ქრისტიანთა დევნა რომის იმპერიაში დევნების ისტორია
(II ნაწილი)
იმპერატორ კომოდუსის დროს (180-192)
ეკლესიისათვის შედარებით მშვიდი დრო დადგა. ამ იმპერატორმა სიკვდილის შემდგომ, რომის იმპერიაში ყველაზე ცუდი სახელი დატოვა, რადგან მისი მამის, მარკუს ავრელიუსისაგან განსხვავებით, იგი ნაკლებად ინტერესდებოდა სახელმწიფო საქმიანობით. გამოავლინა რა გულგრილობა პოლიტიკასთან მიმართებით, იგი ნაკლებად ინტერესედებოდა ქრისტიანთა დევნით, ვიდრე ანტონინების დინასტიის სხვა წარმომადგენლები. გარდა ამისა, კომოდუსზე დიდ გავლენას ახდენდა მისი კომკუბინატი (2) მარცია, რომელიც ქრისტიანი გახლდათ, თუმცა ნათლობა არ ჰქონდა მიღებული (Dio Cassius. Hist. Rom. LXXII 4. 7). იმპერატორის სასახლის კარზე სხვა ქრისტიანებიც გაჩდნენ, რომელთა შესახებაც ირინეოსი გვამცნობს (Adv. Haer. IV 30. 1): ესენი გახლდნენ აზატები პროკსენი (ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ როლს თამაშობდა სეპტიმუს სევერუსის მმართველობაში) და კარპოფორი (იპოლიტე რომაელის თანახმად, იგი გახლდათ მომავალი პაპის - კალისტოს ბატონი - Hipp. Philos. IX 11-12). სასახლის კარზე არსებული კეთილგანწყობილი ურთიერთობა ქრისტიანებთან მიმართებით, დიდხანს ვერ დარჩებოდა დაფარული პროვინციებში. მართალია ანტიქრისტიანული კანონმდელობა ძალაში დარჩა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება არ დევნიდა მაგისტრატებს და მათ არ შეეძლოთ ასეთი სახის ცვლილებებს შეგუებოდნენ. დაახლოებით 190 წელს, აფრიკაში გაგზავნილმა პროკონსულმა, ცინციუს სევერუსმა საიდუმლოდ უთხრა მასთან მიყვანილ ქრისტიანებს, თუ როგორ უნდა ეპასუხათ მისთვის სასამართლოზე რათა განთავისუფლებულიყვნენ, ხოლო მისი მემკვიდრე კანდიდი საერთოდ უარს ამბობდა ქრისტიანთა გასამართლებაზე, რომელნიც მასთან გაშმაგებულ ბრბოს მიჰყავდა (Tertull. Ad Scapul. 4). რომში მარციამ შეთანხმებას მიაღწია იმპერატორ კომოდუსთან, რომ აღმსარებლებისათვის ეპატიებინათ, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ კატორღული სამუშაოები, კუნძულ სარდინიაზე მდებარე მაღაროებში. პაპმა ბიქტორმა, მარციასთან დაახლოებული პრესვიტერის - იაკინტეს მეშვეობით წარმოადგინა აღმსარებელთა სია, რომელნიც მართლაც გაანთავისუფლეს (მათ შორის ირიცხებოდა მომავალი რომის პაპი - კალისტოსი; Hipp. Philos. IX 12. 10-13).
ქრისტიანთა დევნების დაუნდობელ სცენებზე დაკვირვება მეტნაკლებად შესაძლებელი იყო კომოდუსის დროს. მისი მმართველობის დასაწყისში (დაახ. 180 წ) აფრიკაში პირველი ქრისტიანები ეწამნენ, რომელთა შესახებ ცნობები დღევანდელ დღემშე შემოგვრჩა. თორმეტმა ქრისტიანმა ნუმიდიაში, პროკონსულ ვიჰელის წინაშე, მტკიცედ აღიარეს საკუთარი რწმენა, მათ უარი განაცხადეს, რომ მსხვერპლი შეეწირათ წარმართული ღვთაებებისადმი და დაეფიცათ იმპერატორის გენიისადმი, რისთვისაც გაასამართლეს და თავები მოჰკვეთეს (ხსენება 17 ივლისს; Болотов. Acta Martyrum Scillitanorum -ის საკითხთან დაკავშირებით. 1903. T. 1. С. 882-894; Т. 2. С. 60-76). რამდენიმე წლის შემდგომ (185 ან 185 წელს) ქრისტიანებს სასტიკად გაუსწორდა ასიის პროკონსული - არიუს ანტონინუსი (Tertull. Ad Scapul. 5). რომში დაახლოებით 183-185 წლებში ეწამა სენატორი აპოლონი (ხსენება 18 აპრილს) - ეს გახლდათ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ქრისტიანობამ რომის არისტოკრატიული წრის საზოგადოებაშიც შეაღწია. იმ მონას, რომელმაც ბრალი დასდო მას ქრისტიანობაში, ძველი კანონების თანახმად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რადგან მონებს ეკრძალებოდათ ბატონებზე საჩივრის შეტანა, მაგრამ ამ გარემოებამ ვერ გაანთავისუფლა აპოლონი პრეტორიის პრეფექტ ტიგიდის წინაშე პასუხისგებისაგან, რომელმაც ქრისტიანული რწმენის უარყოფა და იმპერატორის გენიისადმი დაფიცება შესთავაზა მას. აპოლონმა ამაზე უარი განცხადა და სამი დღის შემდგომ, სენატის წინაშე საკუთარი თავის დასაცავად აპოლოგია წაიკითხა, რომლის ბოლოშიც კვლავ უარს აცხადებდა წარმართული ღვთაებებისადმი მსხვერპლშეწირვაზე. მიუხედავად დამაჯერებელი საუბრისა, პრეფექტი იძულებული იყო, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა აპოლონისათვის, რადგან „სასამარლოს წინაშე წარმდგარი ადამიანების განთავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუკი ისინი შეიცვლიდნენ საკუთარ აზრს“ (Euseb. Hist. eccl. V 21. 4).
ეკლესიასა და რომის სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების ახალი ეტაპი, სევერუსების დინასტიის მმართველობის დროს იწყება (193-235), რომლის წარმომადგენლებიც ნაკლებად ზრუნავდნენ მკაცრი რომაული რელიგიური წესრიგის დაცვისა და გამტკიცებისათვის. ისინი რელიგიური სინკრეტიზმის პოლიტიკას ატარებდნენ. აღნიშნული დინასტიის იმპერატორების დროს, აღმოსავლურმა კულტებმა ფართო გავრცელება ჰპოვეს იმპერიის მთელ ტერიტორიაზე, რადგან მისი მოსახლეობის სხვადასხვა კლასებში და სოციალურ ფენებში შეაღწიეს. ქრისტიანები, განსაკუთრებით სევერუსების დინასტიის უკანასკნელი სამი წარმომადგენელის დროს, შედარებით მშვიდად ცხოვრობდნენ, ხანდახან მმართველის პირადი სიმპატიებით და პატივისცემითაც კი სარგებლობდნენ.
იმპერატორ სეპტიმუს სევერისუსის დროს (193-211)
დევნა 202 წლიდან დაიწყო. სეპტიმუსი წარმოშობით აფრიკელი გახლდათ. რომის სახელმწიფოს მიერ დაწყებული ახალი რელიგიური პოლიტიკის მიზეზებს, სეპტიმუსის და მისი მეორე მეუღლის, ემესელი ქურუმის ქალიშვილის, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე- იულია დომნას წარმომავლობაში ხედავენ. მმართველობის პირველ ათწლეულში, სეპტიმუს სევერუსი შემწყნარებლურად იყო განწყობილი ქრისტიანების მიმართ. ქრისტიანები მისი სასახლის კარზეც მსახურობდნენ, მათგან ერთ-ერთმა, სახელად პროკულმა იმპერატორი განკურნა (Tertull. Ad Scapul. 4. 5).
თუმცა 202 წელს, პართული ლაშქრობის შემდეგ, იმპერატორმა იუდეური და ქრისტიანული პროზელიტიზმის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო. „სევერუსის ისტორიკოსის“ ცნობით, მან „უმძიმესი სასჯელის შიშით აკრძალა იუდაიზმში დაბრუნება; იგივე დაადგინა მან ქრისტიანობასთან მიმართებით“ (Scr. Hist. Aug. XVII 1). ამ ცნობის მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით მკვლევართა აზრი გაიყო: ერთნი მიიჩნევენ, რომ იგი გამონაგონი ან ცდომილია, მეორენი მისი არმიღების საფუძველს ვერ ხედავენ. ასევე არ არსებობს ერთიანი აზრი, სევერუსის დროინდელი დევნის ხასიათის შეფასებისას. მაგ: უ. ფრენდი ეყრდნობა რა, წმ. იპოლიტე რომაელის სიტყვას, რომელიც დანიელ წინასწარმეტყველის წიგნის გამნმარტებას შეეხება, რომ მეორედ მოსვლის წინ „მართლებს ყველა ქალაქში და სოფლებში გაანადგურებენ“ (Hipp. ln Dan. IV 50.3), მიიჩნევს, რომ სევერუსის დროინდელი დევნა გახლდათ „პირველი საყოველთაოდ კოორდინირებული მოძრაობა ქრისტიანთა წინააღმდეგ“ Frend. 1965. P. 321), მაგრამ ეს მოძრაობა, ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულთა, ან პროვინციებში მცხოვრებ, ჯერ კიდევ მოუნათლავ ადამიანთა მცირე რიცხოვან ჯგუფს შეეხო. შესაძლებელია, ზოგიერთი მოწამის შედარებით მაღალი სოციალური მდგომარეობის გამო იქონია ამ დევნამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება საზოგადოებაზე. ევსები კესარიელი იხსენებს რა ქრისტიან მწერალ - იუდას, რომელმაც შეადგინა ქრონიკა 203 წლამდე, ამატებს: „იგი ფიქრობდა, რომ ანტიქრისტეს გამოჩენა ახლოვდებოდა, რის შესახებაც დაუსრულებლად საუბრობდნენ. ჩვენი მისამართით დაწყებულმა მაშინდელმა ძლიერმა დევნამ, მრავალი ადამიანის გონებაში წარმოშვა შფოთი და გაუგებრობა“ (Euseb. Hist. eccl. VI 7).
ეგვიპტიდან და თებაიდიდან ალექსანდრიაში მიჰყავდათ ქრისტიანები დასასჯელად. კატეხიზატორული სკოლის ხელმძღვანელი, კლიმენტი ალექსანდრიელი დევნის გამო იძულებული იყო ქალაქი დაეტოვებინა. მისმა მოწაფე - ორიგენემ, რომლის მამაც (ლეონიდე) მოწამეთა როცხვში აღმოჩნდა, თავის თავზე აიღო ახლადმოქცეულთა მომზადება. მისმა რამოდენიმე მოწაფემაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე, უმეტესობა მათგანი ჯერ კიდევ კათაკმეველები იყვნენ და მხოლოდ ციხეში შეძლეს მონათვლა. წამებულთა შორის იყვნენ ქალწული პოტამიანა, რომელიც მის დედასთან (მარკელასთან) და მის თანმხლებ ჯარისკაცთან, ბასილიდთან ერთად დაწვეს ცოცხლად (Euseb. Hist. eccl. VI 5). 203 წლის 7 მარტს კართაგენში, აფრიკის პროკონსულის წინაშე ველურ პირუტყვებს მიუგდეს ცნობილი რომაელი ქალბატონი - პერპეტუა, მისი მონა ქალი - ფელიციტატა, სეკუნდი, სატორნილე, მონა რევოკატი და მოხუცი მღვდელი სატირი (ხსენება 1 თებერვალს; Passio Perpetuae et Felicitatis 1-6; 7, 9; 15-21). ცნობილნი არიან აგრეთვე სხვა მოწამენი, რომელნიც რომში, კორინთოში, კაბადოკიაში და იმპერიის სხვა ადგილებში აწამეს.
(211-217 წლები)
დევნამ კვლავ მოიცვა ჩრდილოეთ აფრიკის პროვინციები, თუმცა ამჯერად იგი შეზღუდულ ხასიათს ატარებდა. ამჯერად ქრისტიანებს, პროკონსულური აფრიკის, მავრიტანიის და ნუმიდიის მმართველი და ასევე ტერტულიანეს აპოლოგიის ადრესატი - სკაპულა დევნიდა.
მთლიანობაში ეკლესიამ მშვიდად გადაიტანა უკანასკნელი სევერუსების მმართველობის ხანა. მარკუს ავრელიუს ანტონინუს ელაგაბალმა (218-222) მიზნად დაისახა, რომ „იუდეველთა და სამარიტელთა რელიგიური წესები, ასევე ქრისტიანული ღვთისმსახურებები რომში გადაეტანა“, რათა მათთვის სათაყვანაებელი ღვთაების - ელას ქურუმებისათვის დაექვემდებარებინა ისინი (Scr. Hist. Aug. XVII 3. 5). მმართველობიდან რამოდენიმე წელში, ელაგაბალმა რომაელი ხალხის საერთო სიძულვილი დაიმსახურა და იგი თავისივე სასახლეში მოკლეს. ამავე დროს, როგორც ჩანს, მდაბიო ხალხის უხამსობის შედეგად, რომის პაპი - კალისტე და პრესვიტერი - კალეპოდი დაიღუპნენ (ხსენება 14 ოქტომბერს; Depositio martyrum// PL. 13. Col. 466).
იმპერატორი ალექსანდრე სევერუსი (222-235)
დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელს, მხოლოდ შემწყნარებლური დამოკიდებულება კი არ ჰქონდა ქრისტიანებთან მიმართებით (lbid. XVII 22.4) და სურვილი, რომ „ქრისტეს სახელზე ტაძარი აეშნებინა და შეეყვანა იგი ღმერთების რიცხვში“ (lbid. 43.6), но даже ставил в пример христ. практику избрания священников как образец при назначении правителей провинций и др. чиновников (Ibid. 45. 6-7). ქრისტიანულ ჰაგიოგრაფიულ ტრადიციაში არსებობს რამოდენიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ალექსანდრე სევერუსის მმართველობის პერიოდში გარკვეული სახის დევნას ჰქონდა ადგილი. მაგ: ტატიანეს (ხსენება 12 იანვარს) და მარტინეს წამება (ხსენება 1 იანვარს), რომელნიც, როგორც ჩანს, რომში ეწამნენ დაახლოებით 230 წელს. სავარაუდოდ, ბითინიის ნიკეაში ეწამა წმ. თეოდოტია (ხსენება 17 სექტემბერს).
იმპერატორი მაქსიმინუს თრაკიელი (235-238)
ალექსანდრე სევევრუსის სიკვდილის შემდეგ, ჯარისკაცებმა იმპერატორად მაქსიმინუსი გამოაცხადეს, „რადგან ალექსანდრეს სასახლის კარისადმი, რომლის უმრავლესობასაც ქრისტიანები წარმოადგენდნენ, გარკვეული სახის ზიზღი ამოძრავებდათ“. დაიწყო ახალი ხანმოკლე დევნა (Euseb. Hist. eccl. VI 28). ამჯერად დევნის ობიექტს კლერიკოსები წარმოადგენდნენ, რომელნიც იმპერატორმა „ქრისტიანობის სწავლებაში და გავრცელებაში“ დაადანაშაულა. პალესტინის კესარიაში დაკავებულ იქნენ და შემდეგ მოწამეობრივად აღესრულნენ ორიგენეს მეგობრები - ამბროსი და მღვდელი პროტოკტი, რომელთაც ორიგენემ ტრაქტატი მიუძღვნა სახელწოდებით „მოწამეობის შესახებ“. 235 წელს, რომში არსებულ დევნას ემსხვერპლნენ პაპი პონტიანუსი (ხსენება 5 აგვისტოს; დასავლეთში, 13 აგვისტოს) და ანტიპაპი მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი, რომელნიც კუნძულ სარდინიაზე გადაასახლეს მაღაროებში სამუშაოდ (Catalogos Liberianus//MGH. AA. IX; Damasus. Epigr. 35. Ferrua). 236 წელს სიკვდილით დასაჯეს პაპი - ანტეროსი (ხსენება 5 აგვისტოს; დასავლეთში, 3 იანვარს). კაბადოკიაში და პონტოში დევნა ყველა ქრისტიანს შეეხო, მაგრამ ეს დევნები არა იმდენად მაქსიმინუსის ედიქტის შედეგს წარმოადგენდა, რამდენადაც ანტიქრისტიანული ფანატიზმის გამოვლინების შედეგს, რომელიც წარმართებს აღეძრათ, ამ რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. მიწისძვრა დაახლოებით 235-236 წლებში მოხდა (ფირმილიანე კესარიელის წერილი - Cypr. Carth. Ep. 75. 10).
რომის იმპერატორების - გორდიანე მესამის (238-244) და ფილიპე არაბის (244-249), რომელსაც ქრისტიანადაც კი მიიჩნევდნენ (Euseb. Hist. eccl. VI 34) მმართველობის პერიოდში ეკლესიას მშვიდობისა და გაფურჩქვნის ხანა დაუდგა.
დეკიუსი (249-251)
დეკიუსი იმპერატორად არჩეულ იქნა მეზიაში, ჯარის მიერ, რასაც ფილიპე არაბის დამხობა მოჰყვა. რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი დევნა, სწორედ მის სახელს უკავშირდება. ამ დევნამ მთელი იმპერიის ტერიტორია მოიცვა, რადგან იგი საყოველთაო ხასიათს ატარებდა. მოტივები, რომლებმაც აიძულა დეკიუსი, რომ ქრისტიანთა დევნა დაეწყო, არ არის გარკვეული. XII საუკუნის ბიზანტიელი მემატიანე იოანე ზონარა, ეყრდნობა რა ჩვენამდე არ მოღწეულ წყაროებს, ამტკიცებს, რომ დეკიუსს, ვალერიანემ უბიძგა დევნის დაწყებისაკენ (Zonara. Annales. XII 20). თუმცა, როდესაც 253 წელს, ვალერიანემ საიმპერატორო ტახტი დაიკავა, მან ანტიქრისტიანული პოლიტიკის გატარება მხოლოდ 257 წელს დაიწყო. ევსები კესარიელი მიიჩნევდა, რომ დეკიუსმა ახალი დევნა, მისი წინამორბედის სიძულვილის გამო დაიწყო, რომელიც თავისი პროქრისტიანული თვისებებით იყო ცნობილი (Euseb. Hist. eccl. VI 39.1). წმ. კიპრიანე კართაგენელის სიტყვების თანახმად, დეკიუსი იმისათვის უფრო იყო მზად, რომ სულელური ამბები მოესმინა იმპერიის გარეუბანში რომელიმე უზურპატორის მიერ დაწყებული აჯანყების შესახებ, ვიდრე რომში ახალი ეპისკოპოსის დადგენის შესახებ მისვლოდა ინფორმაცია (Cypr. Carth. Ep. 55. 9).
თუმცა, დევნის დაწყების მიზეზები უფრო სიღრმისეულია და არ შეიძლება ისინი მხოლოდ იმპერატორის პირად ანტიპატიებთან იყოს დაკავშირებული. პირველ რიგში აღსანიშნავია მოსახლეობის სიძულვილი ქრისტიანებისადმი. დევნის დაწყებამდე ერთი წლით ადრე (248), წარმართი ქურუმების წაქეზებით, ალექსანდრიის მაცხოვრებლებმა ქრისტიანი მოსახლეობის დარბევა მოახდინეს: ბრბო ძარცვავდა და ანადგურებდა ქრისტიანთა ქონებას, ხალხს აიძულებდნენ, რომ წარმართული ღვთაებებისათვის მსხვერპლი შეეწირათ, ხოლო ვინც უარს იტყოდა, მათ სიკვდილით სჯიდნენ (Euseb. Hist. eccl. VI 7). მეორე, დეკიუსს უნდოდა, რომ ღრმა კრიზისში აღმოჩენილი ძველი რომაული წესრიგი აღედგინა, დაებრუნებინა ტრადიციული ზნეობრიობა და ჩვეულებანი, რომელნიც ძველ რომაულ კულტებს ეფუძნებოდა. ეს ყოველივე იწვევდა დაპირისპირებას ქრისტიანებთან მიმართებით, რომელნიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ტრადიციული რომაული რელიგიის ღირებულებებს. ასეთი სახით, დეკიუსის ანტიქრისტიანული ქმედებები უნდა აღვიქვათ, როგორც იმპერატორის პირადი მიკერძოების და ობიექტური ფაქტორების შეხამება, რომელიც დაკავშირებული იყო იმპერიის შიდა პოლიტიკასთან, რაც რომის სახელმწიფოს გაძლიერებას გულისხმობდა.
დეკიუსის კანონმდებლობა, რომელიც ქრისტიანობას უკავშირდებოდა, არ შენარჩუნდა, მაგრამ მისი შინაარსისა და გამოყენების შესახებ შესაძლებელია მსჯელობა, ამავე ეპოქის რამოდენიმე დოკუმენტის საშუალებით: თავდაპირველად წმ. კიპრიანე კართაგენელის წერილებისა (Ep. 8, 25, 34, 51, 57) და მისი ტრაქტატის მიხედვით, რომელსაც „დაცემულთა შესახებ“ ეწოდება; ასევე ევსები კესარიელის მიერ შემონახული, წმ. დიონისე ალექსანდრიელის წერილების მიხედვით, რომელთა ადრესატებიც ფაბიანე ანტიოქიელი (Euseb. Hist. eccl. VI 41-42), დომიციანე, დიდიმე (lbid. VII 11.20) და გერმანე იყვნენ (lbid. VI 40); ჩვენ თავდაჯერებით შეგვიძლია გამოვიყენოთ რამოდენიმე ცნობა ქრისტიანთა წამების შესახებ, მათ შორის პრესვიტერ პიონი სმირნელის (ხსენება 11 მარტს). განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ, ჩვენ დრომდე მოღწეული პაპირუსები, რომელნიც XIX საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს ეგვიპტეში (სულ დაახლოებით 40 პაპირუსი). ეს გახლავთ მოწმობები (libelli), რომლებიც იმ პირებს ეძლეოდათ, ვინც ხელისუფლების წარმომადგენელთა თანდასრებით, წარმართული ღვთაებებისადმი მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ (Болотов. Собр. Трудов. Т. 3. С. 124; New Eusebius. P. 214).
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დეკიუსმა 2 ედიქტი გამოსცა, ამასთან პირველი მათგანი იერარქების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო მეორეში გაცემული იყო ბრძანება, რომ იმპერიაში მცხოვრებ აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს ერთობლივი მსხვერპლი უნდა შეეწირა ღვთაებებისადმი (ვრცლად ამის შესახებ, იხ. ვიქტორ ფედოსიკი. ეკლესია და სახელმწიფო. 1988. გვ. 94-95). ამას უკავშირდება დევნის ორი ეტაპი. პირველი ეტაპი: როდესაც დეკიუსი, 249 წლის ბოლოს რომში შევიდა, ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდგომ აწამეს მრავალი გამოჩენილი ეპისკოპოსი. მეორე ეტაპი: 250 წლის თებერვლიდან გამოიცა ბრძანება ერთობლივი მსხვერპლშეწირვის შესახებ, რაც ორგანიზატორთა აზრით, ერთის მხრივ ერთგულების ფიცის აქტს ნიშნავდა, რომელსაც იმპერიაში მცხოვრებნი უნდა შეეკრა ერთ მუშტად, ხოლო მეორეს მხრივ, წარმართული ღვთაებებისადმი კოლექტიური ლოცვის ფორმას, რომ ამ ღვთაებებებს უხვი წყალობა მოეღოთ იმპერატორზე და მთელს სახელმწიფოზე. უნდა აღინიშნოს, რომ დეკიუსის კანონმდებლობა, მხოლოდ ქრისტიანთა და იმ პირთა წინააღმდეგ არ იყო მიმართული, რომელნიც აკრძალული რელიგიის მიმდევრობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. იმპერიაში მცხოვრები ყოველი ადამიანი ვალდებული იყო, რომ რელიგიური რიტუალის მეშვეობით დაემტკიცებინა თავისი ერთგულება წარმართული ღვთაებებისადმი, რომლის არსიც, სამსხვერპლო ხორცის გამოყენებაში, ღვინის დაღვრაში და წარმართული ღვთაებებისა და იმპერატორის გამოსახულებებისადმი საკმევლის კმევაში გამოიხატებოდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქრისტიანული მრწამსის აღიარებაში იყო ეჭვმიტანილი, თუკი ამ ქმედებებს აღასრულებდა, მაშინ შეძლებდა იმის დამტკიცებას, რომ ასეთი ბრალდების წაყენებისათვის საფუძველი არ არსებობდა; თუკი რომელიმე ქრისტიანი წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მიიღებდა მონაწილეობას, იგი ამით განუდგებოდა თავისი სარწმუნოების პრინციპებს და ტრაიანეს კანონმდებლობის საფუძველზე, ასეთი ადამიანი (ყოფილი ქრისტიანი) დაუყონებლივ უნდა განთავისუფლებულიყო. მსხვერპლშეწირვაზე უარის თქმის შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული.
ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ დაიშურა იმისათვის, რომ თუნდაც ფორმალურად მაინც დაებრუნებინა ქრისტიანები, რომელთაც იგი „კეთილ მოქალაქეებად“ და ტრადიციულ კულტად მიიჩნევდა, ამიტომაც არ სურდათ მათ, რომ საქმე წამებამდე მისულიყო და ამიტომ ძალდატანების სხვადასხვა საშუალებებს მიმართავდნენ, მაგ: წამებას, ხანგრძლივ პატიმრობას და ა.შ. ედიქტის შედეგს წარმოადგენდა იმ ქრისტიანთა მოკვეთა, რომელნიც მიეჩვივნენ რა მოთმინების ხანგრძლივ პერიოდს, ახლა უკვე აღარ იყვნენ მზად, რომ წყნარი ცხოვრებისათვის ეთქვათ უარი და გაჭირვება გადაეტანათ, რადგან ამის თავიდან აცილება ადვილად იყო შესაძლებელი. მრავალი მკვლევარის აზრით, ხელისუფალთა მოთხოვნებზე ფორმალურად დათანხმება ჯერ კიდევ არ ნიშნავდა სარწმუნოების უარყოფას. წმ. კიპრიანეს მოწმობით, განდგომილთა რამოდენიმე კატეგორია წარმოიშვა: 1) ისინი, რომელთაც ნამდვილად შესწირეს მსხვერპლი წარმართულ ღვთაებებს (sacrificati); 2) ისინი, რომელთაც მხოლოდ საკმეველი აკმიეს იმპერატორისა და ღვთაებების გამოსახულებების წინაშე (thurificati); ისინი, რომელთაც არც ერთი აღასრულეს და არც მეორე, მაგრამ სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის ქრთამის მეშვეობით მიაღწიეს იმას, რომ ისინი იმ ადამიანთა სიებში შეიყვანეს, რომელთაც მსხვერპლი შესწირეს ღვთაებებს და ამგვარად მიიღეს მოწმობები (libellatici); და ბოლოს, ის პირები, რომელთა დანაშაულიც მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მათი სახელები სიებში ისე შეიტანეს, რომ ლიბელები არ მიიღეს (acta facientes).
მრავალ რიცხოვან განდგომილებთან ერთად, აღმსარებელნი და სარწმუნოებისათვის წამებულნიც იყვნენ, რომელთაც სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს ქრისტესადმი ერთგულება. ერთ-ერთი პირველი ვინც დევნას შეეწირა, გახლდათ რომის პაპი ფაბიანე, რომელიც 250 წლის 20 ან 21 იანვარს აწამეს (ხსენება 5 აგვისტოს; დასავლეთში, 20 იანვარს; Cypr. Carth. Ep. 3). რომის ეკლესიის რამოდენიმე იერარქი და ერისკაცთა დიდი ნაწილი დააპატიმრეს (Euseb. Hist. eccl. VI 43. 20). აფრიკელი ცელერინი, პატიმრობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ, მოულოდნელად გაანთავისუფლა იმპერატორმა (Cypr. Carth. Ep. 24); სხვა პატიმრები ზაფხულამდე იყვნენ ბორკილებ დადებულნი და საბოლოოდ ისინიც მოკლეს, მაგ: პრესვიტერი მოსე (Cypr. Carth. Ep. 55; Euseb. Hist. eccl. VI 43. 20).
რომიდან დევნამ პროვინციებში გადაინაცვლა. კუნძულ სიცილიაზე წამებით მოკლეს ეპისკოპოსი ნიკონი და მისი 199 მოწაფე (ხსენება 23 მარტს); კატანიაში აღესრულა მოწამე აღათეა, რომელიც პალერმოდან გახლდათ (ხსენება 5 თებერვალს). ესპანეთში, ეპისკოპოსები - ბასილიდა და მარციალე „ლიბელატიკები“ გახდნენ. აფრიკაში, წმ. კიპრიანეს მოწმობით, რომელმაც თავი აარიდა დევნას, მრავალი მორწმუნე განუდგა რწმენას, მაგრამ აქაც იყო პატიმრობაში მყოფთა სიმტკიცის მაგალითები, რომელთაც მრავალი ტანჯვა გადაიტანეს (Cypr. Carth. Ep. 8). ეგვიპტეში მრავალი განდგომილი და „ლიბელატიკი“ იყო. ზოგიერთმა ქრისტიანმა, რომელთაც გამორჩეული ადგილი ეკავათ საზოგადოებაში, ნებაყოფლობით აღასრულეს მსხვერპლშეწირვა, თუმცა ხანდახან მათ, ახლობელი ადამიანები აიძულებდნენ, რომ ასე მოქცეულიყვნენ. ზოგიერთმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო წამებას და ამიტომ ისინი განუდგნენ რწმენას, მაგრამ ქრისტიანული სიმამაცის მაგალითებიც გამოვლინდა, რომელიც წმ. დიონისე ალექსანდრიელმა აღწერა (Euseb. Hist. eccl. VI 40-41). დიონისე, რომელიც დაპატიმრებული იყო, შემთხვევით იქნა განთავისუფლებული გლეხი წარმართების მიერ. ასიაში, კერძოდ სმირნაში აღესრულა ეპისკოპოსი ევდემონი, აქვე ეწამა პრესვიტერი პიონი (ხსენება 1 თებერვალს, დასავლეთში); მოწამეობათა აქტების თანახმად, მას საკუთარი ეპისკოპოსისაგან განდგომა მოსთხოვეს. მიუხედავად ხანგრძლივი წამებისა, პრესვიტერი მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და ამის გამო იგი ცოცხლად დაწვეს. აღმოსავლეთის გამორჩეულ კათედრებზე მყოფი რამოდენიმე ეპისკოპოსი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი მათგანი კი პატიმრობაში აღესრულა. მათ შორის იყვნენ მღვდელმოწამეები ბაბილა ანტიოქიელი (ხსენება 4 სექტემბერს; დასავლეთში, 24 იანვარს) და ალექსანდრე იერუსალიმელი (ხსენება 12 დეკემბერს; დასავლეთში, 18 მარტს; Euseb. Hist. eccl. VI 39). პალესტინის კესარიაში დაპატიმრებულ იქნა ორიგენე; მან წამება და ხანგრძლივი პატიმრობა დაითმინა, რომელიც მხოლოდ დეკიუსის სიკვდილის შემდგომ დასრულდა (lbid. VI 39. 5).
საეკლესიო სვინაქსარებში დაფიქსირებული ცნობების თანახმად, იმპერატორ დეკიუსის დევნის დროს, მოწამეთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ცნობილია მოწამეთა ჯგუფები: კარპოს თიატირელი (პერგამელი) ეპისკოპოსი, აღათოდორესთან, დიაკონ პაპილასთან და მოწამე აღათონიკასთან ერთად (ხსენება 13 ოქტომბერს); პრესვიტერი ფავსტოსი, დიაკონი აბიბო, კვირიაკე ალექსანდრიელი და მათთან ერთად 11 მოწამე (ხსენება 6 სექტემბერს), პაპიუსი, კლავდიანე და დიოდორე ატალიელები (ხსენება 3 თებერვალს); ტერნეტი და ნეონილა აფრიკელები მათი მრავალრიცხოვანი შვილებითურთ (ხსენება 28 ოქტომბერს); თვირსოსი, ლევკიოსი, კორონატი და კალინიკე ნიკომიდიელები (ხსენება 17 აგვისტოს); კრეტელი მოწამეები (ხსენება 23 დეკემბერს); მოწამე პარამონი 370 ბითინიელ მოწამესთან ერთად (ხსენება 29 ნოემბერს). იმპერატორ დეკიუსის დევნას, ასევე უკავშირდება გადმოცემა 7 ეფესელი ყრმის შესახებ.
251 წლის დასაწყისში დევნა, გარკვეულმა თავისუფლებამ ჩაანაცვლა, ეკლესიამ შესძლო, რომ შიდა პრობლემები მოეგვარებინა, რომელნიც დევნის დროს წარმოიშვა. იმპერატორ დეკიუსის დროს დადგა საკითხი საეკლესიო დისციპლინის შესახებ, რომელიც ლაფსების(3) მიღებასთან იყო დაკავშირებული, რის გამოც დასავლელ ქრისტიანთა შორის განყოფა მოხდა. 15 თვიანი შესვენების შემდეგ, რომელიც ფაბიანეს წამებით იყო გამოწვეული, რომში ყოველგვარი სიძნელეების გარეშე აირჩიეს ახალი ეპისკოპოსი, სახელად კორნილიოსი; იგი შემწყნარებლურად იყო განწყობილ0ი ლაფსების მიმართ, რაც შემდგომ ნოვატიანული განხეთქილების წარმოშობის მიზეზი გახდა. (ანტიპაპ ნოვატიანეს სახელით). წმ. კიპრიანემ დიდი კრება მოიწვია კართაგენში, რომელსაც დაცემულთა მტკივნეული საკითხი უნდა განეხილა. ეს გახლდათ პირველი კრება დევნის შმედეგ.
251 წლის ზაფხულში, მეზიაში გოთებთან ბრძოლისას იმპერატორი დეკიუსი გარდაიცვალა. რომის საიმპერატორო საყდარი ტრებონიანუს გალუსმა დაიკავა (251-253), რომელმაც განაახლა დევნა. თუმცა, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, ეს იმპერატორი ქრისტიანებს სახელმწიფოსათვის საშიშ პირებად მიიჩნევდა და ამიტომ იძულებული იყო, რომ დაეთმო მდაბიო ხალხის ნებისათვის, რომელნიც ქრისტიანებს შავი ჭირის გაჩენაში ადანაშაულებდნენ, რომელმაც 251 წლის ბოლოს მთელი იმპერია მოიცვა. რომში პაპი კორნილუისი დააპატიმრეს. იგი რომის შემოგარენში გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც 253 წელს. მისი მემკვიდრე ლუციუსი, არჩევიდან ძალიან მალე ქალაქიდან იქნა გაძევებული ხელისუფალთა მიერ, თუმცა 1 წლის შემდგომ იგი დაბრუნდა რომში. (Cypr. Carth. Ep. 59. 6; Euseb. Hist. eccl. VII 10).
იმპერატორ ვალერიანეს დროს (253-260)
რამოდენიმე ხნის შემდეგ, დევნა ახალი ძალებით განახლდა. ვალერიანეს მმართველობის პირველმა წლებმა მშვიდად ჩაიარეს ეკლესიისათვის. როგორც უამრავი ადამიანი მიიჩნევდა იმპერატორი კეთილგანწყობილიც კი იყო ქრისტიანებთან მიმართებით და სწყალობდა მათ, რომელნიც სასახლის კარზეც კი მსახურობდნენ, მაგრამ 257 წელს რელიგიურ პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებები მოხდა. წმ. დიონისე ალექსანდრიელი, ვალერიანეს განწყობის შეცვლის მიზეზს, იმპერატორთან დაახლოებულ მაკრინეში ხედავს, რომელიც აღმოსავლური კულტების მხურვალე მიმდევარი გახლდათ და ამასთან ერთად მტრულად იყო განწყობილი ეკლესიის მიმართ.
257 წლის აგვისტოში ვალერიანეს პირველი ედიქტი გამოიცა ქრისტიანების საწინააღმდეგოდ. იმედოვნებდნენ რა, რომ ზომიერი ანტიქრისტიანული ქმედებები უფრო დიდ ეფექტს მოახდენდა, ვიდრე მკაცრი ზომები, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთავარი იერიში უმაღლესი იერარქიის წინააღმდეგ მიიტანეს, რადგან ეგონათ, რომ როდესაც ეკლესიის წინამძღოლები უარყოფდნენ რწმენას, მათ თავიანთი სამწყსოც მიყვებოდა. აღნიშნული ედიქტის თანახმად, კლიროსის წევრებს მსხვერპლი უნდა შეეწირათ რომაული ღვთაებებისთვის, ხოლო უარის შემთხვევაში განკუთვნილი იყო გადასახლება. გარდა ამისა, სიკვდილით დასჯის მუქარით, აიკრძალა ღვთიმსახურების შესრულება და სამარხებში მისვლა. წმ. დიონისე ალექსანდრიელის წერილებიდან, რომელიც მან გერმამონეს, გერმანეს (Euseb. Hist. eccl. VII 10-11) და კიპრიანე კართაგენელს მისწერა (Ep. 76-80), ცნობილია თუ როგორ ასრულებდნენ ედიქტის მოთხოვნებს ალექსანდრიაში და კართაგენში. ორივე წმინდანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიბარეს და ედიქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემდეგ, ორივე მათგანი გადაასახლეს. აფრიკაში, ნუმიდიის ლეგატმა, სავარაუდოდ წესდების დარღვევის გამო, რომელიც ქრისტიანულ შეკრებებს კრძალავდა, მაღაროებში საკატორღო სამუშაოებით დასაჯა ამ პროვინციაში მცხოვრები მრავალი ეპისკოპოსი, სამღვდელო პირი, დიაკონი და ზოგიერთი ერის ადამიანი. ტრადიციულად ვალერიანეს პირველი ედიქტის მოქმედების დროს განეკუთვნება, რომის პაპ სტეფანე პირველის წამება, რომელიც 257 წელს აწამეს (ხსენება 2 აგვისტოს; ცხოვრება და მოღვაწეობა: ბ. ზადვორნი - „რომის პაპების ისტორია“ 1997. ტომი I. გვ. 105-133).
მალე ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ მიღებული ზომები არაეფქტური იყო. მეორე ედიქტი, რომელიც 258 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, შედარებით მკაცრ ხასიათს ატარებდა. სასულიერო პირებს, დაუმორჩილებლობაზე სიკვდილით დასჯა ელოდათ, სენატორული წოდების დიდგვაროვან და გავლენიან ერისკაცებს, წოდების ჩამორთმევა და ქონების კონფისკაცია, ხოლო სიჯიუტის შემთხვევაში სიკვდილით დასჯა, ხოლო მათ მეუღლეებს ასევე ქონების ჩამორთმევა და გადასახლება, საიმპერატორო სამსახურში მომუშავე ადამიანებს (caesariani) - ქონების კონფისკაცია და იძულებითი სამუშაოები სასახლის კარზე (Cypr. Carth. Ep. 80).
მეორე ედიქტის გამოყენება ძალიან დიდ სიმკაცრესთან იყო დაკავშირებული. 258 წლის 10 აგვისტოს, პაპი სიქსტუს II დიაკონ ლავრენტისთან, ფელიკისიმესთან და აღაპიტესთან ერთად აწამეს რომში (ხსენება 10 აგვისტოს). აღნიშნული დროის რომაელ მოწამეთა ჯგუფები: დიაკონები: იპოლიტე, ირინეოსი, აბუნდი და კონკორდია (ხსენება 13 აგვისტოს); ევგენია, პროტიოსი, იაკინთე და კლავდია (ხსენება 24 დეკემბერს). 14 სექტემებერს აფრიკის პროკონსულ გალერიუს მაქსიმუსთან, წმ. კიპრიანე კართაგენელი გააგზავნეს გადასახლების ადგილიდან. მათ შორის ხანმოკლე დიალოგიც შედგა:
- „შენ ხარ თასციუს კიპრიანე?
- მე ვარ.
- უწმიდესმა იმპერატორებმა გიბრძანეს, რომ მსხვერპლშეწირვა აღასრულო (caeremoniari).
- არ აღვასრულებ.
- დაფიქრდი (Consule tibi)
- გაააკეთე რაც ნაბრძანები გაქვს. ესოდენ სამართლიან საქმეში არაფერია საყოყმანო“ (In re tam justa nulla est consultatio).
ამის შემდეგ პროკონსულმა ბრალდება გააფორმა და განაჩენი გამოიტანა: „თასციუს კიპრიანე ხმლით მოკვდეს“ – „მადლობა ღმერთს!“ უპასუხა ეპისკოპოსმა (ხსენება 31 აგვისტოს; დასავლეთში, 14 სექტემბერს; Acta proconsularia S. Cypriani 3-4// CSEl. T. 3/3. P. CX-CXIV; Болотов. Собр. Трудов. Т.3. С. 132). სხვა აფრიკელი ეპისკოპოსები, რომელნიც ერთი წლის წინ გადაასახლეს, გამოიძახეს და სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის იყვნენ: თეოგენე ჰიპონელი (აღესრულა 259 წლის 26 იანვარს), ეპისკოპოსები: აღაპი და სეკუნდინი (აღესრულნენ 259 წლის 30 აპრილს). დიაკონი იაკობი და მარიანა, რომელნიც ნუმიდიაში დააპატიმრეს და 259 წლის 6 მაისს ქალაქ ლამბეზისში, ნუმიდიის ლეგატის რეზიდენციაში აწამეს, სხვა მრავალ ერის ადამიანებთან ერთად (ხსენება დასავლეთში 30 აპრილს). მოწამეთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ მათი წამება რამოდენიმე დღის მანძილზე გრძელდებოდა (Zeiller. Vol. 2. P. 155). უტიქში უამრავი ადამიანი აწამეს, მათ შორის ეპისკოპოსი კოდრატი, რომელიც წინ მიუძღოდა მის სამწყსოსს (Aug. Serm. 306). 259 წლის 29 იანვარს დიაკონ ავგურთან და დიაკონ ევლოგისთან ერთად, ესპანეთში ცოცხლად დაწვეს ტარაგონის ეპისკოპოსი ფრუქტუოზი (4) (დასავლეთის ეკლესია მათ 21 იანვარს იხსენიებს; Zeiller. 1937. Vol. 2. P. 156). დევნას შეეწირნენ ეპისკოპოსები, მარკიანე სირაკუზელი (ხსენება 30 ოქტომბერს) და ლიბერტინ აგრიჯენტელი (დასავლეთის ეკლესია მას 3 ნოემბერს იხსენიებს). დევნა იმპერიის აღმოსავლეთსაც შეეხო, სადაც ვალერიანე სპარსელებთან აწარმოებდა ბრძოლას. ცნობილია პალესტინელ, ლიკიელ და კაბადოკიელ ქრისტიანთა მოწამეობათა აქტები, რომელნიც ამ პერიოდს განეკუთვნება (Euseb. Hist. eccl. VII 12).
მშვიდობის ხანა (260-302)
260 წლის ივნისში, იმპერატორი ვალერიანე ტყვედ ჩავარდა სპარსელებთან ბრძოლისას. ძალაუფლება მისი ვაჟისა და მემკვიდრის, გალიენის (253-268) ხელში გადავიდა, რომელმაც უარი განაცხადა ანტიქრისტიანული პოლიტიკის გატარებაზე. მისი რესკრიპტი, რომელიც ქრისტიანებისათვის ადგილების გადაცემას ეხებოდა, რათა მათ დაუბრკოლებელად აღესრულებინათ ღვთისმსახურება, მიმართული იყო ალექსანდრიის ეპისკოპოს დიონისესადმი და სხვა ეპისკოპოსებისადმი, იგი შემორჩა ევსები კესარიელთან, ბერძნულ თარგმანში (Euseb. Hist. eccl. VII 13). ზოგიერთი ეკლესიის ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი საკანონმდებლო აქტებით, იმპერატორმა გალიენმა პირველად დააფიქსირა ასე ღიად, შემწყნარებლური პოზიცია ეკლესიასთან მიმართებით (Болотов. Собр. Трудов. Т. 3. С. 137; Zeiller. Vol. 2. P. 157). თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა იმას, რომ ქრისტიანობამ ნებადართული რელიგიის სტატუსს მიაღწია. როგორც შემდგომი მოვლენები აჩვენებს, ეკლესიის მშვიდობიანი არსებობის თითქმის 40 წლიანი პერიოდისა, რომელიც ამ დროიდან დაიწყო, ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ შემთხვევებს, რომელნიც ამ უკანასკნელთა სიკვდილით მთავრდებოდა, კვლავ ჰქონდა ადგილი მომავალშიც. გალიენის დროს პალესტინის კესარიაში, ქრისტიანული აღმსარებლობის გამო თავი მოჰკვეთეს სახელოვან და მდიდარ ადამიანს, სახელად მარინს, რომელიც გამოირჩეოდა სამხედრო სამსახურში (ხსენება 17 მარტს, 7 აგვისტოს; Euseb. Hist. eccl. VII 15). მსგავსი შემთხვევები, III საუკუნის II ნახევარში მოღვაწე სხვა იმპერატორების მმართველობის დროსაც ხდებოდა.
ახალი დევნის საფრთხე, იმპერატორ აურელიანეს დროსაც იყო მოსალოდნელი (270-275). იგი „მზისეული მონოთეიზმის“ აღდგენის მომხრე გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ 272 წელს იგი თავად მონაწილეობდა ერესიერარქ, პავლე სამოსატელის კათედრიდან გადაყენების საქმეში, როგორც გვამცნობენ ამის შესახებ ევსები და ლაქტანციუსი, აურელიანემ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ახალი დევნის დაწყება განიზრახა და სათანადო განკარგულებაც გასცა (Euseb. Hist. eccl. VII 30. 2; Lact. De mort persecut. 6. 2; აურელიანეს გაცემული განკარგულების ტექსტი, რომელიც ქრისტიანთა დევნას შეეხებოდა, იხ: Coleman-norton. 1966. Vol. 1. P. 16-17). მართალია აურელიანეს დროინდელი დევნა შეზღუდული ხასიათის გახლდათ, მაგრამ ამ პერიოდის მოწამეთა რიცხვი საკმაოდ დიდია. ტრადიციულად, იმპერატორ აურელიანეს დროს განეკუთვნებიან ბიზანტიელი მოწამენი: ლუკილიანე, კლავდიოსი, იპატიოსი, პავლე, დიონისე და პავლა ქალწული (ხსენება 3 ივნისს); პავლე და იულიანა პტოლემაიდელები (ხსენბა 4 მარტს); ასევე სინეზი რომაელი (ხსენება 12 დეკემბერს), ფილუმენ ანკვირელი (ხსენება 29 ნოემბერს) და სხვანი.
ეკლესიის მშვიდობიანი პერიოდი, აურელიანეს უშუალო მემკვიდრე - იმპერატორების ტაციტუსის (275-276) პრობუსის (276-282) და კარუსის (282-283) მმართველობის დროსაც შენარჩუნდა, ასევე იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის პირველი 18 წლის განმავლობაში (284-305) და მისი თანამმართველების - მაქსიმიანეს, გალერიუსის და კონსტანცი ქლორის დროს. ამ მოვლენების თვითმხილველი, ევსები კესარიელი იტყობინება თუ როგორი „კეთილგანწყობილნი იყვნენ იმპერატორები ჩვენი რწმენის მიმართ“ (Euseb. Hist, eccl. VIII 1. 2). იმპერატორთა მკაცრი მამხილებელი, ლაქტანციუსი დიოკლიტიანეს მმართველობის პერიოდს 303 წლამდე, ქრისტიანებისათვის უბედნიერეს დროს უწოდებს (De mort. Parsec. 10).
ამ პერიოდში ქრისტიანებს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ სახელმწიფოში, რის გამოც მათ ეხსენბოდათ ვალდებულება, რომ მსხვერპლი შეეწირათ წარმართული ღვთაებებისადმი, რაც ჩინოვნიკების მოვალეობათა რიცხვში შედიოდა. იმ მოწამეთა რიცხვში, რომელნიც დიოკლიტიანეს „დიდი დევნის“ დროს ეწამნენ, შედიოდნენ: მოსამართლე და სამეფო ხაზინის გამგებელი ფილორომი (Euseb. Hist. eccl. VIII 9. 7; დასავლეთის ეკლესია მას 4 თებერვალს იხსენიებს), იმპერატორთან დაახლოებული პირები, გორგონი და დოროთე (lbid. VII 1. 4; ხსენება 3 სექტემბერს; 28 დეკემბერს), დიდგვაროვანი და წარჩინებული მოხელე დავიკტი (ადავკტი), რომელსაც ერთ-ერთი უდიდესი თანამდებობა ეკავა სახელმწიფოში (lbid. VIII 11. 2; ხსენება 4 ოქტომბერს). ქრისტიანობამ იმპერატორის ოჯახშიც შეაღწია: დიოკლიტიანეს მეუღლე - პრისკა და მათი ქალიშვილი, ვალერია სწორედ ქრისტიანული რჯულის აღმსარებელნი იყვნენ (Lact. De mort. Persecut. 15). ამ დროის განათლებულ ადამიანთა შორისაც მრავლად იყვნენ ქრისტიანები: საკმარისია გავიხსენოთ არნობიუსი და მისი მოწაფე ლაქტანციუსი. ეს უკანასკნელი ნიკომიდიაში ლათინურ ენას ასწავლიდა სამეფო კარზე. ქრისტიანები ჯარის მნიშვნელოვან ნაწილსაც წარმოადგენდნენ. ამავე პერიოდში ხდებოდა წარმართთა მასიური მოქცევა ქრისტიანულ რჯულზე. ევსები აღნიშნავდა: „როგორ აღვწერო ეს მრავალ ათასიანი შეკრებები ყოველ ქალაქში, ადამიანთა საკვირველი ჯგუფები, რომელნიც სამლოცველო სახლებში მიედინებოდნენ! ძველი შენობები ძალზედ ცოტა იყო; მაგრამ მთელი ქალაქის მაშტაბით აგებდნენ ახალ და ფართო ტაძრებს’’ (Euseb. Hist. eccl. VIII 1. 5).
იმპერატორ დიოკლიტიანესა და მისი მემკვიდრეების „დიდი დევნა“ (303-313)
ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული მშვიდობიანი პერიოდი, ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო. III საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს უკვე შესამჩნევი იყო ცვლილებები. ჩვეულებრივ ამ ცვლილელებს, გალერიუსის წარმატებულ სპარსულ კამპანიას უკავშირებენ, რომელიც 298 წელს მოხდა (Zeiller. 1037. Vol. 2. P. 457). მისი დასრულებიდან ძალიან მალე, გალერიუსმა დაიწყო ჯარის სისტემატიური წმენდა ქრისტიანებისაგან. ამის შემსრულებლად დანიშნული იყო ვინმე ბეტური, რომელმაც არჩევანის წინაშე დააყენა ქრისტიანები: ან მორჩილება და თანამდებობის შენარჩუნება, ან მისი დაკარგვა, ბრძანების საწინააღმდეგოდ მოქმედების გამო (Euseb. Hist. eccl. VIII 4. 3). მიღებული ზომები ეხებოდათ როგორც ოფიცრებს, ასევე ჯარისკაცებს. სარწმუნოებაზე მტკიცედ მდგარმა ქრისტიანმა მებრძოლებმა სიცოცხლე შესწირეს თავიანთ რწმენას. მაგ: სამოსატელი მოწამენი: რომანი, იაკობი, ფოლოთეოსი, იპერიქი, აბიბო, ივლიანე, პარიგორი (ხსენება 29 იანვარს), ასევე აზა, 150 მეომარი და სხვანი (ხსენება 19 ნოემბერს).
ლაქტანციუსის მოსაზრებით, „დიდი დევნის“ მთავარი შემსრულებელი გალერიუსი გახლდათ, რაც სავსებით ეთანხმება მომხდარ ფაქტებს. „ისტორიული ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენ უნდა დავადგინოთ სხვადასხვაგვარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გახლავთ ასეთი: მთელი თავისი უწინდელი პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, დიოკლიტიანე გახდა მდევნელი, რომელმაც გალერიუსის პირდაპირი გავლენით კვლავ განაახლა რელიგიური ომი“ (Zeiller. 1937. Vol. 2. P. 461). ლაქტანციუსი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ნიკომიდიაში სამეფო კარზე და ამიტომაც იგი მართალია მიკერძოებული, თუმცა ამასთან ერთად მნიშვნელოვანი მოწმეც გახლავთ მიმდინარე მოვლენებისა. მას მართებულად არ მიაჩნდა ის გარემოება, რომ მხოლოდ გალერიუსის პიროვნებაში, ან მისი ურწმუნო დედის გავლენაში მოგვეძებნა დევნის მიზეზი (Lact. De mort. Persecut. 11). ქრისტიანთა დევნაზე პასუხისგმებლობა იმპერატორ დიოკლიტიანესაც ეკისრება.
ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, დიოკლიტიანეს პოლიტიკა თავიდანვე ანტიქრისტიანული გახლდათ: ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული უთანხმოებების ძირითადი და ძირეული მიზეზები მისთვის ცნობილი იყო და მხოლოდ მმართველობის დავალების შესრულების აუცილებლობა უშლიდა ხელს, რომ დევნა განეახლებინა (Stade. 1926; იხ: Zeiller. Vol. 2. P. 459). მმართველობის პირველ წლებში დიოკლიტიანე მრავალი რეფორმის გატარებით იყო დაკავებული: მან მოახდინა ჯარის რეორგანიზაცია, გაატარა ფინანსური და საგადასახადო რეფორმები; ბრძოლა მოუხდა გარე მტრებთან, აღკვეთა აჯანყებები და უზურპატორთა ამბოხები. დიოკლიტიანეს კანონმდებლობა (მაგ: ახლო ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვა, ან კანონი მანიქეველთა შესახებ, რომელიც 295-296 წლებში გამოიცა) იმის შესახებ მეტყველებს, რომ იმპერატორის მიზანი, ძველი რომაული წესრიგის აღდგენა გახლდათ. დიოკლიტიანემ თავის სახელს იუპიტერის ტიტული დაუმატა, ხოლო მაქსიმიანემ ჰერაკლესი. ეს ყოველივე ძველი რომაული ტრადიციებისადმი, სახელმწიფო მმართველების ერთგულების დემონსტრირებას ახდენდა. ზოგიერთი ქრისტიანის ქცევა, რომაელი მმართველების დაძაბულობას იწვევდა. ეყრდნობოდნენ რა საკუთარ რელიგიურ აკრძალვებს, ქრისტიანი ჯარისკაცები უარს აცხადებდნენ, მეთაურთა ბრძანებების შესრულებაზე. III საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს, ახალწვეული მაქსიმიანე და ცენტურიონი (5) მარცელი აწამეს, რადგან მათ კატეგორიული უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე.
ქრისტიანებისადმი მიმართულმა „ომის სულმა“, ინტელექტუალ წარმართებშიც შეაღწია, ასე რომ დიოკლიტიანეს გარშემო მყოფთა შორის, მხოლოდ გალერიუსი არ იყო დევნის ერთადერთი მომხრე. ბითინიის პროვინციის მმართველმა და ფილოსოფოს პორფირის მოსწავლე - ჰიეროკლემ დევნის დასაწყისამდე გამოაქვეყნა პამფლეტი, შემდეგი სათაურით: Λόϒοι φιλαλήθεις πρὸς τοὺς χριστιανούς (ჭეშმარიტების მოყვარული სიტყვები ქრისტიანთა მიმართ). ლაქტანციუსი კიდევ ერთ ფილოსოფოსს იხსენებს, რომელმაც ამავე პერიოდში გამოსცა ანტიქრისტიანული თხზულება, თუმცა აღნიშნული ფილოსოფოსის სახელს არ ასახელებს (Lact. Div. Inst. V 2). ინტელექტუალი წარმართების ასეთმა განწყობამ, ხელი შეუწყო დევნის დაწყებას და წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს არ გაეთვალისწინებინათ.
302 წელს, ანტიოქიაში (Lact. De mort. Persecut. 10) დიოკლიტიანეს მიერ აღსრულებული მსხვერპლშეწირვის დროს, როდესაც იგი მკითხაობის შედეგებს, შეწირული ცხოველების წიაღში (შიგნეულში) ელოდებოდა, ჰარუსპიკების (6) მეთაურმა - ტაგისმა განაცხადა, რომ ქრისტიანთა თანდასწრებით ვერ ხერხდებოდა ცერემონიის ჩატარება. განრისხებულმა დიოკლიტიანემ არა მხოლოდ იქ მყოფ საზოგადოებას, არამედ სასახლის კარზე მყოფ მსახურებსაც უბრძანა მსხვერპლშეწირვის აღსრულება ღმერთებისადმი, ხოლო ვინც უარს განაცხადებდა, ის გამათრახებით დაისჯებოდა. ამის შემდეგ იგივე ბრძანება გაიცა ჯარისკაცებისადმი, ხოლო ვინც უარს განაცხადებდა იგი დატოვებდა სამხედრო სამსახურს. ნიკომიდიის მთავარ რეზიდენციაში დაბრუნებისას დიოკლიტიანე ყოყმანობდა, მიეღო თუ არა აქტიური ზომები ქრისტიანთა წინაააღმდეგ. კეისარი გალერიუსი და სხვა უმაღლესი თანამდებობის წარმომადგენლები ერთობლივად მოითხოვდნენ დევნის დაწყებას. დიოკლიტიანემ გადაწყვიტა, რომ მილეტში არსებულ აპოლონის ტაძარში გაეშვა ჰარუსკიპი, რათა ღმერთების ნება გაეგო. ორაკულმა (7) დაადასტურა იმპერატორის გარემოცვის სურვილი (Lact. De mort. Persecute. 11), მაგრამ ამანაც არ დაარწმუნა დიოკლიტიანე იმაში, რომ ქრისტიანთა სისხლი დაეღვარა. ამასობაში გამოიცა ედიქტი, რომელიც შენობა-ნაგებობებს, წმიდა წიგნებს და ასევე მორწმუნეთა სხვადასხვა კატეგორიებს ეხებოდა. სიკვდილით დასჯის მეთოდის გამოყენება არ ივარაუდებოდა. ედიქტის გამოცემამდე ცოტა ხნით ადრე, შეიარაღებულმა ძალებმა ჯერ დაიკავეს ხოლო შემდეგ მიწასთან გაასწორეს ქრისტიანული ტაძარი, რომელიც სასახლესთან ახლოს მდებარეობდა, ასევე ცეცხლს მისცეს საღვთისმსახურო წიგნები.
303 წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდა ედიქტი, რომელიც ქრისტიანთა დევნას ეხებოდა. ედიქტის მიხედვით ყველა ქრისტიანული ტაძარი და საღვთისმსახურო წიგნები უნდა განადგურებულიყო, ქრისტიანებისათვის წოდებები უნდა ჩამოერთვათ და პატივი აეყარათ, სასამართლოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში, ქრისტიანი მონები შემდგომ უკვე ვეღარასდროს შეძლებდნენ თავისუფლების მოპოვებას (Euseb. Hist. eccl. VIII 2. 4). ერთმა აღშფოთებულმა ქრისტიანმა კედლიდან ჩამოგლიჯა ედიქტი, რის გამოც ტანჯვა-წამებას დაექვემდებარა (Lact. De mort. Persecut. 13; Euseb. Hist. eccl. VIII 5. 1).
ამ მოვლენებიდან ძალიან მალე, ნიკომიდიის საიმპერატორო სასახლეში 2 ჯერ გაჩნდა ხანძარი. გალერიუსმა დაარწმუნა დიოკლიტიანე, რომ ხანძრის გამჩენები ქრისტიანთა შორის მოეძებნა. ამის შედეგად იმპერატორი ყველა ქრისტიანს, როგორც საკუთარ მტერს ისე უყურებდა. მან აიძულა თავისი მეუღლე და ქალიშვილი, რომ მსხვერპლშეწირვა აღესრულებინათ, მაგრამ სასახლის კარზე მომუშავე სხვა ქრისტიანები შედარებით მტკიცენი აღმოჩნდნენ. დოროთემ, პეტრემ და სხვებმა უარი განაცხადეს იმპერატორის ბრძანების შესრულებაზე, რის გამოც მრავალი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. დევნის დროს პირველად, ნიკომიდიის ეკლესიის წინამძღოლი - წმ. ანთიმოზი და მასთან ერთად ამ ქალაქში მოღვაწე, უამრავი სამღვდელო და საერო პირი აწამეს, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ (Lact. De mort. Persecut. 15; Euseb. Hist. eccl. VIII 6; ხსენება 20 იანვარს, 7 თებერვალს, 21,28 დეკემბერს; იხ. ნიკომიდიელი მოწამენი, მოწამე იულიანა).
გალიისა და ბრიტანეთის გამოკლებით, სადაც ამ პროვინციების მმართველი, კონსტანცი I ქლორი მხოლოდ რამოდენიმე ტაძრის დანგრევით შემოიფარგლა, ედიქტის მოთხოვნებს ყველგან დიდი სიმკაცრით ასრულებდნენ. იტალიაში, ესპანეთში და აფრიკაში, სადაც მაქსიმიანე (ჰერაკლე) მმართველობდა და ასევე აღმოსავლეთშიც, დიოკლიტიანესა და გალერიუსის ბრძანებით, პირისაგან მიწისა აღიგავა ქრისტიანული ტაძრები და დაიწვა საეკლესიო წიგნები. ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც თავად სამღვდელო პირები გადასცემდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საეკლესიო ნივთებს და წმიდა წიგნებს. სხვები, ეპისკოპოს მენზური კართაგენელის მსგავსად, ცვლიდნენ საეკლესიო წიგნებს წარმართული წიგნებით. იყვნენ მოწამეებიც, რომელთაც უარი განაცხადეს საეკლესიო ნივთებისა და წიგნების გაცემაზე, მაგ: ფელიქს ტუბიზელი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში მოღვაწეობდა (დასავლეთის ეკლესია მას 24 ოქტომბერს იხსენიებს; Болотов. Собр. Трудов. Т. 3. С. 158; Zeiller. Vol. 2. P. 464).
შედარებით ცნობილი მოწამეები, რომელნიც დიოკლიტიანეს დევნისას ეწამნენ: რომის პაპი - მარკელინი (ხსენება 7 ივნისს), დიდმოწამე ანასტასია მწვალებლობათა დამხსნელი (ხსენება 22 დეკემბერს), დიდმოწამე გიორგი (ხსენება 6 მაისს, 23 ნოემბერს), მოწამე ანდრია სტრატილატი (ხსენება 19 აგვისტოს), იოანე მხედარი (ხსენება 30 ივლისს), წმინდანი უვერცხლონიკოზმა და დამიანე (ხსენება 1 ივლისს, 17 ოქტომბერს, 1 ნოემბერს), კვირიკე და ივლიტა (ხსენება 15 ივლისს), კვიროსი და იოანე და მათთან ერთად სხვანი (ხსენება 31 იანვარს), ევპოლოს არქიდიაკონი (სიცილია; ხსენება 11 აგვისტოს), დიდმოწამე პანტელეიმონ ნიკომიდიელი (ხსენება 27 ივლისს), თეოდოტე (ხსენება 7 ნოემბერს), მოკიოს ბიზანტიელი (ხსენება 11 მაისს), რომელიც ცნობადობით სარგებლობდა კონსტანტინოპოლში, სებასტიანე რომაელი (ხსენება 18 დეკემბერს), რომლის კულტმაც უდიდესი მნიშვნელობა მოიპოვა შუა საუკუნეების დროს დასავლეთ ევროპაში.
იმპერატორ დიოკლიტიანეს დევნისას აღსრულებულ მრავალ მოწამეს, ეკლესია ჯგუფებად იხსენიებს, მაგ: ეპისკოპოსი იანუარიუს ლაოდიკიელი და მასთან ერთად პროკულე, სოსიოს და ფავსტოს დიაკონები (ხსენება 21 აპრილს), პრესვიტერები ტროფიმე და თალასი ლაოდიკიელები (ხსენება 16 მარტს), მელეტინელი მოწამენი (ხსენება 7 ნოემბერს), მოწამე თეოდოტე და 7 ანკვირელი ქალწული(ხსენება 18 მაისს, 6 ნოემბერს), მოწამენი თეოდულია, მაკარი, ელადი და ევაგრე ანაზარელები (ხსენება 5 თებერვალს); მავრიკიოს აპამეელი და 70 მოწამე (ხსენება 22 თებერვალს), მოწამენი ისააკი, აპოლოსი და კოდრატე ესპანელები (ხსენება 21 აპრილს), მოწამენი ვალერია, კირიაკია და მარიამ კესარიელები (ხსენება 7 ივნისს), ლუკი რომაელი ქალწული და მასთან ერთად სხვანი (ხსენება 6 ივლისს), მოწამენი ბიქტორი, სოსთენესი და დიდმოწამე ეფემია ქალკედონელები (ხსენება 16 სექტემბერს), მოწამენი კაპიტოლინა და ერორიდა კესარია-კაბადოკიელები (ხსენება 27 ოქტომბერს) და სხვანი მრავალნი.
303 წლის გაზაფხულზე სომხეთსა და სირიაში აჯანყებებმა იფეთქეს. დიოკლიტიანემ ამაში ქრისტიანები დაადანაშაულა, რასაც უამრავი ახალი ედიქტის გამოსვლა მოჰყვა: ერთი ედიქტის თანამხმად, ყოველი თემის წინამძღოლი ციხეში უნდა დაეჭირათ, ხოლო სხვა ედიქტის თანახმად, ყველა უნდა გაენთავისუფლებინათ, ვინც მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, ხოლო ვინც უარს იტყოდა, ისინი წამებას ექვემდებარებოდნენ. 303 წლის მიწურულს ზეიმობდა რა საიმპერატორო ტახტზე ასვლის 20 წლის თავს, დიოკლიტიანემ ამინისტია გამოაცხადა; ქრისტიანთა უმრავლესობა ციხეებიდან გაანთავისუფლეს და დევნის ინტენსივობაც შემცირდა. თუმცა, მალე იმპერატორი დიოკლიტიანე მძიმედ დაავადდა და მთელი ძალაუფლება ფაქტიურად გალერიუსის ხელში გადავიდა.
304 წლის გაზაფხულზე, მეოთხე ედიქტიც გამოიცა, რომელიც იმპერატორ დეკიუსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს იმეორებდა. ყოველი ქრისტიანი, სიკვდილით დასჯის საფრთხის ქვეშ მყოფი ვალდებული იყო, რომ მსხვერპლშეწირვა აღესრულებინა. ამ ედიქტის მიღების შემდეგ მთელს იმპერიაში, გალიისა და ბრიტანეთის გამოკლებით უამრავი ქრისტიანი აწამეს.
305 წლის 1 მაისს დიოკლიტიანემ მთლიანად დატოვა დაკავებული თანამდებობა და იგივე რამის გაკეთება აიძულა მაქსიმიანეს (ჰერაკლეს). ამ მომენტიდან ფაქტიურად შეწყდა დევნა დასავლეთში, რადგან ძალაუფლება კონსტანციუს ქლორისა და მისი მემკვიდრის - კონსტანტინე დიდის ხელში გადავიდა. დასავლეთის სხვა მმართველების დროსაც აღარ განახლებულა ქრისტიანთა დევნა.
იმპერატორი გალერიუსი (293-311)
დიოკლიტიანეს გადადგომის შემდეგ ტეტრარქიას გალერიუსი ჩაუდგა სათავეში. იგი იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს ხელმძღვანელობდა. გალერიუსისა და მისი ძმისწულის - მაქსიმინე დაზას სამფლობელოებში დევნა კვლავ გრძელდებოდა. (გალერიუსი ილირიკონისა და მცირე აზიის ტერიტორიას მართავდა, ხოლო მაქსიმინე ეგვიპტის, სირიის და პალესტინის ტერიტორიას). ევსები გვამცნობს, რომ 306 წელს მაქსიმინე დაზამ ახალი ედიქტები გამოსცა, რომელთა მიხედვითაც პროვინციებში მყოფ იმპერატორის მოადგილეებს უნდა აეძულებინათ ქრისტიანები, რომ ამ უკანასკნელთ მსხვერპლი შეეწირათ ღმერთებისადმი (Euseb. De mart. Palaest. 4. 8). აღნიშნული ედიქტების შედეგად, უამრავი ქრისტიანი აწამეს. ეგვიპტის პრეფექტის ბრძანებით, ალექსანდრიაში, მოწამე ფილორომს და თმუისის ეპისკოპოს - ფილეოსს თავები მოჰკვეთეს. პალესტინაში თითქმის ყოველდღე ხდებოდა ეგზეკუციები; მოწამეთა შორის განსწავლული პრესვიტერი პამფილიც იყო (ხსენება 16 თებერვალს), რომელიც ევსები კესარიელის მეგობარი და მოძღვარი გახლდათ. პალესტინის კესარიაში ქრისტიანთა უდიდეს ნაწილს თვალები დასთხარეს და გასამართლების შემდეგ, მაღაროებში განამწესეს სამუშაოდ (Lbid. 9).
მიუხედავად იმისა, რომ დევნის ინტენსივობამ იკლო, იმპ. გალერიუსის დროს აღსრულებულ მოწამეთა რიცხვი უკიდურესად დიდია. მათ შორის ცნობილნი არიან: დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი (ხსენება 26 ოქტომბერს), ადრიანე და ნატალია ნიკომიდიელები (ხსენება 26 აგვისტოს), კიროს და იოანე უვერცხლონი (ხსენება 31 იანვარს), დიდმოწამე ეკატერინე ალექსანდრიელი (ხსენება 24 ნოემბერს), დიდმოწამე თეოდორე ტირონი (ხსენება 17 თებერვალს); ასევე ცნობილია მოწამეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები, მაგ: 156 ტირსელი მოწამე, რომელთაც ეპისკოპოსები - პელისი და ნილოსი ედგნენ სათავეში (ხსენება 17 სექტემბერს), ნიკომიდიელი მღვდლები: ერმოლაოსი, ერმიპე და ერმოკრატე (ხსენება 26 ივლისს), ეგვიპტელი მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრო, იპერექი, აპოლონი და სხვები (ხსენება 5 ივნისს), მელიტინელი მოწამენი: ევდუქსე, ზენონი და მაკარი (ხსენება 6 სექტემბერს), ამასიელი მოწამენი (ქალები): ალექსანდრა, კლავდია, ევფრასია, მატრონა და სხვანი (ხსენება 20 მარტს), ბითინიელი მოწამენი: მინადორა, მიტრადორა, ნიმფადორა (ხსენება 10 სექტემბერს), კესარიელი მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე (ხსენება 13 ნოემბერს), ენათა, ვალენტინა და პავლა (ხსენება 10 თებერვალს).
308 წელს, თავისი ტიტულით (კეისარი) უკმაყოფილო მაქსიმინე დაზა, გამოეყო გალერიუსს, მოიპოვა დამოუკიდებლობა და განზრახ დაიწყო ანტიქრისტიანული ზომების შემსუბუქება (lbid. 9. 1). თანდათანობით დევნა ავგუსტუს გალერიუსის სამფლობელოებშიც შეწყდა. 311 წელს, უკურნებელი სენით დაავადებულმა გალერიუსმა ედიქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რომის იმპერიის ისტორიაში პირველად მიენიჭა ეკლესიას ლეგალური სტატუსი. ქრისტიანობა ნებადართულ რელიგიად იქნა გამოცხადებული (Euseb. Hist. eccl. VIII 17; Lact. De mort. Persecut. 34).
იმპერატორი მაქსიმინე დაზა (305-313)
გალერიუსის სიკვდილის შემდეგ (311 წლის 5 მაისი) მაქსიმინე დაზა, იმპერიის მთელი აღმოსავლეთ ნაწილის მმართველი გახდა. მიუხედავად ედიქტისა, რომელიც ქრისტიანობას ნებადართული რელიგიის სტატუსს ანიჭებდა, მან კვლავ განაახლა ქრისტიანთა დევნა. ამ დროს დევნა მხოლოდ საშინაო პოლიტიკის საკითხს არ წარმოადგენდა, რადგან მაქსიმინემ მეზობელ სომხეთის სამეფოსთან დაიწყო ომი, რომელმაც ქრისტიანობა, 10 წლის წინ, თრდატ მესამის დროს გამოაცხადა ოფიციალურ რელიგიად. (Euseb. Hist. eccl. IX 8. 2, 4). პირველად მაქსიმინეს სამფლობელოებში შეეცადნენ წარმართობის რეორგანიზებას, რადგან მას განსაკუთრებული იერარქიული წყობილება მიანიჭეს, რომელიც ეკლესიის მოწყობას გვახსენებს (Lact. De mort. Persecute. 36-37; Greg. Nazianz. Or. 4). მაქსიმინე დაზას ბრძანებით „პილატეს ნაყალობევი აქტები“ გავრცელდა, რომლებშიც უამრავი ცილისწამება იყო დაფიქსირებული ქრისტეს მისამართით (Euseb. Hist. eccl. IX 5. 1). იმპერატორმა ფარულად მოახდინა წარმართთა წაქეზება, რათა მათ საკუთარ თავზე აეღოთ ინიციატივა, რომელიც ქრისტიანთა ქალაქებიდან გაძევებას ითვალისწინებდა, რასაც ახალი მოწამეობები მოჰყვა: ხანში შესული ემესელი ეპისკოპოსი - სილუანე, დიაკონი ლუკა და წიგნის მკითხველი მოკიოსი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად (ხსენება 29 იანვარს), წამებას დაექვემდებარნენ ეპისკოპოსი მეთოდე პატარელი (ხსენება 20 ივნისს), მთ. ეპისკოპოსი პეტრე ალექსანდრიელი (ხსენება 25 ნოემბერს) და ეგვიპტეში მოღვაწე სხვა ეპისკოპოსები; ნიკომიდიაში აწამეს ანტიოქიის ეკლესიის განსწავლული პრესვიტერი- ლუკიანე (ხსენება 15 ოქტომბერს). წამებას დაექვემდებარნენ ეპისკოპოსი კლიმენტი ანკვირელი (ხსენება 23 იანვარს), პორფირი სტრატილატი 200 მხედართან ერთად (ხსენება 24 ნოემბერს), ევსტათი და ანატოლი ნიკეელები (ხსენება 20 ნოემბერს), იულიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ბასილისა, მარიონილა, ანტიოქიაში მცხოვრები 7 ყრმა და 20 მხედარი (ხსენება 8 იანვარს); ასევე ალექსანდრიელი მოწამენი: მინა, ერმოგენი, ევგრაფი და სხვანი (ხსენება 10 დეკემბერს).
აღმოსავლეთში დევნა აქტიურად მიმდინარეობდა 313 წლამდე, ხოლო 313 წლის შემდეგ კონსტანტინე დიდის მოთხოვნით მაქსიმინე დაზა იძულებული იყო, რომ შეეწყვიტა დევნა. შემორჩენილია მისი რესკრიპტის ტექსტი, რომელიც პრეფექტ საბინას სახელზე იყო დაწერილი. ამ რესკრიპტის მიხედვით იკრძალებოდა „მოქალაქეთა განაწყენება“ და ასევე აღნიშნული იყო, რომ ადამიანთა მოზიდვა „ღმერთების რწმენისადმი უფრო მეტი სიფაქიზით და მტკიცებულებებით“ მომხდარიყო (ტექსტი: Euseb. Hist. eccl. IX 9). ქრისტიანებს არ სჯეროდათ იმპერატორის სიტყვების და ისინი მშფოთვარედ აკვირდებოდნენ დაუნდობელი მდევნელის ახალ პოლიტიკას იქამდე, სანამ იგი არ გაქრა ისტორიული სცენიდან, იმპერატორ ლიცინიუსის მიერ 313 წელს.
ამავე წელს იმპერატორებმა კონსტანტინე დიდმა და ლიცინიუსმა, რომელთაც გაინაწილეს იმპერიის ტერიტორია, ახალი ედიქტი გამოსცეს მედიოლანში, რომელიც ქრისტიანებს სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. „ასეთი სახით დასრულდა წარმართთა მხრიდან ქრისტიანთა დევნის სამას წლოვანი ეპოქა და დასრულდა იგი ახალი რელიგიისათვის დიდებით, ხოლო წარმართობისათვის სირცხვილით“ (Болотов. Собр. Трудов. Т. 3. С. 167).
წარმართობის გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, IV საუკუნეში კიდევ 2ჯერ ჰქონდა ადგილი, უწინდელ მოკლე ხნიან ანტიქრისტიანულ პოლიტიკას.
იმპერატორი ლიცინიუსი (308-324)
ლიცინიუსმა, რომელიც მხარს უჭერდა 312 წელს მიღებულ მედიოლანის ედიქტს და რომელმაც კავშირი შეკრა კონსტანტინე დიდთან, გაურკვეველი მიზეზების გამო, დაახლოებით 320 წელს თავის სამფლობელოებში დაიწყო დევნა ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნული დევნა 324 წელს შეწყდა, როდესაც ხრისოპოლში კონსტანტინე დიდმა გაანადგურა და ტახტიდან ჩამოაგდო ლიცინიუსი.
ლიცინიუსის დევნას შეეწირნენ: დიდმოწამე თეოდორე სტრატილატი (319 წელს; ხსენება 8 თებერვალს და 8 ივნისს), ევსტათი ანკვირელი (ხსენება 28 ივლისს), ეპისკოპოსი ბასილი ამასიელი (ხსენება 26 აპრილს), ფოკა მემტილე, სინოპელი ეპისკოპოსი (ხსენება 22 სექტემბერს), 40 სებასტიელი მოწამე (ხსენება 9 მარტს); სებასტიელი მოწამენი: ატიკე, აღაპი, ევდოქსი და სხვანი (ხსენება 3 ნოემბერს); ასევე მოწამენი: ელია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე (თრაკია; ხსენება 13 სექტემბერს).
იმპერატორი იულიანე განდგომილი (361-363)
იულიანე განდგომილი გახლდათ უკანასკნელი მდევნელი იმპერატორი რომის იმპერიაში. მას სურდა წარმართობის აღდგენა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მას არ შეეძლო ქრისტიანთა დევნა ღია სასამართლოს მეშვეობით. იულიანემ აუკრძალა ქრისტიანებს გრამატიკისა და რიტორიკის სწავლება. აბრუნებდა რა გადასახლებაში მყოფ ეპისკოპოსებს, იმპერატორი იულიანე კონფლიქტების პროვოცირებას ახდენდა მართლმადიდებელებსა და არიანელებს შორის, რომელნიც დოგმატური ხასიათის სწავლებებში ვერ თანხმდებოდნენ. იგი გარკვეულწილად ერეტიკოსებსაც კი უჭერდა მხარს (უკიდურეს არიანელებს). მისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში, იმპერიის აღმოსავლეთით მდებარე უამრავ ქალაქში ანტიქრისტიანული პროგრამები მუშავდებოდა, რომლის შედეგადაც რამოდენიმე ქრისტიანი მოწამეობრივად აღესრულა. იულიანეს სიკვდილმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი წარმართთა უკანასკნელ მცდელობას, რომელიც ქრისტიანებზე ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობდა. იმპერატორი იულიანე 363 წელს გარდაიცვალა.
1. დიგესტები - რომაული სამოქალაქო სამართლის კრებული, რომელიც 533 წელს, იმპ. იუსტინიანეს დროს გამოქვეყნდა. მას კანონის ძალა გააჩნდა და შეიცავდა რომაელი იურისტების შრომებიდან ამოკრებილ ადგილებს.
2. კომკუბინატი - გაუთხოვარი ქალი, რომელიც დაუქორწინებელ მამაკაცთან ეწეოდა თანაცხოვრებას. ასეთი ურთიერთობა მოკლებული იყო კანონიერი ქორწინების ყველა წესს. ასეთი ურთიერთობისას გაჩენილი ბავშვები, მემკვიდრეობას ვერ იღებდნენ.
3. ლაფსები - პიროვნებები, რომელთაც ქრისტიანთა დევნის დროს სხვადასხვა სახით უარყვეს და დაგმეს ქრისტე, ხოლო დევნის დასრულების შემდეგ, კვლავ მოინდომეს დაბრუნება ეკლესიის წიაღში.
4. მღვდელმოწამე ფრუქტუოზი - ტარაგონის ეპისკოპოსი. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ საფრანგეთში, კერძოდ ლანგედოკში შეიქმნა მეღვინეობა, რომელიც წმ. ფრუქტუოზის ხსოვნას ეძღვნება, იგი დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას დიდი წარმატებით.
5. ცენტურიონი - უმცროსი ოფიცერი რომაულ ჯარში. ცენტურია, სერვიუს ტულიუსის დროიდან იწყებს ფუნქციონირებას, იგი რომაული ჯარის დანაყოფს წარმოადგენდა.
6. ჰარუსპიკები - ქურუმები, მკითხავები რომის იმპერიაში. რომელნიც შეწირული ცხოველის შიგნეულით მკითხაობდნენ და ამის შედეგად იგებდნენ მომავალს.
7. ორაკული - პიროვნება ან ინსტიტუცია, რომელიც ბრძნული რჩევისა და გადაწყვეტილების წყაროდ აღიქმებოდა ანტიკურ სამყაროში. იგი შეუმცდარ ავტორიტეტს წარმოადგენდა.
ქრისტიანთა დევნა რომის იმპერიაში I ნაწილი
ქრისტიანთა დევნა რომის იმპერიაში II ნაწილი
თარგმნა იოანე შოშიაშვილმა
წყარო: http://www.pravenc.ru