კორეის მიტროპოლიტ ამბროსის საშობაო ეპისტოლე

მსოფლიო საპატრიარქოს კორეის მიტროპოლიტისა და იაპონიის ეგზარქოსის, მისი მეუფების, ამბროსის (ზოგრაფოსი)

 

საშობაო ეპისტოლე

 

უფლისმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,

გამოხსნა! ამ სიტყვას, რომელიც მარადიულობის სიმძიმეს იტვირთავს, ჩვენ ვუკავშირებთ ქრისტეშობის დიდი და დიდებული დღესასწაულის მნიშვნელობას. ადამიანთა მოდგმა მთელ მსოფლიოში მადლიანად ისმენს ამ იმედით სავსე სიტყვას, რამდენადაც ყოველი ჩვენგანი - ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, საჭიროებს და მოელის გამოხსნას.

სამოთხეში დაცემისა და გამოდევნის შემდეგ, ადამი და ევა გამოხსნას მოელოდნენ. მოელოდნენ, რომ დაუბრუნდებოდნენ პირვანდელ ნეტარ მდგომარეობას. მას შემდეგ და ვიდრე ქრისტეს შობამდე, ადამიანები უშედეგოდ ცდილობდნენ, რომ სარწმუნოებრივი თუ ფილოსოფიური გზებით მიეღწიათ გამოხსნისათვის. თვით ქრისტეს შობის შემდეგაც დღევანდელ დღემდე გრძელდება მსგავსი უშედეგო მცდელობა გამოხსნისა, მათ მიერ, ვინც ამას ეძიებს სმაში, ნარკოტიკში, მატერიალურ სიმდიდრეში, ტექნოლოგიებში, ამსოფლიურ გართობებსა და გრძნობით სიამოვნებებში. თუმცა ჭეშმარიტი გამოხსნა არა ადამიანური, არამედ ღმრთაებრივი მიღწევაა. ესაა ძვირფასი ძღვენი, რომელსაც ღმერთი სთავაზობს ყველა ადამიანს თავისი მხოლოდშობილი ძის შობის მეშვეობით. „ჴსნაჲ მოუვლინა ერსა თჳსსა“ (ფს. 110:9), როგორც ამას ვგალობთ საშობაო ლოცვაში. შესაბამისად, „ღირს არს და მართალ“, რათა განვადიდოთ ღმრთისმშობელი ‒ დედა ღმრთისა ‒ ვინაიდან ისაა, ვისგანაც მოგვევლინა გამომხსნელი. ამიტომაც ვუგალობთ მას: „ადიდე, სულო ჩემო, ქალწული, რომელმანცა გჳჴსნა ჩვენ პირველისა წყევისაგან“.

გამოხსნა, რომელიც ქრისტემ მოუტანა კაცობრიობას და ყოველ ქმნილებას, არაა არც თეორია და არც აბსტრაქტული იდეა. არამედ ესაა რაღაც განსაკუთრებული, რაც ეხება ყოველდღიურ კაცობრივ ცხოვრებას და რომელსაც უტვირთავს ჭეშმარიტი სიხარულისა და შინაგანი მშვიდობის ხელშესახები შედეგები.

 

ქრისტე გახდა ადამიანი პირველ რიგში იმის გამო, რომ გამოვეხსნეთ ყოველგვარი ბოროტების წყაროსგან, რომელიც არის ცოდვა; მეორე რიგში, რათა გამოვეხსნეთ კაცის-მკვლელი ეშმაკისგან; მესამე რიგში კი, რათა გამოვეხსნეთ მარადიული სიკვდილისგან, შიშისგან, სასოწარკვეთილებისა და თვითგანადგურებისგან.

გამოხსნას პირად სიბრტყეში მოაქვს სოციალურ სიბრტყეში გამოხსნა. ადამიანთა საზოგადოება, თუკი ის შედგება გამოხსნილ ქრისტიანთაგან, აღარ იტანჯება ომებით, ძალადობით, ტერორიზმით, ადამიანთა თუ ბუნებრივი სამყაროს წინააღმდეგ დანაშაულებითა და სხვა არაადამიანური ქცევებით.

 

რაც ჩვენს თანამედროვე მსოფლიოს უმეტესად ესაჭიროება, არიან ადამიანები, რომლებიც ღმრთის მადლით და მისი მეშვეობით იბრძვიან მათი პირადი ხსნისათვის, ზუსტად ისე, როგორც წმიდანი მათი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს.

თუ გამოხსნისათვის ღვაწლი იქცევა ჩვენი ყოველდღიური ზრუნვისა და ფიქრის საგნად, მაშინ შობა ჩვენი გამომხსნელის, იესუ ქრისტესი გახდება არა ერთდღიანი ხალხური ზეიმი წელიწადში, რომელსაც ჩვენ ცხოვრებაზე არავითარი გავლენა აქვს; არამედ ის იქცევა ჩვენი პირადი და სოციალური გამოხსნის შეურყეველ საფუძვლად.

 

ამდენად, მოდით ვიბრძოლოთ ყველამ, რათა განვიცადოთ და ჩვენში დავნერგოთ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს გამომხსნელობითი აღთქმა და მოდით, ვიზრუნოთ, რათა ეს ცხოვრების შემცვლელი ძღვენი მივიტანოთ მოყვასამდე ახლოსა თუ შორს.

მისი მეუფების, პისიდიელი მიტროპოლიტი სოტირიოსის [*], სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და უფლისმიერ ჩვენი ყველა თანამსახურის სახელით, გისურვებთ ბედნიერ ქრისტეშობას, აღვსილს სოფლის გამომხსნელის მყოფობით თქვენს გულებში.

 

დიდი სიყვარულითა და განხორციელებული უფლის მიმართ განსაკუთრებული პატივ-გებით,

 

+ ამბროსი, მიტროპოლტი კორეისა

 

(c) თარგმანი დავით ჩიკვაიძის

 

[*] პისიდიის ტიტულარული მიტროპოლიტი სოტირიოსი არის კორეის ეპარქიის პირველი კანონიკური მმართველი (2004-2008). ამჟამად ცხოვრობს კორეის მართლმადიდებელი ეკლესიის გაფიონგის ფერისცვალების მონასტერში (მთარგმნ. შენიშვნა).

 

წყარო- კანონიკური სამართალი • Canon Law