სახარება ღმერთის სასუფევლის შესახებ

 

იოსებ რაცინგერი (პაპი ბენედიქტე XVI), იესო ნაზარეთიდან (ნაწყვეტი)

 

     “და შემდგომად მიცემისა იოვანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა  და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“ (მკ. 1, 14-15). ამ ფრაზებით აღწერს მარკოზ მახარებელი იესოს მოღვაწეობის დასაწყისს და პარალელურად მისი ქადაგების ძირითად შინაარსს გადმოგვცემს. მათეც შემდეგნაირად აღწერს იესოს მოღვაწეობას გალილეაში: „და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის“. ორივე მახარებელი ქადაგებას, როგორც სახარებას, ისე განსაზღვრავენ. ნეტავ რას ნიშნავს ეს ტერმინი? საბოლოოდ ითარგმნება, როგორც მხიარული უწყება. აღნიშნული მშვენივრად ისმინება. თუმცა, ტერმინ სახარების სპეციფიკურ სიღრმეს არ აღგვიწერს. ეს ტერმინი რომაელი იმპერატორების ტერმინილოგიაში გახლდათ მოთავსებული. იმპერატორები სამყაროს ბატონებად და გადამრჩენელებად იყვნენ წარმოდგენილნი. უწყებები (ბრძანებები), რომლებიც კეისრებისაგან მომდინარეობდნენ, მიუხედავად იმისა, მათი შინაარსი სასიხარულო იყო, თუ სამწუხარო, მაინც სახარებებად იწოდებოდნენ. რაც კი იმპერატორისაგან მომდინარეობს, ყოველივე გადამრჩენელ უწყებას წარმოადგენს. საქმე არ ეხება უბრალო ინფორმაციას, არამედ სამყაროს ცვლილებას სიკეთისაკენ. მახარებლებს, ამ ტერმინის გამოყენებისას, იმის თქმა უნდათ, რომ რასაც იმპერატორები უსამართლოდ ითხოვენ, რომლებიც თავად წარმოადგენენ თავიანთ თავებს ღმერთებად, იესო ქრისტეს ისტორიაში შესვლით ხორციელდება. ეს გახლავთ სრული ძალაუფლების მქონე უწყება, რომელიც უბრალო სიტყვას კი არ წარმოადგენს, არამედ სინამდვილეს. ეს არ გახლავთ უბრალო განცხადება-ინფორმაცია, არამედ მოღვაწეობა, ძალა და სავსე ენერგია, რომელიც მოდის სამყაროში რათა განსწმიდოს და შეცვალოს იგი. მარკოზი საღვთო სახარების შესახებ საუბრობს. იმპერატორებს არ შეუძლიათ სამყაროს ცხონება, გადარჩენა, არამედ მხოლოდ ღმერთს. და აქ ჩნდება ღმერთის სიტყვა, რომელიც გახლავთ საქმის სიტყვა. ახლა ნამდვილად აღესრულება ის, რასაც კეისრები უბრალოდ ამტკიცებდნენ და რისი გაკეთებაც მათ უბრალოდ არ შეეძლოთ, რადგან აქ, ისტორიის ჭეშმარიტი უფალი, ცოცხალი ღმერთი იწყებს მოღვაწეობას.

     სახარების ცენტრალური აზრი გახლავთ შემდეგი: ღმერთის სასუფეველი ახლოს არის. რაღაც ახალი ხდება. ფრაზა, ღმერთის სასუფეველი, ახალ აღთქმაში 122-ჯერ არის ნახსენები, მათგან 99 სინოპტიკურ სახარებებში გვხვდება, ხოლო 99-დან 90 თავად იესოს ფრაზებშია წარმოდგენილი.

     თავდაპირველად იესოს სიტყვებს უნდა ჩავუღრმავდეთ, რათა მისი ქადაგება, ღვაწლი და პათოსი გავიგოთ. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მოკლედ აღგვეწერა, თუ ზუსტად როგორ გაიგებოდა „სასუფეველი“ საეკლესიო ისტორიაში.

წარმოვადგენთ სამ ძირითად და მნიშვნელოვან მოსაზრებას, რომლებიც გამოითქვა ცათა სასუფევლის ფენომენთან დაკავშირებით. თავდაპირველად გვხვდება ქრისტოლოგიური განმარტება. ცნობილმა საეკლესიო მწერალმა ორიგენემ (III-) იესო წარმოადგინა თვითსასუფევლად. ეს იმას ნიშნავს, რომ სასუფეველი (სამეფო) პიროვნებასთან იგივდება. თავად იესო გახლავთ სასუფეველი, რომელიც არ წარმოადგენს რაიმე სახის საგანს, ნივთს, ან მართველობით ადგილს, როგორც მიწიერი სამეფოების შემთხვევაში ხდება ეს. სასუფეველი გახლავთ პიროვნება. ტერმინი "სასუფეველი" ამგვარად შეიძლება იყოს ქრისტოლოგიური.

მეორე მოსაზრება, რომელიც აღნიშნული ტერმინის მნიშვნელობას უკავშირდება, შესაძლებელია, რომ იდეალისტურად ან მისტიკურად წარმოჩინდეს. ამ თეორიის თანახმად, ღვთის სასუფეველი ადამიანის შინაგან მდგომარეობასთან იგივდება და ამ განმარტების სულისჩამდგმელადაც ორიგენე მიიჩნევა. თავის ნაშრომში, "ლოცვის შესახებ" აღნიშნავს: ვინც ლოცულობს, რომ სასუფეველმა მოაწიოს, უეჭველად ღვთის სასუფევლისათვის ლოცულობს. იგი, მის შიგნით ატარებს სასუფეველს.... თუ გვინდა, რომ ღმერთმა ჩვენში დაიმკვიდროს (მისი სასუფეველი, რომ ჩვენში იყოს), მაშინ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ბატონობდეს ცოდვა ჩვენს სხეულზე.... (Migne, PG 11, 495...). ღვთის სასუფეველი რომელიმე გეოგრაფიულ რუკაზე არ არის აღნიშნული და არ გახლავთ მიწიერი სამეფოების მსგავსი. მისი ადგილი ადამიანის შინაგანში მდებარეობს. იქ ჩნდება და იქ მოქმედებს. ტერმინ ღვთის სასუფევლის მესამე მნიშვნელობას, შეგვიძლია საეკლესიო ვუწოდოთ. ღვთის სასუფეველი და ეკლესია მრავალფეროვანი გზებით უკავშირდებიან ერთმანეთს. XIX-XX საუკუნეების თეოლოგიაში, ეკლესია ღმერთის ამქვეუყნიურ სამეფოდ, ისტორიის შიგნით სასუფევლის რეალიზების წყაროდ იყო წარმოდგენილი. ამასობაში, პროტესტანტულმა განმანათლებლობამ ახალებური განმარტება წარმოაჩინა და ამავდროულად ღვთის სასუფევლის უწყების ახლებური გაგება, რომელიც არა თუ სილოგიზმში, არამედ ეგოცენტრიზმში გამოიხატებოდა. შესაბამისად სრულად იკარგებოდა სასუფევლის, როგორც ეკლესიოლოგიური ფენომენის შესახებ არსებული სწავლება. ამასობაში კათოლიკურ სამყაროში წარმოიშვა მოსაზრება, სასუფევლის გამიწიერებასთან დაკავშირებით. აღნიშნული თეორიის მიმდევრებს სურდათ, რომ ახლებურად გადმოეცათ ქრისტეს ქადაგება, რომელიც თანამედროვე სამყაროსთვის კვლავინდებურად მისაღები და გასაგები იქნებოდა. ამ თეორიაზე დაყრდნობით, სასუფეველი ნიშნავს უბრალოდ ერთ კონკრეტულ სამყაროს, რომელშიც ბატონობენ "მშვიდობა", "სამართლიანობა" და "ეკოლოგია". მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი სასუფეველი უნდა იყოს ისტორიის მიზანი და არა რომელიმე სხვა და ეს გახლავთ რელიგიების ჭეშმარიტი მისია, რომ იმოღვაწეონ სასუფევლის წარმოსაჩენად. მიუხედავად რელიგიური, თუ ეთნიკური სხვაობებისა, ყველა ერთად უნდა იღწვოდეს სასუფევლისათვის, ანუ იმგვარი სამყაროსათვის, სადაც მეფობენ მშვიდობა, სამართლიანობა და პატივისცემა ეკოლოგიისადმი. ამგვარ გაგებაში, როგორც ვხედავთ, ღმერთის ცნება გაუჩინარებულია.

რაც შეეხება ძველ აღთქმისეულ ეპოქას, ქრ. შობამდე VI საუკუნეში არსებული ბუნებრივი კატასტროფების და კატაკლიზმების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ისრაელში, სასუფეველს ჰქონდა სამომავლო იმედის დატვირთვა, რადგან კატასტროფებისაგან დათრგუნული ხალხი მაშინვე სამომავლო იმედის შესახებ იწყებდა ფიქრს, ხოლო დანიელის წიგნში უკვე (2 საუკუნე) მიდის მსჯელობა სასუფევლის შესახებ, რომელიც უკვე დამდგარია, ანუ აწმყოშია.

"კითხეს მას ფარისეველთა: ოდეს მოიწიოს სასუფეველი ღმრთისა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისა ზმნით, არცა თქუან: აჰა აქა, ანუ იქი. და აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისა შორის თქუენსა არს" (ლკ. 17, 20-21). სწორედ აღნიშნული პასაჟი ეხმიანება ორიგენეს თეორიას, რომელიც სასუფევლის იდეალისტურ და მისტიურ გაგებას ეხება, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. სასუფეველი ჩვენშია, ჩვენს შიგნით მყოფობს. ღმერთის სასუფეველი უეცრად მოდის, მაგრამ ეს განმარტება არ გახლავთ ავთენტური. ავთენტური განმარტება იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტემ, ამ ფრაზით თავისი თავი იგულისხმა. ის, რომელიც თქვენს შორის მყოფობს, წარმოადგენს ღვთის სასუფეველს. აქ საუბარი არ გახლავთ იესოს ფიზიკურ მყოფობაზე, არამედ სულიწმიდაში მის მოქმედებაზე. ამ გაგებით, მასში და მის მიერ, ღვთის სასუფეველი არის წარმოდგენილი აქ და ეხლა, ამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება "აწმყოს", დიახ აქ და ახლა!

     

 

თავისუფალი თარგმანი: იოანე შოშიაშვილი