ლეონიდე (ლონგინოზ) ოქროპირიძის წერილი ბიძას (ეპისკოპოს ალექსანდრეს)

1884-1888 წლებში, ლეონიდე (ლონგინოზ) ოქროპირიძე კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. 1887 წლის ივნისში იგი ბერად უნდა აღკვეცილიყო, რასაც წერილით აუწებს საკუთარ ბიძას- ეპისკოპოს ალექსანდრეს. წერილის ერთ ნაწილში საუბარია რუსი ეპისკოპოსების ყოფა-ცხოვრებაზე. სწორედ ამ მონაკვეთზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

 

,,სანატრელო, ბიძავ ბატონო!...

საზოგადოთ რუსის ეპისკოპოსები ძალიან მედიდურობენ და სიტყვით გამოუთქმელ განსცხრომითი ცხოვრებას ატარებენ. ისინი სცხოვრობენ მეფურათ სასახლეებში, მათი სასახლის კარები თუ არ გამოჩენილ პირს არავის გაეღება; ეპისკოპოზის მოსამსახურე იმნაირ ფრაკშია გამოკვანწული, რომ უბრალო კაცს ნება-უნებლიეთ რცხვება და წითლდება თავის უბრალო, თუმც კი საკადრის ტანისამოსზედ: შემდეგ, თუ კელენიკმა ინება და პირველი სიტყვიდანვე უარი არ უთხრა, ეპისკოპოზის ნახვის მსურველმა უნდა პერედნიაში იცადოს სრული ორი-სამი საათი; შემდეგში თუ თვით ყოვლადსამღვდელომაც ინება და მთხოვნელი შეუშვეს ზალაში, კაცი სრულებით ფრთხება, შიშობს და იკარგება. ის ხედავს პარკეტის პოლს, ოქროთი მოვარაყებულ შპალერს, ხავერდის მებელს, მდიდარ მხატვრობას, ათანსაირ მორთულობას ასე რომ ამოდენა სიმდიდრე კაცს თვალებს უჭრელებს და ნება უნებლიეთ კრთება; ახლა გამობრძანდა თვით ყოვლადსამღვდელო სახეშეჭმუხვნილი, ანაფორის შრიალით და წივილით მორთული ყველა თავის ლენტებით და ჯვრებით. აქ ხომ კაცს სულ დაავიწყდება თავი და გული წაუვა შიშისაგან, დაინახავს რა მედიდურს და შეჭმუხვნილ პირსახეს, რომელიც ცხადათ ეუბნება მას: ,,როგორ გაბედე შე მატლო, აქ შემოძრომა და ჩემი შეწუხებაო.’’ ასე მედიდურათ სცხოვრობენ ყველა არქიელები საზოგადოთ და რა ლაპარაკი უნდა, რომ ეპისკოპოზების ცხოვრებას რამდენიმე წილათ აღემატება მიტროპოლიტების ცხოვრება. ყველა რუსს, ვინც კი სარწმუნოებას არ გადასდგომია, სწამს მხოლოდ ღმერთი, ხელმწიფე და მიტროპოლიტი, ესაა მათი სამება და თუ გინდა დაიჯერეთ-თუ გინდ არა, ამათ შორის განრჩევას არ სდებენ. მიტროპოლიტი აქ სცხოვრობს კრემლში, მეფის სასახლის გვერდით; მასთან მისვლა აგრე ადვილი არაა..."

 

წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის არქივი, ფ. 175.

შენიშვნა: ციტირება მოხმობილია წიგნიდან- სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017), 2017 წელი.

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა