საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა საქართველოში

ბოლშევიკური მოძრაობა რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა მეფის რუსეთის დამხობის შემდეგ, რასაც წინ დიდი ისტორიული მოვლენები უძღოდა: გლეხთა მასობრივი აჯანყებები, „ოქტომბრის რევოლუცია“ (1917 წ.). მათი პოლიტიკა რადიკალური მეთოდებით გამოირჩეოდა. ისინი იბრძოდნენ კომუნისტური იდეების დასაფუძნებლად. საქართველოში წითელი საოკუპაციო არმიის შემოსვლის შემდეგ 1922 წლიდან მას საბჭოთა საქართველო უწოდეს[1].

ვ. ლენინის სიტყვებია: „ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, იწამოს არა მარტო ის, რაც უნდა, არამედ გაავრცელოს ან შეიცვალოს კიდეც აღმსარებლობა. მთავრობის არც ერთ მოხელეს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ადამიანს კითხვები დაუსვას მისი რელიგიის შესახებ; ეს თითოეული ადამიანის სინდისის საკითხია და არავის არა აქვს ჩარევის უფლება“. ამის მიუხედავად, მათი საქმე სხვას ადასტურებდა, რაზეც უფრო დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი.

კომუნისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა ყველა სფეროში[2]. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, ის გამუდმებით იბრძოდა ავტოკეფალიისთვის და ისტორიულადაც მრავალი თავდასხმა გადაუტანია რუსეთის საიმპერატორო კარისა და შემდეგ კომუნისტური მმართველებისგანაც. 1811 წელს რუსეთის საიმპერატორომ საქართველოს ეკლესიას გაუუქმა ავტოკეფალია და ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდს დაუქვემდებარა და მას ობერ-პროკურორი განაგებდა. რუსეთის სინოდის დაქვემდებარებაში 1917 წლამდე იყო, რის შემდეგაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებელი საპატრიარქო მმართველობა და 1917 წლის 17 სექტემბერს საეკლესიო კრებაზე პირველ პატრიარქად კირიონი II აირჩიეს.

საბჭოთა იდეოლოგია დევნიდა ყოველგვარ თავისუფალ აზრს, ასევე იდევნებოდნენ მორწმუნეები, როგორც ქრისტიანები, თუ სხვა კონფესიის წარმომადგენლები. ცნობილია, რომ გამეფებული რეპრესიული რეჟიმის შიშით ეკლესიებში ვერავინ შედიოდა სალოცავად, რადგან იკრძალებოდა. ეკლესიათა ნაწილი დახურული იყო, უმეტესობა დაანგრიეს, ხოლო ზოგან ტაძრის სივრცე სხვა დანიშნულებით გამოიყენეს. საქართველოში პრინციპულად ებრძოდნენ ქართულ ეკლესიებს, ასევე სომხურს და ბიზანტიური არქიტექტურის მქონე ტაძრებსაც კი, რისი დამადასტურებელიცაა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის დანგრევა, რომლის ადგილზეც (თბილისი, რუსთაველის გამზირი) პარლამენტის შენობა აიგო. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი იკურთხა 1897 წელს და 1917 წლამდე მას საქართველოს ეგზარქატი განაგებდა, ხოლო 1921 წელს ის დაექვემდებარა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს ტაძარი იყო ნეობიზანტიური სტილის და მის ეზოში იყო დაკრძალული დაღუპული საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები (იუნკერები). 1930 წელს წითლებმა ამ ტაძრის დემონტაჟი დაიწყეს იმის მიზნით, რომ იქ აშენებულიყო მთავრობის სახლი. ეკლესიის ნგრევას სამი მიზანი ჰქონდა: 1) სალოცავი ადგილის მოშლა 2) ეკლესიის ქონების კონფისკაცია და 3) იუნკერთა მნიშვნელობის დავიწყება ხალხსიათვის. ამით კი აღასრულებდნენ თავიანთ მიზანს, რაც მრავალგზის გადმოსცეს ყრილობებზე: „[კომუნისტური] იდეოლოგია უნდა დაეუფლოს მასებს და შთააგონოს ის აქტიური მოქმედებისათვის, განსაზღვროს მისი ყოველდღიური ქცევის ნორმები, ებრძოლოს წარსულის გადმონაშთს“[3].

საბჭოთა კავშირის მოსახლეობა იმყოფებოდა ინფორმაციულ ვაკუუმში, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან საზოგადოებამდე აღწევდა მხოლოდ ის ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც საბჭოური მენტალიტეტით იმართებოდა. აკრძალული იყო უცხოური ლიტერატურა, ასევე ისეთი ქართველი მწერლების ნაწარმოებებიც, რომლებიც აკრიტიკებდნენ მთავრობას; შეზღუდული იყო პიროვნების თავისუფლება ყველა სფეროში. საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა ათეიზმს ქადაგებდა. საბჭოეთისთვის ღმერთი „ილუზორული“ იყო და მათი „ღმერთი“ კი ბელადი - ცოცხალი, და რეალური.

x68 წელი დაჰყო საქართველომ საბჭოთა კავშირში და ეს წლები ტრაგიკულად აისახა რელიგიაზე, პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე და, რაც მთავარია, ხალხის აზროვნებაზეც. სტალინის დიქტატორულმა რეჟიმმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.x საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარება მეტად დამძიმდა საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ და განსაკუთრებით 20-იანი წლების შემდეგ, ერთი მხრივ, ის განიცდიდა სახელმწიფო პოლიტიკის ზეწოლას, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთის ეკლესიისას. წითლები ეკლესიას უტევდნენ იდეურად, ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ ეკლესიის მესვეურთ: ხოცავდნენ მღვდლებს, იჭერდნენ და ასამართლებდნენ, დასცინოდნენ და დამცირების ნიშნად წვერს აჭრიდნენ, ტანზე კაბას ახევდნენ.x მესამე საეკლესიო კრებაზე არჩეულმა პატრიაქრმა (1921 წლის 1-5 სექტემბერი) ამბროსი ხელაიამ, 1922 წელს გენუის კონფერეციას მემორანდუმით მიმართა: „ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამა-პაპურ ეროვნულ კულტურას, უბღალავენ წმინდათა-წმინდას სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება. მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია, მისი ეკლესია, ეს ძველისძველი ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა დღეს უფლებააყრილი ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამა-პაპურ ეროვნულ კულტურას, უბღალავენ წმინდათა-წმინდას სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება. მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია, მისი ეკლესია, ეს ძველისძველი ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა დღეს უფლებააყრილია“. აღნიშნული წერილის გაგზავნის შემდეგ რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა.x პატრიარქი ამბროსი ხელაია სასამართლოს წინაშე წარსდგა და მას თავი არ უმართლებია, არამედ დაგმო რუსეთის როგორც საერო, ასევე საეკლესიო პოლიტიკა და წითლებს თბილისიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. მას პატიმრობის 9 წელი მიუსაჯეს, თუმცა ის დროზე ადრე ამნისტიით გაათავისუფლეს, რადგან დაინახეს, რომ საქართველოს ეკლესიას დიდი მრევლი ჰყავდა, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა დაებრუნებინათ პატრიარქი ეკლესიისათვის. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის მალევე გარდაიცვალა და თბილისის მეოთხე საეკლესიო კრებაზე პატრიარქად ქრისტეფორე III (ციცქიშვილი) აირჩიეს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 1923 წლის 2 მაისის დეკანოზ ვასილ კარბელაშვილის მიერ იოსებ ჯუღაშვილისადმი (სტალინისადმი) გაგზავნილი წერილი[4], რომელშიც ის საქართველოში განვითარებულ მძიმე პოლიტიკურ და რელიგიურ პროცესებს აღწერდა და სთხოვდა, რომ მოხუცი მასწავლებელი სასიკეთო ამბებით ენუგეშებინა, თუმცა ამ წერილს გამოხმაურება არ მოჰყოლია. 1936 წელს გარდაიცვალა მეუფე სტეფანე (ვასილ კარბელაშვილი), ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1937 წელს, კომუნისტებმა მისი შვილი თბილისში დახვრიტეს.x დასახელებული ფაქტიდან ნათლად ჩანს, რომ სტალინს სულაც არ ჰქონია შემწყნარებლური დამოკიდებულება როგორც ქრისტიანებისადმი, ასევე სხვა კონფესიისადმი, რასაც ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ ლავრენტი ბერიამ თბილისში, მეტეხის ეკლესიასთან მდებარე ისტორიული მეჩეთი დაანგრევინა. ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ საქართველოში მუდამ მშვიდობიანად თანაარსებობდა აბრაამისტული რელიგიები, იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. ფიზიკური ზეწოლა განიცადა სომხურმა ეკლესიამაც და სინაგოგამაც.

ეკლესიისადმი საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულება იცვლებოდა და უფრო ლოიალური ხდებოდა, რაც გამოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომით. იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებას სჭირდებოდა ეკლესიის მხარდაჭერა და რადიკალური რეპრესიებისაგან სწორედ 40-იან წლების შემდეგ იკავებენ თავს. ამის მაგალითია 1942 წელს პატრიარქ კალისტრატეს დაჯილდოება ლენინის ორდენით, 1943 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის აღიარება და სხვა.

1953 წელს სტალინის სიკვდილთან ერთად დასრულდა დიქტატორული რეჟიმი და რეპრესიების მძიმე ტალღა, რომელიც მუსრს ავლებდა საზოგადოებას. ხრუშჩოვის მმართველობის დროს ათეიზმის პროპაგანდა გაძლიერდა, თუმცა 1937 წლის მასშტაბებისათვის არ მიუღწევია, რადგან ხრუშჩოვისეული რელიგიური პოლიტიკა გულისხმობდა უფრო მეტად იდეოლოგიურ გამარჯვებას ქრისტიან სასულიერო პირებზე, ვიდრე  მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საქართველოში 1600-მდე სასულიერო პირი იყო, ხოლო 1923 წლის აპრილში - 500. დაიხურა 1212 ეკლესია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 1930-იან წლებში, როცა ყველასთვის კარგად ცნობილი რეპრესიები ხორციელდებოდა. ამ მოკლე დროის განმავლობაში საზოგადოებას მოსვენება არ ჰქონია და გამუდმებულ შიშში ცხოვრობდა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.      წირლავა, გ. პარტიის რელიგიისადმი დამოკიდებულების შესახებ, ჟურნ. „საბჭოთა აფხაზეთი“, სოხული, 1972, 4 აგვისტო;

2.      ბუბულაშვილი ე., საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან, ჟურნ. „საქართველოს საპატრიარქო“, 2001, #4;

3.      ტყეშელაშვილი ზ., რელიგია და იდეოლოგია ქართულ სახელმწიფოში, ჟურნ. „კრიტერიუმი“, 2002, #7;

4.      საბჭოთა ტერორი, ჟურნ. „ისტორიანი“, 2015, #9 (57);

5.      ხარალიშვილი კ., სტალინი და რეპრესიები, 2011;

6.      გამახარია ჯ., წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია) კომუნისტური მართლმსაჯულების წინაშე, თბილისი, 2011.

 

 

SUMMARY

In the article we discussed how the religious policy was in the Soviet government of Georgia. What evolution church has faced when originally it seemed to loyal towards Christianity, but then it became against the Christian community. What was like Stalin's repression and how hard it was till the Second World War, which led to the mitigation of the repressions. In the post-Stalinist era, physical liquidation has been reduced and the state machine has turned into a more ideological struggle.

 

 



[1]  საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი იყო 1922 წლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე.

[2]  სტატიაში ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ საქართველოს ისტორიულ მოვლენებზე.

[3] წირლავა, გ. პარტიის რელიგიისადმი დამოკიდებულების შესახებ, ჟურნ. „საბჭოთა აფხაზეთი“, სოხული, 1972, 4 აგვისტო.

[4] ბუბულაშვილი ე., საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან, ჟურნ. „საქართველოს საპატრიარქო“, 2001, #4, გვ. 5-10.

 

გიორგი გველესიანი 

- წყარო ჟურნალი „რელიგია“, 2019, #1

Download
საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა საქართველოში.
Adobe Acrobat Document 209.1 KB