მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე- 2021

+ ბართლომეოსი

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა,

ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის მთელ სისავსეს

მადლი, წყალობა და მშვიდობა

ბეთლმეში შობილი მხსნელი იესო ქრისტეს მიერ

 

 

ღირსეულნო ძმანო და ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო,

 

           დაუსაბამო სიტყვის „საიდუმლოდ შობად“ მიმავალ წმიდა ღვთისმშობელთან ერთად თანამივეახლებით და ვუჭვრეტთ ბეთლემს, რომელიც საღმრთო ჩვილის მისარქმევად ემზადება. და აი, სიყვარულის ღმერთის მიმართ მადლიერებით სავსენი, კიდევ ერთხელ ვეგებებით ქრისტეშობას. თუმცა, სამყაროს მხნელის ხორციელად შობის დიადი დღესასწაულის შესახვედრი გზა, წელს განსხვავებული იყო გარეგანი ფაქტორების თვალსაზრისით, რისი მიზეზიც საზარელი პანდემია გახლდათ. საეკლესიო ცხოვრებამ, მორწმუნეთა თანამონაწილეობამ საღმრთო მსახურებებში, სამოძღვრო მზრუნველობამ და სამყაროში კეთილმა მოწმობამ საკუთარ თავზე გამოსცადეს საკარანტინო შეზღუდვების შედეგები. თუმცა, ამ ყოველივეს არავითარი გავლენის მოხდენა არ ძალუძთ ქრისტესმოსახელე ერის ქრისტესთან კავშირზე, მისი მზრუნველობისადმი რწმენასა და ცოდნაზე რომ „აქა ერთისაჲ არს საჴმარ“[1].

რწმენისაგან დაცლილ საზოგადოებებში ქრისტეშობა გაუბრალოებულია, ღრეობად და  მიწიერ დღესასწაულადაა ქცეული. არავის ახსენდება, რომ ამ წმიდა დღეს პატივს მივაგებთ „საუკუნო საიდუმლოს“[2], ღმერთის განკაცებას. ქრისტეშობის ქრისტიანულად აღნიშვნა დღეს ერთგვარ წინააღმდეგობას წარმოადგენს გამიწიერებული ცხოვრების, საიდუმლოს განცდის უნარის კვდომისა და დაძაბუნების მიმართ.

სიტყვის განკაცებით გამოცხადდა ადამიანური არსების შინაარსი, მიმართულება და მისი დანიშნულება. ყოვლადსრული ღმერთი მოგვევლინა სრულ კაცად, რომ შევძლოთ „ღმრთეებრივად ცხოვრება“. „ღმერთი განკაცდა რათა ჩვენ განვიღმრთოთ“ [3]. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყევლის ღრმად შინაარსიანი სიტყვების თანახმად, ადამიანი მოწოდებულია რომ ,,ღმერთი გახდეს[4], „საღვთო ქმნილება“[5]. სწორედ ესაა ადამიანის უმაღლესი პატივი, რომელიც ანიჭებს მის ბუნებას განუმეორებელ ღირსებას. ქრისტეში ყველა ადამიანია მოწოდებული გამოსახნელად. ღმერთის წინაშე „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ“[6], ღვთისმეტყველებს ღვთივსულიერი მოციული პავლე. საქმე გვაქვს ანთროპოლოგიაში, ღირებულებების იერარქიასა და ეთოსის გააზრებაში უდიდეს ცვლილებასთან. ამ მომენტიდან, ის რაც ადამიანს აზიანებს, ღმერთს ეწინააღმდეგება. „არაფერია ადამიანზე წმიდა, რომლის ბუნებასაც ღმერთი ეზიარა“ [7].

ქრისტეშობა არის ეკლესიის ღმერთკაცობრივი ცხოვრება, რომელშიც ქრისტე საუკუნოდ განიცდება, როგორც მყოფადი, მყოფი და როგორც მომავალი. „დედის მკლავებში მყოფი“ იმავდროულად „მამის წიაღშიც“ მყოფობს. ჩვილი იესო არის ჯვარცმული, ადღგომილი და დიდებით ზეცად ამაღლებული, სამართლიანი მსაჯული და დიდების უფალი ღმერთი. სწორედ ამ გამოუთქმელ საიდუმლოს ვადიდებთ ფსალმუნებითა და გალობით, მას ვმსახურებთ, ხოლო იმავდროულად, ქრისტეც გვემსახურა და ახლაც ვიმსახურებით მისგან. სწორედ ეს გამოაცხადა მეოთხე მსოფლიო კრებამ ღვთისულიერი  სიტყვებით: „წმიდა მამათა მიმართ შედგომილნი“. მართლმადიდებლობის სიქადული და სამყაროს მშვენება აია სოფიის წმიდა ტაძარი, თავისი არქიტექტონიკით, სივრცის დაგეგმვითა და შთამბეჭდავი გუმბათის მეშვეობით, რომელზეც გამოსახულია ყოველივეს შემამტკიცებელი საღმრთო კაცთმოყვარება და ზეციური მიწიერთანაა დაკავშირებული,  თავისი ხატებითა და მორთულობით, მოკაშკაშე სხივთა განუმეორებელი თეოლოგიური ენით, ქადაგებს  ქალკედონის დოგმას, ღმერთის სიტყვის  უთქმელ და აღუწერელ განხორციელებას.

მრვალი გასაჭირისა და მწუხარების მძიმე წუთებში გაისმის „უფლის ანგელოზის“ მქუხარე ხმა, რომელიც ღაღადებს: „აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი“[8]. ვდღესასწაულობთ ქრისტეშობას და ვლოცულობთ განსაცდელში და უძლურებაში მყოფი ჩვენი ძმებისათვის. შევხარით ექიმების, მედდებისა და ყველა იმათ თავდადებას, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ  ბრძოლაში არიან ჩართულნი. ვხედავთ და გვიხარია, რომ სნეულებს ეპყრობიან, როგორც პიროვნებებს და არა როგორც უბრალო რიცხვს, ფაქტს, საგანს, ან უსახო ბიოლოგიურ ერთეულს.  სამართლიანად აღინიშნა, რომ ექიმების „თეთრი ხალათი“ არის ერთგვარი  „თეთრი ანაფორა“. იგი არის საკუთარი თავის უარყოფის სიმბოლო მოძმის სასიკეთოდ „ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული“ [9]; იგი მიუთითებს უძლურებაში მყოფისათვის სრულ თავგანწირვაზე. ამ „თეთრ ანაფორასა“ და მღვდლის ანაფორში, რომელიც არის მსხვერპლის და მსახურების სიმბოლო, შთაგონების წყარო და მამოძრავებელი ძალა არის სიყვარული, რომელიც ყოველთვის ღვთის საჩუქარია და არა ჩვენი რაიმე  განსაკუთრებული მიღწევა.

ამ საზარელმა პანდემიამ ბზარი შეიტანა იმაში რაც თავისთავადი გვეგონა, ფარდა ახადა თანამედროვე ადამიანის, „ღმერთკაცის“  შესაძლებლობების საზღვარს და გვიჩვენა თანადგომის ძალა. იმ ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებასთან ერთად, რომ სამყარო ერთი მთლიანობაა, რომ ჩვენი პრობლემები საზიაროა და რომ მათი დაძლევა მოითხოვს თანამოქმედებასა და თანამშრომლობას, განსაკუთერებით ნათელი გახდა პიროვნული წვლილის, კეთილი სამარიტელის სიყვარულის ფასი, რომელიც სცდება ადამიანურ საზომებს. ეკლესია სიტყვით და საქმით, გვერდით უდგას   განსაცდელში მყოფ ძმებს და ლოცულობს მათი ნათესავებისა და მათ მკურნალობაზე პასუხისმგებელი ადამიანების განმტკიცებისთვის. ეკლესია იმავდროულად ქადაგებს, რომ უძლურის განკურნება, როგორც სიკვდილზე დროებითი გამარჯვება, შეგვახსენებს ქრისტეში მის დაძლევას და საბოლოო დამარცხებას.

სამწუხაროდ ჯანდაცვის კრიზისმა შეაფერხა 2020 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც გამოცხადებული იყო „სამოძღვრო აქტიურობის და ახალგაზრდობისადმი მზრუნველობის წლად“. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს შესაძლებელი გახდება ახალი თაობისადმი მიძღვნილი ღონიძიებების განხორციელება. გამოცდილებით ვიცით, რომ როდესაც ახალგაზრდებს სიყვარულითა და გაგებით ვეკიდებით, სწორედ მაშინ ამჭღავნებენ ისინი საკუთარ შემოქმედებით უნარებსა და ენთუზიაზმით აღსავსენი მონაწილეობენ ყველა პროცესში. და ბოლოს, ახალგაზრდობა ადამიანის ცხოვრებაში არის განსაკუთრებული „რელიგიური“ პერიოდი, რომელიც სავსეა ოცნებებით, წარმოდგენებით, ღრმა ეგზისტენციალური ძიებითა და ახალი სამყაროსადმი იმედით, სადაც, მხოლოდ ძმობა სუფევს. სწორედ ამ „ახალ შესაქმეს[10]“  „ახალ ცასა და ახალ ქვეყანას..., რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს“[11], ქადაგებს ქრისტეს ეკლესია ყოველივეს აღსასრულისკენ მიმავალ გზაზე.

 

საყვარელო ძმანო და ღვთივკურთხეულო შვილებო,

ეკლესიაში, სადაც ადამიანი სრულად განახლდება, იგი უბრალოდ „შეწევნას“ კი არ პოულობს, არამედ განიცდის და  „რწმუნდება“ მის საღმრთო დანიშნულებაში. როგორც მართლმადიდებლობის წმიდა და დიდმა კრებამ გამოაცხადა, ეკლესიაში „თითოეული ადამიანი არის განუმეორებელი მოვლენა, რომელიც განკუთვნილია ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისთვის“[12]. ჩვენთვის ღვთივბოძებული რწმენის თანახმად, მიწიერი ცხოვრება არ წარმოადგენს ადამიანის მთლიან სოცოცხლეს, გწამს, რომ ბოროტებას და უარყოფითს არ აქვთ უკანასკნელი სიტყვა ისტორიაში. ჩვენი მხსნელი არ არის ერთ-ერთი „Deus ex machina“, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და აქარვებს განსაცდელს, ხოლო იმავდროულად ანადგურებს ჩვენს თავისუფლებას, რომელიც თითქოს დასაგმობია და რომლისგანაც გათავისუფლება გვესაჭიროება. ჩვენ ქრისტიანებს გვეხება ეს საოცარი ფრაზა „არ გვნებავს ტირანული გამოხნის საიდუმლო“[13]. ქრისტეში თავისუფლების ჭეშმარიტება  ჯვრითაა გამოცდილი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს აღდგომის გზას.

ამგვარი სულისკვეთებით, ქრისტეშობის და შემდგომი დღესასწაულების ყველა ქრისტესსათნოდ მოზეიმეს, დამდეგ ახალ წელს ფანარიდან ვუსურვებთ, ადამიანთა მოდგმაში მობრძანებულმა მხსნელმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ურთიერთსიყვარული, ყველა კეთილ საქმეში წარმატება და ზეგარდმო კურთხევა.

 

 

                                                   ქრისტეშობა, 24

თქვენთვის დაუცხრომელად მლოცველი

† კონსტანტინოპოლის ბართლომეოსი

 

 



[1] ლკ. 10,42.

[2] Μαξίμου τοῦ Ὁμολογητοῦ, Κεφάλαια διάφορα Θεολογικά καί Οἰκονομικά περί ἀρετῆς καί κακίας, ἑκατοντάς πρώτη, ΙΒ’, PG 90, 1184.

[3] Ἀθανασίου τοῦ Μεγάλου, Περί ἐνανθρωπήσεως, 54.

[4] Γρηγορίου τοῦ Θεολόγου, Εἰς τόν Μέγαν Βασίλειον Ἐπιτάφιος, PG 36, 560.

[5] Γρηγορίου τοῦ Θεολόγου,  Λόγος ΜΕ’, Εἰς τό Ἅγιον Πάσχα, PG 36, 632.

[6] გალ. 3,28.

[7] Νικολάου Καβάσιλα, Περί τῆς ἐν Χριστῷ ζωῆς, ΣΤ’, PG 150, 649.

[8] ლუკ. 2, 9-11.

[9]  I კორ. 10, 24.

[10] II კორ. 5, 17.

[11] II პეტრ. 3, 13.

[12] ცირკულარი, § 12.

[13] Μαξίμου τοῦ Ὁμολογητοῦ, Εἰς τήν προσευχήν τοῦ Πάτερ ἡμῶν, PG 90, 880.

 

Photo: Nikos Manginas / Ecumenical Patriarchate

 

სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა ნიკო ღონღაძემ