კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

 

(II ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

 

 


2.პირველ-მეორე კრების 15-ე კანონი

მართლმადიდებლობის ზოგიერთი თანამედროვე დამცველი დადებითად პასუხობს ზემოთ დასმულ კითხვებს და საკუთარ თავს ადარებენ  წმ. ათანასეს, მაქსიმე აღმსარებელს, თეოდორე სტუდიელს, მარკოზ ეფესელს და სხვა მრავალს. ფიქრობენ, რომ უფლება აქვთ მოიხმონ პირველ-მეორე კრების (861)   15-ე კანონის მეორე ნაწილი[1] განცალკევებულად: „მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჯეროვანი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი“[2].

მართლმადიდებლობის თანამედროვე დამცველნი საკუთარ ეპისკოპოსებს ადანაშაულებენ ერესში, მაგრამ არ წყვეტენ მათთან კავშირს, როგორც ამას წესი და ამ კანონის განმარტება  მოითხოვს[3]. რადგან კანონი ავალდებულებს მწვალებლური ეკლესიიდან გამოსვლას, რომელსაც წინამძღვრობს ერეტიკოსი პატრიარქი და მასთან ზიარების გაწყვეტას. ხოლო ისინი ეკლესიურად მიუღებელი წესით  წყვეტენ იმ ეპისკოპოსის მოხსენებას, რომელსაც ეკუთვნიან და არა პატრიარქის, რომელსაც ისედაც არ იხსენებენ და არც არიან ვალდებულნი მოიხსენიონ, სურთ დარჩნენ, იმსახურონ და იქადაგონ ტაძარში, მონასტერში, ან სკიტში სადაც იმყოფებიან, რომ იღვაწონ მათთვის „ერეტიკოსი“ ეპისკოპოსის სამწყსოში. „კავშირის გაწყვეტისას“ კატეგორიულად აცხადებენ, რომ განხეთქილებას არ ქმნიან და არც რომელიმე სხვა  სქიზმატურ ეკლესიას უერთდებიან. ამგვარად უეპისკოპოსო სასულირო პირების პოზიცია მიანიშნებს.  რომ უფრო მეტად სურთ საკუთარი თეოლოგიური შეხედულებების დანერგვა და გატარება, ვიდრე სქიზმის წარმოქმნა, რაც გამოიწვევდა საეკლესიო ერთობის დარღვევას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ თეოდორე სტუდიელის სიტყვებს[4]: „უთავო, უწინამძღვრო, უწესრიგო და დაპირისპირებულნი ვერ გადავრჩებით“. მათი მცდელობანი, რაც მათ წინააღმდეგობრივ პიროვნებას უკავშირდება, გვახსენებს ხალხურ ანდაზას: „ძაღლიც გააძღო და პური მთლიანი დაგრჩეს შეუძლებელიაო“!

აკრიბიის გამოყენების  შემთხვვაში, პატრიარქის მოხსენების შეწყვეტას და საეკლესიო ერთობის დარღვევას (თუ ორივე მათგანი მართლაც სახეზეა), კანონის მიხედვით უნდა  მოხდეს დამნაშავის განკვეთა: „თუ მღვდელი, ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი გაბედავს განდგომას თავისი პატრიარქის ერთობისაგან და განსაზღვრებისა და განწესებისამებრ არ ახსენებს მის სახელს საღვთო ჟამისწირვის დროს, არამედ კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე და მის საბოლოო დასჯამდე განხეთქილებას მოიმოქმედებს, საერთო კრებამ დაადგინა რომ იგი სრულიად უცხო უნდა იქნეს ყოველგვარი მღვდლობისაგან, თუკი ემხილება ეს უკანონობა“.

იმ შემთვევაშუ თუ  არ მომხდარა  კრების მიერ პატრიარქის ერესის გამო დასჯა, კანონის პირველი ნაწილი შეუძლებელია მოქმედებდეს[5]. ცხდია რომ კანონი შეუძლებელია გამოყენებულ იქნას იმ პრესვიტერების და ეპისკოპოსების მიმართ, რომელებიც პირდაპირ არ ემორჩილებიან პატრიარქს, რადგან  ეს პრესვიტერები და ეპისკოპოსები არ იხსენიებენ,  არც ვალდებულნი არიან და არც აქვთ უფლება  იხსენიებდნენ პატრიარქის სახელს, საღმრთო ლიტურგიის დროს.    კრების მიერ პატრიარქის განსჯის არ არსებობის მიუხედავად, მართლმადიდებლობის თანამედროვე დამცველნი ფიქრობენ (მცდარად), რომ უფლება აქვთ მოიხმონ კანონის მეორე ნაწილი,  რომელიც ამართლებს კავშირის გაწყვეტას იმ შემთვევაში თუ პატრიარქი ქადაგებს ერესს „აშკარად“. ხოლო მაშინ როდესაც მართლაც  საქმე გვაქვს  „ცრუეპისკოპოს“  ან  „ცრუმოძღვარ“ პატრიარქთან, მისგან განდგომით: „ეკლესია სქიზმით კი არ დაისერება არამედ განხეთქილებისა და განყოფისაგან გადარჩება“ [6].

ჩვენს შემთხვევაში მართლმადიდებლობის თანამედროვე დამცველებმა ჯერ უნდა აჩვენონ, რომელ ერესს ქადაგებს პატრიარქი „აშკარად“, რომელ კრებებს, რომელ მამებს და რომელ ერესებს გულისხმობს 861 წელს გამართული კრება და შესაძლებელია თუ არა ამ კატეგორიაში შედიოდნენ თანამედროვე კონფესიები (რომლებიც არ არსებობდნენ აღნიშნული კანონის შემოღებისას,  ხოლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ არ იყო დაგმობილი  „ფილიოკვე“. აღსანიშნავია რომ შემდგომ კრებაზე 879-880 წლებში დაიგმო ნიკეა-კონსტანტინოპოლის  სიმბოლოში რაიმეს ჩამატება და არა თავად ფილიოკვეს შესახებ სწავლება). დღეს, ისინი ვინც ამ კანონს იშველიებენ არღვევენ საეკლესიო ერთობას, როდესაც უერთდებიან ან ქმნიან ახალ (მათთვის მართლმადიდებლურ) ეკლესიას და ხდებიან სქიზმატიკოსები, რაც გამართლებლია იმ შემთხვევაში თუ პატრიარქი „აშკარად“  ქადაგებს ერესს, ანუ დაუფარავად და მოურიდებლად, როგორც ამას  შენიშნავს წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი[7]. თუ ვინმე ფიქრობს რომ ჰეტეროდოქსებთან დიალოგის სახით ურთიერთობა ერესია, ეს როგორც არგუმენტი მოკლებულია სერიოზულობას. შედეგად, ნათელია, რომ  კანონის როგორც პირველი ასევე მეორე ნაწილი გულისხმობს პრესვიტერებს, ეპისკოპოსებს, და მიტროპოლიტებს რომლებიც პირდაპირ ემორჩილებიან პატრიარქს, რასაც ადგილი არ აქვს ჩვენს შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ.

ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ფაქტები არ მიუთითებენ საეკლესიო დანაშაულის არსებობაზე, რომელის შესახებაც საუბრობს 15-ე კანონის მეორე ნაწილი. უკვე კვიპრიანე კართაგენელის ეპოქიდან (რომელსაც სქიზმების თეოლოგიც ეწოდება) სქიზმის მნიშვნელობა და საეკლესიო ერთობის დარღვევა ნიშნავს, უკვე არსებული ეკლესიის კანონიკურ ფარგლებს გარეთ სხვა ეკლესიის წარმოქმას[8].  სწორედ ამას განსაზღვრავს  პირველ-მეორე კრების 15-ე კანონის  შესატყვისი მოციქულთა 31-ე კანონი[9], რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ „მღვდელი  უგლებელყოფს თავის ეპისკოპოსს... და ხვა საკურთხეველს აღმართავს...“.

პირველ-მეორე კრების 15-ე კანონთან დაკავშირებით უნდა შეინიშნოს:

● 15-ე კანონი შეუძლებელია გულისხმობდეს მოგვიანო ხანის ცდომილებებს. ობიექტურად შეუძლებელია ამგვარი ყოფილიყო პირველ-მეორე კრების მამების სურვილი, რადგან იმ დროს არ არსებობდნენ  თანამედროვე  კონფენსიები. კანონი მოქმედებს   „წმიდა კრებების მიერ და და მამათაგან დაგმობილი რომელიმე ერესის“ არსებობის  შემთხვევაში, იგულისხმება  მსოფლიო კრებების მიერ დაგმობილი ერესები. აღნიშნული კანონის დადგენის დროს  (861) ჯერ დაგმობილი არ იყო ფილიოკვეს შესახებ  ცდომილება, რომელიც უკვე არსებობდა დასავლეთში. გარდა ამისა, ამგვარი სწავლება აღმოსავლეთში არასოდეს ყოფილა შეწყნარებული, რაც საფუძველს არ გვაძლევს  ვიფიქროთ,  რომ  კანონი ამ მიზეზით იქნა შემოღებული. იმ შეზღუდვების და წინაპირობების (რომლებიც მოცემულია კანონის მეორე ნაწილში), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მოხმობა და გამოყენება მამათა ნაშრომებში თითქმის არ ხდება[10], საეჭვოა  ამ კანონის მიმღები მამების  სურვილი ყოფილიყო  კანონს ემოქმედა მოგვიანო  „დაგმობილი“[11]  ცრუსწავლებების წინააღმდეგაც,  ეს შეუძლებელიცაა, რადგან მეშვიდე მსოფლიო კრების შემდგომ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ ჩატარებულა სხვა მსოფლიო კრება, შესაბამისად ჩვენს შემთხვევაშიც დანაშაულიც არ არსებობს. („თანამედროვე აღმსარებელების“ [12] ამ საკითხთან დკავშირებული  არგუმენტის და საეკლესიო სისხლის სამართალთან მისი კავშირის განხილვა, ზედმეტად მიგვაჩნია, რადგან  პირველ-მეორე კრების 15-ე კანონის მეორე ნაწილს მოცემულ შემთხვევაში ძალა არ აქვს ბევრი  სხვა მიზეზის გამო).

პირველ-მეორე კრების მამებმა კავშირის გაწყვეტის წინაპირობად დაადგინეს „დაგმობილი“  ცრუსწავლების საჯაროდ ქადაგება და განმსაზღვრელად დააწესეს, რომ    ეს ერესი ან მსოფლიო კრების მიერ  უნდა იყოს დაგმობილი  და ან უნდა არსებობდეს  Consensus Patrum  (თუკი  რა თქმა უნდა მამები რომლებსაც კანონი გულისხმობს შეიძლება განვასხვაოთ მსოფლიო კრებების მამებისაგან),  რაც დღეს არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, კათოლიკები მწვალებლები არიან თუ სქიზმატიკოსები. მართლმადიდებელ სამყაროში არც ჰეტეროდოქსებთან ურთიერთობების  საერთო განსაზღვრება არსებობს. პირველ-მეორე კრების მამების მიზანი იყო ერესის წინააღმდეგ  ერთობის შენარჩუნება და არა მართლადიდებლებს შორის განხეთქილების წარმოქმნა. სწორეს ამიტომ აუცილებელ წინაპირობად დაადგინეს  ზემოთაღნიშნული ფრაზა.  ისინის ვინც  ამ კანონით მანიპულირებენ  პირველ რიგში უნდა უნდა   მიუთითონ, ჰეტეროდოქსების რომელ ცრუსწავლებას იზიარებს  და საჯაროდ ასწავლის პატრიარქი[13].

●  განდგომილნი, საბედნიეროდ ცოტანი, არ წარმოქმნიან სქიზმას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადგან ასეთი რამ გულისხმობს ეკლესიის კანონიკურ ფარგლებს გარეთ სხვა სამსხვერპლოს აღმართვას, მაგრამ არღვევენ საეკლესიო ერთობას. პროფესორი სპირიდონ ტროიანოსი აღნიშნავს: „სქიზმასთან ახლოს დგას პარასინაგოგეს დანაშაული. პირველის შემთხვევაში აუცილებელია არსებობდეს თუნდაც ერთი ეპისკოპოსი, ხოლო მეორე ხორციელდება პრესვიტერის მიერ“[14]. პროფსორი გ. პულისი[15] სქიზმის შესახებ მსჯელობისას აღნიშნავს: „ამ დანაშაულის გამორჩეული მახასიათებელი არის ის რომ მოქმედი, ან თანამოქმედი არის სამღვდელო პირი, ეპისკოპოსის ხარისხით. ეს ასეა, რადგან სქიზმის შემთხვევაში  არსებობს  გარკვეული მმართველობითი სტრუქტურა, რომელსაც იმისთვის რომ იმოქმედოს სჭირდება ეპისკოპოსი ეკლესიების და  მღვდელების  საკურთხებლად. როდესაც  დანაშაულებრივ მოქმედებას სჩადის პრესვიტერი,  საქმე გვაქვს პარასინაგოგეს კანონიკურ დანაშაულთან“. განდგომილნი, მიუხედავად განცხადებისა რომ სქიზმას არ ქმნიან, იყნებენ კანონს რომელიც სქიზმას გულისხმობს. 

იმავეს აღნიშნავს აწგანსვენებული პრესვიტერი ევანგელოს მანძუნიასი: „წმიდა კანონების მიხედვით სქიზმასა და პარასინაგოგეს შორის განსხვავება კანონიკური დანაშაულის ჩამდენში   ჩანს. ამგვარად, სქიზმა წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე ეპისკოპოსის მიერ მღვდლებთან  და ერისკაცებთან ერთად. პარასინაგოგე ხორციელდება არა ეპისკოპოსის, არამედ პრესვიტერების მიერ, რომლებიც მღვდელმოქმედებენ განცალკევებით. ან არ აღიარებენ თავიანთ ეპისკოპოსს, ან არ იხსენიებენ მის სახელს დადგენილი  წესის მიხედვით, თუნდაც იმ შემთხვევაში როდესაც ის (ეპისკოპოსი) ჩადის დანაშაულს ან იზიარებს ერეტიკულ სწავლებას, მაგრამ  ჯერ კრებას არ განუსჯია იგი. პრესვიტერს, რომელიც იმყოფება იერარქიის მეორე   საფხურზე,  არ აქვს უფლება განსაჯოს ან დაგმოს ეპისკოპოსი“ [16]

● პირველ-მეორე კრება ერეტიკოსებში, პირველ რიგში გულისხმობს ხატმებრძოლებს[17], სწორედ ეს იყო კრების მოწვევის მიზეზიც (პატრიარქი ეგანეტეს გადაყენების (858), მისი განკვეთის (859)  დამოწმების და ფოტიოსის  კონსტანტინოპოლის პატრიარქად არჩევის აღიარების   გარდა).  ხატმებრძოლეობა წარმოადგენდა  „წმიდა კრებების მიერ და    მამათაგან დაგმობილ“   ცრუსწავლებას. კანონის ზედაპირული წაკითხვაც კი გვარწმუნებს, რომ  იგი ეწინააღმდეგება „ზილოტ“     მონაზვნებს და მღვდლებს, მათი მხრიდან ახალი ხატმებრძოლური წინააღმდეგობის თავიდან ასარიდებლად.    კანონი არ ითვალისწინებს კერძო შემთხვევებს, არამედ მიემართება საეკლესიო ერთობის დარღვევას გარკვული ჯგუფების მიერ, რასაც ჩვენს შემთხვევაში ადგილი არ აქვს.  

● თეოლოგიური დიალოგებში შესვლა არ   ნიშნავს იმას რომ მართლმადიდებლური მხარე იზიარებს თანამოსაუბრეთა დოგმატურ შეხედულებებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არ იქნებოდა დიალოგი. თუ  ჰეტეროდოქსებთან დიალოგი    წარმოადეგნს ერესს ან პანერესს, მაშინ ამ ერესში ყიფილა ჩავადნილი ეკლესია და ამ ეკლესიის მამები უძველესი დროიდან.

● ჰეტეროდოქსების არცერთი ცრუსწაველება არ იქადაგება პატრიარქის მიერ „საჯაროდ“. რაც შეეხება კრეტაზე მიღებულ დოკუმენტებს, ქვემოთ ვაჩვენებთ, რომ ისინი არათუ არ წარმოადგენენ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გარდამოცემული დოგმატური სწავლებისაგან გადახვევას,  არამედ  პირიქით -  სრულად ეთანხმებიან მას.

● პირველ-მეორე კრების 13-ე, 14-ე  და 15-ე კანონები[18],  ეხებიან საეკლესიო მოხსენების შეწყვეტას. 13-ე კანონი განსჯის პრესვიტერის და დიაკონის მიერ ეპისკოპოსის მოხსენების შეწყვეტას, 14-ე ეპისკოპოსის მიერ მიტროპოლიტის მოხსენების, ხოლო 15-ე მიტროპოლიტების, ეპისკოპოსების და პრესვიტერების მიერ პატრიარქის მოხნების შეწყვეტას.  მხოლოდ  15-ე კანონი, ისიც ერეტიკოსი პატრიარქის შემთხვევაში,  ამართლებს პატრიარქის სახელის მოხსნების შეწყვეტას (შემზღუდველი პირობების გათვალისწინებით, რომ  ეს ერესი დაგმობილი უნდა იყოს კრებების და მამების მიერ და მას საჯაროდ, კადნიერად და თავისუფლად უნდა ქადაგებდეს პატრიარქი) მათ    მიერ, რომლებიც ვალდებულნი არიან იხსენიებდნენ მას. პირველ-მეორე კრების 13-ე კანონი[19], ისევე როგორც მოციქულთა 31-ე[20], რომელიც მოქმედებს  მოხსენების შეწყვეტის  და    სქიზმის არსებობის შემთხვევაში, რასაც ჩვენს შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამორიცხავს მიტროპოლიტის წინააღმდეგ პრესვიტერების და მონაზვნების თვითნებურ მოქმედებას საკრებო გადაწყვეტილებამდე: „როდესაც მღვდლობის პატივში მყოფი მიიტაცებს მიტროპოლიტთა მსაჯულებას და მათ ბჭობაზე ადრე გამოუტანს განაჩენს თავის მამასა და ეპისკოპოსს ის არც მღვდლობის პატივის, არც მღვდლის სახელის ღირსია. ხოლო მის მიმდევრებს თუ სამღვდელონი იქნებიან ისინი, უნდა წაერთვათ პატივი, ხოლო თუ მონაზვნები ან ერისკაცები იქნებიან, უზიარებელნი უნდა იყვნენ და ეკლესიიდან სრულიად უნდა განეყენონ, სანამ არ დაანებებენ თავს განხეთქილების მოქმედთა ერთობას და არ მიბრუნდებიან თავის ეპისკოპოსთან“.    

● იმ პრესვიტერების განსასჯელად, რომლებიც თვითნებურად წყვეტენ საღმრთო ლიტურგიაზე თავიანთი ეპისკოპოსის მოხსენებას, საკმარისია ღანგრის 6-ე კანონი[21]. ამ კანონის გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნას მეხუთე-მეექვსე  კრების  31-ე კანონიც: „განვაჩინებთ, რომ მღვდელმსახურებმა სამღვდელო მოქმედება, ან ნათლისღება კარის ეკლესიაში აღასრულონ სხვა არანაირად, თუ არა ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვით. კლერიკოსი, რომელიც ამ წესს არ დაიცავს, განიკვეთოს”[22].           (აუცილებელია შევნიშნოთ რომ  კანონების     გამოყენება  მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის განსჯის სფეროში შედის, რომელიც ვალდებულია გამოიყენოს ყველა სამოძღვრო საშუალება შეცდომილთა განსასწავლად და გაითვალისწინოს,  კონკრეტულ შემთხვევაში, დანაშაულის სუბიექტური და ობიექტური      მხარეები).  

პირველ-მეორე კრების 15-ე კანონი, როგორც უკვე      აღინიშნა,  არ აძლევს პატრიარქის სახელის მოხსენების შეწყვეტის უფლებას პრესვიტერებს, რომლებიც სხვა მიტროპოლიტის იურისდიქციაში შედიან.  ამგვარი რამ გამოიწვევდა ადგილობრივი ეკლესიის მსოფლიოობის გაუქმებას, რაც წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითად საფუძველს. ნათელია, რომ პირველ-მეორე  კრების მამებს სურდათ, მოხსენების შეწყვეტის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის თვიადან არიდება, სწორედ ამიტომ დაადგინეს, რომ დანაშაული ფიქსირდება  მხოლოდ ერეტიკოსის პატრიარქის შემთხვევაში, როდესაც ეს ერესი „დაგმობილია“, როცა ამ ერესს პატრიარქი ქადაგებს საჯაროდ და როდესაც მოხსენების შეწყვეტა ხდება მათ მიერ, რომლებიც ვალდებუნი არიან იხსენიებდნენ მას.

● წმიდა კანონები პრესვიტერებს არ აძლევენ არანაირ საფუძველს შეწყვიტონ საკუთარი მიტროპოლიტის მოხსენიება, სანამ კრება არ განსჯის მას (პირველ-მეორე კრების 13-ე).  განდგომილთა არგუმენტი, რომ წყვეტენ მოხსენებას, რადგან მათ მიტროპოლიტს კავშირი აქვს  „ერეტიკოს“ მიტროპოლიტებთან და პატრიარქებთან, მოკლებულია კანონიკურ საფუძველს და არასერიოზულია.    მაშინაც კი თუ   მათი მიტროპოლიტი კავშირშია[23], სხვა მართლაც ერეტიკოს მიტროპოლიტებთან და პატრიარქებთან, შეუძლებელია იგი დავადანაშაულოთ ერესში, რადგან   არ არსებობს დანაშაულის სუბიექტური  მხარე.

მართლმადიდებლობის „თანამედროვე   აღმსარებლების“ არგუმენტის მიხედვით, ყველა რუს, ბულგარელ, ქართველ და ანტიოქელ პრესვიტერს უნდა გაეწყვიტა საკუთარ მიტროპოლიტთან საეკლესიო კავშირი, რადგან იმ პატრიარქს და ეკლესიას რომელსაც იგი ეკუთვნის საეკლესიო კავშირი აქვთ   ათ „ერეტიკოს“  პატრიარქთან, და მიტროპოლიტთან! არსებობს ამაზე მეტი უგუნურება? არსებობს თუნთაც ერთი ამგვარი შემთხვევა ამ სამყაროში? რატომ აგრძელებს ოთხი მართლმადიდებლური ეკლესია  საეკლესიო კავშირს  დანარჩენ ათ ეკლესიასთან, რომლებმაც მონაწილეობა  მიიღეს კრეტის წმიდა და დიდ კრებაში, თუ  ეკლესიის ის ათი პირველმოსაყდრე, რომელიც მონაწილეობას იღებდა, ერეტიკოსია? არსებობს ამაზე დიდი უგუნურება!!!

განდგომილთა მხრიდან პირველ-მეორე კრების 15-ე კანონის მცდარი განმარტების მიუხედავად[24], არსებობს უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მთავარი პრობლემა: შემოაქვს კრეტის  წმიდა და დიდ კრებას ახალი ეკლესიოლოგია, რომელიც არ ეთანხმება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას[25]?

მნიშვნელოვანია წმიდა გრიგოლ პალამას შენიშვნა 1351 კრების სინოდალურ ტომოსზე: „სხვა არის რწმენისთვის სიტყვისგება და სხვა  რწმენის აღმსარებლობა. სიტყვისგების დროს არ  უხმს სიტყვისმგებელს ზუსტსიტყვაობა, როგორც ამბობს ბასილი დიდი, რწმენის აღსარების დროს კი სიზუსტე ყველას მოეთხოვება“[26].  ოდნავ ქვემოთ ტომოსში აღნიშნულია: „სიტყვების გამო კია არ ვდავობთ, რადგან სიტყვებში საფრთხეს ვერ ვხედავთ, სანამ გონება ჯანმრთელად სჯის. ...არა ჩვენს სიტყვებში, არამედ ჩვენს საქმეებში ჩანს ჭეშმარიტება და ღვისმოშიშება, როგორც ასწავლის გრიგოლ ღვთისმეტყველი“. აუცილებელია  ვაჩვენოთ ზუსტსიტყვაობენ თუ არა კრების დოკუმენტები სიტყვების მეშვეობით  ჭეშმარიტების გამოხატვისას, და მართალია თუ არა ის, რომ ისინი   ვინც რწმენას იცავენ,  კი არ ზუსტსიტყვაობენ, რაც დასაშვებია, არამედ ცდებიან.



[1] Ρ. Π. Β´, 693.

[2] დიდი სჯულისკანონის ახალ ქართულ თარგმანში გამოტოვებულია ფრაზა: „წმიდა კრებების მიერ და და მამათაგან დაგმობილი რომელიმე ერესის გამო“. შესაბამისად თუ ამ ფრაზას დავამატებთ, კანონი ამგვარ სახეს მიიღებს: „მაგრამ ის, ვინც წმიდა კრებების მიერ და და მამათაგან დაგმობილი რომელიმე ერესის გამო,  განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჯეროვანი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი    დიდი სჯულისკანონი, თბილისი 2004. გვ. 213. ძველ ქართულ თარგმანში კანონი სრული სახითაა მოცემული: „რამეთუ რომელთა წმიდათა კრებათა და მამათა მიმართისა რაჲსმე განწვალებულებისა მისისათჳს განყვნენ თავნი თჳსნი ზიარებისაგან მღდელთმთავრისა თჳსისა, ცხად არს, ვითარმედ რაჟამს მან წვალებაჲ იგი საეროდ ქადაგოს და დაუბურველითა თავითა ეკლესიასა შინა ასწავოს, ეგევითარნი იგი არა ხოლო კანონთამიერისა განკანონებისაგან თავისუფალ არიან, რომელთა უწინარეს საკრებოჲსა განჩინებისა განაშორნენ თავნი თჳსნი ზიარებისაგან ეპისკოპოსად სახელდებულისა მის, არამედ ვითარცა მოშურნენი მართლმადიდებლობისანი პატივისაცა ჯეროვნისა ღირს იქმნენ, რამეთუ არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუ ეპისკოპოსი და ცრუ მოძღუარი განიკითხეს და არა განხეთქილებითა განჭრეს ერთობაჲ ეკლესიისაჲ, არამედ განხეთქილებათა და განყოფილებათაგან ჴსნაჲ ეკლესიისაჲ ისწრაფეს“.

[3] Ζωναρᾶς, Ρ. Π. Β´ 694: «...περὶ τῶν προφάσει τινῶν ἐγκλημάτων τῶν οἰκείων ἀφισταμένων προέδρων καὶ τὴν ἕνωσιν διασπώντων τῆς ἐκκλησίας...». Βαλσαμών, Ρ. Π. Β´,695: «...ἀποσχίσῃ ἑαυτὸν ἐκ τούτου, καὶ τοιουτοτρόπως διαρρήξῃ τὴν ἕνωσιν τῆς ἐκκλησίας».

[4] Theodori Studitae Epistulae, Pars altera, CFHB, vol. XXXI/2, Series Berolinensis (Ed. H.–G. Beck–A. Kambylis–Keydell) 1991 (rec. G. Fatouros), Ἐπιστ. 368, 500.

[5] Ρ. Π. Β´, 692-693.

[6] Ρ. Π. Β´, 693.

[7] Νικοδήμου Ἁγιορείτου Πηδάλιον, Θεσσαλονίκη 1991, 35.

[8] De Unitate 17, 226, SC 500, 224: «arma ille contra ecclesiam portat, contra Dei dispositionem repugnat hostis altaris, aduersus sacrifcium christi rebellis, pro fde perfdus, pro religione sacrilegus...contemptis episcopis et Dei sacerdotibus derelictis constituere audet aliud altare, precem alteram inlicitis uocitus facere, dominicae hostiae ueritatem per falsa sacrifcia profanare».

[9] ΡΠ Β´, 39.

[10] Ὁ Καθηγητὴς Γ. Πουλῆς, Ἐκκλησιαστικὸ Ποινικὸ Δίκαιο. Δοκιμὲς πολλαπλῆς ἀνάγνωσης, Θεσσαλονίκη 2008, 87, ἀναφέρει περίπτωση καταχώρησης-περιγραφῆς τοῦ κανόνα στὸ κεφ. ια´ τοῦ ἀριθμ. 9 χειρογράφου κώδικος μὲ τὸν τίτλο «Νόμος ἐκκλησιαστικός τε καὶ πολιτικός», τοῦ ἔτους 1728, ὑπὸ ἀνωνύμου στὸ Μυστρᾶ. Ἡ ἀναφορὰ βέβαια αὐτὴ δὲν ἀποτελεῖ ἐφαρμογὴ τοῦ κανόνα.

[11] Ὁ Ι. Παναγόπουλος σὲ ἄρθρο του μὲ τίτλο, «Διακοπὴ Μνημοσύνου τοῦ Οἰκουμενικοῦ Πατριάρχου ὑπὸ ὑπαγομένων εἰς τὸ κλίμα του Μητροπολιτῶν τῆς αὐτοκεφάλου Ἐκκλησίας τῆς Ἑλλάδος» καί «Ἀντικανονικὴ ἡ διακοπὴ τοῦ Μνημοσύνου τοῦ Οἰκουμενικοῦ Πατριάρχου», Ἐκκλησιαστικὸ Δίκαιον (Μελέται-ἄρθρα-γνωμοδοτήσεις- σχόλια ἐπὶ τῆς ἐκκλησιαστικῆς Νομολογίας), Ἀθῆναι 533.

[12] აქ ირონიულად.

[13]  პატრიარქში ავტორი გულისხმობს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I.

[14] Σπ. Τρωϊάνος - Γ. Πουλῆς, Ἐκκλησιαστικὸ Δίκαιο Ἀθήνα-Κομοτηνή 2003, 588.

[15] Γ. Πουλῆς, Ἐκκλησιαστικὸ Ποινικὸ Δίκαιο, 85.

[16] Πρωτ. Εὐάγγελος Μαντζουνέας, Τὰ ἀδικήματα Αἱρέσεως καὶ Σχίσματος κατὰ τοὺς ὀκτὼ πρώτους αἰῶνας, Ἀθῆναι 1977, 44-45.

[17] Πέτρος Μενεβίσογλου (πρώην) Μητρ. Σουηδίας καὶ πάσης Σκανδιναβίας, Ἱστορικὴ Εἰσαγωγὴ εἰς τοὺς κανόνας τῆς Ὀρθοδόξου Ἐκκλησίας, Στοκχόλμη 1990, 478 ἑπ.

[18] Ρ. Π. Β´, 688-689, 692, 692-693.

[19] Ρ. Π. Β´, 688-689.

[20] Ρ. Π. Β´, 39.

[21] Ρ. Π. Γ´, 404: «Εἴ τις παρὰ τὴν ἐκκλησίαν, ἰδίᾳ ἐκκλησιάζοι, καὶ καταφρονῶν τῆς ἐκκλησίας, τὰ τῆς ἐκκλησίας ἐθέλοι πράττειν, μὴ συνόντος τοῦ Πρεσβυτέρου κατὰ γνώμην τοῦ Ἐπισκόπου, ἀνάθεμα ἔστω». Συνάξεις ἢ παρασυνάξεις ὁδηγοῦν σὲ καθαίρεση.

[22] Ρ. Π. Β´, 371.

[23] ჰეტეროდოქსებთან ურთიერთობის შესახებ იხ. ᾽Αρχιμ. (καὶ μετέπειτα Ἀρχιεπίσκοπος) Ἱερώνυμος Κοτσώνης, Ἡ κανονικὴ ἄποψις περὶ τῆς ἐπικοινωνίας μετὰ τῶν Ἑτεροδόξων (Intercommunio), ἐν Ἀθήναις 1957, 5 ἑπ. Τὸ κανονικὸ πλαίσιο τῆς ἐπικοινωνίας μὲ ἑτεροδόξους καταγράφεται καὶ ἀναλύεται εὔστοχα καὶ στὸ ἔργο τοῦ Π. Παναγιωτάκου, Σύστημα το κκλησιαστικο Δικαίου κατ τν ν λλάδι σχν ατο. Τ Ποινικν Δίκαιον τς κκλησίας, Τόμος Γ´, ν θήναις 1962, 344-350.  

[24] თავის სტატიაში კ. კირიაზოპოულოსი: „მოხსენების შეწყვეტა მღვდლების მიერ და კავშირის გაწყვეტა მონაზვნების ან ერისკაცთა  მხრიდან, ეპისკოპოსის, პირველმოსაყდრის, ან ეპისკოპოსთა კრების მიერ ერესის საჯაროდ ქადაგების შემთხვევაში, წარმოქმნის სქიზმის საეკლესიო  დანაშაულს“, არ ცდილობს კანონის შინაარსობრივ განმარტებას. არგუმეტირებულად არ პასუხობს მთავარ კითხვაზე, ხდება  თუ არა ერესის საჯაროდ   ქადაგება. იგი პირდაპირ ეთანხმება ამ აზრს. შეკითხვაზე პასუხის სირთულეს განაპირობებს ის რომ შეკითხვა თეოლოგიურია და არა სამართლებრივი. http://aktinesblogspot.gr/2016/10/blog-post_902html.

[25] კრების დოკუმენტების სრული გამოცემა (ბერძნულად, ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად) შედგა სერიაში: Corpus Christianorum ConciliorumOecumenicorum Generaliumque Dectreta, IV/3, Turnhout 2016 (Brepols). წინამდებარე ნაშრომში გამოყენებულია ი. ლოცუს გამოცემა, თესალონიკი, 2016 (გამომც.CEMES), მკითხვლისთვის საქმის გასაიოლებლად.

[26] Ἰ. Καρμίρης, Τὰ Δογματικὰ καὶ Συμβολικὰ Μνημεῖα τῆς Ὀρθοδόξου Καθολικῆς Ἐκκλησίας, τόμ. Ι, Ἐν Ἀθήναις 1952, 315.

 

 

წყაროhttp://www.romfea.gr

სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა ნიკო ღონღაძემ

 

კრეტის წმიდა და დიდი კრება:ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?  

(I ნაწილი)

კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?  

 (III ნაწილი)

კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(IV ნაწილი)

კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?

(V ნაწილი)

კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?(სრული ტექსტი)

 

Download
ახალი ეკლესიოლოგია თუ...2.pdf
Adobe Acrobat Document 436.0 KB