მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე

ტირანის და სრულიად ალბანეთის

მთავარეპისკოპოსი  ანასტასიოსი

 

აღდგომა 2020

უშიშება

 

     „ნუ გეშინინ“ (მათ. 28:10.)

     მთავარი ძღვენი, რომელიც მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა მოგვანიჭა, ხაზგასმულია  საპასექო პერიოდის ჰიმნში: „დახშულ კარებში, წარმოუდეგ მაცხოვარ მოციქულთა შენთა და მიჰმადლე მათ უშიშება და მშვიდობა“. ამ ძალამ, რომელიც უშიშებამ მიანიჭა მოციქულთ, თავდაპირველად „ჰურიათა შიშისთვის“ დამალულებს, ისინი გარდაქმნა უშიშ მოციქულებად, რათა წასულიყვნენ და მოემოწაფებინათ „წარმართნი“ და დაემოწმებინათ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა.

     შიში ადამიანის საშიში მრჩეველია. იგი მრავალგვარი სახით გამოვლინდება ჩვენ ფიქრსა თუ ნებაში და ამცირებს ჩვენ სიძლიერეს და შემოქმედობითობას. ადამიანში შიშის გამოწვევა შეუძლია მრავალ მიზეზს: საომარ მოქმედებებს, ბუნებრივ კატასტროფებს, ეპიდემიებს, როგორიც დღესდღეობით გავრცელებული COVID-19-ის ეპიდემია, რომელმაც შეძრა სრულიად კაცობრიობა. პიროვნულ საფეხურზე შიში შეიძლება წარმოშვას მტრობამ, უსამართლობამ, პიროვნულმა დაპირისპირებამ, მაგრამ ხშირად მისი მიზეზი ჩვენი უძლურებაა. ადამიანური შიში კულმინაციას  ძირითადად სიკვდილის წინაშე აღწევს.

     „ნუ გეშინინ“ ამხნევებს მენელსაცხებლე დედებს მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე, ხოლო მოციქულებს მიმართავს „მშვიდობა თქვენ თანა“ და მიმადლებს მათ „სულიწმინდას“ (იონ. 20:22). ამგვარად, იგი მათ ასწავლის, რომ მათი ცხოვრება დაემყარება სულიწმინდის ძალას და ენერგიას და იგი მათთან იქნება მთელი მათი არსებობის განმავლობაში, სულიწმინდის ძალა კი კავშირში იქნება უშიშებასთან, მშვიდობასთან და სიყვარულთან. ამასთანავე უფალი მათ აღუთქვამს, რომ მათთან ერთად იქნებოდა ყოველთვის „ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მათ.28:20).

* *

     ქრისტიანული შიში ორგანულად დაკავშირებულია ღმერთის  შიშთან, რომელიც არის „დასაბამი სიბრძნისა“ (იგავნ. 9:10) და ნიშნავს მოწიწებას, ღვთისმოშიშებას, ღმერთის არსებობის გაცნობიერებას. ღმერთისადმი არსებული შიში წარმოადგენს უშიშების ცოცხალ წყაროს და ძალას. ვისაც ღვთის შიში აქვს, მას არ ეშინია არავისი და არაფრის. უშიშებას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არ აქვს კავშირი რაიმე განუსაზღვრელ ოპტიმიზმთან. იგი ემყარება ღვთის რწმენას და ჭეშმარიტ სიყვარულს.

     ღვთის არსებობის მუდმივი  შეგრძნება ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში   უშიშებას ანიჭებს. ამას ბრძანებს მეფსალმუნეც: „ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ“ (ფსალ. 22:4). ჩვენი დროის ერთი პოეტიც ამბობს: „როდესაც შენ ჩემ მხარეს ხარ, შენი დიდება მათრობს, საკუთარი თავიც კი არ მყავს, რომ შემაშინოს“.

     დღესდღეობით, ჩვენი ფიქრი და მოქმედება დატყვევებულია კორონა ვირუსისგან. თუმცა, არ უნდა დავნებდეთ უხილავ მტერს, რომ დაგვამრცხოს. სახლში დარჩენით ნუ განვმარტოვდებით. პირიქით, გავაძლიეროთ ერთმანეთი, სიტყვებით და უბრალო საქმეებით. ჩუმი სიყვარულით, მხიარული განწყობით. თუმცა არ უნდა შემოვისაზღვროთ მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრებით, შევეცადოთ, რომ ჩვენი ინტერესის სფერო განვავრცოთ მეგობრებზე, ნათესავებზე და შორს მყოფ ადამიანებზე. სასწარფოა, რომ შეუერთდეთ შიშის სინდრომისგან გათავისუფლების ბრძოლას, რომელიც გაუკონტროლებლად ვრცელდება ჩვენს გარშემო. ღმერთი არ მიგვატოვებს ამ ბრძოლაში! ამ განსაცდელიდან რაღაც კარგიც გამოვა. ეს უჩვეულო ომი დამარცხდება საერთო, ზოგადსაკაცობრიო თანადგომის მობილიზებით.

* *

     ქრისტეში უშიშება გვირგვინდება სიკვდილით. ამგვარი რწმენა მომდინარეობს წმინდა წერილიდან: „გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით“ (რომ.14:8). „არავის არ შეგეშინდეთ სიკვდილის“ ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, რადგან „სიკვდილისგან გვიხსნა ჩვენ მაცხოვარმა“. მთელი საპასექო პერიოდი ავითარებს და აძლიერებს ჩვენი ეკლესიის ამ გამოცდილებას. სიკვდილის დამარცხების დადასტურება, ყოველდღიური ცხოვრების განსხვავებულ ხედვას გვანიჭებს: „ჩვენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკვდილისაგან ცხოვრებად, რამეთუ გვიყარან ძმანი (I იონ. 3:14). ეს არის მრავალი ადამიანის გამოცდილება, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში მოღვაწეობდნენ ქრისტეში რწმენით და სიყვარულით: „შიში არ არს სიყუარულის თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში“ (I იონ. 4:18).

     ჩემო ძმებო, ბედნიერი აღდგომა მომხდარიყოს ჩვენში! მოდით, ჩვენი გულები გავხადოთ „ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი“ (II კორ. 6:16). იმ დაბნეულობას  და  ნერვიულობას, რაც მოგვიტანა ამ საშინელმა პანდემიამ, მოდით შევეწინააღმდეგოთ იმ უშიშებით, რომელიც მოგვანიჭა ჯვარცმულმა და მკვდრეთით აღდგენილმა ქრისტემ. მოგვანიჭოს უფალმა უშიშება აღსავსე მშვიდობით და სოლიდარობით!

     წელს, არ შეგვეძლება სააღდგომო ცეცხლის ერთამნეთის სანთლებისგან აღება. მოდით, ვეცადოთ რომ ერთმანეთს გულებით გადავცეთ იმედის სინათლე და ქრისტეში უშიშება! ქრისტე აღდგა!

 

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა დავით ნებიერიძემ