ეკლესიის საიდუმლოებების რაოდენობის შესახებ

            ეკლესიის საიდუმლოებების რაოდენობის შესახებ

ნიკო მაცუკა

 

მართლმადიდებლური ტრადიცია XIV საუკუნემდე საიდუმლოებების განსაზღვრულ რაოდენობას არ აფიქსირებს. ყველა საიდუმლო (მათ შორის შვიდი საიდუმლოც, რომლებიც  სქოლასტიკურმა თეოლოგიამ განსაზღვრა), აღიარებულნი არიან საეკლესიო ცხოვრებაში და მათი შედეგების მიხედვით ხდება მათი აღწერა. ერთი ხანგრძლივი პროცესის ბოლოს, რომელიც XIV საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნიკოლოზ კაბასილამ (გამოეხმაურა რა მართლმადიდებლურ გარდამოცემას), საეკლესიო სხეულის აღწერა შემოგვთავაზა და საიდუმლოებები, როგორც ხეზე არსებული ტოტები და ვენახში არსებული ვაზის ნერგები, ისე წარმოადგინა. ეს აღწერილობითი სახის ილუსტრაციები გასაგებად და ცხადად გვეუბნებიან, რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს საიდუმლოებების აღრიცხვასთან დაკავშირებით. როდესაც პატერიკული თეოლოგიის აღნიშნული პოზიცია არ გვიკავია, მაშინ რაღაც ანტიმეცნიერული და ანტითეოლოგიური გზით ვცდილობთ, რომ მართლმადიდებლურ ტრადიციაშიც აღმოვაჩინოთ ეს რიცხვი და შემდეგ ცხადად მცდარი დასკვნები გამოგვაქვს ხოლმე. გარდა ამისა, შემოსაზღვრული რიცხვი „7“ უამრავი არასწორი ინტერპრეტაციისა და ხაფანგში გაბმისაკენ მიგვიძღვის. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამის საპირისპიროც ვთქვათ, რომ გარკვეულმა სამღვდელო ჯგუფმა, საიდუმლოებები განცალკევებულ მსახურებებად წარმოადგინა და თავს მოგვახვია. ამიტომაც, მართლმადიდებლურ ტრადიციას, რომელიც არ გაება ამ ხაფანგსა და საცდურში, არ შეუძლია მიიღოს ტრადიცია, რომელიც ხალხის სინაქსისის (შეკრების) გარეშე საიდუმლოს აღსრულებას ეხება. სქოლასტიკური დოგმატიკის სახელმძღვანელოებში, საიდუმლოებები, მათი ნუმერაციისა და საერთო სხეულიდან მათი განცალკევების გამო, სავალდებულოდ და არასავალდებულოდ იყოფიან. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით, ეს ყველაფერი მიუღებელია. სხეულის თითოეული წევრი, ბუნებრივი მოთხოვნილების შედეგად, ყველა საიდუმლოში და ცხოვრებაში იღებს მონაწილეობას, რომელიც პროგრესისკენ და სრულყოფისაკენ მიგვიძღვის. გარდა ამისა, პროტესტანტული ისტორიულ-თეოლოგიური ჰერმენევტიკა, მიზნად ისახავდა რა, რიცხვ „შვიდის“ გამართლებას, იესო ქრისტეს მიერ, საიდუმლოებების დაწესების პრობლემას გადაეყარა. ისტორიული ჰერმენევტიკა ყოველთვის მართებულია, როდესაც ეკლესიის ისტორიის მთელ ამ მსვლელობას არგუმენტირებულად წარმოგვიჩენს. თეოლოგიური და უფრო კონკრეტულად, მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით, საიდუმლოებები არ წარმოადგენენ განცალკევებულ მსახურებებს, არამედ თავად ისტორიული სხეულის განცხადებას. ეკლესია, როგორც ისტორიული ერთობა, ცხოვრობს და განმარტავს თავის თავს, თავის მყოფობას და არ არის აუცილებელი, რომ ყველა საიდუმლოს შესახებ, ქრისტესმიერი „დაფუძნების“ სიტყვები გვქონდეს (იგულისხმება ქრისტეს მიერ საიდუმლოს დაფუძნება ი.შ.)! საეკლესიო განმარტების მიხედვით, ეკლესია თავად ქრისტეს სხეულია.

     ახლა გასაგები ხდება ახალბედა დოგმატოლოგების თავის ტკივილი, რომლებიც რიცხვ „შვიდის“ ძებნით არიან დაკავებულნი, მაგრამ ეს ციფრი XIV საუკუნის შემდეგ გვხვდება მართლმადიდებელ ტრადიციაში და ბუნებრივია, იგი არასგზით არ გვხვდება იოანე დამასკელთან და ნიკოლოზ კაბასილასთან. აწ განსვენებულმა ხრისტოს ანდრუცომ მოახერხა და ორი ცნობა მოიპოვა რიცხვ „შვიდის“ შესახებ, რომლებიც XIII საუკუნით თარიღდებიან, მაგრამ ორივე უიმედოდ არადამაჯერებელია (Χρήστου Ανδρούτσου, Δογματική της Ορθοδόξου Ανατολικής Εκκλησίας, σελ. 314-315). მათგან ერთი, ვინმე მონაზონ იობისაგან მომდინარეობს, რომელიც ბერად აღკვეცის რიტუალს, სინანულის საიდუმლოს მიაწერს და ორს ერთად წარმოაჩენს. მათგან მეორე, სქოლასტიკური წყაროებიდან მომდინარეობს, რადგან სარწმუნოების სიმბოლოს ეხება, რომელიც მიქაელ VIII პალეოლოგმა წარადგინა ლიონის 1274 წლის გამაერთიანებელ კრებაზე. ამ კრებაში მონაწილეობის მისაღებად სქოლასტიკოსი თეოლოგი, თომა აქვინელიც მიდიოდა, რომელიც, როგორც სქოლასტიკური სახელმძღვანელოებიდან არის ცნობილი დღეს,  ზუსტად 7 საიდუმლოს განსაზღვრავდა (Summa Theologiae 3, 64, 1. ანდრუცოს ბევრად გაუადვილდებოდა საქმე ანდრუცოს, თუკი თომა აქვინელით იხელმძღვანელებდა! ასევე, როგორც ცნობილია, საიდუმლოებების შვიდად აღრიცხვა, ტრიდენტის კათოლიკურ კრებაზეც (1545-1563) მოხდა. ყოველ შემთხვევაში, XIV საუკუნის შემდგომ უმრავმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა ციფრი „შვიდი“ სქოლასტიკური თეოლოგიისაგან იმემკვიდრევა, რომლებმაც შემდომ უკვე საკუთარ ნაშრომებს მოარგეს ეს ციფრი, მაგრამ 7 საიდუმლოს შესახებ არსებული სწავლება, ანტისქოლასტიკურად და მართლმადიდებლურად გადმოსცეს. კონკრეტულ შემთხვევის მაგალითს წარმოადგენს სვიმეონ თესალონიკელი. იხ: Τα άπαντα, Βενετία 1863, σελ. 61. ეკლესიის საიდუმლოებები შვიდია“). როგორც ცნობილია, თომა აქვინელი ლიონის კრებაზე მიმავალ გზაზე გარდაიცვალა და ბუნებრივია, რომ ვერ მოასწრო მიქაელ პალეოლოგის რწმენის სიმბოლოს მოსმენა.

 

წყარო: ΝΙΚΟΥ ΑΘ. ΜΑΤΣΟΥΚΑ, Δογματική και Συμβολική Θεολογία Β΄, σσ. 471-473.

    ბერძნულიდან თარგმნა იოანე (ვანო) შოშიაშვილმა

 

(თავისუფალი თარგმანი)