაში თუ სადმე სხვა ადგილას. ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა აგრეთვე იმის აღსანიშნავად რომ ქრისტიანთა ჭეშმარიტი სახლი ზეციური იერუსალიმია, რომელიც უკანასკნელი ჟამს მიწურულს  ზეციდან დედამიწაზე გადმოინაცვლებს.

 თავის ეპისტოლეებში წმიდა ეგნატე განსაკუთრებულ ყურადღებას ღვთისმეტყველების ორ ასპექტს- ქრისტოლოგიას (მოძღვრება ქრისტეს შესახევ) და ეკლესიოლოგიას (მოძღვრება ეკლესიის შესახებ) უთმობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წმ. ეგნატე ადრექრისტიანული ეკლესიის ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი მწერალია, რომელიც არც წარმოშობით არ იყო ებრაელი და არც იუდეური გარემოს გავლენის კვალი გააჩნდა. მის შრომებში ძველი აღთქმიდან ძალზედ მცირე ციტატაა მოყვანილი.  

 წმ. ეგნატეს ქრისტოლოგიურ საკითხებზე მსჯელობას ფონად სდევს დოკეტებისა და მათი სწავლების წინააღმდეგ მიმართული პოლემიკა. მისი მოღვაწეობის პერიოდში მძლავრობდა დოკეტური წარმოდგენა მაცხოვრის განკაცების მოჩვენებითობის შესახებ. აი მაგალითად:  

,, . . . ამიტომ ნუ მოუსმენთ მათ, რომლებიც თქვენ გეტყვიან არა იმ იესო ქრისტეს შესახებ, რომელიც წარმოსდგა დავითი მოდგმისგან და მარიამისგან, ჭეშმარიტად იშვა, ჭამდა და სვამდა, ჭეშმარიტად განისაჯა პონტოელი პილატეს წინაშე, ჭეშმარიტად ჯვარს ეცვა და მოკვდა . . . რომელიც ჭეშმარიტად აღსდგა მკვდრეთით, რადგან მამამ ააღადგინა იგი. რომელიც იგივე გვარად აღგვადგენს ჩვენც - იესო ქრისტეს მორწმუნეებს, რადგან მის გარეშე ჩვენ არ გაგვაჩნია ჭეშმარიტი ცხოვრება . . . ‘’ ( ტრალიელთა მიმართ ეპ. 9)

 წმ. ეგნატე ქრისტეს სხეულის კონკრეტულ მატერიალობაში ყოველგვარი ეჭვის შეტანის მცდელობის წინააღმდეგ გამოდის.  ეს კონკრეტულობა, შეხებითობა, ისტორიულობა გადამწყვეტი ფაქტორია ჩვენი ცხონების საკითხში, რადგან თუკი ქრისტეს სხეულებრიობა მოჩვენებითი იყო (როგორც ამას დოკეტები ამტკიცებდნენ), მაშინ ჩვენი ცხონებაც მოჩვენებითი ხდება და არა რეალური.  

            საღვთისმეტყველო კუთხით წმ. ეგნატე უთუოდ მცირე აზიული საეკლესიო ტრადიციის წარმომადგენელია. მისი ტერმინოლოგია უფრო იოანე ღვთისმეტყველს ახასიათებს, ვიდრე პავლე მოციქულს. პავლე მოციქულთან სიტყვა ,,სომა’’- (სხეული) პოზიტიური მნიშვნელობისაა, ხოლო სიტყვა ,,სარკი’’ – (ხორცი), ნეგატიური.  წმ. იოანე მოციქული ხორცს დადებით დატვირთვას ანიჭებს (,,სიტყვა ხორციელ იქმნა’’). ეს სიტყვა მნიშვნელობით ებრაულ ,,ბასარ’’-ს უიგივდება, რაც ღვთისგან შექმნილ და კურთხეულ სხეულს აღნიშნავს. ამის მსგავსად წმ. ეგნატე მაცხოვრის კაცობრივი ბუნების აღწერისათვის სწორედ სიტყვა ხორცს იყენებს და ზოგიერთ ადგილას მისი გამონათქვამები საოცრად წააგავს ქალკედონის მე-4 მსოფლიო კრების ოროსის დებულებებს. ასე მაგალითად:   

 ,, . . . არსებობს მხოლოდ ერთი მკურნალი- სხეულებრივი და სულიერი, შობილი და უშობელი, ღმერთი ხორცში მყოფი, სიკვდილში მყოფი ჭეშმარიტი სიცოცხლე, მარიამისგან და ღვთისაგან, თავდაპირველად მიცემული ტანჯვას, ხოლო შემდგომში აღარ- უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ‘’  (ტრალიელთა მიმართ ეპ. 7)

მაცხოვრის განკაცებაზე ხაზგასმით წმ. ეგნატე ჩვენი ცხონების რეალურ ბუნებასაც უსვამს ხაზს-  ჩვენი ცხონებისათვის მაცხოვარი ყოვლითურთ უნდა დაგვმსგავსებოდა ჩვენ და შესაბამისად ნამდვილი, ცოცხალი ადამიანური სხეული უნდა შეემოსა.

 ასეთი სოტერიულოგიური (გამომხსნელობითი) სწავლება ფუძეა ქრისტიანული ზნეობისა, რომელიც თავის თავში ქრისტესადმი ბაძვას გულისხმობს. ეს ბაძვა არ უკავშირდება მხოლოდ ზნეობრივი მცნებების დაცვას, არამედ როგორც მაცხოვარმა რეალურად გაიზიარა ჩვენი ადამიანური ხვედრი, ასევე ჩვენც გაცნობიერებულად უნდა ვემსგავსოთ მის ცხოვრებას და განსაკუთრებით მის ვნებებსა და სიკვდილს:

 ,, . . . ხოლო თუკი ვინმე უღმერთოთაგან, ანუ ურწმუნოთაგან იტყვიან რომ იგი მოჩვენებითად ევნო - ისინი თავად არიან მოჩვენებანი. მაშ რატომ ვარ ბორკილებში?  რატომ მსურს ასე მხურვალედ შევებრძოლო მხეცებს?  განა ტყუილად ვკვდები? განა ტყუილს ვლაპარაკობ უფალზე?  და რადგან ყოველივეს დასასრული გააჩნია ორიდან ერთერთი  გველის წინ - სიკვდილი ან სიცოცხლე, და ყველა თავის ადგილზე მივა. რადგან არსებობს ვითარცა ორი მონეტა- ერთი ღვთისა და ერთი ამქვეყნისა. ორივეს აქვს თავისი ხატება- ურწმუნონი ხატებაა ამქვეყნისა, ხოლო მორწმუნენი სიყვარულში მყოფნი - ხატება მამა ღმერთისა იესო ქრისტეს მიერ. თუკი თქვენ არა ხართ მზად ნებაყოფლობით აღესრულოთ მისი ვნების მსგავსად, მაშინ მისი სიცოცხლე არაა თქვენში’’. (ტრალისელთა მიმართ ეპ. 10, მაგნეზიელთა მიმართ ეპ. 5)

ამ ეპისტოლეში უკვე აშკარად იგრძნობა ე.წ. ,,ორი გზის’’ ლიტერატურის გავლენა (დიდაქე).

 წმ. ეგნატეს ნაწარმოებებში ღვთის სიტყვის- ლოგოსის შესახებ რაიმე ფილოსოფიური სწავლება არ მოიპოვება. მისთვის ქრისტე არის-

 ,, . . . სიტყვა, რომელიც ღვთის მდუმარებისგან წარმოიშვა.’’  (მაგნეზიელთა მიმართ ეპ. 8)

 ის არის უტყუარი ბაგე, რომლითაც მეტყველებს მამა:

,, . . . უფალს არაფერი არ შეუქმნია მამის გარეშე, რომელთანაც იყო ერთობაში.’’ (მაგნეზიელთა მიმართ ეპ. 7)

,, . . . აღდგომის შემდეგ მაცხოვარი ჭამდა და სვამდა მოწაფეებთან ერთად, თუმცა ის სულიერად უკვე მამასთან იყო ერთობაში’’. (სმირნელთა მიმართ ეპ. 3)

 ასე რომ დოკეტების წინააღმდეგ პოლემიკაში წმ. ეგნატე ჩვენ სრულებით მართლმადიდებლურ სწავლებას გვაწვდის მაცხოვრის სხეულზე.

 წმ. ეგნატე პირველი მამაა რომელიც იყენებს ტერმინს კათოლიკე ეკლესია. იგი ამ ტერმინში არა გეოგრაფიულ უნივერსალობას, არამედ ეკლესიის ,,სავსებას’’ გულისხმობს იმ ადგილზეც კი, სადაც ქრისტეს სახელით ორი ადამიანი მაინცაა შეკრებილი.

            იგი ხაზს უსვამს აზრს ,,მონარქიული ეპისკოპატის’’ შესახებ და უდიდეს ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანული კრებულის ცხოვრებაში ეპისკოპოსის როლზე. იგი იმასაც ამბობს რომ ლიტურგიისა და ასევე სხვა საიდუმლოებების აღსრულება მხოლოდ ეპისკოპოსის პრეროგატივაა, ეპისკოპოსი -  ღვთის სახეა, პრესვიტერები  კი მოციქულთა კრებულის.

 რომაელთა მიმართ მის ეპისტოლეს ბევრი დასავლელი თეოლოგი პაპის პრიმატის და რომის კათედრის აღმატებულობის დასამტკიცებლად იყენებს, თუმცა აღმოსავლური მჭერმეტყველებით გაჯერებული ეპისტოლის კარგად შესწავლა გვარწმუნებს. რომ აქ არანაირ უპირატესობაზე არაა საუბარი (გარდა სიყვარულში პირველობის შესახებ). რომის პონტიფიკოსი ამ ეპისტოლეში საერთოდ არ არის ნახსენები.

 ევქარისტოლოგიაზე საუბრისას წმ. ეგნატე ხშირად იყენებს ტერმინ ,,აღაპას’’ (სიყვარულის აღმნიშვნელ ტერმინს- ეს პირველ საუკუნეებში გავრცელებული ტერმინი იყო, ადრე ევქარისტია სიყვარულის საღამოდ იწოდებოდა და საღამოხანს აღესრულებოდა- ამაზე პავლე მოციქულიც საუბრობს). ეპისკოპოსის როლზე საუბრისას იგი ამით ერეტიკული ევქარისტიის წინააღმდეგ ამახვილებს ყურადღებას.

 ზოგიერთი მკვლევარი ამბობს რომ წმ. ეგნატეს ნაშრიმებში გნოსტიკური სწავლების კვალიც იგრძნობა, თუმცა უდაო რომ წმ. ეგნატე კარგად იცნობდა იმ პერიოდში გავრცელებულ გნოსტიკურ ლიტერატურას. პატრიპასიანობის ერესში წმიდანის დადანაშაულებაც ყოვლად უსაფუძვლოა.

 

წმ. პოლიკარპე სმირნელი

 წმ. ეგნატეზე საუბრის შემდგომ შეუძლებელია ავუაროთ გვერდი წმ. პოლიკარპე სმირნელს, რომელმაც მისი ნაშრომები შეკრიბა და გამოსცა.  წმ. პოლიკარპე წმ. იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო, რომელმაც სმირნის ეპისკოპოსად  ხელი დაასხა. მის შესახებ წმ. ირინეოს ლიონელიც საუბრობს- მან იგი ბავშვობაში იხილა. ის ასევე მცირე აზიური საეკლესიო ტრადიციის წარმომადგენელია. ევსევი კესარიელი თავის ,,ისტორიაში’’ ახსენებს წმ. პოლიკარპეს დავას რომის პაპ ანიკიტასთან აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით 154-155 წლებში, იგი რომშიც იყო ჩაბრძანებული ამ საკითხის გადასაწყვეტად. სმირნული ტრადიციით აღდგომა ებრაული კალენდრის ნისანის თვის 14 რიცხვში აღინიშნებოდა, ხოლო რომში ამ დღის შემდგომი კვირის კვირა დღეს. ამის მიუხედავად მას რომთან ევქარისტიული კავშირი არ გაუწყვეტია.  წმ. პოლიკარპე აქტიურად ეგრძოდა მარკიონიტებისა და ვალენტინიანელების ერეტიკულ სწავლებას.  იგი ეწამა დიდ შაბათს აზიარქ ფილიპე ტრალიანესა და პროკონსულ სტატიუს კვადრატის ზეობისას, დაახ. 155-156 წლებში. სიკვდილის წინ მან თავად აღნიშნა რომ 86 წელი ემსახურებოდა ქრისტეს, ანუ აქ ჩვენ შეიძლება მისი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა მოვიაზროთ. თუ ამას გავითვალისწინებთ ჩვენ ვგებულობთ, რომ იგი დაახ. 70 წელს დაიბადა და ღრმა მოხუვებულობაში, დაახ. 120 წლის ასაკში ეწამა.  

            წმ. პოლიკარპეზე ჩვენ სამი დოკუმენტი მოგვეპოვება - წმ. ეგნატეს ეპისტოლე პოლიკარპესადმი, თავად მისი ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ და სმირნის ეკლესიის ეპისტოლე ფილომელიის ეკლესიის მიმართ, სადაც მისი მოწამეობაა აღწერილი. უკანასკნელ დოკუმენტში ჩვენ ვხვდებით მოწამეებისა და მათი წმ. ნაწილების თაყვანისცემის ადრეულ ფაქტებს, ასევე მოწამის წამების დღის აღნიშვნას და ამ დღის მის სულიერ დაბადების დღედ მოაზრებას. ისევე როგორც წმ. ეგნატესთან ეკლესია მოაზრებულია, როგორც მოგზაურობაში- მწირობაში მყოფი.

 ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა და ზოგიერთ ეკლესიებში ღვთისმსახურების მსვლელობის დროსაც კი იკითხებოდა. მისი სრული ვერსია მხოლოდ ლათინურ ენაზე არის შემორჩენილი.

 წმ. პოლიკარპე წმ. ეგნატეს მსგავსად ძველი აღთქმიდან ციტატებს იშვიათად იყენებს. იგი არ ახსენებს სიტყვა ეპისკოპოსს, არამედ ხმარობს სიტყვა პრესვიტერს. იგი ამ წოდებაში (რომელიც უხუცესად ითარგმანება) ეპისკოპოსებსაც აერთიანებს.

 

პაპიას ჰიერაპოლელი

პაპიას ჰიერაპოლელზე ჩვენ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მის შესახებ წმ. ირინეოს ლიონელი აღნიშნავდა, რომ იგი იყო  იოანე მოციქულის მსმენელი და პოლიკარპეს მეგობარი. ევსევი კესარიელი მასზე, როგორც მწირი გონების მქონე ადამიანზე საუბრობს. (ალბათ მისი ხილიასტური მოსაზრებების გამო). მოიაზრებენ, რომ იგი 70-80 წლებში დაიბადა. პატრიარქი ფოტიოსი მას მოწამედ მოიხსენიებს, თუმცა ამის დამადასტურებელ ფაქტებს ჩვენამდე არ მოუღწევია.     

 მის კალამს ეკუთვნის ხუთ წიგნად გამოცემული ,,უფლის გამონათქვამთა განმარტებანი’’. ამას აღნიშნავენ ევსევი კესარიელი, ნეტარი იერონიმე და წმ. ირინეოს ლიონელი (ეს უკანასკნელი ამ ნაშრომს უბრალოდ პაპიასის წიგნებს უწოდებს). ნაწარმოები მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩა ევსევისთან და წმ. ირინეოსთან. პაპიასი თავისი ნაშრომის წინასიტყვაობაში ახსენებს პრესვიტერებს, რომელთაგანაც მას ესმა ყოველივე. 7 მათგანი ჩვენ შეიძლება მოციქულებადაც მოვიაზროთ. ეს ნაწარმოები დღემდე ბურუსითაა მოცული.

 წმ. ირინეოსის თანახმად პაპიასი ხილიასტი იყო, რაც მოციქულთა ალეგორიული სწავლების ათასწლოვანი სუფევის შესახებ ბუკუალურად გაგებამ გამოიწვია. მისი ნაშრომის დაწერის თარიღად დაახ. 117-160 წლამდე პერიოდი მოიაზრება.

 პაპიას ჰიერაპოლელისგან ჩვენ ვგებულობთ, რომ მარკოზ მახარებელი პეტრე მოციქულის თანამგზავრი იყო და ასევე იმას, რომ მათე მოციქულმა თავისი სახარება ებრაულ ენაზე დაწერა. ასევე ის გვაწვდის უცნობ ინფორმაციას იოსტოს- ბარნაბასთან დაკავშირებულ სასწაულზე და იოანეს სახარების მე-8 თავში აღწერილ შემთხვევაში ნახსენები დედაკაცის დანაშაულზე ცნობებს.

 

თარგმნა დავით ზაზაშვილმა

წყაროები: Керн К.Э. (архим. Киприан) Патрология. Т.1. Свято-Сергиевский православный богословский институт в Париже. М.-Париж, 1996

Протоиерей Иоанн Мейендорф. Введение в Святоотеческое Богословие

 

Download
მოციქულებრივი მამები.pdf
Adobe Acrobat Document 259.1 KB