ჰიპოთეზური მოსაზრება სიმონ კვირინელისა და სვიმეონ ნიგერის იდენტურობის შესახებ
ქრისტიანთათვის უმთავრესია ცოდნა არა მარტო იესო ქრისტეს მოძღვრების, ვნების, ჯვარცმისა და აღდგომის ისტორია, არამედ უშუალოდ ცნობები მაცხოვართან დაკავშირებულ ხალხთა შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ჯვრით მიმავალი მაცხოვრის განვლილი გზა გოლგოთამდე და ის პიროვნება, რომელიც ქრისტეს ტანჯვის გზაზე მიეხმარა.
„და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ[1]. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი“ (მათ. 27:32).
მოყვანილი ციტატა ეხება პიროვნებას, რომელიც მოხსენიებულია მათეს სახარებაში. სამივე მახარებელი, გარდა იოანესი, ასახელებს სიმონ კვირინელის სახელს და გვაუწყებს, რომ იგი მიეხმარა მაცხოვარს ჯვრის ზიდვაში (მარკ.15:21, ლუკ. 23:26), ხოლო იოანე მოციქული აღნიშნავს, რომ ჯვარი ქრისტემ ატარა. ამგვარად გზის გარკვეული მონაკვეთი მხოლოდ მაცხოვარმა განვლო, ხოლო შემდგომ სიმონი მიეხმარა მას.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით სახელი სიმონი ითარგმნება როგორც მორჩილი. ამგვარად, ქრისტეს ჯვარს ის აღიღებს, ვისაც მორჩილება აქვს. კვირინეა ადრე პენტაპოლისი[2] იყო და იმ ხუთ გრძნობას აღნიშნავს, რომელთაც ჯვრის აღება ჰმართებთ[3]. სიმონი იხსენიება კვირინელად. მისი სამშობლო მდებარეობს დღევანდელი ლიბიის ტერიოტორიაზე, ჩრდილოეთ აფრიკაში, რომელიც ძველი ბერძნული კოლონია იყო, იქ კი დღემდე მოსახლეობის უმეტესობა ფერადკანიანი გახლავთ.
ბიბლიის მკვლევრები ჯეიმს დიქსონ დუგლასი და ფილიპ კომფორტი მიიჩნევენ, რომ სახარებაში ნახსენები სიმონ კვირინელი, რომელიც მაცხოვარს ჯვრის ზიდვაში მიეხმარა და ასევე მოციქულთა საქმეებში დასახელებული სვიმეონ ნიგერი ერთი და იმავე პიროვნებას აღნიშნავს: „იყვნეს ანტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ“ (საქმ. 13:1)[4].
უპირველესად აღვნიშნოთ, რომ სახელი სვიმეონი და სიმონი (შიმონი) არის ერთი და იგივე. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ „სიმონი“ ნიშნავს მოსმენას: „კვლავ დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და თქვა: ესმა[5] უფალს, რომ მოძულებული ვარ, და მომცა ესეც. უწოდა ვაჟს სახელად სიმონი” (დაბ. 29:33). „ნიგერი“[6] კი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „შავს”.
“წმიდათა ცხოვრებანიდან” ვკითხულობთ, რომ „წმიდა სვიმეონ ნიგერი იმდენად წარემართა მოციქულებრივ ღვაწლში, რომ მას უფლის 70 რჩეული მოწაფის გვერდით აყენებენ“[7].
ეს ორი ფაქტი გვეხმარება დავუკავშიროთ ერთმანეთს ნიგერი (შავი) და სიმონი. „ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძულ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს” (საქმ. 11:20). ლუკა მახარებელი არ გვაუწყებს, რომ სვიმეონ ნიგერი იყო სიმონ კვირინელი, მაგრამ თანამედროვე ბიბლიის მკვლევართა მოსაზრებით, კვირინელ მორწმუნეთა შორის შესაძლოა ყოფილიყო სიმონიც. წმინდა წერილის ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ჰურიათა“ გარდა არავის უქადაგებდნენ, თავად მათ შორისვე იყვნენ კვიპროსელებიცა და კვირინელები.
უილიამ ბერკლის „ახალი აღთქმის კომენტარებში“ სიმონ ნიგერის შესახებ ვიგებთ, რომ იგი გახლდათ იუდეველი, მაგრამ ზედმეტსახელის ეტიმოლოგია „ნიგერი“ უნდა მიუთითებდეს მის რომაულ წარმომავლობასა და სავარაუდოდ, მკვლევრის მოსაზრებით შესაძლოა მას რაღაც პერიოდი რომში ეცხოვრა[8].
კვირინეაში ცნობილია, რომ იყო ებრაული თემი, სადაც 100 000 კაცი სახლობდა ჯერ კიდევ პტოლემეოს I სოტერის დროიდან (ძვ.წ. 305-283). მან ეგვიპტე ჩაიბარა ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ [9]. კვირინეა (Κυρήνη), რომ ცნობილი და გამორჩეული ქალაქი იყო, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბიბლიაში ის მოხსენიებულია, როგორც ძველი [10], ასევე, როგორც აღვნიშნეთ, ახალი აღთქმის ტექსტებში.
ღვთისმოშიში და რჯულის დამცველი ებრაელები და არამარტო „ჰურიები“, მთელი მსოფლიოდან ჩადიოდნენ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. როგორც ცნობილია წმინდა წერილიდან სულთმოფენობისას საღვთო მადლის მოციქულებზე გარდამოსვლის შემდეგ, ისინი ხალხს ყველას თავიანთ ენაზე უქადაგებდნენ: „ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა” (საქმ. 2:10–11). შესაძლებელია, სიმონ კვირინელი, რომელიც იცნობდა ებრაული რჯულის კანონებს, პასექის დღესასწაულზე ებრაულ თემთან ერთად იერუსალიმში ჩავიდა, სადაც მისი გზა გადაიკვეთა მაცხოვართან[11].
ბიბლიის მკვლევარ ა. ლოპუხინის განმარტების თანახმად, სიმონ კვირინელი უნდა ყოფილიყო ეგვიპტეში მცხოვრები ებრაელი. მისივე მოსაზრებით, სახარებაში მოხსენიებული კვირინელები უნდა ყოფილიყვნენ იქ მცხოვრები ისრაელიანები. ისინი იყვნენ ჩამოსულები სულთმოფენობის დღსასწაულზე (საქმ. 2:10), აგრეთვე კვირინელ მორწმუნეებს გააჩნდათ საკუთარი ადგილი სინაგოგაში (საქმ. 6:9). თუმცა, ა. ლოპუხინს მოჰყავს ბენგელის მოსაზრებაც, რომ არც ისრაელიანი და არც რომაელი არ ისურვებდა მიხმარებოდა მაცხოვარს ჯვრის ზიდვაში. ბიბლიის მკვლევარი ლოპუხინი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე მარკოზ და ლუკა მახარებლებთან დაცულ დამატებით ინფორმაციას სიმონ კვირინელზე, რომ როცა მას ჯვრის ტარება აიძულეს იგი მოდიოდა ველიდან (მარკ. 15:21, ლუკ. 23:26). სიმონ კვირინელი მორწმუნე ებრაელი რომ ყოფილიყო იგი პასექის დღესასწაულის პერიოდში არ იმუშავებდა მინდორში, თუმცა მკვლევარი იქვე მიუთითებს, რომ ამ გამონათქვამში შესაძლებელია იგულისხმებოდეს უბრალოდ ველიდან გამოსვლა[12]. 1900 წელს გამოცემული ბროშურა „შვიდი სიტყვა ჯვრიდან უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესი“ ქრისტესა და სიმონ კვირინელის შეხვედრის შესახებ შემდეგს გვაუწყებს: „ჯვარი ვინმეს უნდა წაეღო, რადგან იესოს აღარ შეეძლო მისი ზიდვა. ვის უნდა წაეღო? ჯალათები, რა თქმა უნდა, არ წაიღებდნენ, ებრაელებს კი ჯვართან შეხებაც კი შებილწვად მიაჩნდათ... სწორედ ამ დროს მათ შეხვდებათ უცხოელი, კვირინელი სიმონი და მას აიძულებენ წაღებას, თუმცა თვითონ არ იყო უარზე, ეტვირთა უფლის ჯვარი. ამასთან დაკავშირებით ლეონ რომის პაპი ბრძანებს: „შემთხვევითი არ არის, არამედ საიდუმლოებითად და სასწაულებრივად აღსრულდა, რომ ქრისტესთან ერთად ვნებისათვის განემზადა არა იუდეველი, არამედ უცხოტომელი. ჯვრის ტვირთვით უწმინდესი კრავის სისხლით წყალობა და საიდუმლოთა მთელი სისავსე წინადაცვეთილთაგან წინადაუცვეთელებზე გადავიდა, ხორციელი თესლიდან სულიერზე“[13]. ლეონ რომის პაპის უწყებულიდან გამომდინარე წარმოჩნდება ის, რომ სიმონ კვირინელის სახით წარმართებზე გადავიდა უფლისმიერი კურთხევა, ხორციელი ისრაელიდან სულიერზე და პაპი ნათლად მიუთითებს უმთავრეს დეტალზე, რომ იუდეველი არ გაეკარებოდა ჯვარს, როგორც სასიკვდილი იარაღს.
საეკლესიო გადმოცემით მარკოზ მახარებელმა სახარება დაწერა მრავალრიცხოვანი რომაული აუდიტორიისთვის. მან დაასახელა მკითხველთათვის სიმონ კვირინელის ვაჟთა სახელები – ალექსანდრე და რუფუსი, რადგან ისინი გახდნენ მქადაგებლები და რომის ქრისტიანულ თემში ცნობილი უნდა ყოფილიყვნენ. რუფუსს პავლე მოციქულიც ასახელებს: „კითხვაჲ არქუთ რუფოსს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასა მისსა” (რომ. 16:13). ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ პავლე მოციქული იცნობდა რუფუსის დედას. ამ ფაქტების შეჯერებით სავარაუდოა, რომ სიმონ კვირინელი გახდა ქრისტეს მიმდევარი და მისი შვილები ცნობილნი იყვნენ ადრეულ ეკლესიაში. შემდგომ სიმონ კვირინელი მოგზაურობდა ანტიოქიაში და ეხმარებოდა მორწმუნეებს იქაური ეკლესიის დაარსებაში; იქ მას უწოდეს „ნიგერი” ანუ “შავი”, რადგან შესაძლებელია ფერადკანიანი ყოფილიყო. სიმონის ცოლი და შვილი რუფუსი რომში ცხოვრობდნენ. ეკლესიაში მათ დიდად აფასებდნენ, რადგან „კვირინელისადმი” ძალიან დიდი პატივისცემა ჰქონდათ.
რაც შეეხება ალექსანდრეს, 1941 წელს კედრონის ველზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ იერუსალიმის მიდამოებთან, ელეაზარ სუკენიკმა, ისრაელის უნივერსიტეტის მკვლევარმა, აღმოაჩინა კვირინელ მორწმუნეთა სამარხები, რომლებიც თარიღდება ჩვ. წ. I საუკუნით. ერთ აკლდამაზე აღმოჩნდა წარწერა ბერძნულ ენაზე: „ალექსანდრე სიმონის ძე”[14].
სიმონ კვირინელი, რომ ფერადკანიანი გახლდათ ამას მოწმობს ხალხში ზეპირსიტყვიერი გადმოცემაც. აფრო-ამერიკელ ლუთერანებს თავიანთმა სასულიერო პირმა, მეთიუ ჰარისონმა, უქადაგა, რომ სიმონ კვირინელი, რომელმაც იტვირთა ქრისტეს ჯვარი, გახლდათ ფერადკანიანი, წარმოშობით ლიბიელი[15].
რადგანაც სიმონი კვირინელი იყო, ხოლო ლიბიის უმეტესი მაცხოვრებელი ფერადკანიანია, არსებობს დიდი ალბათობა, რომ სიმონიც შავკანიანი იქნებოდა. საქმეებში მოხსენიებულია სვიმეონი „ნიგერად“ ანუ „შავად“ და ამასთანავე ზემოთმოყვანილი მაგალითებიც ადასტურებს იმას, რომ სვიმეონ ნიგერი და სიმონ კვირინელი ერთი და იგივე პიროვნებაა, თუმცა არსებობს ამ ჰიპოთეზის საპირისპირო ვერსია XVII საუკუნის პრესვიტერიანული ეკლესიის მქადაგებელ მეთიუ ჰენრისა, რომელიც გამოთქვამს მოსაზრებას სვიმეონ ნიგერის შესახებ, რომ მას ჰქონდა მუქი შავი თმა და ამის გამო დაერქვა ნიგერი, რაც არ არის კავშირში მის ეთნიკურ წარმომავლობასთან [16].
ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია წმინდანი მსგავსი ზედმეტსახელით – „მოსე შავი“, რომელიც IV საუკუნეში ეგვიპტეში ცხოვრობდა. იგი გახლდათ წარმომავლობით ეთიოპიელი, შავკანიანი კაცი, რომელმაც ეს ზედწოდება კანის ფერის და არა თმის ფერის გამო მიიღო[17].
განხილული მოსაზრებების შეჯამებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიმონ ნიგერი და სვიმონ კვირინელი ერთ ადამიანს უნდა აღნიშნავდეს. ამ ორი პიროვნების იდენტობის საკითხს ბევრი მკვლევარი იზიარებს, თუმცა ქრისტეს ჯვრის მტვირთველის წარმომავლობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მაინც არ გაგვაჩნია, რადგან სიმონ კვირინელის ეთნიკური წარმომავლობის შესახებ აზრი ორად იყოფა: I – იგი იყო კვირინეაში (ლიბიაში) მცხოვრები ებრაელი, რომელსაც მუქი შავი თმა ჰქონდა და II – ის გახლდათ ფერადკანიანი ადამიანი, რომელსაც ზედმეტსახელად „შავი“ კანის ფერის გამო უწოდეს.
გამოყენებული ლიტერატურა
ახალი აღთქუმაჲ, მეცნიერულად დადგენილი ტექსტი წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა რედაქციებისა, 2004
ბიბლია, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 1989
მათეს სახარების კომენტარები, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2005 წელი
წმიდათა ცხოვრებანი, მეოთხე გამოცემა, წიგნი I – II, თბილისი, 2008
Гзнри М. Толкование на книги Нового завета, Т. 4, 2003
Лопухин , А.П. Толковая Библия, Петервургь, 1911-1913, Т. 3
გამოყენებული ინტერნეტ–რესურსები
Комментарий Баркли к Новому Завету – http://www.bible.by/barclay-new-testament/read-com/44/13/
http://en.wikipedia.org/wiki/Simon_of_Cyrene
http://www.jeffangiegoh.com/?m=201011&cat=1&paged=2
http://forbiddengospels.blogspot.com/2009/01/report-on-birth-of-christianity-jewish.html
http://dckoso.wordpress.com/2008/10/28/simon-of-cyrene-and-simeon-called-niger/
http://en.wikipedia.org/wiki/Kidron_Valley
http://abc3miscellany.blogspot.com/2010/07/black-ministry-family-convocation.html
[1] Shimon ხოლო ბერძნულში აისახა, როგორც Συμεών.
[2] პენტაპოლისი ხუთ ქალაქს ნიშნავს ბერძნულად.
[3] თეოფილაქტე ბულგარელი, მათეს სახარების კომენტარები, [თარგმ. კოპლატაძე გ.], საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2005, გვ. 255
[4] http://dckoso.wordpress.com/2008/10/28/simon-of-cyrene-and-simeon-called-niger/
[5] მოსმენა ზმნა ებრაულში გადმოიცემა სიტყვით שְׁמַע (Shema), ეს უკანასკნელი ასევე გვხვდება თორაში II რჯულის 6:4-ის მონოთეისტურ უმთავრეს უწყებად: „გესმოდენ ისრაჱლსა: უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს“ (მცხ. ხელნ.), ხოლო თანამედროვე რედაქციის მიხედვით: „ისმინე, ისრაელო! (Shema Yisrael) ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი“. სწორედ ეს ფრაზა წარმოსთქვა, სიმონ ბარ-კოხბას აჯანყების თანამოაზრემ, რაბი აკიბამ თავის უკანასკნელ სიტყვად, როდესაც რომაელები მას აწამებდნენ.
[6] მიუხედავად იმისა, რომ თავად სიტყვა აღნიშნავს „შავს“ ლათინურ ენაზე, ტერმინმა უარყოფითი მნიშვნელობა მოიხვეჭა და ასოცირდება ფერადკანიანთათვის დამამცირებელ და რასისტული დისკრიმინაციის გამომხატველ ტერმინად.
[7] წმიდათა ცხოვრებანი, IV გამოცემა, წიგნი I, თბილისი, 2008, გვ. 26
[8] http://www.bible.by/barclay-new-testament/read-com/44/13/
[9] http://www.jeffangiegoh.com/?m=201011&cat=1&paged=2
[10] ბიბლიის თანახმად მაკაბელთა წიგნის მაუწყებლად წარმოჩენილია იასონ კვირინელი (II მაკ. 2:23).
[11] http://dckoso.wordpress.com/2008/10/28/simon-of-cyrene-and-simeon-called-niger/
[12] Лопухин А.П., Толковая Библия, Петервургь, 1911-1913, Т. 3, ст. 455
[13] семь словъ спасителя и господа нашего иисуса христа на крестъ, цензоръ: Протоiерей Александръ Смирновъ, москва, 1900, ст. 10-11
[14] http://forbiddengospels.blogspot.com/2009/01/report-on-birth-of-christianity-jewish.html
[15] http://abc3miscellany.blogspot.com/2010/07/black-ministry-family-convocation.html
[16] Гзнри М. Толкование на книги Нового завета, Т. 4, 2003, ст. 189