უკრაინის საკითხის მიზეზით, რომელიც უკანასკნელ ხანებში ინტერესს იწვევს, ვისურვე, რომ რაიმე სამეცნიერო სახის ტექსტები წამეკითხა და გამეგო რაღაც უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ვიცოდი რუსეთის ეკლესიის და „მესამე რომის“ ცნობილი თეორიის შესახებ.
ჩემი ამ კვლევა-ძიების დროს, აღმოვაჩინე ანასტასიოს-იოანე ლალოსის სამაგისტრო ნაშრომი, სათაურით: „რუსეთის ეკლესიის ისტორია და „მესამე რომის“ თეორია (თესალონიკი 2016), რომელიც წარმოდგენილი იყო მაკედონიის უნივერსიტეტში, კონკრეტულად ბალკანეთ-სლავო-აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებაში, „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენების და კულტურის მცოდნეობის“ დარგში.
საქმე ეხება ერთ ნაშრომს, რომელიც წყაროებისა და არსებული ბიბლიოგრაფიის შესწავლის შედეგად, კვლევის შედეგს წარმოადგენს, საიდანაც მოპოვებულ იქნა ეს მნიშვნელოვანი მასალა და გვებოძა ინფორმაციები როგორც რუსეთის ისტორიის, ასევე „მესამე რომის“ თეორიის შესახებაც, რომელიც XV საუკუნეში დაიწყო და რაც მნიშვნელოვანიაXVI საუკუნიდან განვითარდა და ვითარდება ვიდრე დღევანდელ დღემდე.
ამ სამაგისტრო კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი - კონსტანტინე ნიქორიტისი გახლავთ და იგი შეფასებულია ასოცირებული პროფესორების - სტავროს კამარუდისის და დამხმარე პროფესორის, კვიპრიანე სუციუმის მიერ.
მოკლედ მიმოვიხილავ ამ კვლევას, რადგან არ ვიცი გამოცემულია თუ არა იგი, რათა მკითხველს შეექმნას სურათი ამ თემასთან დაკავშირებით, ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან აქტუალურ საკითხს ეხება საუბარი, რაც მოხდა და ხდება ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, რომელიც მიანიჭა მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინას, რის გამოც მოსკოვის ეკლესია წინ აღუდგა მას.
1. სამაგისტრო ნაშრომის შემცველობა
შესავალის შემდეგ, მთელი თემა 4 თავად არის დაყოფილი.
პირველი თავი სათაურით, „ისტორიული ფარგლები - ისტორიული აღმასვლა“, მოგვითხრობს V-VI საუკუნეებში „რუსების წარმომავლობისა და მათი განვითარების შესახებ“, რომლის ცენტრიც გახლდათ კიევი.
მეორე თავი, სათაურით: „რუსეთის ეთნიკური და საეკლესიო ისტორია“, გვაუწყებს ისტორიულ მოვლენებს რუსების ნათლობიდან, მოსკოვის საპატრიარქოს დაარსებამდე, ანუ შეისწავლის დროის პერიოდს 989 წლიდან, 1589 წლამდე. ამ თავის გამოყოფილი ნაწილები, შემდეგნაირად შეგვიძლია დავახასიათოთ:
„რუსების ნათლობიდან, მონღოლების მიერ მათ დაპყრობამდე (989-1240)“; „კიევის სამეფოს იმპერია“; „რუსების ნათლობა (988-989) - წმიდა მოციქულთასწორი, ვლადიმერ დიდი (1015)“; ვლადიმერ დიდიდან (1015) თათრების დამპყრობელობამდე (1240); „ვლადიმერის აღმავლობა“; „კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტები“; „ბერ-მონაზვნობა,კიევ-პეჩორის ლავრა - ღირსნი ანტონი და თეოდოსი“; „მონღოლთა მიერ რუსეთის დაპყრობიდან, რუსეთის სამიტროპოლიტოს გაყოფამდე (1240-1462) - თათრების ბატონობა“; რუსეთის სამიტროპოლიტოს გაყოფიდან, საპატროაქოს დაარსებამდე (1462-1589)“; „მოსკოვის საპატრიარქო“.
მესამე თავი შემდეგნაირად გახლავთ დასათაურებული: „რუსეთის საეკლესიო ისტორია: რეორგანიზაციის პერიოდი - მმართველობითი ავტონომია და მესამე რომის თეორია“. ეს თავი შემდეგ ნაწილებად იყოფა:
„რომიდან ახალ რომში“; „დაცემამდე“; „მესამე რომის თეორიის შესახებ“; „მოსკოვის სამიტროპოლიტო და რუსეთის ეკლესიის რეორგანიზაცია“; „იერარქია და იერარქები“; „კლიროსი“; მაქსიმე გრეკი, რუსეთის განმანათლებელი“; „მაქსიმე გრეკი, როგორც საეკლესიო რეფორმატორი“; „წმიდა მთის გავლენა სლავების სულიერ ცხოვრებაზე”.
მეოთხე თავის სათაურია: „მესამე რომის“ შესახებ არსებული თეორიის დასაწყისი, განვითარება და დასასრული - დღევანდელ დღეს მისი გადმოტანა“. დაყოფილია მომდევნო ნაწილებად:
„დასაწყისი, განვითარება და დასასრული „მესამე რომის“ შესახებ არსებული თეორიისა - დღევანდელ დღეს მისი გადმოტანა“; „პანსლავიზმის თეორია და სლავური ეთნოფილეტიზმი“; „სულიერების გეოპოლიტიკა, სარწმუნოების დიპლომატია და მესამე რომობის იმედი“; „მესამე რომის თეორიის პერსპექტივა და მისი პოლიტიკური შედეგები“; „მესამე რომის თეორიის შემცველობა (შედგენილობა) და მისი შედეგები“; დასკვნის სახით მესამე რომის შესახებ“.
ბოლოს განთავსებულია ბერძნულენოვანი და უცხოურენოვანი ბიბლიოგრაფია, რომელიც მკვლევარმა, მისი თემის ანალიზისთვის გამოიყენა, ასევე რუსეთის ისტორიის ძირითადი და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ არსებული ერთი ქრონოლოგიური დაფაც არის მოთავსებული, ისევე როგორც რუკების და სურათების კატალოგი გამოკვლეულ თემასთან დაკავშირებით.
წარმოვადგინე თავები და ქვეთავები, შესაძლოა ეს დამღლელად ჩანდეს, ამიტომ იმისათვის, რომ ერთი თვალის შევლებით იყოს გასაგები, აღვნიშნავთ, რომ ამ სამაგისტრო ნაშრომში ლაკონურად არის წარმოდგენილი რუსების ეთნიკური, პოლიტიკური და საეკლესიო ისტორია ქრ. შობიდან V – VI საუკუნეებიდან, ჩვენს დღეებამდე, ასევე „მესამე რომის“ თეორიის წარმოშობა და განვითარებაც არის წარმოდგენილი.
ამგვარად გასაგები ხდება, რომ „მესამე რომის“ შესახებ არსებული თეორია გახლავთ საბაბი, რომელიც სიღრმისეულად ნელ-ნელა წვავს რუსეთის ეკლესიის არსს და ძირს უთხრის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სისტემას, რომელიც მსოფლიო კრებების მამების მიერ და რა თქმა უნდა მსოფლიო საპატრიარქოს პირველსაყდრის მიერ დადგინდა. ამ ნაშრომის კვლევისას, მკითხველი რუსეთის ეთნიკური და საეკლესიო ისტორიის და თანამედროვე მდგომარეობით, მისი შედეგების სრულ სურათს იღებს.
2. შესავალი
შესავალში მკითხველი, მსოფლიო საპატრიარქოს უდიდესი მნიშვნელობის შესახებ იღებს ცნობებს, რომელმაც სლავების სამყაროში ქრისტიანობა გაავრცელა და რომ ყველა სამხრეთელი, დასავლელი და აღმოსავლელი სლავები მართლმადიდებლობაზე გადმოვიდნენ და მიიღეს ბიზანტიურ-რომაული პოლიტიკური ტრადიცია.
აღნიშნულია: „რუსული სახელმწიფო ღრმა ზემოქმედების ქვეშ იყო ბიზანტიური იდეოლოგისაგან და სამეფო ქალაქის დაცემის შემდეგ, რუსებმა სიღრმისეულად მიიჩნიეს და ირწმუნეს, რომ ბიზანტიური სულიერი და პოლიტიკური ტრადიციის, ერთადერთი სამართალმემკვიდრენი იყვნენ“.
ამ პერსპექტივაში XV საუკუნიდან და რაც მთავარია, XVI საუკუნის შუა წლებიდან წარმოიშვა თეორია „მესამე რომის“ შესახებ და ასევე თეორია, რომ მოსკოვმა, რომელიც რუსული სახელმწიფოს დედაქალაქი გახლდათ, 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობისა და დაცემის შემდეგ, „მესამე რომის“ წოდება, სიმბოლურ ჭრილში მიიღო, რომელიც პირველ რომთან კავშირში, კონსტანტინე დიდის მიერ კონსტანტინოპოლის, როგორც მეორე რომის დაარსების ისტორიას ჰგავდა.
„მესამე რომის“ შესახებ არსებული თეორიის შედეგი „პანსლავიზმის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ცარისტული თეოკრატიაა“, რომელიც „მართლმადიდებლობაზე დამყარებული სლავების პოლიტიკური და რელიგიური ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბებას უკავშირდება“.
მსგავსი მენტალიტეტით, რუსები შეეცადნენ, რომ წმიდა მთაზე და იერუსალიმში შეეღწიათ, როგორც გამოითქვა და გამოიხატა ეს „ცარისტული თეოკრატიისაგან“ და შემდგომ უკვე „სტალინური ათეიზმისაგან“. ორივე ეს პოლიტიკური რეჟიმი და ტოტალიტარიზმი, «წარსულის პანსლავიზმის იდეოლოგიას გვახსენებს“.
ბუნებრივია, თანამედროვე საეკლესიო და პოლიტიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, იგივეს ვხედავთ და შევნიშნავთ ჩვენს დღეებშიც, რასაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს.
მხოლოდ ამ შიგთავსიდან და შესავალიდანაც ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკის პანორამა, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს საეკლესიო ცხოვრებაზე, რადგანაც „მესამე რომის“ შესახებ არსებული თეორიის შედეგად ძირი ეთხრება მსოფლიო საპატროარქოს, როგორც პირველსაყდარს და არსობრივად ლაფში ითხვრება მთელი საეკლესიო სავსება.
3. ნაშრომის ძირითადი-საკვანძო ელემენტები
რაც უკვე აღინიშნა, ნათლად გვაჩვენებს რუსეთის ეთნიკურ, პოლიტიკურ და საეკლესიო ისტორიას. გაგრძელებისას შევეცდები, რომ რამდენიმე ძირითადი ელემენტი წარმოვადგინო ამ სამაგისტრო ნაშრომისა, რომელიც ზემოთაღნიშნულ პროფესორთა რეცენზირებით დაიწერა, რათა მკითხველს ინფორმაცია მიეწოდოს ამ თემის შესახებ, რომელიც თანამედროვე ეპოქაშიც (ჩვენს დღეებშიც) დიდ ინტერესს იწვევს.
ა) ადრეული რუსეთის სახელმწიფო
გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სადაც განთავსებულია დღეს რუსეთი, V-VI საუკუნეებიდან არის დაკავებული აღმოსავლელი სლავების მიერ, რომლებიც თავდაპირველად III-IV საუკუნეებში გამოჩნდნენ დნეპრისა და დნესტრს შორის და ბიბლიოგრაფიაში აღნიშნულნი არიან, როგორც ანდები.
თავდაპირველად სლავები პონტოს შავი ზღვისპირეთის ჩრდილოეთით, სტეპებში იყვნენ დასახლებულნი, იქ, სადაც დიდი ხნის წინათ სხვა სახელმწიფოები იყვნენ აყვავებულნი, როგორებიც არიან კიმერიელები, სკვითები, სარმატები. შემდეგ როგორც აღინიშნა, დისმასის (δυσμάς) მიმართულებით გადასახლდნენ და ბრძოლებს აწარმოებდნენ გოთებთან, უნებთან და ავარებთან, რომლებიც ანადგურებდნენ ამ ადგილებს.
სლავები სამ დიდ ჯგუფად არიან დაყოფილნი: „სამხრეთ სლავებად (რომლებიც მოიცავენ სლოვენიელებს, სერბებს, ხორვატებს და ასევე ბულგარელებს, რომლებმაც მიიღეს სლავური წარმომავლობა), დასავლელ სლავებად (რომლებიც მოიცავენ პოლონელებს, მორავიელებს, ჩეხებს და სლოვაკურ ჯგუფებს) და აღმოსავლელ სლავებად (რუსები)“.
აღმოსავლელი სლავები, ერთ მებრძოლ ხალხთან გაერთიანდნენ, რომელთაც ვიკინგები ერქვათ და რომლებიც სკანდინავიელებად და ნორმანდებად არიან მოხსენიებულნი. ეს სკანდინავიური ტომები, რომლებიც როსებათ (Ρώς) ხასიათდებოდნენ, “აღმოსავლურ სლავური წარმომავლობა განსაზღვრეს და ძლიერი პოლიტიკური სტრუქტურა მიანიჭეს და შეჰმატეს მათ“. სკანდინავიელებმა, რომლებიც მცირერიცხოვანნი იყვნენ ,,აღმოსავლელ სლავებთან განიცადეს ასიმილაცია, როგორც ეთნოლოგიურად ასევე ენობრივადაც“. ამგვარად, ყველა ამ ხალხმა რუსის სახელდება მიიღეს.
პირველი ცენტრი, ქალაქ ნოვგოროდში, ხოლო შემდგომ კიევში ჩამოყალიბდა. ეს ორივე ქალაქი დაუკავშირდა ერთმანეთს და იმ ეპოქის ორ მთავარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა ”ბალტიის ზღვიდან ჩრდილოეთით, შავი ზღვის სამხრეთ ნაწილამდე“.
ამ კვლევაში, რომელშიც რუსების წარმოშობის და განვითარების ისტორიაა წარმოდგენილი, დასტურდება, რომ „კიევის რუსეთი სხვადასხვა ხალხის მრავალეთნიკური ნაზავი იყო, რომელიც შედგებოდა სლავებისაგან, ბალტიისპირელებისაგან, ფინელებისაგან, სკანდინავიელებისაგან და სხვადასხვა ხალხებისაგან და მცირერიცხოვანი მოსახლეობისაგან შემდგარი ჯგუფებისაგან“. აქ აღნიშნულია:
„სკანდინავიელები იყვნენ ისინი, რომელთაც ბიძგი მისცეს და სიმკვეთრე შემატეს იმ ეპოქაში, პირველი რუსული სახელმწიფოს ფორმირების და დაარსების საკითხს, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ამ აქტების სისრულეში მოყვანის მთავარ მიზეზსა და საფუძველს. ზემოთ აღნიშნული მოსაზრებების საფუძველზე, დასკვნის სახით შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ კიევის სახელმწიფო, გახლდათ მიზეზი შინაგანი და გარეგანი ფაქტორებისა, რომლის საბოლოო შედეგიც, სკანდინავიელების და აღმოსავლელი სლავების ჩამოყალიბება გახლდათ“.
რუსების გაქრისტიანების შემდგომ, რომელსაც შემდგომში ვნახავთ, 1240 წელს რუსეთი, მონღოლური წარმოშობის მქონე თათრების მიერ იქნა დაპყრობილი და ეს ბატონობა 1462 წლამდე გაგრძელდა, ანუ 200 წელზე დიდხანს. თათარომონღოლური ბატონობის პერიოდი, არა მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა მტკივნეული რუსეთისთვის, რომ მისი განვითარება შეაჩერა, არამედ იმიტომაც, რომ იგი ბიზანტიისაგან ჩამოაშორა და მის „სულიერ, პოლიტიკურ და სოციოლოგიურ დაცემას“ შეუწყო ხელი.
მონღოლებმა, როდესაც ძალადობრივი გზით დაიპყრეს რუსები, კი არ გააუქმეს მათი მმართველობის პოლიტიკური სისტემა, არამედ „რუსულ სამთავროებს, რუსი მმართველებით მართავდნენ, რაც ნებას რთავდა მათ, რომ თანამდებობზე დარჩენილიყვნენ ისინი, რომლებსაც მემკვიდრეობით და ანდერძით ერგოთ მათი სამთავროები“.
1462 წელს, როდესაც რუსები თათრებისაგან განთავისუფლდნენ, სწორედ მაშინ განვითარდნენ პოლიტიკურად და ეკლესიურად.
ბ) სლავების შემობრუნება ქრისტიანობაში
რუსი ხალხი სამხრეთით დაბანაკდა და კონსტანტინოპოლისთვის და ზოგადად რომაული იმპერიისათვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა. ეს ფაქტი აწუხებდა რომაულ იმპერიას. რუსების გაქრისტიანების მცდელობას, რომელიც კიევის მთავრების - ასკოლდის და დირის ნათლისღებით დაიწყო, არ გააჩნდა მნიშვნელოვანი შედეგები. რუსების გაქრისტიანებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა, მოციქულთასწორ წმ. ოლღას და მისი მეუღლის - კიევის მთავრის - იგორის მონათვლა იყო 955 წელს, რომელიც „რუსეთში ქრისტიანობის გამოჩენის წინამორბედად“ მიიჩნეოდა. თუმცა, „ოლღას შვილიშვილი - დიდი მთავარი, წმ. ვლადიმერი გახლდათ ის, რომელიც 988 წელს მთელს რუსეთთან ერთად მოინათლა“.
ვლადიმერი, ხერსონისის წმ. ბასილის სახელობის ტაძარში მოინათლა ქრისტიანად და შემდგომ ბიზანტიის პრინცესაზე, ანა პორფიროგენეტზე დაქორწინდა, რომელიც იმპერატორების - ბასილი მეორის და კონსტანტინე მერვის „და“ გახლდათ. სახელი „პორფიროგენეტი“ იმ მოვლენას უკავშირდება, რომ იგი იმ ოთახში, პალატში დაიბადა, რომელსაც “პორფირი“ ეწოდებოდა. ვლადიმერი ეზიარა ქრისტიანობას, ვინაიდან მანამდე, სხვა არჩევის შესაძლებლობები რაც გააჩნდა, უარყო, მაგ: იუდაიზმი, ისლამი, კათოლიციზმი.
ვლადიმერმა ნათლობის შემდეგ განუჩინა კიევის მკვიდრთ, რომ დაემსხვრიათ კერპები და მოუწოდა მათ ქრისტიანობის მიღებისაკენ. მან, თავისი მეუღლის - ანა პალეოლოგის დახმარებით, უამრავი ახალი ტაძარი ააგო. აღნიშნულია, რომ 1124 წელს, კიევში და სხვადასხვა ქალაქებში დაახლოებით 600 ტაძარი იყო მოქმედი. მნიშვნელოვანი ნაგებობა, წმ. სიბრძნის საკათედრო ტაძარი იყო, რომელიც ვლადიმერის ძის, იაროსლავის და ბიზანტიელი ოსტატების მიერ იქნა აშენებული, რომელთათვისაც პროტოტიპს, კონსტანტინოპოლის წმიდა სიბრძნის ტაძარი წარმოადგენდა.
XII საუკუნეში კიევი დასუსტდა და რუსეთის დედაქალაქი, კიევიდან ქალაქ ვლადიმერში (სუზდალში), რუსეთის ჩრდილო აღმოსავლეთში იქნა გადატანილი. ამას ხელი შეუწყო დიდმა მთავარმა - გიორგი I გრძელხელებამ, „რომელიც დიდი მთავრის, ვლადიმერ II მონომახის და ბიზანტიის პრინცესა, ანასტასიას რიგით მეექვსე ვაჟი გახლდათ“, ხოლო ანასტასია, ბიზანტიელი იმპერატორის -კონსტანტინე მონომახის ქალიშვილი გახლდათ. თავად გიორგი გრძელხელებამ სხვა ქალაქებიც დაარსა, მათ შორის მოსკოვიც, რომელიც 1156 წლამდე ერთი უმნიშვნელო დასახლება იყო და ბოლოს „მრავალუნარიანი გამაგრებული ქალაქი“ გახდა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის შემდგომ ისტორიაში.
1260 წელს ალექსანდრე ნეველის მიერ, მოსკოვის ჰეგემონია დაიწყო, რომელმაც რუსეთის და ასევე მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მოგვიანებით, 1547 წლის 16 იანვარს, მოსკოვის მიტროპოლიტმა მაკარიოსმა, იმპერატორ ივანე IV მრისხანეს გვირგვინი დაადგა.
გ) რუსეთის ეკლესია 988 წლიდან 1589 წლამდე
რუსების გაქრისტიანების შემდეგ, რუსეთში ინტენსიური საეკლესიო ცხოვრება განვითარდა. 988 წლიდან 1240 წლამდე, როდესაც კიევი თათრების ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა, კიევისა და სრულიად რუსეთის ყველა მიტროპოლიტი ბიზანტიელი იყო და „მათგან უმრავლესობა, თავისთავად ცხადია, ბერძნული წარმომავლობის გახლდათ“. ინტენსიურად განვითარდა სამონაზვნო ცხოვრება და კიევ-პეჩორის ლავრაც ორ რუს მონაზონს - ანტონის და თეოდოსის სახელებს უკავშირდება.
კანონის მიხედვით, 988 წლიდან 1448 წლამდე, კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტები, წარმოშობით ბერძნები იყვნენ და ბიზანტიელი იმპერატორის თანხმობით, კონსტანტინოპოლიდან ხდებოდა მათი გამორჩევა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, „ეკლესიის სათავეში ბერძნებისა და რუსების გამორჩევისა და მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით, თანაბარუფლებიანი სახის ცვლილება“ მოხდა. კანდიდატები კონსტანტინოპოლში უნდა წასულიყვნენ, იქ უნდა გამორჩეულიყვნენ მიტროპოლიტებად და ამის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყვნენ რუსეთში.
1459 წელს, მეფე ვასილ ვასილიევიჩის ბრძანებით, მოსკოვში ჩატარდა კრება და გადაწყდა, რომ რუსეთის, მოსკოვის და კიევის სამიტროპოლიტოები დაყოფილიყო. ეს გახლავთ პერიოდი, როდესაც რუსეთის ეკლესია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან დამოუკიდებელი გახდა. მოსკოვის მიტროპოლიტი, რუსი ეპისკოპოსებისაგან შემდგარ კრებაზე უნდა არჩეულიყო და „მისი გამორჩევა, კონსტანტინოპოლის ნებართვის გარეშე, მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურისაგან იქნებოდა დამტკიცებული“.
როგორც ქვემოთ ვნახავთ, სხვა მიმდინარე მოვლენებიც ამგვარად აღსრულდა. ეს მოვლენები დაკავშირებული იყო როგორც 1438-1439 წლების ფერარა-ფლორენციის კრებასთან, ასევე 1453 წელს მომხდარ კონსტანტინოპოლის დაცემასთან. „იმ დროიდან „ცარი“, როგორც ყველა მართლმადიდებელის მფარველი, ისეა წარმოდგენილი. ავტორი აღნიშნავს:
„მონღოლებისაგან რუსეთის განთავისუფლებისა და ბალკანეთისა და ბიზანტიის იმპერიის სლავების მიერ თურქებისადმი გამოცხადებული კაპიტულაციის შემდეგ, ცარი ისე გამოჩნდა, როგორც ყოველთა მართლმადიდებელთა და ასევე მის საზღვრებში მყოფ უამრავ მართლმადიდებელთა მფარველი“.
1547 წლის 16 იანვარს, მოსკოველი მიტროპოლიტის, მაკარიოსის მიერ ივანე IV მრისხანესადმი საიმპერატორო გვირგვინის დადგმით, რუსეთის საეპისკოპოსოებიდან და სამიტროპოლიტო საყდრიდან გაძევებულ იქნენ ბერძენი იერარქები. ამ მოვლენამ რუსულ იერარქიას „სუფთა ეთნიკური საქმე“ გაუკეთა“. ამავდროულად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან განთავისუფლებამ, ყველა ცარს შესაბამისი შესაძლებლობა და ძალაუფლება მიანიჭა, რომ საეკლესიო მმართველობასთან, მემკვიდრეობასთან და არჩევნებთან დაკავშირებული თემების უმაღლესმარეგულირებელად წარმოდგენილიყო იგი. ეს ნიშნავს, რომ ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები, „არა მხოლოდ იკურთხებოდნენ ცარის ბრძანებით და აბსოლუტური უპირატესობის მინიჭებით, არამედ ემხობოდნენ კიდეც საყდრებიდან, როდესაც ის (ცარი) ისურვებდა ამას და აიძულებდა მათ გადადგომას“. ნათლად ჩანს, რომ ცარულ თეოკრატიასთან გვაქვს საქმე.
ცარმა იმდენად დიდი ძალაუფლება მიიღო ეკლესიაში, რამდენადაც მოსკოველი მიტროპოლიტის, იონას 14 მემკვიდრისაგან, მხოლოდ ხუთი გარდაიცვალა თავის კათდრაზე, დანარჩენი ცხრა დამხობილ იქმნენ კათედრებიდან და ვალდებულები იყვენენ, რომ გადამდგარიყვნენ. უწყებულია ფილიპეს შემთხვევაც, რომელიც ცარის უშუალო კარნახისა და მითითებების შედეგად იქნა მოკლული.
1589 წელს მოსკოვის საპატრიარქო დაარსდა. ერთის მხრივ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან მოსკოვის საპატრიარქოს განთავისუფლება მოხდა, მეორეს მხრივ, კონსტანტინოპოლი და მთელი აღმოსავლეთი დაეცა თურქებისაგან და ამიტომ აღმოსავლეთის ყველა მართლმადიდებლური საპატრიარქო საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკონომიური თვალსაზრისითაც. დამახასიათებლად არის აღნიშნული:
„რაც შეეხება თემებს, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდებოდა, უკვე XVI საუკუნის დასაწყისიდან, აღმოსავლელი პატრიარქები, ეკონომიურად ძალიან რთულ და პრობლემურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და უამრავ შემთხვევაში იძულებულნი იყვნენ, რომ ჩასულიყვნენ მოსკოვში, რათა ფულადი და ეკონომიკური დახმარება მიეღოთ, რათა თავი გაერთვათ საკუთარი ვალდებულებებისათვის“.
1586 წელს, ანტიოქიის პატრიარქი - იოაკიმე ჩავიდა მოსკოვში და მოისმინა „ცარ“ თეოდორეს წინადადება მოსკოვის საპატრიარქოს დაარსებასთან დაკავშირებით, თუმცა უპასუხა, რომ ეს აღმოსავლეთის ყველა პატრიარქის ერთობლივი აზრით უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა დაპირდა, რომ სხვა პატრიარქებსაც შეატყობინებდა ამის შესახებ.
ამის შემდგომ, 1588 წელს, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იერემია II ჩადის მოსკოვში ეკონომიკური დახმარებისათვის და იღებს ცარ - თეოდორესაგან წინადადებას, მოსკოვის საპატრიარქოს დაარსებასთან დაკავშირებით. პატრიარქი იერემია II დათანხმდა, „თუმცა იმედი ჰქონდა, რომ თავად დაიკავებდა პატრიარქის ადგილს, რუსეთის საპატრიაქოში“, თუმცა, შემდეგ თავის პირვანდელ აზრებს დაუბრუნდა და დათანხმდა, რომ მიტროპოლიტი იობი, პატრიარქის რანგში აღეყვანა. ეს მოხდა 1589 წლის 26 იანვარს. შემდგომში უკვე რუსეთის სახელმწიფოში 6 სამიტროპოლიტო, 6 სამთავარეპისკოპოსო და 6 საეპისკოპოსო კათედრა დაფუძნდა.
როდესაც პატრიარქი იერემია კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, 1590 წელს ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქებთან ერთად კრება მოიწვია, რადგან ალექსანდრიის საპატრიარქოს საყდარი დაქვრივდა და ეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა კრებას. საბოლოოდ, 1593 წელს სინოდმა, ყველა პატრიარქთან და ალექსანდრიის საპატრიარქოსთან ერთად, ანუ მელეტიოს პიგასთან ერთად, რომელიც გამორჩეულ იქნა სინოდზე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსკოვის პატრიარქისათვის საპატრიარქო პატივის მინიჭებას და იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ, დიპტიხში მის მეხუთე ადგილზე აღზევებას გულისხმობდა, დაამტკიცა და დაამოწმა.
ამ კვლევის ავტორის აზრი გახლავთ დამახასიათებელი, რომელიც გვიჩვენებს ამ ეპოქაში გამეფებულ მდგომარეობას:
„ამ წოდების მინიჭებაში და ახალი ჩამოყალიბებული მდგომარეობის საბოლოო გამარჯვებაში, ეკონომიკურმა კრიზისმაც ითამაშა როლი, რომელშიც აღმოსავლეთის უამრავი საპატრიარქო იყო ჩავარდნილი. აღმოსავლეთის საპატრიარქოების ეკონომიკური კრიზისი, იმ გარდაუვალ მოვლენას წარმოადგენდა, რამაც ეს საპატრიარქოები დამთმობ პოზიციებამდე მიიყვანა და უბიძგა მათ ეკონომიკური სიმყარის თხოვნისაკენ, ვინაიდან აღარ შეეძლოთ, რომ საკუთრი მოვალეობები შეესრულებინათ. დამახასიათებელ მაგალითად შეიძლება აღინიშნოს ანტიოქიის საპატრიარქოს წინამძღოლის, პატრიარქ იოაკიმეს მოსკოვში ვიზიტი, როდესაც მოსკოვის მხრიდან ეკონომიკური ბერკეტით ზემოქმედება შეინიშნებოდა. სხვა მსგავსი შემთხვევებიც არსებობდა, როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემთხვევა, სადაც ადგილი ჰქონდა შესაბამის ეკონომიკურ მოტივებს, რომლებიც ურთიერთშეთანხმებისას მიღწეულ შედეგებს განაპირობებდნენ.“
როგორც აღინიშნა, რუსებთან პატრიარქ იერემია მეორის თათბირებმა წინა პლანზე ამოწიეს საკითხი, მისი მოსკოვში ჩასვლის შესახებ. საბოლოოდ ეს მცდელობა უარყოფილ იქნა პატრიარქის მიერ, თუმცა ნათლად გამოჩნდა, რომ ცარს სურდა, მოსკოვის პატრიარქს მესამე ადგილი დაეკავა მართლმადიდებელ პატრიარქთა საიერარქიო დიფტიხში, ანუ კონსტანტინოპოლის და ალექსანდრიის შემდეგ და ანტიოქიის და იერუსალიმზე წინ. ეს იყო სურვილი, რომელიც არ შესრულდა, რადგან სხვა პატრიარქებიც არ დათანხმდნენ და საბოლოოდ მოსკოვის პატროარქმა დაიკავა მეხუთე ადგილი იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ.
ამ ქმედებებს „მესამე რომობის“ თეორიასთან აქვთ კავშირი, რომელიც რუსებისაგან დაიწყო და რომელსაც შემდგომ ნაწილში ვიხილავთ.
თუმცა, რაც აქ უნდა აღინიშნოს არის ის, რომ დროთა განმავლობაში ცარსა და მოსკოვის პატრიარქს შორის დაპირისპირებები არსებობდა, ამის დამახასიათებელი შემთხვევა გახლავთ დაპირისპირება პატრიარქ ნიკონსა და ცარ ალექსანდრე მიხაილოვიჩს შორის. საბოლოოდ 1700 წელს, პეტრე დიდის ბრძანებით, მოსკოვის საპატრიარქო გაუქმდა, თუმცა იგი, რუსეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ კვლავ განახლდა.
დ) მესამე რომის თეორიის შესახებ
ის, რაც ამ კვლევაში არის მნიშნელოვანი, რომელსაც მოკლედ წარმოვადგენ აქ და რა თქმა უნდა, რომელსაც უდიდესი ადგილი უკავია ამ სამაგისტრო ნაშრომში, არის „მესამე რომის“ თეორია, რომელიც დაიწყო XV საუკუნეში და რაც მთავარია განვითარდა XVI საუკუნეში. ეს გულისხმობდა იმას, რომ უძველეს ხანებში არსებობდა პირველი რომი, რომელიც ძველი რომაული იმპერიის დედაქალაქი გახლდათ, ამის შემდეგ, დედაქალაქის რომიდან კონსტანტინოპოლში გადატანის შემდეგ, შეიქმნა მეორე რომი და მოსკოვი, რომელიც ახალი ქრისტიანული იმპერიის დედაქალაქი გახლავთ, არის მესამე რომი.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ეს თეორია ვერ იქნება მყარი, რადგან არასდროს არ არსებობდა პირველი და მეორე რომი, არამედ ძველი და ახალი რომი, მაშასადამე მესამე რომი ვერ იარსებებს.
თუმცა, ამ თეორიის რამოდენიმე მხარეს ვნახავთ, როგორც არის ეს წარმოდგენილი ამ სამაგისტრო ნაშრომში.
თავდაპირველად, ამ თეორიის პოლიტიკურ მხარეს ვნახავთ, რომელმაც „ერთის მხრივ რუსეთის სახელმწიფოს გამტკიცების, ხოლო მეორეს მხრივ ამ სახელმწიფოს შემდგომი ტრანსფორმაციის იდეოლოგია წარმოქმნა“.
სანამ ეს თეორია, XVI საუკუნის წერილობით ხელნაწერებში პოლიტიკურ იდეოლოგიას მიიღებდა, მანამდე სხვადასხვა მწერლებისაგან განვითარდა და დამუშავდა, რომლებიც სალიტერატურო და იდეოლოგიური შინაარსიდან იყვნენ შეპყრობილნი, როგორც მაგ: „რუსულ ქრონიკებში“. ამ გადმოცემების თანახმად, მოსკოვის პრინცი წარმოშობით „რომის იმპერატორ ავგუსტუსის ოჯახიდან“ იყო.
ოსმალებისაგან კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, წარმოიშვა ერთი აზრი, რომ ცარი, ივანე III, რომელიც ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის ძმისშვილზე, ზოი-სოფია პალეოლოგოსზე დაქორწინდა, „ბიზანტიელი იმპერატორების ერთადერთი სამართალმემკვიდრე გახლდათ“. ამგვარად, როგორც ამტკიცებდა მოსკოვის მიტროპოლიტი - ზოსიმა ან ზოსიმე, ცარი - ივანე „ახალი სამეფოს ახალი კონსტანტინე“ გახლდათ. ვინაიდან „ყველა მართლმადიდებელი სახელმწიფო, რუსეთის გარდა, თურქებისადმი იყო დამორჩილებული და რუსეთს, მონღოლური ბატონობის უღელი ჰქონდა ჩამოცილებული, ამიტომ ის უნდა ყოფილიყო ბიზანტიის მემკვიდრე და არა ოსმალების იმპერია“.
XV საუკუნის შუა წლებში „მესამე რომის თეორია ფართოდ გავრცელდა რუსულ მიწაზე და როგორც კლიროსის წარმომადგენლების, ასევე საერო პირთა გულებში და პატივმოყვარეობაში შეაღწია სვინაქსარებიდან, რელიგიური ხასიათის წერილობითი მოხსენებებიდან, ეპისტოლეებიდან და ტექსტებიდან, რომლებიც ძალიან გავრცელებული იყო იმ ეპოქაში, ასევე ერში დიდი რეზონანსი და გამოხმაურება ჰპოვეს იმათმა, ვინც ამ ტექსტებს უჯერებდა და კითხულობდა“. ამგვარი მუდმივმოქმედი და მყარი ცნობიერება, XVI საუკუნის შუა ხანებში განსრულდა და დაბოლოვდა მოსკოვის საპატრიარქოს დაარსებით.
ფსკოვის მონაზონი, ფილოთეოსი (XV საუკუნის ბოლო) გახლდათ ის, რომელმაც ყველაზე მეტად განავითარა და ჩამოაყალიბა „მესამე რომის“ შესახებ არსებული თეორია. ამ თეორიის მიხედვით, პირველი რომი კერპთაყვანისმცემლობაში მოექცა და მეორე რომი - კონსტანტინოპოლი, ღმერთისაგან დაისაჯა, რადგან 1438-1439 წლებში ფერარა-ფლორენციის კრებაზე ლათინებთან გაერთიანების უნიაში ხელმოწერის გამო, მართლმადიდებელ სარწმუნოებას განუდგა. მონაზონი ფილოთეოსი წერდა ცარს:
„შენ ხარ ერთადერთი ქრისტიანი ცარი მთელ სამყაროში, მთელი მსოფლიო ეკლესიის საყდრების ლაგამი შენ გიპყრია ხელთ და ეს ეკლესია ამიერიდან არც ევროპაში და არც კონსტანტინოპოლში აღარ იმყოფებოდა, არამედ მოსკოვში“. მონაზონმა თავისი აზრები იმით განასრულა, რომ მოსკოვი გახლავთ მესამე რომი და რომ ამიერიდან მეოთხე რომი აღარ იარსებებდა, ამიტომაც „მოსკოვი ესქატოლოგიურ რომს წარმოადგენდა“. „მესამე რომი, წინარეებთან შედარებით მყარად და ჭეშმარიტი რწმენით იდგა და ის იქნება უკანასკნელი, ვინაიდან მეოთხე აღარ იარსებებდა მომავალში“. სამყარო არსებობს, რადგან არსებობს მოსკოვი და თუკი ქრისტიანული სამყაროს ცენტრი - მოსკოვი დაეცემა, მაშინ დადგება სამყაროს აღსასრული.
ამ პერსპექტივით, ცარი - ივანე მრისხანეც მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ის გახლდათ აბსოლუტური მონარქი და რომ მისი ეს ძალაუფლება ღმერთისაგან მომდინარეობდა. ივანე IV მიიჩნევდა, რომ ვინც მას გააკრიტიკებდა, ღმერთს აკრიტიკებდა. ზოგადად „ცარი თავის თავს ლიდერად მიიჩნევდა, რომელიც ღმერთისაგან იყო გამორჩეული და წარმოგზავნილი“.
ამ მენტალიტეტმა, რაც კი „მესამე რომის“ თეორიის საეკლესიო პერსპექტივასთან დაკავშირებით აღინიშნება, XVI საუკუნიდან მასთან კავშირში წარმოქმნა „წმიდა რუსეთის“ მნიშვნელობა. „წმიდა რუსეთი“ მჭიდროდ იყო დაკავშირებული „მესამე რომის“ თეორიასთან და მისი ეს უმაღლესი განდიდება არ მომდინარეობდა რაღაც პიროვნული მონაპოვარიდან, არამედ იქიდან, რომ „მესამე რომი გახლდათ ღმერთის შემოქმედება, მის მიერვე გამორჩეული, მისი ნების აღსრულებისათვის“. ეს გახლდათ რუსული სახელმწიფოს იდეოლოგია XVI საუკუნის განმავლობაში.
„მესამე რომის“ თეორიის პოლიტიკურ მხარესთან, მისი საეკლესიო მხარეც მჭიდროდ იყო დაკავშირებული. თავდაპირველად „მესამე რომის“ შესახებ არსებულ თეორიას უპირველესყოვლისა პოლიტიკური მხარე გააჩნდა და არ იყო წარმოდგენილი საეკლესიო კუთხით, ანუ მსოფლიო საპატრიარქოს დამცირების კუთხით, რადგან არ შეიძლებოდა, რომ მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები დარღვეულიყო, რომელთაც ძველი და ახალი რომის შესახებ მიიღეს დადგენილებები და არა პირველი და მეორე რომის შესახებ, რომ შემდგომში მესამე რომიც არსებულიყო. „საეკლესიო პერსპექტივამ იგნორირება გაუკეთა უსაფუძვლო და ფიქტიურ სამგვამოვან წყობილებას „პირველი-მეორე-მესამე რომი“, რომელიც ქრონიკული ჟამის ფაქტების საფუძველზე აღმოცენდა“.
დროის მსვლელობასთან ერთად „მესამე რომის“ შესახებ არსებულმა თეორიამ საეკლესო ცხოვრებაშიც შეაღწია და „კონსტანტინტონოპოლთან, ანუ მსოფლიო საპატრიარქოსთან დაპირისპირების მიზნით ამუშავდა“. ამ თეორიის მიზანი ის იყო, რომ „გაეუქმებინა მსოფლიო საპატრიარქოს პირველსაყდარი“ და ეს რომ მომხდარიყო, „რაიმეს გზით უნდა დაემტკიცებინა, რომ საპატრიარქო ერესში ჩავარდა“.
ამგვარად, ამ თეორიის მიხედვით, პირველი რომი აპოლინარიზმის ერესს მიეცა, რადგან უფუარის გამოყენება დაუშვა საღმრთო ლიტურგიაში, ხოლო მეორე რომმა, ლათინებთან მისი გაერთიანებით, დაკარგა რწმენა, ამიტომაც დაისაჯა ღმერთისაგან, ურწმუნოთაგან მისი დაპყრობით. მაშასადამე „მესამე რომი“ რაღაც უფრო მეტია იმასთან შედარებით, რაც იყო მეორე რომი (კონსტანტინოპოლი). მაშასადამე XVI საუკუნის მიმდინარეობისას რუსების უმეტეს ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ რუსული ადათ-წესები და ტრადიციები უფრო მაღალ საფეხურზე იყო ასული კონსტანტინოპოლის ტრადიციებთან შედარებით, რომლებიც დაწინაურებული იყო“.
ამ პერსპექტივით სხვა თეორიებიც განვითარდა, მაგ: რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანესაგან დაიწერა, მაგრამ ხატმებრძოლობის პერიოდის დროს გატაცებულ იქნა და მრავალი წლის შემდეგ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა და კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, სასწაულებრივად გადავიდა ტიხვინში. ასევე ჩამოყალიბდა და განვითარდა მითი, „თეთრი მიტრის“ (თეთრი კუნკულის) შესახებ, რომელიც რომის პაპ - სილვესტრს ებოძა კონსტანტინე დიდისაგან და აპოლინარიზმის ერესის შემდეგ, რომელიც გაბატონდა დასავლეთში (უფუარი პურის მიღება საღმრთო ევქარისტიაში) ამ კუნკულმა კონსტანტინოპოლში გადაინაცვლა, ხოლო იქიდან (კონსტანტინოპოლიდან) მოსკოვში.
„ყველა ეს ტრადიცია და ადათი, რომლებიც უწყვეტად და არაბუნებრივად ცირკულირებდნენ, მსოფლიო საპატრიარქოს ავტორიტეტის დაკნინება დაისახეს მიზნად“. „მესამე რომის“ შესახებ არსებული თეორიის პარალელურად, არსებობდა მირაჟიც, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს, კონსტანტინოპოლიდან რუსეთში გადატანას ეხებოდა, მაგრამ ერთი სცენარიც იყო დადგმული, რომ კონსტანტინოპოლში რუსული წარმომავლობის პატრიარქი დაეტოვებინათ.
საბოლოოდ, როგორც უკვე აღინიშნა, დაარსდა მოსკოვის საპატრიარქო. თავისთავად მტკიცდება, რომ „სინამდვილეში საპატრიარქო ტიტული, ძალადობრივად იქნა მოპოვებული, ვინაიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქი ეკონომიკურად რუსეთზე იყო დამოკიდებული და მოცემულ პერიოდში იმისათვის, რომ ეკონომიკური სიმყარის მომავალი დაეცვა, გაცვლით მეთოდს მიმართა, რომელიც საპატრიარქო ტიტულატურის აღიარებაში გამოიხატა“.
დამახასიათებელი მაგალითი, თუ როგორ გამოიხატებოდა „მესამე რომის“ შესახებ არსებული თეორია, გახლავთ წმიდა მაქსიმე გრეკის, სინამდვილეში ვატოპედელის შემთხვევა, რომელიც 1518 წელს, მეფე ბასილი მესამის მიწვევით გაემგზავრა მოსკოვში რათა ბერძნულიდან რუსულ ენაზე ნათარგმნი ტექსტები შეესწორებინა. წმიდა მაქსიმე ბერძნოფობიური წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა, რაც „რუსული შოვინიზმის გამოჩინებაში გამოიხატა“ და ამ უკანასკნელის მიზანი გახლდათ ის, რომ ჩაკეტილობა და ომი განსჯილიყო და საბოლოოდ ეს ომი მრავალი ტანჯვა-წამებისაგან დამცხრალიყო, რომელიც არსებობდა.
მისი ამ მისიით, რუსულ საზოგადოებაში მრავალი სიყალბე დადასტურდა, მაგრამ რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ „მესამე რომის“ თეორიას, წინ აღუდგა და შეეწინააღმდეგა.
წმიდა მაქსიმემ დაიცვა პატივისცემა კანონიკურ წესრიგში და კრიტიკულად განეწყო და შეეწინააღმდეგა „მესამე რომის“ შესახებ არსებულ თეორიას, რაც იმას გულისხმობდა, რომ მსოფლიო საპატრიარქო დაეცა მართლმადიდებლური რწმენისაგან და გადაეცა ოსმალებს და ამიტომ მისი ადგილი მოსკოვის საპატროარქომ უნდა დაიკავოს.
ამგვარად, წმიდა მაქსიმე „აკრიტიკებს „მესამე რომის“ თეორიის ზღვარგადასულ გადაჭარბებას და ცდილობს შეასწოროს არასწორი ტექსტები, რომლებიც შეიქმნა რუსულ საეკლესიო წრეებში“. წმიდა მაქსიმეს ეპოქაში არსებობდნენ „რუსული საეკლესიო წრეები“, რომლებიც მსოფლიო საპატრიარქოსაგან რუსეთის საპატრიარქოს ჩამოშორებას აჩქარებდნენ და წმიდა მაქსიმე მტკიცედ აღუდგა წინ ამ სწრაფვას.
„მესამე რომის“ თეორიამ, რომელიც როგორც აღინიშნა, XV საუკუნეში ჩამოყალიბდა და XVI საუკუნეში განვითარდა, შესაძლოა დამტკიცდეს, რომ პანსლავიზმი განასრულა, ანუ „პანსლავიზმის თეორიის და სლავური ეთნოფილეტიზმის ვრცელ წინასწარ მომასწავებელს წარმოადგენდა“, რომელიც შემდგომ საუკუნეებშიც გადმოვიდა და უამრავი პოლიტიკური ხასიათის პროგრესი გამოიწვია და მთავარ ადგილებში მრავალგვარიქმედებების და საქმიანობების მიზეზი გაამყარა“.
პანსლავიზმი გახლდათ მიმდინარეობა, რომელიც XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა და „ყველა სლავური ქვეყნის, ერთ საერთო ფედერალურ სახელმწიფოდ, რომელიც რუსეთის მიერ იქნებოდა კონტროლირებადი, გაერთიანების მოლოდინს წარმოადგენდა“. პრაქტიკაში ეს გახლდათ „ერთი რელიგიურ-იდეოლოგიური საბაბი“.
პანსლავიზმა „მიზნად დაისახა სლავების განთავისუფლება ტირანიისაგან და მათი მბრძანებლებისაგან“ და შემდეგ უკვე მათი გაერთიანება. სხვადასხვა მეცნიერებმა სლავების ეთნიკური გამოღვიძებისათვის ჩამოაყალიბეს ეს თეორია. დამახასიათებელი მაგალითი გახლავთ 1870 წელს ბულგარეთის საეგზარქოსოს გამოცხადება და დიდი ბულგარეთის შექმნა.
პანსლავიზმის თვალსაჩინო გამომხატველთაგან ერთ-ერთი გახლავთ ნიკოლოზ დანილევსკი, რომელმაც თავისი წიგნით, „რუსეთი და ევროპა“ აღნიშნა, რომ „სლავური მასები არ უნდა ისწრაფოდნენ დასავლეთისკენ, არამედ რუსეთისკენ, რომელიც გახლავთ მათი შემწე და დახმარების ერთადერთი გზა, თავიანთი მიზნის წარმატებით აღსრულებისათვის“. რუსებმა, პანსლავიზმის აზრებით, მთელ ბალკანეთში, ათონის მთაზე და სხვა ადგილებშიც შეაღწიეს.
შესაძლოა „ანტიკონფრომისტულად“ ჩანდეს, მაგრამ „მესამე რომის“ შესახებ არსებულმა თეორიამ „კეთილი ნაყოფი გამოიღო კომუნიზმის, საბჭოთა კავშირის აღმასვლის და ძალაუფლების პერიოდში“. ამ პერიოდში, ინტერნაციონალურ ადგილას, რუს პატრიარქს შეეძლო, რომ „დანარჩენ სლავურ საპატრიარქოებს შორის, მარტივად მოეხდინა ზეგავლენა და ჩამოეყალიბებინა სხვადასხვა სახის შეხედულებები და ტენდენციები“, რომელთა ქვეყნებიც კომუნისტური რეჟიმის ქვეშ იმყოფებოდნენ და პირდაპირ თუ ირიბად მოსკოვზე იყვნენ დამოკიდებულნი. იგივე ხდებოდა პანორთოდოქსულ შეკრებებზეც. კონკრეტულ პერიოდში ამ ყველაფრით, „მესამე რომის თეორიამ კვლავინდებურად გამოამჟღავნა თავისი თავი ავანსცენაზე“.
1948 წელს მოსკოვში ჩატარებულ მართლმადიდებელი ეკლესიების სიმპოზიუმზე, რომელიც რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ხუთასწლოვან იუბილეს ეძღვნებოდა, სიმპოზიუმის მონაწილე ერთი პოლონელი, ერთი ბულგარელი და ერთი რუსი მომხსენებლების მიერ, „მესამე რომის“ თეორიის შესახებ იქნა გაკეთებული მოხსენებები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს თეორია ნელ-ნელა „წვავდა“ სლავურ მასებს.
ამ სამაგისტრო ნაშრომის ტექსტში სხვადასხვა სახის „სურათებია“ წარმოდგენილი, რომლებიც წარმოგვიჩენენ მოსკოვს, როგორც „მესამე რომს“.
დასკვნა
წინამდებარე ტექსტში, ანასტასიოს - იოანე ლალოსის სამაგისტრო ნაშრომის ცენტრალური ადგილების წარმოჩენას შევეცადე. თუმცა, როდესაც ვინმე ამ კვლევას კითხულობს, მაშინ ის მთელ პრობლემას ხედავს, რომელიც განვლილი საუკუნეების მანძილზე არსებობდა და რომელიც ჩვენს ეპოქაშიც არსებობს „მესამე რომის“ თეორიასთან დაკავშირებით. მოვლენები თანამედროვე და აქტუალურია, ამიტომაც ისტორია აწმყოსა და მომავლის გზამკვლევს უნდა წარმოადგენდეს.
ნათლად ჩანს, რომ „მესამე რომის“ თეორია, XV საუკუნეში დაიწყო, XVI საუკუნეში განვითარდა და შემდგომ საუკუნეებში ვრცელდებოდა და ვრცელდება ვიდრე დღევანდელ დღემდე სხვადასხვა სახით და ნებისმიერი რუსული პოლიტიკური რეჟიმისაგან - ცარული თეოკრატიისაგან, სტალინური ათეიზმისაგან, პანსლავიზმისაგან და თანამედროვე რუსული დიპლომატიისაგან. ეს ჩვენს დღეებამდეც გრძელდება და ამგვარი გზით, მსოფლიო საპატრიარქოს მრავალი კუთხით ეთხრება ძირი, რომელსაც მსოფლიო კრებების კანონებით და მთელი საეკლესიო პრაქტიკით, პირველსაყდრის პრივილეგია აქვს მინიჭებული და დაკანონებული.
ვინც პანორთოდოქსულ კომისიებში იღებს მონაწილეობას და აკვირდება, თუ რა ხდება მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლების შეხვედრებისას, მარტივად დაამტკიცებს იმათძირგამომთხრელ პოლიტიკას, რომლებიც „მესამე რომის“ თეორიისაგან არიან შეპყრობილნი. ამ ადამიანებს უკვე ჩამოყალიბებული კანონიკური წყობის გაბათილება უნდათ. ეს უკანასკნელი იმაში მდგომარეობს, რომ პანორთოდოქსულ შეხვედრებში მსოფლიო პატრიარქი თავმჯდომარეობს და ფლობს ინიციატივებს, რაც მას ეკლესიის კანონიკურმა გარდამოცემამ და ერთიანმა საეკლესიო პერსპექტივამ მიანიჭა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ეს ძალიან კარგად იცის, ამიტომაც შესაბამისად და ანალოგიურად მოქმედებს. უკრაინისადმი ავტოკეფალიის მინიჭების საკითხსაც ამ პერსპექტივით უნდა ვუყურებდეთ.
ამ სამაგისტრო ნაშრომის ყურადღებით წაკითხვისას, მწუხარებით აღვივსე იმ ადამიანთა გამო, რომელნიც ვერ ხედავენ ამ მდგომარეობას და მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში, რუსების ლიდერობას ამტკიცებენ.
ბოლოს, ვინც უკრაინის საქმეში ამ მდგომარეობას ვერ ხედავენ, ან გულუბრყვილობისაგან, ან გონებრივი სიბეცისაგან, ანაც ჰიპერმეტროპიისაგან და დალტონიზმისაგან არიან დაავადებულნი.
ხშირად, ჩვენ ბერძნები, გვაქვს რა რომაული ცნობიერება და მენტალიტეტი, ერთი მსოფლიო სულისაგან განვისჭვალვებით ისე, რომ არ ვართ ეთნიკურები, მაგრამ გულუბრყვილონი არ უნდა ვიყოთ, რადგან ამ შემთხვევაში ისტორიის, ჩვენი მამების მემკვიდრეობის დამ ართლმადიდებელური გარდამოცემის საუნჯის მიმართ საშიშნი ვიქნებით.
ჩემს მომდევნო სტატიაში, მოსკოვის საპატროარქოს ეკლესიოლოგიური დაცემის შესახებ მოგახსენებთ.
სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა
წყარო: http://parembasis.gr