მოლოდინში

1917 წელს, საქართველოს პატრიარქ კირიონ II-ის აქტიური მუშაობით ჟურნალ ,,სვეტიცხოველი''-ს გამოცემა დაიწყო, რომელიც იმ პერიოდის საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ გამოცემად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ისტორიულ ვითარებათა გამო მხოლოდ ოთხი ნომრის გამოცემა მოხერხდა.  გთავაზობთ ჟურნალის პირველ ნომერში დაბეჭდილ სტატიას- ,,მოლოდინში’’, რომელიც რუსეთისგან საქართველოს ეკლესიის განთავისუფლებას ეხება.

 

...რევოლუციურმა რუსეთმა ისეთივე დამოკიდებულობა გამოიჩინა მცირე ერების მოთხოვნილებისადმი, როგორც დასამარებულ რუსეთის თვითმპყრობელობამ: ველიკოროსთა პრიმატი ძველებურად გამოცხადებულია რუსეთის სახელმწიფოს მაცოცხლებელ ძარღვად. ცალმხრივად გაგებული ,,დიდი და განუყოფელი რუსეთის იდეა“ გამოსჭვივის უწინარესყოვლისა იმაში, რომ სახელმწიფოს მესვეურნი დღესაც სასტიკად ებრძვიან ერთა აღორძინებას და ფაქტიურად უარს-ჰყოფენ საქვეყნოდ აღიარებულ ,,თვითგამორკვევას’’.

            თავის თავად ცხადია, რომ ცენტრალისტური აზროვნების მატარებელი არ შეურიგდებოდა იმას, რასაც საქართველოს ეკლესია თავის წმინდა მიზნად ისახავს; არ შეიწყნარებდა ტერიტორიალურ ავტოკეფალიას, რომელსაც თან სდევს საქართველოს პატრიარქ-კათალიკოზის სათანადო ამაღლება და მისი უზენაესი მართვა-გამგებლობა ტერიტორიის საზღვრებში. რუსეთის სინოდის უმაღლესი წარმომადგენელი ყოველს შემთხვევაში უნდა გამოხვებული ყოფილიყო კათალიკოზის ბრძანებლობისაგან, ამისათვის საჭირო იყო ტერიტორიალური პრინციპის უკუ-გდება! ნაციონალური ავტოკეფალია კი უზრუნველ ჰყოფს უმართებელს სინოდს ამ შიშისაგან, რადგანაც კათალიკოზის ხელმწიფება გავრცელებულია ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართველ ერზე, სწორედ ისე, როგორც ამას ადგილი აქვს სომეხთა ეკლესიაში.

            რუსეთის რევოლუციური მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის დებულებანი, სავსებით ეწინააღმდეგება ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის ისტორიას, ეწინააღმდეგება აგრეთვე იმას, რაც დადასტურებულია კანონიურ უფლებათა მიერ. ანტი-კანონიურ დაწესებულებას- რუსეთის სინოდს- 100 წლის განმავლობაში ტყვედა ჰყავდა ივერიის ეკლესია, და განა საკვირველია, რომ ბატონობის ჩამოშორების ჟამს იგი მოწადინებულია რაც შეიძლება მეტი უფლება და ავტორიტეტი შეინარჩუნოს. ,,საქართველოს ეკლესიის თვითგამორკვევის უდიდესი აქტი“- კი, როგორც ახასიათებდა 12 მარტის შესანიშნავ დღეს მთავრობის პირველი დეკლარაცია, მოითხოვდა ავტოკეფალიას ამ სახით, როგორიც ჩვენს ეკლესიას უტარებია მრავალსაუკუნის სივრცეზე იმ შავბნელ დრომდე, როდესაც გენერალ ტორმასოვმა ძალ-მომრეობით გამოჰგლიჯა მას კანონიური უფლება და ძღვნად მისთავაზა ბიუროკრატიულ სინოდს...

            ასი წლის განმავლობაში სულიერად იხრწნებოდა და ქონებრივად ღატაკდებოდა უძველესი მართლმადიდებელი ეკლესია! გლოვით რეკავდა დიდებული სიონის ზარი და კვნესასუერთებდნენ ბოდბე, გელათი, გარეჯი, სვეტი ცხოველი-ქართველთა ერის დიდების სახელოვანი მოწმენი...

წყვდიადით მოსილ ბარბაროსულ სამეფოში სულსა ღაფავდნენ დამონავებულნი ერნი! თვითმპყრობელ რუსეთსა და კულტურულ ქვეყნებ შორის აღმართული იყო გარდაუვალი ზღუდე, რომლის ფრთებს პობედონოსცევები დიდის მეცადინეობით ლესავდნენ, რათა მაცოცხლებელ მზის სხივებს არ შემოენათებინა და იმედი არ ჩაეწვეთა ხალხთა შეხუთულ აზროვნებაში!   

დღეს საერთო აღორძინების, საყოველთაო თავისუფლების ხანაა! ამ დიად ჟამს შენატროდა დაჩაგრული, დამცირებული და უკიდურესამდე შეწუხებული ხალხი. საქართველლოს შვილნი ხსნას მოელოდნენ მსოფლიო ისტორიაში უმაგალითო აჯანყებისაგან: იმედოვნებდნენ, რომ თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ამხედრებული რუსეთის დემოკრატია საჯაროდ დაჰგმობდა მტარვალთ გამგებლობის  მეთოდს და უფლებას შეასხამდა მოტყუებულ ერს,- აღადგენდა ერის თვთკანონმდებლობას, განათავისუფლებდა დატყვევებულ ეკლესიას! მაგრამ ჩვენს იმედებს სავსებით ვერ ეღირსა განხორციელება: დემოკრატიულ მთავრობის მოქმედებას აკლია გაბედულობა, მას არა აქვს ნამდვილი რევოლუციონური გაქანება, რომ ახალ-გზით და საშუალებით უშიშრად გაატაროს აზვირთებულ ზღვაში სახელმწიფო და მიადგეს უშფოთველ ნავთსაყუდარს.

            ბიუროკრატიის საზარელი ლანდი კიდევ დაწრწის რუსეთის უზომო სივრცეზე და ჰშხამავს ჰაერს: მის მიერ დაღ-დასმული მოგვევლინა ეკლესიის ახალი წესებიც!

            ჩვენ მივიღებთ ამ წესებს, ვითრცა საძირკველს, რომელზედაც აღდგენილი ქართველი ერი აღაშენებს სალი-კლდესავით უტეხ ქვითკირს და მას ვერ ძლევენ თვით ბჭენი ჯოჯოხეთისა.

            მაშინ შეერთებული ქართველი ხალხი აღტაცებით მიეგებება ჭეშმარიტ განთავისუფლებულ ეკლესიას, მაშინ მორწმუნეთ მოულოცავენ: ,,ამიერიდან უკვე აღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სხეულ ღვთისა, აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავ-საკიდურთა მისთა არს თვით ქრისტე იესო’’ (ეფეს. II 19, 20).

რ. ინგილო

 

მოამზადა  გურამ ლურსმანაშვილმა

 

წყარო: სვეტიცხოველი, კვირა 27 აგვისტო, 1917 წელი. N 1, გვ. 2-3