მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა წმინდა და დიდი კრების დასკვნით სესიაზე
წმინდა და დიდი კრების დასკვნით სესიაზე, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა. მისმა ყოვლადუწმინდესობამ მადლობა მოახსენა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომლებიც კრების მსვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას. მან აგრეთვე დასძინა, რომ ,,სულიწმინდის მადლი და ნათელი, რომელიც თანაბრად განეფინება ეკლესიის მთელ სხეულ, წინ მიგვიძღვის ერთსულოვნებისაკენ…ერთად ჩვენ დავწერეთ ისტორია! ჩვენ დავწერეთ ეკლესიის ისტორიის ახალი თავი!’’ გარდა ამისა, მსოფლიო პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართული იყვნენ პროცესში და ასევე მათაც, ვინც უფლისადმი ლოცულობდა, რათა წმინდა და დიდი კრება წარმატებით დასრულებულიყო. კრებაზე მიმდინარე პროცესთა შეფასებისას პატრიარქმა ბართლომეოსმა აღნიშნა, რომ ამ ყოველივეს თან ახლდა უამრავი სირთულე, მართალია ყველაფერი არ იყო მარტივი და უნაკლო, მაგრამ კრების მამებმა წარმოაჩინეს, რომ ისინი არიან ერთიანნი მრავალფეროვნებაში! გარდა ამისა მსოფლიო პატრიარქმა მოუწოდა მეთაურებს, რომ საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებულებს ეხარებინათ იქ მყოფთათვის ქრისტესმიერი მშვიდობა, რაც აგრეთვე გახლავთ წმინდა და დიდი კრების გზავნილი. მისმა ყოვლადუწმინდესობამ საკუთარი მიმართვა დაასრულა მადლიერებით: ,,ღმერთი მშვიდობისა არს ჩვენ ყოველთა თანა! ქრისტე არს ჩვენ შორის!’’ ამის შემდეგ, ალექსანდრიის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობა თეოდორემ მიიღო სიტყვა და კრების წარმატებით დასრულება მიულოცა მსოფლიო პატრიარქს. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად მეთაურებს შორის განსხვავებულ შეხედულებათა და ლინგვისტური კულტურის არსებობისა, საერთო აზრზზე შეჯერება მაინც მოხერხდა.მოხსენების ბოლოს ალექსანდრიის პატრიარქმა უსახსოვრა ყოვლადუწმინდესბართლომეოსს საპატრიარქო პანაღია და ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ მართალია საპატრიარქო მსახურება ჯვარია, მაგრამ მას თან მოსდევს აღდგომა და ამაღლება. ყოველივეს შეჯამების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა გამოაცხადა, რომ მომდევნო დღეს, შვეიცარიის მიტროპოლიტი იერემია, რომელიც გახლავთ წმინდა და დიდი კრების სამდივნოს კოორდინატორი, წაიკითხავდა კრების მთელი მსოფლიოსადმი მიმართულ გზავნილს. აქვე დავძენთ, რომ მოხსენებისას, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა მიმართა უნეტარეს დანიელს და შეაფასა იგი სრულყოფილ ღვთისმეტყველად, მან აგრეთვე სიამოვნებით გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მისი უნეტარესობა იყო ბოსეს ეკუმენიკური ინსტიტუტის ლექტორი 1980-1988 წლებში.
წყარო http://basilica.ro/sesiunea-festiva-de-incheiere-a-lucrarilor-sfantului-si-marelui-sinod-patriarhul-ecumenic-impreuna-am-scris-istorie/
მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა
https://seminarieli.wordpress.com/2016/06/30/წმინდა-და-დიდი-კრების-დას/
http://www.kreba2016.ge/