წმ. ბასილი დიდი თავის პირველ ჰომილიაში „მარხვის შესახებ“, აღნიშნავს, რომ მარხვა რჯულზე უადრესი და კაცობრიობის თანადროულია, რადგან იგი სამოთხეშივე დაწესდა. შემდეგ აგრძელებს წმ. მამა, რომ ღმერთისაგან გაჟღერებული პირველი მცნება ადამის მიმართ, არ ეჭამა ცნობადის ხის ნაყოფი, სწორედ მარხვისაკენ მოწოდებას ნიშნავდა (Migne, PG 31, 165-168).
„და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (დაბ 2. 16-17).
საერთო მართლმადიდებლური კრების დოკუმენტში- „მარხვის მნიშვნელობა და მისი აღსრულება დღეს“ (რომელიც 2015 წლის, 10-17 ოქტომბერს იქნა მიღებული შამბეზიში, საერთო მართლმადიდებლური კრების მოსამზადებელ სხდომაზე), აღნიშნულია, რომ მარხვა მართლმადიდებელი ასკეტიკის უპირველესი დეფინიციაა. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოციქულთა სწავლებებით, კრებების კანონებით და წმიდა გარდამოცემით ხელმძღვანელობს, ყოველთვის მიგვითითებდა მარხვის უდიდეს მნიშნელობაზე და რომ მარხვა აუცილებელია ადამიანის სულიერი ცხოვრებისა და მისი გადარჩენისათვის...
რაც შეეხება ძველ აღთქმისეულ ეპოქას, მარხვის შესახებ არსებული განწესებები და სწავლებები, II რჯულის, ისაია, იოელ და იონა წინასწარმეტყველების წიგნებში გვხვდება (II რჯ. 9,18; ის. 58, 4-10; იოელ. 2,15; იონა. 3, 5-7). ახალ აღთქმაში კი უკვე თავად ქრისტე იძლევა მარხვის მაგალითს, როდესაც გადის უდაბნოში და 40 დღის განმავლობაში მარხულობს (მთ. 4, 1-2). ინტერესს იწვევს ერთ-ერთი სახარებისეული პასაჟი, რომელიც მეზვერის და ფარისევლის იგავის სახელითაა ცნობილი. აღნიშნულ იგავში წარმოდგენილია ფარისეველი, რომელიც აპელირებს მის მიერ აღსრულებულ სათნოებებზე და მათ შორის კვირაში ორგზის მარხვის შესახებ (ლკ. 18, 9-14). ამასთან დაკავშირებით გვახსენდება უძველესი ქრისტიანული ძეგლი, სახელწოდებით „დიდაქე“, სადაც აღნიშნულია, რომ ებრაელები ორშაბათობით და ხუთშაბათობით მარხულობენ და შემდეგ ხდება მოწოდება, რომ ქრისტიანებმა არ იმარხულონ ამ დღეებში, არამედ ოთხშაბათს და პარასკევს (დიდაქე 8,1).
აღნიშნულიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, სამარხვო დღეებად დაწესებულია ოთხშაბათი და პარასკევი და არა რომელიმე სხვა დღე, მითუმეტეს შაბათი, ან კვირა და ეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დიდი მარხვის დღეებია, ან თუკი ეპიტიმირებულ ადამიანს საეკლესიო სასჯელის სახით, ხანგრძლივი მარხვა განესაზღვრევბა, ამ უკანასკნელზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ უფრო დაწვრილებით.
მოციქულთა 64 კანონში აღნიშნულია: „კლირიკოსი, რომელიც საუფლო დღეს (კვირას) ან შაბათს მარხვის შენახვაში იქნება მხილებული, გარდა ერთი შაბათისა (დიდი შაბათი), განკვეთილ იქნეს; ერისკაცი კი იგივე ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს“.
როგორც ვხედავთ აღნიშნული კანონი იმპერატიულად კრძალავს შაბათს და კვირას მარხვის დაცვას. კანონში ასევე ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მხოლოდ ერთადერთი შაბათი წარმოადგენს გამონაკლისს და ეს გახლავთ დიდი შაბათი, ანუ აღდგომის წინა დღე. წინამდებარე კანონის ჰერმენევტიკას, დიდი და ცნობილი ბიზანტიელი კანონოლოგების, ზონარასა და ბალსამონის შუქზე შემოგთავაზებთ:
ზონარა: მარხვა სიკეთეა, მაგრამ სიკეთე კეთილადაც უნდა აღსრულდეს. თუკი ვინმე არღვევს სამოციქულო და წმიდა მამებისეულ კანონმდებლობას და მარხულობს, გაიგოს, რომ სიკეთე არ გახლავთ სიკეთე, როდესაც კეთილად არ აღესრულება. მაშ ასე, როდესაც კანონი ადგენს, რომ საუფლო დღეს და კვირას არ დავიცვათ მარხვა, მაგრამ კლერიკოსი მაინც მარხულობს, მაშინ ის განკვეთას ექვემდებარება, ხოლო ერისკაცი უზიარებლობას. მაგრამ თუკი ვინმე თავშეკავებისა და ღვაწლის გამო განსაზღვრული დღეების განმავლობაში მარხულობს(რაც უკვე აღინიშნა), რომლებიც ათი, ან რვა დღის განმავლობაში გრძელდება, ასეთ შემთხვევაში შაბათი და კვირა დღეებიც შედიან განსაზღვრულ დღეებში. ასე აკეთებდა უამრავი წმიდა მამაც, რომლებიც ორმოც დღემდეც მარხულობდნენ.
ბალსამონი: შაბათობით არ ვმარხულობთ, რათა იუდეველებად არ წარმოვჩინდეთ. საუფლო დღეს, საკაცობრიო სიხარულისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის გამო აღვნიშნავთ; შაბათი გახლავთ შესაქმის გახსენება, ხოლო საუფლო დღე - აღდგომა, განახლება. ხოლო დიდ შაბათს, როდესაც უფლის სხეული საფლავად იყო დადებული უსულოდ (სუნთქვის გარეშე), ჩვენთვის მარხვის დაცვაა განკუთვნილი, უფლის ბრძანებისამებრ, რომელიც ამბობს: „როდესაც განეშორება მათგან სიძე, მაშინ იმარხულებენ“. მაშ ასე, აღნიშნული დადგენილების წინააღმდგომი კლერიკოსი, განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს. გამოვრიცხავ წმიდა მამებს, როდესაც ისინი თავშეკავებულობისა და ღვაწლის გამო ამ დღეებშიც მარხულობენ, რადგან ისინი არ დაექვემდებარებიან განსჯას....
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ დიდი მარხვების პერიოდშიც კი იკრძალება მარხვის დაცვა შაბათ და კვირა დღეებში. კანონოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ როდესაც ადამიანი პირადი ღვაწლის გამო მარხულობს მრავალი დღის განმავლობაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია იმარხულოს შაბათ-კვირასაც, თუმცა კანონში არ ფიქსირდება ეს ყველაფერი, რაც გარკვეული სახის დაბნეულობას იწვევს. მკვლევარების თანახმად, „მოციქულთა კანონები“ IV საუკუნის ბოლოსა და V საუკუნის დასაწყისში არის შექმნილი (ΠΑΥΛΟΥ ΜΕΝΕΒΙΣΟΓΛΟΥ, Ιστορική εισαγωγή εις τους κανόνας της Ορθοδόξου Εκκλησίας, გვ. 32-33). ამ პერიოდში ხანგრძლივი მარხვები უკვე არსებობდა პრაქტიკაში და თუკი დიდი მარხვების პერიოდში შაბათ და კვირა დღეებში მარხვის დაცვა აუცილებელი იქნებოდა, მაშინ ეს უცილობლად იქნებოდა დაფიქსირებული მოციქულთა 64 კანონში, თუმცა როგორც ვნახეთ, აღნიშნულ კანონში მარტოოდენ დიდი შაბათია ნახსენები, როდესაც ადამიანმა უნდა იმარხულოს.
მაშასადამე კანონოლოგების მიხედვით, თუკი ადამიანი პირადი ღვაწლის გამო მარხულობს მრავალი დღის განმავლობაში, მარტოოდენ ამ შემთხვევაში შეუძლია, რომ შაბათ და კვირა დღეებშიც იმარხულოს, შესაბამისად ეს არ ეხება ეკლესიის მიერ დადგენილ მრავალდღიან მარხვებს. ამიტომ თუკი ვინმე დიდი მარხვების პერიოდში არ იმარხულებს შაბათ დაკვორა დღეებში, ეს სრულებითაც არ ჩაეთვლება ცოდვად და დანაშაულად, არამედ პირიქით, საეკლესიო კანონმდებლობის აღსრულებად.
აღნიშნულ მოსაზრებას ასმაგად ამყარებს ტრულის მსოფლიო კრების 55 კანონი, სადაც აღნიშნულია:
„ვინაიდან შევიტყვეთ, რომ ქალაქ რომის მკვიდრნი წმინდა დიდმარხვის დღეებში შაბათობითაც მარხულობენ, რაც ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგოა, ამიტომ წმინდა კრებას სწადია, რომ რომის ეკლესიაშიც შეურყვნელად იქნეს დაცული კანონი, რომელიც ამბობს: თუ კლერიკოსი იმარხულებს წმინდა საუფლო დღეს, ან შაბათს, გარდა ერთი შაბათი დღისა, განიკვეთოს; ხოლო თუ ერისკაცი, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს“.
აქ უკვე პირდაპირ დიდმარხვაზე ხდება მინიშნება და აღნიშნულია, რომ მისი მიმდინარეობის დროს არ ეგების მარხვის დაცვა შაბათ და კვირა დღეებში. შემდეგ აღნიშნულია, რომ დიდმარხვის პერიოდშიც კი, შაბათ და კვირა დღეებში მარხვის დაცვა საეკლესიო გარდამოცემის საწინააღმდეგოა და ამ აზრის გასამყარებლად, ტრულის კრების მამები, სწორედ ჩვენს მიერ ნახსენებ მოციქულთა 64 კანონს იმოწმებენ. აღსანიშნავია, რომ ზემოთმოყვანილი ბიზანტიელი კანონოლოგები, ამ კანონის განმარტებისას, აღარ აპელირებენ პირადი ღვაწლის შედეგად მარხვის გამართლებაზე. აქ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იკრძალება მარხვის დაცვა არა თუ ჩვეულებრივ შაბათ და კვირა დღეებში, არამედ დიდმარხვის პერიოდშიც კი.....
წინამდებარე საკითხთან დაკავშირებით ასევე დიდ ინტერესს იწვევს წმ. ფოტიოსის ეპისტოლეები, სადაც წმიდა მამა სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება, მაგ: ერთ-ერთი ასეთი წერილი გახლავთ, „საზოგადო ეპისტოლე აღმოსავლეთის წიდა საყდრების მიმართ“, სადაც ზემოთნახსენები მამა აკრიტიკებს კათოლიკე ეკლესიაში არსებულ ერთ-ერთ ჩვეულებას, რომელიც შაბათ დღეს მარხვის დაწესებას ეხება. იგი აღნიშნავს, რომ ეს აქტი საეკლესო კანონმდებლობის საწინააღმდეგოა. შემდეგ შენიშნავს, რომ ეს მცირე სახის გადაცდომაც კი ზოგადად დოგმის დარღვეისაკენ მიგვიძღვის (PG 102, 724D). ასევე, რომის პაპ ნიკოლოზ I-ის მიმართ გაგზავნილ თავის მეორე ეპისტოლეში, კონსტანტინოპოლის პატრარქი წმიდა ფოტიოსი ახსენებს რომის პაპს, რომ ერთი შაბათის გამოკლებით, სხვა შაბათ დღეებში მარხვის შენახვა გაკიცხვას იმსახურებს და ა.შ. (PG 102, 605B).
გადავინაცვლოთ XI საუკუნეში, სადაც ჩვენს ყურადღებას იქცევს, მაშინდელი კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიქაელ კერულარიოსი (XI ს), რომელიც, პეტრე ანტიოქიელისადმი მიწერილ თავის ეპისტოლეში ჩამოთვლის იმ სხვაობებს, რომლებიც არსებობდა დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის. ამ სხვაობებს ის გადაცდომებს უწოდებს და ერთ-ერთი ასეთი გადაცდომა, რაშიც იგი რომის ეკლესიას ადანაშაულებს და აკრიტიკებს, გალხავთ ე.წ. შაბათის მარხვა, იგი წერს: „ყოველ შაბათს მარხულობენ“ (PG 102, 792A).
ჩვენს ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს ეპიტიმიის (სასჯელის) სახით განეკუთნება მრავალდღიანი მარხვა. საინტერესოა ეკლესიის დამოკიდებულება ასეთი შემთხვევისადმი, კერძოდ როდესაც ადამიანს საეკლესიო სასჯელის სახით განეკუთვნება მრავალდღიანი მარხვა, ამ პერიოდში შემავალ შაბათ და კვირა დღეებში უნდა დაიცვას მან მარხვა თუ არა? აღნიშნული საკითხის გარკვევისათვის „მცირე სჯულის კანონს“ მივმართავთ, სადაც აღნიშნულია შემდეგი:
„ესაა ჩემგან ყველას მიმართ მიცემული ეპიმიტიათა პირველი განწესება (აღნიშნული ეპიტიმია ყველაზეა, გარდა მონებისა და მხევლებისა): ორშაბათს და ოთხშაბათ-პარასკევს ჭამონ ზეთი და თევზი, აგრეთვე ბოსტნეული მწვანილთან ერთად, ხოლო ყველი, კვერცხი და ხორცი არ მოღონ [63]; სამშაბათს და ხუთშაბათს ყველაფერი დაუბრკოლებლად ჭამონ გარდა ხორცისა. შაბათსა და კვირას არცერთი საჭმელი და სასმელი არანაირად არ აეკრძალოთ, არამედ ისევე დაუბრკოლებლად მიიღონ ყოველივე, როგორც ყველა დანარჩენმა, რომლებსაც ეპიტიმია არა აქვთ (ესე იგი, მიიღონ ხორციც, ღვინოც და სხვა ყველაფერი).... ამასთან, განკანონებულებს ღვინო აეკრძალოთ, თუკი შესაძლებელია, ყოველთვის, გარდა შაბათ-კვირისა და დღესასწაულისა. როგორც ვხედავთ, საეკლესიო სასჯელის მქონე ადამიანსაც კი არ განესაზღვრებათ მარხვა შაბათ და კვირა დღეებში. არა მხოლოდ საკვებით ხსნილდება მათთვის მარხვა შაბათ და კვირა დღეებში, არამედ სასმელითაც. თუკი სხვა დღეებში ღვინის დალევა ეკრძალებათ, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე, ამ მხრივაც ხსნილია მათთვის. როგორც ვხედავთ, აქ შაბათი და კვირა დღეები დიდ დღესასწაულებს უტოლდება, ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ დღეებს საეკლესიო ცხოვრებაში.
რა ხდება ჩვენს რეალობაში? თუკი თანამედროვე საეკლესიო პრაქტიკიდან გამოვალთ, შევამჩნევთ, რომ აღნიშნული კანონები სრულიად უგულებელყოფილი და იგნორირებულია. ზოგიერთი სას. პირი იმ დონემდეც კადნიერდება, რომ ჩვეულებრივ შაბათ დღეებშიც კი უწესებს მარხვას თავის სულიერ შვილებს და ამაზე მახსენდება მაცხოვრის სიტყვები, რომლებიც ფარისეველთა სამხილებლად არის მიმართული: „რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი“ (მთ. 23,4). აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი ტვირთის დადებას, რაზეც აპელირებს ქრისტე, საეკლესიო გადმოცემის და კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვაც ემატება, რაც ორმაგი და სამმაგი დანაშაულია ღმერთისა და ადამიანის წინაშე!
არსებობს მოსაზრება, რომ ზემოთხსენებული კანონების თანახმად, მხოლოდ ზეთია დასაშვები დიდი მარხვის პერიოდში შემავალ შაბათ და კვირა დღეებში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თავად კანონში არ გვხვდება ამაზე მითითება. კანონები ზოგადი ხასიათისაა და არ ხდება კონკრეტიზაცია. არც განმარტებლები ამახვილებენ ყურადღებას ამ ასპექტზე. ზემოთ მოვიყვანეთ ციტატები მცირე სჯულის კანონიდან, მართალია იქ ეპიტიმირებულ ადამიანებზეა საუბარი, მაგრამ თუკი აღნიშნული კანონებით მხოლოდ ზეთი იქნებოდა ნებადართული, ვფიქრობ იოანე მონაზონიც მხოლოდ ზეთზე გასცემდა ნებართვას.
ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეპოქაში ზეთი ისედაც ნებადართულია მარხვის დროს, შესაბამისად გამოდის, რომ შაბათი და კვირა დღეები აღარაფრით გამოირჩევიან კვირის დანარჩენი დღეებისაგან, შესაბამისად მაინც საეკლესიო ანომალიასთან გვაქვს საქმე. როგორც უკვე აღინიშნა, ზოგიერთი მოძღვარი არა თუ მარხვის პერიოდში, არამედ ჩვეულებრივ შაბათ დღეებშიც ამარხულებს თავის მრევლს, რაც საეკლესიო ტრადიციის იგნორირებას და ფეხქვეშ გათელვას ნიშნავს!