ევქარისტია და კათოლიკობა

`ნურვინ იგლოვებს თვის სიღატაკეს, რადგან საერთო სამეფო მოგვევლინება. იოანე ოქროპირის სააღდგომო ჰომილიიდან.

 

I

წმიდა ევქარისტია ქრისტეს მოსახსენებლად აღესრულება, პირველ ყოვლისა საიდუმლო სერობის მოსახსენებლად, როდესაც მაცხოვარმა დააწესა და პირველად თვითონვე აღასრულა ახალი აღთქმის უწმიდესი საიდუმლო თავის მოწაფეებთან ერთად, და დაგვიტოვა მცნება: `ამას იქმოდეთ ჩემს მოსასნებელად... მაგრამ ეს მარტოოდენ მოხსენიება არ არის. მოიხსენიებენ ხოლმე ყოფილსა და გარდასულს, იმას, რაც ოდესღაც მოხდა, და უკვე აღარ არის. ხოლო საიდუმლო სერობა არათუ ოდესღაც ერთგზის აღსრულდა, არამედ დღესაც საიდუმლოდ გრძელდება მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე... სწორედ ამას ვადასტურებთ ყოველ ჯერზე, როცა კი საზიარებლად ბარძიმს მივეახლებით: `სერობასა საიდუმლოსა შენისასა ზიარებად შემიწყნარე, ძეო ღმრთისაო... სერობა გრძელდება, და არ მეორდება.

რადგან ერთია მსხვერპლი, ერთია შესაწირავი, ერთია მღვდელი–            მწირველი და შეწირული. `და დღესაც იგივე ქრისტეა ჩვენთან; ვინც მოამზადა ის სერობა, იგივე გვიმზადებს ამას დღესაც,

–          ამბობს ოქროპირი და დასძენს: `ის სერობა, რომელზეც დაწესდა საიდუმლო, არაფრით არის უფრო სრულყოფილი, ვიდრე ყოველი მომდევნო, რადგან ყველაფრის მომამზადებელი და მომწოდებელი დღესაც ქრისტეა, როგორც მაშინ.

ამით მჟღავნდება კათოლიკობის (საყოველთაოობის) საიდუმლო, ეკლესიის საიდუმლო. მოციქული საიდუმლოდ ლაპარაკობს ეკლესიაზე, რომ ის არის ქრისტეს `აღვსება, ანუ `აღსრულება~ (ეფესელთა მიმართ 1:23); ხოლო იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ `აღვსება~ ნიშნავს `დამატებას~ – ეკლესია ერთგვარი შევსებაა ქრისტესი, რომელიც თავია საკუთარი სხეულისა... ქრისტეს სხეული ეკლესია, დროში დგინდება და აღსრულდება. ამგვარადვე, ყოველი ევქარისტია არის საიდუმლო სერობის ერთგვარი აღსრულება, მისი გამოვლინება და განხორციელება ქვეყნიერებასა და დროში. ყოველი ევქარისტიული მსახურება ერთი მთლიანი ევქარისტიის სრული გამოხატულებაა, რომელიც მაცხოვარმა აღასრულა საიდუმლო სერობისას, თავისი ნებაყოფლობითი ტანჯვის წინა საღამოს. როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს, ყოველი ევქარისტია სრული და მთლიანი მსხვერპლია – `იგივე შეიწირება დღეს ჩვენგან, რაც მაშინ შეიწირა, და არასდროს დამცრობილა... ყველგან და მარადის სრული ქრისტე.

ვითარცა მარადი მღვდელთმთავარი, მაცხოვარი, `განუწყვეტლივ აღასრულებს ჩვენთვის ამ მღვდელმსახურებას, – ამბობს სიღრმის მწვდომი ბიზანტიელი ლიტურგისტი ნიკოლოზ კავასილა. არა იმ გზით, რომ იგი თავიდან მოდიოდეს ამქვეყნად და წმიდა   შესაწირავში  განსხეულდებოდეს  ან ჩასახლდებოდეს,

`არა იმ გზით, რომ ცად ამაღლებული სხეული ისევ გარდა- მოხდებოდეს; ზეცად ამაღლებულსა და მამის მარჯვნივ  მჯდომარე მაცხოვარს არ გაუწყვეტია ქვეყნიერებასთან კავშირი, და განუწყვეტლივ მყოფობს თავის ეკლესიაში. იოანე ოქროპირის თქმით, `ქრისტემ ჩვენც დაგვიტოვა თავისი სხეული და თან მითვე ამაღლდა; საშინელი და გონებამიუწვდომელია ევქარისტიული ძღვენის იმგვარი გაგება, რომლის მიხედვითაც, ძის მიერ მამისგან ქვეყნად მოვლინებული სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტეს მარად წმიდა სხეული გამოუთქმელად აღსრულდება.

და სწორედ ეს არის საიდუმლო. არ მეორდება მსხვერპლი, არ მეორდება დაკვლა... `ეს მსხვერპლშეწირვა, – ამბობს ნიკოლოზ კავასილა ევქარისტიაზე, – აღსრულდება არა კრავის დაკვლით, არამედ პურის გარდაქმნით დაკლულ კრავად. სულიწმიდის გარდამოსვლით შეწირული პური ეკლესიის ლოცვის შედეგად განიწმინდება და საღვთო ძალით აღიტაცება ბუნებრივი ყოფიერების ხრწნადი წრებრუნვისგან. წმიდა ძღვენი ღმერთის ზეციურ საკურთხეველზე შეიწირება და მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გარდაიქმნება _ ეს არის ღმერთკაცის სხეული, ნაშობი ქალწულისაგან, ტანჯული, აღმდგარი, ამაღლებული და განდიდებული. ეს არის თვით ქრისტეშეურევნელი ორბუნებოვნებით შეცნობადი...

`მან თქვა დასაბამში: აღმოაცენოს მიწამ მცენარეები, _ განმარტავს იოანე დამასკელი, _ და წვიმით მორწყული მიწა მოაქამომდე აღმოაცენებს მცენარეებს, როგორც დადგენილი და დამტკიცებულია ღვთის ბრძანებით. ღმერთმა ასევე თქვა:

`ეს არის ხორცი ჩემი და ეს არის სისხლი ჩემი, და ესე ჰყავით ჩემს მოსახსენებლად და  მისი  ყოვლადძლიერი  ბრძანებით, ასეც ხდება, ვიდრე მეორედ  მობრძანდება...  და  ამავე  ბრძანებით, ამ ახალ მიწადმოქმედებას შეეწევა წვიმაც სულიწმიდის მფარველი ძალა.

 ეს `ახალი მიწადმოქმედება, როგორც გაბედულად სახელს დებს იოანე დამასკელი, არის ერთგვარი კოსმიური საიდუმლო, ბუნების განწმენდა საწყისი და საწინდარი იმ მომავალი დიდი განახლებისა, როდესაც ღმერთი იქნება ყოველივე ყოვე- ლივეში. ეს არის ახალი ცისა და ახალი მიწის ჩანასახი. წმიდა ევქარისტიაში მიწა უკვე დღესვე გარდაიქმნება ზეცად, რადგან `ახლა შეგვიძლია მიწაზე ვიხილოთ ზეცათა მეუფის სხეული,

–          ამბობს იოანე ოქროპირი. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს არ არის თვითკმარი ფიზიკური, ბუნებრივი სასწაული, არ არის მხოლოდ ნივთიერების გარდაქმნა, რადგან ევქარისტიის სასწაული სრულდება ადამიანისთვის, და სრულდება განხორციელებული სიტყვის ადამიანური ბუნების მეშვეობით. ევქარისტია `უკვდავების მალამოა, წმიდა ეგნატე ანტიოქიელის უწყებით კი – `სიცოცხლისა და უხრწნელების სალბუნი~... უხრწნელებისა და უკვდავების საზრდო ადამიანისთვის. უპირველესად, ეს არის ტრაპეზი. და როდესაც ხორციელად ვეზიარე- ბით, ჩვენ ჭეშმარიტად ვუერთდებით ქრისტეს, ქრისტე ღმერთ-კაცს, რადგან მაცხოვრის ხორცი, სულიერი და ცოცხალი, განკაცებული ლოგოსის ჰი პოსტასთან ერთობით უკვე განღმრთობილი, არის `ყოველთა ღმერთის სხეული, როგორც ამას ბრძა- ნებს იოანე ოქროპირი. ღმერთკაცის პიროვნებაში ორი ბუნების უცვლელი და განუყოფელი ერთიანობის ძალმოსილებით, ევქარისტიის მიერ `სისხლსა და ხორცთან შეერთებით, როგორც იოანე დამასკელი აღნიშნავს, `ჩვენ ვხდებით იესოს ღმერთობის თანაზიარნი. სულიერ-ხორციელი არსებისთვის, როგორადაც შექმნილია ადამიანი, არ არსებობს ღმერთთან შეერთების სხვა გზა და საშუალება როგორც გვამცნო თვით მაცხოვარმა: `თუკი არ შეჭამთ ძე კაცისას ხორცს და არ შესვამთ მის სიხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში (იოანე 6:53).

თავისი ეკლესიის დაფუძნებისას, უფალი საკუთარი მაცხოვნებელი ტანჯვის საიდუმლო წინსწრებით უკანასკნელ სერობაზე დაადგენს ახალი აღთქმის უწმიდეს საიდუმლოს და მოწაფეებს უმხელს, რომ ეს ერთობისა და სიყვარულის საიდუმლოა. მაცხოვარი იმ ღამეს მოძღვრავს მოციქულებს და უქადაგებს სიყვარულზე, და სიყვარულზე საუბრობს, ვითარცა გამაერ- თიანებელ ძალაზე. იგი საუბრობს თავის თავზე  –  ვითარცა  ახალ, მეორე ადამზე, და როგორც ახალი ადამი, მაცხოვარი  _ იგი არის გზა ადამიანებისთვის, რომლებიც მისი მეოხებით და მის მიერ მივლენ მამასთან. მამის საიდუმლო სახლი, სადაც მრავალი სავანეა, ეს თავად მაცხოვარია, რომლის სხეულში, ეკლესიაში, მორწმუნეები სიყვარულის ღვთიური ძალით ერთი- ანდებიან საიდუმლო თანასხეულებრივ მასთან და ერთმანეთთან. ისინი ერთიანდებიან სისხლისა და ხორცის საიდუმლოს მიერ მაცხოვრისავე სიტყვით: `ვინც ჭამს ჩემს ხორცს, და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში (იოანე 5:56).

სამოციქულო სწავლება ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის შესახებ,უპირველეს ყოვლისა,გადმოგვცემს ლიტურგიკულ გამოცდილებას, გამოხატავს ევქარისტიულ მოქმედებას: `ერთია პური, და ჩვენ, მრავალნი, ერთი სხეულისანი ვართ, ვინაიდან ყოველნი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით (1 კორინთელთა მიმართ 10:17). იოანე ოქროპირი განმარტავს: `ჩვენ სწორედ ის სხეული ვართ, რადგან რა არის პური? – ქრისტეს სხეული... რად გარდაიქმნებიან მაზიარებელნი? – ქრისტეს სხეულად... სხეული არის არა მრავალი, არამედ ერთი.

წმიდა ზიარების მიერ მორწმუნენი ქრისტეს სხეულად გარდაიქმნებიან ამიტომაც ევქარისტია  ეკლესიის  საიდუმლოა `შეკრების საიდუმლო~, `თანაზიარების საიდუმლო. ევქარისტიული ურთიერთობა არ არის მხოლოდ სულიერი ან ზნეობრივი ერთობა, მხოლოდ განცდის, ნებელობისა და გრძნობის ერთობა. ეს არის რეალური, ონტოლოგიური ერთობა, ერთიანი ორგანული სიცოცხლის განხორციელება ქრისტეში. თვით ეს სხეულებრივი ფორმა მიანიშნებს სიცოცხლის ორგანულ უწყვეტობაზე. მორწმუნეებში, ქრისტესთან ერთობის ძალმოსილებითა და ხარისხით, აღიბეჭდება ერთიანი ღმერთ-კაცობრივი ცხოვრება, _ საიდუმლოს თანაზიარებით, მაცხოვნებელ სულთან ერთობით.

ძველი დროის მამები არ ერიდებოდნენ `ბუნებრივ და `ფიზიკურ ერთობაზე საუბარს, ისინი რეალისტურად განმარტავდნენ ბიბლიური ვენახის სიმბოლოს. წმიდა კირილე იერუსალიმელი ევქარისტიის მონაწილეებს ქრისტეს `ერთხორცსა და`ერთსისხლს უწოდებს.

თავის ერთიან სხეულში, – ამბობს კირილე იერუსალიმელი,           საიდუმლო კურთხევის ძალით,  ქრისტე საკუთარ თავსა და მორწმუნეებს მართლაც ერთხორცად გარდაქმნის, `რათა ჩვენც შევზიარდეთ და ერთნი გავხდეთ ღმერთთანაც და ერთმანეთთანაც, თუმცაღა ჩვენ, საკუთარი სულითა და ხორცით, ცალკეულ პიროვნებებად ვრჩებით...

`იმისთვის დამკვიდრდა მაცხოვარი ჩვენში, და თავისი სხეული ჩვენში იმისთვის განაზავა, – ამბობს იოანე ოქროპირი, – რათა ნამდვილ ერთობად გარდავიქცეთ, როგორც თავისა და სხეულის ერთიანობაა. ეს არის  უძლიერესი  სიყვარულის  ნიშანი... მე მოვედი და უზენაეს ძმად ყოფნა ვითხოვე, თქვენთვის შევიმოსე სისხლი და ხორცი, და ამ სისხლსა და ხორცს, რომლითაც მე თქვენი თანაზიარი გავხდი, კვლავ თქვენვე გთავაზობთ. ევქარისტიის მეშვეობით ქარწყლდება ადამიანის  შეუვალობა და   განმხოლოება.   მორწმუნენი   ხდებიან   ქრისტეს სხეულის `ნაკვთები, და აქედან გამომდინარე _ ერთმანეთის ნაკვთები. ფუძნდება ახალი კათოლიკე კაცობრიობა –  ქრისტიანული მოდგ მა. `ყველა ერთი ქრისტეა, როგორც ერთი სხეული, მრავალი ნაკვთისგან შენაწევრებული, – ბრძანებს წმიდა სვიმეონი.

ევქარისტია კათოლიკე საიდუმლოა, მშვიდობისა და სიყვარულის საიდუმლო, და აქედან ერთიანობის საიდუმლო. Misterium pacis et unitatis nostrae (მშვიდობისა და ჩვენი ერთობის საიდუმლო) – როგორც გვაუწყებს ნეტარი ავგუსტინე. ეს სიყვარულის სერობაა, ისეთივე ჭეშმარიტი სერობა, როგორიც საიდუმლო სერობა იყო, როდესაც მაცხოვარმა მოწაფეებს განუცხადა და დაანახვა `სამეუფო გზა სრული სიყვარულისა მსგავსად თავისი სიყვარულისა: `როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი (იოანე 13:34), და უფრო მეტიც მსგავსად სამებისეული სიყვარულისა: `როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში~ (იოანე 15:9). სიყვარულის მცნებას მაცხოვარი ერთარსი სამების საიდუმლოზე აფუძნებს, _ რადგან ეს საიდ- უმლო სწორედ სიყვარულია, `და ეს სახელი საწადელ არს ღმერთისთვის ყველა სხვა სახელზე მეტად, _ დასძენს წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი. ასრულებს რა თავის გამოსათხოვარ საუბარს სამღვდელთმთავრო ლოცვით, მაცხოვარი ლოცულობს თავისი მორწმუნეების  გაერთიანებისა და ერთობისთვის:

`რათა ყველანი ერთ იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, და მე შენში; რათა ისინიც ერთ იყვნენ ჩვენში... მე მათში, და შენ ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით (იოანე 17:21-23).

ჩვენთვის, რომელნიც ვართ გაყოფილნი და დაცალკევებულნი, ერთარსი და განუყოფელი სამების მსგავსი ეს ერთობა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ქრისტეს მიერ, მისი სიყვარულით, მის სხეულთან ერთიანობით, მისი ბარძიმიდან ზიარებით. კათოლიკე ეკლესიის ერთიანობაში საიდუმლოდ აისახება სამების ერთარსობა; და სამების ერთარსობის მსგავსად, ერთი გული და ერთი გონება საღმრთო ცხოვრებაში თანაზიარებით ეძლევა მორწმუნეთა სიმრავლეს (შდრ. საქმე 4:32). თავის ამ ერთობასა და კათოლიკობას ეკლესია შეიცნობს და ახორციელებს უშუალოდ ევქარისტიის საიდუმლოში. შეიძლება ითქვას, ეკლესია ყოვლად- წმიდა სამების ქმნილი ხატია და ამიტომაც უკავშირდება სამე- ბის განცხადება ეკლესიის დაფუძნებას. ევქარისტიულ თანაზიარებაშია ეკლესიის ერთიანობის აღსრულება და მწვერვალი.

 

II

ევქარისტიის საიდუმლო, პირველ რიგში, საერთო და კათოლიკე (საყოველთაო) ლოცვაა. Publica et communis oratia (საზოგადო და საერთო ლოცვა), ამბობდა წმიდა კვიპრიანე კართაგენელი, _ `და როდესაც ვლოცულობთ, ვლოცულობთ არა ერთისთვის, არამედ მთელი ერისთვის, რადგან ჩვენ, მთელი ერი, ერთი ვართ... ვლოცულობთ მთელი მორწმუნე ერისთვის და ლოცულობს მთელი მორწმუნე ერი... ეს ლოცვის გარეგნული ფორმით ვლინდება. `სამადლობელი ლოცვები ყველასთვის საერთოა, – ბრძანებს იოანე ოქროპირი. ლოცვას მღვდელი წარმოთქვამს მთელი მორწმუნე ერის სახელით, ეკლესიის სახელით, მორწმუნეთა კრებულის სახელით. ეკლესიისგან, მთელი საეკლესიო ერისგან მიაქვს მას წმიდა შესაწირავი და თავად კი არ ლოცულობს,არამედ ერის ნაცვლად,მსგავსად იმისა, როგორც ერს მიაქვს საკურთხეველზე ძღვენი. `მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყერსა ამას და უსისხლოსა მსხუერ- პლსა, და გხადით შენ, და შეგივრდებით და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმიდა ჩუენ ზედა და წინამდებარეთა ამათ ძღუენთა ზედა...

და ერი დაამოწმებს ამ საიდუმლო ლოცვა-ვედრებას თავისი დასტურით: `შენ გიგალობთ, შენ გადიდებთ, შენ გმადლობთ, უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩუენო... ეს არის არა პასიური დასტური, არა ლოცვითი აკომპანემენტი, არამედ განუყოფელი ერთსულოვნებისა და ლოცვითი იგივეობის დამოწმება. მღვდელმსახურის პირით ეკლესია მეტყველებს. ოღონდ მხოლოდ მღვდელს შეუძლია ერის ლოცვის აღვლენა,რადგან მხოლოდ მას აქვს საღმრთო მადლით მონიჭებული უფლება და კადნიერება ყველას ნაცვლად საუბრისა. ეს ნიჭი და უფლება მას ეძლევა არა ერისგან, არამედ სულიწმიდისგან, სამღვდელმთავრო მემკვიდრეობის წესით, მაგრამ ეძლევა ერისთვის, როგორც საეკლესიო გუნდის ერთგვარ კორიფეს (წინამძღვარს), და მიემადლება _ როგორც მსახურების ნიჭი, როგორც ერთ-ერთი ნიჭთაგანი ეკლესიის ნიჭთა სიმრავლიდან.

`ჩვენ ლოცვაში ნიშნავს არა მარტო მრავლობით რიცხვს, არამედ, უპირველესად მლოცველი ეკლესიის სულიერ  ერთობას, ლოცვად წარდგომის განუყოფელ კათოლიკობას. რადგან მორწმუნეთა ლოცვა უნდა იყოს `სიმფონიური ლოცვა,უნდა აღევლინებოდეს `ერთითა პირითა და ერთითა გულითა, და ისე კი არ უნდა იყოს,რომ კერძო,პირადი და ცალკეული ლოცვები უბრალოდ შეეთავსოს ერთმანეთს, არამედ ისე, რომ  თითოეული ეს შეთავსებული ლოცვა გასცდეს პირადულის ფარგლებს,აღარ იყოს მხოლოდ პირადი, და გახდეს საერთო და კათოლიკე. ანუ თითოეული მათგანი უნდა ლოცულობდეს არა თავისთავად, არამედ, სახელდობრ, როგორც ეკლესიის წევრი, თავის თავს უნდა განიცდიდეს და ჭვრეტდეს ეკლესიის სხეულის ნაწილად. ყოველივე ეს გვეძლევა მშვიდობისა და სიყვარულის მიერ. სწორედ ამიტომაა ჩაწერილი ლიტურგიკულ წესში სიყვარულის ლოცვა: `ვიყუარებოდით ურთიერთარს... ცხადია, აქ იგულისხმება არა მხოლოდ უძლური ადამიანური სიყვარული, არამედ ის ახალი სიყვარული, რომელზეც გვმოძღვრავს მაცხოვარი, ანუ ქრისტეს სიყვარული, ქრისტესმიერი სიყვარული და ქრისტესთვის სიყვარული. არა ბუნებითი ლტოლვა, არამედ მადლიანი ძალა, რომელიც განფენილია ჩვენს გულებში სულიწმიდით (რომაელთა მიმართ 5:5). სიყვარული ეკლესიაში გადასხვაფერდება, იძენს ონტოლოგიურ სისავსესა და სინამდვილეს.

ამიტომ ხდება შესაძლებელი _ `გიყუარდეს მოყუასი შენი, ვითარცა თავი ვისი. მხოლოდ ქრისტეს მიერ არის შესაძლებელი ასეთი სიყვარული, რომელსაც მორწმუნის მზერა აღმოაჩენს ყოველ მოყვასში, ერთ-ერთ `ამ მცირეთაგანში, _ და მხოლოდ ქრისტეს თავგანწირული სიყვარულის წყალობით. ეს სიყვარული ვერ ითმენს ზღუდეებსა და საზღვრებს, არ შეუძლია და არც სურს იყოს ჩაკეტილი, ეული. არანაირი პირადი სიკეთე აღარ არის სასურველი და ტკბილი. ეს არის მსგავსება ქრისტეს სიყვარულისა, რომელიც არავის განაგდებს თავისი სისავსიდან. უფლის ლოცვასთან დაკავშირებით მრავლისმეტყველ განმარტებას გვაწვდის იოანე ოქროპირი: `იყოს ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა ეს ნიშნავს:

`როგორც ცაში არ არის არც ერთი ცოდვილი, _ ვამბობთ ჩვენ,

_          ისევე დაე, ქვეყანაზეც ნუ იქნება ნურც ერთი; არამედ ყველას ჩაუნერგე შენი შიში და ყველა ადამიანი ანგელოზებად აქციე, იმის მიუხედავად, რომ ისინი ჩვენი მტრები და მოძულეები[1]5 არიან~... ასეთი სიყვარულით უნდა მიეახლოს ად- ამიანი   ევქრისტიის   საკრძალველ   საიდუმლოს.   `რამეთუ შეიწირება მთელი სამყაროსათვის, როგორც საერთო განმწმენდელი მსხვერპლი, _ დასძენს იოანე ოქროპირი.

ლიტურგიული ლოცვა არის კათოლიკე, აღსავსე ყოვლის- მომცველი შემართებითა და მისწრაფებით. მასში მოქცეულია მთელი ქვეყნიერება, როგორც ღმერთისგან უკვე ნაკურთხი. ეკლესია ისწრაფვის, ლოცვაში სახელდებით მოიხსენოს მთელი თავისი შემადგენლობა: განდიდებულიცა და უძლურიც, ცოცხალიცა და მიცვალებულიც. და იმათი მოხსენიებით, ვისთვისაც ეკლესიურ ერს სურს და შეუძლია ლოცვა, იკურთხება და მტკიცდება პიროვნული საწყისი, რადგან ცოცხალთა და მიცვალებულთა ევქარისტიული მოხსენიება ნიშნავს ყველა ინდივიდის განმტკიცებასა და დამკვიდრებას ეკლესიის ერთიან და კათოლიკე სხეულში. `მიეცი მათ ადგილი და სამკვიდრო შენს სასუფეველში, – როგორც ნათქვამია ძველ ალექსანდრი- ულ ლიტურგიაში. ჩვენ ვევედრებით ღმერთს, დაგვაძლევინოს ჩვენი მეხსიერების უძლურება და აღმოგვიფხვრას ხარვეზები:

`და ისინი, რომლებიც ჩვენ ვერ მოვიხსენიეთ უმეცრებისა და გულმავიწყობის გამო ან სახელთა სიმრავლის მიზეზით, თავად მოიხსენე, ღმერთო, რომელმაც უწყი ყოველთა ასაკი და სახელი, იცნობ რა თითოეულს დედის მუცლიდანვე...

და ჩვენი ერთობლივი ლოცვით `ყოველი ქრისტიანის სულისათვის და მათთვის, ვინც საუკუნო ცხოვრებაში აღდგომის იმედით მიიცვალა, ჩვენ ვამოწმებთ და ვამტკიცებთ ჩვენს ნებას ყოველთა მომცველი,უგამონაკლისო ლოცვისათვის. და ასევე, თანამგრძნობი სიყვარულით აღსავსე ევქარისტიული ლოცვა მოიცავს ყველანაირ ცხოვრებისეულ გარემოებათა და ვითარებათა სირთულეს, ამქვეყნიური ხვედრის მთელს სიმძიმეს. მლოცველი ღმერთს შესთხოვს, თავისი კურთხევა და წყალობა მოჰმად- ლოს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან ქრისტეს სიყვარული ყველას და ყოველივეს მოეფინება და მოიცავს:

`იყავი ყველაფერი ყველასთვის, გახსოვდეს ყოველი ადამიანი, მისი სათხოვარი, სახლი და საჭიროება. მთელი ცხოვრება განჭვრეტილია ქრისტეს მიერ და ეკლესია ლოცულობს:

`მოისენენ ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან შემომწირველნი და რომელთათ შემოსწირნეს და ჩუენ დაუშჯელად დამიცვენ მღდელმოქმედებასა შინა საღმრთოსა შენსა საიდუმლოსა... ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მთავრობა და ედრობა მისი... მოისენენ, უფალო, და დაიცვენ აქა მდგომარენი მონანი და ევალნი შენნი... ყრმანი აღზარდენ, ჭაბუკნი განსწავლენ, სახლეულნი გარეშეზღუდენ შფოთისაგან და მტერობისა, ობოლთა ექმენ დედა. ყოვლისა სიბილწისაგან და მანკიერებისა გარემიაქციენ, და ყოველსა კეთილსა და ღმრთივსათნოსა შეჰრთენ, ხოლო ცთუნებულნი და ცოდვათა და არაწმიდებათა შინა შთაცვნულნი, ცოდვისა შეგინებითა მიმძლავრებულნი, უფსკრულთაგან წარწყმედისათა აღმოიყვანენ; ქურივთა ნუგეშინის-მცემელ და შემწე ექმენ... რომელნი სულთაგან არაწმიდათა იტანჯებიან, განათავისუფლენ... მენავეთა თანამენავე ექმენ, მოზაურთა თანამოგზაურ, ელმოკლეთა და მშიერთა _ მასაზრდოებელ, უსახლკაროთა _ საფარველ და თავშესაფარ... აცხოვნენ, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქურივნი და  მდებარენი  უძლურებასა და დასნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყუეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმა- რთლისათვი მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარ- მართთაგან, მწვალებელთაგან და უარისმყოფელთა, მონანი შენნი მოისენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა, შენდობა და სნა მოანიჭე მათ აცხოვნენ, უფალო, და შეიწყალენ მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემ ზედა უშჯულოებისანი, და რომელი მმძლავრობენ და მყვედრიან მე, და ნუ დაშჯი მათ უშჯულოებათა მათთა გამო, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელი აქუს ჩემდა მომართ, და შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. ასეთი ლოცვა აღევლინება შესაწირავის კურთხევისას, თვით ქრისტეს წინაშე. და ეს სიყვარულის  ლოცვა სრულდება ერთ- სულოვნებისა და მშვიდობის თხოვნით მთელი კაცობრიობისთვის: `უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზასა შეცდომილნი. წვალებათაგან დაბნეულნი, ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა, და ზიარჰყვენ წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი, და თაყუანისგცენ~, – ასე ლოცულობს მთელი ერი, და ყოველი მათგანი ლოცულობს მთელი ერისთვის.

ეს არ არის მხოლოდ ლოცვაში ერთობა. ევქარისტიაში უხილავად, მაგრამ ჭეშმარიტად გაცხადდება ეკლესიის სისავსე. ყოველი ლიტურგია სრულდება მთელს ეკლესიასთან  კავშირში და, ერთგვარად, მის მიერ არა მარტო წირვაზე მყოფი ხალხის მიერ, _ ისევე როგორც საიდუმლოთა აღსრულების უფლება მღვდელს მიენიჭება სამოციქულო მემკვიდრეობის ძამოსილებით და, შესაბამისად, თავად მოციქულთაგან, მთელი ეკლესიისგან და თვით ქრისტესგან. რადგან ყოველი `მცირე ეკლესია არის არა მხოლოდ ნაწილი ეკლესიისა, არამედ მთელი ეკლესიის შემცირებული მოდელი, მისი ერთიანობისა და სისავსის მქონე. ამიტომაც, ყოველ ლიტურგიაში საიდუმლოდ, მისტიკურად, მაგრამ რეალურად მონაწილეობს მთელი ეკლესია. ლიტურგიული მღვდელმოქმედება ერთგვარი განახლებადი ღვთის განცხადებაა. მასში ქრისტე ღმერთკაცს ვჭვრეტთ, როგორც ეკლესიის დამფუძნებელსა და თავს, და მასთან ერად მთელს ეკლესიას.

ევქარისტიულ ლოცვაში ეკლესია თავის თავს ხედავს და ქრისტეს ცნობს ერთიან და მთლიან სხეულად. ამ ხილვადი ერთობის გარეგნული ნიშანია ნაწილები, რომლებიც პროსკო- მიდიის დროს წმიდა ფეშხუმზე განლაგდება საღმრთო შესაწირავის კრავის გარშემო. `წმიდა პროსკომიდიის ამ საღმრთო ხატებასა და მოქმედებაზე, – განმარტავს სვიმეონ თესალონიკელი, – ჩვენ, გარკვეული აზრით, ვხედავთ თვით იესოსა და მის მთელს ეკლესიას. ყოველივე ამის ცენტრში ვხედავთ  მას, ჭეშმარიტ ნათელს, საუკუნო ცხოვრებას... რადგან ის თვითონ იმყოფება აქ, შუაგულში, პურის სახით. მარჯვენა ნაწილი გამოხატავს ღვთისმშობელს, მარცხენა წმიდანებსა და ანგელოზებს, ქვემო ნაწილი ყოველი მისი მორწმუნის კეთილმსახურ კრებულს. აქ დიდი საიდუმლოა... ღმერთი კაცთა  შორის და ღმერთი განღმრთობილ პიროვნებათა შორის, რომელთაც მიიღეს განღმრთობა ბუნებით ჭეშმარიტი ღმერთისგან, რომელ- იც ჩვენთვის განკაცდა. აქ არის მომავალი სასუფეველი და საუკუნო ცხონების განცხადება.

ეს არ არის მხოლოდ ხატება, არც მხოლოდ საღმრთო სიმ- ბოლიზმი. ლიტურგიკულ მოხსენიებას აქვს საიდუმლოდ მოქმედი ძალა ამიტომაც აღესრულება ის მხოლოდ მორწმუნეთათვის, ეკლესიის წევრთათვის (თუმცა ეკლესია `გარეშეთათვისაც ლოცულობს იმათთვის, ვინც განდგა და არ ეძიებს ღმერთს, მაგრამ არა წმიდა შესაწირავის მიტანისას). `რადგან, – განაგრძობს სვიმეონ თესალონისკელი, – ვინმეს სახელზე შეწირული ნაწილი, საღმრთო პურის სიახლოვეს რომ არის იმ დროს, როცა პური წმიდა რიტუალის მეშვეობით ქრისტეს ხორცად გარდაიქმნება, _ ეს ნაწილიც მაშინ განიწმინდება და იკურთხება, და ბარძიმში მოთავსებული, უერთდება სისხლს. ამ- იტომ, იმ სულზეც, რომლისთვისაც მიტანილია, გადმოდის მადლი. აქ ხდება ერთგვარი გონებითი შეერთება. და თუ კაცი კეთილმსახურია ან თუნდაც ცოდვილია და შეინანა, მაშინ სულიწმიდა მასზე უხილავად გარდამოდის.

ამგვარად განმტკიცდება ევქარისტიულ მოხსენიებაში ქრისტეს მორწმუნეთა შესისხლხორცება. ეს არ არის მაგიური მოქმედება  ეს არის ჯვრის მაცხოვნებელი მადლის მოქმედება, რომელსაც ყოველი კაცი იღებს და ითვისებს თავისი სიწმინდისა და ღირსების შესაბამისად; რადგან განკითხვაში მყოფიც შეიძლება ეზიაროს. მოწყალე ღმერთის სიყვარულს მხოლოდ კაცის სიყვარული ითვისებს, ქრისტე საკუთარ თავს უნაწილებს არა მარტო იმათ, ვინც სხეულებრივად ეზიარება მღვდლის ხელიდან მის სიხლსა და ხორცს,  ევქარისტიის იდუმალმოქმედებით იგი იქ არმყოფთაც ეძლევა, `როგორც თავად უწყის მხოლოდ.

სწორედ ეს არის სულიერი, ანუ `გონითი შეერთება, რადგან ღმერთკაცთან შეერთება მისი სხეულის საშუალებით თუკი გულისხმობს არა მარტო ხორციელ, არამედ მშვინვიერ და სულიერ კავშირსაც, მაშინ პირიქით ქრისტესთან  ყოველნაირი კავშირი ერთგვარი შეერთებაა და, მაშასადამე, მისი ყოვ-ლადწმიდა და ამაღლებული სხეულის შეხება. `სულის ყოველი მშვიდობა და ყოველი ჯილდო სათნოებისთვის, – ბრძანებს ნიკოლოზ კავასილა, – სხვა არაფერია, თუ არა პური და სასმელი, რომელსაც თანაბრად ეზიარებიან ცოცხალნიცა და მიცვალებულნიც ყველა თავის კვალობაზე.

ამგვარად აღიხოცება ევქარისტიაში სიკვდილის მიჯნა, მოკვდავთა განშორების საზღვარი: განსვენებულნი უერთდებიან ცოცხლებს ევქარისტიული ერთობით, ქრისტეს ტრაპეზის ერთობით. ევქარისტიული მოხსენიება არ არის მხოლოდ მოგონე- ბა, ეს არის მოციქულთა ქრისტესმიერი თანაზიარების ხედვა, ჭვრეტა. ამიტომაც აღევლინება ლოცვა ყველასთვის. `ამ წმიდა შესაწირავით ყველანი ერთად ანგელოზებიცა და წმიდანებიც  შეუერთდნენ ქრისტეს, იკურთხებიან მის მიერ და მის მიერვე გვიერთდებიან ჩვენ, – განმარტავს სვიმეონ თესალონიკელი. და ყოველთვის, როცა ევქარისტიის რიტუალს ვასრულებთ, ჩვენ ვხედავთ და განვიცდით ამ სრულყოფილ ერთობას, და ვლოცულობთ ღვთის მიერ მოწოდებული და გამოხსნი- ლი კაცობრიობის სახელით, ვლოცულობთ როგორც მთელი ეკლესია.

ევქარისტია ერთგვარი ონტოლოგიური გამოცხადებაა ქრის- ტესი და ეკლესიისა. ეს არის ქრისტეს გამოცხადება ეკლესიაში. `საეკლესიო საიდუმლო თვით ეკლესიასაც ნიშნავს, – აღნიშნავს კავასილა, – რადგან თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე მისი ასონი (1 კორინთელთა მიმა- რთ 12:27). ეკლესია განაგებს საიდუმლოებს, არა როგორც სიმბოლოებს, არამედ ისე, როგორც გული განაგებს ნაკვთებს, როგორც ხის ფესვები ტოტებს, და, უფლის ბრძანების თანახმად, როგორც ვაზის ყლორტი ლერწებს; რადგან აქ არა მხოლოდ სახელებისა და გამოხატულების იგივეობაა, არამედ არსობრივი იგივეობა. ვინმეს რომ შეეძლოს ქრისტეს ეკლესიის დანახვა ისე, როგორც ეკლესია უკავშირდება ქრისტეს და მონაწილეობს მის სხეულში, მაშინ ის დაინახავდა არა სხვა რამეს, არამედ სწორედ უფლის სხეულს. რადგან ამ სისხლის წყალობით მორწმუნენი უკვე ცხოვრობენ ქრისტესმიერი ცხოვრებით, რომელიც ჭეშმარიტად შეერთებულია იმ თავთან და შემოსილი აქვს ეს სხეული. ევქარისტია უმალ ჰიმნია, ვიდრე ლოცვა- აქედან მომდინარეობს თვით მისი სახელიც  `სამადლობელი. ცხადია, ეს გოლგოთაა, ხოლო ტრაპეზზე დაკ- ლული კრავი დევს ხორცი განტეხილი და სისხლი დანთხეუ- ლი. მაგრამ გოლგოთაც სიხარულის საიდუმლოა, არა შიშის, არამედ სიყვარულისა და დიდების საიდუმლო... `აწ იდიდა ძე კაცისა~ (იოანე 13:31). ხოლო ჩვენი უღირსობის გამო თუკი ვძრწით ჯვრის წინაშე, ეს ძრწოლა მაინც კეთილმოშიშების ძრწოლაა, გამოუთქმელი საღმრთო სიყვარულით აღსავსე განცვიფრება. რადგან `საწყისი, შუა და ბოლო ნაწილები ქრისტეს ჯვრისა ყველაფერი ერთად _ საღმრთო სიყვარულია~, – გვაუწყებს მიტროპოლიტი ფილარეტი.

ამიტომაც, სიხარული ჯვრიდან მოეფინება მთელს ქვყნიერე- ბას. ჩვენ ჩვენი ცოდვების გამო ვძრწით, მაგრამ გვიხარია და ვადიდებთ, ვგალობთ გამარჯვების საგალობელს, ქებისა და მად- ლიერების საგალობელს `ყოველივესათვის, რაც ვუწყით და რაც არ ვიცით, ხილული და ფარული სიკეთეებისათვის, ჩვენ გამო რომ აღსრულდა. მთელს ლიტურგიკულ საიდუმლოში, ყველა ლოცვაში ჟღერს ტრიუმფისა და მადლიერების ელფ- ერი. ეს არის დიდების სამეფოში შესვლა. ჩვენ ვხედავთ და ვიხსენებთ არა მხოლოდ გოლგოთას, არამედ `ყოველივეს, რაც ჩვენთვის აღსრულდა: ჯვარი, საფლავი, მესამე დღეს აღდგომა, ზეცად ამაღლება, დაჯდომა მარჯვენით მამისა, აგრეთვე მეორედ მოსვლა დიდებით. ვხედავთ არა მარტო ჯვარცმულ და ვნებულ ქრისტეს, არამედ ვხედავთ ქრისტეს აღმდგარსა და საყოველთაო დიდებით მორჭმულს, სიცოცხლის მეუფეს, სიკვდი- ლის დამთრგუნველს. ევქარისტია გამარჯვების სასწაულია, გამოხსნის სასწაულია ხრწნილებისგან გამოხსნისა, სიკვდილზე გამარჯვებისა. ეს შერიგების საიდუმლოა _ სიყვარულისა და არა წუხილისა, მიტევებისა და არა სამსჯავროსი. ქრისტე იგვემა, მაგრამ აღდგა და თავისი სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა. აღდგა თავისი ნებით ვნებული, და მაცხოვრის განდიდე- ბულ სხეულს შერჩა `ნალურსმი წყლულები~, რომელთაც თომა მოციქული შეეხო ხელით. მისი სიკვდილი ჩვენ აღდგომად შემოგვიბრუნდა. ამისთვის ვმადლობთ და ვხარობთ. `გმადლობთ შენ ამ მსახურებისთვის, რომელიც ჩვენი ხელიდან მიღე- ბის ღირსად მიიჩნიე~, რადგან ამ შიშის მომგვრელი მსახურებისას ჩვენ ვუერთდებით ქრისტეს და ვეზიარებით მის ცხოვრებასა და ჯვარისმიერ ძლევას.

ნიკოლოზ კავასილას თქმით, `ყველა საიდუმლო ერთგვარი სხეულია ისტორიისა, ერთიანი ხატია მაცხოვრის ერთიანი სასუფევლისა. ევქარისტია ღმერთის განგებულების ხატია ამიტომ სამადლობელი მოხსენიება მოიცავს ღმერთის ქმნილების მთელს სისავსეს. ლიტურგიკული ხედვა კოსმიური პათოსითაა აღსავსე, რადგან ქრისტეში, სიტყვის განკაცებასა და ღმერთკაცის აღდგომაში აღსრულდა და სრულ იქმნა ღმერთის საუკუნო განგება ქვეყნიერებისთვის. ლოგოსის განსხეულებით აღსრულდა ნივთიერების კურთხევა, და ჩვენ მიგვაქვს ნივთიერებ- ის პირველნაყოფი პურეულისა და ყურძნის სახით ევქარისტიული კურთხევისთვის. მან აღადგინა ღმერთის ხატება და მსგავსება ადამიანში, ხოლო წმიდანებსა და მართლებში ჩვენთვის აღთქმულ და სასოებით მოსალოდნელ `განღმრთობას ადამიანისა ჩვენ ვჭვრეტთ, როგორც უკვე მომხდარს, და ამის გამო ვხარობთ და ვმადლობთ. ეკლესია წმიდანებში ჭვრეტს თავის აღსრულებას, ჭვრეტს ღმერთის უკვე ძალმოსილ მეუფებას... ხარობს მათ გამო, რადგან ეს არის ღმერთის უდიდესი ძღვენი კაცობრიობისათვის. ისინი ეკლესიის ნაწილები არიან, კეთილმოსაგრეობით რომ მიაღწიეს ქრისტეს სავანეს და თავიანთი უფლის სიხარულში ამაღლდნენ.

`ჩვენ ყველა ერთი სხეული ვართ, თუმცა ზოგიერთი ნაკვთი სხვებზე ნათელია, – შენიშნავს იოანე ოქროპირი. ეკლესია უწინარესად,   განსაკუთრებულად მოიხსენებს ღვთისმშობელს

–          ადამიანთა მხრიდან `ფესვს ამ საღმრთო მსხვერპლის. ევქარისტიაში ჩვენ მისგან ნაშობ ხორცს ვეზიარებით, გარკვეული აზრით _ მის ხორცს. და ამის გამო საიდუმლოდ ვხდებით მისი შვილები, ხოლო თავად ის ეკლესიის დედაა, რადგან დედაა ქრისტესი, ეკლესიის თავისა. `ეს სიტყვა ჭეშმარიტია, _ გაბედულად გვიმოწმებს წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, – რადგან უფლის ხორცი ღვთისმშობლის ხორცია... სიტყვის განხორციელებით ადამიანთა სამყარო, ეს სოფელი შეუერთდა ანგელოზთა სამყაროს, ზესთასოფელს; ამიტომ ლიტურგიის ჟამს ვლოცულობთ და სადიდებელს აღვავლენთ ჩვენ, ადამიანთა გუნდი, `რომელნი ქერობინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ზეციურ ძალებთან, ანგელოზთა დასებთან ერთად აღვავლენთ და ვიმეორებთ სერაბინთა დაუდუმებელ საგალობელს,

`რადგან ქრისტეს მიერ გაერთიანდა ანგელოზთა და ადამიანთა ეკლესია, – განმარტავს სვიმეონ თესალონიკელი.

ანგელოზთა ძალები ამქვეყნიურ საიდუმლო მოქმედებაში მონაწილეობენ, `სურთ, განიცადონ ეკლესიის საიდუმლო ასე ერთდება და გადაჯვარედინდება ევქარისტიაში არსებობის ყველა სფერო: კოსმიური, ადამიანური, სერაბინული. მასში ქვეყნიერება წარმოჩნდება, როგორც ნამდვილი კოსმოსი _ ერთიანი და შედგენილი, შეკრებილი და უნივერსალური. აზრი სწვდება ქვეყნიერების დასაბამს და მის ბედს ადევნებს თვალს. `შენ მოგვიყვანე არარსებობიდან არსებობაში და დაცემულნი ხელა- ხლა აღგვადგინე, არ შეჩერებულხარ და ყოველივე აღასრულე, ვიდრე ცად არ აღგვიყვანე და შენი მომავალი სასუფეველი არ გვიბოძე, – ლოცულობს ეკლესია და ყველასთვის ქრისტეს მიერ იხსნება გზა `სასუფევლის სისავსისაკენ.

ევქარისტიაში ერთიანდება დასაბამი და დასასრული, მოციქულთა გარდამოცემა და აპოკალიფსური წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის მთელი სავსება. აპოკალიფსში მრავალი რამ არის ლიტურგიკული, – `კრავის სერობა [2] ლიტურგიის  წესშიც უკვე ბრწყინავენ ფერები მერმისა მის საუკუნისა. ეს ქვეყნიერების გარდაქმნის დასაწყისია, საუკუნო ცხოვრებისთვის მისი აღდგომის დასაწყისი, და პირიქითაც შეიძლება ვთქვათ: ცხოვრების აღდგომა იქნება სწორედ მსოფლიო ევქარისტია ტრაპეზი, სიცოცხლის გემება. `იმ მიზნითაც მიაკუთვნა უფალმა სიტკბოებით მერმის მის საუკუნისა წმიდანებს სახელი `ტრაპეზი, – განმარტავს კავასილა, – რათა ეჩვენებინა: იქ არაფერია ამ ტრაპეზზე აღმატებული. როგორც სვიმეონ თესალონი- კელი ბრძანებს: `და იესო, საღმრთო მსხვერპლი, იქნება თავის წმიდანთა შორის, და ის იქნება ყველასთვის მშვიდობა და სიმრთელე, იქნება ასევე მღვდელთმთავარიც, და იქნება ის, რომელიც მოქმედებს წმიდა საიდუმლოში _ ყველას გამაერთიანებელი და ყველასთან გაერთიანებული.

ევქარისტიაში წინასწარ განცხადებულია ეკლესიის  სავსება, მისი აღსრულება, კაცობრიობის ის სრულყოფილი ერთობა, რომელსაც მოველით და ვიმედოვნებთ საუკუნო ცხოვრებაში. ევქარისტია წინმსწრები და დასაბამიერია. მაცხოვრის აღთქმის მიხედვით: `ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს (იოანე 6:54)  – ეს აღდგომის იმედი და საწინდარია,

`მომავალ ცხოვრებასა და მომავალ სასუფეველზე დაწინდვა. ევქარისტიაში ჩვენ ვეხებით გარდაქმნილ ქვეყნიერებას, შევ- აბიჯებთ ზეცაში, ვეხებით მომავალ ცხონებას. `ამ სისხლთან ზიარებულნი, – ამბობს ოქროპირი, – ანგელოზებთან, მთავარ- ანგელოზებსა და ზეციურ ძალებთან ერთად დგანან, ქრისტეს სასუფევლისეული სამოსი მოსავთ და სულიერი საჭურველი უპყრიათ. მაგრამ ამით ჯერ კიდევ არ მითქვამს უმთავრესი რამ: ისინი თავად მეუფის მსგავსად იქნებიან შემოსილნი და შემკულნი... – და ეს ხდება ემპირიულ სკნელში, ისტორიაში; და ამავე დროს, ეს ისტორიის დასასრული და გაუქმებაა, განაცალკევებელ და მსწრაფლწარმავალ დროზე გამარჯვებაა. წმიდა მაქსიმეს განმარტებით, ლიტურგიაში ყველაფერი მერმის საუკუნის ხატია და `ამქვეყნიერების დასასრულს აღნიშნავს. განსაკუთრებული შემართებითა და სითამამით საუბრობს ამის შესახებ ნიკოლოზ კავასილა: `პური ცხოვრებისა, ევქარისტია, თავად არის ცოცხალი, და მისი წყალობით ცოცხლობენ ისინი, ვისაც ის მიეცემა... ცხოვრების პური თავად აცოცხლებს თავის მიმღებს და ცვლის მას, თავისად გარდაქმნის... როდესაც ჩვენ- ში ქრისტე გარდამოვა, შემოგვეზიარება და გვიერთდება, ის გვცვლის ჩვენ და თავის თავში გარდაგვქმნის, როგორც მირო- ნის უკიდეგანო ზღვაში მოხვედრილ წყლის პატარა წვეთს... როდესაც თავის ტრაპეზთან მივყავართ ქრისტეს და თავის სხეულს გვიბოძებს სახმევად, ის მთლიანად ცვლის საიდუმ- ლოს მიმღებს და, თავისეულად გარდაქმნილს _ მიისაკუთრებს; და მტვერი, მიიღებს რა მეუფის სახეს, უკვე აღარ არის მტვერი, მიწისაგანი, ის უკვე სხეულია მეუფისა, უფრო მეტად ნეტარი, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი. უმჯობესი დაიპყრობს უუძლურესს, საღვთო დაიმორჩილებს კაცობრივს, და როგორც პავლე მოციქული ამბობს აღდგომის შესახებ: რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი (1 კორინთელთა მიმართ 5:4).

ეს არის უკანასკნელი საიდუმლო. შეუძლებელია მეტის წვდომა, შეუძლებელია რამის დამატება. უფრო მეტი ძალისხმევით ვგრძნობთ საზღვარსა და განსხვავებას ფერნაცვალებსა და ფერუცვლელს შორის, წმიდასა და მიწიერს შორის, ვგრძნობთ მძაფრ დაპირისპირებას დიდ საიდუმლო მდუმარებასა და გარემომცველი ქვეყნიერების შფოთვას შორის. ტაძარში მარადიული სიყვარულის სიმშვიდე სუფევს, ტაძრის გარშემო კი კაცობრიული ოკეანე ბობოქრობს. ეკლესია ჯერ ისევ კუნძულია ყოფა-ცხოვრების შფოთიან ზღვაში.

`ეს არის გაცისკროვნებული, სხივოსანი კუნძული, მის თავზე ბრწყინავს და ელვარებს საღმრთო მზე სიყვარულისა, Sol Salutis, ხოლო ქვეყანა რჩება უსიყვარულოდ და სიყვარულის გარეთ; და, როგორც ჩანს, არ სურს და არ აღიარებს ჭეშმარიტ სიყვარულს.

მაგრამ ქრისტიანი კაცის გულში მტკივნეული ნაპრალი ჩნდება. ლიტურგიკულ გამოცდილებაში (ემპირიაში) მოიპოვება მდუმარების პათოსი, სიჩუმის წყურვილი, განმარტოებული ჭვრეტის მოწადინება. `ყოველივე მსოფლიო დავუტევოთ ზრუნვა... და ამ იდუმალებაში არის უცილობელი ჭეშმარიტება. ევქარისტიულ ბარძიმთან მისასვლელ გზაზე ქრისტიანი საკუთარ თავს მკაცრად გამოსცდის, ღმერთის წინაშე საკუთარ სინდისთან პირისპირ დგას. ღვთივკრძალულება ამქვეყნიური ამაოებისგან იცავს სიწმინდეს – `რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი.

როგორც მთაზე ფერისცვალების ჟამს, ლიტურგიკულ გამოცდილებაშიც ისე უხვად იფრქვევა საღმრთო ნათელი, რომ კაცს აღარ სურს უკან დაბრუნება და კვლავ ამქვეყნიურ ამაოებაში გარევა. ამავე დროს, სიყვარული ვერ ითმენს უმოქმედობას, და ლიტურგიკულ მღვიძარებაში ჩენილი ერთობისა და შერწყმის

სულისკვეთება არ შეიძლება საქმეებად არ იქცეს. ღვთისმსახურებას სიყვარულის საქმეები განაგრძობს, რადგან ეს საქმეები, თავისი არსებით, სწორედ ღვთისმსახურებაა, მსახურება და დიდება ღვთისა სიყვარულისა. ამიტომ, ევქარისტია გზას უხსნის ყოველდღიურ მოსაგრეობას, ქვეყნიერებისთვის მშვიდობის ძიებას: `სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ და მშდობა მიჰმადლე ქუეყანასა შენსა მშვიდობის ასეთი ვედრებით გამოვდივართ ჩვენ ტაძრიდან `ამ ქვეყანაზე, ისევე როგორც მშვიდობით უნდა შევაბიჯოთ ამქვეყნიდან ტაძარში; გამოვდივართ იმ სულისკვეთებით, რომ მთელი ეს ქვეყანა იყოს ღვთის ქვეყანა, ყოვლადძლიერი ღმერთის ყოვლადსახიერი ნების აღსრულებით გაცისკროვნებული.

ქვეყნის სამსახური ზიარებულთა დანიშნულება ხდება. ამქვეყნიურმა უთანხმოებამ არ შეიძლება არ ააფორიაქოს და არ განგმიროს ქრისტიანის გული. განსაკუთრებით მტკივნეულია უთანხმოება ქრისტეს გამო, ქრისტიანული სამყაროს განხეთქილება, ევქარისტიული ტრაპეზის დანაწევრება. ამ უთანხმოებასა და განხეთქილებაში ძევს მტანჯველი საიდუმლო ადამიანის ღალატისა და განდგომილების საიდუმლო. ეს საშინელი საიდუმლოა, რადგან ნაწილებად იფლითება მაცხოვრის კვართი, მისი სხეული. ამ უთანხმოებას მხოლოდ სიყვარული სძლევს ქრისტეს სიყვარული, რომელიც მშვიდობის სულით მოქმედებს ჩვენში. ნიშანდობლივად არის თქმული: `რაც უნდა ბევრი ვიღვაწოთ `ყოველთა ერთობისათვის, მაინც ყოველთვის მცირედი იქნება~. ეკლესიისკენ მიმავალი გზა მრავალ განტოტებად იყოფა და თავდება ისტორიულ ჰორიზონტს მიღმა, მერმისი საუკუნის სასუფევლის კვირაძალზე. მოგზაურობა მაშინ დასრულდება, როდესაც მეუფე მოვა და დაიწყება დღესასწაული.

მანამდე კი ეკლესიის ლოცვა აღვსებისათვის ისევე სევდიანად  ჟღერს როგორც  ჟღერდა  პირველივე  დღეებიდან:   `როგორც ეს პური, ოდესმე ბორცვებზე გაბნეული, შეიკრიბა და  ერთი  გახდა, ისე შეკრიბე შენი ეკლესია ქვეყნიერების კიდეთაგან  შენს სასუფეველში!.

`მოვედინ სუფევა შენი იყავნ  ნება  შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა!.

 

1929. III. 11/24

მართლმადიდებლობის კვირა

 

თარგმნა გიორგი გველესიანმა

წყარო: პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი, საღვთისმეტყველო სტატიათა კრებული, მთარგმნელები- გიორგი გველესიანი და გურამ ლურსმანაშვილი.

 

 

 



[1] რუსულ ტექსტში აღნიშნულ ადგილას გვხვდება ტერმინი ,,cyπocτατ’’, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც: `მტერი, `მოწინააღმდეგე, `მოძულე' (მთარგმ.).

[2] `და მრქუა მე: დაწერე, ვითარმედ: ნეტარ არიან წოდებულნი სერობასა   მას   კრავისასა,   და   მრქუა   მე:   ესე   სიტყუანი   ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან (გამოცხადება 19:9) [მთარგმ.].

Download
palamacentre- ფლოროვსკი, ევქარისტია და
Adobe Acrobat Document 123.5 KB