ეპისკოპოსების- ალექსანდრე ოქროპირიძისა და გაბრიელ ქიქოძის სიტყვები ქართველ მუსლიმთა შესახებ

1878 წელს აჭარა საქართველოს (და შესაბამისად რუსეთის იმპერიას) დაუბრუნდა. ცარიზმის მიზანი იყო, რომ ახლადშემოერთებული აჭარის გამაჰმადიანებული მოსახლეობა, ყოველი ღონის გამოყენებით გაქრისტიანებულიყო. რაც, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ხელს შეუშლიდა. აღსანიშნავია ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და სასულიერო პირთა ის ძალიან დახვეწილი, ზომიერი და მართებული ნაბიჯები, რაც ამ მიმართულებით გადაიდგა. 

 

აჭარის შემოერთების შემდეგ ქართველმა ისლამის მიმდევრებმა შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის მეთაურობით, გადაწყვიტეს 12 კაციანი დელეგაციით თბილისში ჩასულიყვნენ და ოფიციალური თბილისის პოზიციას პირადად გაცნობოდნენ. მათ იქ ნადიმი გაუმართეს, სადაც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები სიტყვით გამოვიდნენ, მათ შორის იყო გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე. 

 

უკან დაბრუნებისას დელეგაციამ ქუთაისში გაიარა, სადაც მათ იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა უმასპინძლა, რომელმაც მრავალმხრივ საყურადღებო სიტყვა წარმოთქვა. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი გთავაზობთ ორივე ზემოთნახსენები ეპისკოპოსის სიტყვას.

 

გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე

,,საყვარელო შვილებო, ძმებო და ნათესავებო, ქართველო მაჰმადიანებო, მოგილოცავთ დაკარგულ ძმებთან შეერთებას და საქართველოს დედაქალაქ თბილისში მშვიდობიანად ჩამობრძანებას. ღმერთსა ვთხოვ, რომ როგორც აქ ჩამობრძანდით მშვიდობით, ისევე თქვენს სახლში და ოჯახებში ჩაბრძანდეთ მშვიდობით.

ძმანო და შვილნო, ქართველნო მაჰმადიანებო, თქვენ არ შეკრთეთ და არაფერი იქონიოთ მასზედ, რომ ქართველი ეპისკოპოსი გიახლათ თქვენთან და გელაპარაკებით. ჩემი მიზანი იყო და არის, თქვენი მშვიდობა, თქვენი კარგათ ყოფნა და დაწინაურება. მაშ, მოგილოცავთ ჩვენთან შემოერთებას. ღმერთმა აკურთხოს თქვენი სამშობლო ქვეყანა, ღმერთმა გააძლიეროს თქვენი ოჯახი და თქვენი სარწმნოება ისლამი.

იყავით კარგად და დამერწმუნებით, რომ ჩვენ ქართველი ქრისტიანები ყოველთვის ვიქნებით თქვენი სარწმუნოების მფარველნი და მადლობელნი. იქონიეთ იმედი, რომ არც ერთი ჩვენგანი თქვენს სჯულს და ამას წესებს და ჩვეულებებს არავინ შეეხება ავად. თქვენ ოღონდ იყავით კარგად და ბედნიერად. მაშ, ღმერთმა აკურთხოს თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლშვილი, შინ მშვიდობით დაბრუნდით და თქვენს სჯულზედაც იყავით ფრთხილად და ამსრულებელი ისევე, როგორც თქვენ ისლამის წესია და ვალდებულებანი.“[1]

 

იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

,,ერთი კვირის წინათ, ჩემთან მოვიდა ერთი ქობულეთელი კაცი და მთხოვა, რომ მე მინდა თქვენი სჯული მივიღო და მომნათლეო. მე მიზეზი ვკითხე ამისი. მან ასეთი ამბავი გადმომცა: ბათუმში ერთი გურული ქალი არის, მინდა ის ცოლად შევირთო, მაგრა არ მომდევს, თათარი ხარ და არ გამოგყვებიო. მე მას ასეთი პასუხი გავეცი.

კაცი, რომელიც ცოლის შერთვის გულისათვის სჯულს გამოიცვლის, ის შემდეგ იქნება მარად ჟამს უბედური, შესაბრალი და ნამეტურ მოძულებული ნაცნობთა, ნათესავთა და მეზობელთაგან. შენ რა გინდა, რომ ცოლის შერთვის გულისათვის მუდმივ უბედურს ცხოვრებაში ჩავარდე. წადი შენს ქვეყანაში, მოსძებნე შენი სჯულის ქალი და მით დაახწიე თავი უბედურ ცხოვრებას. მე გირჩევ, რომ ისე ქნა და სამუდამო უბედურებას განშორდე.

ქობულეთელს ჩემ დარიგება მოეწონა, მადლობა მითხრა და თავის სახლში წავიდა. აქედან უნდა იცოდეთ ძმანო და შვილებო, ქართველო მაჰმადიანებო, რომ როცა მე მღვდელმთავარიც კი ასე მოვექეცი თქვენი სჯულის საქმეს, მაშ სხვა ქართველებისა რაღა ფიქრი უნდა გქონდეთ... ამიტომ, შეგიძლიათ შინ მშვიდობით წაბრძანდეთ და დაარწმუნოთ თქვენი ძმებიც, ნათესავები და მეზობლები, რომ მათ სჯულის შემხებელს ერთ კაცსაც ვერ ნახავენ. ღმერთმა გაკურთხოთ და შინ მშვიდობით დაგაბრუნოთ.“ [2]



[1] ელდარ ბუბულაშვილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეგზარქოსობის პერიოდში, გვ. 196.


[2] ელდარ ბუბულაშვილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეგზარქოსობის პერიოდში, გვ. 195.

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა