პანაიოტის ხრისტუ
ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგის მიმართ ქრისტიანობას თავდაპირველად გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა. თუ გავითვალისწინებთ იმ პერიოდში არსებულ ვითარებას, ამგვარი მიდგომა არანაირად არ იქნება პარადოქსული (ამოუხსნელი). მიზეზი ზოგადია და, კერძოდ, ის არის, რომ თავად ხელოვნება ხშირად დგებოდა უზნეობისა და კერპთმსახურების სამსახურში, და, ამას გარდა, ხელოვნების დარგები ბერძნულ-რომაულ სამყაროში იმ დროს აღიარებულ რელიგიებს მჭიდროდ უკავშირდებოდა. ხელოვნების ამ დარგების ადრეულ ფაზაში შესვლას შესაძლოა ახალი რელიგიის არასათანადო შემწყნარებლობა ჩამოეყალიბებინა, ძველი ცხოვრების წესისა და ძველი კულტის მიმართებით. სხვა მხრივ, ქრისტიანობისათვის პარადოქსული იქნებოდა, თუკი სამუდამოდ გაემიჯნებოდა ხელოვნებას. ამ უკანასკნელს, მიუხედავად იმისა თუ რანაირი იქნებოდა ქრისტიანობის შემდგომი განვითარება, თავიდანვე ჰქონდა თავისი ფესვები ღვთისმსახურებაში. ხელოვნება წარმოიშვა უზენაესის თაყვანისცემისთვის. ამიტომაც, ეს არ იყო უბრალოდ გარდაუვალი, არამედ აუცილებელი და სასარგებლო, კერძოდ კი ის, რომ სახვითი ხელოვნება გარკვეული დროის გავლის შემდეგ ღვთისმსახურებაში უნდა ჩართულიყო. ასე რომ, ქრისტიანობამ თავდაპირველად შეიწყნარა მუსიკა, შემდგომ - მხატვრული ნაწარმოებები, პლასტიკური ხელოვნება და ქორეოგრაფია.თავისთავად, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობდა მიზეზები, რომლებიც ქრისტიანობის წარმოშობასა და მის აღნათქვამს უკავშირდებოდა და ამ მიზეზებმა გარკვეული დროით ხელი შეუწყო ქრისტიანობის სამართლიან ყოყმანს ლიტერატურულ ნაწარმოებებთან მიმართებით. ქრისტეს დროინდელი ებრაელები, თავიანთი ღვთივჩაგონებული წერილის სავარაუდო გახრწნისგან დაცვის მიზნით, მუდმივად გაურბოდნენ მხატვრულ ლიტერატურას. ამიტომაც არა მხოლოდ მათი განმარტებები და სწავლებები, არამედ წმინდა წერილის არამეული თარგმანიც ზეპირსიტყვიერად ნარჩუნდებოდა. ასეთ მიდგომაზე გარკვეული მონათხრობიც არსებობს, რომლის მიხედვითაც ცნობილმა რჯულის მოძღვარმა გამალიელმა იობის წიგნის თარგმანის ტექტი ხელში ჩავარდნისთანავე გაანადგურა. დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ეს ზეპირი გადმოცემები მიშნაში აღნუსხულიყო. ცხადია, რომ ამ წესიდან გამონაკლისის სახე ელინი ებრაელების პრაქტიკას ჰქონდა. ისინი, წერდნენ რა აპოლოგეტური მიზნებით, ცდილობდნენ, ბიბლია მათ გარემომცველ ინტელექტუალურ გარემოში შეეტანათ; ზილოტები კი წერდნენ იმისთვის, რათა თავიანთ მონობაში მყოფ თანამემამულეებისათვის ნუგეში მიეცათ და მათში მესიანურ მოლოდინთან დაკავშირებული აზრები აღეძრათ.ამასთან ერთად, მართალია, ზოგადად ლიტერატურას ისეთი ღრმა კავშირი არ ჰქონდა წარმართულ რელიგიასა და ეთიკასთან, როგორიც ხელოვნების სხვა დარგებს, მაგრამ ის გამომხატველი იყო „ამა სოფლის სიბრძნისა“, რომელიც „უგუნურებაა ღვთის წინაშე“ [1]. პირველი ქრისტიანებს განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ. ამაღლებული ქრისტეს მყოფობის ძალუმი განცდა მათ სამყაროსაგან აუცხოვებდა, რაც დროის შეგრძნებას უმცირებდა და მათს გონებას ქრისტეს მოსვლის მოახლოებისკენ წარმართავდა. იმ ხანმოკლე დროის განმავლობაში, რაც ქრიტეს მოსვლამდე დარჩენილიყო, რა მნიშვნელობა უნდა შეეძინა ლიტერატურას? განა საკმარისი არ იქნებოდა ნაუწყები სიტყვები?დაბოლოს, თავად ქრისტე მრავალგზის და დაჟინებით გამოხატავდა შეუწყნარებლობას ხელოვნების საგნებისადმი. ის მოუწოდებდა საგანთა არსის წვდომისაკენ და ოდენ ფორმის უგულებელყოფისაკენ: „წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“[2]. სპონტანური და გონებამახვილური საუბარი სულის გამოხატვის ჭეშმარიტი იარაღია, მაშინ როდესაც ნაწერი საკუთარ თავში ხელოვნურია და მკითხველის აგზნებას ემსახურება. სახარება კეთილი უწყების გადმომცემია, ის გამომხსნელი გზავნილია, რომელიც სიტყვიერად გადმოგვეცა და ცხოვრებაში (პრაქტიკაში) მაგალითით ვრცელდება. რწმენა იბადება სიტყვით. აქედან გამომდინარე: „სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს“[3], სმენა კი ქრისტეს სიტყვიდან მომდინარეობს, ბრძანებს პავლე მოციქული, თუმცა, ამის მიუხედავად, ის პირველი ქრისტიანია, რომელიც მწყობრად წერდა. სახარება კი, როგორც მხსნელი სიტყვა, ზეპირადაა წარმოთქმული.[1] I კორ. 3:19[2] II კორ. 3:6[3] რომ. 10:17
წყარო: პანაიოტის ხრისტუ, ბერძნული მართლმადიდებლური პატროლოგია, [მთარგმ. გ.გველესიანი, მ. ჭითანავა, გ. ლურსმანაშვილი], თბილისი, 2018, გვ. 7.