მსოფლიო პატრიარქის ჰომილია სიყვარულის მწუხრზე

                       პასექის კვირიაკე, 2020 წლის 19 აპრილი

                                                   ქრისტე აღდგა!

     ახლა, როდესაც აღვასრულებთ სიყვარულის მწუხრს, როდესაც ყოველივე საღმრთო შესაქმეში აღდგომის სურნელს აფრქვევს, კვლავინდებურად ვგრძნობ შინაგან სწრაფვას, რომ ყოველ თქვენგანს გამამხნევებელი სიტყვით მოგმართოთ, კურთხეულნო მსმენელნო და ტელემაყურებელნო, რომლებიც პანდემიის შიშის გამო, თქვენდა უნებურად, თქვენი ნების გარეშე, „დახშულ ბჭეთა მიღმა“, ეკლესიების გარეთ აღნიშნავთ პასექს.

     არაფერს და არავის, არანაირ ბუნებრივ კატასტროფას, პანდემიას, განსაცდელს, არავითარ ადამიანურ, ან რაიმე სხვა სახის დაბრკოლებას არ ძალუძთ ჩვენი განშორება აღდგომილი ქრისტეს რწმენისაგან.

    ქრისტიანის რწმენა, ამ სამყაროს მამოძრავებელი და გამამარჯვებელი ძალაა. ქრისტიანის რწმენა, აღდგომის ჭეშმარიტი და ჩაუქრობელი ნათელია, რომელიც ქრისტესადმი ლტოლვით აღინთება.

    ქრისტიანის რწმენა არ გახლავთ რელიგია, რომ გამოიძიოს ჭეშმარიტება, არამედ განცხადებული ჭეშმარიტება, ცხოვრება და მარადისობაა.

      ამიტომაც თქვენი პატრიარქის სიტყვა და ფიქრი დღეს, განსაკუთრებით ამ ბრწყინვალე დღეს, ძალიან ახლოს არის ყოველ თქვენგანთან, რომლებიც წელს, მოთმინებით და მწუხარებით ფიზიკურად გვაკლდებით წმიდა მსახურებებზე.

     პირადად მოგეახლებით ყველა თქვენთაგანს სახლში სულიერად, თითოეულ ოჯახში, თითოეულ ადამიანთან. მოგეახლებით ფანარიდან, მართლმადიდებელთა საერთო სახლიდან, იმისთვის რომ მოგიტანოთ ქრისტეს სინათლე, როგორც ჩემმა წინამორბედებმა  გადმომცეს იგი უცვალებელად.

     მოგეახლებით ქრისტეს დიდი ეკლესიიდან, იმისთვის რომ ყველა თქვენგანი ვაზიარო ცხოვრების საიდუმლოს.

     მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს, არასoდეს განიცდის სიკვდილს!  არსებობს მართლამდიდებელი ვინც ამას ეჭქვეშ აყენებს? შეიძლებოდა ქრისტე დამარცხებულიყო ბოროტ ძალებთან? ეს შეუძლებელია!

      ეკლესია გვიფარავს, გვიცავს და გვკურნავს, მას არ ესაჭიროება ჩვენი პირადი გაუცნობიერებელი აქტიურობა. ეკლესია გვზრდიდა, ძლიერდებოდა და ყალიბდებოდა დევნის და გასაჭირის პერიოდებში.

     დღეს აღარ გვიწევს ცხოვრება ასეთ პირობებში! დღეს უბრალოდ ვიცავთ ეკლესიის ავტორიტეტს ფუჭი თეორიებისგან, რომლებიც ყოველი მხრიდან უტევენ მას!

დღეს მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაშინ როდესაც ყველაფერი იკეტება, ეკლესია საკუთარ გულს უხსნის ყველას! ეკლესიას შეუძლია განვლოს საცხოვრებელთა და სულთა დახშული ბჭენი და იქცეს ნუგეშად და მშვიდობად.

ეკლესიის მადლი ძლევს ყოველგვარ პანდემიას, რადგან იგი  საღმრთო "ეპიდემიას" წარმოადგენს! ეკლესია ცოცხალია და ცოცხალი იქნება უკუნისამდე, დაუსრულებლად, შეუბრკოლებლად და სიკვდილისაგან თავისუფალი.

მე თქვენ არ დამვიწყებიხართ. შემეძლო კი თქვენი დავიწყება? გამთენიისას, საპასექო ლიტურგიაზე, წმინდა პროსკომიდიაში თქვენმა პატრიარქმა დიდი სიყვარულით მოიხსენია თქვენი სახელები და ჩემმა გულმა თქვენი ტკივილი იგრძნო.

 პატრიარქი, თქვენთან ერთად, პირველი აღიღებს დღევანდელი დღის ჯვარს. ვგრძნობ თქვენს ტკივილს, მწუხარებას, ურვას და მსურს ეს ყოველივე იმედით, რწმენით და ქრისტესადმი ნდობით  შევცვალო! გვიყვარს ქრისტე? მაშინ ვენდობით კიდეც მის ეკლესიას!

 ქრისტესმიერო შვილონო, ამ მიუაჩრდილებელი, ახალი დღის მიწურულს მსურს ვიმყოფებოდე თქვენ შორის, განვლო დახშული ბჭენი და მოგმართოთ მთელი გულით, ქრისტეს სიტყვებით: მშვიდობა თქვენდა! მიიღეთ სულიწმინდა! იხილეთ ჯვარცმული ხელები, დედა ეკლესიის განგმირული გვერდი და ნუ დაშვრებით!

 აღდგომილი ქრისტეს მადლმა და ღვთისმშობლის დღევანდელი დღის სიხარულმა განამდიდროს თქვენი ცხოვრება!

ქრისტე აღდგა! გილოცავთ!

 

სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნეს:

ვანო შოშიაშვილმა

დავით ნებიერიძემ

ნიკოლოზ ღონღაძემ