XIX-XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიის (და არა მხოლოდ) შესასწავლად, გამორჩეული წყაროა დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის (1873-1933) ჩანაწერები, სხვაგვარად რომ ვთქვათ „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეუფასებელ ცნობებს გვაძლევს მისი ეპოქის სხვადასხვა მოვლენის შესახებ. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი გთავაზობთ დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ნააზრევს 25 დეკემბრისა და ზოგადად ძველი თუ ახალი სტილის კალენდრების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია მის დღიურებში ორ ადგილზე გვხვდება და 1923 წელსაა ჩაწერილი.
,,1923 წელი, იანვრის 1-ლი ახ. სტილით ჩვენი ეკლესია ისევ ძველ სტილზეა! მოქალაქობა უკვე ახალი სტილით სწარმოებს ჩვენშიც. ახალი წლის წინაღამე მთელმა თბილისმა სულ განუწყვეტელ თოფის სროლაში გაატარა. ხალხი, ერი _ ახალ წელიწადს ითენებს! ეკლესია კი ამ დროს სდუმს! ის თითქოს ამ ხალხს _ ესე იგი თავისთავს (ეკლესია ხომ მორწმუნეთა კრებულია!) ებუტებაო! მაგრამ ამ ბუტიაობას ვინ უწევს ანგარიშს! დიდი ხანია `ეკლესია~ თავის გზით მიდის, ხოლო ხალხი და ცხოვრება _ თავისი `გზით~! ახალ სტილზე საქართველოს ეკლესიის გადასვლას მე მოვითხოვდი 1918-19 წლებში საკათ. საბჭოში! მაგრამ მხარი არავინ დამიჭირა: `მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთობა მოგვეშლებაო~! ნეტავი ვიცოდეთ _ რა `ერთობაა~ დღეს ჩვენსა ან სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის! ჩვენ ერთიმეორის ამბავიც კი არ მოგვდის! მაშასადამე ეს `ერთობა~ ფიქციაა, ის მოჩვენებაა! სხოლასტიკის ნაშთი, საპნის ბუშტები!.. დღეს ახალ წელიწადს უქმობს ჩვენი დედა-ქალაქი, სუფრა დატვირთული აქვთ ქრისტიანებს სხვა და სხვა სანოვაგეთი! `ეკლესია~ მარხულობს _ ჯერ შობა არ გაგვთენებია, ახალი წელიწადი კი დავიყენეთ! თქვენ უნდა ნახოთ საკუთარი თვალით თუ როგორ მარხულობენ დღეს... ჩვენი მღვდლები ან მათი... უფროსები!.. ეს `უხერხულობა~ რამოდენიმედ მაინც აგვშორდებოდა, რო ახალ სტილზე გადავსულიყავით! 25 დეკემბერს _ ახ. სტილით _ შობას გავითენებდით, დღეს ახალ წელიწადს და შემდეგ წავიდოდა ყველაფერი თავისი გზით! ამით გაუერთიანდებოდით როგორც კათოლიკეთა ეკლესიებს, ისე პროტესტანტებისაცა, კულტურულ ქრისტიანულ ერებთან ერთ დროს გვექნებოდა დღესასწაულები! განა ეს იდეიური ქრისტიანული საქმე არ იქნებოდა! მაშ რას ნიშნავს ჩვენი ქრისტიანულ `ერთობაზე~ ლოცვების აღვლენა _ `ეკლესიათა გაერთიანებაზე~ ლოცვა! ეს ხომ `ფარისევლური კეთილმსახურება~ გამოდის! ლოცულობ, სთხოვ უფალს იმას, რაც შენ არ გსურს გულით, რისადმი შენ არ გსურს შეგნებული ერთი ნაბიჯი რაა გადასდგა! ეს ხომ ცხადია დღეს ყველასათვის, რომ `იულიანეს კალენდარი~ 13 დღით ჩამორჩა `გრიგორიან კალენდარს~! ხოლო ეს უკანასკნელიც უკვე ერთი დღე და ღამით დაშორდა ნამდვილ ასტრონომიულ წელიწადს! ხო არ ჰგონიათ ვისმეს, რომ დასავლეთ ევროპის ეკლესიები ჩვენ შემოგვიერთდებიან... კალენდარში! ეს ხომ სასაცილოა, რო ასე სამარცხვინო არ იყოს... მაშ ესეც დროს საქმეა! ეს ადრე თუ გვიან ჩვენშიდაც უნდა შემოვიდეს! მაგრამ წელს ახალ წელიწადს ჩვენი ეკლესია ისევ ძველი სტილით ეგებება!’’
---
,,ამ დღეს მწირველი ვიყავი ჩემს ტაძარში, ქვაშვეთში წირვა არ იყო, ორთავე მღვდელი დაპატიმრებულია, მღვდელი არ მიუჩინეს ტაძარს, რათა `იქვრიოს~ ქვაშვეთმაო!.. ამიტომ ჩემს ტაძარში ამ დღეს ქვაშვეთის მრევლიდანაც მოვიდნენ ქალი თუ კაცი, შედარებით ბლომად შეიკრიბა ხალხი. წირვის დასასრულს წარმოვსთქვი მოძღვრება _ `ძველ და ახალ სტილზე~, როგორ იდღესასწაულა წელს ჩვენმა დედა-ქალაქმა ახალი წელი ახალ სტილზე, მთელი ღამე ქალაქმა თოფ-რევოლვერების სროლაში გაატარა, წუხელ კი _ ძველი სტილის ახალ წელიწადზე ხმაც არავის ამოუღია! ცხადია მოქალაქობრივ ცხოვრებაში უკვე გატარდა ახალი სტილი, ხალხი თვისი აღებ-მიცემობით და საქმიანობით ეჩვევა ახალ სტილს, ხოლო ეკლესია ჩამორჩა ამ ცხოვრებას, ეკლესია ჩამორჩა თვისს სამწყსოს, სხვადასხვა გზით მივდივართ თქო! ავხსენი თუ რამდენად შემცდარია ძველი სტილი, რამდენად ეს მეცნიერულად უკვე უარ-ყოფილია ასტრონომიულ გამოანგარიშებით, მათემათიკურად! თვით გრიგორის კალენდარიც უკვე ერთი დღე და ღამით ჩამორჩა ასტრონომიულ წელიწადს და ეპირებიან ამის გასწორებასაც! ცხადია, რომ აღმოსავლეთის ეკლესიას არავითარი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ დასავლეთი ევროპა ოდესმე მაინც გადმოვა ჩვენს ძველ სტილზე! მაშასადამე ისევ ჩვენ უნდა მივიღოთ ჭეშმარიტ მეცნიერების ნაჩვენები სტილი! ეს ასეც იქნება! ეკლესია უნდა დაუახლოვდეს ერის მოქალაქობრივ ცხოვრებას, ეკლესია უნდა დაუახლოვდეს კულტურულ მუშაობისაგან შექმნილ ცხოვრებას, ეკლესიამ უნდა დაულოცოს და უკურთხოს მოქალაქობრივი-კულტურული მსვლელობა თვისს სამწყსოს! ჩვენ გვმართებს ასეთი მუშაობის, ეკლესიის გადახალისების, განახლების დაწყება. მაგრამ ყოველივე ეს უნდა მოხდეს ჩვენი ერის მიერ შექმნილ ნიადაგზე, ჩვენი ეკლესია უნდა ჩამოყალიბდეს ქართულ დარიჯაკში, ძველ ქართულ ტრადიციების, წესების, ღვთისმსახურების სახის აღდგენაში და თან გაცხოველებაში! რუსთა ბატონობის ჟამს მეტად შეგვირყვნეს ჩვენი ეკლესიის სახე, მისი შინაგანი თუ გარეგანი მოხაზულობა! ჩვენ გვსურს, ჩვენ ვესწრაფით ყოველივე ამის აღდგენას, ეკლესიურ-სარწმუნოებრივ ცხოვრების ათასგვარ ნარიყალებისა და ცრუ-მორწმუნოებისაგან გაწმენდა-გასუფთავებას! მაგრამ არ დაგვცალდა ასეთი მუშაობა! ზოგი ჩვენშივე წარმოებულ შუღლით, განხეთქილებებით, უაზრო ქიშპობა-მიხლა-მოხლით და უბედურებებით, რაც ამ ექვსი წლის განმავლობაში ჩვენ თვითონ დავატრიალეთ ახალ განთავისუფლებულ ეკლესიაში! ზოგიც არ დაგვცალდა გარეშე მიზეზებით!’’
წყარო: მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან / ნიკიტა თალაქვაძე; გამომცემელი: ლაშა ბაქრაძე; რედაქტორები: თეა თვალავაძე, ია ღადუა; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013.
მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა