პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) ეგზარქოს პალადის (რაევი) შესახებ

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე საკმაოდ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ეგზარქოს პალადის (1887-1892) შესახებ. იგი წერს:

 

 ეგზარქოსი ,,სამღვდელოებას ზიზღნარევი ალერსით ექცევა, თუ შეიძლება ასე ითქვას, საერო საზოგადოებას - თავაზიანი პირფერობით... ენაჩლიფინაა, ქადაგებას კითხულობს რვეულიდან, რომელიც ყველაზე დიდი ზომის სახარებაში უდევს. ეს სახარება ძლივს უჭირავს ორ კერძოდიაკონს, არაფერი მესმის მისი ნალაპარაკევიდან მეც კი, კვერთხიმტვირთველს, თუმცა თითქმის გვერდით ვუდგავარ. წირავს დიდის ამბით, მაგრამ უსულგულოდ... ლიტურგიის დასასრულს კერძოდიაკვნებმა უშველებელი ლანგრით გამოიტანეს სეფისკვერები. ორი დიდი სეფისკვერი მთავარმართებელსა და მის მეუღლეს ეკუთვნის, რამდენიმე საშუალო ზომისა - გენერალსა და მათ ტოლა სხვა საერო პირებს, დანარჩენი (პატარები) ნაკლებად წარჩინებულებს... მოუქნელი და უხეშ პავლეს მომსწრე ქალბატონებს ახალი ეგზარქოსი ცამდე აჰყავდათ ქებით. მათმა აღფრთოვანებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია 1888 წ., როდესაც ალექსანდრე III ეწვია კავკასიას და თავის საზეიმო სიტყვაში ეგზარქოსმა საქართველოს უწოდა ,,ბრწყინვალე მარგალიტი რუსეთის იმპერატორის გვირგვინში“. ქალბატონები პირდაპირ აღტაცებულნი იყვნენ და ხელმწიფის სტუმრობის დღეებში ეგზარქოსის გარშემო მეტად სასურველი ხმაური შექმნეს... ამ ,,ხმაურის“ პირველი შედეგი იყო ის, რომ კავკასიიდან იმპერატორის დაბრუნების შემდეგ ეგზარქოსის ,,ბარტყულაზე აბრჭყვიალდა ჯვარი“ ყოვლისშემძლე ობერპროკურორ კ.პ. პობედონოსცევის წინააღმდეგობის მიუხედავად... უფრო დიდი პოპულარობა რომ მოეხვეჭა, პალადიმ ასეთი ოინი ოაწყო: ყველა ქართველი მღვდელთმთავარი ჯილდოზე წარადგინა... მეუფე ნიკანორის სიტყვით, ,,ჯილდოს გარეშე დარჩა მხოლოდ რომელითაც ეკლესიის დარაჯი“. მაგრამ იმავე მეუფემ (ნიკანორმა) თვითონ მოისმინა სინოდში დონდუკოვ-კორსაკოვის (კავკასიის მთავარმართებლის) თუ თვით ეგზარქოსის მოხსენება ამ დარაჯის მედლით დაჯილდოების შესახე და დარაჯმა ეს მედალი მიიღო კიდეც.“[1]

 



[1] კალისტრატე ცინცაძე, ჩემი მოგონებებიდან / მწიგნობრობა ქართული, ტომი 10, სასულიერო მწერლობა, გვ. 246-148

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა