მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სააღდგომო გზავნილი სამწყსოსადმი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,
მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის
სააღდგომო გზავნილი სამწყსოსადმი

/ფოთი - 28.04.2019./

 

ნათლობის ემბაზში შობილნო და ღვთიური მადლით ცხებულნო, ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო, გილოცავთ უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!

ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!

 

ეს დღე გარდაემატება ყველა სხვა მოვლენას და იგი არის დღესასწაულთა დღესასწაული, რადგან ჩვენი რწმენის წინამძღვრის ჯვარცმამ, და შემდგომად სამისა დღისა, მისმა ბრწყინვალე აღდგომამ, განსაკუთრებული ნათელი შესძინა მანამდე დაწერილს, თქმულსა და გაგონილს! აღდგომის ბრწყინვალებამ ნათელი მოჰფინა ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, და რწმენა დაულოცა მათ, ვინც იმედით შეჰყურებს მომავალს; საღვთისმსახურო კონდაკში ვკითხულობთ:

 

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანი ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ - ჯუარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით. მოვედით, ყოველნი მორწმუნენი, თაყვანი ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯვარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა, და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს იდვა, და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.“

 

ბრწყინვალე აღდგომის სიხარული განმსჭვალავს სულსა და ხორცს, ცნობიერსა და ქვეცნობიერს; დღეს ხარობს ცა და მიწა, დღეს გაიხსნა ზეცისა კარი; ასეთია ამ დიდებული ზეიმის სულისკვეთება; საუფლო ტაბლა გაშლილია და მოწოდებულია ყველა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, სოციალური კუთვნილებისა, სქესისა და ასაკისა; უფლის ტრაპეზთან ყველასთვის არის განკუთვნილი ადგილი; მთავარია ადამიანის გულს მისწვდეს ეს მოწოდება, რომელიც დროსა და სივრცეს არ ემორჩილება, თუმც კი ადამიანის ნებას პატივს მიაგებს და უტოვებს მას არჩევანის თავისუფლებას!

 

ეს ფრიად საგულისხმო და ჩვენს ყოველდღიურობაში აუცილებლად გასათვალისწინებელი რამ გახლავთ; არც თუ იშვიათად ვხდებით მოწმენი იმისა, რომ ქრისტიანები ქრისტესადმი მიმბაძველობის ახლებური სტანდარტების დანერგვას ცდილობენ, და აქაც ვაწყდებით ისეთ მიდგომებს, როცა ერთნი აკრძალვებით და რადიკალური ნაბიჯებით ცდილობენ ქრისტიანული ღირებულებების დაცვას“, რაც საზოგადოების რადიკალიზაციის საფრთხეს ქმნის, სხვანი კი ადამიანის თავისუფლების მათეული განაზრებით, უარყოფენ ყოველგვარი მორალური კანონების მნიშვნელობას და ასევე საფრთხეს უქმნიან იმ ღირებულებებს, რომელთა გარეშე სამყაროს სწრაფი დასასრულისკენ უბიძგებენ. არც ერთ და არც მეორე მიდგომას საერთო არაფერი აქვს სახარებისეულ ქრისტესთან და მის ეკლესიასთან.

 

ჩვენი რწმენა მიემართება მომავლისკენ, მაგრამ მისკენ სავალ გზას ჰქვია აწმყო. ამ აწმყოში ვცხოვრობთ ჩვენ, და ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებას ან როგორ დინამიკას შევძენთ მას. დღევანდელი აწმყო წინაპართა ჩვენთათვის იყო მომავალი, და თუ ისინი დანებდებოდნენ უმძიმეს განსაცდელებსა და სირთულეებს, არ იზრუნებდნენ მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე, არ იქნებოდა თანამედროვე აწმყო“.

 

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გარემომცველი სამყარო (მათ შორის, ჩვენი ქვეყანა) აღსავსეა უაღრესად რთული პრობლემებით, ეკლესია თავის შვილებს მოუწოდებს, რომ არ შევუშინდეთ სიძნელეებს და მეტი გამბედაობა გამოვიჩინოთ მათი დაძლევის გზაზე. ჩვენ ხშირად, გავურბივართ სიძნელეებს (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), და მაშინ, როცა წინ არის გადასადგმელი ნაბიჯი, გადამწყვეტ მომენტში, საბედისწერო ჟამს, უკან დახევას შეუძლია წყალში ჩაგიყაროს ათწლეულებისა და, შესაძლოა, საუკუნეთა მანძილზე გაწეული შრომაც კი. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კავშირი როგორც ასაკობრივ, ასევე პროფესიულ თაობათა შორის.

 

სამყარო თავისთავად რთულია და ადამიანისგან ითხოვს ძალისხმევას, პროფესიონალიზმს, მიზანდასახულობას არსებული წინააღმდეგობების დაძლევის გზაზე. ამ პროცესში ადამიანი კიდეც იზრდება მრავალმხრივ და კიდეც იხვეწება.

 

დღეს, ჩვენს ქვეყანაში, სირთულეების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ადამიანებს არ აქვთ უაღრესად რთულ სამყაროში საკუთარი ადგილის განსასაზღვრად საჭირო ორიენტირები, რის გამოც მათ იპყრობს შიში მომავლის წინაშე. შესაბამისად, ისინი თავდაცვას ცდილობენ იმ მეთოდებით, რომლებიც მხოლოდ პირადი (ხშირად, მწირი) გამოცდილების შედეგად შეიძინეს, და რაც არა თუ იცავს მათ, არამედ სინამდვილეში ხელს უშლის რეალურ წინსვლასა და განვითარებაში.

 

ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებული კრიზისული სიტუაციები იმის ნათელი დასტურია, რომ მოქმედების დროა. კრიზისული სიტუაციები უნდა გვიბიძგებდეს მოქმედებისკენ და არა უიმედობისა და სასოწარკვეთილებისკენ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავძლიოთ ის უიმედობა, რომელმაც, ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში დაისადგურა. გზა ხსნისა არ გამოჩნდება, თუკი ჩვენში სოლიდარობისა და ადამიანურობის უნარჩვევები არ განვავითარეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც ჩვენს ცხოვრებას ამდიდრებს, ეს არის ადამიანური თანაგრძნობის გამოხატვა; რას გვარგებს მატერიალური სიმდიდრე, თუკი სულიერად გავღარიბდით და ადამიანის ღვთაებრივი სახე დავკარგეთ.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნებაში არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ ურთიერთდამოკიდებული, როგორც მოქალაქის ზნეობა, სიმართლისმოყვარეობა და მისი ქვეყნის ავ-კარგიანობა!

 

ეკლესიის სიტყვა და საქმე ნუგეშად უნდა მოევლინოს სულიერად, სოციალურად და მორალურად შეჭირვებულ ადამიანებს, მათ, ვისი ცხოვრებაც სხვადასხვა გარემოებათა გამო გაუსაძლისი გამხდარა. ცხოვრება გრძელდება, და ის ჩვენგან მოითხოვს თანმდევი პრობლემების ყოველდღიურ რეჟიმში გადაწყვეტას. რა თქმა უნდა, კვლავაც არსებობს უაღრესად სერიოზული ინსტიტუციური პრობლემები, სისტემური თუ კანონიკური ხასიათისა, და სხვა განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული საკითხები, რომელთა შესახებ ჩვენ ადრე საკმაოდ მწვავედაც გვისაუბრია; და ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ დღესაც უცვლელია.

 

თუმცა, ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით და მოთმინებით, მაგრამ არსებულ პრობლემებთან შეურიგებლობით და მათ მიმართ პრინციპული, თანმიმდევრული მიდგომით, აუცილებლად შევძლებთ მათ გადაჭრას.

 

ჩვენმა გარემომცველმა სინამდვილემ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ყოფამ, სამწუხაროდ, დაამძიმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო გააღრმავა ისედაც მკვეთრად არსებული უფსკრული ღარიბსა და მდიდარს შორის, მაგრამ მეტი სულიერი მზაობით, სიმართლისა და სამართლიანობისთვის თავდადებით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ირგვლივ უკეთესი ყოფისა და საარსებო პირობების შექმნა.

 

ამისთვის გვესაჭიროება ჩვენში მთელი რიგი იმ თვისებების კულტივირება, რომლებიც საფუძვლად დაედება საზოგადოების განახლების პროცესს; ესენია ცოცხალი რწმენა ღმრთისა, მადლიერება, სიბეჯითე, მიზანდასახულობა, სიმტკიცე, ცოდნა, ადამიანის ღირსებისადმი პატივისცემა და სხვ. ყოველივე ეს უზრუნველყოფს მშვიდობას ჩვენში და ჩვენს გარშემო. მაგრამ განსაკუთრებით აუცილებელი და საჭიროა როგორც ჩვენი წარსულისადმი, ასევე აწმყოსადმი უაღრესად ფხიზელი და ჯანსაღი დამოკიდებულების შემუშავება.

 

კრიტიკა არ ნიშნავს მტრობას, ის სარკედ უნდა აღვიქვათ, იმ სარკედ, რომელიც ზუსტად დაგვანახებს საკუთარ თავსა და ჩვენს ავ-კარგს! აქ შეუძლებელია არ გაგვახსენდეს წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) და მისი ბრძნული შეგონება:

 

მარტო შენი მტერი დაგიმალავს შენ სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს...“

 

ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი შეიძლება გამოსავლის ძიება და პოვნა, საკუთარ თავზე გამარჯვება და უკეთესი მომავლისთვის ზრუნვა.

 

კვლავაც დიდ ილიას დავესესხებით: „ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუკი კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია!“

 

დღეს კი...

დღეს - დღესასწაულია! ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი! ვერ იტევს ჩვენი გული ამ სიხარულს, რომელმაც აღავსო და განმსჭვალა საუკუნეები. ჩვენ რწმენით, იმედითა და სიყვარულით ვეგებებით მოვლენას, რომელმაც შეცვალა სამყარო!

 

დასასრულ გვსურს, ისევე, როგორც ყოველი ევქარისტიის ჟამს, მივმართოთ ჩვენი რწმენის წინამძღვარს და ჩვენს დიდ მღვდელმთავარს:

 

ჰოი პასექო დიდო და სამღუდელო, ქრისტე; ჰოი სიბრძნეო და სიტყვაო ღმრთისაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი შენდა მზიარებელთა სერობა, დღესა სუფევისა შენისასა.“(კონდაკი)

 

ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!

 

/ფოთი, 28 აპრილი, 2019 წელი/

 

 

 

Download
სააღდგომო-გზავნილი-სამწყსოს-2019.pdf
Adobe Acrobat Document 97.7 KB