ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკლესიაში და 1054 წლის სქიზმა ნაწილი I
აპოსტოლოს ნიკოლაიდისი
(ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი)
შესავალი
ტერმინოლოგიური განმარტებები
ძალაუფლება, როგორც სხვაზე ბატონობის საშუალება, პიროვნულ ან ინსტიტუციურ დონეზე, არის ცოდვით დაცემის შემდეგდროინდელი მოვლენა და დაცემის შემდეგ ახასიათებს ადამიანის ქცევის თავისებურებას. იგი პიროვნულ საფეხურზე მიუთითებს სოციალურობის პრობლემაზე, ინსტიტუციურზე კი წარმოადგენს სოციალური წესრიგის მოთხოვნილების შედეგს. ამავე მიზეზით ხდება ძალაუფლების არსებობის აუცილებლობის არგუმენტირება საეკლესიო სხეულში, მაგრამ ერთი მთავარი პირობით: ძალაუფლება აღქმული უნდა იქნას როგორც მსახურება. მათ შორის (ძალაუფლებასა და მსახურებას) მთავარი განსხვავება შეინიშნება ნებისმიერი სახის ძალადობის მიღებასა თუ უარყოფაში, იმავდროულად სიყვარულის მიღებასა ან უარყოფაში და ასევე სხვასთან დამოკიდებულების ფორმაში. აღვნიშნავ იმ მაგალითს რომელიც ქრისტემ მოიყვანა დიდებულსა და მსახურს, ან პირველსა და მონას შორის შედარებისას: "ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა? ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურა; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 42-44).
როდესაც ვამბობთ „ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკლესიაში“ ვგულისხმობთ ზოგიერთი იერარქის ქმედებებს, სადაც შეინიშნება, რომ მნიშნელოვანი არაა საეკლესიო ერთობის, როგორც ადამიანთა ხსნის ძირითადი პირობის დაცვა, დოგმატური ჭეშმარიტებების დაცვასთან ერთად, არამედ პიროვნული ან ჯგუფური ინტერესების დაკმაყოფილება, დოგმატური და საეკლესიო სხვა საშუალებების გამოყენებით. რადგან ეს გავრცელებული პრაქტიკა ასახავს ყოველდღიურობას, მისი გააზრება ადვილია, აქვს კანონები, მოითხოვს გამარჯვებულს და დამარცხებულს, განიცდის საკლესიო სერიოზულობის ნაკლებობას და მისი მახასიათებელია უპასუხისმგებლობის დიდი დოზა. მთავრი გმირებისთვის მნიშნელოვანი საკითხები, მესამე პირისთვის უბრალო სათამაშოს მიაგავს.
აღნიშნული ბრძოლის მთავარი მახასიათებლებია:
1) გარდამოცემის და ტრადიციის წინ დაყენება, პრობლემების თეოლოგიურ შინაარსთან მიმართებით.
2) თეოლოგიის და განსაკუთრებით დოგმატური თეოლოგიის იარაღად გამოყენება, არასწორი მოქმედების გასმართლებად და განსაწმედად.
3) სუბიექტურად გაგებული კანონიკურობის მოხმობა.
4) კანონიკურობის და კანონიერობის დაკავშირება და ერთის მეორით შეცვლა.
5) ლოგიკური და სქოლასტიკური არგუმენტების გამოყენება.
6) ხან საეკლესიო და ხანაც პოლიტიკური დიპლომატიის გამოყენება.
7) პოლიტიკური ძალაუფლებაში დაცვის, დახმარების და უსაფრთოების ძიება და მისთვის საეკლესიო უფლებების გადაცემა.
8) შეცდომილად მიჩნეული „სხვის“ დემონიზაცია და უარყოფა.
9) უმრავლესობის პრინციპის გაიდიალება საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად. 10) ძალადობის ან მისი მსგავსი საშუალებების გამოყენება მოწინააღმდეგის დასათანხმებლად.
11) სუბიექტური აზრების გაიგივება საეკლესიო აზრთან.
ეს ყველაფერი თავს იყრის ეკლესიის სულიერი და ორგანიზაციული ხასიათის შეგნებულ ან შეუგნებელ დაპირისპირებაში, სადაც მიედინება ეკლესიის მთელი ისტორია და ხშირად იწვევს ეკლესიის მთლიანი სხეულის ამქვეყნიურ განყოფას, რასაც ვუწოდებთ „სქიზმას“.
რაც შეეხება ტერმინ „სქიზმას“ იმდენად ცნობილია რომ არ ჭირდება წარდგენა და განმარტება. წარმოადგენს ყველაზე დიდ დანაშაულს რაც შეიძლება ჩაიდონოს ვინმემ ეკლესიის საწინააღმდეგოდ: „ის ვინც ეკლესიას განყოფს, დაპირისპირებას შემოიტანს, განხეთქლებას წარმოქმნის, და კრებისაგან თავს სამუდამოდ განიყენებს არ შეენდობა რადგან ბრალდების ღირსია და დიდი იქნება მისის სასჯელი“. საქმე ეხება რელიგიური მთავრობისმოყვარეობის კლასიკურ მაგალითთან. წმიდა იოანე ოქროპირი ცხადად მიუთითებს: „ეკლესიას ისე არაფერი ყოფს როგორც მთავრობისმოყვარეობა“ პირადად გვჯერა რომ სქიზმები წარმოიქმნებიან არა თეოლოგიური, არამედ საეკლესიო-პოლიტიკური მიზეზებისაგან. თეოლოგიური მიზეზები გვხვდება ერესებში და არა სქიზმებში. ყველაზე კარგი მაგალითია 1054 წლის სქიზმა, რომელიც წარმოადგენდა მთავრობისმოყვარეობის და საეკლესიო პოლიტიკის შედეგს და არა დოგმატური განსხვავებების აუცილებელ მოთხოვნას, განსხვავებებისა რომლებიც მიუხედავად იმისა რომ სხვა დროსაც წარმოჩნდნენ არ გამოუწვევიათ სქიზმა. ამ შემთხვევაში დოგმატური განსხვავებები არიან, ერთგვარი საშუალება სქიზმის გამომწვევი ნამდვილი მიზეზების დასაფარავად, და შესაცვლელად და ეს სხვა არაფერია თუ არა ძალაულებისთვის ბრძოლა ეკლესიაში. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სქიზმა არის პაპის პრიმატის გამოყენების შედეგი.
ამ მოკლე შესავლის დასასრულს სანამ გავაგრძელებდეთ, აუცილებელია მცირე განმარტება. წინამდებარე მოხსენებაში აღნიშნულ „ბრძოლას“ ვეხები არა როგორც თეოლოგი ან საეკლესიო პირი, რაც იძულებულს გამხდიდა ვიღაცეები გავამართლო ხოლო სხვანი უკუვაგდო, აგიოგრაფიულ და პატერიკულ ადგილებზე მითითებით, არამედ როგორც მესამე პირი, აღმსარებლობითად დამოუკიდებელი, რომელიც უბრალოდ აღწერს იმას რაც ჩაწერილია. ამგვარად თავს ავარიდებ თეოლოგიურ მსჯელობას, აღმსარებლურ და აპოლოგეტურ სტილს და ეთიკურ შეფასებებს. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ სოციოლოგიურ შეფასებებსა და განმარტებებზე, მათ კი ვინც დამადანაშაულებენ საკითხის ზედმეტად გამარტივებაში, ვუპასუხებდი რომ საკითხებს ის კი არ ამარტივებს ვინც ხედავს და აღწერს, არამედ ვინც ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას ცდილობს.
ძალაუფლებისთვის ბრძოლის მაგალითები ეკლესიის ისტორიიდან
ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკლესიის ისტორიაში პირველად არ გამოჩენილა აღნიშნული სქიზმის დროს, ანუ არ წარმოადგენს გამონაკლისს, იგი არსებობდა და დღესაც განაგრძობს არსებობას. თავს იჩენს იქ სადაც მეუფებს მთავრობიმოყვარეობის სული და ზოგადად ადგილი აქვს სხვის ხარჯზე პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მცდელობას. ისტორიიდან მოვიშველიებ სქიზმისაკენ მიდრეკილების რამდენიმე მაგალითს, როცა იგი ფარულად არსებობდა ან როდესაც უკვე ხორციელდებოდა რეალურად. დასახმარებლად მივმართავთ წყაროებს წმიდა წერილიდან და ხშირად გამოვიყენებთ ვლასიოს ფიდასის „ეკლესიის ისტორიას“ .
1) ზებედეს ძეები ბოროტად იყენებენ ქრისტესთან ახლო ურთირთობას და ითხოვენ განსაკუთრებულ ადგილს, სხვებთან შედარებით, მის მომავალ სამეფოში.
2) წარმართებში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად გაჩნდა შეკითხვა იუდაური სჯულის მნიშვნელობასთან მიმართებით. ამგვარად იწყება დაპირისპირება იუდაისტებსა და ელინისტებს შორის, ნათ პეტრე და პავლე წარმოადგენენ, ამ ყველაფერმა კი მნიშვნელოვნად შეაწუხა ეკლესია. საკითხი განიხილა სამოციქულო კრებამ საყოველთაოდ ცნობილი შედეგით. საქმე ეხებოდა იუდაურ ნაციონალიზმსა და ეკლესიის მსოფლიო პერსპექტივებს შორის დაპირისპირებას.
3) კორინთოს საეკლესიო ცხოვრებაში წარმოიქმნა სქიზმა, რაც იმან განაპირობა, რომ ზოგიერთები თავიანთ მეთაურად აღიარებდნენ კეფას, სხვანი აპოლოს, სხვანი კი პავლეს და სხვანიც ქრისტეს, შდეგად პავლე იძულებული გახდა დაესვა კითხვა „გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე?“ (1 კორ. 1,13).
4) ასევე ცნობილია ის განხეთქილება რომლის შესახებაც საუბრობს კლიმენტი რომაელი და ეხება კორინთოს საეკლესიო ცხოვრებას. წმიდა მამა იძულებულია გაუმკლავდეს ზოგიერთების პოზიციას, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ პრასვიტერების ავტორიტეტს და დაგმოს მათი ამპარტავნული საქციელი. საქმე ეხებოდა „ეპისკოპოსის წოდების შესახებ“ დაპირისპირებას, პირველობის მოყვარეთა გამოჩენას, პატივმოყვარული და მთავრობის-მოყვარული მოთხოვნების გამოჩენას. არსებითად წარმოიშვა არაფორმარული დაპირისპირება მსოფლიო მასშატაბის მქონე ქარიზამტიკოსებსა (მოციქულები, წინასწარმეტყველები, მოძღვარნი, მახარებელნი) და ადგილობრივ სამღვდელოებას შორის, რომლიც მმართველობით საქმიანობას აღასრულებდა.
5) პასუხმა თუ რამდენად დასაშვებია ეკლესიამ მიიღოს დაცემულნი, წარმოიშვა სქიზმების მთელი რიგი (ნოვაციანელები, მელეტიანელები, კოლუთიანელები, იპოლიტეს სქიზმა, ფილიკისიმის და დონატისტების), რამაც ერთი მხრივ დაარღვია სდგილობრივი ეკლესიების ერთიანობა, ხოლო მეორე მხრივ საეკლესიო ცხოვრებაში წარმოქმნა სხვადასხვა ჯგუფები (მაგ. მონანულნი, მსმენელნი, შევრდომილნი, მუხლმოყრილნი, გულისხმისმყოფელნი, კათაკმეველნი). განხეთქილების მთავარი მიზეზი იყო საეკლესიო სუბიექტურობა. ერთ მხარე იდგნენ საკითხის მიმართ მკაცრი დამოკიდებულები მქონენი, ხოლო მეორე მხარეს ზომიერები, წმიდები და არაწმიდები, კონსერვატები და ლიბერალები.
6) მსგავს საეკლესიო მოვლენებში იგივე ფორმა მოქმედებს დღესაც, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დაემატა პიეტიზმი და ასკეტიზმის უკიდურესი ფორმების გამოჩენა. ჩვეულებრივ განასხვავებენ კონსერვატებსა და ლიბერალებს, რათა მათ დაპირისპირებაში ან შედარებაში გამოიკვეთოს თუ ვის მხარესაა ჭეშმარიტება და ვინ ცდება. ამგვარადვე განასხვავებენ ეკუმენისტებსა და ანტიეკუმენისტებს, ძველი კალენდრის მიმდევრებსა და ახალი კალენდრის მხარდამჭერებს, დაქორწინებულებს და უცოლოებს, დასავლეთელებს და აღმოსავლეთელებს. განსკუთრებით მათ შეაწუხეს ეკლესია რომლებმაც დააკნინეს ქორწინება და სურდათ უქორწინებლობა შემოეტანათ მაგ. მარკიონი. ცდილობდნენ რა წარმოეჩინათ უქორწინებელთა უპირატესობა დაქორწინებული მორწმუნეების მიმართ. იმავე მეთოდით და იგივე მიზნით იქნა გამოყენებული საეკლესიო ცხოვრების სხვა მხარეებიც, როგორც მაგალითად სიგლახაკე, მარხვა, ამქვეყნიური ზრუნვის უარყოფა. განსაკუთრებით ტრაგიკული იყო ევსტათიანელთა მდგომარეობა, როდესაც შეეცადნენ შემოეტანათ ეკლესიაში მონასტრული ცხოვრების ეგვიპტური წესი, მაგალითად ქორწინების უარყოფა და ხორცზე უარის თქმა, ქორწინებაში მყოფთა განშორება, სავალდებულო უქონელობა, ეკლესიაში უკვე დამკვიდრებული მარხვების გაუქმება და ახალი მარხვების შემოტანა. ამ მიმართულებით მოძრაობდნენ მოგვიანებით მესალიანელები.
7) ძალაუფლებისთვის ბრძოლა შეინიშნება სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების უცვალებლობის დაცვის მცდელობებშიც. ერესების გამოჩენასთან და მათ დაგმობასთან ერთად იწყება მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებათა მომხრეების და მოწინააღმდეგეების დაპირისპირება. ეს კარგად ჩანს პირველ მსოფლიო კრებაზე, სადაც მომხრეების, ეპისკოპოსების და ხალხის ადგილს ამა თუ იმ პოზიციაზე (არიანელების ან მათ წინააღმდეგ) არ განაპირობებდა თეოლოგიური კრიტერიუმები, არამედ მთავარი გმირების პიროვნება ან იმპერატორის არჩევანი. მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო სწორი რწმენის გამარჯვება, არამედ ის თუ რომელი პარტია მიაღწევდა გამარჯვებას. სასურველი გამარჯვება არ უკავშირდებოდა თვითონ ჭეშმარიტებას, არამედ მათ ვისაც თვლიდნენ რომ ფლობდნენ ჭეშმარიტებას. ეკლესია კიდევ ერთხელ გახდა მოწმე სხვადასხა ჯგუფების მრავალწლიანი დაპირსპირების, როგორ მაგალითად: ომოუსიანელების და ომიუსიანელების, ომიანელების და ანომიანელების, ან ფარული ანომიანელების. იგივე სცენარი თამაშდება მოგვიანებით, ქალკედონელებსა და ანტიქალკედონელებს შორის, რაც დაკავშირებულია ძალადობრივ მოქმედებებთან და მკვლელობის მცდელობებთანაც კი (მაგ.იუბენალ იერუსალიმელის).
8) იმ ზოგიერთი ეკლესიისათვის უპიარატესი პატივის მინიჭებით, რომლებსაც ჰქონდათ სამოციქულო წარმომავლობა, საეკლესიო ერთობის შენარჩუნების მიზნით, დროის გასვლასთან ერთად წარმოიშვა ერთგვარი კონკურენცია როგორც დედა ეკლესიებს, ასევე ეგრეთწოდებულ შვილობილ ეკლესიებს შორის.
9) სქიზმები ეკლესიაში წარმოქმნეს ასევე რომელიმე ეპისკოპოსის, არქიეპისკოპოსის ან პატრიარქის კანონიკურობასა და ანტიკანონიკურობასთან დაკავშირებულმა უთანხმოებებმაც. ცნობილია ანტიოქიის სქიზმა, როდესაც ათანასე დიდი კანინიკურ არქიეპისოპოსად თვლიდა პავლინეს, ხოლო ბასილი დიდი მელეტიოსს. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო კრების მოწვევა მიზნად ისახვდა გადაეწყვიტა თუ ვინ იყო კონსტანტინოპოლის კანონიკური არქიეპისკოპოსი. ძალაუფლებისთვის ბრძოლის დასადასტურებლად საჩვენებელი მაგალითია გრიგოლ ღვთისმეტყველის კონსტანტინოპოლის საყდრიდან გადაყენების მეთოდი და ასევე იმავე კრების მიერ პატივით უპირატესობის მინიჭება აღნიშნული საარქიეპისკოპოსო საყდრისთვის. მსგავსი პრობლემები წარმოიქმნენ იოანე ოქროპირის აღსაყდრების და შემდეგ განკვეთის დროს, რამაც გამოიწვია რომის პაპის აქტიური ჩარევა და რომსა და კონსტანტინოპლს შორის პირველი სქიზმა, ეს პრობლემები თვალსაჩინოს ხდიან ალექსანდიასა და კონსტანტინიპოლას შორის არსებულ კონკურენციას. იგივე განმეორდა ფოტიოსის შემთხვევაში, როდესაც ის აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად და განკვეთეს ეგნატე, რაც საბოლლოდ დასრულდა 867 წლის სქიზმით. ორივე მხარეს ყალიბდებოდნენ ერთგვარი ფრაქციები სადაც ერთნი ახდენენ სხვა ფრაქციის მხარდამჭერების განკვეთას. ამ დაპირისპიებაში ჩაერია რომის პაპიც რომელიც წერს იმპერატორს რომ ორივე რომში გააზავნოს, სადაც „პაპი, როგორც სრულიად ეკლესიაზე საღვთო ძალაუფლების მქონე, განსჯის საკითხს.“ დაპირისპირება გაგრძელდა ფოტიოსის განკვეთის, ეგნატეს დაბრუნების და ისევ ფოტიოსის აღსაყდრების შემდეგაც და სრულდება მისი საკუთარი ნებით წასვლით. ამ დაპირისპირებაში როგორც უკვე აღვიშნეთ აქტიურად მონაწილეობს რომის საყდარიც რაც ხდება კიდეც ძველსა და ახალ რომს შორის დაპრისპირების მიზეზი.
10) ასევე ხშირად ხდება დაპირისპირება რომელიმე მნიშვნელოვანი პიროვნების მხარდამჭერებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის. აღსანიშნავია ორიგენისტული განხეთქილებების შემთხვევა, ნიტრიის ორიგენისტ და ეგვიპტელ ანტიორიგენისტ ბერებს შორის, ეს განხეთქილება გავრცელდა როგორც პალესტინაში ასევე დასავლეთში. ასევე აღსანიშნავია რომ ორიგენისტი ბერების დასამორჩილებლად მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ძალადობრივი მეთოდები.
11) საეკლესიო თეოლოგიის ისტორიაში ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ თეოლოგიის ალექსანდრიული და ანტიოქიური ტრადიციები. ამ ორიდან ერთ-ერთის საბოლოოდ დასამკვიდრებლად გამართული ბრძოლა უკავშირდება რიგ საეკლესიო მოვლენებს და ეკლესიისთვის პრობლემატურ მოქმედებებს. დაიწყო კირილესა და ნესტორს შორის მძაფრი დაპირისპირებით და გაგრძელდა ურთიერთუარყოფით, თვითნებური ქმედებებით და უკანონობებით, უაზრო და გაურკვეველი სასჯელებით, ანათემებით, დევნით, ტერორისტული ქმედებებით კრებაზე თუ მის გარეთ, ასევე ამ ორი ტრადიციის მიმდევართა შორის მძაფრი დაპირისპირებით, რასაც თან ახლდა მკვლელობები და ქონების ჩამორთმევები. ამავდროულად ჩნდება ალექსანდრიის საყდრის სხვებთან შედარებით წინ წამოწევის პატივმიყვარული მცდელობა. აღსანიშნავია კონსტანტინოპოლის საყდრის მეხუთე ადგილზე გადაწევა. ამ დაპირისპირებაში დამნაშავე და საბოლოოდ მსხვერპლიც არის დიოსკორე, რომელმაც ერთი მხრივ განკვეთით გადაიხადა კიდეც თავის დანაშაული და მეორეს მხრივ დაკარგა ალექსანდრიის საყდარი, რომელმაც თავის მხრივ დაკარგა საკუთარი ავტორიტეტი საეკლესიო სისავსეში და ასევე ქალაქი ალექსანდრია, სადაც მოგვიანებით დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება.
12) ხატების მიმართ პატივის მიგების წესმა და მიზანმა გამოიწვია ყველაზე საშინელი და მრავალწლიანი დაპირიპირება საეკლესიო სხეულში, ბრძოლა იკონოფილებს, ხატების თაყვანისმცემელთა და ხატმებრძოლთა შორის. ამ დაპირისპირების საეკლესიო-პოლიტიკურ ხასიათს ადასტურებს პოლიტიკური ხელისუფლების გადამწყვეტი ჩარევა, ბერების წინააღმდეგ ბრძოლა და რომის საყდრის ბიზანტიისაგან დაშორება.
13) მისონერობის გამოყენება ბიზანტიის პოლიტიკური იდეოლოგიის შესატანად სხვადასხავა ხალხებში არის საეკლესიო-პოლიტიკური ძალაუფლების კიდევ ერთი მაგალითი. ეკლესია იღებს პოლიტიკურ თეოლოგიას და ცდილობს აჩვენოს ანათემის მუქარითაც კი, რომ მეფის ტიტული არის ბიზანტიის იმპერატორია განსაკუთრებული და ამასთანავე ღვთივბოძებული ჯილდო. აღნიშნული კარგად ჩანს ფრანკული სამისიონერო მოგზაურობის დროს, როდესაც აღნიშნული მისია სხვადსხვა ხალხების დასამორჩოლებლად გამოიყენებს.
14) რომის საყდრის ძალაუფლებისკენ სწრაფვა კარგად ჩანს პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობაში, იმ საბაბით რომ საეკლესიო ძალაუფლება აღემატება სამეფო ძალაუფლებას. ამგვარად იწყება საეკლესიო და საერო ძალაუფლებების ურთიერთობებში ახალი ეტაპი რასაც ვუწოდებთ პაპოკეზარიზმს.
15) სქიზმები და ერესები წარმოიქმნებიან ასევე როდესაც ჩნდება პიროვნების კულტი, როდესაც მორწმუნეები ცდილობენ გახდნენ მნიშნელოვანი და დიდი პიროვნებების დიდების და პატივის მონაწილენი. ცნობილია იოანელების, გრიგოლიანელების და ბასილიანელების დაპირისპირება, რამაც ეკლესია აიძულა დაეწესებინა სამივე მღვდელთმთავრისთვის საერთო დღესასწაული.
16) იმავე ლოგიკას მიყვება ზოგიერთი ეკლესიის მცდელობა მოიპოვოს საეკლესიო ავტონომია. ერთის მხრივ სამართლიანი და მოპოვებული უფლებების, ხოლო მეორე მხრივ დამოუკიდებლობის უფლების მოხმობა ცხადად მოუთითითებენ ძალაუფლებრივ ურთიერთობებზე.
17) ძალაუფლებისთვის ბრძოლის მაგალითებად შეიძლება დავასახელოთ საეკლესიო კონკურენცია მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს, ათენსა და კონსტანტინოპოლს შორის.
1054 წლის სქიზმა
აღნიშნული სქიზმა წარმოადგენს რომის ეკლესიასა და ახალი რომის ეკლესიის, ზოგადად კი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირების შედეგს. ამ დაპირისპირებას ცხადია ჰქონდა საეკლესიო-პოლიტიკური ხასიათი. იგივე საფუძველი ჰქონდა დასავლეთში დოგმატების დამახინჯებას, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. პრობლემა წარმოადგენდა ვის ექნებოდა პირველი და გადამწყვეტი სიტყვა საეკლესიო საკითხებში. მიგვაჩნია რომ საქმე ეხება ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა რელიგიურ საქმეებში, სადაც ჩართული იყო საერო ხელისუფლებაც. აუცილებელია აღინიშნოს რომ ამ დაპირისპირებაში მთავარ როლს არ თამაშობს კონსტანტინოპოლის ეკლესია. გამონაკლისი შემთხვევების გარდა დაპირისპირება იწყებოდა რომიდან. შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე მიზეზი: რომის ეკლესია ვერ შეეგუა იმ აზრს რომ იყო თანასწორთა შორის პირველი და ამიტომ მუდმივად ცდილობდა წინ წამოეწია და დაემკვიდრებინა საკუთარი პრიმატი. კონსტანტინოპოლის ეკლესიის მოქმედებები მიმართული იყო ვითარების გაწონასწორებიკენ. ასევე მნიშვნელოვანია რომ ფილიოკვე არ წარმოქმნილა აღმოსავლეთში არამედ დაიბადა დასავლეთში. მისი მიზეზი და მიზანი იყო აღნიშნული ეკლესიის საერო ხასიათის გაძლიერება. ფილიოკვეთი მოხერხდა ეკლესიის სულიერი მხარის დაკნინების გადაფარვა და გაუმჯობესდა ორგანიზაციული მხარე. ძის პატივის ამაღლება ნიშნავს, ღმერთკაც ქრისტეს ხარისხის ამაღლებას შედეგად მოაქვს პეტრეს, საბოლოოდ კი რომის ეპისკოპოსის დაწინაურება. ასეთი თეოლოგიური „აღმოჩენა“ შეუძლებელი იყო მომხდარიყო აღმოსავლეთში. მაშასადამე ფილიოკვე გამოყენებულ იქნა პაპის პირველობის დასადასტურებლად და დასამკვიდრებლად. მნიშვნელოვანია რომ ფილიოკვეს შესახებ სწავლების მიჩქმალვა და დასუსტება ემთხვევა პაპის უცდომელობის შესახებ სწავლების დამკვიდრებას.
ცნობილია რომ რომის ეკლესია, ყველა ეკლესიის თანხმობით, თავიდანვე ფლობდა კანონიერ პატივის უპირატესობას, რათა ერთი მხრივ ავტორიტეტული პასუხი გაცემულიყო სხვა სარწმუნოების მიმდევრებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, დარეგულირებულიყო ადგილობრივ ეკლესიებს შორის დაპირისპირებები და უთანხმოებები. უკვე კარაგად იყო ცნობილი არაოფიციალური დაპირისპირება სამოციქულო ტრადიციებს შორის (პეტრესეული ტრადიციის გარდა არსებობდა მაგალითად მცირე აზიის იოანესეული ტრადიცია). ამგვარად ჰქონა გამორჩეული ვალდებულება და პასუხისმგებლობა რომის ეკლესიას, მოციქულთა თავ პეტრესა და პავლესთან მჭიდრო კავშირის გამო. დაბრკოლებების შექმნა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პატივით უპირატესობას საეკლესიო ერთობის დასაცავად კი აღარ იყენებდა, არამედ რომის ეპისკოპოსების მათავრობისმოყვარული განზრახვების დასაკმაყოფილებლად.
ეს შიში გამართლდა მას შემდეგ რაც პატივით უპირატესობა მიენიჭა კონსტანტინოპოლის საყდარსაც და რომმა უარი განაცხადა ეღიარებინა „პატივით უპირატესი თანასწორობა“ ორ საყდარს შორის და თანასწორის მონაწილეობა „პირველი საყდრის“ პრივილეგიებში. სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან იმალებოდა უპირატესებსა (რომი, კონსტანტინოპოლი) და უმცირესებს (ალექსანდრია, ანტოქია, იერუსალიმი) შორის განსხვავება და უპირატესი საყდრების თანაბარი ჯილდოს სურვილი ეკლესიის ერთიანობისთვის ბრძოლაში. არ უნდა გამოგვრჩეს თანდათანობით როგორ იჩენდა თავს კონსტანტინოპოლის საყდრის ეპისკოპოსების ამპარტავული ქცევა ამ ქრისტიანულ ქალაქში.
პატივის უპირატესობის შეცვლა პაპის პირველობით ხდებოდა ერთის მხრივ ბიზანტიისაგან რომის ეკლესიის თანდათანობითი დაშორების და ფრანკულ სახელმწიფოზე დამოკიდებულების, ხოლო მეორე მხრივ დასავლეთზე ბიზანტიის გავლენის თანდათანობითი შესუსტების პარალელურად. ამასთან დაკავშირებით გადამწყვეტ როლს თამაშობდა ფსევდო-ისიდორეს დეკრეტალიები, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა პაპის პირველობისთვის ისტორიული და კანონიკური საფუძვლის შექმნა. პაპი გელასი I-ის დროს რომის საყდრის მიზნები ცხადი გახდა: ა) მხოლოდ პაპის საყდარს აქვს უშუალოდ პეტრესეული სამოციქულოება.
ბ) პაპის საყდარს აქვს საეკლესიო ძალაუფლების სისავსე და წარმოადგენს უმაღლეს საეკლესიო ავტორიტეტს, რომელსაც შეუძლია განსაჯოს საბოლოოდ და გაუსაჩივრებელად ყველა სადავო საეკლესიო საკითხი.
გ) პაპის საყდრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი არ ექვემდებარებიან მსოფლიო კრების განსჯას, პირიქით მათ განსჯის პაპი.
დ) პაპს შეუძლია ყველა განსაჯოს და არავისგან განისჯება.
ე) არავის აქვს უფლება უარი თქვას პაპის სამსჯავროზე.
თანდათანიბით იწყება კონკურენცია რომსა და კონსტანტინოპოლს შორის იურისდიქციული საკითხების შესახებ. დასაწყისში პაპი საყდარი სვამს საკითხს ილირიის შესახებ, მაგრამ ისეთი წესით რომ მხოლოდ ამაზე იყო დამოკიდებული ფოტიოსის არჩევის კანონიკურობის აღიარება. პაპის საყდრის გაფართოების პოლიტიის ნაწილია კირილესა და მეთოდეს სამისიონერო ღვაწლის დაკნინება ყალბი დოკუმენტების შექმნით და ფრანკული სამღვდელოების ძალადობრივი თავდასხმებით. იმავეს ცდილობდა პაპის საყდარი ბუგარეთში, რაც გადაიზარდა მოწინააღმდეგე ფოტიოსის დაგმობაში.
რომსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის კონკურენციისა და ბოლოს სქიზმის ისტორია ხუთ ეტაპად განვითარდა: ა) პირველი სქიზმა დაფიქსირდა იოანე ოქროპირის კონსატინოპოლის საყდარზე აღსაყდრების დროს.
ბ) მეორე სქიზმას ეწოდება „აკაკიანელთა“ სქიზმა (484-519), როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი აკაკი განკვეთა რომის პაპამა ფელიქს III-მ, რადგან რადგან კავშირი ჰქონდა ალექსანდიის პატრიარქ პეტრე მკაწვრელთან. ზენონის ჰენოტიკონის მიზეზითაც ოცდაათი წლის განმავლობაში რომისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის შეწყვეტილი იყო საეკლესიო კავშირი, რასაც მძიმე შდეგეგები მოყვა საეკლესიო ერთობისთვის. ამ ყველაფრის მიზეზი იყო ჰენოტიკონის ტექსტის ბუნდოვანება და თითოეული პატრიარქის სუბიექტური აზრები. გ) მესამე სქიზმა მოხდა ფოტიოსის დროს (863-867), როდესაც პაპი ნიკოლოზი ეჭვქვეშ აყენებს ფოტიოსის არჩევასა და ეგნატეს განკვეთას. სქიზმა გაგრძელდა სამი წელი საეკლესიო კავშირის შეწყვეტის სახით, მას ახასიათებდა „დაძაბულობის მიზნობრივი გაღვივება“ არც არ დასრულდა საბოლოო სქიზმით ფოტიოსის შემწყნარებლური ქმედებების გამო.
დ) გვაქვს ასევე „ორი სერგის სქიზმა“ (XI საუკუნის დასაწყისი), როდესაც პატრიარქი სერგი შლის პაპი სერგის სახელს კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხიდან და წყვეტს საეკლესიო კავშირს, სარწმუნოების სიმბოლოში ფილიოკვეს შეტანის გამო. შესაძლოა ეს იყოს პერთადერთი სქიზმა რომელიც ეფუძნება თეოლოგიურ მიზეზს, რასაც არ გამოუწვევია საბოლოო სქიზმა.
ე) საბოლოო სქიზმა მოხდა 1054 წელს, როდესაც განსაკუთრებული სიმძაფრით ითხოვს პაპის საყდარი პაპის პირველობის აღიარებას, პაპის ოლქისა და ფრანკული იმპერიის სახელმწიფოს შექმნით პაპის საყდარი ცდილობს გააფართოვოს მისი იურისდიქცია , მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციულ საზღვრებში. ესენია ის ჭეშმარიტი მიზეზები რომლებიც უკავშირდებიან რომის ეკლესიის სურვილს, საკუთარი გავლენა მოახვიოს თავს აღმოსავლეთის ეკლესიებს. უცნაური ისაა რომ დასავლეთს მოჰყავს ზუსტად იგივე არგუმენტები: რომ მაგალითად პატრიარქი მიხეილ კერულარიოსი არაკანონიკურად ავიდა საპატრიარქო საყდარზე, რომ ცდილობდა ალექსანდიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საყდრების დამორჩილებას, იყენებდა რა მსოფლიო პატრიარქის ტიტულს პატივმოყვარული მიზნებისთვის და რომ არა მარტო არ აღიარებდა პაპის პრიმატს, არამედ აკრიტიკებდა კიდეც რომის საყდარს, რომელიც როგორც პეტრეს კათედრა მხოლოდ ასწავლის და არ განისწავლება არავისგან. აღსანიშნავია რომ ის ვინც არ მიიღებს პაპის საყდრის სწავლებას და უარყოფს დაემორჩილოს მას, ერეტიკოსია და სქიზმატი. რაც შეეხება თეოლოგიურ მიზეზებს ისინი „გამოიყენებიან იშვითად და დაგვიანებით“. საეკლესიო მიზეზები როგორც მაგალითად ფილიოკვე, პაპის ოლქის დაარსება, განსხვავებული საეკლესიო ადათები, სამღვდელოების სავალდებულო უცოლობა, მირონცხების რიტუალის მხოლოდ ეპისკოპოსისაგან აღსრულება, უფუარი, აღდგომის მარხვის შემცირება ერთ კვირამდე, არ წარმოადგენენ სქიზმის მთავარ მიზეზებს, არამედ უფრო მეტდ აღრმავებდნენ აღმოსავლეთსა და დასვლეთს შორის უკვე არსებულ ნაპრალს.
აღნიშნული ეპოქის მოვლენებიდან გამომდინარეობენ გარკვეული მონაცემები რომლებიც სრულიად არაა საამაყო ქრისტეს ეკლესიითვის: ა) რომისა და კონსტანტინოპოლის ურთიერთობის საკითხი იმ კონკრეტულ დროს არ იმართებოდა რომის მხრიდან, რადგან პაპი დატყვევებული იყო, ხოლო კარდინალი უმბერტი, კერულარიოსის მოწინააღმდეგე ლათინოფილ არგირესთან ერთად (რომელსაც არ გააჩნდა თეოლოგიური და საეკლესიო განათლება), უგულებელყოფდა რა აღმოსავლეთის ეკლესიის ძირითად მახასიათებლებს, მეთაურობდა პაპის წარმომადგენლებისაგან შემდგარ ჯგუფს. ეს სწორედ ის პიროვნებაა რომელმაც დატოვა პატრიარქის ანათემატიზმები აია სოფიას წმიდა ტრაპეზზე.
ბ) პაპის წარმომადგენლების ანათემატიზმების მიუხედავად 1054 წლის განხეთქილებას არ ჰქონდა რეალური სქიზმის საბოლოო ძალა.
გ) მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო პაპის წარმომადგენლები არ გამოხატავდნენ პაპის საყდრის შეხედულებებს, კერულარიოსი, „განრისხებული, რადგან პაპი მას როგორც ქვედგომს ისე ეპყრობოდა, განზრახული ჰქონდა არავისთვის მიეცა სულიერი უპირატესობა“, ითხოვს ანათემატიზმების პაპის საყდრის მიმართ განვრცობას. აღსანიშნავია რომ პაპის წარმომადგენლებმა განაყენეს მხოლოდ კერულარიოსი და მისი უშუალო მხარდამჭერნი და არა ზოგადად მართლმადიდებლები. კერულარიოსმაც ანათემას გადასცა მხოლოდ პაპის წარმომადგენლები და არა პაპი. ამ თემასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს რომ პატრიარქმა ათენაგორამ და პაპმა პავლე VI-მ საერთო განცხადებაში ანათემების მოხსნისას ხაზი გაუსვეს: „ ხოლო ამ მოვლენების მიზეზი იყო ისტორიის ის რთული პერიოდი. ხოლო დღეს, როდესაც ამ ყველაფერს განვსჯით დიდი სიმშვიდით და სამართლიანობით, მივდივართ დასკვნამდე რომ ადგილი ჰქოდა გადაჭარბებებს, რამაც გაართულეს საქმე და მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანეს, განვსჯით რა ამის მოქმედთა განზრახვასა და შეხედულებებს, მიგვაჩნია რომ ანათემები მიმართული იყო არა ეკლესიების, არამედ შესაბამისი პიროვნებების მიმართ, ისინი არ ისახავდნენ მიზნად საეკლესიო კავშირის გაწყვეტას რომისა და კონსტანტინოპოლის საყდრებს შორის“.
დ) სქიზმის საბოლოო ბედი გადაწყვიტა ორივე მხარის პოლემიკურმა მწერლობამ, ისე რომ შეუძლებელი გახდა ერთიანობის აღდგენა, ისე როგორც ეს მოხდა სხვა სქიზმების შემთხვევაში.
ამ თავს დავასრულებთ რანსიმენის სტყვებით: „ორი დიდი ეკლესიის ურთიერთობის ისტორია არ მატებს ქრისტიანობას ღირსებას, მაგრამ სრულიად უსარგებლო იქნება თუ ვინმე შეეცდებოდა გადაეწყვიტა ეთიკურ ან ისტორიული ნიშნით, რა იყო მართებული და რა მცდარი. აპოლეგეტებმა რომლებაც დაწერეს ვრცელი ნაშრომები ერთის ან მეორე მხარის გასამართლებად ტყუილად დაკარგეს დრო. სირთულეს ის წარმოადგენდა რომ თითოეულ ეკლესიას ჰქონდა თავისი მოსაზრება ქრისტიანული მოწყობისა და ძალაუფლების შესახებ."
ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკლესიაში და 1054 წლის სქიზმა
სპეციალურად საიტისთვის სტატია ბერძნულიდან თარგმნა ნიკო ღონღაძემ.