ლიბანის მთების მიტროპოლიტი გიორგი ხოდრი მოწოდება ქრსტიანებს

  თარგმნა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

           

        თქვენ, მატარებელნი დიდი მოწოდებისა, ხართ დვრიტა ცხონებისა. ასეთებად იქეცით იმის წყალობით, ვის სახელსაც ატარებთ, ვისშიც მოინათლეთ. თუმცაღა, თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ რამეს წარმოადგენთ მის გარეშე. ასევე ცდებით თუ ფიქრობთ, რომ სხვებს არასდროს შეუძლიათ, შეიცვალონ უკეთესობისკენ, თითქოს მათ არ გააჩნდეთ არანაირი თავისთავადი ფასეულობა და თითქოს ქრისტეს არ შეეძლოს წყლით ან წყლის გარეშე მათი ღმერთში მონათვლა, ვისთვისაც ინებებს თავისი მადლის მინიჭებას. უეჭველია, ყველაფერი იმ მხსნელისგან მოდის, რომელსაც ვეთაყვანებით: ყოველგვარი ჭეშმარიტება, ყოველგვარი სიწმინდე, ყოველგვარი დიდებულება, ყოველგვარი იდეალი. ყოველი კეთილი, რაც ამ სამყაროში არსებობს, ასე თუ ისე, არის ქრისტეს ქმნილება, თუმცა ღმერთი მოქმედებს, სადაც მას ჰნებავს და თქვენ არ ძალგიძმთ, შემოსაზღვროთ მისი ქმედება. მან თქვენ აღგითქვათ აღვსება მადლით, მაგრამ არ აღუთქვამს, ექციეთ ამ მადლის ერთადერთ მფლობელებად. გაფიცებთ, „ნუ იქნებით იმაზე  დიდი როიალისტები ვიდრე თქვენი მეფეა, რომელსაც ძალუძს, „ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს“ (მთ. 3:9).

არ იფიქროთ, თითქოს ამ სამყაროს მიზანი თქვენ იყოთ. სამყარო იმისთვის არ შექმნილა, რომ თქვენ გემსახუროთ, ეს თქვენ ხართ მოწოდებულნი მსახურებისთვის. მსახური კი ყურადღებით ისმენს ბატონის ნებას და შრომობს მისი ჩანაფიქრის აღსასრულებლად. ამდენად, მხოლოდ თვითუარყოფაში ღებულობს თავისი ხელისუფლების ლეგიტიმიზაციას თქვენ შორის პასუხისმგებლობით შემოსილი პირი. ეს ძალაუფლება მაშინვე დნება, როგორც კი მის მატარებელში მომთხოვნელობის სული შემოდის და ხშირად ამ ძალაუფლების არსებობას მანამ ეკარგება აზრი, სანამ თავადვე გაქრებოდეს. არც უფალი, რომლისაც გწამთ, არც ისინი, ვისზეც პასუხისმგებელნი ხართ, არ სცნობენ ისეთ ძალაუფლებას, რომელიც მსახურებაზე არ არის დაფუძნებული. მითუმეტეს, რომ კულტურული მემკვიდრეობა როლითაც თქვენ ამართლებდით რაღაც უპირატესობებს, ახლა მითად იწყებს ქცევას. განსწავლულობა აღარ არის მხოლოდ თქვენი ღირსება, სიკოხტავე სულ უფრო და უფრო ვრცელდება ადამიანთა შორის. თუკი ცივილიზაცია რამენაირად დაკავშირებულია ქალბატონებთან, რომელნიც ადამიანთა მოდგმის ნახევარს შეადგენენ და არიან მისი შთამგონებელნი და აღმზრდელნი, მაშინ ცხადი ხდება, რომ არაქრისტიან ქალბატონებს ისეთივე წილი აქვთ ბუნების ნიჭებში, როგორც ქრისტინებს.

 უეჭველია, ქრისტეს მოყვარული გულისათვის არ არის არაფერი ისეთი ძვირფასი, როგორც მოვლენათა მსგავსი სვლა, რამეთუ ქრისტე მიეცა ყველასთვის და ის არავითარ შემთხვევაში არ არის ვინმეს კერძო საკუთრება. იგი ეპასუხება ყველას საჭიროებას, ისივე, როგორც თავის მიწიერ საქმეებს  აღასრულებდა ამა თუ იმ ადამიანთა სარწმუნოებისაგან დამოუკიდებლად. სხვა აღმსარებლობის ადამიანთა ყოველგავრი წინსვლა მას ისევე ახარებს, როგორც საკუთარი მოწაფეებისა. ის არის სამყაროს მხსნელი და არა მხოლოდ თავისი მიმდევრებისა. მას გადარჩენისკენ სვლის სხვადასხვა გზები აქვს, რომელთა შორისაცაა: კულტურა, ტექნიკა, საზოგადოებრივი ბრძოლის კანონიერი საშუალებები. და ჩვენ მასთან ერთად რატომ არ უნდა ვხარობდეთ სხვების მიღწევათა გამო?

უფრო მეტსაც ვიტყვი: უფალი არსებობს ეთიკურ, მხატვრულსა და სამეცნიერო რევოლუციებშიც, რომელნიც ანათლებენ მსოფლიოს და ამა თუ იმ გზით ღვთის არსებობას უცხადებენ მთელ სამყაროს. თანამედროვე ქრისტიანული აზრი ღებულობს ამ პოზიციას და იწყებს გააზრებას, რომ ღმერთი არ მყოფობს მხოლოდ სიმდაბლეში, სიკეთეში ან გულმოწყალებაში. თუ საკუთარი მყოფობით ღმერთს უნდა სიკეთე ყველასთვის, მაშინ უნდა გაამრავლოს კიდეც გამოვლენის ფორმები. ამიტომ სულიერი ცხოვრება, მთელი თავისი შთამგონებელი და გარდამქმნელი ძალით, ვერ ამოწურავს სამყაროში არსებულ სულიერ ენერგიებს.   

უდავოა, სამყარო გარდაიქმნება სიწმნიდეში. როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ პატარა იყო, არც თუ ისე ძლიერი და მისი პრობლემები დღევანდელ მსოფლიო წესრიგთან მოსატანიც არ იყო, სიწმიდე ერთსახოვანი გახლდათ, მაგრამ გახსნილ, ერთიანობისკენ მავალ მსოფლიოში, მისი შეუწყვეტელი გართულების, გლობალიზაციისკენ სვლისა და მისგან გამომდინარე ყველა პრობლემასთან მიმართებაში, თავად სიწმინდემ უეჭველად უნდა შეიძინოს ახალი ფორმები, ისეთი, რომელნიც უცხო არ იქნებიან ადამიანური ცხოვრების სირთულეების გადაწყვეტის ობიექტური ძიებისათვის.

ხელოვნება, რომლითაც დღეს ადამიანი ცდილობს საკუთარი თავის გაზრდასა თუ გადაზრდას, წარმოადგენს ქრისტეს სამყაროში მყოფობის ფარულ მოწმობას. მოვა დრო, როდესაც ეს მყოფობა ცხადი გახდება, მაგრამ ვიდრე ჟამამდე ის დაფარული უნდა იყოს. მაცხოვრის მოწაფეებს სამაყაროს სიყვარული ავალებს, მიიღონ მონაწილეობა მის განვითარებასა და ძირეულ გარდაქმნაში. მათი სიყვარული აღარ შეიძლება შემოისაზღვროს ინდივიდულაური დონით, იგი უნდა წარმოჩინდეს საზოგადოებრივ თანამშრომლობათა და ისტორიულ ცვლილებათა დონეზე. ქრისტიანებმა ყველა სხვა ადამიანებთნ ერთად უნდა განახორციელონ სამყაროს ეს გარდაქმნა საერთო სიკეთის გამო. შეუძლებელია, ეს ამოცანა იქცეს ადამიანთა რომელიმე ჯგუფის, ან რომელიმე ქვეყნის საქმედ, როგორი ძლევამოსილიც არ უნდა იყოს ის. არა, შეუძლებელია ცალმხრივ ქმედებათა შედეგებზე გაჩერება, აუცილებელია გაცვლა, თანამშრომლობა. დღეს კი ყოველი დახმარება ძლიერის მხრიდან სუსტისადმი, ძლიერს უბიძგებს, დაიმორჩილოს სუსტი, მოახვიოს თავს საკუთარი მოთხოვნილებები და, საბოლოოდ, მივიდეს დომინანტის პოლიტიკამდე.

 მორწმუნეს უნდა შეეძლოს, არა მხოლოდ უხვად გასცეს, არამედ მიიღოს კიდეც ისეთივე სიმდაბლითა და უბრალოებით, როგორადაც იდეაში გაცემას აღასრულებს. თუ დღეს ქრისტიანული ხედვა ასეთია, მაშინ თქვენ, ქრისტიანები, მზად უნდა იყოთ გასაცემისა და მიღებისათვის, ანუ თანამშრომლობისათვის. უნდა გამოავლინოთ მზადყოფნა, გასცეთ, რადგან თქვენ ბევრი მოგეცათ ქრისტესგან. უნდა გამოავლინოთ მზადყოფნა, მიიღოთ, რადგან ესეც წყალობაა, რომელსაც ღმერთი გჩუქნით სხვა ადამიანთა მეშვეობით.

ეს იდეა თანამშრომლობისა, შესაძლოა, გახდეს ჩვენი ქვეყნის წვლილი მსოფლიო დონეზე, რადგანაც, როგორც ჩანს, დიდმა მმართველებმა მას ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს. გაფრთხილებები ხშირად ხომ სწორედ პატარებისგან გვესმის. მაგრამ აი ეს, რაც უფრო მნიშვნელოვანია და პირდაპირ გეხებათ თქვენ: უნდა გაიგოთ, რომ ადამიანის ჭეშმარიტი ცხოვრება საკუთარი თავის დავიწყებაში მდგომარეობს, რადგან მხოლოდ საკუთარი თავის დავიწყებითა და ჭეშმარიტებაში სხვასთან შეხვედრით, ადამიანი პოულობს თავს. ვიდრე სხვა არ შეგიცვნიათ უფალში, ხედავთ მხოლოდ უსახურობას. რა თქმა უნდა, ადამიანი სუსტია, წინააღმდეგობრივი, არავინ არის თავისუფალი ბალღურობისგან, მზაკვრობისა თუ ეგოცენტრულობისაგან, მაგრამ ქმნილების უსახურობას არ შეუძლია, მასში წაშალოს შემოქმედის ბეჭედი. ყოველგვარი ადამიანური პიროვნულობა, როგორც მოცემულობა, მისი მოწოდებებით, ღვთისაგან მიღებული ნიჭებით, შორეული ჰორიზონტებისკენ სწრაფვით  თანაზიარია ქრისტესი. მხოლოდ ამ სინათლეზე უნდა უცქიროთ ადამიანს, ამით დაეხმარებით, გააცოცხლოს თავის თავში ღვთაებრივი პიროვნულობა, რომლადაც ის არის მოწოდებული და მთავარი: უნდა გახსოვდეთ, რომ არაფერი აღარ იქნებით, ქრისტესგანაც კი გაუცხოვდებით, თუ შეწყვეტთ, უყუროთ სხვას (ადამიანს) ამგვარად.

რატომ უნდა ვამტკიცოთ ჩვენი მოჩვენებითი აღმატებულება და ვისურვოთ, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ის სცნონ სხვებმა? მხოლოდ სიყვარულში მყოფობს ქრისტე ჩვენს გვერდით და თუ არ აღივსებით სიყვარულით, ვერ შეიტანთ ვერავითარ წვლილს თქვენი ქვეყნის მშენებლობაში, ვერ მოუტანთ სიკეთეს კაცობრიობას. მხოლოდ სიყვარულში გაიაზრებთ თქვენს თავს და თქვენს ცხოვრებას, ამიტომაც სიყვარული უნდა იქცეს თქვენთვის ყველაფრად. მის გარეშე  მიუხალოვდებით არარსებობას, პირველყოფილ ქაოტურობას. თქვენ თესლი ხართ, რომელიც უნდა მოკვდეს, რათა სხვებმა იცხოვრონ. თქვენ ცხოვრების ჭეშმარიტ საიდუმლოს ფლობთ, რადგანაც ვიღაცამ გასწავლათ სიკვდილის მიღება. მთელი თქვენი აღმატებულება თვითყვედრებაშია, მის უწყვეტ ნაკადში, რომელმაც უნდა აღგძრათ, გახსნათ ეკლესიის საზღვრები ახალი ჰორიზონტებისათვის თქვენი მსხვერპლიანი მოწმობით. მხოლოდ მაშინ შეძლებთ, დაამტკიცოთ თქვენი თვითმყოფადობა, თუ მის მტკიცებას არასდროს მოჰყვებით, მთელი თქვენი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ არ მიისწრაფვით, მიუთითოთ მასზე, ან აიძულოთ ვინმე, სცნოს იგი. გადარჩებით იმ შემთხვევაში, თუ არ დაიწყებთ თქვენთვის დაცვის ძიებას. პირიქით, ღირს ამ სამყაროს მთავარ პრობლემასთან შერკინებაში ჩაბმა. თქვენ არ დაიწყებთ ბატონობის ძიებას, რადგან ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი განაგებენ მათ“ (მთ.20.25), თქვენ კი არა ხართ ამ სოფლისანი. ყოველ ჯერზე, როდესაც სიამაყეს ან პატივისცემას იგრძნობთ, თითქოს ძლიერნი იყოთ ამ სოფლის ლოგიკით, განგეშორებათ მაცოცხლებელი სული, რადგან უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არაარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი“ (1კორ.1.28).

 

გწამთ თქვენ ამ ყველაფრის?

Download
გ.ხოდრი- მოწოდება ქრისტიანებს.pdf
Adobe Acrobat Document 561.8 KB