მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

პატრიარქის საშობაო გზავნილი 2019

 

† ბართლომეოსი, ღვთის წყალობით კონსტანტინოპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი. ეკლესიის მთელ სისავსეს- მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი მაცხოვარ ქრისტეს მიერ

 

* * *

ყოვლადუსამღვდელოესნო, ღვთივდაცულნო ძმანო და დანო,

უფლისმიერ საყვარელო შვილებო,

ქრისტესშობის დიდ დღესასწაულს მიახლებულნი, ჰიმნითა და სულიერი გალობით უფალს ვადიდებთ, რომელმაც ჩვენთვის წარმოიცალიერა საკუთარი თავი და ხორცნი შეისხნა, რათა ,,ბოროტის ტყვეობისაგან“ გამოგვიხსნას და კაცობრიობას სამოთხის ბჭენი განუღოს. ქრისტეს ეკლესია, რომელიც  რამდენადაც ლიტურგიკული გამოცდილებით საღვთო განგებულების მთელ საიდუმლოებით იხარებს და წინასწარ იღებს ესქატოლოგიური სამეფოს დიდებას, რწმენის კეთილ და ღვთაებრივ მოწმობას, სასოებასა და სიყვარულს მსოფლიოს უწილადებს.

ეკლესიის ,,არამიწიერი“ ხასიათი, ეკლესიას ისტორიული და სოციალური რეალობისაგან კი არ განაშორებს, არამედ მის მოწმობას შთააგონებს და აძლიერებს. ამრიგად ეკლესია, ამტკიცებს რა ადამიანის მარადიულ მოწმობას, მის არსებით მოთხოვნებსაც ემსახურება, კეთილი სამარიტელის მსგავსად, ,,ზეთითა და ღვინით“ ჩამობანს წყლულებს, გახდება ,,ავაზაკთა ხელში ჩავარდნილი ყველა ადამიანის მოყვასი“ (შდრ. ლკ. 10. 25-37), თანამედროვე ,,კულტურულ სნეულებებს“ უწამლებს და ადამიანთა გონებებსა და გულებს გაანათლებს. სულიერება, როგორც მორწმუნის ცხოვრებაში სულიწმინდის მყოფობა, სულიერად ნიშნავს სიტყვითა და საქმით იმედის დამოწმებას, რომელიც ჩვენშია და კარჩაკეტილობასთან კავშირი არ აქვს. სულიწმინდა ცხოვრების მომნიჭებელია, სახიერების წყარო, ნიჭების, სიცოცხლისა და სინათლის გამომავლინებელი. ქრისტიანი არის ისეთი ადამიანი, რომელსაც მხურვალედ უყვარს ღმერთი, კაცობრიობა და მშვენიერება, რომელიც აქტიურია და შემოქმედებითი.

შობის სახარება ამ წელსაც იქნება იმ კულტურულ გარემოში მოსმენილი, სადაც უმაღლეს ღირებულებად  ,,ინდივიდუალური უფლებები“ მიიჩნევა. ეგოცენტრიზმი და თვითრეალიზაციის მცდარი გაგება, აფერხებს სოციალურ ინტეგრირებას, ასუსტებს ერთიანობას და სოლიდარობას და აფერხებს პიროვნებათაშორის ურთიერთობებს. ეკონომიკასა და სეკულარიზმზზე შეუზღუდავი ორიენტირება ეგზისტენციალურ ვაკუუმს აღრმავებს და ადამიანის შემოქმედებითი უნარების დაკნინებისკენ მიემართება.

ეკლესიას იმ გარემოებათა ადვილად უგულვებელყოფა არ ძალუძს, რომელთა შედეგებიც უპირველესად ახალგაზრდებზე მოქმედებს, რომლებიც ტექნოლოგიური მექანიზმითა და ,,ცრუ სამოთხის“ დაპირებებით იხიბლებიან. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდმა კრებამ (კრეტა, 2016) განსაკუთრებულად მოუწოდა ახალგაზრდობას, რომელმაც: ,,უნდა იცოდეს, რომ ის არის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი და კურთხეული ტრადიციების მატარებელი და, აგრეთვე, ამტრადიციის გამგრძელებელი“, რომ აქტიურად ჩაერთნონ ეკლესიის ცხოვრებაში, ,,რომელიც მამაცურად იცავს და ქმედითად  ავითარებს მართლმადიდებლობის მარადიულ ფასეულობებს იმისათვის, რომ დაამოწმოს სიცოცხლის მომნიჭებელი ქრისტიანობა.“ (ენციკლიკა, პარაგრაფი 8-9)

ამავე სულით, წმინდა და დიდი კრების მოწოდებას შედგომილნი, ახლახანს ამერიკის, ავსტრალიის და თეატირა-დიდი ბრიტანეთის კათედრებზე, მსოფლიო საყდრის დიდ ეპარქიებში მთავარეპისკოპოსთა გამორჩევითა და აღსაყდრებით, 2020 წელს ,,სამოძღვრო განახლებისა და ახალგაზრდებზე მზრუნველობის“ წლად ვაცხადებთ, მოვუხმობთ ჩვენს მთელ სამღღვდელოებასა და მორწმუნეებს, რომ ამ შთამაგონებელ ინიციატივაში ჩაერთონ და მას მხარი დაუჭირონ.

ვისწრაფვით, რომ ,,სამოძღვრო მსახურების დიალოგში“ დავწინაურდეთ, რომელიც ღმერთისგან მარადჟამ გამოვლინებულ მადლით არსებულ შეურყეველ რწმენასთან, ადამიანური თავისუფლების სიძლიერისადმი ნდობასთან იქნება დაკავშირებული. ეს სამოძღვრო მსახურება პიროვნებაზეა კონცენტრირებული და მან ახალგაზრდები ,,პირად ინტერესებზე ზრუნვისაგან“ და ,,საკუთარი თავის სიამოვნებისაგან“ იმ სიყვარულისაკენ უნდა შემოაბრუნოს, რომელიც ,,არ ეძებს თავისას“ და ,,ღმერთისთვის საამოა“, რომელიც მათ (ახალგაზრდებს, გ.ლ.) ,,მატერიალური სიკეთეებისაგან“ ,,ერთადერთ კეთილამდე“, ,,მრავალი საჭიროებისაგან“ ,,ერთადერთ ჭეშმარიტ აუცილებლობისაკენ“ მოაქცევს, ამგვარად კი თითოეულის ნიჭის გამოვლინებას შეეწევა.

ქრისტიანული სინდისის გაღვიძების საფუძველად დღესაც ქრისტიანული მსახურების, როგორც ზიარებითი, ევქარისტიული და ესქატოლოგიური ხასიათის  მნიშვნელობის წვდომა რჩება. ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ, რომ ეკლესია ,,ქრისტიანთა კავშირი“ კი არა- ,,ქრისტეს სხეულია.“ მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოში მსხემ ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესიის სამღვდელო დასს ,,კენოტიკური“ [1] სამოძღვრო მობილიზაციისკენ. ჩვენ ახალგაზრდობის ჩვენამდე მოსვლას კი არ უნდა დაველოდოთ, ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, არა როგორც მსაჯულები, არამედ როგორც მეგობრები, ,,კეთილ მწყემსისადმი“ მიბაძვით, რომელიც ,,თავის სულს დადებს ცხვრებისთვის“ (ინ. 10. 11). მწყემსი მუდამჟამ მღვიძარეა და დარაჯობს, აცნობიერებს ახალგაზრდებისათვის სამოძღვრო საჭიროებებსა და მათ სოციალურ გარემოს, რათა შესაბამისადვე მოქმედებდეს. მისი სამოძღვრო მოღვაწეობა ეკლესიის ტრადიციისგანაა შთაგონებული და გამომდინარე, რომელიც ახალგაზრდებს უბრალოდ კი არ ,,დაეხმარება“, არამედ იმ თავისუფლების ,,ჭეშმარიტებას“  მიანიჭებს მათ, რომლითაც ,,გაგვათავისუფლა ქრისტემ“. (გალ. 5.1).

ამგვარი ფიქრებით, ბეთლემის ღვთიურ ყრმას კრძალულად თაყვანს ვცემთ და მოზეიმე ფანარიდან, კაცთათვის დამდაბლებული მაცხოვარ ქრისტეს ცხოვრებისმომნიჭებელი მადლითა და დიდ წყალობით, ყველა თქვენგანს, კურთხეულ წმინდა თორმეტდღეულსა [2]და ნაყოფიერ ახალ წელს გისურვებთ, ,,ქრისტე არს ჩვენ შორის.“

 

შობა 2019

† კონსტანტინოპოლის ბართლომეოსი

ღმერთის წინაშე თქვენთვის დაუცხრომლად მავედრებელი

 



[1] კენოტიკური ეთიკა- იგულისხმება ქრისტიანული ეთიკა, რომელიც მსხვერპლშეწირვას გულისხმობს (ვრცლად იხ. განღმრთობის შესახებ სწავლება ქრისტიანულ ტრადიციაში).

[2] თორმეტდღეულში იგულისხმება შობიდან ნათლისღებამდე არსებული 12 დღე (მთარგმ. შენიშვ.).

 

წყარო: Ecumenical Patriarchate

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა