სტატია დაიბეჭდა ჟურნალში ,,დიალოგი," N4(13), გვ. 1-9, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021.
შესავალი
ევსები კესარიელი (III-IV სს.) საეკლესიო ისტორიისათვის გამორჩეული პიროვნებაა. მისი მოღვაწეობისა თუ შრომების განხილვა უკვე დიდი ხანია მკვლევრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. თანამედროვე პერიოდის დასავლელი თეოლოგები თუ ისტორიკოსები მის ნაშრომებს პოლიტიკური თეოლოგიის გადმოსახედიდანაც ძალიან აქტიურად იკვლევენ. წინამდებარე თემით, დაინტერესებულ მკითხველს შევეცდებით ის ძირითად მახასიათებლები შევთავაზოთ, რაც ევსები კესარიელის პოლიტიკურ თეოლოგიას გამოარჩევს.
,,ქრისტიანთა ,,დევნის ეპოქის დასასრულად, როგორც წესი, რომის იმპერატორ კონსტანტინეს ეპოქას მიიჩნევენ, რომელმაც 313 წელს „მილანის ედიქტით“ (Edictum Mediolanense) ქრისტიანობას კანონიერი სტატუსი მიანიჭა. ამავე იმპერატორს უკავშირდება კონსტანტინოპოლის დაარსება, რასაც შემდგომში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებაც მოჰყვა.“[1] იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად იმპერიაში ძალიან მნიშვნელოვანი რელიგიური რეფორმის განხორციელება გადაწყვიტა, რისთვისაც მას აუცილებლად ესაჭიროებოდა იდეოლოგი (ან იდეოლოგთა ჯგუფი), რომელიც საზოგადოებას მის მიერ განხორციელებულ თუ განსახორციელებელი რეფორმის სიკეთეების შესახებ მწყობრ სწავლებას შეთავაზებდა. ერთ-ერთი ასეთი იდეოლოგთაგანი კი ევსები კესარიელი აღმოჩნდა. მის მიერ ჩამოყალიბებული ძირითადი სწავლებების ნაწილს, წინამდებარე თემაში რამდენიმე ქვეთავად გადმოვცემთ.
პოლითეიზმი და პოლიარქია
ევსებისთვის, პოლითეიზმი და პოლიარქია, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ჯოხის ორი ბოლოა და ორივე მათგანი მკაცრად უარყოფითად განიხილება. ისტორიკოსი წერს, რომ დედამიწაზე მცხოვრები ხალხი დაყოფილი იყო და ისეთ პროვინციებში სახლობდა, რომლებიც დესპოტების, ან ბრბოს მიერ იმართებოდა. ეს ყოველივე კი განუწყვეტელი ბრძოლებისა და ომების მიზეზი გახლდათ.[2] ამის შემდეგ ევსები იმ სიკეთეების გადმოცემას იწყებს, რაც, მისი აზრით, პოლითეიზმისა და პოლიარქიის აღკვეთას მოჰყვა შედეგად. ისტორიკოსი წერს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი მაცხოვრის ძლევამოსილებით, პოლიარქია და დემონური პოლითეიზმი შეიმუსრა და დედამიწაზე გაფენილ ყოველ ადამიანს ღმერთის ერთი სამეფო- რომის იმპერია განეცხადა, სხვადასხვა მთავრობანი და ხელმწიფებანი გაუქმებდნენ, რათა მთელი კაცობრიობა ერთიანი და შეთანხმებული ყოფილიყო.[3] ამასთანავე, ავტორი წერს, რომ როგორც ერთი ღმერთი და ამ ღმერთის ერთი ცოდნა ყველას განეცხადა, ასევე, ერთი იმპერიაც კაცთა შორის განივრცო და მთელ კაცობრიობას შორის მშვიდობა და მეგობრობა დამყარდა, რამდენადაც ერთმანეთი ყველამ ძმებად აღიქვა და გააცნობიერა, რომ ადამიანებს საერთო ბუნება აქვთ. ჭეშმარიტმა რელიგიამ სხვადასხვა ხალხი ისე მიიღო, როგორც ერთი ღმერთის ძენი. ამგვარად, ამ დროიდან მოყოლებული, მსოფლიოს ყოველი მცხოვრები სახიერი და ზიარი ოჯახისაგან აღარ განირჩევა.[4]
ევსებისთვის, თუკი პოლიარქია და პოლითეიზმი ერთი უარყოფითი ჯოხის ორი ბოლოა, საპირისპიროდ, ერთი იმპერია და ერთი ღმერთის რწმენა, ცალსახად დადებითი და ღვთიური მოვლენაა. იგი წერს, რომ როდესაც ერთი, რომაული იმპერიის განმგებლობა ყველგან განივრცო, მაშინ, იქამდე არსებული მუდმივი შეუბრალებელი და შეურიგებელი ბრძოლა ერთა შორის სრულად აღმოიფხვრა და ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ სწავლება გავრცელდა. მთელმა კაცობრიობამ ორი გამორჩეული სიკეთე მიიღო, რაც გახლდათ რომაული იმპერია და ჭეშმარიტი ღვთისმსახურების სწავლება.[5]
ევსების ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა ავტორიტეტულ მკვლევართათვის და სხვადასხვა სახის სამეცნიერო ლიტერატურაში დაინტერესებული პირი ხშირად შეხვდება ისეთ დასკვნებს, რომელსაც მაგალითად ქვემოთ წავიკითხავთ: ,,პოლიარქიისა და პოლითეიზმის, როგორც განუყოფელი წყვილის ევსებისეული შერწყმა იმაზე მიანიშნებს, რომ აბსოლუტური მონარქიანიზმის ფორმით, ერთი იმპერატორის მიერ, ყოველგვარი ძალაუფლების კონსოლიდაციის რომაული მოდელს და მის თანმდევ სიკეთეებს, ხალხი სრულად მანამ ვერ მიაღწევს, სანამ წარმართობა იმპერიის რელიგიად დარჩება.“[6]
საიმპერატორო ტახტის ღვთიურობა
ერთი საიმპერატორო ტახტისა და ერთი ღმერთის რწმენის ქვეშ მყოფი ხალხის მართვა რომ გაცილებით ადვილია, ვიდრე დაქსაქსულისა და დაყოფილის, ეს ლოგიკურია. თუმცა, მმართველობის ამ მოდელის უპირატესობის საილუსტრაციოდ ევსების საკრალური ელემენტების შემოტანაც ესაჭიროებოდა, რაც შეძლო კიდეც. ჯ. დრაგენის (G. Dragon) აზრით: ,,როგორც თეორეტიკოსს, ევსების რომის იმპერიაში არსებულ საკმაოდ სერიოზულ პრობლემაზე უნდა ეპასუხა, რომელიც ადრე პოლიტიკური იყო, ხოლო მის პერიოდში კი უკვე რელიგიური. მან [ევსებიმ] შექმნა თეოლოგიური სტრუქტურა, რომელშიც უზენაესი ღმერთი სამყაროს შემოქმედი იყო და სადაც ლოგოსი, მისი ძე, საღვთო ერთიანობასა და შესაქმეს მრავალსახეობას შორის აუცილებელი მედიატორი გახლდათ. ლოგოსი სამყაროში უმთავრესად იმიტომ შემოვიდა, რომ იგი ანარქიისაგან ეხსნა. თავის მხრივ იმპერატორიც, რომელიც ქრისტეს მოძღვრებაზე მოქცეულიყო, ასევე, შუამავალი გახლდათ.“[7]
ევსების მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთი ერთადერთია, იმპერატორიც, როგორც ,,მეფის ნაცვალი“ დედამიწაზე, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი.[8] შესაბამისად, ევსები საკმაოდ მწყობრ მსჯელობას გადმოგვცემს და პირდაპირ წერს, რომ იმპერიის ტახტრევანი მამა ღმერთისგან გადმოეცა დედამიწას, ხოლო, ბუნებრივი კანონების თანახმად კი იგი მის [კონსტანტინეს] ძეებზე და შთამომავლობაზე გადავიდა.[9] ამგვარად, დ. სტრინგერისთვის (D. Stringer) პრობლემა არაა პირდაპირ დაწეროს, რომ ევსებისეულ იერარქიაში პირველია მამა ღმერთი, მეორე- ლოგოსი (ქრისტე), რომელი ლოგოსიც მამის არქეტიპული სახეა, მესამე ადგილზე კი იმპერატორი დგას, რომელიც, თავის მხრივ, ქრისტე-ლოგოსის სახეა.[10] შესაბამისად, ვიღებთ შემდეგნაირ წყობას: ღმერთი-ლოგოსი-იმპერატორი-მსოფლიო.[11]
არისტოტელე პაპანიკოლაუ (Aristotle Papanikolau) აღნიშნავს, რომ ევსებისეული აღწერის თანახმად, ქრისტიანი ხელმწიფის მიერ იმპერიის მართვა, მმართველობის ღვთის მიერ განზრახულ ერთადერთ ფორმად გაიგებოდა და არა ერთ-ერთად. [12] ის ფაქტი, რომ იმპერატორი ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ადამიანი და მას საკმაოდ მნიშვნელოვანი საკრალური წარმომავლობა თუ ფუნქცია გააჩნდა, ანტიკური საზოგადოებისათვის უცხო არ ყოფილა. თუმცა, ევსების მიერ ჩამოყალიბებული სისტემა, გარკვეულწილად მაინც განსხვავებული გახლდათ იმ პერიოდის საზოგადოებისთვის. ბეინსი (Baynes) ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამგვარ პოლიტიკურ თეოლოგიაში ელინისტური პოლიტიკური ფილოსოფიის გავლენა დაინახა. ჩესნატის (Chesnut) მიხედვით, პლუტარქე, (პლატონიზმის მიმდევარი), სენეკა (სტოიციზმის წარმომადგენელი) და ფილონი (რომელიც ებრაელი იყო და მძლავრად განიცდიდა საშუალო პლატონიზმის გავლენას), იდეალურ ხელმწიფედ ისეთ ვიღაცას ხატავენ, რომლისთვისაც საღვთო ლოგოსი და სათნოებანია ნაბოძები. ჩესნატის აზრით, ეს სწავლება ევსებიმაც მიიღო, რომელიც აცხადებდა, რომ კონსტანტინეს განმგებლობა ღვთის მონარქიული მმართველობის ხატი იყო.[13]
კონსტანტინე და მოსე
როგორც ხელმწიფეთა ბიოგრაფებს ჩვევიათ ხოლმე, ევსები კესარიელიც საკმაოდ ,,წარმატებით“ ამსგავსებს კონსტანტინე დიდს საკრალურ პიროვნებებს, განსაკუთრებით კი მოსეს, რომელთან ანალოგიის შესახებაც, კონსტანტინეს ბიოგრაფიაში, საკმაოდ მწყობრ მსჯელობას ანვითარებს. შემოგთავაზებთ სამ მაგალითს.
ერთ-ერთი უპირველესი ზიარი ნიშან-თვისება, რაც, ევსების აზრით, კონსტანტინესა და მოსეს ჯერ კიდევ ბავშვობის ადრეული პერიოდიდან ჰქონდათ, იყო ის, რომ ორივე ტირანულ გარემოში იზრდებოდნენ, ანუ იქ, სადაც ხალხი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, უფლის შეწევნით, ეს დაბრკოლება ორივემ წარმატებით დაძლია.[14]
კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი უკვე გამოცხადების თემაა. ევსები კესარიელი ცდილობს, რომ მოსესა და კონსტანტინეს ,,გამოცხადებებს“ შორისაც გაავლოს პარალელი და ამითაც გამოკვეთოს მათ შორის არსებული საერთო ნიშნები. [15]
ქვეთავის დასკვნით მაგალითად კიდევ ერთ ევსებისეულ შედარებას გავიხსენებთ, რომლის მიხედვითაც, კონსტანტინეს მიერ მდინარე ტიბრზე არსებულ მილვიოს ხიდთან მაქსენციუსის ძლევა ძალიან ჰგავს გამოსვლათა წიგნის მეთხუთმეტე თავში აღწერილ მოვლენებს, სადაც, როგორც ბიბლიური თხრობა გადმოგვცემს, ღმერთის დახმარებით, მოსემ ფარაონი და მისი ეტლები მეწამულ ზღვაში ,,დაამარცხა.“[16]
ევსები კესარიელი და ომი
ბოლო პერიოდში, თანამედროვე მართლმადებელი თეოლოგებიც კი ღიად საუბრობენ, რომ სწორედ ევსები კესარიელი იყო ის ადამიანი, რომელმაც მწყობრი სახით პირველად შემოიტანა ქრისტიანობაში ,,ომის გამართლებულობის“ შესახებ სწავლება. ამგვარ აზრებს ქართულენოვან სტატიებშიც შევხვდებით: ,,ეპისკოპოსი ევსევი კესარიელი (+340), იმპერატორ კონსტანტინეს მრჩეველი, ომის პრაქტიკისადმი აღმოსავლეთში მანამდე ნაკლებად ცნობილ მიდგომას აყალიბებს, რომელიც ავგუსტინეს ნაშრომში „ღვთის ქალაქი“ წარმოდგენილი სამართლიანი ომის გაგებას უახლოვდებოდა. ვინაიდან რომის იმპერიას მშვიდობის დამყარების მნიშვნელოვანი მისია ეკისრა, ამ საქმეში თავისი აქტიური წვლილი უნდა შეეტანათ იმპერიაში მცხოვრებ ქრისტიანებსაც. თუკი კონსტანტინეს მოქცევამდე ქრისტიანების ჯარში გაწევრიანებას სპორადული და გამონაკლისური ხასიათი ჰქონდა, ახლა ამას უკვე უნივერსალური და სისტემატური სახე უნდა მისცემოდა. ყველა ომის მიზანი მშვიდობა უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ომიც მშვიდობის მიღწევის საშუალებად იქნა აღქმული.”[17]
პროფესორი გიორგი დემაკოპულოსი (G. Demacopoulos) წერს, რომ ევსების მიერ დაწერილი კონსტანტინეს ბიოგრაფია არის დღემდე შემორჩენილთაგან ყველაზე გვიანდელი ქრისტიანული ცნობა, რომაელი მმართველის საომარი საქმეებისა. რეალურად, ევსებისა და მისი მომდევნო ხანის რამდენიმე სხვა ქრისტიანი ისტორიკოსისათვის (ოროსიუსი, სოკრატე, სოძომენე და პროკოპი), საომარი წარმატება არ მიანიშნებდა მხოლოდ საიმპერიო ძლევამოსილებაზე, არამედ ამტკიცებდა იმასაც, რომ კონსტანტინე და მისი მემკვიდრენი გამორჩეულნი იყვნენ ღმერთისაგან, რათა მსოფლიო (oikumene) ემართათ. გასაკვირი არც ის იქნება აღვნიშნოთ, რომ ევსები ძველი აღთქმის წმინდანების (აბრაამი, იესო ნავეს ძე, დავითი, და ა.შ.) ცხოვრებას, ისეთ მაგალითებად იყენებდა, რომლებითაც ‘მტკიცდებოდა,’ რომ საომარი წარმატება ღვთაებრივ წყალობასთანაა დაკავშირებული. [18] მაგალითად, ევსებისთან მარტივად ვიპოვნით ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ ,,კონსტანტინე იყო უძლეველი და დაუმარცხებელი... მისი მონაგებიდან გამომდინარე კი შეგვიძლია იმის თქმა, რომ მასზე დიდი ხელმწიფის შესახებ ინფორმაცია არ აღნუსხულა.“[19]
ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ ის, რომ ევსების მიხედვით ტირანები საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ სუბიექტებს დემონებისაკენ მიაქანებენ.[20] ამგვარად, დემონიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია მათი გავლენისაგან თავისუფალი, სათნო, ქრისტიანი მმართველი. ამრიგად, ევსებისთვის კონსტანტინე მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ როგორც ტრიუმფატორი, ესქატოლოგიური ფიგურა, არამედ, უფრო მეტად, როგორც პერსონა, რომელიც წმინდა ხალხის დემონური გავლენებისაგან გასათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.[21]
ზემოთაღნიშნული იდეის ლოგიკური გაგრძელებაა ის ფაქტი, რომ ,,კონსტანტინესა და ლიკინიუსს შორის გამართულ ბრძოლას ევსები ‘ღმერთების ბრძოლად’ აღწერს, რომელშიც ქრისტიანთა ღმერთმა საკუთარი ძლიერება აჩვენა და, შესაბამისად, იგი უფრო ძლევამოსილია.“[22] ამგვარად, ლოგიკურია, რომ უკვე პირდაპირ ვხვდებით ევსებისთან ისეთ სწავლებებს, რომლის მიხედვითაც კონსტანტინეს ჯარისკაცებმა ღმერთის შეწევნით მოიგეს. [23]
დასკვნა
მოცემულ თემაში გვსურდა ძირითადი ასპექტები გამოგვეყო იმ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური თეოლოგიის მწყობრი სწავლებისაგან, რაც ევსები კესარიელმა საკუთარ შრომებში ჩამოაყალიბა. აუცილებელია კარგად გავიაზროთ ის მოცემულობა, რომ ევსები არ იყო რიგითი ისტორიკოსი, რომელმაც მოცულობითი შრომები დაწერა და შემდგომში ისინი ისტორიოგრაფიის თაროზე შემოდოებულნი ფასეულ ცნობებს აძლევენ საკითხით დაინტერესებულ მკვლევრებს. ევსები კესარიელი გახლდათ ადამიანი, რომელმაც რეალურად ახალი სიტყვა თქვა ეკლესიის ისტორიაში, შექმნა მისთვის ძალიან სახასიათო მიმდინარეობა, სტილი და სისტემა, რომელიც დღემდე, არაერთი კუთხით, საკმაოდ მყარად არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში.
[1] ლურსმანაშვილი გ., პოლიტიკური თეოლოგია და მართლმადიდებლობა, ჟურნალი დიალოგი, № 10, 2020, 61.
[2] De Sepulchro Chrıstı, (SC, XVI, 2-3); იხ. ციტირება: B. Bilal, Constantıne and the Chrıstıan Church: The Dıvıne Roles of the Church and the Roman Empıreın Eusebıus of Caesarea’s De Sepulchro Chrıstı, İslâmî İlİmler Dergİsİ, YIL 11 CİLT 11 SAYI 2 Güz 2016, 111.
[3] De Sepulchro Chrıstı, XVI, 5-6.
[4] De Sepulchro Chrıstı, XVI, 7.
[5] De Sepulchro Chrıstı, XVI, 4.
[6] B. Bilal, Constantıne and the Chrıstıan Church: The Dıvıne Roles of the Church and the Roman Empıreın Eusebıus of Caesarea’s De Sepulchro Chrıstı, 112.
[7] G. Dargon, Emperor and Priest. The Imperial Office in Byzantium, 131-132; იხ. ციტირება - S. Toda, On the so- called “Political Theology” of Eusebius of Ceasarea, Hitotsubashi Journal of Arts and Sciences 50 (2009), 15.
[8] იქვე, 16.
[9] (Vita Constantini) I,9 (2). /Eusebius, Life of Constantine, Translated with Introduction and Commentary by Averil Cameron and Stuart G. Hall, Oxford, 1999.
[10] D Singh, Eusebius as Political Theologian: The Legend Continues, Yale University, Cambridge University Press, 2015, 139.
[11] იქვე, 143.
[12] Papanikolaou A., The Mystical as Political: Democracy and Non-Radical Orthodoxy. Notre Dame, IN: University of Notre Dame Press, 2012, 22.
[13] G. F. Chesnut, The First Christian Histories: Eusebius, Socrates, Sozomen, Theodoret, and Evagrius, 2, 151 (Plutarch), 155 (Seneca), 157 (Philo); იხ. ციტირება: S. Toda, On the so-called-’’Political Theology” of Eusebius of Ceasarea, 16.
[14] Vita Constantini I, 12 (1-2).
[15] Vita Constantini I, 28-32.
[16] Vita Constantini I, 38 (1).
[17] დ. თინიკაშვილი, რამდენად უცხო იყო ბიზანტიისთვის წმინდა ომის დასავლური იდეა? სტატია კრებულში- ახლო აღმოსავლეთი და საქართველო. რედ.: გიორგი სანიკიძე. თბ., ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ტომი X, 2017, 139.
[18] G. E. Demacopoulos, The Eusebian valorization of violence and Constantine’s wars for God, 118. სტატია კრებულში - Constantine: Religious Faith and Imperial Policy, Edited by A. Edward Siecienski, 2017.
[19] George E. Demacopoulos, The Eusebian valorization of violence and Constantine’s wars for God, 118-119.
[20] Johannessen Hazel, The Demonic in the Political Thought of Eusebius of Caesarea, Oxford University Press, 2016, 179.
[21] იქვე, 173.
[22] იქვე, 187.