ეკლესიის მამათა სწავლება ადამიანში არსებული ღვთის ხატისებრობისა და მსგავსებისებრობის შესახებ

 ადამიანის     პიროვნებით სხვადასხვა   დარგებია      დაინტერესებული. მისი შესწავლა ყველა რელიგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და სხვა მეცნიერებათა ამოცანაა. თითოეული მათგანი, რელიგიის გარდა, რომელიც მასში სულიერ საწყისს განჭვრეტს, ადამიანის პიროვნებას კონკრეტულ კონტექსტში განიხილავს, რაც მისთვის (მეცნიერებისთვის) საინტერესოა. ამიტომაც საკვლევ თემაში ვეცდებით, ამომწურავად შევეხოთ ჩვენ მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ გაიგება პატრისტიკულ ტრადიციაში ადამიანისთვის ღვთისაგან ბოძებული ხატისებრობისა და მსგავსებისებრობის საკითხი.

ვიდრე უშუალოდ საკითხზე მსჯელობას შევუდგებოდეთ, აუცილებელია განისაზღვროს სიტყვა ადამიანის ტერმინოლოგიური მნიშვნელობა, რომელიც, ებრაულ ენაზე დაყრდნობით, საინტერესო ეგზეგეზას გვთავაზობს ტერმინ ადამიანის განმარტებისას სულხან­საბა ორბელიანი გვაუწყებს, რომ იგი მომდინარეობს ადამიდან, ის არის ადამისგამონი“.[1] ქართულ ენაში ამ განსაზღვრებით მი­ თითებულია, რომ კაცობრიობა პირველი ადამიანის შთა­ მომავალია, რაც, ებრაულის გარდა, სხვა ენაში არ გვხვდება, მაგალითად: ინგლისურში ­Human, რუსულში — Человèк, ბერძნულში — ἄνθρωπος და სხვა. სიტყვით ადამიანი ქა­ რთულ ენაში უშუალოდ ადამიდან ჩვენი მომდინარეობა გა­ მოიხატა და, ამასთანავე, ცნებების ადამისა და ადამიანის ტერმინოლოგიური მსგავსება გამოვლინდა. ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა ენამ არ დაკარგა კავშირი პირველსაწყისთან, ადამთან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ენაში ბიბლიური პასაჟის მიერ ეტიმოლოგიური მნიშვნელობის დამკვიდრებას. რაც შეეხება ებრაულ ენას, ასევე ადამიდან მომდინარეობს ტერმინი ადამიანი Adam (ადამ) — Ben Adam (ბენ ადამ). პირველ შემთხვევაში ნაუწყები ტერმინი კონკრეტულად ადამსა და ასევე ადამიანსაც აღნიშნავს, ხოლო მეორე სიტყვა ადამის ძეს, ანუ ბიბლიურ ტერმინს ძე კაცისას“.

ადამის სახელის მნიშვნელობის განმარტებას პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსიც გვთავაზობს: „მოასწავებს ესე ებრაულთა ენისაებრ მეწამულსა, ვინაჲთგან მეწამულისა ქუეყანისაგან აღზელილისა იქმნა, რამეთუ ესევითარ ქალწულ ქუეყანაჲ და მეწამული[2]. ამ შემთხვევაში ებრაული ტერმინი Adom (ადომ) აღნიშნავს მეწამულს და იოსებ ფლავიუსი მსგავსებას ნახულობს ადამის სახელის მნიშვნელობასთან. იგი ზუსტად მიჰყვება ბიბლიის  ტექ­  სტს და აფიქსირებს თიხისაგან ადამის შექმნას, რის შემ­ დეგაც ღმერთმა დაამკვიდრა იგი ჯერ კიდევ ქალწულ“ (დაუსახლებელ) ქვეყანაში, თუმცაღა, ტერმინი Adam (ადამ) ჰგავს ასევე ებრაულ სიტყვებს Adama (ადამა) — მიწა და Adame (ადამე) — ვემსგავსები. ებრაულ ენაზე დაყრდნობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ადამიანის პიროვნებას ძა­ ლუძს მიწიდან, ანუ ქმნილებიდან ამაღლდეს შემოქმედის მსგავსებამდე.

ძველი აღთქმის უმთავრესი სწავლება ადამიანის შესახებ ჩამოყალიბებულია დაბადების წიგნის პირველივე თავში: და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქუეყა­ ნასა ზედა. და შექმნა ღმერთმან კაცი. ხატებად ღმრთისა შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი“ (დაბ. 1.26­27). ტერმინები ხატისებრობა და მსგავსებისებრობა ებრაულ და ბერძნულ ენებში გადმოიცემა ასე: b’tsalmenu (ბეცალმენუ) და κατ’ εἰκόνα, kid’mutenu (კიდმუთენუ) და καθ’ ὁμοίωσιν, თუმცაღა, თანამედროვე მკვლევართათვის Tselem და Demuth თითქმის იდენტურად მოიაზრება.[3]

ხატებისებრობასა და მსგავსებისებრობას შორის არსებითი განსხვავება არ არის, მაგრამ მათ შორის არ­ სებული კავშირი და მაინც გამოყოფს ორ სხვადასხვა გაგებას. მამათა უმრავლესობა ხატისებრობას მიიჩნევს როგორც ღვთის ძღვენს. ეს მიემართება გონიერებასა და თვითუფლებრიობას, რომლის მეშვეობითაც, საღვთო მადლითა და თავისუფლებით, ადამიანის პიროვნებას შეუძლია განსრულდეს, ანუ მიაღწიოს მსგავსებისებრობასაც.[4]

პირველად ორიგენემ განასხვავა ხატისებრობა (κατ' εικόνα) და მსგავსებისებრობა (καθ΄ομοίωσιν); იგი წერს: ხატისებრობის ღირსი ადამიანი შექმნისთანავე გახდა, ხოლო სისრულეს მსგავსებისებრობის სრულყოფით მიაღწევს“.[5] წმინდა გრიგოლ ნოსელიც იმავეს ბრძანებს: „ხატისებრობა შექმნიდანვე გვაქვს და პირველივე დღიდან მყოფობს ჩვენთან, ხოლო მსგავსებისებრობას არჩევანით მივაღწევთ“.[6] ბასილი დიდიც გვმოძღვრავს, რომ არჩევანს განგვისაზღვრავს თავისუფალი ნება;[7] ანუ წმინდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ ხატისებრობა ადამიანის პიროვნების ღირსებაზე მიანიშნებს და მას არჩევანის თავისუფლებით ძალუძს შემოქმედს მი­ ემსგავსოს.

წმინდა წერილში რამდენჯერმეა მოხმობილი ტერმინ ხატი სხვადასხვა მნიშვნელობით (შდრ. დაბ. 1.26­27, რომ. 8.29, II კორ. 4.4, კოლ. 1.15, ებრ. 1.3). ბიბლიის ტექსტში მრავალგზის არის მოხმობილი ადგილები, რომლებშიც აშკარა მითითებაა ადამიანის ღვთისგან წარმოშობის შესახებ, რაც დასტურდება ადამის ღვთის ხატისაებრ შექმნისა და სეთის ადამისგან წარმოშობის მაგალითებით. „ხოლო ცხოვნდა ადამ ორას ოცდაათ წელ და შვა სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ­სდვა სახელი მისი სით” (დაბ. 5.3) და ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა“ (ლუკ. 3.38)[8], ანუ, როგორც ადამი იყო ღვთის ხატებისაებრ შექმნილი, ასევე მისგან წარმომდგარ სეთსაც ბიბლია იმავეს სახელდებს. წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: „ღმერთი ყოველთვის წარმოჩნდება იმ არქეტიპად, ხატებად, რომლის მიხედვითაც იქმნება ადამიანი[9], ასე რომ, ადამიანი არის შექმნილი წინარეხატის („პირმშოხატის“) მსგავსად, ის იქმნება ძე ღვთისას ხატებისაებრ. ამ სწავლებას კი პავლე მოციქული საკუთარ ეპისტოლეებში ავითარებს და აღნიშნავს, რომ ქრისტე არის პირმშოხატი“ (არქეტიპი — ἀρχέτυπον). ამ იდეაზე დაყრდნობით შეგვიძლია დასაბუთებით ვთქვათ, რომ ადამის ძეობილობა არ არის მხოლოდ მეტაფორა, არამედ ეს არის ბიბლიური ფაქტის ცხადყოფა, ხატის მნიშვნელობა წმინდა წერილში სწორედ ღვთის სიტყვას (ძე ღმერთს) მიემართება, რომელიც მამა ღმერთის ბუნებითი ხატია (II კორ. 4.4, კოლ. 1.15), ხოლო ადამიანი კი ქრისტეს ხატისებრ არის შექმნილი. მეორე ჰიპოსტასი მამის ბუნებითი ძე არის, ხოლო ადამიანი — „მადლისმიერი“. სწორედ ქრისტეს საშუალებითა და საკუთარი არჩევანით ადამიანს ებოძება ძეობილობა, ამიტომ ბრძანებს მაცხოვარი: „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს“ (იოან. 10.9); სხვაგან: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოან. 14.6).

პლატონთან გვხვდება სწავლება, რომ ღმერთი ბეჭდავ­ და არსებებს წინასახის ბუნების შესაბამისად[10], ხოლო ფილონ ალექსანდრიელი ადამიანის შესახებ განმარტავდა: „ერთი მხრივ, ჩვენზე თქვა ღვთის ხატი, მაგრამ, მეორე მხრივ, ხატის ხატი უწოდა ადამიანს[11]. ათანასე ალექსანდრიელი ადამიანს ღვთის ხატს არ უწოდებდა, არამედ ხატისებრს[12] (κατ' εικόνα). ორიგენეც ასხვავებდა ამ ორ ტერმინს – „ღვთის ხატი და ღვთის ხატისებრ“. მისი განმარტებით, „ღვთის ხატი არის მხო­ ლოდშობილი ძე, ხოლო ადამიანი არის ღვთის ხატისებრ შექმნილი[13], თუმცაღა, ფილონ ალექსანდრიელი ადამიანს ხატს უწოდებს და ხატისებრობას იგი გონით ნაწილსა და თვითუფლებრიობას მიაწერს[14]. თვითუფლებრიობაზე მი­ ანიშნებს წმინდა გრიგოლ ნოსელიც: „ღვთის მიერ მინიჭებული თვითუფლებრიობა მას დედამიწის  მეუფე­  ბას ანიჭებს[15]. წმინდა მამა აგრეთვე ბრძანებს: „თვითუფლებრიობა არის სულიწმიდის ბეჭედი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი სიკეთისაკენ მიიდრიკება[16]. წმინდა ბასილი დიდი კი გვმოძღვრავდა: „დასაბამი, ცოდვის ფესვიცა და თვითუფლებრიობაც ჩვენშია[17], ანუ ადამიანს ღვთის ხატისებრობა მიენიჭა, როგორც ძღვენი, ხოლო თვითუფლებრიობითა (αὐτεξούσιος) და საკუთარი არჩევანით იგი უნდა მიესგავსოს შემოქმედს. წმინდა მამები, რომელნიც მოაზროვნეობასა და გონისეულობაზე ამახვილებენ ყურადღებას, ამით ხატისებრობის სულიერ საწყისზე მიუთითებენ, მაგალითად, ასეა ორიგენესთან: „ხატისებრობა თუკი სხეულს მიემართება, მაშინ სული დაკლებული ყოფილა მისგან და შემოსაზღვრული ყოფილა ხრწნად სხეულში, რომელსაც არც ერთი ჩვენგანი არ ამბობს, რადგანაც ღმერთი უსხეულო, განზომილების არმქონე და აღურიცხავია.

ფორმის გარეშე შეუძლებელია, უხრწნელი ხრწნადში იყოს, რომ იყოს ხრწნადი უხრწნელის ხატი ან მივამსგავსოთ მოკვდავი უკვდავს[18]. წმინდა იოანე დამასკელიც ხატი­ სებრობას სულს მიაკუთვნებდა: „ადამიანები ატარებენ თავის თავში შემოქმედის ხატისებრობას, რადგანაც მიიღეს მისგან გონება და მოაზროვნეობა[19]. კლიმენტი ალექსანდრიელის უწყებით ღვთის ხატისებრობა ადამიანის გონებას მიეწერება[20]; ანუ ამ დოქტრინებზე დაყრდნობით შეგვიძლია განვმარტოთ, რომ მამათა გარკვეული ნაწილი ადამიანში ხატისებრობის მფლობელობის ძირითად ასპექ­ ტს აკუთვნებდა კაცობრიობის სულის მოაზროვნე ნაწილს (νοῦς), როგორც უხრწნად, აღმატებულ მდგომარეობას.

პირველქმნილი ადამიანი გახლდათ უცოდველი, სრულყოფილი და უკვდავი არსება, რასაც წმინდა წერილი და, ასევე, ღვთივგანბრძობილ მამათა შრომები გვიცხადებენ. ღმერთმა სამყაროს ქმნადობა ადამით დაასრულა, რის შემდეგაც იგი (ადამი) გახდა სამყაროს მფლობელი და კოსმოსის მბრძანებელი, რომელსაც მიენიჭა მეუფება. ადამს სამყაროს ქმნადობაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ იგი მაინც მისი მბრძანებელი შეიქნა. მას სხვა შექმნილი არსებების შიში არ ჰქონია, პირიქით, ისინი მორჩილებდნენ მას. ადამი და ევა (ევა ღმერთმა ადამს შეუქმნა, მაშინ როცა ცხოველთა სახელდების შემდეგ მან თავი მარტოდ იგრძნო შდრ. დაბ. 2.18­25). ანგელოზებზე აღმატებულნი იყვნენ იმით, რომ მათგან განსხვავებით სამყაროზე მბრძანებლობის უფლება ჰქონდათ.

ძველი აღთქმის სწავლებაში ხატისებრობისა და მსგავსებისებრობის“ „შესახებ შემდეგ განმარტებას ვხვ­ დებით XI საუკუნის მოღვაწე რაბინ რაშთან, რომელიც ხა­ ტისებრობაში ადამიანის სხეულის ფორმირებას გულისხმობს, ხოლო მსგავსებისებრობაში მოაზროვნეობასა და ცხოველთა სამყაროზე მეუფებას[21]. თორაში არ გვხვდება

და კავშირი მათ შორის. ძველი აღთქმის ეს მონაკვეთი ებრაულ ტექსტში შემდეგია: „და თქვა ღმერთმა: შევქმნათ ადამიანი ჩვენი სახის მიხედვით, ჩვენი მსგავსებით[22]. იოსებ ფლავიოსთან ადამიანის ამ საკითხთან დაკავშირებით მითითება საერთოდ არ გვხვდება. ქრისტიანული ეგზე­ გეზისთვის კი ეს სწავლება იმაზე ბევრად აღმატებულია, ვიდრე მხოლოდ სხეულის ფორმირება, მოაზროვნეობა და მეუფება.

ცნობილი მკვლევარი, კარდინალი თომას შპიდლიკი (Tomáš Špidlík) ხატისებრობასა და მსგავსებისებრობაში სამ ძირითად ასპექტს გამოყოფს:

1. თუ ადამიანი ღვთის ხატისებრია, მაშინ საკითხავია, ის [ხატისებრობა] ადამიანის რომელ ნაწილში მდებარეობს, როგორც მისი ჭეშმარიტი ბუნების აღმნიშვნელი?

2. მადლი თავდაპირველად მხოლოდ სულშია, რის შემდეგაც სხეულზეც ვრცელდება;

3. ადამიანი თავისი ხარისხით [თვისებით] ემსგავსება თუ არა ღმერთს?[23]

ქრისტიანული ეგზეგეტიკის ტრადიციაში თავს იჩენს ამ ბიბლიური პასაჟის მრავალი განმარტება. კლიმენტი ალექსანდრიელის მოსაზრებით, „ხატისებრობის ფლობა მიემართება ადამიანის გონებას (νοῦς)[24], თუმცაღა, იგი ნაშრომ პედაგოგში იგივე თვისებას მიაწერს ადამიანის რეპროდუქციის უნარს[25].

წმინდა გრიგოლ ნოსელი თავის ნაშრომში ქალწულებისთვის აყალიბებს იმ მოსაზრებას, რომ მოაზროვნეობა და თავისუფალი ნება ხატისებრობის აუცილებელი ატრიბუტია[26]. ასევე ამ საკითხზე მსჯელობისას იგი სხვა ეგზეგეზას გვთავაზობს, კერძოდ, იგი ბრძანებს, რომ ღვთის ხატისებრობის საფუძველი ადამიანის სულია[27].

ალექსანდრიის ეკლესიის მამები და წმინდა გრიგოლ ნოსელი აყალიბებდნენ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რადგანაც ღმერთი სულია, ამიტომ ადამიანში ხატისებრობის საფუძველი მხოლოდ სული შეიძლება იყოს. ამის საპასუხოდ გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე ეპიფანე კვიპრელი წერდა: „არ ეგების იმ ადგილის განსაზღვრა, თუ სად გა­ ნსულიერდება ხატისებრობა[28]. ადამიანი არის შედგენილი არსება (სულისა და სხეულის მქონე) და ამიტომაც წმინდა ირინეოს ლიონელი ხატისებრობის მფლობელობაში ხორ­ ცსაც და სულსაც ერთად მოიაზრებდა: „იმის გამო, რომ ადამიანი შედგება სხეულისა და სულისაგან, ანუ მისი სრული მყოფობისაგან, აქედან გამომდინარე წარმოადგენს პიროვნებას, რომელიც წარმოაჩენს ადამიანურ ბუნებას[29]. ამავე მოსაზრებას ვხვდებით წმინდა გრიგოლ ნოსელთანაც, იგი გვაუწყებს, რომ ადამიანს, როგორც პიროვნულ მთლიანობას, მიემართება ხატისებრობა[30].

ალექსანდრიელი განმმარტებლები აქცენტს ადამიანის სულიერ სამყაროზე აკეთებდნენ, ხოლო ანტიოქიის ეკლესია უპირატესობას მეუფებას ანიჭებს და აღნიშნავს, რომ ადამიანი ღვთის მიერ მბრძანებლობს (მეუფებს) სხვა არსებებზე[31] და ეს აზრი იუდეველთათვისაც საერთოა.

ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლის ტრადიციით, მსგავსებისებრობას დინამიური ხასიათი აქვს. მათი გაგებით, ხატისებრობა არის განღმრთობის დასაწყისი, ეს არის ზეაღსვლა ხატისებრობიდან მსგავსებისებრობამდე. ადამიანს მიეცა ხატისებრობა და მასზე აღიბეჭდა უფლის ტვიფარი, ხოლო რაც შეეხება მსგავსებისებრობას, ის მან პირადი ღვაწლით უნდა მოიპოვოს. ადამიანი შექმნილია ღვთის ხატისებრად და არა მსგავსებისებრად“, ანუ ღვთის ხატისებრობა შეადგენს მისი ბუნების თანდაყოლილ თვი­ სებას, ღვთის მსგავსებისებრობა კი დამოკიდებულია ადამიანის უნარზე თავის თავში ხატისებრობა თავისი პიროვნული არჩევანით განავითაროს.

ღვთის ხატისებრობის შემდეგნაირი განმარტებაც არ­ სებობს, რომლის მიხედვითაც მასში პიროვნების თავი­ სუფალი ნება[32] მოიაზრება, ანუ ადამიანი შეიქმნა თავი­ სუფალი ნების მქონედ, რომელსაც თავდაპირველად, თავის სამოღვაწეო ასპარეზზე, სამოთხეში, უფლის მცნება უნდა და­ ეცვა და თავისი მოღვაწეობით მის [ღვთის] მიერ ბოძებული მადლი განევითარებინა. მკვლევარი ნონა ვერნა ჰარისონი (Nonna Verna Harrison) მართლმადიდებლურ კონცეფციას ადამიანის ხატისებრობისა და მსგავსებისებრობის შესახებ თავის სტატიაში ­ "The human person as image and likeness of God" – შემდეგნაირად აყალიბებს: „ეს [კონცეფცია] გახლავთ მრავალგანზომილებიანი და მრავალ ასპექტს მოიცავს: თავისუფლებას, პასუხისმგებლობას, სულიერ განვითარებას, დამოკიდებულებას ღმერთთან და მოყვასთან, ადამიანის ბუნების აღმატებულებას, სიწმინდეს, სამეფო ღირსებას, მღვდელმთავრობის ნებელობას შექმნილ სამყაროში, მოაზროვნეობასა და შემოქმედებითობას (ხელოვნებაში, კულტურასა და მეცნიერებაში)“[33]. მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ადამიანის შემოქმედებითობას შემდეგნაირად განმარტავს: „ადამიანს არ შეუძლია, არარადან (ex nihilo) რამე შექმნას, მაგრამ მას შეუძლია, ღმერთის მიერ შექმნილი მასალისაგან შექმნას, — მასალად კი მას მთელი ქვეყანა ემსახურება. იმდენად სამყარო კი არ საჭიროებს, რომ ადამიანმა ის გააუმჯობესოს, რამდენადაც თავად ადამიანს სჭირდება თავისი შემოქმედებითი უნარის გამოყენება ღმერთთან მისამსგავსებლად[34].

პროფესორი  გიორგი          მანძარიდისი            (Γεώργιος        Ι. Μαντζαρίδης) თავის ნაშრომში იმოწმებს წმინდა გრიგოლ პალამას განმარტებას: „მსგავსად იმისა, რომ ღმერთი არის სამება ერთებაში, რაცაა გონება (νοῦς), ლოგოსი (λόγος) და სული (πνεῦμα), ასევეა ადამიანი ღვთის ხატისებრად შექმნილი და ადამიანური გონებიდან ლოგოსი იშვება, სული კი გამომავალია ისე, როგორც მამისაგან ძე იშვება და სულიწმიდა გამოვალს“. ეს შედარება, რა თქმა უნდა, არაა აბსოლუტური, მაგრამ მასში სამება ღმერთის ანარეკლი იხსნება, რომელიც მის ხატისებრად არის შექმნილი[35].

ადამიანი ღვთის ხატისებრად იქმნება და ამ შემთხვე­ ვაში ქრისტიანული სწავლებით ეს მიემართება როგორც მამაკაცს, ისე ქალს: „შექმნა იგი“ – „ქმნა იგინი“. ამით წარმოჩენილია, ერთი მხრივ, მთელი კაცობრიობის ერთი საერთო ბუნება და, მეორე მხრივ, თითოეულ კონკრეტულ პიროვნებას შორის ჰიპოსტასური განსხვავება[36].

აპოკრიფულ თომას სახარებაში 118­ ლოგიაში ვხვდებით შემდეგ პასაჟს, თუ როგორაა გნოსტიკოსი ავტორის მიერ დაკნინებული ქალი, როგორც ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის უღირსი ქმნილება, ავტორი შეგნებულად მიაწერს მაცხოვარს ამ მკრეხელურ სიტყვებს: „სიმონ პეტრემ უთხრა მათ: წავიდეს მარიამი ჩვენგან, რამეთუ ქალები არ არიან სიცოცხლის ღირსნი. იესომ თქვა: შეხედეთ, მე წარვმართავ მას, რომ გავხადო იგი კაცი, რათა ისიც გახდეს ცოცხალი სული, თქვენ, მამაკაცების მსგავსად. რამეთუ ყოველი ქალი, რომელიც გახდება კაცი, შევა ცის სასუფეველში[37]. ეს კი აშკარად ეწინააღმდეგება დაბადების წიგნში ნაუწყებ ბიბლიურ თხრობას იმის შესახებ, რომ ღმერთმა თავის ხატისებრ შექმნა კაცობრიობა, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. მოხსენიებული 118­ ლოგია ასევე ეწინააღმდეგება პავლე მოციქულის უწყებას, რომ ღმერთში და აღთქმის შვილობის მფლობელობაში ყველა თანაბარია (გალ. 3.28­29).

ადამიანი არის იმ ხატისებრობის მატარებელი, რომლის საბოლოო მიზანი არის შემოქმედისადმი მიმსგავსება. ადამიანს არ ძალუძს ცოდვის ქმნადობით ღვთის ხატისებრობა დაკარგოს, რადგან ეს უფლის ონტოლოგიური[38] ძღვენია. ნებისმიერი პიროვნების მიზანი უნდა იყოს ძე კაცისას მდგომარეობიდან ღვთის ძედ გახდომა, რადგან ადამიანის ცხოვრებისეულ საზრისს სწორედ ეს უნდა წარმოადგენდეს.

 



[1] სულხან­საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, . I, თბილისი, „მერანი”, 1991, გვ. 39.

[2] იოსებ ფლავიუსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელისსიტყუაობისანი, 1,1, . I,

მეცნიერება”, თბილისი, 1987, გვ. 93.

[3] Skinner J. The International Critical Commentary: Genesis, Edinburgh, 1930, p. 32

[4] Νέλα Π., "Η θεολογία του κατ΄εικόνα", εν Κοινωνία, τ. 2, τευ. Β΄, Ιούλιος, Θεσσαλονίκη 1970, σσ. 294-295.

[5] ორიგენე, საწყისებისათვის 3, 61 PG 11, 333

[6] გრიგოლ ნოსელი, სიტყვა ვქმნეთ კაცი I, PG 44, 237

[7] ბასილი დიდი, ადამიანის შექმნისათვის I, 20, PG 30,29

[8] Шпидлик Ф., Духовная традиция восточного христианства, Москва, 2000, ст. 68

[9] გრიგოლ ნოსელი, ადამიანის შექმნისათვის, 6 PG 44, 140C

[10] Burnet J., Platonis opera, vol. 4, 1968, ტიმეოსი 39e

[11] ფილონ ალექსანდრიელი, მოსესმიერი შესაქმის შესახებ 25, COHN გვ. 7-8

[12] ათანასე დიდი, სიტყვა არიანელთა წინააღმდეგ, 3,10 PG 26, 344A

[13] ორიგენე, კელსუსის წინაღმდეგ, 6, 63, PG 11, 1393C

[14] ფილონ ალექსანდრიელი, მოსესმიერი შესაქმის შესახებ 25, COHN გვ. 7.14­17

[15] გრიგოლ ნოსელი, ადამიანის შექმნისათვის, 4, PG 44, 136 BC, შდრ. მისივე

ქალწულებისათვის 12, PG 46, 369 BC

[16] გრიგოლ ნოსელი, ადამიანის შექმნისათვის, 4, PG 44, 137A

[17] ბასილი დიდი, იმის შესახებ რომ ბოროტების მიზეზი არ არის ღმერთი 7, PG 31, 345

[18] ორიგენე, კელსუსის წინააღმდეგ, 6, 63 PG 11, 1393C

[19] იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარ­ დამოცემა, 2, 12 PG 94, 920

[20] Τρεμπέλα Π., Δογματική Α΄, Αθήνα 1997, σσ. 489

[21] ჟურნალი ებრაული სამყარო, #12, 2014, გვ. 23

[22] ხუმაში, ბერეშით, თელ­ავივი, 1988, გვ. 4

[23] Шпидлик Ф., Духовная традиция восточного христианства, Москва, 2000, ст. 73

[24] კლიმენტი ალექსანდრიელი, შეგონებით სიტყვა 10, PG 8, 212C­213A,

[25] კლიმენტი ალექსანდრიელი, პედაგოგი 2, 10, PG 8, 497B

[26] გრიგოლ ნოსელი, ნეტარებების შესახებ 6, PG 44, 1272B

[27] გრიგოლ ნოსელი, ადამიანის შესაქმისათვის 5 და 16, PG 44, 137AB

[28] ეპიფანე კვიპრელი, ერესების წინააღმდეგ 70,2, 7; GCS 3 გვ. 234

[29] ირინეოს ლიონელი, მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა 5, 6, 1; 16, 1, 2 PG 7,

1137A

[30] გრიგოლ ნოსელი, დიდი კატეხიტური სიტყვა 39, PG 45, 100 A

[31] Шпидлик Ф., Духовная традиция восточного христианства, Москва, 2000, ст. 74;

[32] ბასილი დიდი, იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის ბოროტების მიზეზი 6, PG

31, 344B; იოანე დამასკელი, გარდამოცემა, 2, 12, PG 94, 920B

[33] Theokritoff E. Orthodox Christian Theology, Cambridge University Press, 2009, p. 105

[34] Алфеев И. Таинство веры, Издательство Московской Патриархии, Москва, 2012, ст. 80

[35] Mantzaridis I. G. The Deification of man, New York, 1984, p. 18

[36] Алфеев И. Таинство веры, Издательство Московской Патриархии, Москва, 2012, ст. 79

[37] თომას სახარება [თარგმანი . კენჭოშვილის], თბილისი, 2011, გვ. 21

[38] სიტყვა ონტოლოგია ბერძნულია, იგი კომპოზიტია და შედგება ორი სიტყვი­ საგან: ν ­ მყოფი და λογια ­ მოძღვრება, ანუ ეს არის ადამიანის მყოფობის შემ­ სწავლელი დარგი. 

 

 წყარო: გული გონიერი, 2014, N9, გვ. 172-186

ავტორი: გიორგი გველესიანი