ბერძენი ფილოსოფოსი ქალები

წინამდებარე სტატიაში მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას ძველი ბერძენი ქალი ფილოსოფოსების შესახებ. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ფილოსოფოსების უმეტესობა, ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსის, პითაგორას მოწაფეები გახლდნენ.

 

                   ეთრა (Αίθρα)

ეთრა, თისეას დედა, დაკავებული იყო არითმეტიკით და ლოგისტიკით, რასაც ასწავლიდა კიდეც ტრიზინის ბავშვებს. ეთრა (ძვ.წ. X-IX საუკუნეები), ნისლიან ისტორიაში ჩნდება, როგორც „მითიური სახე“, ტრიზინის მეფის ქალიშვილი და კიდევ ერთი, მრავალთათვის უცნობი თავისებურებით, რომელიც არითმეტიკის მასწავლებლობაში გამოიხატება. „რაციონალური“ მეცნიერების საფუძვლების ქურუმი, ეთრა იმ რთული მეთოდით ასწავლიდა ტრიზინის ბავშვებს, რომელიც შიშს იწვევდა, რადგან იმ ეპოქაში  „ნული“ არ გამოიყენებოდა,  ხოლო დანარჩენი ციფრები კი არეულ-დარეულად იწერებოდა, რადგან მათი სიმბოლოები მრავალჯერ მეორდებოდა.

 

                                                თემისტოკლეა (Θεμιστόκλεια)

   თემისტოკლეა გახლდათ მათემატიკოსი და დელფოსელი ქურუმი. სწორედ იგი ასწავლიდა პითაგორას ეთიკის, გეომეტრიისა და არითმოსოფიის საფუძვლებს. პითაგორა დიდად აფასებდა მის ცოდნასა და სიბრძნეს. არისტოქსენეს (Αριστόξενος) მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით მიიღო პითაგორამ მოგვიანებით თავის სკოლაში ქალები. დიოგენე ლაერტელი (Διογένης ο Λαέρτιος) სწავლული მწერალი, არისტოკლიად (Αριστόκλεια), ან თეოკლიად (Θεόκλεια) იხსენიებს მას. ფილოსოფოს არისტოქსენეს მიხედვით (ძვ.წ. IV საუკუნე), თემისტოკლეა, დელფოსის ყველა იმ ვიზიტორს ასწავლიდა მათემატიკას, ვისაც სწავლის სურვილი ჰქონდა. ისტორია გვაუწყებს, რომ თემისტოკლეამ მოახდინა აპოლონის სამსხვერპლოს დეკორაცია, გეომეტრიული ფიგურებით.

 

                                   თეანო თურიელი (Θεανώ η Θουρία)

ძველი ბერძენი მათემატიკოსი და ასტრონომი. წარმოშობით ქვემო იტალიის თურიიდან, რომელმა დასახლებამაც ქრ. შობამდე VI საუკუნეში მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს. თეანო გახლდათ ექიმ ბრონტინის ქალიშვილი. იგი იყო მასზე 36 წლით უფროსი პითაგორას მოსწავლე და შემდგომში უკვე მისი მეუღლე. თეანო კროტონეში არსებულ პითაგორას სკოლებში ასწავლიდა ასტრონომიასა და მათემატიკას, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, კუნძულ სამოსზე დაიწყო მოღვაწეობა. იგი ზრუნავდა თავისი სწავლებისა და ნაშრომების გავრცელებაზე როგორც ბერძნულ სამყაროში, ასევე ეგვიპტეში და ამას თავისი შვილების: დამოს (Δαμώ), მიჰიას (Μυία), არიგნოტეს (Αριγνώτη), მნისარქოსს (Μνήσαρχος) და ტელავგეს (Τηλαύγης)  დახმარებითა და თანამშრომლობით ახორციელებდა, რომლებმაც რიგრიგობით ითავეს პითაგორული სკოლების დაარსება. თეანო მიიჩნევა ციფრების თეორიის სულისჩამდგმელად, რომლებმაც უმთავრესი და ძირითადი როლი შეასრულეს პითაგორასეულ სწავლებაში. თეანოს მიეწერება პითაგორასეული „ოქროს კვეთის“ თავდაპირველი ფორმულირება და ასევე უამრავი კოსმოლოგიური თეორიები. პითაგორას გარდაცვალების შემდეგ, თეანომ იმემკვიდრევა უკვე გაფანტული და განბნეული საზოგადოების (სათვისტომოს) თავმჯდომარეობა. მისი ქალიშვილების (დამოს, მიჰიას, მირიას და არიგნოტეს) დახმარებით, თეანომ პითაგორასეული სამეცნიერო და ფილოსოფიური სისტემის პოპულარიზაცია მოახდინა მთელს საბერძნეთსა და ეგვიპტეში. პითაგორას ნაშრომების ბიბლიოგრაფიაც თეანომ შეადგინა, რომელიც სამწუხაროდ დაიკარგა. ქალიშვილების გარდა, ორი ვაჟიც შეეძინა პითაგორასგან, ტელავგესი და მნისარქოსი.

     პითაგორას სიკვდილის შემდეგ, მისი მეორე მეუღლე გახდა არისტეოსი (Αρίσταιος), რომელიც პითაგორას უახლოესი მოწაფე გახლდათ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში პითაგორას საზოგადოებასაც ხელმძღვანელობდა. თეანოს ახსენებენ ათენეოსი (Αθήναιος), სუდა (Σούδα), დიოგენე  ლაერტელი (Διογένης ο Λαέρτιος) და იამბლიქი (Ιάμβλιχος).

 

                                             დამო (Δαμώ)

პითაგორასა და თეანოს ქალიშვილი. კროტონეს სკოლაში ასწავლიდა პითაგორასეულ დოგმებს. სკოლის დაშლის შემდეგ, დამო ათენში ჩავიდა. პითაგორას მისთვის ჰქონდა მინდობილი თავისი ნაშრომები, მკაცრი გაფრთხილებით, რომ „უცოდინარებისთვის“ არ გაემხილა ისინი. დამო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იცავდა მამის დავალებას, თუმცა, მოგვიანებით, ფილოლაოსის (Φιλόλαος) და თიმარიდეს (Θυμαρίδας) დახმარებით, მხოლოდ გეომეტრიის ნაშრომი გამოაქვეყნა. აღნიშნული გამოცემა, რომელსაც, იამბლიქის მიხედვით, „პითაგორამდელი ისტორია“ ერქვა, უმაღლესი დონის გეომეტრია გახლდათ. ჰემინეს (Γέμινος) მიხედვით, ჩვეულებრივი ოთხწახნაგას და „კუბის“ შექმნა, დამოს სახელს უკავშირდება. დამო დაქორწინდა ათენში ერთ-ერთ პითაგორელზე და მასთან შეეძინა ქალიშვილი, სახელად ვიტალი (Βιτάλη). დიოგენე ლაერტელი მას მიაწერს ერთ ფორმულირებას: „მყარი საგნების ფიგურებიდან ყველაზე თვალწარმტაცი არის სფერო და სიბრტყეებიდან, წრე“.

 

                                              ვიტალი (Βιτάλη)

ვიტალი ან ვისტალა, დამოს ქალიშვილი და პითაგორას შვილიშვილი გალხდათ. იგი კარგად ფლობდა პითაგორასეულ მათემატიკას. დამომ, სანამ გარდაიცვლებოდა, მას მიანდო „კომენტარები“, ანუ მისი მამის ფილოსოფიური ტექსტები.

 

                                      პოლიგნოტი (Πολυγνώτη)

პოლიგნოტი, რომელსაც ისტორიკოსი ლოვონ არგიოსი თალასეს მოწაფედ და მეგობრად იხსენიებს, გეომეტრიით იყო დაკავებული. ბოეციუსის თანახმად, იგი მრავალი გეომეტრიული თეორემების მცოდნე გახლდათ. მიიჩნევა (ვიტრუვიუსის მოწმობა), რომ პოლიგნოტმაც ხელი შეუწყო არითმეტიკული სიმბოლოების გამარტივებას, ანბანური ასოების დამატებით, რომლებიც ციფრების პირველი ასოების შესაბამისი გახლდათ. ამგვარად, ასობგერა „Δ», რომელიც ციფრ ათის საწყისი ასოა (ბერძნულად ათის შესატყვისი გახლავთ «Δέκα», შესაბამისად პირველი ასო გახლავთ «Δ» ი.შ.), გამოხატავს ციფრს, 10. ასობგერა «Χ», რომელიც ათასის (ΧΙΛΙΑ) პირველი ასოა, გამოხატავს ციფრს, 1000 და ა.შ. ვიტრუვიუსის თანახმად, პოლიგნოტმა პირველი მათემატიკური ამოცანა, „წრეებს და ნახევრად წრეებს სწორი კუთხე გააჩნიათ“ განსაზღვრა და დაამტკიცა.

 

                                           არიგნოტი (Αριγνώτη)

   ფილოსოფოსი, მწერალი და მათემატიკოსი არიგნოტი შესაძლოა პითაგორას ქალიშვილიც იყო. იგი გახლდათ უამრავი ფილოსოფიური ნაშრომების და მათემატიკის სახელმძღვანელოს ავტორი,  რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. პორფირიოსი მას პითაგორას ქალიშვილად იხსენიებს. “სხვანი წერენ, რომ თეანოსაგან... ვაჟი ტელავგესი შეეძინა პითაგორას და ქალიშვილები: მიჰია და არიგნოტი“. სუდას ენციკლოპედიურ ლექსიკონში იგი პითაგორას მოწაფედ აღინიშნება. „არიგნოტი, დიდი პითაგორას და თეანოს მოსწავლე“. არიგნოტმა მრავალი ფილოსოფიური ნაშრომი და მათემატიკის სახელმძღვანელო, სახელწოდებით „რიცხვთა შესახებ“, დაწერა, რომლებიც დაიკარგა. სკოლის დაშლის შემდეგ, იგი კუნძულ სამოსზე დაბრუნდა.

 

                                        პერიქციონა (Περικτιώνη)

  პერიქციონა  პითაგორას მოწაფე გახლდათ (ქრ. შობამდე 569-475) და სავარაუდოდ მის სკოლაში ასწავლიდა. ორი ნაშრომი, რომლებიც დღევანდელ დღემდე შემორჩა და რომლებიც მას მიეწერება, გახლავთ „სიბრძნე“ (Σοφία) და „ქალის ჰარმონია“ (Αρµονία της Γυναίκας). პერიქციონა იყო დიდი ფილოსოფოსის, პლატონის დედა.

დიოგენე ლაერტელის მიხედვით, პერიქციონა, კანონმდებელი და ბრძენი სოლონ ათენელის (Σόλων) შთამომავალი იყო. მისი მამის სახელი იყო გლავკონი (Γλαύκων), ხოლო მისი ბიძა გახლდათ კრიტეასი (Κριτίας). პერიქციონა არისტონეზე დაქორწინდა და მათ ერთი ქალიშვილი, სახელად პოტონი და სამი ვაჟი: გლავკონი, ადიმანტე და პლატონი შეეძინათ. არისტონეს გარდაცვალების შემდეგ, პერიქციონა, ათენელ პოლიტიკოსზე და მის ბიძაზე, პერილამბიზე დაქორწინა, რომელთანაც კიდევ ერთი შვილი, სახელად ანტოფონდე შეეძინა, რომელიც პლატონურ დიალოგ პარმენიდეში იხსენიება.

ორი სადავო ნაშრომიდან, რომლებიც პერიქციონას მიეწერება, მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ესენი გახლავთ: ქალთა ჰარმონია და სიბრძნის შესახებ. ვინაიდან ეს ნაშრომები არ თარიღდებიან აღნიშნული ეპოქით, ხშირად ისინი პერიქციონა I-ეს და პერიქციონა II-ეს მიეწერება.

ჩვეულებისამებრ ამ ნაშრომების კლასიფიკაცია ფსევდო-პითაგორულ ფილოლოგიაში ხდება.

„ქალთა ჰარმონია“, ერთი ქალბატონის მეუღლისადმი, ქორწინებისადმი და მშობლებისადმი ვალდებულებას ეხება. დაწერილია იონიურ დიალექტზე, სავარაუდოდ ქრ. შობამდე IV-III საუკუნეებში. ნაშრომი «სიბრძნის შესახებ“, სიბრძნის ფილოსოფიურ განსაზღვრებას წარმოადგენს. დაწერილია დორიულ დიალექტზე, სავარაუდოდ, ქრ. შობამდე III-II საუკუნეებში.

 

                                        ლასთენია (Λασθενία)

    პლატონი უამრავ ქალბატონზე მიუთითებს, რომლებიც ძველ საბერძნეთში აღიარებული ფილოსოფოსები იყვნენ. ლასთენია ერთ-ერთი მათგანი იყო. მას გამოკვლეული ჰქონდა პლატონის ნაშრომები და აკადემიაში დაიწყო მათემატიკის და ფილოსოფიის შესწავლა. პლატონის გარდაცვალების შემდეგ, მის ძმიშვილ სპევსიპესთან (Σπεύσιππος) გააგრძელა სწავლა. მოგვიანებით თავადაც ფილოსოფოსი და სპევსიპეს მეუღლე გახდა. არისტოფანე პერიპატეტელის თანახმად, ლასთენიას უკავშირდება „სფეროს“ შემდგომი განსაზღვრება: «ΣΦΑΙΡΑ ΕΣΤΙΝ ΣΧΗΜΑ ΣΤΕΡΕΟΝ ΥΠΟ ΜΙΑΣ ΕΠΙΦΑΝΕΙΑΣ ΠΕΡΙΕΧΟΜΕΝΟΝ, ΠΡΟΣ ΗΝ, ΑΦ’ ΕΝΟΣ ΣΗΜΕΙΟΥΤΩΝ ΕΝΤΟΣ ΤΟΥ ΣΧΗΜΑΤΟΣ ΚΕΙΜΕΝΩΝ, ΠΑΣΑΙ ΑΙ ΠΡΟΣΠΙΠΤΟΥΣΑΙ ΕΥΘΕΙΑΙ ΙΣΑΙ ΑΛΛΗΛΑΙΣ ΕΙΣΙΝ».

 

                                                   მიჰია (Μυία)

მიჰია, ან მირია გახლდათ პითაგორას და თეანოს ქალიშვილი, პითაგორელი ფილოსოფოსი და, ასევე, მილონ კროტონელის მეუღლე. ასწავლიდა კროტონეს სკოლაში. მოხსენიებულია, როგორც გეომეტრიის მცოდნე. მას მიეწერება საშუალო არითმეტიკულის, ანუ სიმეტრიის აღმოჩენა.

 

                                               დინო (Δεινώ)

დინო ბრონტინის მეუღლე, პითაგორას მოსწავლე და სიდედრი იყო. არითმოსსოფიის მცოდნე. დასიპოდიუსის (Dasypodious) თანახმად, მან უსრული ციფრები გამოიკვლია. ერთ ციფრს ეწოდება უსრული მაშინ, როდესაც ნატურალური გაყოფადი ციფრები (ანუ სხვა გაყოფადი ციფრები მის გარდა) თავად ამ ციფრის სიმცირის ჯამურობას იძლევიან. ამგვარად, ციფრი 8 გახლავთ უსრული, რადგან 1+2+4=7<8.

 

                                        ფინდისი (Φιντύς)

ფინდისი ფილტისათაც მოიხსენიება. იგი პითაგორას მოსწავლე, თეოფრე კროტონელის ქალიშვილი და ბინდაკის და იყო. ასწავლიდა კროტონეს სკოლაში. რომაელი მწერალი ბოეციუსი იმ თანაფარდობის სულისჩამდგმელად იხსენიებს მას, რომელიც აკავშირებს პითაგორასეულ ტრიადებს.

 

                                           მელისა (Μέλισσα)

მელისა პითაგორას მოსწავლე გახლდათ და სიმეტრიული მრავალკუთხედების შექმნით იყო დაკავებული. ლოვონ არგიროსი მისი უცნობ ნაშრომზე მიუთითებს.

 

                              ელორის სამიელი (Ελορίς η Σαμία)

ელორისი პითაგორას მოწაფე და გეომეტრიის მცოდნე იყო.

 

                                        დიოტიმა მანტინელი

  დიოტიმა არკადიის მანტინეაში ქურუმი გახლდათ (და მაინც, შესაძლოა პლატონისაგან შექმნილ ლიტერატურულ პიროვნებას წარმოადგენდეს). ყოველ შემთხვევაში, დიოტიმას გამოჩენა არქაული მანტინეადან, ქალის როლის ამაღლებას წარმოადგენს, რადგან იგი იყო ის ერთადერთ ქალს, რომელიც პლატონის ერთ-ერთ ნაშრომში, „სიმპოზიუმში“ იხსენიება, რომელშიც მთავარი რიტორები კაცები არიან.

პლატონი წერდა, რომ მას (დიოტიმას) სოკრატე (ქრ. შობამდე 469-399) დიდ პატივს მიაგებდა, როგორც მის მასწავლებელს. დიოტიმა არქაული მანტენიიდან, ქრონოლოგიურად, ქრ. შობამდე V საუკუნის II ნახევარშია მოთავსებული და მრავალი ისტორიკოსის მიერ, პითაგორასთან, სოკრატესთან, ჰიპოკრატესთან და პლატონთან ერთად, არქაული ბერძნული სამყაროს დიდ კლასიკოსად არის მიჩნეული, რადგან იყო როგორც პითაგორელი ფილოსოფოსი (პროკლეს თანახმად), ასევე პითაგორული არითმოსოფიის გამავრცელებელი (ქსენოფონტის თანახმად), რომელიც მიიჩნევდა, რომ დიოტიმასთვის უცნობი არ იყო, განსაკუთრებულად რთულად გასაგები გეომეტრიული აქსიომები.

ძირითადი ნაშრომი, რომელშიც ვრცლად გვხვდება დიოტიმა, გახლავთ პლატონის „სიმპოზიუმი“, ან „ეროსის შესახებ“, სადაც სოკრატე თავის მასწავლებლად სცნობს დიოტიმას და აღიარებს, რომ იგი ცოდნას და აზრებს ეროსისკენ (სიყვარულისკენ) მიმართავს, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია ხორციელ ლტოლვასთან და მიწიერ მოტივებთან და ნებისმიერი სახის მშვენიერების და ჭეშმარიტების მოტივს და საძიებელს წარმოადგენს.

სოკრატეს სიტყვებში მთავარ ადგილს, მასსა და დიოტიმას შორის გამართული დიალოგის თხრობა იკავებს. აქ სოკრატე ყველაფერს გადმოსცემს, რაც მანამდე არკადიელი ფილოსოფოსისაგან ისწავლა. ამ კონკრეტულ ნაშრომში, სოკრატე წარმოდგენილია  დიოტიმიას მომხსენებლად და სურს, რომ მისი ნათქვამი დაასაბუთოს, რადგან კონკრეტულ ადგილებში ტოვებს მისთვის ჩვეულ დიალექტიკურ მეთოდს, მიაევტიკას.

 

                   არეტა კირენიელი (Αρήτη της Κυρήνειας)

არეტაც ასევე სოკრატეს თანამედროვე იყო. იგი გახლდათ კირენიის ფილოსოფიური სკოლის დამფუძნებლის, არისტიპუსის (Αρίστιππος) ქალიშვილი და სწავლობდა პლატონის აკადემიაში. ატიკის სკოლაში მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა ფილოსოფიას, მათემატიკას, ფიზიკას და ეთიკის ფილოსოფიას. მინიმუმ 40 ნაშრომი აქვს დაწერილი მრავალფეროვანი შინაარსით, მათგან ორი ნაშრომი მათემატიკურ ტრაქტატებსაც შეიცავდნენ. მამის გარდაცვალების შემდეგ, თავად გახდა სკოლის მმართველი.

ბოკაკიოსის ეპოქაშიც კი (ქრ. შობიდან 1313-1375), 1000 წლის შემდეგ, პატივდებულ ცოდნის წყაროდ, 40 წიგნის ავტორად და 110-ზე მეტი ფილოსოფოსის მასწავლებელად იხსენიებდნენ არეტას. მისმა ვაჟმა, ასევე, ფილოსოფოსმა არისტიპუსმა გააგრძელა ოჯახური ტრადიცია, როგორც კირენიული სკოლის ხელმძღვანელმა. მას დაერქვა „Μητροδίδακτος“ (მიტროდიდაკტოს), რადგან ფილოსოფია დედისაგან შეისწავლა, რაც იშვიათობას წარმოადგენდა იმ ეპოქაში.

იოანე მორანსი (John Morans) თავის წიგნში „Women in Science” აღნიშნავს, რომ მისი (არეტას) საფლავის ეპიტაფიაზე ეწერა: „საბერძნეთის სიდიადე, ელენეს მშვენიერებით, არისტიპუსის კალმით, სოკრატეს სულითა და ჰომეროსის ენით...“.

არეტას ვაჟმა, არისტიპუს უმცროსმა მნიშვნელოვნად განავითარა კირენიული ფილოსოფია. ათენეოსის თანახმად (სწავლული, სოფისტი და მწერალი, რომელიც ქრ. შობიდან II-III საუკუნეებში მოღვაწეობდა), არეტა თავის მოწაფეებს შემდეგ ანეკდოტს (მოკლე მონათხრობი ი.შ.) უთხრობდა: როდესაც აკადემიის ერთ-ერთი მოწაფე ამტკიცებდა, რომ არითმეტიკის ხელოვნება პალამიდეს ეკუთვნოდა, პლატონმა მას ჰკითხა: „მაშ, პალამიდეს გარეშე, აგამემნონს არ ეცოდინებოდა რამდენი ფეხი უბოძა მას ბუნებამ?“

 

                                             თემისტე (Θυµίστα)

    თემისტე ლეონის მეუღლე და ეპიკურეს (ქრ. შობამდე 371-271 წწ) ე.წ. “სპიჩრაითერი“ იყო. სხვაგვარად „მდედრობითი სქესის სოლონს“ უწოდებდნენ და ცნობილი იყო, როგორც ფილოსოფოსი.

 

                       ჰიპარქია კინიკელი (Ιππαρχία του Κυνικών)

ჰიპარქია ცხოვრობდა ქრ. შობამდე 360-280 წლებში. იგი გახლდათ კინიკიის სკოლის წევრი. დაქორწინებული იყო კინიკიის სკოლის სხვა ფილოსოფოსზე, რომელსაც კრატესი ერქვა. მათ „კინიზმი“ ცხოვრების წესად აირჩიეს. ამგვარად აირჩია მან არაკომფორტული, პირადი ცხოვრების უგულებელმყოფელი ცხოვრება, ქორწინების ჩათვლით. კინიკელებს სწამდათ, რომ მსოფლიო მოქალაქეობის მოპოვებისათვის, ვალდებულები იყვნენ, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობა უგულებელეყოთ.

 

                                               ტიმიქე (Τυμίχα)

  ტიმიქე კროტონელი მილლეს მეუღლე იყო. დიოგენე ლაერტელის თანახმად, იგი წარმოშობით სპარტელი გახლდათ და დაბადებული იყო კროტონეში და ძალიან ადრე გახდა პითაგორასეული საზოგადოების წევრი. იამბლექი წარმოადგენს მის ერთ ნაშრომს, “მოკავშირე რიცხვებთან“ დაკავშირებით. კროტონეს დემოკრატების მიერ სკოლის განადგურების შემდეგ, ტიმიქე სირაკუზაში ჩავიდა. სირაკუზელთა დიქტატორმა (ტირანმა) დიონისემ, პითაგორასეული სწავლების საიდუმლოს განდობა მოსთხოვა, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ. ტიმიქემ კატეგორიული უარი განაცხადა, საკუთარი კბილებით ენა მოიგლიჯა და სახეში ესროლა დიონისეს (ამ მოვლენას იპპოვოტოსი და ნეანთე აღნიშნავენ).

 

                                    პტოლემეა (Πτολεμαΐς)

პტოლემეა ნეოპითაგორელი ფილოსოფოსი, მუსიკოსი და მათემატიკოსი იყო. მის შესახებ ცნობას გვაწვდის პორფირიოსი, თავის ნაშრომში, »ΕΙΣ ΤΑ ΑΡΜΟΝΙΚΑ ΠΤΟΛΕΜΑΙΟΥ ΥΠΟΜΝΗΜΑ». პორფირიოსის თანახმად (ქრ. შობიდან III საუკუნის ფილოსოფოსი), პტოლემეამ გააჟღერა შემდეგი სახის ფორმულირება: აბ=ბა.

 

                                      აქსიოთეა (Αξιοθέα)

აქსიოთეა ლასთენიასთან ერთად პლატონის აკადემიის მოსწავლე გახლდათ. ათენში, პელოპონისურ ქალაქ ფლიუნტიდან ჩავიდა. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა მათემატიკისა და ფიზიკის ფილოსოფიისადმი. მოგვიანებით იგი კორინთოში და ათენში ასწავლიდა ამ მეცნიერებებს.

 

                  ნიკარეტ კორინთელი (Νικαρέτη ή Κορινθία)

 ნიკარეტს ძველი მწერლებიდან სტობეოსი იხსენიებს მას. ნ. ხაძიდაკი, „გეომეტრიის მსახურად“ ახასიათებს მას. ე. სტამატისიც მიუთითებს მის შესახებ.

 

                                         პანდროსა (Πάνδροσος)

პანდროსა ალექსანდრიელი გეომეტრიკოსი (ქრ. შობიდან IV ს.) იყო. დიდი ალბათობით პაპუს ალექსანდრიელის მოსწავლე, რომელიც „სინაგოგის“ მესამე წიგნს უძღვნის მას. პანდროსა სამ კატეგორიად ჰყოფს გეომეტრიულ პრობლემებს.           

                               

                                            აგლაონიკე (Αγλαονίκη)

აგლაონკე ძველი ბერძენი ასტრონომი იყო (ქრონოლოგიურად, არქაული საბერძნეთის პირველი ბერძენი ქალი ასტრონომი) თესალიიდან (ქრ. შობამდე V ს.), მოხსენიებულია პლუტარქეს მიერ, როგორც აგანისედ, ასევე აგლაონიკედ და იგეტოროსად (Ηγήτορος), რადგან თესალიის მმართველ იგიტოროსის ქალიშვილი გახლდათ.

 

               ჰიპათია ალექსანდრიელი (Υπατία η Αλεξανδρινή)

ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი ჰიპათია გახლდათ მათემატიკოსის, ასტრონომის და გრამატიკოსის, ტეოს ქალიშვილი (დაახ. ქრ. შობიდან 335-405 წლები), რომელიც ალექსანდრიის ბიბლიოთეკისა და ასევე ალექსანდრიის უნივერსიტეტის მუზეუმის უკანასკნელი ხელმძღვანელი გახლდათ (ენციკლოპედიური ლექსიკონი სვიდა, ლემა ტეო. ჰიპათია მკაცრი ზნეობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და ძალიან დიდი ფილოსოფიური და მათემატიკური ცოდნა მიიღო ჯერ ალექსანდრიაში, ხოლო შემდეგ უკვე ათენში (სვიდა, ლემა ჰიპათია).

სწავლის დასრულების შემდეგ, ფილოსოფიის საჯარო სწავლება ჰიპათიამ ალექსანდრიაში დაიწყო და ფილოსოფიური მანტია, როგორც ოფიციალურმა მასწავლებელმა, ისე მიიღო. მისმა ზნეობრივმა ცხოვრებამ, ქალწულებამ, რომელიც ნეოპლატონიზმის შუქზე განიხილება, უმაღლესმა და ფართო გაგების ცოდნამ, მდედრობითი სქესის სამკაულად და ყველა ინტელიგენტი ქალის ნათელ მაგალითად აქციეს იგი.

ჰიპათია გახლდათ ჭეშმარიტი ფემინისტი, ამ სიტყვის ყველაზე უმაღლესი და ფართო გაგებით. მისი სახლი, ალექსანდრიის  ყველა განათლებული და თავისუფალი ადამიანების, შეკრების ადგილს წარმოადგენდა, მაგრამ ამ პატივის უჩვეულოდ მაღალმა შეფასებამ და მისი მხრიდან მიმდევრების შეძენამ, არიანელი ისტორიკოსის, ფილოსტორგეს თანახმად, მისი სიკვდილი გამოიწვია, „გაშმაგებული ომოუსიანელების“ მხრიდან (VIII, 9, PG. Vol. col. 564B).

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპათია, ალექსანდრიის პრეფექტ ორესტოსის (prefectus augustalis) მეგობარი და მასწავლებელი გახლდათ და ასევე მისი მფარველობაც გააჩნდა, მაინც არაადამიანური გზთ იქნა მოკლული 415 წლის მარტის თვეში, დიდი მარხვის პერიოდში, გახელებული ბრბოს მიერ.

ბრბოს წარმომადგენლებმა, რომლებიც წიგნისმკითხველ პეტრესაგან იმართებოდნენ, ძალადობრივი გზით წაიყვანეს ჰიპათია ტაძარში, რომელსაც კესარიონი ერქვა და დამტვრეული თიხის ჭურჭლის ნაჭრებით აკუწეს, ხოლო მისი სხეულის ნაწილები დაწვეს კინარონის რაიონში (Σωκράτης ο Σχολαστικός, Εκκλησιαστική Ιστορία, βιβλίο VII, κεφάλαιο 15, εν PG, vol. LXVII, col. 768B – 769A. Νικηφόρος Κάλλιστος Ξανθόπουλος, πατριάρχης Κωνσταντινουπόλεως και άγιος, Εκκλησιαστική Ιστορία, βιβλίο XIV, κεφάλαιο 16 εν PG, vol. CXLVI, col. 1105C και 1108 A. Φιλοστόργιος, VIII, 9, εν PG. Vol. col.564B).

ზოგიერთის აზრით, დანაშაულებრივ და ქრისტიანებისათვის მიუღებელ საქმეს, საფუძვლად ედო კირილეს მიმდევრების ეჭვი, რომ ჰიპათია, ორესტიზე მისი გავლენით, ხელს უშლიდა ამ უკანასკნელს, რომ კირილესთან შერიგებულიყო. მათ შორის უთანხმოება იყო ჩამოვარდნილი, რადგან იმპერატორის პრეფექტი შეეცადა, რომ ებრაელების წინააღმდეგ არსებული დევნა შეეწყვიტა, რომელიც კირილემ დაიწყო.

ბერძენი ისტორიკოსი კონსტანტინე პაპარიგოპულოსი, აფასებს რა ჰიპათიას შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებულ ისტორიულ წყაროებს, პირდაპირ აცხადებს, რომ „ალექსანდრიის პატრიარქი კირილე მონაწილეობას იღებდა ამ ბოროტმოქმედებაში“ (Ιστορία του Ελληνικού Έθνους, τόμος Θ, σελίδες 19 και 20, Εκδόσεις Γαλαξίας, Αθήναι 1969).

პითაგორელი ქალები (დაახლ. VI-V საუკუნეები ქრ. შობამდე).

იამბლექმა, თავის ნაშრომში, „პითაგორას ცხოვრების შესახებ“, იმ ჩვიდმეტი პითაგორელი ქალის სახელი შემოინახა, რომლებიც პითაგორასეული ფილოსოფიის და მათემატიკის  მცოდნეები იყვნენ. მათგან რამოდენიმეს სახელები უკვე აღვნიშნეთ. დანარჩენები არიან:

რინდაკო, ბინდაკოს და.

ოკკელო და ეკკელო (დები).

ქილონა, ქილონოსის ქალიშვილი.

კრატისიკლეა.

ლასთენია არკასელი.

აბროტელია, აბროტელოს ქალიშვილი.

ეხეკრატია.

თეანო, ბრონტინის მეუღლე (არ უნდა აგვერიოს პითაგორას მეუღლე თეანოში).

ტირსინე სიბარიტელი.

პესიროდი ტარანტინელი.

თეადოსა.

ბიო არგიელი

ბაბელიკა არგიელი

კლიექმა.

ნისთეადუსა.

 

ავტორი: ფილოსოფიის დოქტორი, კონსტანტინა პალამიოტუ

ბერძნულიდან თარგმნა, იოანე შოშიაშვილმა

წყარო: https://www.facebook.com/M2.agogia/posts/3560998663947802