ავტორი: დავით ნებიერიძე
მწვალებელთა მიღების პრობლემა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ადრეული საუკუნეებიდან არსებობდა. ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურებოდა მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებათა არაერთი კანონი. საკითხი დღესაც არ კარგავს აქტუალურობას, ამიტომაც, კარგია ვიცოდეთ ეკლესიის პრაქტიკა თუ როგორ იღებდა იგი საკუთარ წიაღში სხვადასხვა მწვალებლური თუ სქიზმატური ჯგუფებიდან მომავალ ადამიანებს.
ეკლესია ყოველთვის ცდილობდა ხელი შეეწყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული ჰქონდა დაბრუნებოდა ეკლესიის წიაღს. ამგვარად, ეკლესია საკუთარ მიდგომებს სხვადასხვა ერეტიკულ თუ სქიზმატურ ჯგუფებთან მიმართებით აყალიბებს ადგილობრივ, მსოფლიო და მამათა მიერ შედგენილ კანონებში. თითოეული ეს კანონი, განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს იმ ადამიანთა მიმართ, ვისაც განზრახული აქვს ეკლესიის წიაღში დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფებიდან მომავალი ადამიანების მიღება დაკავშირებული იყო ნათლობის საიდუმლოსთან, რადგანაც, სწორედ ნათლობის საიდუმლოს შეუძლია გაუხსნას ადამიანს ეკლესიის კარი და უფლება მისცეს მას მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის საიდუმლოებებში.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონებში განირჩევა ორი ძირითადი გზა, რომელსაც ეკლესია იყენებს მწვალებელთა და სქიზმატთა დასაბრუნებლად ეკლესიის წიაღში. პირველი, ეს გახლავთ, აკრიბიის გამოყენება მწვალებელთა და სქიზმატთა მიმართ, რაც გულისხმობდა მათ მიღებას ხელახალი ნათლობის მეშვეობით. ხოლო მეორე გზა ემყარებოდა იკონომიის პრინციპს, რაც გულისხმობდა ხელახალი ნათლობის გარეშე მწვალებლების და სქიზმატების მიღებას ეკლესიაში. აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აკრიბიის პრინციპი მოქმედებდა იმ ერეტიკული ჯგუფების მიმართ, რომლებიც საკმაოდ შორს იდგნენ, როგორც ქრისტიანული მრწამსისგან, ისე ნათლობის რიტუალის შესრულებისგან.
ამ კანონთა გაცნობის შემდგომ ბუნებრივად იბადება კითხვა, შეუძლია თუ არა დღეს ეკლესიამ იგივე მოიმოქმედოს თანამედროვე ჰეტეროდოქსების [1] მიმართ? შესაძლებელია იგივე კანონების გამოყენება დღევანდელ რეალობაში? ამ სტატიაში, შევეცდები წარმოვადგინო ის გზები, რომელსაც ეკლესია იყენებდა მწვალებელთა და სქიზმატთა მიმართ და რამდენად არის შესაძლებელი იგივე პრაქტიკის გამოყენება დღევანდელ ეპოქაში.
* * *
პირველი კანონი, რომელიც ამ საკითხს შეეხება, გახლავთ კართაგენში, 251 წელს წმინდა კვიპრიანე კართაგენელის მეთაურობით გამართული კრების კანონი. კართაგენში გამართული კრება ბრძანებს: „...ხოლო რაც შეეხებათ, მათ ვინც მოინათლნენ მწვალებლებთან და სქიზმატებთან, შემდეგ კი დაუბრუნდნენ ერთ, წმინდა და კათოლიკე ეკლესიას, რომელშიც ჩვენ მოვინათლეთ და მეორედ დავიბადეთ....რადგან გაინტერესებთ ჩვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშრებით, წარმოგიდგენთ არა ახალ გადაწყვეტილებას, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც დამტკიცებულია წარსულში გამართული სხვა კრებების მიერ და რომელსაც ვიცავთ და მივყვებით ზედმიწევნით. ამრიგად, მივყვებით რა წარსულში გამართული კრებების გადაწყვეტილებას და ზედმიწევნით ვიცავთ ამ წესს, [ვადგენთ] არავის არ შეეძლოს მოინათლოს კათოლიკე ეკლესიის გარეთ, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი ნათლობა, რომელიც აღესრულება მხოლოდ კათოლიკე ეკლესიაში...“.[2] როგორც ვხედავთ, წმ. კვიპრიანეს მეთაურობით გამართული კრება, არ აღიარებს ეკლესიის გარეთ შესრულებულ ნათლობას და ადგენს, რომ აუცილებელია ის ადამიანები, რომელებიც მოდიან მწვალებლებისგან და სქიზმატური ჯგუფებიდან ხელმეორედ/ახლიდან მოინათლონ.
ეს კანონი, როგორც ჩანს, ცნობილი იყო ეკლესიისთვის, თუმცა მას არ იცავდა ყველა ადგილობრივი ეკლესია, რადგან ამ კანონს, მხოლოდ ადგილობრივი ანუ აფრიკის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანები მისდევდნენ. ეს კარგად ჩანს ორი ფაქტორიდან, პირველი სხვა ადგილობრივი თუ მსოფლიო კრებები მწვალებელთა და სქიზმატთა მიღებას სხვა გზებს გვთავაზობენ და მეორე, ტრულის კრების მე-2 კანონი, რომელიც ჩამოთვლის ეკლესიაში მოქმედ კანონთა ნუსხას (Corpus canonum), ამ კანონთან დაკავშრებით პირდაპირ ბრძანებს, რომ „აფრიკის ქვეყნების მთავარეპისკოპოსისა და მოწამის კვიპრიანესაგან და მასთან ერთად შეკრებილ მამათაგან დასხმულ კანონს, რომელთა განწესებაც მხოლოდ ხსენებულ წინამძღვრისადმი დაქვემდებარებულ ადგილებში იყო შენარჩუნებული მათი ჩვეულების შესაბამისად“.[3] ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიამ კართაგენის კრების მიერ წარმოდგენილი გზა მწვალებელთა და სქიზმატთა შესახებ ნაწილობრივ მიიღო. ნაწილობრივ მიღებაში იგულისხმება, ის, რომ ეკლესიამ განსაზღვრა ვინ უნდა მიეღო პირდაპირ ნათლობის გარეშე და ვინ ხელახლა უნდა მოენათლა. მოდით განვიხლოთ ეს კანონები.
პირველი გახლავთ პირველი მსოფლიო კრების (325 წ.) მე-8[4] და მე-19[5] კანონები. მე-8 კანონი მიემართება სქიზმატურ ჯგუფს, რომელთაც ეწოდებოდათ „წმიდები/სუფთები ანდაც ნოვატიანები“. ამ სექტის დამაარსებელი იყო მღვდელი ნოვატიანე, რომელიც რომში ცხოვრობდა.[6] ეს სექტა განთქმული იყო განსაკუთრებული სიმკაცრით, ისინი ასწავლიდნენ, რომ ვინც დევნის დროს უარყო ქრისტე ან მეორედ იქორწინა მათი ზიარება დაუშვებელია. მათ მიაჩნდათ, რომ ნათლობის შემდგომ ცოდვათა პატიება აღარ ხდებოდა. წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის თანახმად, „წმიდებს“ მხოლოდ მკაცრი წესები ჰქონდათ, რაიმე ერეტიკული სწავლება მათთვის არ ყოფილა დამახასიათებელი, ამიტომაც ეკლესია მათ მიმართ ლმობიერებას იჩენს და მათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აბრუნებს საკუთარ წიაღში.[7] ამგვარად, კანონი განსაზღვრავს, რომ ამ სექტიდან თუ ვინმე გადაწყვეტს შეუერთდეს კათოლიკე ეკლესიას უნდა აღიარონ წერილობით, რომ დათანხმდებიან და დაემორჩილებიან კათოლიკური ეკლესიის ყველა მოძღვრებას. საკმაოდ საინტერესოა კანონის ის ნაწილი, რომელიც ეხება ამ სექტიდან მომავალ სასულიერო პირებს. კანონის თანახმად „წმიდათა“ სექტიდან მობრუნებული სასულიერო პირები იმავე ხარისხში მიიღებიან ყოველგვარი ხელმეორედ ხელდასხმის გარეშე. ამ კანონიდან ჩანს, რომ პირველმა მსოფლიო კრებამ არა მარტო მიიღო „წმიდები“ (სუფთები/ნოვატიანელები) ნათლობის გარეშე საკუთარ წიაღში, არამედ აღიარა მათ მიერ აღიარებული ხელდასხმა. ასევე მნიშვნელოვანია ამ სექტიდან მომავალ ეპისკოპოსთა მიმართ, კანონის დამოკიდებულება, რომელიც განსაზღვრავს მათ იგივე ხარისხში მიღებას, მაგრამ გარკვეული წესების დაცვით, რომელზეც კანონი საუბრობს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კანონი გამორიცხავს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთ საყდარზე ორი ეპისკოპოსის ერთდროულად მყოფობას.[8] ამიტომაც „წმიდებიდან“ მომავალი ეპისკოპოსი ან უნდა დარჩეს, როგორც ქორეპისკოპოსი ან კიდევ დაიკავოს მღვდლის ადგილი. როგორც ვხედავთ, ერთ საყდარზე ორი ეპისკოპოსის ერთდროულად მყოფობა კატეგორიულად იკრძალება ამ კანონის მიერ. აღსანიშნავია, რომ კანონი იმის გამო რომ არ მოხდეს ორი ეპისკოპოსის მყოფობა ერთ საყდარზე განაწესებს, ამ შემთხვევაში, „წმიდანებიდან“ მოსული ეპისკოპოსის მღვდლის ადგილზე დადგინებას. ამგვარი ქმედება რთული ასახსნელია, მაგრამ ფაქტია რომ ორი ეპისკოპოსი ერთ საყდარზე პირველი მსოფლიო კრების მამებისთვის წარმოუდგენელი ფაქტია.
ხოლო მე-19 კანონი მიემართება „პავლიანიტელების“ ერესს, რომლის დამაარსებელი გახლდათ პავლე სამოსატელი. ეპისკოპოსი პავლე იყო დინამიკური მონარქიანზმის ფუძემდებელი. პავლეს მიხედვით მხოლოდ მამაა ღმერთი, ხოლო ძე და სულიწმინდა მისი უპიროვნო ძალები არიან. პავლე და მისი მიმდევრები აღიარებდნენ მამის „აბსოლუტურ“ მონარქიას. ამასთანავე, დინამიკური მონარქიანიზმი არ ღებულობდა ქრისტოლოგიას, რადგან ასწავლიდნენ, რომ იესო იყო უბრალო ადამიანი, რომელზეც ღვთის სული ნათლობისას გადმოვიდა.[9] აშკარაა, რომ „პავლიანიტთა“ სწავლება ერეტიკული იყო, ამიტომ პირველი მსოფლიო კრების მამები ამ ერესიდან მომავალ ადამიანებს სრული სიმკაცრით მიუდგნენ და განსაზღვრეს მათი მიღება ხელახალი ნათლობით. კანონი, არ აღიარებს ასევე ამ ერეტიკულ დაჯგუფებაში აღსრულებულ ხელდასხმას და განსაზღვრავს მათ კურთხევას ნათლობის შემოდგომ თუ რა თქმა უნდა ისინი ღირსნი აღმოჩნდებიან. მიუხედავად, „წმიდების“ მიმართ გამოჩენილი ლმობიერებისა, იგივე სინოდმა ერეტიკოსთა მიმართ სიმკაცრე გამოამჟღავნა, და განსაზღვრა მათი თავიდან ნათლობა, ეკლესიაში მისაღებად. ნათელია, რომ პირველმა მსოფლიო კრებამ მწვალებლების და სქიზმატების მიმართ არ გამოიყენა ერთი და იგივე გზა ეკლესიაში დასაბრუნებლად.
იგივე პრინციპს მიჰყვება ლაოდიკიის ადგილობრივი კრება (343 წ.). ამ კრების ორი კანონი, მე-7[10] და მე-8-ც[11] მიემართება სქიზმატებს და ერეტიკოსებს და განსაზღვრავს მათი მიღების წესს. მე-7 კანონი მიემართება სქიზმატებს, კერძოდ ნოვატიანებს, და მეთოთხემეტიანელებს. ნოვატიანთა შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ, აღსანიშნავია, რომ ლაოდიკიის ეს კანონი, მათ საკუთარი სქიზმატური სწავლების და ყველა სხვა ერესის შეჩვენების შემდეგ უწესებს მირონცხებას, თუმცა არ განსაზღვრავს მათ ხელახალ ნათლობას. რაც შეეხებათ მეთოთხემეტიანელებს ანუ ტეტრადიტებს, ისინიც მიეკუთვნებიან სქიზმატურ ჯგუფს, რადგან ისინი იყვნენ აზიელი ქრისტიანები, რომლებიც აღდგომას ნისანის 14 რიცხვში დღესასწაულობდნენ. [12] მათ სხვა, რაიმე დოგმატური გადაცდომა არ ჰქონიათ, ამიტომაც არც ისინი ექვემდებარებიან ხელმეორედ ნათლობას და მათთვისაც საკმარისია ხელწერილი და შემდეგ მირონცხება.
ამავე ჯგუფში მოიაზრებიან ფოტინიანნიც, თუმცა მათ შესახებ არისტინესთან და წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელთან ვკითხულობთ, რომ აუცილებელია მათი ხელმეორედ მონათვლა. ამის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ ეს ორი განმარტებელი ამ ჯგუფს უწოდებს ერეტიკულს, იმის გამო რომ მათ განაახლეს პავლე სამოსატელის, საბელიოსის და მონტანის სწავლებები. ამასთანავე ფოტინიანნი, ასწავლიდნენ რომ საღვთო ლოგოსი არ იყო დაუსაბამო, არამედ მან დასაბამი მიიღო ქალწული მარიამისგან. იმის გამო, რომ ფოტინიანნი ერთდროულად იზიარებდნენ პავლიანისტების, საბელიანელების და მონტანისტების სწავლებას აუცილებელი იყო მათი ხელახალი მონათვლა.[13]
შემდეგი, მე-8 კანონი მიემართება მწვალებლობას, რომელიც ფრიგიაში იყო გავრცელებული. ეს მწვალებლობა სხვაგვარად იწოდება, როგორც მონტანიზმი. ეს ერესი დაახლოებით მეორე საუკუნეში აღმოსცენდა ფრიგიაში. მისი დამაარსებელი გახლდათ მონტანი, ორ წინასწარმეტყველ მაქსიმილასთან და პრისკილასთან ერთად. მონტანიზმი იმის გამო, რომ პეპუზის ქალაქებშიც გავრცელდა წმ. ბასილი დიდისგან იწოდება „პეპუზიტებად“. მონტანი ასწავლიდა, რომ წარმოადგენდა „ნუგეშინისმცემლის“ ინსტრუმენტს და მისი პირით მეტყველებდა თავად ღმერთი. მონტანისტები/ფრიგიელნი ნათლობის რიტუალისას სამების სახელის ნაცვლად იყენებდნენ ფრომულას: „სახელითა მამისათა და ძისათა და მონტანისათა და პრისკილასითა...“.[14] შესაბამისად, კანონი პირველ რიგში განაწესებს მათ განსწავლას ქრისტიანული კატეხიზმოს მიხედვით და ამის შემდგომ მათ ნათლობას.
ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანია წმ. ბასილი დიდის ორი კანონი, სადაც წმინდა მამა წარმოგვიდგენს საკუთარ აზრს და ეკლესიის პოზიციას მწვალებლებთან და სქიზმატებთან დაკავშირებით. წმ. ბასილი დიდის პირველი კანონი[15] სიღრმისეულად განიხილავს და განმარტავს თუ რას ნიშნავს მწვალებელი, სქიზმატი და კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა/პარასინაგოგე) და საუბრობს მათი მიღების ფორმების შესახებ. წმინდა მამა წარმოადგენს განსხვავებას მწვალებლებს/ერეტიკოსებს, სქიზმატიკოსებს და პარასინაგოგეთა შორის. ამ განსხვავების საფუძველზე იგი წარმოადგენს გზას, რომელის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამ ჯგუფებიდან მომავალი ადამიანის მიღება ეკლესიაში.
ერეტიკოსები/მწვალებლები ეწოდებათ მათ, ვისაც ეკლესიის დოგმატებისგან და რწმენისგან განსხვავებული სწავლებები აქვთ. ამიტომაც, ამგვარი სხვაობის გამო ბასილი დიდის მიხედვით აუცილებლია ერეტიკოსების/მწვალებლების ხელახალი ნათლობა, რათა ისინი გახდენენ ეკლესიის წევრები. როგორც ერეტიკოსები ბასილი დიდი წარმოადგენს მანიქეველებს, ვალენტინელებს, მარიკონიტებს და პეპუზინელებს სხვაგავარდ მონტანისტებს. წმინდა მამის აზრით მათი სწავლება და რიტუალები სრულიად განსხვავებულია ეკლესიისგან და ამიტომაც აუცილებელია მათი ნათლობით მიღება ეკლესიაში.
სქიზმატები იგივე განხეთქილებაში მყოფნი არიანი ისინი ვინც განსხვავდებიან საეკლესიო საკითხებში და არა დოგმატურ სწავლებაში. სქიზმატების მისაღებად წმინდა მამა წარმოადგენს 2 გზას, პირველი, რომელსაც თვითონ ირჩევს ანუ განაჩინებს, რომ სქიზმატების მიღებაც უნდა მოხდეს ხელახალი ნათლობის მეშვეობით, რადგან მათ ეკლესიისგან განშორებით დაკარგეს საღვთო მადლი და ამიტომაც ისინი საჭიროებენ ხელმეორედ ნათლობას. ხოლო მეორე გზად წმინდა მამა წარმადგენს მათი მიღებას იკონომიის პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ მათი ხელმეორედ ნათლობა არ არის აუცილებელი და მათ სქიზმატურ დაჯგუფებაში აღსრულებული ნათლობა აღიარებულია. ამ პრინციპს წმინდა მამა ამგვარად განმარტავს, იმის გამო რომ არ მოხდეს მათი დაბრკოლება ცხონებისგან უმჯობესია თუ მივყევით მამათა წესს და მათ ეკლესია მიიღებს იკონომიის პრინციპით.
პარასინაგოგეთა შესახებ კი წმინდა მამა ბრძანებს, რადგან ისინი არიან ურჩი მღვდლები, რომლებიც არ ემორჩილებიან ეკლესიას, თუმცა არ განსხვავდებიან საეკლესიო თუ დოგმატურ საკითხებში, თუ მათ ექნებათ სინანული მათი მიღება უნდა მოხდეს პირდაპირ და იმავე ხარისხში რაშიც იმყოფებოდნენ ურჩობამდე.
ამავე მამის 47-ე კანონიც[16] საინტერესოა და შეეხება სქიზმატურ დაჯგუფებებს, „მმარხველებს (ენკრატიტებს), ძაძით მოსილებს (საკოფორებს) და განყენებულებს (აპოტაქტიტებს) და ნოვატინებს ეხება. იმის გამო, რომ წმ. ბასილი დიდის პერიოდში ეს სქიზმატური ჯგუფები წარმოადგენდნენ მარკიონიტთა ერესის განშტოებებს, რადგან მათ მსგავსად ისინი გამოირჩეოდნენ ასკეტური ცხოვრებით, თავშეკავებულობით, ქორწინების უარყოფით, და მარკიონის მსგავსად სწამდათ ბოროტი ღმერთის, წმინდა მამა ბრძანებს, რომ აუცილებელია მათი მონათვლა. თუმცა წმინდა მამა წარმოადგენს სხვა პოზიციასაც და საბოლოო გადაწყვეტილებას აკისრებს სინოდს, რომელმაც უნდა განსაზღვროს თუ როგორ მიიღებს სქიზმატური მიმდინარეობებიდან მომავალ ადამიანებს.
ბოლოს წარმოვადგენთ ტრულის კრების 95-ე კანონს,[17] რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აერთიანებს ყველა იმ ერესს და სქიზმას, რომელიც მეშვიდე საუკუნის მიწურულს არსებობდა ეკლესიის გარეთ. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კანონი იმეორებს პირველი და მეორე მსოფლიო კრების კანონების დადგენილებებს.[18]
ეს კანონი, როგორც ვხედავთ, გვთავაზობს ერეტიკოსთა (მწვალებელთა) და სქიზმატთა კლასიფიკაციას და მათი მიღების წესს ეკლესიაში. კანონი მათ ორ კატეგორიად ჰყოფს: ა) მწვალებლები და სქიზმატები, რომლებიც ეკლესიაში მიიღებიან ხელწერილით (ლიველლონი) და მირონცხებით და ბ) მწვალებლები, რომელებიც საჭიროებენ ხელახალ ნათლობას.
პირველ კატეგორიაში მოიაზრებიან: არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი, მეთოთხმეტიანელნი ანუ ტეტრადიტები და აპოლინარელნი. აგრეთვე, ის ერეტიკული მიმდინარეობები, რომლებიც აღმოცენდნენ მეორე მსოფლიო კრების შემდგომ, როგორც მაგალითად ნესტორიანელები, მონოფიზიტები და მათი განშტოებები. ხოლო მეორე კატეგორიაში შედიოდნენ: ევნომიანელნი, მონტანელნი, საბელიანელნი, მანიქეველები, ვალენტინეანელები და მარკიანელები და სხვა ყველა მწვალებლური მიმდინარეობა. მოკლედ შევეხოთ ამ მწვალებელთა და სქიზმატთა სწავლებებს და ვნახოთ, როგორ უყურებდა მათ ეკლესია, როდესაც იღებდა მათ საკუთარ წიაღში.
არიანელებად იწოდებოდნენ ალექსანდრიელი მღვდლის არიოზის მიმდევრები. არიოზის სწავლება, რომელიც ერეტიკული იყო, როგორც ცნობილია დაიგმო პირველი მსოფლიო კრების მიერ. არიოზის მწვალებლობას ჰქონდა როგორც ქრისტოლოგიური, ასევე ტრინიტოლოგიური ხასიათი. იგი ასწავლიდა რომ ძე არ იყო ღმერთი, და შესაბამისად არც მამა ღმერთის თანაარსი. არიოზი, ასევე უარყოფდა ლოგოსის ღვთაებრივ ბუნებას და ასწავლიდა რომ ძე იყო მამის უმაღლესი ქმნილება. ამასთანავე, ასწავლიდა, რომ განკაცებულმა ლოგოსმა განკაცებისას მიიღო „უსულო“ («άψυχον») სხეული. [19] მიუხედავად ამგვარი მწვალებლური სწავლებისა, კანონი განსაზღვრავს, რომ არიანული ერესიდან მომავალნი არ საჭიროებენ ხელახალ ნათლობას და მათთვის მხოლოდ ხელწერილი და მირონცხებაა საკმარისი.
მაკედონიანელნი სხვაგვარად სულთმებრძოლნი იყვნენ კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოს მაკედონიოს I-ის მიმდევრები. მაკედონიანიზმი არიანიზმის ერესის ერთგვარი განშტოება იყო. თუმცა მაკედონიოსი და მისი მიმდევრები უარყოფდნენ სამების მესამე ჰიპოსტასის სულიწმინდის ღმერთობას. მაკედონიოსი ასწავლიდა, რომ სულიწმინდა იყო ქმნილება. მას და მის მიმდევრებს ამიტომაც ეწოდებოდათ სულთმებრძოლები.[20] მაკედონიოსის სწავლება, როგორც ერეტიკული დაგმო მეორე მსოფლიო კრებამ, თუმცა კი იგივე კრება და შემდეგ ტრულის კრება მაკედონიოსის მიმდევრების მიღებას მხოლოდ ხელწერილით და მირონცხებით ადგენენ.
სავატიანელნი იყვნენ მღვდელ სავატიოსის მიმდევრები. ეს უკანასკნელი გახლდათ იუდეველი ქრისტიანი, რომელმაც ხელდასხმა მიიღო ნოვატიანელი ეპისკოპოსისგან. ხელდასხმის შემდეგ სავატიანოსმა არ დაივიწყა იუდეური ტრადიციებიც და მკაცრად იცავდა მათ. იგი აღდგომის დღესასწაულსაც ებრაელებთან ერთად დღესასწაულობდა.[21] სავატიანელნი, ნოვატიანელების მსგავსად მიიჩნეოდა სქიზმატურ მიმდინარეობად ამიტომაც მათი მიღებაც განისაზღვრა ლიველლონით და მირონცხებით.
ასევე სქიზმატური მიმდინარეობას მიეკუთვნებოდნენ მეთოთხმეტიანელნი ანუ ტეტრადიტები. ისინი, აზიელი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც აღდგომას ნისანის 14 რიცხვში დღესასწაულობდნენ.[22] ამიტომაც ისინი არ საჭიროებენ ხელმეორედ ნათლობას და საკმარისია მხოლოდ ხელწერილი და მირონცხება.
აპოლინარელნი იგივე აპოლინარის მიმდევრები. ამ ერესის ფუძემდებლად მიიჩნევა IV საუკუნის სწავლული ქრისტიანი და ლაოდიკიის ეპისკოპოსი აპოლინარი. აპოლინარი თავდაპირველად არიანელობას ეწინააღმდეგებოდა მაგრამ საკუთრი ერესი ჩამოაყალიბა. იგი სულის ნეოპლატონურ დაყოფას იყენებდა და ამგვარად ასწავლიდა, რომ ადამიანში განირჩევა „გონიერი/ლოგიკური სული“ (λογική ψυχή) იგივე გონი და „არაგონიერი სული“ (άλογη ψυχή) იგივე სხეული. აქედან გამომდინარე იგი ამტკიცებდა, რომ საღვთო ლოგოსმა განკაცებისას შეიძინა მხოლოდ სხეული და მას არ გააჩნდა ლოგიკური სული ანუ გონი (გონება), რადგან მისი ადგილი დაიჭირა საღვთო ლოგოსმა.[23] აპოლინარის ეს ერეტიკული სწავლებაც დაგმო მეორე მსოფლიო კრებამ. მიუხედავად ამისა, კანონი აწესებს მათ მიღებას ხელწერილით და მირონცხებით.
ტრულის კრების კანონი კი მათ(ამგვარ ერეტიკულ მიმდინარეობებს) რიცხვს ამატებს იმ ერესებს და მათ მიმდევრებს, რომლებიც მეორე მსოფლიო კრების შემდგომ წარმოიშვნენ იგულისხმება ნესტორიანიზმი და მონოფიზიტიზმი. როგორც ცნობილია, ეს ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს მესამე და მეოთხე მსოფლიო კრებებმა, თუმცა ტრულის კრების ეს კანონი ადგენს, რომ მათ მისაღებად მხოლოდ ხელწერილია საკმარისი.
ნესტორიანელები, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნესტორის (V ს.) მიმდევრები იყვნენ. ნესტორი ასწავლიდა, რომ ქრისტეში არსებობდა ორი პიროვნება, ადამიანი იესო და ღვთის ძე ანუ ლოგოსი. ნესტორის მიხედვით, იესო არ იყო ღმერთი არამედ ღმერთშემოსილი (θεοφόρος). ამაზე დაყრდნობით იგი ასწავლიდა, რომ მარიამმა შვა „უმაღლესი ადამიანი“ («ψιλόν άνθρωπον»), რომელმაც დაბადების შემდეგ გახდა საღვთო ჭურჭელი. სწორედ ამ „უმაღლეს ადამიანში“ დაემკვიდრა ღვთის ლოგოსი. აქედან გამომდინარე ნესტორი უარყოფდა და გამორიცხავდა მარიამისთვის ეწოდებინა ღვთისმშობელი და მას მოიხსენიებდა როგორც „ქრისტესმშობელი“ (Χριστοτόκος). ეს სიტყვა ნესტორს ესმოდა როგორც „ადამიანის მშობელი“, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ მარიამს შეეძლო ღვთის ლოგოსის შობა. როგორც ცნობილია ნესტორი და მისი მიმდევრები განსჯილ იქნენ მესამე მსოფლიო კრებაზე (431 წ.) და კრებამ დაგმო ნესტორის შეხედულებები როგორც ქრისტეს ასევე ღვთისმშობლის შესახებ.[24] მიუხედავად ამ ყოველივესი, ნესტორიანიზმის ერესიდან მობრუნებულ ადამიანებს ეკლესია მხოლოდ ხელწერილით ღებულობს, სადაც ეს უკანასკნელნი უარყოფენ და შეაჩვენებენ ნესტორის სწავლებას და ამასთანავე სხვა მწვალებლურ სწავლებებს და ამის შემდგომ შეუძლიათ გახდნენ ეკლესიის წევრები.
ევტიქიანელები იყვნენ მონოფიზიტური ერესის ფუძემდებლის ევტიქის მიმდევრები. ევტიქი გახლდათ კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტი, წმინდა კირილე ალექსანდრიელს თანამებრძოლი ნესტორთან პოლემიკაში, თუმცა კირილეს პოზიციის დაცვის მაგივრად იგი გახდა უკიდურესი მონოფიზიტების წინამძღოლი. ევტიქი აღიარებდა, რომ „შობამდე ქრისტეს მართლაც გააჩნდა ორი ბუნება, თუმცა შობის შემდგომ იგი მხოლოდ ერთ ბუნებას აღიარებდა“. [25] ევტიქი ასწავლიდა, რომ ადამიანური ბუნება შთანთქა ღვთაებრივმა ბუნებამ შეერთების დროს და ამიტომ ქრისტეს გააჩნდა ერთი ბუნება. ევტიქი და მისი მონოფიზიტური შეხედულებები დაგმო ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრებამ (451 წ). თუმცა კი მათი მიღებაც ნესტორიანელბის მსგავსად მხოლოდ ხელწერილით განაჩინა კანონმა.
ბოლო ერეტიკული მიმდინარეობა, რომელზეც კანონი საუბრობს არიან სევერიანელები. სევერიანელები გახლდნენ ანტიოქიის პატრიარქ სევერიანეს მიმდევრები. სევერიანე გახლდათ ზომიერი მონოფიზიტი. სევრეიანეს მიმდევრები გაურბოდნენ ევტიქიანელებთან კავშირს და ასწავლიდნენ რომ ქრისტეში ორი ბუნების შეერთების შემდგომ მათ შორის (საღვთო და ადამიანურ ბუნებებს) არსებობდა განსხვავება. სევერიანესთვის ტერმინი „ბუნება“ («φύση») არ იყო ერთი და იგივე მნიშვნელობის. მათთვის სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ტერმინ „ბუნებას“ თეოლოგიაში (ტრიადოლოგია) და სხვა მნიშვნელობა ჰქონდა იკონომიაში (ქრისტოლოგიაში). სევერიანეს მიმდევრები გარდა იმის, რომ აღიარებდნენ ქრისტეს სხეული ხრწნადობას, არ ერიდებოდნენ აგრეთვე ხაზი გაესვათ ადამიანური ბუნების (სხეული და სული) სხვა ნაკლოვანებებისთვის, რათა ამგვარად წარმოეჩინათ განსხვავება ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებას შორის. ამიტომაც იყო რომ სევრეიანები ასწავლიდნენ ქრისტეს ადამიანური ბუნების უმეცრების შესახებ. [26] მიუხედავად ამ ყოველივესი, კანონი მათაც მხოლოდ ხელწერილს განუწესებს ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად, რის შემდეგაც ამ კატეგორიაში შემავალი ერეტიკული მომდინარეობები შეძლებდნენ მიახლდებოდნენ ზიარების საიდუმლოს.
დანარჩენი სხვა ყველა ერეტიკოსი, რომელიც ჩამოთვლილია კანონში საჭიროებენ ხელახალ ნათლობას. ევნომიანელები, წარმოადგენენ არიანული ერესის უკიდურეს ფრთას. მისი წინამძღოლო გახლდათ არიანელი თეოლოგი, რიტორი და კიზიკიის ეპისკოპოსი ევნომიოსი. ევნომიანელები არ ღებულობდნენ არანაირ მსგავსებას მამასა და ძეს შორის. ევნომომიოსი ერთმანეთში ურევდა ტერმინებს „არსება“ («ουσία») და „ჰიპოსტასი“ («υπόσταση»). ასევე იგი „არსებას“ აიგივებდა სამების პირების თვისებებთან. იგი ასწავლიდა, რომ სამების პირთა თვისებები „უშობელობა“, „შობა“ და „გამომავლობა“ არის არსების/ბუნების თვისებები და არა პიროვნებების. ევნომიანელები ნათლობას ერთი შთაფლით ასრულებდნენ.[27] ამგვარი გაუკუღმართებების გამო, როგორც ვნახეთ კანონი ითხოვს მათ მიღებას წარმართთა მსგავსად ხელახალი ნათლობით.
საბელიანელნი იგივე საბელიოზის მიმდევარნი. საბელიოზი გახლდათ მოდალისტური მონარქიანიზმის ფუძემდებელი. საბელიოზი ასწავლიდა, რომ ნამდვილად არსებობდნენ მამა, ძე და სულიწმინდა მაგრამ არა სამი სხვადასხვა პიროვნება, არამედ ეს სამი სახელი წარმოადგენდა ერთი ღმერთის სამ ფორმას, გამოხატულებას. მამა, ძე და სულიწმიდა არის მხოლოდ სამი თანმიმდევრული ეტაპი ან სამი განსხვავებული გზა/საშუალება/ფორმა ერთი ღმერთის გამოსავლენად. საბელიოზი საუბრობდა ამ სამი ფორმის გამოცხადების შესახებ ისტორიაში. საბელიოზის თანახმად, მამა გამოჩნდა შესაქმეში და რჯულის გადაცემისას, ძე განცხადდა განკაცებისას და ამაღლების დროს, ხოლო სულიწმიდა არის ის, ვინც ანიჭებს და აგრძელებს სიცოცხლეს ეკლესიაში.[28] ამ ერესიდან მიმდევარნიც ეკლესიაში მიიღებოდნენ, როგორც წარმართები და საჭიროებდნენ კატეხიზაციას და შემდეგ ნათლობას.
მანიქეველები იყვნენ მანის მიმდევრები. მანი წარმოშობით სპარსეთიდან იყო, იგი III საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი სწავლება იყო ბუდისტური, ზოროასტრიული და ქრისტიანული ელემენტების ნაზავი. მანიქეიზმი დუალურ საწყისს ეფუძნებოდა. მანიქეიზმის მიხედვით არსებობდა ორი საწყისი - სიკეთე და ბოროტება. მანის მიხედვით, სიკეთის სამყოფელი იყო სინათლე, ხოლო ბოროტების სიბნელე. მანიქეიზმის მიხედვით, ადამიანის სხეული სიბნელის ქმნილება იყო, ამიტომ სხეულის მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდნენ და ამიტომაც მანიქეველბი ძალიან მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდნენ. მანი საკუთარ თავს აიგივებდა „ნუგეშინისმცემელთან“ (Παράκλητο) და ასწავლიდა, რომ მისი სახით მოხდა ღმერთის სრული განცხადება ადამიანთა მიმართ. მანიქეველებს არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომის. მანიქეველბა განეკუთვნებოდა გნოსტიკური ტიპის მწვალებლობას.[29] ამგვარად, ცხადია თუ რატომ აწესებს კანონი მანიქეველთა მიღებას ხელახალი ნათლობით.
დანარჩენი ორი ერესიც, რომლებიც მანიქეველებთან ერთად მოიხსენებიან მიეკუთვნებოდნენ გნოსტიკური ტიპის ერესებს. ვალენტინეანელები იყვნენ ვალენტინეს მიმდევრები. ვალენტინის სწავლება წარმოადგენდა მითიურობის და ქრისტიანობის სინთეზს. ვალენტინიანებს ჰქონდათ რელიგია, რომელიც აერთიანებდა ასტროლოგიას, მაგიას, რიტუალებს, ფილოსოფიას და ქრისტიანობას. მეორე გნოსტიკური მიმდინარეობა იყო მარკიანელები. მარკიანელები ეწოდებოდათ მარკიონის მიმდევრებს (II ს.). მარკიონი ასწავლიდა ორი ღმერთს, კეთილს და ბოროტს, რომელიც იყო ძველი აღთქმის და სამყაროს შემოქმედი ღმერთი. მარკიონის თანახმად, იესო ქრისტე იყო კეთილი ღმერთი, რომელიც დედამიწაზე მოვიდა, მაგრამ ეს მოსვლა არ ყოფილა განკაცებით. იესო ქრისტეს არ გააჩნდა ადამიანური სხეული, მისი სხეული იყო ანგელოზებრივი და მისი ვნებები იყო მოჩვენებითი. მარკიონი ცნობდა მხოლოდ ლუკას სახარებას და პავლე მოციქულის 10 ეპისტოლეს. მარკიანელები გამოირჩეოდნენ მკაცრი ასკეტური ცხოვრების წესით, ერიდებოდნენ ღვინის მიღებას, ამიტომაც ზიარების დროს იყენებდნენ მხოლოდ პურს და წყალს. ხოლო მირონცხების დროს იყენებდნენ მხოლოდ ზეთს და ამ რიტუალის შემდეგ ჭამდნენ თაფლს და რძეს. [30] ნათელია, თუ რატომ განსაზღვრავს კანონი მათ მიღებას სრული სიმკაცრით ანუ ჯერ უნდა მომხდარიყო მათი კატეხიზაცია და შემდეგ ნათლობა.
როგორ შეიძლება აიხსნას ერეტიკოსთა და სქიზმატთა ამგვარი დაყოფა? ზონარას თანახმად ეს დაყოფა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ის ჯგუფები, რომელებიც ხელწერილით და მირონცხებით მიიღებოდნენ, „წმინდა ნათლობის რიტუალს ყოველგვარი განსხვავების გარეშე აღასრულებდნენ.“[31] ასევე, როგორც ვხედავთ, ეკლესია მათ მიმართ სარგებლობს იკონომიის პრინციპით და არ ადგენს მათ ხელახალ ნათლობას. ხოლო რაც შეეხება იმ მწვალებლობებს, რომლებიც ხასიათდებოდნენ ანტიტრინიტარული სწავლებით, ასევე ნათლობის რიტუალს დამახინჯებულად აღასრულებდნენ, ეკლესია მათ მიმართ მკაცრ მიდგომას ინარჩუნებს და წმინდა კვიპრიანე კართაგენელის მსგავსად ბრძანებს მათ ხელახალ ნათლობას. ამასთანავე, ნათლობის შესრულებამდე აუცილებელი იყო მომხდარიყო მათი კატეხიზაცია.
* * *
ზემოთ წარმოდგენილი კანონებიდან, ნათლად ჩანს რომ ეკლესიას არ ჰქონია ერთიდაიგივე დამოკიდებულება სქიზმატთა და მწვალებელთა მიმართ. მათი მიღების წესები და მათ მიმართ დამოკიდებულება განსხვავებული იყო. ეს კარგად ჩანს ე. წ. „წმინდები/სუფთები/ნოვატიანები“- თან დამოკიდებულებაში. თუ პირველი მსოფლიო კრება მათ მხოლოდ ხელწერილით იღებს, შემდეგი კანონები მათ მირონცხებასაც ადგენენ, ხოლო წმ. ბასილი დიდი მათ ხელახალ ნათლობაზე მიუთითებს. ამგვარად, ეკლესია სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარად უდგებოდა სქიზმატებს და ერეტიკოსებს. ეკლესიის ამგვარი პოზიცია მნიშვნელოვანი შენარჩუნებული იყოს დღესაც, რადგან ეკლესიას აქვს ძალაუფლება განსაზღვროს თუ როგორ მიიღებს სქიზმატებს თუ მწვალებლებს თანამედროვე ეპოქაში.
მიუხედავად ერეტიკული სწავლებების სიმძიმისა, ეკლესიისთვის ამას გავლენა არ ჰქონია, მათი მიღების კუთხით. მართალია წმ. ბასილი დიდი განასხვავებს ერეტიკოსებს და სქიზმატებს და მათ მიღების წესებსაც, მაგრამ მისი ეს განსხვავება არ ჩანს კანონებში და ვიხილეთ, რომ მეორე მსოფლიო კრების და ტრულის კრების კანონები სქიზმატებს და მწვალებლებს ერთი და იგივე გზით ღებულობენ, უფრო მეტიც ტრულის კრება მონოფიზიტების და ნესტორიანელების მიღებას მხოლოდ ხელწერილით ადგენს და მათ მირონცხებაც კი არ ესაჭიროებათ.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელის შეხედულება ერეტიკოსთა და სქიზმატთა მიმართ არასდროს გამხდარა ეკლესიის პოზიცია. ეს კარგად გამოჩნდა ტრულის კრების მე-2 კანონითაც. აკრიბიის პრინციპს ეკლესია მიმართავდა მხოლოდ იმ ერეტიკული ჯგუფების მიმართ ვისაც დამახინჯებული ჰქონდა, როგორც სამების შესახებ დოგმატი ასევე ნათლობის რიტუალი.
ამრიგად, დღესაც, ეკლესიას გააჩნია ის ძალაუფლება, რომ მოაწესრიგოს და განსაზღვროს ერეტიკოსებთან და სქიზმატიკოსებთან ურთიერთობა. ამისთვის მას შეუძლია თავისუფლად იხელმძღვანელოს წმინდა კანონებით. ყველა ეპოქაში ეკლესიის ფუნქცია იყო დახმარებოდა ადამიანებს ცხონებაში. ეკლესიის ეს მისია, მას ანიჭებს იმ ექსკლუზიურ პასუხისმგებლობას, რომელითაც ის ვალდებულია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ერეტიკოსებს, ჰეტეროდოქსებს თუ სქიზმატებს ეკლესიაში დაბრუნებაში და დაეხმაროს მათ დაადგნენ ცხონების გზას. ზემოთ წარმოდგენილი კანონები, რეალურად წარმოაჩენს ეკლესიის პასტორალურ დამოკიდებულებას ადამიანთა მიმართ. ამიტომაც დღესდღეობით, ეკლესია თუ თვლის, რომ იგი სწორედ ცხონებისაკენ მიმყვანებელი კიდობანია ყველანაირად უნდა ეცადოს საკუთარ წიაღში ნაკლები დაბრკოლებებით მიიღოს ის ადამიანები, ვისაც ეს სურვილი აქვთ.
ბიბლიოგრაფია
● ამ. ალივიზატუ , წმინდა კანონები, ათენი 1997.
● გ. რალლი-მ. პოტლი, საღმრთო და წმიდა კანონების სინტაგმა, ტომ. II, III, ათენი, 1852, 1853.
● ევაგრე სქოლასტიკოსი, ეკლესიის ისტორია, PG 86(2), 2444B-2445B.
● წმ. ეპიფანე კვიპრელი, ერესთა წინააღმდეგ, PG 42, 13C-17B.
● ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, ათენი 2002.
● წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი, პიდალიონი, ათენი 1886.
● ნ. მაცუკა, დოგმატური და სიმბოლური თეოლოგია, ტომ. II, თესალონიკი 2016.
● სოკრატე, ეკლესიის ისტორია, PG 67, 621C-625A.
[1] უნდა აღინიშნოს, რომ ერეტიკოსი და ჰეტეროდოქსი ადრეულ საუკუნეებში ერთმანეთის მონაცვლეობით იხმარებოდა, მაგრამ დღესდღეობით ამ ტერმინებს ერთი და იგივე მნიშვნელობა არ აქვთ. ჩვენს დროში, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია აწარმოებს დიალოგს სხვადასხვა კონფესიებთან ისინი, ვინც აღიარებენ წმინდა სამების დოგმატს და იესო ქრისტეს ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებას მათ ჰეტეროდოქსები ეწოდებათ, ხოლო ისინი ვინც ამ ყოველივეს უარყოფენ და არ იღებენ ერეტიკოსები. იხ. აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი), კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?, გვ. 254/ სტატიის ქართული თარგმანი იხ. https://www.palamacentre.com/%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/
[2] კანონის ბერძნული ვარიანტის სრული ტექსტი იხ. ამ. ალივიზატუ , წმინდა კანონები, გვ. 287-290.
[3] ტრულის კრების მე-2 კანონი. კანონთა ქართული თარგმანი აღებულია საიტიდან: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=34&Itemid=59&lang=ka
[4] „მათ მიმართ, რომლებიც ადრე თავიანთ თავს "წმინდას" (ერთ-ერთ განხეთქილებაში მყოფთა თვითწოდება) უწოდებდნენ, მაგრამ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისკენ მოექცნენ, წმინდა და დიდი კრება კეთილ ნებას იჩენს და ადგენს, რომ ხელდასხმის შემდეგ ისინი დასში დარჩნენ. უწინარეს ყოვლისა კი მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განწესებებს, ანუ საეკლესიო თანაზიარებაში იქნებიან მეორედ ქორწინებულებთან და დევნილობის ჟამს განდგომილებთან, რომელთათვის მონანიებისა და შენდობის ვადაც განსაზღვრულია. მხოლოდ საჭიროა, რომ ისინი ყოველმხრივ მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის დადგენილებებს. ამრიგად, სადაც ხელდასხმულნი იქნებიან დასში, სოფლებში თუ ქალაქებში, თავიანთ ხარისხში დარჩნენ. თუკი ზოგიერთი მათგანი იმ ეკლესიას შეუერთდება, სადაც უკვე არის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მაშინ ცხადია, რომ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს ექნება საეპისკოპოსო ღირსება, ხოლო ეგრეთ წოდებულ "წმინდანების" ეპისკოპოსს - სამღვდელო პატივი; მაგრამ თუ ადგილობრივი ეპისკოპოსი სასიკეთოდ ჩათვლის, შეუძლია დაუტოვოს მას ეპისკოპოსის სახელის პატივი; თუკი ადგილობრივი ეპისკოპოსი ამას არ ინებებს, მაშინ გამოუყოს მას ქორეპისკოპოსის ან მღვდლის ადგილი, რათა საეკლესიო კრებულში მისი ჩარიცხვა ნათლად ჩანდეს. ერთ ქალაქში კი ორი ეპისკოპოსი არ უნდა იყოს.“
[5] „ყოფილ პავლიანიტელების შესახებ, რომლებიც შემდგომ კათოლიკე ეკლესიისაკენ მოიქცნენ, დგინდება განწესება, რომ ყველა ისინი თავიდან უნდა მოინათლონ. იმათგან, ვინც ადრე სამღვდელო დასს განეკუთვნებოდა, თუ ვინმე უმწიკვლო და დაუძრახველი აღმოჩნდეს, ნათლისღების შემდეგ ხელდასხმულ იქნეს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის მიერ; ხოლო ვინც გამოკვლევის შემდეგ მღვდელმსახურობისათვის უღირსი აღმოჩნდეს - სამღვდელო ხარისხიდან განიკვეთოს. ასევე დიაკონთა და საერთოდ დასის ყველა წევრის მიმართ იგივე მიდგომა უნდა იქნეს დაცული. ჩვენ დედათდიაკვნებიც ვახსენეთ, მაგრამ ისინი დედათდიაკვნებად მხოლოდ თავიანთი სამოსელის გამო იწოდებიან, სინამდვილეში კი არავითარი ხელდასხმა არ მიუღიათ, ამიტომ ისინი უპირობოდ მრევლში უნდა ჩაირიცხონ.“
[6] გ. რალლი-მ. პოტლი, საღმრთო და წმიდა კანონების სინტაგმა, ტომ. II, გვ.134.
[7] წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი, პიდალიონი, გვ.116
[9] წმ. ეპიფანე კვიპრელი, ერესთა წინააღმდეგ, PG 42, 13C-17B, ნ. მაცუკა, დოგმატური და სიმბოლური თეოლოგია, ტომ. II, გვ.83-84, ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, გვ. 244-246.
[10] „მწვალებლები - ნავატიანნი [ნოვატიანნი], ფოტინიანნი და მეთოთხმეტიანელები - თუ მოიქცევიან და გახდებიან კათაკმევლები ან მორწმუნეები, არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ არ შეაჩვენებენ ყველა ერესს და უფრო იმას, რომლითაც თვით არიან შეპყრობინი. იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონ სარწმუნოების მრწამსი, ამის შემდეგ ცხებულ იქნენ წმინდა საცხებელით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოს.“
[11] „იმ მწვალებელთაგან, რომელთაც ფრიგიელნი ეწოდებათ, თუ ვინმე მოიქცევა სარწმუნოებისაკენ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნცად მათ მიერ სამღვდელო პირად მიჩნეუილი, გინდა დიდებულად წოდებული, დიდი გულმოდგინებით უნდა იქნეს მათი ქრისტიანად განსწავლა და მონათვლა ეპისკოპოსისა და მღვდელთა მიერ.“
[12] ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, გვ. 275.
[13] გ. რალლი-მ. პოტლი, საღმრთო და წმიდა კანონების სინტაგმა, ტომ. III, გვ.177, წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი, პიდალიონი, შენიშ. 1, გვ. 344.
[14] გ. რალლი-მ. პოტლი, საღმრთო და წმიდა კანონების სინტაგმა, ტომ. II, გვ.186, ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I,, გვ. 142-145.
[15] „წმინდად (კათარად) წოდებულთა საკითხის შესახებ ადრეც ნათქვამია და კეთილად არის მოხსენიებული, რომ ისინი უნდა მიჰყვნენ ადგილობრივ წესს, რადგან მათი ნათლისღების შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს. პეპუზიანელთა შესახებ არა მგონია, რომ რაიმე თქმულიყო მათ დასაცავად და მიკვირს, თუ როგორ აუარა გვერდი ამას დიონისემ, რომელიც კანონს კარგად იცნობდა და მისდევდა. ძველებმა განაწესეს მიღება იმათი ნათლისღებისა, რომლებიც სარწმუნოებაში არ ცდებოდნენ. ამიტომ ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა). მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისაგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან გაყოფილები. კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას - ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდეშესაკრებლობა. ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონება სინანულის შესახებ არის განხეთქილება. ხოლო ერესი, მაგალითად, მანიქეველთა, ვალენტინიანელთა, მარკიონელთა და თვით პეპუზიანელთა ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში. პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხით იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან. პუპუზიანელები მწვალებლები არიან განცხადებულად, რადგან ისინი გმობენ სულიწმიდას და უსირცხვილოდ აკუთვნებენ მონტანსა და პრისკილას ნუგეშისმცემელთა სახელს. ამიტომ, როგორც კაცთა ღმერთმყოფელნი, დასასჯელნი არიან ამისთვისაც და იმიტომაც, რომ სულიწმიდას ადამიანებთან გათანაბრებით აგინებენ. ამგვარად საუკუნო სასჯელს იმსახურებენ, რადგან სულიწმიდის გინების შენდობა არ შეიძლება. რა გამართლება აქვს ამათი ნათლისღების შეწყნარებას, რომლებიც ნათელს სცემენ მამის, ძისა და მონტანის და პრისკილას მიმართ? არ არის ნათელღებული ის, ვინც ნათელ-იღო იმათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული. თუმცა დიდი დიონისე არ შეხებია მათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივყვეთ ამ შეცდომას, რადგან უსწორობა ცხადზე ცხადია, ყველასთვის თვალსაჩინოა და ამის არად ჩაგდება უსამართლობა იქნება. წმინდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან. ჩვენს პირველ მამებს, კვიპრიანესა და ფირმილიანეს სურდათ ერთი განსაზღვრების განჩინება ყველა ამათთვის, რომლებიც არიან: წმინდად წოდებულნი, მმარხველნი (ენკრატიტები) და წყლისშემწირველნი (ჰიდროპარასტატები), რადგან გადნგომის დასაწყისი წარმოიშვება განხეთქილებისაგან. განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისაგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლიცემისა და არც ხელთდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს. ამის გამო მათგან ნათელღებულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლისღებით განწმენდას ბრძანებს ეკლესია, როცა ასეთი ვინმე ისევ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას. მაგრამ რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ. ჩვენ უნდა გავიგოთ მმარხველთა (ენკრატიტებად) წოდებულთა მზაკვრობა, რადგან ეკლესიისგან შეუწყნარებელნი რომ იყვნენ ისინი, ხელი მიჰყვეს თავიდანვე თავიანთი ნათლისღების დაჩქარებას, რითაც თავისი საკუთარი ჩვეულებაც შეცვალეს. ამიტომ რადგან არაფერი მათ შესახებ ნათლად თქმული და განჩინებული არ არის, ჩვენ გვმართებს მათი ნათლისღების გაუქმება. თუ ვინმეს ნათელ-უღია მათგან, ხელახლა უნდა ნათელ-ვცეთ მას, დაუბრუნდება რა ეკლესიას. მაგრამ თუ საერთო მამათა განგებას სურს თავის შეკავება და ამის სხვაგვარად განწესება, ისევ ჩვეულებას უნდა მივყვეთ და ჩვენი მამების დადგენილებას შევუდგეთ, რადგან როცა გვინდა ვინმე შევაჩეროთ აჩქარებული ნათლისღებისაგან, ვერიდები, რომ ცხოვნებისაგან არ დავაბრკოლო ისინი ჩვენი მკაცრი განჩინებით. თუ ისინი დაიცავენ ჩვენს ნათლისღებას, ეს ნუ დაგვამშვიდებს ჩვენ, რადგან ასე მოქცევა კი არ გვევალება ჩვენ, არამედ საჭიროა, პატივი ვცეთ და გულმოდგინედ მივყვეთ უცთომელ კანონს და კრძალვით დავიცვათ შემდეგი, რომ, როცა ვინმე, მათგან ნათელღებული, მოუბრუნდება ეკლესიას, პირველად მას ეცხებოდეს საცხებელი სულიწმიდისა მორწმუნეთა შორის და შემდეგ ეზიარებოდეს საიდუმლოს. ვიცი ესეც, რომ ძმები იზო და სატორნინე, რომლებიც მათი დასის წევრები იყვნენ, შევიწყნარეთ ეპისკოპოსის ტახტზე, რის გამოც მათი საზოგადოების წევრებს ვერ გამოვყოფთ ეკლესიისაგან რაიმე კანონის მიღებით მათი და მათი ეპისკოპოსების ზიარების შესახებ.“
[16]„მმარხველებს (ენკრატიტებს), ძაძით მოსილებს (საკოფორებს) და განყენებულებს (აპოტაქტიტებს) იგივე განსჯა მიესადაგებათ, რაც ნავატიანებს, რადგან ზოგი ამათგანის შესახებ გამოტანილია სხვადასხვა დადგენილება, ხოლო ზოგის შესახებ კანონი არაფერს გვეუბნება. ჩვენ კი ერთნაირად მეორედ ნათელ-ვსცემთ მათ. თუ თქვენ მიერ უგულებელყოფილი იქნება, რომაელების მსგავსად, მათი მეორედ ნათლისცემა რაღაც კეთილგანზრახვით, ჩვენს სიტყვას მათი ნათლისღების არად შერაცხვის შესახებ მაინც უნდა ჰქონდეს ძალა, რადგან მათი ერესი მარკიონიტთა განაყოფი არის და მათ სძულთ ქორწინება, უარყოფენ ღვინოს და ღმრთისგან შექმნილს ბილწად და არაწმინდად თვლიან. ამიტომ არ შევიწყნარებთ მათ ეკლესიაში, თუ არ მოინათლებიან ჩვენი ნათლისღებით. მათ არ უნდა თქვან, რომ ნათელ-იღეს მამისა, ძისა და სულიწმიდის მიმართ, რადგან მარკიონისა და სხვა მწვალებლების მსგავსად ღმერთს ბოროტების გამჩენის სახელს არქმევენ. მაშ ასე, თუ საჭირო არის, ეპისკოპოსთა უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და დადგინდეს კანონი, რომ მოქმედიც დაზღვეული იყოს და ვისაც ეკითხებიან და პასუხს აძლევს, მასაც ჰქონდეს სარწმუნო პასუხი შეკითხვაზე. “
[17] „მწვალებლებს, რომლებიც მართლმადიდებლობაში მოექცნენ და ცხონებულთა ნაწილს შეუერთდნენ, შევიწყნარებთ შემდეგი განწესებითა და ჩვეულებით: არიოზელები, მაკედონიოსიანელები, ნოვატიანელები - თავის თავს წმინდანებს და უკეთესებს რომ უწოდებენ, მეთოთხმეტეანელები ანუ ტეტრადიტები, და აპოლინარელები, შეიწყნარებიან როცა იძლევიან ხელწერილს და შეაჩვენებენ ყველა იმ ერესს, რომელიც ისე არ აღიარებს, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია აღიარებს, და დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ: პირველად შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირზე, პირზე, ყურებზე, და ვბეჭდავთ რა მათ, ვამბობთ: "სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი". რაც შეეხება ყოფილ პავლიანელებს, რომლებიც შემდეგ კათოლიკე ეკლესიისკენ მოექცნენ, დადგენილია, რომ ისინი დაუყონებლივ გადაინათლონ. ევნომიანოსიანელებს კი, ერთგზის შთაფლვით რომ ინათლებიან, და მონტანელებს, რომლებიც აქ ფრიგეველებად იწოდებიან, და საბელიოსიანელებს, რომლებიც ძე-მამობას აღიარებენ და სხვა შეუწყნარებელ რამესაც სჩადიან, და ყველა სხვა მწვალებლებს (რამეთუ ბევრია აქ ასეთები, უფრო მეტად გალატელთა მხრიდან გამოსულები), მათგან ვინც მოისურვებს მართლმადიდებლობას ეზიაროს, შევიწყნარებთ ისე, როგორც წარმართებს: პირველ დღეს ვჰყოფთ მათ ქრისტიანებად, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს ვაფიცებთ მათ, სამგზის სახეში ჩაბერვით და ყურებში, და ასე ვამზადებთ მათ, ეკლესიაში ყოფნას და წმიდა წერილის მოსმენას ვაიძულებთ და მხოლოდ მაშინღა ვნათლავთ მათ. ასევე ვიღებთ მანიქეველებს, ვალენტინეანელებს, მარკიანელებს და მათ მსგავს მწვალებლებს. ნესტორიანელებმა [ევტიქიანელებმა და სევერიანელებმა] კი ხელწერილი უნდა დაწერონ და თავიანთი მწვალებლობა შეაჩვენონ, აგრეთვე ნესტორიც, ევტიქიც, დიოსკორეც, სევეროსიც და სხვა წინამძღვარნიც ამ ერესებისა, და მათი თანამოაზრენი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მწვალებლობანი, და ამის შემდეგ მიიღონ წმინდა ზიარება.“
[18]იხ. მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონი: „მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა სურთ და გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსელებს, საბატიანელებს, ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და საუკეთესოებს უწოდებენ, ასევე მეათოთხმეტელებს ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებნ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე. და ცხებისას ვიტყვით: სული წმიდის ნიჭის ბეჭედი. ევნომიანოსელებს კი, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავენ და მონტანელებს, ფრიგველებად წოდებულთ, აგრეთვე საბელიანელებს, ძე-მამობას რომ ქადაგებენ და სხვა სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა დანარჩენ მწვალებლებს (აქ ბევრია ასეთი, განსაკუთრებით გალატელთა მხრიდან), რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობას ეზიარონ, მივიღებთ ისეთივე წესით, როგორითაც წარმართებს ვიღებთ. პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხავთ, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს შელოცვებს ვუკითხავთ სამგზის შებერვით სახეში და ყურებში და ასე ვყოფთ მათ კათაკმეველებად და ვუწესებთ ეკლესიაში წმიდა წერილების მოსმენას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვნათლავთ.“
[19] ნ. მაცუკა, დოგმატური და სიმბოლური თეოლოგია, ტომ. II, გვ.99, 237-240. ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, I, გვ. 385-390.
[20] ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, გვ. 511-527.
[21] სოკრატე, ეკლესიის ისტორია, PG 67, 621C-625A, წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი, პიდალიონი, გვ.139.
[22] ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, გვ. 275.
[23] ნ. მაცუკა, დოგმატური და სიმბოლური თეოლოგია, ტომ. II, გვ. 582-584. ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, გვ. 245-246.
[24] ნ. მაცუკა, დოგმატური და სიმბოლური თეოლოგია, ტომ. II, გვ. 249-253.
[25] ევაგრე სქოლასტიკოსი, ეკლესიის ისტორია, PG 86(2), 2444B-2445B.
[27] გ. რალლი-მ. პოტლი, საღმრთო და წმიდა კანონების სინტაგმა, ტომ. II, გვ.190, ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, გვ.512-513, 913.
[28] ნ. მაცუკა, დოგმატური და სიმბოლური თეოლოგია, ტომ. II, გვ. 85. ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, გვ. 241-243.
[29] გ. რალლი-მ. პოტლი, საღმრთო და წმიდა კანონების სინტაგმა, ტომ. II, გვ.531-532, ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, გვ.163-166.
[30] ვ. ფიდასი, ეკლესიის ისტორია I, გვ.158-163.
[31] გ. რალლი-მ. პოტლი, საღმრთო და წმიდა კანონების სინტაგმა, ტომ. II, გვ. 188.