ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე

+ ტირანის და სრულიად ალბანეთის

მთავარეპისკოპოსი  ანასტასიოსი

აღდგომა 2021

სიძულვილისა და მისი სხვადასხვაგვარი გამოვლინებისგან გათავისუფლება

 

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთარს შევიტკბოთ... მოძულეთაცა ჩვენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა...“

(აღდგომის დღესასწაულის აქებდითას დიდების მუხლი)

     აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოგვიწოდებს, რომ გავიხაროთ და განვბრწყინდეთ, რადგან განვთავისუფლდით მომაკვდინებელ ვნებათა ტყვეობისგან, განვთავისუფლდით ყოველგვარი ბნელი ფიქრებისგან, რომელიც ჩვენი მეს სიღრმეში იმალება

     ქრისტეს ჯვარცმა არ უკავშირდება მხოლოდ საშინელ ტკივილს, აშკარა უსამართლობასა და  დიდ ცბიერებას, არამედ, უმთავრესად, რელიგიურ მეთაურთა ღრმა სიძულვილს (ზიზღს), რამაც გამოიწვია ბრბოს თავშეუკავებელი მტრობა. თუმცა, ყოველივე ეს ქრისტეს აღდგომით მშვიდობიანად იქნა დაძლეული.

     აღდგომა გვაუწყებს მნიშვნელოვან გამარჯვებას სიკვდილზე, ბოროტ გეგმებზე და მომაკვდინებელ ვნებებზე: ხრწნილებაზე, ტყუილზე და, რაც მთავარია, სიძულვილზე (მისი ნებისმიერი სახის გამოვლინებასთან ერთად), კეთილის მოძულეობაზე, შურისძიებაზე, ცბიერებაზე, რომლებიც კვლავ განაგრძობენ არსებობობას ყველა დროში და ყველა საზოგადოებაში სიძულვილი ბილწავს ადამიანთა ცხოვრებას ოჯახში, რელიგიურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ერებს შორის ურთიერთობაში და წარმოქმნის მოულოდნელი სახის დაპირისპირებებს. და დღეს, იმ რთულ ვითარებაში, რომელიც პანდემიით არის გამოწვეული, სხვადასხვა გარემოში ხშირად იჩენს თავს სიძულვილი, როგორც თავისი ჩვეული ფორმებით  (განრისხება, ზიზღი, აგრესიულობა), ასევე, უფრო რთულ და სერიოზულ ფორმებშიც, როგორიცა ძალადობა, საზოგადოებრივი პოლარიზაცია და უთანხმოება

     სიძულვილისა და მისი სახეცვლილი ფორმების საწინააღმდეგო შედეგიანი ვაქცინა მოგვცა ჯვარცმულმა და მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ. ამ ვაქცინის სახელწოდებაა შენდობა“. ლოცვა, რომელიც მაცხოვარმა საკუთარ მოწაფეებს დაუტოვა, ხოლო მათი მეშვეობით კი მთელ ეკლესიას, შეიცავს ერთ პირობას: „და მომიტევენ ჩვენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (მთ. 6,12). ქრისტემ, რომელიც საკუთარ სწავლებაში და საქმეებში ყურადღებას ამახვილებდა სიყვარულზე, იქადაგა მშვიდობიანი რევოლუცია. მისადმი შედგომის მსურველებს მოუწოდა, რომ შეუნდონ და შეიყვარონ საკუთარი მტრები: „ხოლო მე გეტყვი თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი...კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა...“ (მთ.5,44). მისადმი შედგომის მსურველები გააფრთხილა და შეამზადა: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულენენ თქუენ კაცთა...განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი, ძისათვის კაცისა“ (ლკ.6,22). ხოლო, საბოლოოდ, ქრისტიანული რწმენის საფუძველი ჯვარზე მიმსჭვალულმა განსაზღვრა როდესაც წარმოსთქვა: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლკ.23,34).  მიმტევებლობა ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში ამ წამიდან მოყოლებული გახდა ქრისტიანული რწმენის მთავარი ქრომოსომა.

     ჩვეულებისამებრ, მრავალნი ვცდილობთ განვერიდოთ ამ ძირითად სახარებისეულ ცნებას. მყარად ვდგავართ ჩვენ სიმართლეზე და ვიშველიებთ საკუთარ ღირსებას და იმ საფრთხეს, რომელიც მტრისგან მოგველის. თუმცა, ამის მიუხედავად, მიმტევებლობაზე უფრო დიდი თავისუფლება არ არსებობს.

      თუმცა, არ არის საკმარისი რომ მხოლოდ საკუთარი თავი განვათავისუფლოთ სიძულვილის გვერდითი მოვლენებისგან. აუცილებელია, რომ მუდმივად შევამციროთ მისი გამოვლინებები ჩვენს გარშემო, პოლარიზაციის შემცირებით, უთანხმოებების მოგვარებია და სიძულვილის სხვა მრავალი  ფორმების გარდაქმნით. ნეტარია ის ვინც მოახერხებს და საკუთარი სიტყვითა და ცხოვრების წესით შეარიგებს დაპირსპირებულ და მტრულად განწყობილ მხარეებს. კურთხეულნი არიან ისინი, ვინც აღსავსენი არიან სულგრძელებით, მიმტევებლობის ნიჭით, რომელიც აღმოვიდა ქრისტეს საფლავიდან. სწორედ თვითონ იყო პირველი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა მრავალთა სახსნელად“ (მთ.20,28). სწორედ ასეთი ადამიანები შეიძლება იწოდებოდნენ აღდგომის ძეებად“.

     „აღდგომისა დღე არს ვიხარებდეთ აღდგომის ნათლით და სიყვარულით, სიხარულითა და ნათლით, რომელიც იმარჯვებს ყოველგვარ სიძულვილზე და გვანიჭებს სულიერ თავისუფლებას. ეს სააღდგომო საგალობელი იმეორებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: „ვიდღესასწაულოთ აღდგომის სიხარული არა მხოლოდ იმათთან ერთად ვისაც ვუყვარვართ, არამედ იმათთან ერთადაც ვისაც ვძულვართ და ვაპატიოთ მათ ყველაფერი ამ აღდგომის დღეს“ (PG 35, 397). სწორედ ამგვარად გვექნება უფლება, რომ ვიგალობოთ ქრისტე აღსდგა!“

     აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ძალით, რომელიც არის სამყაროს დღესასწაული, შევეცადოთ, რომ დავმშვიდდეთ პიროვნულად, შევძლოთ შევუნდოთ მათ, ვისაც ჩვენ ვძულვართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული შესასრულებელია.

     ქრისტეს აღდგომა, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას გვიხმობს ჩვენ, რომ ვიდღესასწაულოთ  სიკვდილისგან გათავისუფლება. აღდგომის დღესასწაული მოგვიწოდებს, რომ სამყარო, რომელიც სავსეა მტრობითა და გულგრილობით, გავხადოთ სიძულვილისა და მისი სხვადასხვა სახით გამოვლინების წინააღმდეგ მებრძოლი. ვიბრძოლოთ ჩვენი უდრეკი რწმენით, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, სიყვარული, ერთობა, ადამიანთა და ხალხთა შორის ჰარმონიული თანაარსებობა.

     ქრისტე აღდგა, დანო და ძმანო, გისურვებთ ჯანმრთელობას ამ რთული პანდემიის პერიოდში. დაე მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მიანიჭოს ჩვენ სულებს აღდგომისეული თავისუფლება!

 

წყარო: https://orthodoxalbania.org/2020/el/2021/04/28/ελευθερία-από-το-μίσος-και-τις-μεταλλά/?fbclid=IwAR21XSm5nWofwXeLOr1HTCcb6i2JV0NeL_MJ3LOBHeX9eatBvCiB9Zat9dQ

სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა დათო ნებიერიძემ