ამა წლის 12 ოქტომბერს, ათენში, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ კანონიკურად სცნო მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალური სტატუსის მინიჭება [i]. ამ აღიარებამ კიდევ ერთხელ დააბრუნა საზოგადოების დღის წესრიგში უკრაინის ეკლესიის თემა.
ქართველ თეოლოგთა შორის გამოითქვა აზრი, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს შანსი, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით, შესაბამისად მოსკოვის საპატრიარქოს მარტო დატოვებით, გახდეს მართლმადიდებელთა ერთობის შემამტკიცებელი და საკუთარ საზოგადოებასაც დაუმტკიცოს რუსული გავლენებისაგან თავისუფლება[ii].
ამ გავლენებისაგან გათავისუფლლების საჭიროებაზე მიანიშნა ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემაც, როდესაც 14 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა: “რუსეთის ფაქტორს რაც შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით, როდემდე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები? და რატომ უნდა გავითვალისწინოთ? ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს”[iii].
ბუნებრივია, მღვდელმთავრის ეს გამბედავი განცხადება, რომელიც რუსული ე.წ. რბილი ძალისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველი იყო, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. 16 ოქტომბერს, ფართო საზოგადოებისათვის მმკ-ს სახელით ცნობილმა, მკვეთრი პრო-რუსული პოზიციების მქონე სამღვდელობის წარმომადგენლებმა, გაავრცელეს ვიდეო-მიმართვა, სადაც აღშფოთებას გამოთქვამენ ეპისკოპოს მელქისედეკის განცხადებასთან დაკავშირებით და მღვდელმთავარს საეკლესიო კანონების უცოდინრობაში ადანაშაულებენ[iv]. მიმართვას კი რუსული საეკლესიო საიტებიდან გადმოწერილი იდეოლოგიური თეზისებით აგრძელებენ, რომელთაგანაც ძირითად პოსტულატებს თუ გამოვყოფთ, დავინახავთ ერთგვარ სამოქმედო გეგმას:
1. ობიექტის დისკრედიტაცია: უკრაინაში ავტოკეფალიას არავინ ითხოვს, გარდა დასავლური ორიენტაციის მქონე პრეზიდენტი პოროშენკოსი [სავსებით უგულვებელყოფილია იმ მილიონობით უკრაინელის პოზიცია, რომლებიც ავტოკეფალიას ემხრობიან].
2. პირველი სუბიექტის დისკრედიტაცია: მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ მოტყუებით მიიტაცა და დაიქვემდებარა უკრაინის ეკლესია. ათონის მთა კი უკრაინელ “სქიზმატებს” არ ღებულობს და მათ წარმომადგენლებს არა თუ წირვაზე, არამედ მონასტრის ტერიტორიაზეც კი არ უშვებს. [ეს ფაქტი კი ისევე არ შეესაბამება სიმართლეს, როგორც ყველა სხვა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიტროპოლიტ ეპიფანეს აღსაყდრების წირვაში ათონის მთის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა, ხოლო უკრაინის ახალი ავტოკფალური ეკლესიის წევრები სისტემურად სტუმრობემათონს და მონაწილეობენ ღვთისმსახურებებში[v]].
3. მეორე სუბიქტის დისკრედიტაცია: საბერძნეთის ეკლესიის მეთაური არის მსოფლიო პატრიარქის გავლენის ქვეშ, ხოლო მათი სინოდის მიერ მიღებული დადგენილება არ არის კანონიერი, რადგან არსებობენ ერთეული მღვდელმთავრები, რომლებიც მას არ ეთანხმებიან [ვიდეო მიმართვა სრულიად უგულვებელყოფს საბერძნეთის მღვდელმთავრების არაერთგზის განცხადებას, რომ ისინი რუსული საეკლესიო და სამოქალაქო ხელისუფლების ზეწოლას განიცდიან [vi]].
4. განგაში ანუ, მოწოდება, რომელსაც ჩამოთვლილი ელემენტები ემსახურებიან და რომლის მიზანიც მსმენელის იდეოლოგიური მიმხრობაა: მართლმადიედებლობა საფრთხეშია და გადარჩენას საჭროებს, რადგან სახეზე გვაქვს გაუგონარი კანონდარღვევა მსოფლიო პატრიარქისა და საბერძნეთის ეკლესიის სინოდის მხრიდან.
ამ ყველაფრის პარალელურად საინტერესოა თვალი გავადევნოთ რუსეთის საეკლესიო იერარქიისა და 17 ოქტომბერს მოსკოვში გამართული წმინდა სინოდის სხდომის რეაქციებს, საბერძნეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით [vii]:
1. ობიექტის დისკრედიტაცია: რუსული სახალხო კრების 23-ე ყრილობაზე, 18 ოქტომბრის მიმართვაში პატრიარქი კირილე ხაზგასმით საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შემოქმედნი არიან “გარე ძალები” რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბერძნული სამყარო მოწყვიტონ რუსეთს(!) და შეზღუდონ რუსეთის სულიერი მისია, რომელიც მართლმადიდებლობის გადარჩენაში მდგომარეობს. მისი თქმით, რუსეთს უფლება აქვს იყოს საკუთარი სულიერი სიმდიდრის ექსპორტიორი მეზობელ ქვეყნებში[viii] [ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა, მეზობელ ქვეყნებში ექსპორტირებული რუსული რეალობებიდან, რომელი შემადგენელი ჰგონია პატრიარქს “სულიერი სიმდიდრე”?].
2. პირველი სუბიექტის დისკრედიტაცია: კონსტანტინოპოლისადმი გაჟღერებული ძველი ბრალდებებია წარმოდგენილი მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდის 17 ოქტომბრის მიმართვაშიც, მაგრამ დისკრედიტაცია, როგორც მოწინააღმდეგის განეიტრალების მეთოდი, არ გადის სინოდურ დადგენილებებზე, ის საინფორმაციო საშუალებებზე გადის. სწორედ ამიტომ, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელსაც დასავლური საზოგადოება კარგად იცნობს, ევროპულ მედია-საშუალებებში აქტიურად სდებს ბრალს მსოფლიო პატრიარქს, ამერიკის ემისრობასა და პეტრო პოროშენკოსაგან ქრთამის აღებაში. მაგ. 19 ოქტომბერს მიტროპოლიტი იტალიურ გამოცემა Messagero-სთან საუბარში ამბობს: “ეჭვი არ გვეპარება, რომ კონსტანტინოპოლის ქმედებების უკან აშშ დგას”[ix].
3. მეორე სუბიექტის დისკრედიტაცია: 17 ოქტომებრის სინოდის სხდომაზე რუსი იერარქები გამოეხმაურნენ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომელიც უკანონოდ მიიჩნიეს, რადგან ბერძენ მღვდელმთავართა შორის არსებობს ისეთი უმცირესობაც, რომელიც არ დაეთანხმა კრების გადაწყვეტილებას, რაც ცივილიზებული ქვეყნისთვის ბუნებრივი რამაა, მაგრამ რუსებისთვის სავსებით წარმოუდგენელი (წარმოუდგენელია უმცირესობა, რომელიც არ ეთანხმება ლიდერს). ამ “არაერთსულოვნების” გამო, მოსკოვის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა, ჩათვალეს, რომ საბერძნეთის ეკლესიამ გადაწყვეტილება კენჭისყრის გარეშე მიიღო. რაც მათი აზრით დადგენილებას ძალას უკარგავს. გარდა ამისა მოსკოვის საპატრიარქოს სინოდურ დადგენილებაში პირდაპირ არის დადანაშაულებული საბერძნეთის ეკლესიის მეთაური, მსოფლიო პატრიარქის გავლენის ქვეშ მოქმედებაში. მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა ისიც კი განაცხადა, რომ “საბერძნეთის ეკლესია არ არის სავსებით ავტოკეფალური”[x].
4. განგაში ანუ, მოწოდება, რომელსაც სხვა ელემენტები ემსახურებიან და რომლის მიზანიც მსმენელის იდეოლოგიური მიმხრობაა: როგორც ეს სინოდური მიმართვიდან ჩანს და როგორც ეს პატრიარქმა კირილემ განავრცო 18 ოქტომბრის ყრილობაზე, მართლმადიდებელთა ერთობა სფრთხეშია, რუსეთის მისია კი ამ ერთობის შენარჩუნებაა [ფაქტი კი ერთია, რუსეთი ამ “მისიას” სხვა ეკლესიებთან ევქარისტიული ერთობის დარღვევის გზით ახორციელებს].
ორი სქემის მსგავსებაზე საუბარი აღარც არის საჭირო, მაგრამ არსებობს რამდენიმე საფრთხე, რომელიც ყურადღებას იმსახურებს: მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება გაწყვიტოს ევქარისტიული კავშირი საბერძნეთის ეკლესიის მხოლოდ იმ მღვდელმთავრებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის ავტოკეფალიას. ერთი შეხედვით ეს ერთობის შენარჩუნების მცდელობას ჰგავს, იმ უმცირესობის მეშვეობით, რომლიც არ უჭერდა მხარს საბერძნეთის მღვდელმთავართა კრების უმრავლესობას, მაგრამ რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ჩნდება შეკითხვა: იქნებ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ განხეთქილების შეტანის მცდელობაა ადგილობრივ ეკლესიაში? რას უნდა ემსახურებოდეს ერთი საპატრიარქოს მხრიდან მეორე ავტოკეფალური ეკლესიის მხოლოდ ცალკეულ ეპარქიებთან თანაზიარება (და ფინანსური კავშირები, რომელზეც ღიად საუბრობს მოსკოვის სინოდური მიმართვა) თუ არა ამ ავტოკეფალური ეკლესიის შიგნით განხეთქილების გაღვივების მცდელობას?
ნიშნეულია და სიმბოლურიც[xi]. რომ ამავე სინოდზე, სადაც რუსმა იერარქებმა საბერძნეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიები საკუთარ კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრაში დაადანაშაულეს, დააწინაურეს ვლადიკავკაზის მთავარეპისკოპოსი ლეონიდი, რომელიც ცხინვალში, საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, საკათედრო ტაძარს იშენებს[i].
მღვდელმონაზონი ლეონიდე ებრალიძე