23 ივნისი, 2019 წელი.
/ბრწყინვალე აღდგომის ფოთის საკათედრო ტაძარი/
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
პატიოსანო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, ძვირფასო სულიერნო შვილნო, დღეს ეკლესია აღასრულებს ხსენებას ღირსისა თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილისა), მღვდელმოწამისა ტომოთესი - პრუსიელი ეპისკოპოსისა, მოწამეთა ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა, ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა, ღირსი დედისა პანსემნისა და ბასიანესი - ლაოდიკიელ ეპისკოპოსისა; ჩვენ ლოცვით მივმართავთ მათ, რათა მეოხ გვეყონ წინაშე უფლისა, რათა გარდამოგვივლინოს ყოვლადმოწყალე ღმერთმან საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.
ხვალიდან, ორშაბათიდან, იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. მარხვა არის განსაკუთრებული ღვაწლის პერიოდი იმისთვის, რომ დავაგროვოთ საღმრთო მადლი; ეს ძალიან სჭირდება ყოველ ადამიანს, რათა გაუმკლავდეს იმ განსაცდელებს, სულიერ ბრძოლებს, რასაც აღძრავს ხოლმე ჩვენზე ბოროტის მანქანება.
ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ძალიან მძიმე დღეები დგას საქართველოს მოქალაქეებისა და სრულიად საქართველოს წინაშე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინაშე, რომელსაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის ტვირთი აწევს მხრებზე.
მხოლოდ სულიერი სიმტკიცით, ფხიზელი გონებით, მაღალი სამოქალაქო შეგნებით და ურთიერთპატივისცემით არის შესაძლებელი ადეკვატური პასუხის გაცემა ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ურთულეს გამოწვევებზე. ამაზე კი დიდად არის დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა და მისი მოქალაქეები ხვალ.
თქვენ იცით, რომ დღეს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, დაიკრძალება მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე. იგი 36 წლის განმავლობაში განაგებდა დასავლეთ საქართველოს სატახტო ქალაქის უძველეს ისტორიულ კათედრას.
მეუფე კალისტრატეს ფიქრები და დაუღალავი ზრუნვა დასტრიალებდა ერთიანი საქართველოს სიმბოლოს - ბაგრატის ტაძარს, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნანგრევებად იყო ქცეული. ყველას კარგად გვახსოვს, რომ უკანასკნელ წლებამდე იქ ღია ცის ქვეშ ტარდებოდა წირვა-ლოცვა. მეუფე კალისტრატემ დიდი ენერგია შეალია ამ საქმეს, ბევრი წინააღმდეგობებიც გადალახა საიმისოდ, რომ ბაგრატის დიდებული ტაძარი განახლებულიყო. დღეს კი აღსრულდება მეუფე კალისტრატეს ანდერძი და მისი მაღალმეუფება აღდგენილი ტაძრის გუმბათს ქვეშ ჰპოვებს საუკუნო განსასვენებელს.
დღეს მეუფე კალისტრატეს უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ ამა სოფლიდან, ხოლო ბაგრატის დიდებული ტაძარი აღდგენილი და დამშვენებული მარად დაამოწმებს იმ ადამიანთა ღვაწლს, ვინც ეს ისტორიული საქმე აღასრულა.
ლოცვა-ვჰყოთ მეუფე კალისტრატესთვის და შევავედროთ უფალს მისი უკვდავი სული.
საკითხი, რასაც უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ, და ეს უბრალოდ შეუძლებელია, არის ის პროცესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება;
ორი დღის წინ ჩვენ გავხდით მოწმენი იმ ძალიან მძიმე მოვლენებისა, რომელიც 20 მაისს თბილისში პარლამენტის შენობასთან განვითარდა და მთელმა მსოფლიომ იხილა.
თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ყველა იმ ადამიანს და მათ ოჯახებს, ვისაც უშუალოდ ფიზიკურად შეეხო ამ მოვლენების მძიმე შედეგები; უამრავმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები, ზოგი კიდეც დაინვალიდდა; ძალიან ძნელია ამას გულგრილად შეხედო და გაამართლო. ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი ძალიან ძვირად ფასობს ღმრთის წინაშე, და ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს!
ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის ასეთი კონფრონტაციული ურთიერთობა წარსულს ჩავაბაროთ, რადგან ეს ქვეყანა არ არის ვინმეს კერძო საკუთრება, ის ჩვენია, ის ყველასია; გარდა იმისა, რომ აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, აქ უნდა დავიმარხოთ, ჩვენთა წინაპართა განსასვენებელიც აქ არის და აქ უნდა იცხოვროს ჩვენმა მომავალმა თაობებმაც.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაცნობიეროთ და ერთმანეთისგან განვასხვაოთ ქვეყანა და სახელმწიფო.
ქვეყანაა ცა და მიწა, მთა-ბარი, მდინარეები, ზღვა, წყალი, ხალხი და ა.შ., ხოლო სახელმწიფო არის სისტემა, სტრუქტურები, კონსტიტუცია, ინსტიტუციები, ინფრასტრუქტურა, საზოგადოება და ა.შ.
ქვეყნის შენარჩუნება–განვითარებას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას სჭირდება გამართული სახელმწიფო სისტემა, მოქნილი კანონმდებლობა, მაღალკვალიფიციური და მაღალზნეობრივი კადრები და წესრიგი.
მე მახსენდება ერთგვარი შეგონება, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში, ახალხელდასხმულმა სასულიერო პირმა მოვისმინე:
„სადაც იწყება პოლიტიკა, იქ თავდება სულიერება“.
დაახლოებით 30 წლის წინ მოსმენილი ეს ფრაზა, განვლილი წლების განმავლობაში მუდამ მიტრიალებდა გონებაში და მოსვენებას არ მაძლევდა, ვერ ამომეხსნა მისი არსი.
- მუდამ იყო და არის საუბარი პატრიოტიზმზე, სამშობლოს ერთგულებასა და მისთვის თავდადებაზე და ა.შ., მაგრამ ეს ხომ უკვე პოლოტიკაა?!
- სამშობლოს უსაფრთხოება, სამუშაო ადგილები, სათანადო პენსიით უზრუნველყოფილი სიბერე, გამართული ჯანდაცვის სისტემა, მაღალი დონის საგანმანათლებლო სისტემა, ადამიანისთვის რეალური სასიცოცხლო მინიმუმის უზრუნველყოფა და ა.შ. და ა.შ., მაგრამეს ყველაფერიც ხომ ისევდაისევ პოლიტიკაა?!
... და მაინც, როგორ და სად გავატაროთ ზღვარი ზემო ჩამოთვლილსა და სულიერებას შორის?!
რა არის სულიერება, თუ არა – ცოცხალი, ქმედითი რწმენა?! საერთოდაც, ზნეობრივი სწავლება ორგანულად არის დაკავშირებული სულიერებასთან, მაგრამ და ჩვენ თვითონ გავმიჯნავთ პოლიტიკას ზნეობიდან, მაშინ ხომ ყველაფერი დაშვებულია, და რა პრეტენზია შეიძლება გვქონდეს პოლიტიკოსისადმი, რომელიც თავის ნაბიჯებსა და ქმედებებს მხოლოდ ინსტინქტებზე აფუძნებს?!
დღეს მტკიცედ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პოსტულატი („სადაც იწყება პოლიტიკა, იქ თავდება სულიერება“) იყო და არის (სულ მცირე!) მცდარი.
ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებს, ღმრთისმშობლის წილხვედრი საქართველოს შვილებს, არანაირად არ გვაქვს უფლება, რომ გამოვეთიშოთ ჩვენი სააქაო სამშობლოს ცხოვრებას; იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვცხოვრობთ, გვაკისრია გარკვეული პასუხისმგებლობები და ვალდებულები როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებსა და შვილებს. ყოველივე ეს კი არის ჩვენი ცხოვრება.
მხოლოდ ნატვრა უკეთეს მომავალზე, მხოლოდ იმის თქმა, რომ აწმყო თუ არ გწყალობს, მომავალი შენია, არ არის საკმარისი; აწმყომ რომ წყალობა გამოიღოს შენთვის, შენც უნდა გაინძრე; შენი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნო ყოველ ნაბიჯზე; შენი წილი ტვირთი უნდა იტვირთო შენს მხრებზე.
სწორედ აქ, აწმყოში, დღეს და ახლა იჭედება შენი, როგორც სააქაო, ისე სამომავლო ბედი. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ადამიანები, ვცხოვრობთ რა წუთისოფელში, ვიმყოფებით ხორციელ სხეულში,(რომელიც მიწისგან არის შექმნილი და მიწადვე მიიქცევა) და იმავ დროულად დაჯილდოვებულნი ვართ უკვდავი სულით. წუთისოფლის გზა ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. უნდა გახსოვდეს, რომ შენი ზეცა იწყება აქვე, დედამიწაზე; შესაბამისად, შენი სამომავლო ბედიც აქ იწერება; აღმასვლის პირველი საფეხურების დაძლევაც აქ ხდება.
ისეთ პატარა ქვეყანას და მცირერიცხოვან ერს, როგორიც ჩვენ ვართ, არასდროს ჰქონია და არც დღეს გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების ბედი ამ ქვეყანაში განვიხილოთ სულიერებასთან და რწმენასთან კონფრონტაციულ პარადიგმებში, და ვთქვათ, რომ „სადაც იწყება პოლიტიკა, იქ მთავრდება სულიერება“. ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზაზე საქართველოს წინ მძიმე გზა აქვს გასავლელი და არც არასდროს ყოფილა ეს გზა ადვილი.
თქვენ კარგად იცით ქვეყნისა და ერის ისტორია. ამიტომ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებაზე არანაკლებ რთულია და მძიმე, მისი შენარჩუნება მუდმივი განვითარებისა და სრულყოფის რეჟიმში.
დღეს აუცილებლად უნდა ვთქვა და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს და რასაც უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ვუყურებთ, თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვდგავართ მართლაც ისტორიული მოვლენების წინაშე. ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ იბადება ახალი თაობა, ის თაობა, რომელმაც საქართველო ხვალ თავის ხელში უნდა გადაიბაროს და მართოს ეს ქვეყანა. იმ ახალგაზრდების სახით, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, მოდის ახალი პოლიტიკური თაობა.
თქვენ მრავალგზის გსმენიათ ძველი აღთქმის ისტორიიდან მოსეს მაგალითი იმის შესახებ, რომ მას 40 წელი დასჭირდა, ვიდრე ეგვიპტიდან გამოყვანილ ისრაელს (ღვთის ერს) აღთქმულ ქვეყნამდე მიიყვანდა, მაგრამ თვით მოსეც კი ვერ შევიდა იქ, არამედ აღთქმულ ქვეყანაში შევიდა მხოლოდ სრულიად განახლებული ერი, ანუ თაობა, რომელიც თავისუფლების პირობებში დაიბადა.
ჩვენ ჯეროვანი შეფასება უნდა მივცეთ შვილების თაობას. არც საკუთარ თავს და არც ჩვენს შვილებს არ უნდა ვაკადროთ, რომ მათი გულწრფელობა ეჭვქვეშ დავაყენოთ და მათ სიმართლეს შეურაცხყოფა მივაყენოთ.
დღეს ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, გადადგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. არის ასევე რიგი მოთხოვნებისა ხელისუფლების მიმართ.
იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი დაიძლევა და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესია ეს ქვეყნისთვის. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ვითარება არ გასცდება კონსტიტუციის ჩარჩოს არცერთი მხრიდან; ვფიქრობ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა წარმოაჩენს მაღალ სამოქალაქო შეგნებას და ასევე ჭეშმარიტად ქრისტიანულ საფუძვლებზე აღმოცენებულ სამოქალაქო კულტურას.
დასკვნის სახით კი გეტყვით, რომ პოლიტიკასა და სულიერებას გამიჯნვა კი არ სჭირდება, არამედ – დაახლოება!
პოლიტიკა ისეთია, როგორი ადამიანებიც მონაწილეობენ მასში; სადაც ადამიანია, იქ არის ცოდვაც, გადაცდომაც, და ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ ძალის გადამეტებაც მომიტინგეთა მიმართ. მეეჭვება, რომ ხელისუფლების მიზანი ყოფილიყო ადამიანების დასახიჩრება, თუმცა პასუხისმგებლობის ტვირთი ცალსახად მასზეა.
ღმერთმა შეგვინდოს ის ცოდვები, რასაც ერთმანეთის წინაშე ჩავდივართ!
მიხარია, როდესაც ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან მწყობრად საუბრობენ, ნათელი და გახსნილი გონებით, თავისუფალი აზროვნებით გამოირჩევიან;
- ესენი ჩვენი შვილები არიან; მათ ერთი რამ აკლიათ – პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება; ეს დანაკლისი კი შესაძლებელია შეივსოს თაობათა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის პირობებში, რაც ქვეყანას გაუადვილებს გზის სიძნელეს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მისი მომავალი.
შეგეწიოთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი თქვენ და სრულიად საქართველოს, აწ და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!