† ბართლომეოსი არქიეპისკოპოსი
კონსტანტინოპოლისა - ახალი რომის
და მსოფლიო პატრიარქი
ეკლესიის სრულ სისავსეს მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტეს მიერ
ძმანო, ძვირფასო მღვდელმთავარნო და უფლის მიერ საყვარელნო შვილნო
დადგა პასექი და აღდგომის სიხარულის თანამოზიარენი, ვადიდებთ სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველ დიდების უფალს, რომელმაც თანააღადგნა ყოველი ნათესავი ადამისა და განგვიხვნა სამოთხისა ბჭენი.
ქრისტეს ბრწინვალე აღდგომა ადასტურებს, რომ სამყაროს მეუფე არის არა სიკვდილი, არამედ სიკვდილის მეუფების შემმუსრველი მხსნელი, რომელსაც უწინ, როგორც უხორცო სიტყვას ისე ვიცნობდით, ხოლო შემდეგ ვიხილეთ კაცთმოყვარეობის გამო ხორცშესხმული, როგორც კაცი, თუ როგორ მოკვდა და როგორც ღმერთი როგორ აღდგა, რომელიც კვლავ მოვა დიდებით, რათა განასრულოს საღმრთო განგებულება.
აღდგომის საიდუმლოება და მისი განცდა არის საეკლესიო ცხოვრების საფუძველი. წმიდა მსახურება, საღმრთო საიდუმლოებები, ლოცვა, მოღვაწეობა, მარხვა, სამოძღვრო მსახურება და კეთილი მოწმობა ამ ქვეყანაზე საპასექო სიხარულის სურნელებას აფრქვევენ. მორწმუნეთა ცხოვრება ეკლესიაში არის ყოველდღიური პასექი, „ზეციური სიხარული“, „გამოხნის სიხარული“ და ასევე „სიხარული თავად არის გამოხსნა“.
სწორედ ამიტომ ვნების შვიდეულის მსახურებები არ არის სამგლოვიარო, არამედ სავსეა აღდგომის ძლევის ენერგიით. ამ მსახურებებში განცხადებულია, რომ ჯვარს არ აქვს საბოლოო სიტყვა ადამიანის და სამყაროს გამოხსნის განგებულებაში. აღნიშნული ჯერ კიდევ ლაზარეს შაბათს წინასწარ გვეუწყება. ქრისტეს უახლოესი მეგობრის მკვდრეთით აღდგომა არის „საყოველთაო აღდგომის“ წინასახე. სიტყვები, „დღეს დამოეკიდების ძელსა ზედა“, სრულდება მოწოდებით, „გვაუწყე ქრისტე დიდებულება აღდგომისა შენისა“. გარდამოხსნის წინ ვგალობთ, ”ვადიდებ წმიდათა ვნებათა შენთა და ვუგალობ დაფლვასა და აღდგომასა შენსა“. ხმითა დიდითა ვქადაგებთ საპასექო მსახურებისას ჯვრის ჭეშმარიტ შინაარსს, „აჰა ესერა მოიწია სიხარული ჯვრისა მიერ სამყაროსა ზედა“.
პასექის „წმიდა და ჩინებული დღე“ არის „მერვე დღის“ აღმობრწყინება, „ახალი შესაქმის“ საწყისი, ჩვენი პირადი აღდგომის განცდა, უდიდესი „სასწაული ჩვენისა გამოხსნისა“. იგი არის გამოცდილებითი მტკიცებულება, რომ უფალი ჩვენთვის ევნო, მოკვდა და ასევე ჩვენთვის აღდგა, „განგვიმზადა მარადოსობაში აღდგომა“. მთელი საპასექო პერიოდის განმავლობაში საოცარი პოეტურობით იგალობება ქრისტეს ბრწინვალე აღდგომის ანთროპოლიგიური შინაარსი, ის თუ როგორ გადაინაცვლა ადამიანმა მონობიდან ჭეშმარიტ თავისუფლებაში, იგალობება „ქვემოდან ზემოთ, აღთმული მიწისკენ მოძრაობა და აღმასვლა“. ქრისტესმიერი ამგვარი გამომხსნელობითი განახლება ხორციელდება ეკლესიაში. იგი არის სამყაროში ევქარისტიული სულის დინამიკური გამოვლინება, „ჭეშმარიტება სიყვარულში“ და ღმერთთან სინერგია სამყაროს გარდასაქმნელად, რათა გახდეს იგი საუკუნო სუფევაში საღმრთო სიყვარულის სრული მოფენის სახე. აღდგომილ ქრისტეში ცხოვრება ნიშნავს სახარების ქადაგებას, „ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა“, მოციქულთა მაგალითის მიხედვით, არის ქმედითი მოწმობა მოვლენილი მადლის თაობაზე და „ახალი შესაქმის“ შესახებ, სადაც „სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი“ (გამოცხ. 21,4).
მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს მიმართ რწმენა და ჩვენი თანააღდგომა მასთან ერთად, არ აუქმებს სიკვდილს, ტკივილს და იმ ჯვარს, რომელიც ჩვენ ამ სამყაროში უნდა ვზიდოთ. არ უარვყოფთ ამ მძიმე რეალობას, არც იმას ვცდილობთ რომ რწმენით ერთგვარი ფსიქოლოგიური საფარველი შევიქმნათ სიკვდილის წინაშე. ვიცით, რომ ამქვეყნიური ცხოვრება არ წარმოადგენს მარადიულ სიცოცხლეს, რადგან ჩვენ ვართ „მოგზაურნი“, რომლებიც ვეკუთვნით ქრისტეს და მივისწრაფვით მისი საუკუნო სამეფოსაკენ. სიკვდილის და ტკივილის არსებობა, რამდენადაც თვალნათელი არ უნდა იყოს ის, არ წარმოადგენს საბოლოო რეალობას. სწორედ იგია სიკვდილის საბოლოო განქარვება. ღვთის საუფლოში არ არსებობს სიკვდილი და ტკივილი, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი. „შენი წმიდა ჯვარცმის წინაშე“ ვგალობთ: "ძრწოდა კაცი წინაშე სიკვდილისა, ხოლო შენი დიდებული ვნების შემდეგ სიკვდილი ძრწრის წინაშე კაცთა."
ქრისტესადმი რწმენა იძლევა ძალას, გამძლეობას და მოთმინებას, იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ განსაცდელებს. ქრისტე არის „ყოველგვარი დაავადების მკურნალი და სიკვდილისგან გამომხსნელი“. იგი არის ის, ვინც ევნო ჩვენთვის და განუცხადა ადამიანურ მოდგმას, რომ „მარადიულად ყველა ჩვენგანის“ ღმერთია და მისი კაცთმოყვარეობა ღვთის ჭეშმარიტების კუთვნილებას წარმოადგენს. საღვთო სიყვარულით აღვსილი სანატრელი ხმა ღაღადებს განრღვეულის მიმართ „ნუ გეშინინ, შვილო“, ხოლო სისხლმდინარე დედაკაცს მოუწოდეს „ნუ გეშინინ, ასულო“. „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“, ეუბნება ქრისტე ვნების წინ მოწაფეებს, ხოლო შემდგომ ციხეში მყოფ წარმართთა მოციქულ პავლეს, რომელსაც სიკვდილი ემუქრებოდა, სანატრელი ხმით მიმართავს „ნუ გეშინინ პავლე“.
კორონა ვირუსის ახალმა პანდემიამ აჩვენა, თუ რაოდენ უძლურია ადამიანი, როგორ ადვილად მძლავრობს მასზე შიში და უიმედობა, რაოდენ მწირია მისი ცოდნა და თავდაჯერება, რამდენად უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ სიკვდილი წარმოადგენს ფაქტს, რომლითაც მთავრდება სიცოცხლე და რომ სიკვდილის დავიწყება, ან მისი უგულებელყოფა არის მისდამი გამკლავების სწორი გზა. კრიზისული მდგომარება აჩვენებს, რომ ადამიანი უძლურია მტკიცედ სწორად საკუთარი არსებობა, როდესაც სწამს, რომ სიკვდილი არის დაუმარცხებელი რეალობა და გადაულახავი ზღვარი. რთულია ადამიანებმა ვიცხოვროთ საუკუნო ცხოვრების იმედის გარეშე. ეს იმედი ცოცხლობს ყველას გულში, ექიმების, ექთნების, მოხალისეების და ყველა იმ ადამიანის გულში, ვინც მცირედით მაინც ეხმარება მთელი სულისკვეთებით, თავგანწირვით და სიყვარულით, იმ ადამინებს, რომლებიც იტანჯებიან. ამ გაუსაძლისი კრიზისის დროს, სწორედ მათგან იფრქვევა აღდგომის იმედი. ისინი არიან „კეთილი სამარიტელები“, რომლებიც საკუთარი სიცოცლის ფასად, ზეთით და ღვინით ულბობენ მათ ჭრილობებს, ისინი არიან თანამედროვე „კვირინელები“ გოლგოთიდან, რომლებიც ავადმყოფთათვის იღწვიან.
ამგვარი ფიქრებით, პატიოსანნო ძმანო და საყვარელნო შვილნო, ვადიდოთ მკვდრეთით აღდგომილი უფალი, რომლის ნათლისგანაც მომდინარეობს სიცოცხლე, რომელიც განანათლებს სამყაროს აღდგომის ნათელით. ვევედრებით ჩვენი სულის და ხორცის მკურნალს, რომელიც გვანიჭებს სიცოცხლეს და აღდგომას, რათა დაემკვიდროს კაცთა შორის მისი ენითაღუწერელი კაცთმოყვარებობით და მოგვანიჭოს ჯანმრთელობის ძვირფასი ძღვენი. წარმართოს ჩვენი მსვლელობა იმგვარად, რომ ღირს ვიქმნეთ ღვთივბოძებული თავისუფლებით, რომელიც ამ სამყაროში მოგვენიჭა, განვასრულოთ ჩვენი მსვლელობა მამის, ძის და სულიწმინდის ზეციურ სასუფეველში.
ქრისტე აღდგა!
ფანარი, წმინდა პასექი, 2020
მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის მიმართ თქვენთვის მხურვალედ მლოცველი
+ კონსტანტინოპოლელი ბართლომეოსი
© www.palamacentre.com