დროა შევზღუდოთ ფუნდამეტალიზმის სასიკვდილო ვირუსი

არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი

 

დღეს, COVID-19_თან ერთად მართლმადიდებელ ეკლესიას ფუნდამენტალიზმის პანდემისაც ებრძვის. ეკლესიისთვის ფუნდამენტალიზმი პოპულიზმის ნაირსახეობაა. იგი ეფუძნება პოსტსიმართლესა (post-truth) და შეთქმულების თეორიებს. ამავე დროს თავს წარმოაჩენს პიეტისტურად, სინამდვილეში კი სეკულარული მოვლენაა. ფუნდამენტალიზმის აღსანიშნავად გამოვიყენებდი დიტრიხ ბონჰოფერის მიერ შემოღებულ ტერმინს: „იაფი მადლი“. ფუდამენტალიზმი, იაფი სულიერება და ნამდვილი საეკლესიო მყოფობის იაფი ჩანაცვლებაა. 

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა გამოაჩინა, რომ ფუნდამენტალიზმი არა მხოლოდ რყვნის გონებებს და ურევს რწმენას, არამედ სხეულებსაც კლავს. დროა მას მოვეპყროთ როგორც ვირუსს, რომელსაც შეუძლია უფრო საშიშიც კი იყოს ვიდრე SARS-CoV-2. 

ფუნდამენტალიზმი იმ ხმელ ბალახს ჰგავს, რომლის დახმარებითაც კორონავირუსი ეკლესიებში ტყის ხანძარივით ვრცელდება. შედეგად, ფუნდამენტალიზმის სათბურები სასიკვდილო ავადმყოფობის ცხელ წერტილებად იქცნენ. ამ პროცესს შეგვიძლია მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთაც, სხვა რელიგიებში და კონფესიებშიც დავაკვირდეთ. თუმცა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ კორონა-ფუნდამეტალიზმის განსაკუთრებული ფორმები გამოავლინა, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავ. 

განგაშის ზარი მაშინ გაისმა, როცა უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში, კონსერვატიული მონასტრების მონაზვნების უმეტეს ნაწილს COVID-19-ის ტესტზე პოზიტიური შედეგები ამოუვიდათ. ბევრი მათგანი საავადმყოფოებში იქნა გადაყვანილი, ზოგიერთი კი გარდაიცვალა. ისეთი მონასტრები, როგორიცაა წმინდა იონას ლავრა კიევში, წმინდა სერგის მონასტერი მოსკოვთან ახლოს, დივეევო ნიჟნი ნოვგოროდთან ახლოს რუსეთში, წმინდა ელისაბედი ბელორუსიაში და სხვები... იქცნენ პანდემიის ცხელ წერტილებად. ზოგი მათგანი, მაგ. პოჩაევის ლავრა დასავლეთ უკრაინაში, გახდა მთელი ქალქის ჩაკეტვის მიზეზი, რადგან მონასტრის მომლოცველებმა ვირუსი მის ფარგლებს გარეთ გაიტანეს. დაავადების აფეთქება მონასტრებში არ ნიშნავს რომ იქ მცხოვრების მონაზვნების უმეტესობა ფუნდამენტალისტი იყოს. ბევრი მათგანი კარგი ქრისტიანია, რომლებიც ზრუნავენ სხვებზე და მათ სულიერებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ იაფს. მიუხედავად ამისა, ისინი დაავადდნენ მათი ნაკლებად ბრძენი ძმებისა და დებისგან. ტრაგიკულია, რომ რამდენიმე სემინარიელი ძალდატანებით დატოვეს მონასტრებში  რათა ეგალობათ და იერარქიას დახმარებოდნენ ლიტურგიკულ მსახურებაში, ახლა ისინი ავად არიან. ისინი იქცნენ ფუნდამენტალისტების არაჯანსაღი იდეებისა და სემინარიების მმართველების დაუდევრობის მსხვერპლებად. 

საიდუმლო არ არის, რომ ფუნდამენტალიზმი - ეს მცირე მოძრაობა მართლმადიდებლობაში - უკანასკნელ წლებში ნელ-ნელა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობის ერთგვარ საფუძვლად იქცა. მაგალითად, იგი გახდა მიზეზი ან საბაბი ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიისათვის, რათა არ დასწრებულიყვნენ საყოველთაო მართლმადიდებლურ კრეტის კრებას 2016 წელს. ზოგი ეკლესია, მაგალითად მსოფლიო საპატრიარქო ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს მას. ზოგი თანდათანობით დათმობებზე მიდის მასთან. ხოლო ზოგი, მაგ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რისკავს და ცდილობს მის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. 

ეკლესიის საჭეთმპყრობელნი მოსკოვში შორს არიან ფუნდამეტალიზმისგან, მაგრამ დიდი ხანია ცნობილია იმ პოტენციალის შესახებ, რაც ფუნდამეტალიზმს გააჩნია როგორც მასებზე, ისე ინდივიდებზე ზემოქმედების კუთხით. მაგალითად, კიევის მიტროპოლიტ ვლადიმერის სიკვდილის შემდეგ, ახალმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ ცხადად გამოაჩინა ფუნდამენტალიზმის ნიშნები. მოსკოვმა მისი გულწრფელი ფუნდამენტალისტური სიმპათიები გამოიყენა, რათა თავისთან ახლოს ჰყოლოდა, და ამავდროულად მისგან შექმნა ერთგვარი კედლის სანგრევი მანქანა სხვა ადგილობრივი ეკლესიების ინიციატივების წინააღმდეგ. იგი იყო რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად გამორჩეული სპიკერი პანორთოდოქსული კრების წინააღმდეგ. მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობა, კრემლთან თანამშრომლობით იყენებდა ფუნდამენტალიზმს, რათა მობილიზება გაეკეთებინა მასებისათვის უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიის მხარდასაჭერად. რუსული აგრესიის ზოგი იდეოლოგი და უამრავი რუსი მებრძოლი უკრაინაში ტიპიური რელიგიური ფუნდამენტალისტები არიან. მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ ავტოკეფალია უბოძა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ფუნდამენტალიზმი გახდა უკანასკნელი საყრდენი ავტოკეფალიის საწინააღმდეგოდ. როცა ავტოკეფალიის წინააღმდეგ არსებული არცერთი - თეოლოგიური თუ კანონიკური სახის არგუმენტი  - არ მუშაობს, მხოლოდ, ხელოვნურად კულტივირებულ ფუნდამენტალიზმს თუ შეუძლია შეაჩეროს ხალხი, რომ არ გადავიდნენ მოსკოვის საპატრიარქოდან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებელ იურისდიქციაში. ფუნდამენტალიზმი იყო ვირუსის ნაირსახეობა, რომელსაც მოსკოვი ინახავდა სინჯარაში და უშვებდა მაშინ, როცა სჭირდებოდა სხვებზე შეტევის ან საკუთარი თავის დაცვისათვის. 

COVID-19-ის პანდემიასთან ერთად, ეს ვირუსი გამოიქცა სინჯარიდან და შეუტია თავად მათ, ვინც შექმნა იგი. დღეს, მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტები რუსეთში, სარწმუნოების ღალატში ადანაშაულებენ პატრიარქსა და იმ ეპისკოპოსებს რომლებმაც გონივრული გაფრთხილებები მისცეს ხალხს. მრავალ ფუნდამენტალისტს სჯერა შეთქმულების თეორიების. თავდაპირველად ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის გამოცხადებით, აშშ-ს მთავრობა ან „მსოფლიო მთავრობა“ ანდა ორივე ერთად, მსოფლიო საპატრიარქოსთან თანამშრომლობით უტევდა რუსულ მართლმადიდებლურ ცივილიზაციას, რათა ძირი გამოეთხარა მისთვის. ახლა მათ სჯერათ, რომ იგივე მოთამაშეებმა გამოუშვეს ვირუსი, რათა შეეტიათ რუსეთისთვის და დაეხურათ მისი ეკლესიები. ისინი დასცინოდნენ მსოფლიო საპატრიარქოს, როცა მან მორწმუნეების დასაცავად თავიდანვე მიიღო ზომები, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვირუსი გავრცელებას იწყებდა. წაკითხული მაქვს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის ფეისბუქ პოსტი, სადაც იგი ზუსტად ამ მიზეზით დასცინოდა კონსტანტინოპოლს. მალევე, იგი COVID-19-ის გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. 

დარწმუნებული ვარ მსგავსი სიტუაციაა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებშიც, რომლებსაც ახლა უწევთ გადახდა წარსულში ფუდამენტალიზმთან  მათი ფლირტის გამო. ახლაა დრო ამ ფლირტის დასასრულებლად. ჩვენ ვნახეთ, რომ ფუნდამენტალიზმი კლავს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. დროა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა შევზღუდოთ არა მარტო კორონავირუსი, არამედ აგრეთვე ვირუსი ფუნდამენტალიზმისა.

 

წყარო: https://www.wheeljournal.com/blog/2020/5/6/cyril-hovorun-time-to-contain-the-deadly-virus-of-fundamentalism?fbclid=IwAR0Mxo6AQqrpzI54Crt-ICeT89OjDRe0dDXJaPJYexRy9892DDvx5dM-4Pw 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა საბა კევლიშვილმა

 

Download
კირილე ჰოვორუნი.pdf
Adobe Acrobat Document 219.5 KB