მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის საკვირაო ქადაგება განრღვეულის კვირიაკეს

19 მაისი, 2019 წელი.

ფოთის საკათედრო ტაძარი 

 

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა,

ქრისტე აღდგა!

ჩვენთნ არს ღმერთი!

ბრწყინვალე აღდგომის მადლი შეგეწიოთ თქვენ,სრულიად საქართველოს და მთელ სამყაროს!

იესო ქრისტეს ქვეყნად მოვლინებით, მისი ჯვარცმითა და ბრწყინვალე აღდგომით, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაში დაიწყო ახალი ერა; ეს ურთიერთობა იმდენად უშუალოა, რომ მას (ღმერთს), ვითარცა შემწეს და მაცხოვნებელს, გულის კარს ვუღებთ და ჩვენს შინაგან სამყაროში ვეპატიჟებით! მას ჩვენ მივმართავთ შენობით, რაც მიუთითებს ღმერთსა და ჩვენს შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებულ ხარისხზე; ის პირადად შენია, ის ჩემიც არის, ის ჩვენია! შენი ურთიერთობა ძალიან ორიგინალურია, და პიროვნული, შენი -  მასთან და მისი - შენთან. შენ ამ თვალუწვდენელ სამყაროში მისთვის არხარ ერთი მცირედი ნაწილაკი; შენ ის ხარ, ვისთვისაც,წმიდა სახარებისეულ ენაზე რომ ვთქვათ, კეთილმა მწყემსმა დატოვა 99 ცხვარი და წამოვიდა იმ ერთის მოსაძიებლად, რომელიც ფარას აცდა და გზააებნა;შენ მთელი სამყარო ხარ, გამაერთიანებელი ცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის, შენ ის ხარ, ვისთვისაც ღმერთმა განვლო თავისი გოლგოთა. ასე რომ, თითოეული სული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღმერთისთვის.

 

ამაზე მიგვანიშნებს დღევანდელი წაკითხული სახარებაც (ინ. 5, 1-15). წმიდა წერილში მოთხრობილიაიმ ავადმყოფის შესახებ, რომელიც ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში იტანჯებოდა; ყოველ წელიწადსდიდი წვალებით მიდიოდა ცხოვართა საბანელთან, რადგან წელიწადში ერთხელ, ღმრთის განსაკუთრებული განგებულებით, ანგელოზი ღმრთისა გარდამოდიოდა ამ წყალზე, და განსაკუთრებული მაკურნებელი ძალა,საღმრთო მადლი იწყებდა მოქმედებას;...და ვინც ამ დროს მოასწრებდა ამ წყალში შესვლას - ისინი იკურნებოდნენ სხვადასხვა უძლურებათაგან. ერთ-ერთი მათგანიაის განრღვეული, რომლის შესახებ სახარება მოგვითხრობს, და რომელიც ამ საბანელამდე კი მოდიოდა, მაგრამ შესვლას ვერ ასწრებდა, რადგან თვითონ, უძლურებისა გამო,უჭირდა დამოუკიდებლად სწრაფად გადაადგილება, დამხმარე კი არ ჰყავდა; მისთვის არავის ეცალა; ყველა მოსწრებაზე იყო, თავის თავზე ზრუნავდა.თუმცა, გამოჩნდა ის, ვინც ეს ავადმყოფი შეამჩნია და დახმარების ხელი გაუწოდა;

 

იცით ვინ იყო ის?!

ის იყო იესო ქრისტე, ძე ღმრთისა და ძე კაცისა, ღმერთი სრული და კაცი სრული! მან ჰკითხა განრღვეულს: გნებავს რომ განიკურნო? და რა ჟამს მიიღო დადებითი პასუხი, ავადმყოფს ეუბნება: „აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“;...და განრღვეული უმალ განიკურნა, წამოდგა და წავიდა; ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდება მას და ეუბნება: „აჰა,ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითაარა უძვირესი რაიმე გეყოს შენ.“

 

ჩვენი გონებრივი, სააზროვნო შესაძლებლობებიგვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ცოდვასა და ავადმყოფობას შორის; დავფიქრდეთ ამაზე!

 

სახარებისეული განრღვეული ერთგვარი კრებსითი სახეა იმ ადამიანებისა, რომლებიც კი მოდიან ამ საბანელთან, მაგრამ ვერ იღებენ კურნებას, ვერ ნახულობენ საკუთარ თავში იმის ძალას, შესაძლებლობებს, რომ გადადგან ნაბიჯი გაჯანსაღების გზაზე, და მათ ჭირდებათ დახმარება. იესო ქრისტეს ეს ქმედება, როცა დახმარების ხელს გაუწვდის განრღვეულს, არ არის მისგან ერთჯერადი შემთხვევა; იესო ქრისტეს მაკურთხეველი მარჯვენა გაწვდილია დღესაც თითოეული ადამიანის, მათ შორის,ავადმყოფის, დავრდომილის თითოეული ცოდვილის, თითოეული ღმრთის შვილის მიმართ. მთავარია, ვინ როგორ შეხვდება მას!ამაზე დიდად არის დამოკიდებული ღმერთთან ადამიანის ურთიერთობის შედეგები.

 

იყო დრო, კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში, როცა იესო ქრისტე, ფიზიკურად მიმოდიოდა ამ ქვეყანაზე:იგი ხან სამარიაში იყო, ხან გენესარეთის ტბაზე, ბეთანიასა თუ იერუსალიმში; ხვდებოდა ადამიანებს, უქადაგებდა, ასწავლიდა,კურნავდა, ამხელდა; თუმცა, დღეს ჩვენ მთელის რწმენით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისყველგან არის;ის ჩვენს შორის დაიარება.

 

გავიხსენოთ იაკობის ჭასთან გამართული საუბარი, როცა იესო ეუბნება სამარიელ დედაკაცს:

„მოვალს ჟამი, და აწ ვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანს სცემდნენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაიცა ეგევითართა ეძიებს თაყვანის მცემელთა მისთა.“

 

დღეს ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, რომლის შესახებაც აქ არის საუბარი;

დღემდე არც იესო შეცვლილა, და არც მის სიტყვას დაუკარგავს ძალა და მნიშვნელობა: იესოქრისტეგუშინდადღესდაიგითავადიარსუკუნისამდე (ებრ. 13:8).

 

იესო, რომელიც დახმარების ხელს უწვდის პეტრე მოციქულს (წყალში ჩაძირვისას), კურნავს განრღვეულს, მკვდრეთით აღადგენს ლაზარეს, ამ საქმეების გასაგრძელებლად მადლისმიერ მემკვიდრეობას უტოვებს თავის ეკლესიას, რომლის უხილავი თავი თვითონ არის; ქრისტეს ეკლესია ის საბანელია, სადაც არათუ წელიწადში ერთხელ, არამედ მარადჟამ უხვად გარდამოედინება მადლი კურნებისა, სიცოცხლისა და სიყვარულისა!

 

ამ მადლისმიერ სამემკვიდრეო პატივში იმყოფება ქრისტეს ეკლესია და, შესაბამისად, განუზომელია პასუხისმგებლობა, რომელიც მას აქვს დაკისრებული ყოველ ადამიანზე, რომელიც სოფლად მოდის, ყოველ სულზე, ვინც კაცთაგან შეუმჩნეველი რჩება; ამ პასუხისმგებლობის განუცდელობა მისი წევრების მხრიდან, დროდადრო წარმოშობს ხოლმე ისეთ მდგომარეობას, რასაც კრიზისი შეიძლება ეწოდოს (გამოხატული მისი სხვადასხვა ხარისხით).

 

ამ საკითხზე საუბრისას მავანნი ბრკოლდებიან:როგორ თუ კრიზისიო?!, ეკლესიაში სად გაგონილაო კრიზისი?! მაშასადამე, ქრისტე აღარ არისო ეკლესიაში?!

 

სამწუხაროდ, მავანნი (რომელთაც განსაკუთრებული ვალდებულება აქვთ ერკვეოდნენ მსგავს საკითხებში)საერთოდ ვერ ხედავენ განსხვავებას ეკლესიის მისტიურ სხეულსა და მის ორგანიზაციულ-სტრუქტურულ, ინსტიტუციურ სხეულს შორის, რაც გვაფიქრებინებს, რომ ასეთები რეალობას არიან მოწყვეტილნი და ვგონებთ, „ნეტარებენ“;ამიტომ, მათთვის განვმარტავთ: როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ეკლესიაში კრიზისის ნიშნებს ვხედავთ, ეს უთუოდ მტკივნეულია, თუმცა, ეკლესიის ისტორიაში მრავლადყოფილა კრიზისული ვითარებები, რომლის მთავარი მოქმედი პირებიადამიანები არიან (განსაკუთრებით სასულიერო წოდების წარმომადგენელნი). ... და ეს ის მდგომარეობაა, როცა არათუ ქრისტე ტოვებს თავის ეკლესიას, არამედ ადამიანები ტოვებენ ქრისტეს, რაჟამს ზურგს აქცევენ მისი სწავლების ჭეშმარიტ არსს, და უგულებელჰყოფენ ქრისტიანულიეკლესიის სწავლა-მოძღვრებას, საეკლესიო კანონიკურ და დისციპლინურდადგენილებებს!

 

მხოლოდ პრობლემის აღიარებით იწყება დაავადებული სხეულის გაჯანსაღების პროცესი, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, მკურნალობის  სტრატეგიის სწორად განსაზღვრაზე და მკურნალობის გეგმაზომიერ, თანმიმდევრულ ნაბიჯებზე. ეს ეხება როგორც თითოეულ კონკრეტულ ადამიანს, ისე ადამიანთა მსოფლმხედველობრივ, პროფესიულ, პოლიტიკურ გაერთიანებებს.

 

ვისთვისაც ეს განმარტება არ აღმოჩნდება საკმარისი, სამწუხაროა, მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკიდურესად ვიწრო და მიკერძოებულ ხედვასთან გვაქვს საქმე. ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ არის გასაკვირი (თუმც კი ფრიად საწყენია), რომ მავანნი, ნაცვლად იმისა, რომ თავის საჯარო საუბრებში (ან ქადაგებისას) ისაუბრონ სულის ცხოვნებისა და ქრისტიანული ყოფა-ცხოვრების საკითხებზე, სხვადასხვა სახის სულიერ თუ ინსტიტუციურ პრობლემათა დაძლევა-გადალახვაზე, მორალურად იხარჯებიანკოლეგების, სულიერი ძმების შეურაცხყოფაზე, ეხებიან მათ წარმომავლობას, არ იშურებენ ცილისწამებას, სალანძღავ და ღირსების შემლახველ ლექსიკას; და რა ჰქვია ამას? ეს სწორედ რომ გახლავთ ლაკმუსის ქაღალდი კრიზისული მდგომარეობისა! ამის მოქმედთ სათანადო წარმოდგენა არ აქვთ ადამიანური ღირსების შესახებ; სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მათი ინტელექტი მოუცავს ამქვეყნიურ დამცრობილ ემოციებს.

 

ეს აზიანებს ქვეყანას!

ეს აზიანებს ეკლესიას!

 

ჩვენ,თქვენი სულიერი წინამძღოლები, უნდა ვიყოთ თქვენთვის კეთილი მაგალითის მომცემი და,ღვთის მადლში გამაერთიანებელნი, და არა დამყოფ-დამაპირისპირებელნი, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამ ყველაფრის თავი და თავი არის ისევ და ისევ რწმენის და ცოდნის დეფიციტი, ან, უფრო სხვა კუთხითაც შევხედოთ, როცა ადამიანში რწმენა და ცოდნა ერთმანეთთან თავსებადობაში ვერ მოდის; როცა ადამიანი ვერ იტევს ამ ორს ერთდროულად, მაშინ ის რომელიმემათგანს ემიჯნება.ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი;ასეთი შეხედულებები, სულიერი ხედვები, ადამიანებში იწვევს არასწორ აღქმებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ზოგიერთისთვის ღმერთი უძრავი, უსულო რამ გამოსახულებად იქცევა, რომელიც გამოსახულია ხატზე,რომელსაც შეგიძლია ეამბორო, მაგრამ ამის იქით ღმერთს ვერ ხედავენ, იმიტომ რომ მათ ღმერთს საზღვრები დაუდგინეს,მათ ღმერთი „მოკლეს“. ...მაგრამ, რამდენადაც ადამიანს უღმერთოდ ყოფნა არ ძალუძს (ასეა ბუნებითად), ისინი მას სხვა რამით ანაცვლებენ, რასაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან.

 

ღმერთი რომ ცოცხალი არსებაა, და შენი სიცოცხლით ჭირდება მას მიღება და ცხოვრებაში წარმოჩენა, განხორციელება და განსახიერება,ამის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მორწმუნე ადამიანისთვის,  იმის მიუხედავად ამბიონზე დგას იგი თუ ამბიონსქვემოთ.

 

-          ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. სარწმუნოება, როგორც ასეთი, არ არის ჩემი საკუთრება იმისთვის, რომ ჩემი დიქტატი განვახორციელო ვინმეზე;

-          სარწმუნოება არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პიროვნების (ან პირთა ჯგუფის) საკუთრება;

-          ღმერთი ყველასია და არავის აქვს მასზე „ექსკლუზივი“;

-          ეკლესია არ არის საიდუმლო ორგანიზაცია, სადაც მორწმუნეთაგან დამალულად და დაფარულადკეთდება რაიმე.

 

ეკლესიაში არსებობს მხოლოდ შვიდი საეკლეისო საიდუმლო; და მათი საიდუმლოებად სახელდება ასახავს მათ მისტიურ, თვალისთვის უხილავ, გრძნობისთვის მიუწვდომელი მოქმედების ხასიათს, რადგან თუმცა კი ხილულად აღსრულდება რიტუალი, თვალისგან უხილავად, განსაკუთრებული მიზნისთვის მოხმობილი მადლი (საღმრთო ენერგია) გადმოდის ადამიანზე, რომელიც მასში მონაწილეობს. ამაშია მთელი საიდუმლოობა იმ საიდუმლოთა, რაც მოქმედებს ეკლესიაში.

 

დანარჩენად ჩვენ არაფერი საიდუმლო (ანუ, დასამალი) არ გვაქვს; ჩვენ გულახდილად, უშურველად და უშუალოდ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან პრობლემებზე, გამოწვევებზე, ჩვენი სულიერი ცხოვრების სირთულეების დაძლევის გზებზე,რათა ვიყოთ უფრო მდგრადნი და განვითარებაზეორიენტირებულნი.

 

ის, ვინც განვითარებას გადაეღობება, ფაქტობრივად,სიბნელეში ყოფნას ამჯობინებს და მისი შენარჩუნებისთვის იბრძვის.ასეთი აზროვნებით კიძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება ვინმეს დაეხმარო სულიერ განვითარებაში ან ინტელექტუალურ ჩამოყალიბებაში. ასეთი აზროვნებით მხოლოდ ზიანი შეიძება მიაყენო ეკლესიის ცოცხალ სხეულს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მსგავს თემებზე; ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქრისტიანული სულიერი ერთობის ჯანსაღ განვითარებაზე და ამისთვის თითოეული ჩვენგანის პასუხიმგებლობა განუზომელია. მაგრამ არიან ადამიანები, ვისი პასუხისმგებლობაც კიდევ უფრო მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე თქვენთაგანისა, და,მათ შორის, ვართმე, თქვენი მღვდელმთავარი, საეკლესიო იერარქიის სხვა წარმომადგენლები და, ბუნებრივია, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველივე სიკეთის მაგალითს უნდა გაძლევდეთ არამხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი ქმედებით; ...და ვფიქრობთ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

ჩვენისულიერი ერთობის წიაღშიცარის ცოდვაც, დაცემაც, გაუგებრობებიც, დაპირისპირებებიც კი, თუმცა ეს დაძლევადია და ამისმკურნალიაჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებში მეტი გახსნილობა, გულწრფელობა, ცოცხალი/აქტიური ორმხრივი/მრავალმხრივი კომუნიკაცია.

 

იმისთვის გვაქვს ჩვენ ეს ამბიონი დათმობილი, რომ ცოვხალი ღმერთის სიტყვა გიქადაგოთ და არ დავკავდეთ პერსონალურად ვინმეს ლანძღვა-შეურაცხყოფით, ცილისწამებითა და სხვა, ჩვენი პატივისთვის  შეუფერებელი ქმედებებით;

 

ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან ასე იქცევიან მხოლოდ შეგნებით მდაბიონი!

 

ვეცადოთ ჩვენში,ჩვენს შვილებში ნიადაგი გავანოყიეროთ სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, ურთიერთპატივისცემისთვის და პატივი ვცეთ ადამიანის ღირსებას. შენი თავის მიმართ რომ განსაკუთრებული პატივისცემა გაქვს და ღირსეულადმიგაჩნია, არ დაგავიწყდეს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ასეთი განცდა, მიუხედავად იმისა, შენ მოგწონს თუ არა ის, შენნაირია თუ სხვანაირია -თეთრია თუ ფერადკანიანიადა ა.შ. გახსოვდეს, რომ ყველანი ღმრთის შვილები ვართ და ადამიანები ერთმანეთს არ უნდა ვუყურებდეთ როგორც ცხოველებს, რომლებსაც შეგიძლია ნებისმიერ დროს შეურაცხყოფა მიაყენო და ძალადობა განახორციელომათზე, მით უფრო, რომ ცხოველის მიმართაც კი მიუღებელია ცხოველური მოპყრობა, რადგან შენ ადამიანი ხარ!

 

და ბოლოს; ჩვენ რომ ქრისტიანები ვართ, უნდა გავიაზროთ და განვიცადოთ ის, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი ქრისტიანული პასუხისმგებლობა;ამას თუ შევძლებთ, დამერწმუნეთ, ჩვენი ურთიერთობებიც შედარებით დალაგდება. დამეთანხმებით, ალბათ, რომ თქვენს საკუთარ შვილებსაც არ აქვთ მაინცადამაინც ყველა ის თვისება, რომელიც თქვენ მოგეწონებათ; ...და არც თქვენ გაქვთ ყველა ის თვისებები, რომლებიც თქვენი შვილებისთვის სანიმუშოიქნებოდა!მაშ, რა ვქნათ, როგორ ვასწავლოთ? როგორ აღვზარდოთ ისინი?

 

გვინდა ვასწავლოთ? მაშინ, ჩვენ თვითონაც უნდა ვისწავლოთ. გვინდა ისინი სიკეთის გზაზე დავაყენოთ? მაშინ, უპირველესად, ჩვენ უნდა ჩავდგეთ სიკეთის სამსახურში. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, რომლის შემსწრეც გავხდი უნებლიეთ:

 

ორი ადამიანი, რომლებიც ერთი პროფესიისანი იყვნენ და საერთო საქმეს ემსახურებოდნენ, ცხარედ კამათობდნენ, რაც თითქმის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტი რომ გამწვავდა, შევეცადე დამეზავებინა ისინი და დავინტერესდი, თუ რა გახდა უთანხმოების მიზეზი; აღმოჩნდა, რომ ერთმა მათგანმა, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, საქმეში სიბეჯითე გამოიჩინა და ეს გახდა მეორის უკმაყოფილების მიზეზი; „შენ რა, ჩვენზე უკეთესი ხარ, უთხრა ერთმა მეორეს?!“ ანუ ერთი ადამიანის კარგად გაკეთებულმა საქმემ, წარმოაჩინა მეორის სიზარმაცე, რამაც იგი გააღიზიანა.ასე რომ, ბოროტის მხილების საუკეთესო გზა და საშუალებაა სიკეთე, სიზარმაცისა - სიბეჯითე, სიბნელისა - სინათლე; ამას ვქადაგებთ მრავალი წლის განმავლობაში;ამასვე გეტყვით დღესაც. ...და ესჩვენი ქადაგებაარის მოწოდება ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დასამკვიდრებლად,რათა შევძლოთ ცოცხალი ღმერთის ცოცხლად მიღება, გააზრება და ცხოვრებაში მისი განხორციელება.ჩვენი დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვემსგავსოთ ჩვენი ცხოვრების წინამძღვარს - იესო ქრისტეს;

 

მსოფლმხედველობრივად განსხვავებულმა ადამიანებმა შესაძლოა (დიდი ალბათობით) ერთმანეთს ვერ გაუგონ, გააკრიტიკონ ერთმანეთი, საყვედური/შენიშვნა გამოთქვან ერთმანეთის მიმართ, მაგრამ სულ მცირე, ის მაინც უნდა შეძლონ, რომ ადამიანის ღირსება არ შელახონ.

 

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ამინ!

 

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

 

 

19 მაისი, 2019 წელი.

ფოთის საკათედრო ტაძარი.